პოპულარული პოზები, ანუ, ჩიტის მოტანილი ამბავი…

    ჩიტებზე ბევრი გამოთქმა გვაქვს ქართველებს. მათ შორის: “ჩიტის გული აქვს”, “ჩიტივით თავისუფალია”, “მაგის ჩიტი ვარ ეხლა ზუსტად, რომ…”, “ჩიტის რძე არ აკლდა” და სხვა. თუმცა, პირადად მე, განსაკუთრებით ორი მათგანი მომწონს:

   ა) “ახლა ჩიტი გამოფრინდება” – როდესაც ფოტოაპარატის წამიერი გაელვების ფრინველებთან მეტაფორულ შედარებას ახდენენ
  ბ) “ჩიტმა ამბავი მომიტანა” – როდესაც ჭორების მოყვარული ნათესავის/მეზობლის/ახლობლის კონფედენციალობის დაცვის მიზნით, სიტყვას ბანისაკენ ისვრიან…

   ყველაფერი ეს კი დამჭირდა იმიტომ, რომ სწორედ იმ –  ფოტოაპარატში მცხოვრებმა – ჩიტმა ერთი ამბავი მომიტანა. ამბავი იმაზე, თუ რა სიტუაცია ხვდება ხოლმე მას ყველაზე ხშირად თვალში მაშინ, როდესაც ღილაკის საშუალებით “თავისი ბუდიდან გაფრენას აიძულებენ”:

    1. “სამების ეზო” - ალბათ, თბილისში არ არსებობს ადამიანი, ვისაც ფოტოაპარატთან შეხება ჰქონია და სამების ფონზე გადაღებული სურათი არ აქვს. ყველაზე გავრცელებული კადრი კი ეკლესიის წინ კიბეებზე მდგარი ობიექტია, რომლის უკან მთელი თავისი ბრწყინვალებით, სამების ტაძარი  მოჩანს.

    2. ”სარკის ეფექტი” - ფოტოგრაფირების ეს სახეობა რაღაცით ლაბორატორიას ჰგავს, რადგან ადამიანი სასურველი პოზის, გამოხედვის, რაკურსის და სხვათა იდეალურ მდგომარეობაში დასაფიქსირებლად, უამრავ ექსპერიმენტს ატარებს. სარკე პოპულარულია იმის გამოც, რომ აქ ცუდად გამოსული კადრის არ გრცხვენია და “delete” ღილაკის გამოყენებით მას იქამდე აშთობ, სანამ სხვა ნახავს. თუმცა, ერთადერთი უარყოფითი, რაც ამ კატეგორიას ახასიათებს არის ის, რომ სარკე ობიექტის გარდა ფოტოაპარატსაც აფიქსირებს და ეს სურათებში ცუდად ჩანს.

სარკევ, სარკევ...

"სარკევ, სარკევ..."

    3. “ტუჩების მეტამორფოზა” - არსებობს რამდენიმე ვერსია იმ ამოუხსნელი ფენომენისა,  სურათის გადაღების წინ ტუჩების გამობურცვას რომ გულისხმობს. ერთი მოსაზრებით, ამგვარად “პირის დარაბები” უფრო დიდი და ლამაზი ჩანს, მეორე ვარაუდით, ეს უბრალოდ რეფლექსი და ღიმილის თანამედროვე შემცვლელია, ხოლო ფსიქოლოგების აზრით კი, აქ მავანთა ქვეცნობიერში არსებული დაბერვითი სურვილები ჩანს… არჩევანი თქვენთვის მომინდია!

    4. “ფანტაზია და მარჯვე ხელები” – თითების ხელოვნება, რომლის დროსაც ობიექტი ორივე მტევნის ცერა-საჩვენებელი თითების კომბინაციით გულის ფორმას “ხატავს” და შემდეგ ამ შედევრს რაიმე სინათლის ფონზე გვიჩვენებს.  

