წიგნებით დაბალანსებული მაკულატურა

“წიგნდ(ქ)ართული ყვითელი ჟურნალები მზესუმზირის მარცვალს ჰგავს: გული უნდა დაიტოვო და ქერქი გადააფურთხო” – მეტაფორულად მოაზროვნე ბიბლიოფილი

“ლანძღვა ისაა, როცა იტყვი და არას დაამტკიცებ” – ილია ჭავჭავაძე

 წიგნისა და ჟურნალის შედარებისას ქერქი რომელია, ალბათ, თავადაც მიხვდებით.
 იაფი (თუმცა, არა იაფფასიანი) წიგნი ჟურნალის ”გასაღების გასაღებად” კი ქართულ ბაზარზე პირველად “გზამ” გამოიყენა. ”გზაზე” დართული კრებულის (“ქართული პროზის საგანძური”), ან, უფრო სწორად თუ ვიტყვით, კრებულზე დართული ”გზის” მეთოდი იმდენად ტირაჟ(წარ)მატებული აღმოჩნდა, რომ ვისაც ოდესმე გამომცემლობის არსი გაეგონა, ყველა წიგნის გამოშვებას შეუდგა.  ასე გამოჩნდა მედია–ბაზარზე  ჟურნალები “სარკე”  და“გუმბათი” (“ქართული პოეზიის” ტომეულთან ერთად), “რეიტინგი” (“საზღვარგარეთული დეტექტივები”–ს ხაზით) და “თბილისელები” (ციკლით “მსოფლიო ლიტერატურის კლასიკა”).

რა თქმა უნდა,  ფაქტი, რომ მარკესისა და ორჰან ფამუქის შეძენა სამ ლარადაა შესაძლებელი, ჩვენი მშიერი თაროებისათვის ძალიან კარგია. თუმცა, როდესაც აქცია მასობრივ სახეს იღებს იმის გამო, რომ “წიგნის სახელით” ჟურნალის უხარისხო შინაარსის გადაფარვა ადვილად ხდება, მაშინ “ძალიან კარგი” უკვე ”დანაკარგად“ გარდაიქმნება. მართალია, ჩვენი ბიბლიოთეკებისათვის ეს ტენდენცია არაფერს ცვლის, (და პირიქით, მისაღებია კიდეც), მაგრამ მთავარი პრობლემა იმაშია – ქვეყანაში მედიის სიკარგე, ჟურნალისტთა პროფესიონალიზმით რომ უნდა განისაზღვროს და არა მავანთა თაროების სისავსით.

გათვალისწინებით იმისა, რომ ქრისტეს აღდგომის დამამტკიცებელ საბუთს თვით თომაც კი (რომელსაც ქრისტეს სასწაულები თავისი თვალით ჰქონდა ნანახი) მოითხოვდა, ვეცდები კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, ქართული ჟურნალისტიკის რამდენიმე ძირითადი პრობლემა ჩამოვაყალიბო. მათი გადაჭრა კი მინიმუმ ბასრი კალმის საშუალებით მაინცაა შესაძლებელი.  ზოგადად, ძალიან ცუდია, რომ ყვითელი პრესის “გაშავება” კიდევ ერთხელ მიწევს, მაგრამ ამ უკანასკნელი ფერის ამორჩევაც, ერთმა მარტივმა და თავხედურმა ჭეშმარიტებამ გადამაწყვეტინა: ”ჩვენი ყვითელი პრესა, სხვა ქაღალდების მსგავსად, არასოდეს წითლდება“  

 

პრობლემა # 1: უთაური სათაურები

სათაური, ლიდი, გარეკანი, ილუსტრაციების ტიტრები, გამოცემის უკეთ გაყიდვის მიზნით დართული პოსტერები და სხვა საპრეზენტაციო მასალა პუბლიკაციის შინაარსს უნდა შეესაბამებოდეს – “მედია ეთიკის კოდექსი”

სათაურების მოფიქრება ქართველი ჟურნალისტების “გორგასლის იღლიაა” (აქილევსი დავასვენოთ დღეს). თუმცა, თუ ზმნა “მოფიქრებას” ერთი შეხედვით მსგავსი ქმედება “მოგონება”–თი ჩავანაცვლებთ, ყველაფერი თავის ადგილზე დგება.

„ვის მიუძღვნა ნიკო გომელაურმა უკანასკნელი ლექსი?“ - ამ სათაურის მქონე სტატია „გზის“ ერთ-ერთი ნომრის გარეკანზეა გამოტანილი.  ჟურნალის საფუძვლიანი (და საფურცვლიანი) გადათვალიერებისას კი აღმოვაჩენთ, რომ მასში არათუ მსგავსი შინაარსის, არამედ მსგავსი სათაურის მქონე სტატიაც კი არაა დაბეჭდილი. ერთადერთი რამ რასთანაც ხსენებული სათაურის იდენტიფიცირება შეიძლება მოვახდინოთ, ნიკო გომელაურის სურათია, რომლის ქვეშაც „თინეიჯერთა“ თხოვნით, პოეტის რამდენიმე ლექსია დაბეჭდილი. არადა, გაყიდო ჟურნალი, ან, უკეთ რომ ვთქვათ გარდაცვლილის ხსოვნისადმი არსებული პატივისცემით ივაჭრო, ეთიკური საქციელი ნამდვილად არ არის.

