მიზანი ამართლებს საშუალებას, ანუ, პო-fu-ლარობის რამდენიმე რეცეპტი

"პოპულარობა ისე არ მოდის..."

 “ნახევარი საქართველო თუ გაგინებს… ესე იგი, პოპულარული ხარ”ყველაფერში დადებითის მაძიებელი ადამიანი

“პოპულარობის სურვილი” კაცობრიობაში ძალიან პოპულარულია.  
ადამიანთა უმეტესობას, მინიმუმ ქვეცნობიერად მაინც  სურს, რომ ქუჩაში სახეზე ცნობდნენ და საზოგადოებაში “სახის”  ინგლისური ფორმით მოიხსენიებდნენ, ტაქსით მგზავრობაში ფულს არ ართმევდნენ და მეტროში ჩასვლას თავმდაბლობად უთვლიდნენ,  თაყვანისმცემლების არმია ჰყავდეთ და ინტერვიუებში წუწუნებდნენ, რომ “თაყვანისმცემლებმა თავი მოაბეზრეს”, ჟურნალების გარეკანზე იყვნენ და გარე კანი ყოველთვის ტონა ტონალურით ჰქონდეთ დაფარული…

მოკლედ, “თითით საჩვენებლის” როლში ყოფნა თითქმის ყველას უნდა. თუმცა,  პოპულარობის მოპოვების ზოგიერთი მცდელობა იმითაც სრულდება ხოლმე, რომ დიდებისათვის მებრძოლ კანდიდატს საჩვენებელიდან მცირე მანძილით დაშორებული თითის ერთ სახესხვაობასთან აიგივებენ (ბილწი ლექსიკის გამოყენების ყველაზე მსუბუქ შემთხვევაში, რა თქმა უნდა). თერთმეტი სიტყვით, დღევანდელ საქართველოში პოპულარობის მოპოვების რამდენიმე მარტივი, მაგრამ ამავდროულად ნარ-ეკლიანი გზა არსებობს:

"ამ სტერეოტიპს ვერ გავცდი რა..."

1. ”ტანთ განძარცვა” - უცხოეთში პოპულარობისათვის ძუ ლომივით ბრძოლაა საჭირო, ჩვენთან კი უბრალოდ ამ “ძუ”-ს გაორმაგება და შემდეგ მისი გამოჩენაც საკმარისია. ანუ, აქ თავი სალაპარაკოდ რომ გაიხადო, ჯერ იგივე ზმნა საკუთარ ტანსაცმელზე უნდა გამოიყენო.  მნიშვნელობა არ აქვს სად მოხდება ეს – ფილმში, ჟურნალში, ჭავჭავაძის გამზირზე, თუ, პარლამენტის წინ (მოთხოვნით: მცხელა, აღარ მინდა სტადიონები, აუზები გახსენით)… მთავარია, გახდა საკუთარ აბაზანაში და ისიც შხაპის მიღების წინ არ მოხდეს.  დანარჩენ სხვა შემთხვევაში, ჩათვალეთ, რომ პოპულარობა მეორე დღესვე გარანტირებული გაქვთ…

2. რელიგიის დაცინვა – დღეს ჩვენთან ორი რელიგიური უკიდურესობაა მოდაში:
1.  მართლმოდიდებელი ადამიანები -  რომლებიც ეკლესიაში ძირითადად ვიღაცეების დასანახად დადიან, წვალებით მარხულობენ (ანუ, წინა დღეს შაურმას ჭამენ – მარხვა იწყებაო და მის დასრულებას კვლავაც შაურმით აღნიშნავენ), ნებისმიერი სახის საკვებთან სოიალური დამოკიდებულება აქვთ და ა.შ. ერთი სიტყვით, მათთვის მთავარია, რომ გარკვეულ წესებს პირნათლად ასრულებენ და მნიშვნელოვანი სიტყვა “როგორ” უკვე ყურადღების მიღმა რჩება.  
2. “სიბნელიდან გამოსული” ადამიანები  – რომლებიც რელიგიას მარქსისეულ “საყოველთაო ოპიუმად” მიიჩნევენ, მართლმადიდებლურ რიტუალებზე ხუმრობენ და პირველ კატეგორიაში მოხვედრილ ადამიანებს დასცინიან. მართალია, დღეს თითქოს ათეისტობა მოდაშიც კი შემოვიდა, მაგრამ რამდენიმე ანტირელიგიური განცხადების საჯაროდ გაკეთება სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ამ ქმედებამ პოპულარობა მხოლოდ ერთ ადამიანს კი არა, მთელ მის სანათესავოს – მის კარგისმსურველებსა და კეთილისმყოფელებსაც კი მოუტანოს…