თუ გული გულობს, გული ორი ხელითაც გაკეთდებაო

"თუ გული გულობს, გული ორი ხელითაც გაკეთდებაო"

   5. ”ბებია, ბებია, რატომ გაქვს ასეთი დიდი…”  - ფოტოგრაფირების საინტერესო მიმდინარეობა, როდესაც ავტორი  მინი-ავტოპორტრეტის შექმნას ცდილობს და სურათს  მხოლოდ ტუჩს, თვალს, ყურს, თითს, ფეხს, ცხვირს, ნესტოს, ჭიპს, იდაყვს, ვარცხნილობას, წამწამს, წარბს და ყველაფერ იმას უღებს, რისი ავატარად გამოჩენაც ხალხში სავსებითაა შესაძლებელი.

    ამავე კატეგორიაში შედის ავტოპორტრეტები, სადაც აშკარად ჩანს ის ხელი, რომლითაც სურათია გადაღებული და ამ ხელის სიმოკლის გამო, სახის პროპორციები სურათზე იმაზე ცუდად აისახება, ვიდრე ეს რეალობაშია.

    6. “სადღაც იქ…” - ამ მიმდინარეობის წარმომადგენელი ობიექტი პროფილში დგას და მიბნედილი (შეიძლება ფილოსოფიურიც კი) მზერით სადღაც სივრცეს და გაურკვეველ სამყაროს გასცქერის.

"რა დრო იყო..."

    7. ”ლექს-სენის პოზა” - კატეგორია, როდესაც ფოტოაპარატი ერთგვარი სკალპელის, ფოტოგრაფი კი სასტიკი ქირურგის ფუნქციას ასრულებს. მცირეხნიანი ოპერაციის შედეგად, ობიექტები ნახევრად გადაჭრილი სახის იმ ნაწილს ირჩევენ, რომელიც მეორე მხარეზე ცოტათი უკეთესია.

    8. ”ფეხი ფეხს მივცეთ, მხარი – მხარს” - უცნაური პოზა, როდესაც ჯგუფური სურათის გადაღებისას ადამიანები რატომღაც ცალ ფეხს ერთმანეთის ფეხებს უკავშირებენ, მეორეთი კი ასკინკილას ხტუნავენ და რომ არ წაიქცნენ ერთურთს მხარზე ეყრდნობიან. ასეთ დროს, ძალა ნამდვილად ერთობაშია.

    9. პოზა – “დაკარგულები” – ჯგუფური სურათის კიდევ ერთი სახეობა: ალაგ-ალაგ მდგარი (მიმოფანტული) ობიექტები გადაჯვარედინებული ხელებით, მრისხანე მზერით, შეკრული წარბებით და მხრების ზომაზე გადგმული ფეხებით.

"პოზებში დაკარგულები"

    10. ”I beleive I can fly” - ახალდამკვიდრებული მოდა, რაც ჰაერში შეხტომასა და გადამწყვეტ მომენტში (ანუ, იმ დროს როცა ობიექტი სიმაღლის პიკს აღწევს, ხელებს შლის და ფეხებს კეცავს) ღილაკზე თითის დაჭერას გულისხმობს. თუმცა, ბოლო დროს მიწიერი სამყარო ფოტოგრაფირებისათვის უკვე იმდენად ბევრს არ ყოფნის, რომ “wow” (“ვაუ”), რა მაგარია” - რეაქცია, “აუ” ისევ ეს” – რეაქციაში გადაიზარდა. 

ჯერ კიდევ როდის...

"ჯერ კიდევ როდის..."

    11. ორი თითი – ბიჭებისათვის “გამობურცული ტუჩის” შემცვლელი ჟესტი. პრინციპში, რა უნდა ქნას ადამიანმა, თუ არც როკერია (ნეკი და საჩვენებელი თითების ამოწევა), არც რეპერი (“ისტი” და “ვესტი”) და არც უზრდელი (“შუათითი”). ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ  შუასთან ერთად, საქმეში საჩვენებელი თითიც ჩაერთოს…

თვით ირანის პრეზიდენტიც კი...

"თვით ირანის პრეზიდენტიც კი..."

    12. ”კედლის/ხის თანადგომა” -  პოზა, როდესაც ფეხზე მდგარი ობიექტი რაღაცას ეყუდება და მოკეცილ ცალ ფეხს ზედ ადებს. კომპოზიციის არსი ვრცელდება მჯდომიარე ობიექტებზეც,  თუმცა ამჯერად ფეხი ზემოთ არის აკეცილი და იმაზე დევს, რაზედაც თავად ეს პიროვნება ზის.