მადლობა ღმერთს, ისეთი სტატიებიც გვხვდება, სადაც სათაურში დასმული შეკითხვის პასუხის პოვნასაც კი ვახერხებთ.  თუმცა, ამ შემთხვევაში ეს სათაურები ისეა შედგენილი, რომ “სპილოდ ტრანსფორმირებული ბუზის” გამოთქმასა და “თითიდან უკუმიმართულებით ჩატარებული  გამოწოვითი პროცესების” იდიომს ერთდროულად გაგვახსენებს. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება ხოლმე, როდესაც ჟურნალისტი სკანდალის შექმნის მიზნით თავისივე ფანტაზიით რაიმე ჭორს იგონებს და სრული იგნორირებით იმისა, უდასტურებს თუ არა რესპონდენტი მას ამ “სისულელეს”, მის შესახებ სტატიის დასაწყისში მაინც მსხვილი შრიფტითა და კითხვისნიშნური დაბოლოებით გამოაქვს:

„არის თუ არა ნატალის ხელმძღვანელი ნაწყენი თაკო ჩხეიძეზე“ (ქვესათაურით: „ინტრიგები მოდის სფეროში“) – ვიღაცეებისათვის ნამდვილად მიმზიდველი სათაურია. ინტერვიუში კი მოულოდნელად ჟურნალისტის შემდეგ „შეკითხვას“ “ვაღჩენთ” (“აღმოჩენის” ფორმაა ერთგვარი): „რამდენადაც ვიცი, სააგენტო ნატალის ხელმძღვანელი ყოფილა შენზე პირადად ნაწყენი…“ რაზედაც თაკო პასუხობს: „არა, რას ამბობთ?! ნატას მიმართ კარგი განწყობა მაქვს, მასთან ავიდგი ფეხი“.

 „ვახო სანაია ცოლს შეურიგდა და „პირველ არხზე“ გადავიდა“ – სიტყვა „შეურიგდა“ ქართულ ენაში, ჯერჯერობით იმას გულისხმობს, რომ მანამდე ვახო ცოლთან გაშორებული, ან, მინიმუმ ნაჩხუბარი მაინც უნდა ყოფილიყო. თუმცა, როგორც ჩანს, ზოგიერთი ჟურნალისტი ასე არ ფიქრობს. „მე ბევრი რამ წავიკითხე ჩემს ოჯახზე და მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი ტყუილია“ – აღნიშნავს ტელეწამყვანი. „ანუ, ის რომ ვახომ მეუღლეს უღალატა და ამის გამო ოჯახი დაენგრა, ტყუილია?“ – ხავსს ეჭიდება სასოწარკვეთილი ჟურნალისტი. „აბსოლუტურად“ – პასუხობს ვახო და… ეს სულაც არ უშლის კორესპონდენტს ხელს იმაში, რომ სიტყვა „შეურიგდა“  სათაურში მაინც გამოიტანოს.

პრობლემა # 2: მობურატინო სურათები

“ილუსტრაცია არ უნდა გამოიყენებოდეს არასწორი მნიშვნელობით და არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი შესაბამისი მხარეებისათვის… ჟურნალისტმა არ უნდა გამოაქვეყნოს არასწორი ხელმოწერები ფოტოსურათებზე…” – წყარო იგივე

მკითხველების მისაზიდად გარეკანზე გამოტანილ სურათებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, რაც უფრო სკანდალური იქნება ყდა, მით უფრო გა()ი()ვ()დი იქნება ჟურნალი. თუმცა, ფოტოსურათისა და მასზე არსებული მინაწერის საშუალებით მკითხველის მოტყუება უფრო მეტად სიტყვა “სინდისზე” „უ“ პრეფიქსისა და „ობა“ სუფიქსის დართვის მანიშნებელია, ვიდრე ჟურნალისტის გამჭრიახობისა.  

„გაბედნიერებული და დაწყვილებული ხატია სიჭინავა სხვების პრობლემებზე გადაერთო“ – როდესაც ასეთი სათაურის მქონე სტატიის ფოტოზე ხატია სიჭინავას ჯაბა ქარსელაძესთან ერთად ხედავ, ვანგასა და ნოსტრადამუსის საერთო ნათესავი უნდა იყო იმის მისახვედრად, რომ ისინი უბრალოდ გადაცემის ერთად წაყვანას აპირებენ. როგორც წესი, ადამიანთა უმეტესობა ამ ორი კომპონენტის (სურათის და სათაურის) სინთეზს სულ მცირე  მათი (სურათის და სათაურის არა) სიყვარულის ახალ ისტორიად აღიქვამს.

„რატომ გადაუმალეს საქართველოს პრეზიდენტს ქეთი ფარცვანია?“ (ქვესათაური – „ჩემზე მეტად მიშა სააკაშვილი არავის უყვარს“) – ამ სურათით, გარეკანზე გამოსახული, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ კდემამოსილი მანდილოსნის შთაბეჭდილებას ტოვებს. ხოლო მაშინ კი, როდესაც ილუსტრაციას თან ასეთი ტექსტიც ახლავს, მკითხველი სავარაუდოდ, წარმოიდგენს იმას, თუ როგორ შეუვარდა აღგზნებული და გავეშებული მიხეილ სააკაშვილი ქეთი ფარცვანიას და როგორ ბეწვზე (ან, წკიპზე) მოახერხეს ვიღაცეებმა, რომ ეს თვინიერი გოგო პრეზიდენტისათვის ხელიდან გამოეგლიჯათ. ამ ტიპის ილუსტრაცია ამ ტიპისავე სათაურთან ერთად ცუდ კონტექსტს ქმნის და რესპონდენტისათვის ეს წესით შეურაცხმყოფელი უნდა იყოს.   