ყველაზე პოპულარული სულელი

ყველაზე პოპულარული "სულელი"

3. სისულელის აპოთეოზი -  საერთოდ, ადამიანს უყვარს, როდესაც თავს ვინმეზე უპირატესად გრძნობს და მისი დაცინვის საშუალება ეძლევა. შესაბამისად, ხალხის ყურადღების მისაქცევად, სავსებით საკმარისია უცნაური ტექსტის მქონე სიმღერა დაწერო, წაიტინგიცო,  ან, რაიმე ისეთი ჩაიდინო, რაც მათ მობილურის გამოყენებასა და პროდუქტის “youtube”-ზე ატვირთვას აიძულებს. მართალია, საწყის ეტაპზე ყველა შუკაში, შოუში, შესახვევში, თუ, შუშაბანდში თქვენზე იცინებენ, მაგრამ პოპულარობა ხომ გარკვეულ მსხვერპლსაც მოითხოვს. ძალიან მალე, ის ვინც თქვენზე ბჟირდებოდა, ქუჩაში ავტოგრაფს გთხოვთ და მეტიც, თქვენთან ერთად სურათის გადაღებასაც შეეცდება.

4. “მართლმადიდებელ მშობელთა კლანჭებში”(ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ამ მეთოდის გამოყენება რეკომენდირებული არ არის. იწვევს დაჟეჟილობას თავისა და სხეულის არეში). დღესდღეობით, საქართველოში “მმკ”-ზე უკეთესი პიარ-სამსახური ნამდვილად არ არსებობს. პოპულარობის მოსახვეჭად ერთადერთი ის არის საჭირო, რომ რაიმე გაუკუღმართებული ქმედება ჩაიდინოთ და ამის შესახებ “ანონიმური კეთილისმყოფელის” სახელით ხსენებულ კავშირს აცნობოთ. აღნიშნული ქმედების შემდეგ უბრალოდ ჩემოდანის ჩალაგება და დროებით სადმე გადახვეწა მოგიწევთ.  თქვენს პოპულარობაზე ზრუნვა კი უკვე “მმკ”-ს პრეროგატივაა…

ცეცხლთან თამაში სახიფათოა, ნერონ

"ცეცხლთან თამაში სახიფათოა, ნერონ"

5. ჰეროსტრატეს იმიტაცია – პოპულარობის მოპოვება ამ გზით ძალიან მარტივად – ასანთის ერთი ღერით, რამდენიმე ლიტრი ბენზინის საშუალებითა და რაიმე საკულტო შენობის მიზანში ამოღებითაა შესაძლებელი. თუმცა, თუ მეხანძრეების ოპერატიულობის გეშინიათ, მაშინ  რამდენიმე სხვა უფრო უწყინარი მეთოდიც არსებობს. ასე მაგალითად: “შსს-ს შენობისთვის ქვის სროლა და ფანჯრის ჩამტვრევა (ააცილებთ, თუ რა), ავლაბრის დაკიდებული ბაღების ჩამოხსნა და სახლში წაღება, პრეზიდენტისათვის  კეფაში წამორტყმა (ხალხს რომ ხელებს უფათურებს ხოლმე, მაგ დროს) და სხვა. მართალია, ამგვარად მოპოვებული პოპულარობით ტკბობა დიდხანს არ დაგცალდებათ, მაგრამ მადლიერი ერი თქვენს სახელს სამარადჟამოდ რომ შეინახავს, ეგეც საქმეა.

