Author Archive

“YOU ARE WATCHING BIG BRAZZERS”


+18

მაგარი რამეა რეკლამა. სარეკლამო სააგენტოებსაც აჭმევს პურს და ჩვენც… “გვაჭმევს”. ყველამ იცის, რომ არ არსებობს იდეალური წამალი, რომელიც ყველაფერს კურნავს და გაციებას ორ წამში აქრობს, არ არსებობს ისეთი უნიკალური ტექნოლოგია, რომელიც არასოდეს ფუჭდება და მთლიანად ჩვენს სურვილებზეა მორგებული, არ არსებობს ისეთი საჭმელი, რომელიც ღვთაებრივად გემრიელია და არ არსებობენ უნაკლო ადამიანები. თუმცა, ჩვენ მაინც გვჯერა რეკლამის და თავსაც ადვილად ვატყუებინებთ.

სარეკლამო ბიზნესში ჩართული არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ დღეს დილით გადავწყვიტე ცოტა ხნით თავი სხვადასხვა ცნობილი (თუ უცნობი) კომპანიის რამედ (თუნდაც დარაჯად) წარმომედგინა და რამდენიმე სარეკლამო იდეის მოფიქრება მეცადა. ჰოდა, სანამ დამძრახავდეთ, აქვე დავძენდი, რომ განსაკუთრებული სარეკლამო მიგნებების პრეტენზია (ისევე როგორც პრეტენზიის ქონის უფლება) საერთოდ არ მაქვს.

more »

ჰო-LIVE-უდური ისტორია

მონე

მათთვის, ვისაც დიდი რაღაცეების კითხვის დრო აქვს და არც ეზარება.

1. ანი

პარიზი.
საღამო.
წვიმა.
მონე.
მარტი.
მონმარტრი.
კაფე.

მაგიდა ერთისთვის და…

…ანის სჯეროდა, რომ სამყაროში შეუძლებელი არაფერი იყო. მათ შორის, არც ნოველისათვის ამაზე უფრო ბანალური დასაწყისის მოფიქრება და არც სიყვარულის ქალაქად სტერეოტიპიზირებულ პარიზში მარტო სიარული. ჰო, ზუსტად იმ პარიზში, რომლის მოედნებზეც ადამიანები მუდამ თავს კარგავდნენ. საუკუნეების წინ – გილიოტინის, საუკუნეების შემდეგ კი უკვე – სიყვარულის გამო.

more »

შიშ-ველი (ნაწილი მეორე)

"USA-სრულოდ ჩვენთან"

(დაიბეჭდა ჟურნალში  “დრო მშვიდობისა/Peace Times” # 4)

რას იტყვის ამერიკა?

ჩვენ გრანტებსა და ემიგრანტებზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ. ანუ, დონორებს ჯერ ტვინს ვუჭამთ, შემდეგ – ფულს. იმათაც, ბოლოს, ალბათ, ყელში ამოვუვალთ ან ისე გადაგვყლაპავენ, ყელზეც რომ არ დავადგებით. ჩვენ ორივე ვარიანტის გვეშინია: ფულის სანაცვლოდ თავისუფლების წართმევა არ გვიღირს, მაგრამ თავი არც უფულობისთვის გვემეტება. სხვა თუ არაფერი, გრანტია გარანტი ჩვენი არსობისა.

more »

შიშ-ველი

"გაჭირვება მიჩვენე და..."

(დაიბეჭდა ჟურნალში  “დრო მშვიდობისა/Peace Times” # 4)

ჩვენ ჯერ კიდევ ბავშვობიდან გვაშინებდნენ.

გვაშინებდნენ გაურკვეველი სქესისა და წარმომავლობის ბუათი, რომელიც აუცილებლად მოვიდოდა და საჭმლის უგულვებელყოფის შემთხვევაში, თავად დაგვაგემოვნებდა. გვაშინებდნენ გუდიანი კაცითაც, რომელსაც უძირო ტომარა ჰქონდა და მისი საშუალებით გაჯიქებული ბავშვების ტრანზიტს სადღაც (ღმერთმაც კი არ უწყის – სად) ყოველთვის დაუზარებლად ახორციელებდა (ადგილს – მეტი სიმძაფრისათვის – მშობლები არასდროს გვიკონკრეტებდნენ), გვეშინოდა სიბნელის (სანამ შევეჩვეოდით) და კბილის ექიმების (რომელთა ოთახებიდან მუდამ ბურღის დამთრგუნველი ზუზუნი გამოდიოდა), ასაკის მატებასთან ერთად სკოლის დირექტორის (ან “მის კაბინეტში შეყვანის” ალბათობის), ანჩხლი მეზობლისა და რუსთაველი მანიაკისაც გვეშინოდა, გვეშინოდა ინსპექტორების (რომლებიც ითხოვდნენ ფულს) და ძველი ბიჭების (რომლებიც – მოითხოვდნენ), გვეშინოდა, რომ არასოდეს გვეყოლებოდა კარგი მთავრობა და ყოველთვის გვეყოლებოდა შევარდნაძე (პრინციპში, ეგ შიში დღემდე შემოგვრჩა. უბრალოდ, სახეობა იცვალა ოდნავ), გვეშინოდა, რომ გვექნებოდა ჩინური გვარი და ამერიკული კულტურა. შიშის გამო უმოწყალოდ ვკლავდით ქათამს, ღორს და დროს (აპოკალიფსის მოლოდინში), გვეშინოდა საზოგადოებრივ ადგილებში დარბევების და საზოგადოებაში ადგილების დაბევების, გვეშინოდა კეტებისა (რელიგიური ფანატიკოსების ხელში) და საკეტების (რომელთა მიღმაც საკანი იწყებოდა), ხელისუფლებისაც გვეშინოდა და ეს შიში სულაც არ შეიქმდა სიყვარულს. პირიქით…