პრობლემა # 3: ინფორმაციული ნაგავი

საინტერესო თემების არარსებობა და ყურადღების სისულელეებზე გამახვილება ქართული ყვითელი პრესის კიდევ ერთი ჰობია. ასე მაგალითად, ნამდვილად ვერ ვხვდები, რატომ უნდა აინტერესებდეს ვინმეს, თუ რას მიირთმევს საუზმობისას მიშა არჯევანიძე და რატომ ვერ გაუგო გემო ნატა ნიჟარაძემ უზრუნველ ცხოვრებას. მით უფრო მაშინ, როდესაც ხსენებული “ვინმეს” ”კონკრეტულ განსხეულებათა” უმეტესობას შეიძლება მიშა არჯევანიძის მხოლოდ კვების რაციონი კი არა, თვით მისი ვინაობაც არ აინტერესებდეს.

  • „რას შესწირა ვაჟა მანიამ ბავშვობის წლები“ – რა ღირებულება აქვს სტატიას, რომლის მთავარ თემადაც ჟურნალისტი ამაზე მეტს ვერაფერს იპოვის?
  • ეკა მამალაძეს აეროპორტები უყვარს – SO WHAT?
  • როდის უყურებს მარი ასათიანს მომავალი მეუღლე პირდაღებული? – შესაშური ფანტა–ზეა;
  • ჯაბა ქარსელაძე ინგლისელმა გოგონამ პირდაღებული დატოვა – პირღიათა თემა პრესაში აქტუალურია, როგორც ჩანს;
  • ნატო ნიჟარაძემ თავი ადამიანად იგრძნო – და აქამდე რა იყო –  რეპტილია?
  • ნიკა ქაცარიძეს ექვსი საათი ძილი ჰყოფნის – მეც მყოფნის, მაგრამ რატომ უნდა უნდოდეს ვინმეს ამის გაგება?
  • კახა ჯოხაძე საკუთარ თავს ხისთავიანად მიიჩნევს, ოღონდ ცოტათი… – ძალიან რაღაცნაირი სათაურია, ოღონდ მართლა.
  • ვის არ აპარსვინებს ფეხებს ბიჭოლა – მამაკაცის ფეხების პარსვამდე რომ დავა სტატიის მთავარი თემა, იმ ჟურნალს დიდი დღე აღარ უნდა ეწეროს ნორმალურ ქვეყანაში…
  • ვის ლობიოზე გაიზარდა ერნა წიფურია? – ეს და მაიას ქურუმების კომპეტენციაღა აინტერესებს კაცობრიობას არსებობის მშვიდად გასაგრძელებლად;

პრობლემა # 4: განათლების არასაკმარისი დონე – ჟურნალისტიკა მხოლოდ ჰალსტუხიანი ადამიანისათვის მიკროფონის მიშვერა და “თქვენ რა აზრის ხართ ამაზე?”–ს შეკითხვა არ არის. მით უმეტეს მაშინ, როდესაც  Google-ს რესურსი ჩვენგან ყოველთვის მაუსის კურსორის ერთ დაწკაპუნებაშია. წინააღმდეგ შემთხვევაში ჟურნალში მსგავსი შეკითხვაც კი შეიძლება მოხვდეს:

 მერაბ კოკოჩაშვილს: “როგორც ცნობილია, ამ ფილმის შემდეგ დოდო ჭიჭინაძეს და ლია კაპანაძეს ერთმანეთი შეუყვარდათ…” – აი, ამიტომ არის ცუდი, რომ ერთ ქვეყანაში ორი დოდო მსახიობობს და ორივე სხვადასხვა სქესისაა.

…ან, ჟურნალისტმა “იმედის” იმ რეპორტიორის ბედი გაიზიაროს, რომელიც ელენე ახვლედიანის ნახატების გამოფენის გასაშუქებლად გაგზავნეს და ავტორთან ინტერვიუს ჩასაწერად იქ შეკრებილ საზოგადოებაში მისი მობილურის ნომრის ძებნა დაიწყო.  

პრობლემა, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრია. თუმცა, ყველა მათგანის ჩამოთვლას ეს უკვე ისედაც მოზრდილი პოსტი აღარ ეყოფა. გამოსავალი კი ამ სიტუაციიდან მხოლოდ წიგნი რომ არ არის  ღამესავით ნათელია (პეტერბურგის ღამეებს ვგულისხმობ). ყველაფრიდან გამომდინარე, მდგომარეობის გამოსასწორებლად მხოლოდ ორი გზა არსებობს: ან, ძალიან უნდა ვეცადოთ და არსებული სიტუაცია როგორმე უკეთესობისაკენ შევცვალოთ, ან, ქვეყანაში ხავსის დიდი ოდენობის იმპორტირებას შევუდგეთ,  რათა წყალმა საბოლოოდ არ წაგვლეკოს…

 

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
70 Responses
  1. domen says:

    ბრავო! :)

    • მჩხაპნელი says:

      გამიხარდა, რომ ტრადიციული მოკლე სახით შენი კომენტარი კვლავ გამოჩნდა :P

  2. ლინა says:

    ძალიან კარგი პოსტია, ბევრი ვიცინე. მაგრამ ჩემი გამხიარულების გარდა რა თქმა უნდა სხვა ღირებულბებიც გააჩნია (ეს იუჟალ :) კიდევ კარგია რომ კვარიათის და სავარაუდოდ დატვირთული გრაფიკის მიუხედავად აქტიურობ ბლოგზე. პრინციპში ამ პოსტის გამდიდრება მაგალითებით ცოტა დროს წაგართმევდა, ამისთვის ხომ ჩვენი “ჟურნალისტები” თავდაუზოგავად შრომობენ. ამიტომ ყოჩაღ შენ და სხვა “ჟურნალისტებს” (ყოველი შემთხვევისთვის შენ გამოგყავი მათგან )