6. ხელისუფლებისთვის ცუნდრუკი და გუნდრუკის კმევა - პოპულარობა, როგორც წესი, ისეთი საქციელის გამო მოდის, რომლის ჩადენასაც ბევრი ვერ ბედავს. ჰოდა, ამ შემთხვევაში, ყველაზე უსაფრთხო გზა პრეზიდენტის საჯარო ქება, ქალაქის მერისთვის ლექსის მიძღვნა (“ხუთი მოვხაზე იმ დილით, გიგი…”), ვანო მერაბიშვილისგან შვილის შეძენის სურვილის გამოთქმა, “მე მიყვარს გიგა ბოკერია”-ს წარწერიანი მაისურით ქალაქში სიარული და მსგავსი ქმედებებია. მართალია, თქვენი პოპულარობა ქართული ფოლკლორული ბილწსიტყვიერების ზეგავლენის ქვეშ მოექცევა, მაგრამ ასეთ დროს ძაღლის უგულვებელმყოფი ქარავანის ანდაზით სარგებლობა თავისუფლადაა შესაძლებელი.

"რა სურთ კაცებს"

7. ტაბუს აბუება – წერეთ და ისაუბრეთ საჯაროდ ისეთ თემებზე, სადაც სიტყვა “სექსი” (უფრო არაცივილური და ბრუტალური ფორმებით) ძალიან ხშირად იქნება ნახსენები. დროგამოშვებით თქვენი ეროტიკული ფანტაზიების აღწერაცაა რეკომენდირებული. სხვა თუ არაფერი, ეს ერთ-ერთი ყველაზე მოასფალტებული გზა უნდა აღმოჩნდეს იმისათვის, რომ მეოთხე პუნქტში მოცემულ რჩევას დაუდოთ სათავე…

პ.ს: თუკი პოპულარობის მოპოვება მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი, მაინცდამაინც იმ ანდაზით ნუ ისარგებლებთ, რომ “გენიალურობა სიმარტივეშია”. როგორც თავად ნახეთ, ზემოთ დაგებული მარტივი გზებიდან ზემორალური არც ერთი არ არის. ასე რომ, თუ ანდაზაზე მიდგა საქმე, მე უფრო სახლისკენ მიმავალი შორი გზის გაყოლას ვარჩევდი… :)

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
56 Responses
  1. clockwork says:

    ამ პოსტის სათაურის წაკითხვისას კოხორა და ის გაჭირვებული(ნუ ესეც) ამომიტიტივდა თავში, თუმცა იმედი გაუცრუვდა მოტივტივე ობიექტებს და მე გამიხარდა, რომ კარგი პოსტია და ბევრი ვიცინე. მადლობთ

    • მჩხაპნელი says:

      წერისას მეც მიტივტივებდა ორივე თავში, მაგრამ სამაგალითოდ ორივე მოძველდა :) დამოკიდებულებაა უცვლელი მსგავსი ქმედებებისადმი :)

  2. Kate says:

    მაგარი პოსტია.
    ფროიდის სურათი მომეწონა.

    • მჩხაპნელი says:

      მეც იგივე შემიძლია ვთქვა იმ მხატვარზე :) გმადლობთ :)

  3. Snitch says:

    რომ ვამბობ ჩვენ დიდხანს არაფერი გვეშველება მეთქი და წამოძახილზე “რატომ ასე პესიმისტურად” ვპასუხობ რეალისტი ვარ თქო მეუბნებიან არასწორი ხარო!!!

    დასანანია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ დიდხანს არ გვეღირსება კარგი ცხოვრება მთელს ქვეყანაში!!!