     13. “მაიმუნური პოზა” - რომელსაც ხშირად იყენებენ სამ-ადამიანი სურათის გადაღებისას და რომელზეც ავტორებს ასევე ხშირად ატყუებენ, რომ “ეს ძალიან ორიგინალურია…”

ყრუ, ბრმა, მუნჯი

"ყრუ, ბრმა, მუნჯი"

   14. “ნახე, რა მანქანა ავაგდე” -  მსგავსი კატეგორია, გულისხმობს იმას, რომ ქუჩაში გაჩერებულ მაგარ ავტომობილთან სურათი გადაიღო, ან, თუ ჯერ ბედი გაგიღიმებს და მერე ფულიანი ნაცნობი, მის სალონშიც კი იპოზიორო, რათა შემდეგ უცხოთა გასაგონად აღნიშნო, რომ ეს შენი მანქანაა.

   15. ”ნახე, მე რა ვიყიდე” - განშტოება ზემოთხსენებული კატეგორიისა, რომელიც გვხვდება მაშინ, როდესაც ადამიანს ახალი შენაძენი აქვს და სურს, რომ ის მთელმა სამყარომ შეუქოს, ან, აღუნიშნოს “თუ როგორ უხდება”. შენაძენებს შორის ყველაზე გავრცელებული ნივთებია სათვალე, საათი, ბენდენა, იარაღი, ტანსაცმელი და სხვა.

   16. “მე ზღვაზე ვიყავი” - სურათების ეს ტიპი გადაღებულია მზის ჩასვლისას ზღვის ფონზე, ან, წყალში, რომელიც ადამიანს წელამდე სწვდება. პირველ შემთხვევაში აქცენტი კეთდება ესთეტიკაზე, მეორეში – ნარუჯზე. ამავე კატეგორიას შეიძლება მივაკუთვნოთ, უცხოეთში სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებთან გადაღებული სურათები, რაც გულისხმობს იმას, რომ ობიექტი ეიფელის კოშკში და ლუვრში არის ნამყოფი. ამ ტიპის სურათები დასათაურებულია “I LOVE PARIS” ტიპის სათაურებით.

   17. “ხარისხი არ შეიმჩნიოთ” – მობილურით გადაღებული სურათები, სადაც ერთადერთი ის შეიძლება ივარაუდო, თუ ვინ არის გამოსახული ფოტოზე. (“ზე-პიქსელიან ტელეფონებს არ ვგულისხმობ). ამავე კატეგორიაში შედის, ვებ-კამერით გადაღებული სურათებიც, სადაც ადამიანს აშკარად ეტყობა, რომ ვიზუალური პროდუქტი ხანგრძლივი პოზირების შედეგად მიიღო.

   18. “მე დაკუნთული ვარ” – პოზა, როდესაც მამრი თავის ნავარჯიშები (და ზოგჯერ არც) სხეულის პროპაგანდა – რეკლამირებას ეწევა. ასეთ დროს ის ყოველთვის ცდილობს უფრო კუნთსავსე გამოჩნდეს, ვიდრე არის.

დაგარტყავ, გაგაფრენ ამერიკაში...

"დაგარტყავ, გაგაფრენ ამერიკაში..."

   19. “ტიტანიკი” – ცნობილი და ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პოზა ამავე ეპითეტების მქონე ფილმიდან, რომელმაც ფეხი  ქართულ ფოტოგრაფიულ რეალობაშიც წარმატებულად მოიკიდა. სურათის ამ სახეობას, ძირითადად, ერთმანეთთან ახლო ურთიერთობაში მყოფი წყვილები მიმართავენ.

"იმისთვის რომ გაფრინდე, ფრთები სულ არ გჭირდება..."