    • მჩხაპნელი says:

      კი, ძალიან პროდუქტიული ჟურნალებია, ორი ამდენი კიდევ არ დავწერე – ძა-ალიან იწელებოდა :) კვარიათშიც გაჩნდა რამდენიმე და ვნახოთ, რამდენად ხორცშეესხმება :)

  3. ისე ცუდი იდეა არ არის წიგნების გამოცემა და იმედია მარკესის “პოლკოვნიკს არავინ სწერ”-ს ვინმე დაბეჭდავს ქართულად და გამოსცემს საბოლოოდ :D

    • მჩხაპნელი says:

      ამ შემთხვევაში “თბილისელების” იმედზე ნუღარ იქნები. მართალია პირველივე ტომი მარკესი იყო, მაგრამ “სიყვარული ჟამიანობის დროს” და არა ეგ :P ჩემთვის უკეთესი იქნება, თუ რომელიმე სხვა ჟურნალი დროებით მაინც გადაიფიქრებს, რომ ამ ხუთს მიბაძოს… ჩემთვის რა,საფულისთვის :)

  4. lex tempus says:

    მაგარია!!! როგორც ყოველთვის… მოკლედ, ეს მართლა ყვითელი პრესა ლიმონივით გამოწურო ლამისაა:)

    • მჩხაპნელი says:

      არა, ეს უფრო იმ ღრუბელს (ე.წ. “გუბკას”) ჰგავს, რომელსაც წურავენ ხოლმე და მერე ისევ წყალში აგდებენ :P

  5. შენი ბლოგი ახლახან აღმოვაჩინე და მომეწონა. წარმატებებს გისურვებ….

    • მჩხაპნელი says:

      ხანდახან რა აუილებელი და საჭიროა სიტყვა “მადლობა” :P

  6. lylite says:

    მოკლედ კარგს ვაკეთებ პრესას რომ არ ვეცნობი :P
    ვეცნობი და არა ვკითხულობ-მეთქი, ამასაც მინდა ხაზი გავუსვა :D :D

    • მჩხაპნელი says:

      :D მეც ეგრე რომ გავეცანი სამ ჟურნალს ზუსტად 10 წუთში და ვერაფერი ვნახე ისეთი, რომ წამეკითხა, აი, მაშინ დავრწმუნდი ჩვენი საქმის ცუდად ყოფნაში :)

  7. Snitch says:

    რაც შეეხება კონკრეტულ ე.წ. “პრიკოლებს”:
    1. “ვაღჩენთ” :D
    2. ეს ორიც კარგი იყო “ნატო ნიჟარაძემ თავი ადამიანად იგრძნო – და აქამდე რა იყო – რეპტილია?
    ნიკა ქაცარიძეს ექვსი საათი ძილი ჰყოფნის – მეც მყოფნის, მაგრამ რატომ უნდა უნდოდეს ვინმეს ამის გაგება?”
    3. ” როგორც ცნობილია, ამ ფილმის შემდეგ დოდო ჭიჭინაძეს და ლია კაპანაძეს ერთმანეთი შეუყვარდათ…” ამის წაკითხვის მერე რამდენიმე წუთი ვფართხალებდი სკამზე :D იმდენად მომეწონა, რომ დედაჩემს დავუძახე და წავაკითხე :)
    4. ამ ფართხალისას კი ამას მივადექი “…ან, ჟურნალისტმა “იმედის” იმ რეპორტიორის ბედი გაიზიაროს, რომელიც ელენე ახვლედიანის ნახატების გამოფენის გასაშუქებლად გაგზავნეს და ავტორთან ინტერვიუს ჩასაწერად იქ შეკრებილ საზოგადოებაში მისი მობილურის ნომრის ძებნა დაიწყო. ” და აქ უკვე ფართხალი ხოხვაში გადაიზარდა… :D დედაჩემს კიდე ჩემი რეაქციის შემხედვარე საბოლოოდ შეეპარა ჩემს ნორმალურობაზე ეჭვი :D

    რაც შეეხება პრობლემას და მის მოგვარებას…
    ამგვარი სათაურები საქართველოში მანამდე იქნება სანამ:
    1) საერთო საზოგადოებრივი განათლების დონე არ აიწევს
    და
    2) სანამ თბილისში (და არა მარტო) ჯაან ტაკოი ვაკეჩო გოგოჩოები იარსებებენ!

    უბედურება კი ისაა ჩემო მჩხაპნელო, რომ ვერც მე, ვერც შენ და ვერცერთი ჩვენი თაობის და კიდევ უფრო პატარა ადამიანები ამ ორი 1) უბედურების 2) საზიზღრობის საქართველოში “გაუქმებას” ვერ მოვესწრებით!!!

    ეს უკვე იმდენად გამოუსწორებელი უბედურებებია როგორიც მაგალითად ქალაქში ნაგვის დაყრა და e.t.c

    ტექსტი, რომ მომეწონა მიხვდით ალბათ!

    • მჩხაპნელი says:

      ძირითადი პრობლემა ის არის, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად მოთხოვნა სხვებთან შედარებით ყვითელ პრესაზე მაინც მეტია და ისინიც თავს არ იკლავენ, რომ რამე გააუმჯობესონ. რატომ უნდა იწვალონ ზედმეტი, როცა რასაც აკეთებენ, ისიც ეყიდებათ (წიგნი მარტივი გამოსავალია, არაფერი ეხარჯებათ, გარდა თანხისა და იმასაც თავისუფლად იღებენ უკან)

      პ.ს: ქალაქში და საერთოდ ქუჩაში ნაგვის პერმანენტულ ყრას უბედურებაზე უფრო კონკრეტული სახელი ჰქვია, რომელშიც ცხოველიც ფიგურირებს :)

      • Snitch says:

        მე ვეთანხმები მამენტ ჟურნალის ეგეთ პოლიტიკას!!
        ჟურნალი უბრალოდ ბიზნესია და მეტი არაფერი!
        ბიზნესს კიდე წესები არ აქვს!
        ასე, რომ პრობლემა ჯურნალში კი არა მკითხველშია!