    ისე ბექა შენსავე მეთოდს რატომ არ ამატებ?? ერთერთი ყველაზე პოპულარული ბლოგი გაქვს, ერთერთი ყველაზე პოპულარული მჩხაპნელი ხარ, ყველაზე მეტი შანსი გაქვს იმისა, რომ პირველივე შენს სტატიას/რუბრიკას/ჟურნალს ჩასახვის თანავე ერთგული მკითხველი ეყოლება!
    პოპულარული გახდები და ჩემს ხარჯზე გამდიდრდები :) (ხვდები ალბათ როგორც :D )

    დაე გახდე!!! გავიმეტებ მანეთს ყოველ კვირა!

    • სანამ ერთი გაშიშვლებით პოპულარული ხდება ადამიანი, მანამდე მაგ მხრივ არ გვეშველება :) ნამდვილად რეალისტი ხარ და თან სწორი რეალისტი :)

      ბლოგს რაც შეეხება. ტექსტუალური პოპულარობა მარტივი არ არის, დროის საკითხია მაინც :) თან არც ვთვლი თავს ჩამოთვლილი რეგალიების მფლობელად (ნუ, ჟურნალის იდეას თუ მხედველობაში არ მივიღებთ…ეგ მინდა) :P

  4. საბაჩკა says:

    გენიალურია

    • მჩხაპნელი says:

      მთლად ასე ვერ ვიტყოდი, მაგრამ მაინც Thanks :)

  5. piccolina says:

    მგონი გახდა ყველაზე ეფექტურია
    ყოველ შემთხვევაში, შორენას და ნინას ყველა ცნობს. სახეზე თუ არა, ძუძუებით მაინც

    • მჩხაპნელი says:

      :D კი, გახდა ნამდვილად ამართლებს
      მინიმუმ ერთი კვირა ლაპარაკობენ და ერთი კვირა რომ ადამიანზე ილაპარაკებ, ის კი გახდება პოპულარული :)

  6. modebilo elementi says:

    “ჟურნალების გარეკანზე იყვნენ და გარე კანი ყოველთვის ტონა ტონალურით ჰქონდეთ დაფარული…”
    “უცხოეთში პოპულარობისათვის ძუ ლომივით ბრძოლაა საჭირო, ჩვენთან კი უბრალოდ ამ “ძუ”-ს გაორმაგება და შემდეგ მისი გამოჩენაც საკმარისია. ანუ, აქ თავი სალაპარაკოდ რომ გაიხადო, ჯერ იგივე ზმნა საკუთარ ტანსაცმელზე უნდა გამოიყენო.”
    “ასეთ დროს ძაღლის უგულვებელმყოფი ქარავანის ანდაზით სარგებლობა თავისუფლადაა შესაძლებელი.”
    …რა ვიცი…მე სიტყვების ნაკლებობას განვიცდი ამის შესახებ რაიმეს სათქმელად :)

  7. SaLoMea_Mze says:

    როგორც ყოველთვის ისეთი პოსტია ერთი ამოსუნთქვით და შეუჩერებლად რომ წაიკითხავ, მოგბეზრდება თუ რა ;)

    ყოჩაღ :) ))

    • მჩხაპნელი says:

      :) მადლობა
      ისე უფრო ხშირი სუნთქვა უკეთესი იქნება :) არც ისე პატარაა ეს პოსტი ერთი ამოსუნთქვისთვის :D

  8. bukingham says:

    ისე უფრო პოპულარული საიტი იქნებოდა შენი “რაღაც” ინტელექტუალური პოსტების ნაცვლად სექსის დროს რას გრძნობს ქალი თუ მისი ჩექმა საწოლთან წაიქცა და ეგეთი სტილის სტატიები რო გქონდეს :) როგორც სხვა ტოპ-ებს აქვთ თავიანთ ბლოგებზე