more »

დრაკონის ტატუ გოგონათი

"მაია ასათიანს წააგავს პროფილში"

“მაინც ვერ გავიგე რა საჭიროა ორი სათაური”კ/ფ “ცისფერი მთები”

თანამედროვე სამყაროში, სადაც მწერლობის უამრავი მსურველი დაფრინავს ღრუბლებში და არავის სურს კლავიატურა ლურსმანზე დაკიდოს, წიგნის სათაურს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დღეს უკვე იშვიათად გაყიდი ისეთ წიგნს, რომელსაც სიზარმაცის გამო სათაურად მთავარი პერსონაჟის სახელს არქმევ (“მადავ ბოვარი”, “დევიდ კოპერფილდი”, “მარტინ იდენი”), ან, რომლის სათაურშიც ინტრიგის მისხალი არ არის ჩადებული (“ნათლია”, “თეთრი თათმანი” “ტრიუმფალური თაღი”). მოკლედ, ან ისეთი სახელი უნდა გერქვას მწერალს, რომ შენი დაწერილი “Like”-ც ძვირად ფასობდეს, ან, თავად ამ წიგნს უნდა დაარქვა რამე ისეთი.

“რამე ისეთი” – “ანდრო, მე და ანდრომედა”, “ციკლოპი მაკდონალდსიდან”, “როცა ჭრილობიდან კოკა-კოლა ჟონავს”, “მაქციის დღიურები”, “ვამპირი, სახელად პილატე” და სხვა.

more »

ღმერთი, რომელიც დეტალებში ცხოვრობს

"დეტალებია მთავარია"

“ერთი დღის აღწერას შეიძლება ორმოცდაათი წელი მოუნდე, ორმოცდაათ წელიწადს კი ერთ წუთში აღწერ”ჯემალ ქარჩხაძე

ადამიანის ხასიათი რაღაცით “ფორმულა 1″-ის ბოლიდის საბურავებს წააგავს – ზოგჯერ ისე სწრაფად იცვლება, თვალის სამჯერ დახამხამებასაც რომ ვერ ასწრებ. ხასიათის “ცვალებადი მოღრუბლულობის” ძირითადი მიზეზი კი ის ყოველდღიური შეგრძნებებია, რომელთაც ხშირად ვამჩნევთ, მაგრამ იშვიათად ვუკვირდებით. როგორც წესი, ისინი ისეთივე წამიერია, როგორც ცრუცემინების იმპულსი და ისეთივე გაუცნობიერებელი – როგორც კინოეკრანზე მიშტერებისას ბატიბუტის ჭამის პროცესი.

more »

ეჰ, ჟიური, ჟიური…

“შენ იყავი ჟიურიში…”ქართული წყევლა

ჟიურის საქართველოში იშვიათად უმართლებს. ფაქტობრივად, წარმოუდგენელია, მისი გადაწყვეტილებით გამარჯვებულის (და მისი საახლობლოს გარდა) ვინმე ბოლომდე კმაყოფილი რომ დარჩეს. შესაბამისად, მყისიერად ჩნდება  ”ამ ქვეყანაში ყველაფრის ჩაწყობის” თეორია, “არაკომპეტენტური”-ს იარლიყი – ჟიურისათვის და სახის ისტერიკული ხოკვის ფონზე ვინმესთან გულის მოოხების სურვილი.

არ მიყვარს მარცხსშეუგუებელი ადამიანები რომ გამოხტებიან და წაგების მიზეზს მხოლოდ ჟიურიში ხედავენ ხოლმე, მაგრამ მომიწევს.

more »

მეტი რიდი, თუ შეიძლება!

"მე ჯერ მისალმება არ დამემთავრებინა..."