        • მჩხაპნელი says:

          ჰო, მკითხველის მხრიდან მოთხოვნა თუ აღარ იქნა, მაშინ ამ ბიზნესის გადასარჩენად ჟურნალის გაუმჯობესება მოუწევთ. ასე რომ, ორმხრივად უნდა გადაწყდეს ეს :)

  8. ქრისტინე says:

    პირველ რიგში აღვნიშნავ,რომ პოსტი კარგია (მე მომეწონა,ანუ ჩემი შეფასებით :) ) შემდეგ რიგში ვიტყვი იმას,რომ მსგავსად ნაგავი (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც,თუ ხარისხს გავითვალისწინებთ) ჟურნალების არსებობა ქართველი მოსახლეობის ზოგადმა დონემ განაპირობა, შენ არ გაინტერესებს რას მიირთმევს საუზმობისას მიშა არჯევანიძე და რატომ ვერ გაუგო გემო ნატა ნიჟარაძემ უზრუნველ ცხოვრებას,მაგრამ ჩემი მეზობელი ნუნუ სწორედ მაგის გასაგებად ყიდულობს “ჭორების კრებულს” :) ჩემი მეზობელი ნუნუს მსგავსები მრავლად არიან დარწმუნებული იყავი :) (ტავტოლოგია მომიტევე) არგუმენტად,შემიძლია მოვიყვანო ის,რომ საკამოდ გაყიდვადია წიგნიანადაც და უწიგნოდაც (გააჩნია ჯიბის სისავსეს),შედაგად (ხშირ შემთხვევაში) წიგნი თაროზე რჩება გადაუშლელი და წაუკითხავი,ჟურნალი კი საგულდადულოდ “შესწავლილი”…
    ჟურნალისტების განათლებისა და “კრეატიულობის” დონეს თუ გავითვალისწინებთ, პირდაპირ მისწრებაა მაგათთვის ნუნუსნაირი მკითხველები.. :D (მაპატიოს ნუნუ დეიდამ :D )

    • მჩხაპნელი says:

      მეც მაპატიოს ნუნუ დეიდამ, მაგრამ იმის კითხვას, თუ რა უწყვია გარდერობში ივა კუზანოვას რძალს (ერთ ნომერში ეს იყო), ან, იმის ნახვას, თუ რა უდევს მას სახლში (მეორეში ეს – ანუ, ერთხელ მივიდა და ორივე ჩაწერა), არ ურჩევნია, რამე უფრო სერიოზულ თემებზე ილაპარაკოს ჟურნალისტმა რესპონდენტთთან? :)

      მაგრამ აქ ვაწყდებით მეორე პრობლემას – სერიოზულ ლაპარაკს ცოტა განათლებაც უნდა, ცოტა კვლევაც, ცოტა ინფორმაციის მოძიება, სერიოზული შეკითხვები და ა.შ. ჰოდა, გაცილებით მარტივი არ არის ჰკითხო, წონის პრობლემა თუ ჰქონია, ან, სათვალეს თუ ატარებს, ან, რამე მსგავსი? :)

      ამის გამო ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ.

      • ქრისტინე says:

        ხო,გეთანხმები.ისე რესპოდენტთა უმეტესობაც არ გამოირჩევა დიდად ინტელექტით (არ მინდა კოპნკრეტულად ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო,მაგრამ მაინც მაგალითისთვის,თბილისელების უკანა ყდაზე პოზირებული არცთუ საკმარისად ჩაცმული გოგჩოები) მაგათთან,რომელ სერიოზულ თემაზე უნდა ილაპარაკო,ისევ გარდერობი გვაჩვენონ ჯობს და გვითხრან რას ვერ აპატიებდნენ საყვარელ ადამიანს (ისე ეს თემა რატომ არაა სერიოზული?! :D ) ეჰ,მართლა ცუდად გვაქვს საქმე :(

        • მჩხაპნელი says:

          ჰო, კომენტართა ამ მცირე გაცვლა–გამოცვლისას კიდევ ერთ პრობლემას მივადექით: განათლების ზოგადი დონე ქვეყანაში და ეს გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ყვითელი პრესის მთელი პრობლემები ერთად აღებული :S

          • ქრისტინე says:

            ყვითელი პრესის პრობლემები იქნება მანამ,სანამ ცვლილებას არ განიცდის (რათქმაუნდა უკეთესობისკენ) განათლების დონე ქვეყანაში. მე და არამარტო მე, ამის იმედი არ მაქვს,ახლო მომავალში მაინც. :(

  9. ქართველ ჟურნალისტებში ვინმეს თუ ჰქონდა წაკითხული ეთიკის კოდექსი არ მეგონა და გამიხარდა გულწრფელად.
    ბეჭდური მედია გასაგებია შეგუებულნიც არიან საკუთარ ფერს. მაგრამ ტელევიზიამაც რომ დაიწყო იგივე სათაურების მქონე სიუჟეტების კეთება -უკვე საგანგაშოა. :(

    მე ჟურნალს გამყიდველს ვუბრუნებ ისევ. :)

    • მჩხაპნელი says:

      :D
      პროტესტის მშვენიერი ფორმაა. ნეტავ შეიძლებოდეს ისე, რომ ერთ დღეს აქცია მოეწყოს: ჟურნალები ყველამ უკან დააბრუნოს და მარტო წიგნები აიღონ :)
      რაღაცას მიხვდებიან ამით გამომცემლები ამ ჟურნალების :P

      • ბექა
        არა ვერ მიხვდებიან
        მთავარია რომ ჟურნალის გაიყიდა – წაიკითხა ის ვინმე, ნაგავში გადააგდო თუ უკან დააბრუნა ეს მეორეხარისხოვანია.