    • მჩხაპნელი says:

      ჰო, ეგ ვიგულისხმე მეშვიდე მეთოდში :) რამე ეროტიკული სათაურებით “ციკლოპისა და ამორძალის ვნებიანი ალერსი”, “დაკოცნილი ტუჩები და ყვრიმალი”, “მძაფრი წამწამის კვნესა” და ა.შ. :P

  9. დუდუ says:

    დიდი არაფერი :)

  10. mr-floyd says:

    უცხოეთში პოპულარობისათვის ძუ ლომივით ბრძოლაა საჭირო, ჩვენთან კი უბრალოდ ამ “ძუ”-ს გაორმაგება და შემდეგ მისი გამოჩენაც საკმარისია

    :D :D ეს კარგი იყო , მაგრად ვიცინე :D
    კარგი პოსტია, როგორც ყოველთვის.

    • მჩხაპნელი says:

      ყოველთვის მინდოდა სადმე გამომეყენებინა “ძუ”-ს გაორმაგება და როგორც იქნა მომეცა საშუალება :P

  11. ან მსოფლიოში ყველაზე “კარგადსაკითხავი” (ესეთი სიტყვა ხო არსებობს?) ბლოგი უნდა შექმნა… შეიძლება სახეზე ვერ გიცნონ… სამაგიეროდ დაქალები რო ერთად შეიკრიბებიან ერთნამენთს ეტყვიან იცი დღეს მჩხაპნელმა რა პოსტი მიცაოო? :) მერე რომელიმე იკითხავს_ნეტა სახეც თუ ისეთი ლამაზი აქ როგორიც ხელიო და საერთო “კისკისი” მოყვება მერე ამ ყველაფერს… :D
    ……..
    გუშინ შენი ბლოგის ძველისძველ პოსტებს ვკითხულობდი და დავასკვენი რო თემქელი ხარ და ხოო? :D :D :D

    • მჩხაპნელი says:

      სწორად მიგიმართავს შენი დედუქცია ჩემი და უბნის ურთიერთდამოკიდებულების საკითხში :P

      ჰო, სახე და ხელი ქმნის “სახელს” :P ესე იგი, არის აქაც ლოგიკა :P

      • ნუ შენ ხო ყველგან შეგიძლია ლოგიკის პოვნა რააა…
        ანუ სადმე რო გამეჩითო ხელზე გიცნობ ხოო? :P :D

        • მჩხაპნელი says:

          :D არა, ამ შემთხვევაში სახე და სახელი გაცილებით უკეთესი მაიდენტიფიცირებელი კრიტერიუმებია :)
          (წინადადების დასკვნითი ნაწილი იყო უცხოურად ჩახლართული სიტყვების ბენეფისი) :)

          • კაი მოვეშვათ შენს მაიდენტიფიცირებელი კრიტერიუმებს… ჯობია ისევ პოსტებს წავიკითხავ :P :D :D:D

  12. მე says:

    ო ღმერთო რა ვქნა თავს ვერ ვერევი :D :D ძალიან მომწონხარ :D

    • მჩხაპნელი says:

      :კაცმა არ იცის, რა ვთქვა:
      რა საჭიროა საკუთარ თავთან ბრძოლა? :D

      • მე says:

        ხო არაა საჭირო მაგრამ რაღაცნაირი ხარ :D მე კიდე იდიოტი ვარ მარა მაინც რა უნდა მეტქვა :D დღე არ გადის არ სემოვიხედო რა ხდება ახალითქო ხშირად გადამიკითხავს შენი პოსტები რაღაცნაირად მაინტერესებ:>

  13. რამონა says:

    საქართველოში როგორ ხდებიან პოპულარულები ყველაზე კარგად გაქვს აღწერილი, მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა, რომ მხოლოდ მასე ხდებიან.. განსაკუთრებით ამ ბოლო დროს.. როგორც ახსენე, მორალური გზით გაპოპულარულებული აღარავინ მინახავს ამ ბოლო დროს (“ნიჭიერის” კონკურსანტებს თუ არ ჩავთვლით, ისიც არა ყველას და ისიც მხოლოდ “ნიჭიერის”)