  20. “საადნაკლასნიკე სურათები” – განსაკუთრებული და უნივერსალური კატეგორია სურათებისა, რომელსაც ერთადერთი მიზნით – “ადნაკლასნიკებზე” (ან მსგავს სოციალურ ქსელებზე) დასადებად იღებენ. ეს ტიპი სურათებისა მოიცავს წინ ჩამოთვლილ ცხრამეტივე პოზას და პლუს ამას კიდევ იმდენს, რამდენსაც ფანტაზია გასწვდება…

   პ.ს: შეკითხვაზე “დავიჯერო, შენ არ იღებ ასეთ სურათებს?”, პასუხია: “დაიჯერეთ, თითქმის არა…” და გამოხმაურებისაკენ გამიზნულ სკეპტიკურ წამოძახილზე “შანსი არ არის…”, პასუხია ის, რომ “მე, საერთოდ, სურათებს იშვიათად ვიღებ…”  :)

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
67 Responses
  1. დადული says:

    შეMიძლია დავივიფიცო, რომ ამ 19 თუ 20 სახეობოდან არც ერთი არ მოიპოვება ჩემს ფოტოალბომში, რადგან თუ ვინმეს წაცდა და სურათი გადამიღო, ტუჩები ნამდვილად არ მექნება გამობბურცული და შესაძლებელია სარკეშიც არ ვიყო ამ დროს შევარდნიდლი :D , ძირითადად ყველა ჩEმს სურათში ცრემლების ღვრამდე ვიცინი, რატომღაც მხოლოდ მაშინ უჩნდებათ ჩემი ფირზე აღბეჭვდის სურვილი :D

  2. დადული says:

    ისე კი აბსოლუტური სიმართლეა რაც აქ წავიკითხე, გააოცარი სიზუსტითაა აღწერილი, მეც ბევრი მიცინია მსგავს პოზებზე :D :D

  3. vanski says:

    sagool magaria dzaan da martaliaa :D :D
    da yvelas ragac punktshi aqvs rodisgac gadagebuli mu dzalit tu ara shemtxvevit mainc :D
    xoda 20_e punkti umagresiaa :D Dziirs bandzi adno da sheeshvit xalxo ra gecaaat? :P :D:D

  4. გიო says:

    ჩემი აზრით ამ ჩამონათვალზე ერთის დამატებაც შეიძლება:
    საკუთარ თავზე გადაღებული სურათი, არც თუ ისე შორი რაკურსით (მაქსიმუმ სანამ მკლავის სიგრძე გაგწვდება) და მზერით სადღაც უსასრულობაში, მეტი ბუნებრივობისთვის.

    კარგი საიტია, ‘შერონ სტოუნით’ დავიწყე და ჩამითრია.

  5. ილონა says:

    მეც ანალოგიურად :) მანამდეც მიბოდიალია, მაგრამ დღეს ჩავუჯექი. შედეგი – კარგად ვიხალისე :)

  6. თამარა says:

    ძალიან მაგარია,მაგრამ აბა სხვანაირად როგორ გადავიღო სურათი?????? wasntme wasntme wasntme wasntme wasntme o_O o_O o_O lol lol lol lol lol lol lol lol lol

  7. თამთა says:

    სუპერ სუპერ ენა,სტილი,წერის მანერა, სიმართლე და წიწაკა :) ))

  8. ;) says:

    ისეთი შთაბეჭდილება მრჩება,რომ სიტყვა “მეტამორფოზის” მნიშვნელობა ეხლა გაიგო და ყოველ პოსტში რომ არ გამოიყენოს არ შეუძლია..მაგას რომ თავი დავანებოთ,რატომ ასეთი ნიჰილიზმი? ვაფასებ ამ იუმორს და ზოგი კრიტიკა მისაღები და გასაგებია,უბრალოდ ასე უმოწყალოდ ყველაფერს რატომ აკრიტიკებ… აა გასაგებია..აღიქვამდე სამყაროს დადებითად და მითუმეტეს ამაზე წერდე ეს უკვე დიდი მარკეტინგული გათვლა ვერ არის ?

  9. თიკო says:

    ახლა იმაზე რომ დაწერო რაც მოგწონს, არა?)

  10. ვანდა says:

    კარგად ვიხალისე ამ პოსტზე მაგრამ , ამას როდავუჯეროთ არსად არ უნდა გადაიღო სურათი ეგრე გამოდის … სურათებს იმიტომ იღებ რომ მერე გაიხსენო და არა იმიტომ რომ ვინმეს აჩვენო … ნუ მე პირადად მაგისთვის ვიGებ და ისე 99% ზუსტად მაგიტომ იGებს რომ სხვამ ნახოს ….

Leave a Reply

Current month ye@r day *