        • მჩხაპნელი says:

          პრინციპში, თუ ეგრე ფიქრობენ, მაშინ აღარც არსებული სიტუაცია უნდა გაგვიკვირდეს. მხოლოდ გაყიდვაზე რომ იწყებენ ზრუნვას და მომხმარებლის ინტერესებს ნაკლებად ითვალისწინებენ, აი იქ იწყება ხოლმე პრობლემები :)

  10. - Kalu - says:

    ძალიან მაგარი იყო, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ვიცოდი, მაგრამ ესე არ დავფიქრებულვარ არასდროს :D .. ყოჩაღ ნამდვილად!! მე შენში საქართველოს მომავალ ჟურნალისტიკას ვხედავ,, ნათელს და გაბრწყინებულს.. !! :) ))

    ხავსის იმპორტი მომეწონა.. თუმცა რატომღაც მგონია, რომ ცუდი ხარისხის შემოვა და ისევ წაგვიღებს წყალი :) ))))

    • მჩხაპნელი says:

      ფაქტია, რომ აშკარად გვესაჭიროება “ცვლილებების ქარი” (wind of changes), ოღონდ იმანაც თუ არ წაგვიღო და წყალწაღებულს ქარწაღებულიც არ მიემატა :)

  11. საბაჩკა says:

    ხავსXი რას გულისმობ უცხოელ ჟურნალისტებს?
    ზოგიერთი კიდე ფიქრობს ნიჭიერი ვართ მაგრამ ზარმაციო:D

    • მჩხაპნელი says:

      “ხავსი” კონკრეტული არაფერი :) წყალწაღებული რასაც ჩაეჭიდება, ყველაფერი შეიძლება ვიგულისხმოთ :)

  12. უნამუნო says:

    შენ ჩემი საყვარელი ჟურნალისტი ხარ! უკვე აღარ ვიცი რა გითხრა და რა სახით გამოვხატო შენდამი აღფრთოვანება..ბრავო! :)

    • მჩხაპნელი says:

      ამ კომენტარებში უკვე მეორედ მიწევს დაფასება ისეთი სიტყვის არსებობისა, როგორიცაა “დიდი მადლობა” :)

  13. Gurama says:

    ჩვენთან უნივერსიტეტში ჩამოსული იყო მიშა კობახიძე. ბევრი ისაუბრა და უცებ, ერთი გოგონა ეკითხება:
    - აი, ბატონო მიშა, ისა რა ქვია(ნ), აი, იმ ფილმში რა, ‘კარუსელში’ ხალხი ჩიტის ხმით საუბრობს..
    - დიახ.
    - აი ხოდა ჩიტის ხმებით ხომ საუბრობენ ..
    - კი, ვიცი შვილო.
    - ხოდა, აი, თქვენ იცით ჩიტის ენა, თუ აი, რატომ ინგრე (ან ეს უკვე სპეცეფექტია) მოინდომეთ რომა, ჩიტის ხმითა, ჰა? (ზედმეტი სპეცეფექტები)
    ამ დროს ჩემი უსაყვარლესი ლექტორი გაოცებულ მიშა კობახიძეს მიმართავს:
    - ბატონო მიშა, ეს გოგონა ჟურნალისტია და.. არ გაგიკვირდეთ..
    - აჰ, უიჰ..

    მაშინვე მოიხსნა დაძაბულობა.

    და მაინც, რეპტილიაზე და ერნა წიფურიაზე გადავყირავდი კინაღამ)))))))))
    ყოჩაღ.

    • მჩხაპნელი says:

      :D თავისა და სახელის მსხვრევას შორის არჩევისას პირველი მათგანისათვის უპირატესობის მიმნიჭებელი ანდაზა გამახსენდა

  14. გაბო says:

    კარგი პოსტია საათ ნახევარია ვკითხულობ :) ქართული ჟურნალები ხომ საუბრის ცალკე თემაა მოკლედ 2 წელია მსგავსი რამ არ შემიძენია და ეხლა წიგნების ხათრით გზა და თბილისელები შევიძინე და სანამ ნაგვის ურნაში მივიჩენდი ადგილს თვალი გადავავლე გარეკანის სათაურებს იმდენი ვიცინე ასე არც ერთ კომედიურ გადაცემაზე არ მეცინება ხოლმე ეტყობა ყვითელი პრესა შეფარვით იუმორისტულ პრესის ფუნქციას ასრულებს და ცვენ უგუნურნი ვერ ვხვდებით ამას და რედაქციამაც ჩვენი “დონის” ასამაღლებლად დაამატა ეს წიგნები იმედია ასე მაინც ჩავწვდებით მათ ღრმააზროვან ჩანაფიქრს.