    • მჩხაპნელი says:

      სამწუხაროდ, იოლი გზა მორალური არასდროს არ არის. “ნიჭიერით” ვინც გახდა პოპულარული, ის მანამდეც ბევრს შრომობდა :) უბრალოდ კიდევ ერთხელ გამოჩნდა ტელევიზიის ძალა :)

  14. samuraisxmali says:

    “შსს-ს შენობისთვის ქვის სროლა და ფანჯრის ჩამტვრევა (ააცილებთ, თუ რა)”
    ამაზე მაგრად ვიცინე :D
    მაგრამ მაინც გააჩნია – ქართველი ფეხბურთელი თუ ესვრის… მაშინ… სადაოა…

    • ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებით ყველაფერი სადაოა :) თუმცა, ბოლო ხანებში ძალიან ვიწრო სხივი მაინც შეინიშნება მის პერსპექტივაში. მთლად შუშებს თუ არა, შენობის ჩარჩოს მაინც მოარტყამენ ცოტა ხანში, ასე თუ გაგრძელდა :)

  15. nini says:

    მაგარიი პოსტიაა…. ზუსტაად ასეაა… და აიი ამ ათეისტებს ვერ ვიტაან….

    • მჩხაპნელი says:

      როგორც გზაჯვარედინზე მდგომი ქართველი ზღაპრების გმირი, უფროსი და ტირანი ძმა იტყოდა: თავის გზას ყველა თვითონ ირჩევს :) (და წავიდოდა იქითკენ, საიდანაც აუცილებლად ბრუნდებიან) :)

  16. ნინია says:

    ძალიან მომეწონა. შენს სტილს არ ღალატობ. მე-4 პუნქტზე ბევრი ვიხალისე :)

    • მჩხაპნელი says:

      თუ გამოჩნდა ვინმე მმკ-ელი არ მგონია სახალისოდ დაგვიდგეს საქმე ან შენ, ან მე :)

  17. კახი მრელაშვილი says:

    გუგლში ყველაზე ხშირი საძიებო სიტყვაა სექსი.. ყოველ დღე 376 ახალი პორნო საიტი კეთდება და ყოველ წამს 28 000 ადამიანი უყურებს მას.
    ინტერნეტ გადმოწერების 35%-იც ზემოთხსენებული პროდუქტით გვამარაგებს კაცობრიობას..
    ასე რომ ავტორის არ იყოს, ვისაც პოპულარობა სურს,ძუ ლომივით უნდა იბრძოლოს და ეს მდედრობითი სქესის აღმნიშვნელი პატარა სიტყვის გაორმაგებული ვარიანტი ფიზიკურადაც გააორმაგოს,(ან გაასამმაგოს) და მერე “საზოგადოებას” უჩვენოს..
    მაპატიეთ,თუ ვინმე სხვანაირად აპირებდით პოპულარობის მოხვეჭას და მე იმედი მოგიკალით. მაგრამ რეალობას თვალი გავუსწოროთ, შსს-ს შენობისთვის ქვის სროლას თქვენ ვეღარ შეძლებთ, რადგან სანამ ეს პოსტი დაიდებოდა და თქვენ თავში ეს სრულიად უჭყინარი აზრი მოგივიდოდათ უკვე დაჭერილი იყავით.. :) )

    • მჩხაპნელი says:

      სტატისტიკა ხშირად ცდება ხოლმე, მაგრამ ეს კონკრეტული მე მგონი გამონაკლისია :) კრიზისის დროსაც, როგორც მახსოვს, პორნო-ინდუსტრიამ 6 მილიარდი დოლარის გამოყოფა მოითხოვა მთავრობისგან, თორემ გავკოტრდებით და ერს დაერხევაო :) ჰოდა, აბა როგორ არ უნდა ენდო ამ მონაცემებს :O

  18. მეეე says:

    ჰაჰა, დეისაძეც გამოჩნდაა :) )))) მეც მომეწონა ..