“რუსთაველმა ცუდი სამსახური გაგვიწია, რადგან ძალიან დიდი ტილო გამოდგა და ყველას გვყოფნის ხელის შესაწმენდად. მერე რა რომ ჩვენ არ ვვარგივართ?! სამაგიეროდ რუსთაველია დიდი. მერე რა რომ ჩვენ უნიჭოები ვართ?! სამაგიეროდ, რუსთაველია გენიოსი” – ჯემალ ქარჩხაძე

“გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის…” – შოთა რუსთაველი

ეპოქალური წიგნია “ვეფხისტყაოსანი”. ვისაც წაუკითხავს – მოსწონს, ვისაც არ წაუკითხავს – აქებს, ვინც თავისი ნებით გაეცნო – რუსთაველის (ან საკუთარი) ქართველობა ეამაყება და ვისაც სკოლაში წააკითხეს – მტანჯველი მოგონებებისგან ბურძგლავს. თუმცა, ფაქტი ერთია – რუსთაველის “UP-ორიზმები” ჩვენთვის დღემდე ის პირამიდებია, რომელთაც დრო ვერაფერს აკლებს: გენდერული დისბალანსის აღსაკვეთად - “ლეკვისა და ლომის სქესობრივი თანასწორობა” გვახსენდება, ქველმოქმედების სტიმულირებისათვის – “რაიმეს გაცემის ბუმერანგული მახასიათებლები”,   სიყვარულის მალვაზე – “ცხენის მოპარვის შემდგომი ინსტრუქცია”, ასოციალური ადამიანების გამოსაფხიზლებლად – “ჩინის ქვაზე დაწერილი არაკი”, ცხოვრებისეული ცვლილებების ასახსნელად – “ტურფა საბაღნაროში მიმდინარე ცირკულაცია”, სიკვდილის ძლევამოსილების ილუსტრირებისათვის – “ვიწრო ან კლდოვანი გზის ქმედითუუნარობა” და ათასი სხვა.

more »

ცხვირი გაწიეთ, გეთაყვა!

"ცხვირი ცხვირია, მაგრამ.."

“ცხვირი ხან თვითონ აცემინებს, ხან – მის პატრონს. გააჩნია პილპილში ჩაყოფენ თუ საქმეში” – ცხოვრებისგან (და ცხვირებისგან) გამობრძმედილი ადამიანი

“ეს იმ ცხვირს გაუმარჯოს, თვითონ რომ კარგად სუნთქავს, ჩვენ კი თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევს” – ლუდით სათქმელი სადღეგრძელო

ცხვირი მრავალფუნქციური ორგანოა. გარდა სუნთქვისა ის შეიძლება აიბზიკო (და კეკლუცს შეუდგე), აიბზუო (და “ფუ, გოიმი” ან “სოფლელები” თქვა), წაიტეხო (თუ ეს “სოფლელი” ჯანიანი აღმოჩნდა), გამოყო (მეტაფორულად – როცა “ცხვირის გარეთ გამოყოფას” გიკრძალავენ), რამე ამოიდინო ან ამოადინო (ძმარი, მაგალითად), დააცემინო (და “სიცოცხლის” ან “ჯანმრთელობის” გახანგრძლივების პერსპექტივით დატკბე), მოაჭამო (მუქარის ფარგლებში) და ბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, სხვის საქმეში მოაფათურო…

ცხვირის ფათური კი ყველაზე ხშირად ცნობისმოყვარეობის მამხილებელ რამდენიმე შეკითხვაში გამოიხატება ხოლმე:

more »

შერონ, შემეხე, მომპორჭყნე, ჩამკბიჩე…

დიდი შერონი

“თავში Stone უხლია… რა გადაგვაყოლეს!” – შერონისგან ფსიქიკურად შერონ-ინებული მაყურებელი

უკვე რამდენიმე დღეა, რაც თბილისი შერონის ქალაქად ან “შერონსთაუნად” (“Sharon’s town“) არის ქცეული. ჩვენ შერონით ვსუნთქავთ, შერონით ვხედავთ, შერონით გვესმის და შერონით განვიცდით. მოკლედ, შეძრულია ერი, ასეთმა ბუმბერაზმა პიროვნებამ რომ გვიკადრა. ზოგს ნერწყვი მოსდის (“ძირითადი ინსტიქტის” პირველი სერია ახსენდება, ალბათ), ზოგს – ცრემლი (ამასაც რომ მოგვასწრო ღმერთმა), ზოგს მუზა (და სიუჟეტებს აკეთებს), ზოგიც კინოთეატრში შემავალი ცოცხალი შერონის სანახავად ფოტოაპარატითა თუ “პასტაფურცლით” საგულდაგულოდ იღჭურვება. არც ის იქნება დიდად გასაკვირი, შერონის სახელობის ქუჩას ან ვარსკვლავს თუ გავხსნით (რუსთაველის თეატრის წინ), ძეგლს თუ დავუდგამთ (მისივე სახელობის მოედანზე) ანდა სულაც მისი წმინდანად (St.one – Saint one) შერაცხვის მოთხოვნით თუ გამოვალთ.

more »