    • მჩხაპნელი says:

      გეთანხმები, იუმორის დიდი რესურსია გადანაწილებული არამხოლოდ სათაურებში, თვითონ სტატიებში და განსაკუთრებით ჟურნალისტების შეკითხვებში :) რესპონდენტებს სიტუაციებს რომ უქმნიან და თავის დაძვრენას სთხოვენ, განსაკუთრებით ის :) “საწოლში რომ ჯონდი ბაღათურიასთან ერთად გაგეღვიძათ, რას იზამდით?” – ეს მახსოვს ყველაზე მეტად მაგ ტიპის შეკითხვებიდან. :)

  15. ლანკააა says:

    საღოლ, ძალიან მომეწონა! 100%ით მართალი ხარ სამწუხაროდ (:(:(

    • მჩხაპნელი says:

      სიამოვნებით დავთანხმდებოდი მაგ პროცენტების რაც შეიძლება მეტი ერთეულით შემცირებას :)

  16. Zurriuss says:

    გატყობ, ბუასილზე ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა :) )
    კარგად დაიწყე, როცა ჟურნალისტიკას შეუტიე. აჰა, გამოჩნდა, რომ “ვისი ვისაშია”-ს ტიპის პრესას საქართველოში კარგი დღე არ ადგას და ლიტერატურისაგან შველას საჭიროებს. უფრო სწორედ, უნდა, რომ უშველონ.

    სტოპ, ეს მომეჩვნა???? “როგორ ბეწვზე (ან, წკიპზე) მოახერხეს ვიღაცეებმა”. “ვიღაცეებმა”? :) ))
    თუკი ჩავთვლით, რომ ყვითელი პრესა საერთო ჟურნალისტიკას “არცხვენს” და “სახელს უტეხავს”, მაშინ ჯერ კიდევ კომუნიზმში ვყოფილვართ. ხოლო თუ ყვითელ პრესას მარკეტინგული კუთხით შევხედავთ, ვნახავთ, რომ მკითხველი მაინც არ აკლია. აქედან კითხვა: რატომ უნდა იფიქროს მაკულატურამ განვითარებაზე, როცა მას გარკვეული სუბიექტები მაინც დააგემოვნებენ? ამ კითხვის მოკლე ვერსიას შენგან ვისესხებ: SO WHAT?

    მაკულატურასაც აქვს არსებობის უფლება, თუნდაც იმიტომ, რომ უნიტაზიდან კედლისკენ რომ გაიხედავ და საქაღალდე დაცლილი რომ დაგხვდება, იგი თითქმის საკუთარი ნებით გაგიწევს სელპაკის მაგივრობას ;)

    პ.ს. ქართულმა მაკულატურამ რომ მოახერხა და წიგნებით ვაჭრობა დაიწყო (რაზეც დიდი დიდი მადლობეეელი), ამაზე მეტ განვითარებას ნუღარ მოელი… და ნუღარც მოსთხოვ :) )

    • მჩხაპნელი says:

      :D “ვიღაცების” და “რაღაცების” მიმართ პირადი პროტესტი მაქვს და სპეციალურად ვწერ ასე :)
      თავი დავიმშვიდოთ იმით, რომ ლიტერატურაც მედიის ნაწილია ერთგვარი და ამ მხრივ, მართლაც კარგია, რომ ჟურნალები მკითხველებს წიგნებს იაფად აძლევენ :)

      ისე კი, ისეთი ცუდი ხარისხისაა ზოგიერთი ჟურნალი, რომ საპირფარეშოსათვის (და უფრო მეტად, სხეულის იმ ნაწილისათვის, რომელიც კომენტარის დასაწყისში ასოციაციურად შეიძლება გაგვახსენდეს) ძალიან სახიფათოა :P

  17. სტატია არ წამიკითხავს
    და რაო რატომ გადამალესო ფარცვანია?
    :სათაურით დაინტრიგებული მორიგი მკითხველი:

    • მჩხაპნელი says:

      :D “მის რაღაცაზე” მონაწილეობდა და სააკაშვილი მისულა მაგათი შეკრების ადგილას. ჰოდა, არ მაჩვენესო, ცალკე ოთახში გამიყვანესო – კაცმა არ იცის რატომ :)

  18. ანი ირემაშვილი says:

    გუშინ ჩემმა ახობელმა მომახარა ნახე გზის ნომრებს წიგნები მოყვებაო…
    ხოდა დღეს შემოვედი და ეს პოსტი დამხვდა….
    ფრიად გახარებული ვარ… მადლობა ავტორს ჩემი აზრების წაკითხვისთვის….. :*

    • მჩხაპნელი says:

      უკვე მეჩვიდმეტე ტომი გამოვიდა :)
      მადლობა კომენტარის ავტორს ჩემი (ნა)აზრევის წაკითხვისათვის :)

  19. GRETTA says:

    საერთოდ არის კი საჭირო, ჟურნალისტიკის შესასწავლად ოთხი წელლის დაკარგვა, თუ კი ნებისმიერს: მსახიობს, მოდელს, მასხარას თუ ავანტურისტს, ნაკითხს თუ უვიცს შეუძლია ჟურნალისტად მუშაობა.
    ვინც იმედის დილას” უყურებს და მისთვის ჟურნალისტობა მხოლოდ ვულგარულად ჩაცმასთან და ფეხის ფეხზე “მოხდენილად” გადადებასთან ასოცირდება.

    • მჩხაპნელი says:

      შეუძლია ერთია და როგორ ასრულებს ამ საქმეს – მეორე :)
      ნასწავლი რომ არ აქვთ არაფერი, შეიძლება იმისი ბრალიცაა, რომ თავისი წესები შემოიღეს და უცნაური ფორმით ჟურნალისტობენ :)

  20. khatia says:

    ეთერ კაკულიაზე იყო სარკეში მთავარ თემად..