    • მჩხაპნელი says:

      დეისაძე უკვე გამოჩენილი მწერალია ღვაწლმოსილობის პერსპექტივით :)

  19. irakli says:

    ბოლო სურათი ხურავს :D

    • მჩხაპნელი says:

      და ხსნის წარმოსახვის დერეფნებს ფანტაზიისათვის :)

  20. gretta says:

    მე ყველაზე ჭკვიანში და ეტალონში ვიყავი , ორივეგან გავიმარჯვე …მაგრამ დარწმუნებული ვარ ჭკვიან ადამიანს პო-fu-ლარობა არ უწერია..თუ ცოტა არ იეშმაკა ;)

    • მჩხაპნელი says:

      იდექით ჩრდილში, ატარეთ ნაცრისფერი სამოსი და არასოდეს გამოიჩინოთ ინიციატივა – აი, ტალეირანის რეცეპტი (თუ სწორად მახსოვს) კარიერის გასაკეთებლად და ცხოვრების ასაწყობად :)

  21. AN-a-NO says:

    “ვიქირაოთ სახლი, ვიყიდოთ სამოვარი, დავჯდეთ და ვისაუბროთ….მჩხაპნელის ბლოგზე…:) :) :) :)

  22. like a rolling stone says:

    ტაშს რომ უკრავს ეგეთი სმაილი არ არსებობს? :) endkrass!

  23. შენ გაიხარე. უნიჭიერესი ხარ და ასე გააგრძელე. ყველაზე კარგი ისაა, რომ შენს ყველანაირ იუმორში სინამდვილის სწორი აღქმა ჩანს და ჯანსაღი აზროვნების უნარი… წარმატებებს გისურვებ ;)

  24. kontua says:

    მომეწონა :D :D

  25. ქრისტინე says:

    ერთი პირადული,არაკორექტული შეკითხვა მაქვს ამასოფლისა უსამართლოება, ემპირულობასა ზედა დამწუხრებულ ავტორთან (რატომღაც დამაინტერსა) : ეს გასაგებია , რომ ათიეტი არა ხარ, მაგრამ მაშინ?
    უბრალოდ გწამს ხო გმერთის არსებობის?! :)
    უფლება გაქვს არ მიპასუხო :)

    • მჩხაპნელი says:

      უბრალოდ არა, სავსებით გააზრებულად :)

  26. jesse says:

    რა მაგრად აზროვბენ! პატივს გცემ!

  27. გ.გ.გ. says:

    იმედს ვიქონიებ აზრთა გაცვლა მხოლოდ ჰედონისტურ სურვილთა დაკმაყოფილებას არ ისახავს მიზნად.ხანს მეც სჰემოგიერთდებით !!!

  28. მძიმე) says:

    ვიზიარებ (ფეისბუქზე,რა იფიქრეთ :D )

  29. გიორგი says:

    ბექა მოსაბეზრებელია ყოველ ახალ პოსტზე წერო კარგია გადასარევია და ა.შ.:) არადა რა დავწერო სხვა არ ვიცი (და მშურს შენი ფანტაზიის) და რო არ დავწერო არც ეგ არ შემიძლია:))

    კეთილი რჩევა (ჩემთვის): წაიკითხე, მოგეწონა, აღნიშნე, რას ორიგინალობ თუ არ შეგიძლია, დაეტიე რა:))))

    წარმატებები.

  30. ამ სტატიებს რომ ვკითხულობ, მიმყარდება სიტყვის ძალისმიერების რწმენა. :D
    გეტყობა, რომ კარგი მოაზროვნე ხარ :)

Leave a Reply

Current month ye@r day *