    ,,ვინ ასწავლა ეთერ კაკულიას ჭანჭურის მურაბის გაკეთება”-ო
    :D
    იშვიათად მიმიწევს გული ქართული ჟურნალებისკენ..
    სამწუხაროდ

    • მჩხაპნელი says:

      ვიცი ეგ ისტორია, ცხრაგან მოყვა :)
      უცეცხლო გაზქურაზე რომ ედგა და ურევდა. მერე მგონი რამაზ ჩხიკვაძის ცოლმა “ურჩია” ცეცხლიც აანთეო :)
      ნუ მკითხავთ, რატომ ვიცი ეს ისტორიები :)

  21. modebilo elementi says:

    დასკვნა იყო “გადასარევი” (ორივე გაგებით)… :) ხავსი კი არა პამელა ანდერსონი რომ მოვუვლინოთ ჟურნალისტიკას მაშველის როლში, მაინც დაიხრჩობა :) (ხუმრობის მცდელობა) :)
    შენ ამ პოსტისთვის თუ მოიცლიდი ამ კვარიათული “განტვირთვის” დროს, არ მეგონა :) მოცლა კიდევ არაფერი,ასე კარგად თუ მოახერხებდი ამაზე დაწერას, ეგ არ მეგონა :) შენგან რატომ მიკვირს ნეტავ?! თემად ორკასეტიანი მაგნიტოფონის ზედა კასეტის ჩამრთველი რომ აიღო,ალბათ,მაინც ისე დაწერ,რომ “წამწამჩაუხრელად” წავიკითხავ..და ქართული ჟურნალისტიკის ხარისხზე წაკითხული შენი პოსტი ,რატომღა გამიკვირდა?!
    ხო, და არაჩვეულებრივი იუმორი რომ გაქვს ეგ გითხარი უკვე?ახლა გეტყვი :)

    • მჩხაპნელი says:

      :D დღენახევარი ვწერდი, მგონი, როცა თავისუფალ დროს მოვიგდებდი ხელში და ხანდახან სემინარების დროსაც (:მაპატიოს იმ მომენტში ვინც გამოდიოდა იმან, სმაილი:)

      ჰოდა, შენი კომენტარის დარჩენილი ნაწილის პასუხი ერთი სიტყვის ქვეშ შეიძლება გავაერთიანოთ: “მადლობა” :)

  22. GANJAMAN says:

    აუ ბევრი ვიციენე ძალიან.დიდი მადლობა
    მე ხშირად ვკაიფობ თბილისელების უკანა გარეკანზე რომ გოგონები არიან გამოსახული და ამ 17-18 წლის ბავშვები ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე რომ ბაზრობენ და რაგაც მარაზმებს ახეთქებენ.
    რამდენიმე ჟურნალი მომწონდა საქართველოში და უკვე 90% აღარ გამოდის.ოზონი ჩემთვის ყველაზე საუკეთესო ქართული გამოცემა იყო თავისი თემატურობით.

    • მჩხაპნელი says:

      ეგ რამდენიმე ტიპის ჟურნალი, სავარაუდოდ, ყვითელი პრესა არ იქნებოდა :) მაგათზე არც ისე დიდი მოთხოვნაა და ამიტომაც იხურება ხოლმე.

      მე კიდევ იმას ვერ ვხვდები იმ მოდელებს რატომ პოულობენ და რატომ გვირჩევენ, რომ ვიკითხოთ :)

      • ქრისტინე says:

        თქვენ მამაკაცები ამას ვერ გაიგებთ :D ეგ რუბრიკა გოგონებისთვისაა განკუთვნილი,სავარაუდოდ იმისთვის,რომ გვასწავლონ როგორ “დავაჩოქოთ მამაკაცები”და ა.შ მისთანები(ახლა ვერ ვიხსენებ კიდევს რას ღაღადებენ) ისე რა მიკვირს,ქუჩაში,რომ მივდივარ 10დან 9 გოგო ლამაზია და ამათ სად პოულობენ ვერ ვხვდები :გაკვირვებულ-დაფიქრებულისმაილი

        • მჩხაპნელი says:

          სამოდელო სააგენტოებში :P
          (ნუ, არ ვამბობ, რომ მანდ ეგეთები არიან. ფაქტია, უბრალოდ, რომ მაქედან მოყავთ სტუმრები) :P

  23. რამონა says:

    სხვათა შორის, კომენტარებში ნახსენებ ოთხწლიან სწავლებაზე გამახსენდა, საზღვარგარეთ ჟურნალისტიკა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე თუნდაც 4 წელი ყველაფერზე ცოტა რამის გაგება. ჟურნალისტები სხვადასხვა სფეროებში მუშაობენ და თამამამ შეიძლება ეწოდოთ ამ სფეროში ექსპერტები. ამას მჩხაპნელის მაგალითით ნამდვილად ვერ დავასაბუთებ, თუმცა ჩვენს ქვეყანაში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ასეთი განზოგადება რომ ვერ ამართლებს, აგერ, ბატონო, არხები და ჟურნალები… იმედია, მიხვდით, რასაც ვგულისხმობ..

    • მჩხაპნელი says:

      კი, ალბათ სწორია არის ასეთი მიდგომა :)
      მხოლოდ ერთი ის არის ნაკლი, რომ როდესაც სწავლას იწყებ და არაფერზე წარმიდგენა არ გაქვს, შეიძლება ვერ გადაწყვიტო, რა მიმართულება გინდა. ჩვენთან თავიდან ბევრი იყო, რომ დავუშვათ გაზეთში წერა უნდოდა, მაგრამ მერე ტელევიზია რომ გვასწავლეს, გადაუნდა და ტელევიზია მოუნდა :)

  24. Kohinor says:

    ააა,”გორგასლის იღლია”! მაგარი ხატოვანი სიტყვა-თქმაა! (ხომ ასე ეძახიან ასეთებს?) გიყურებთ და გვიყვარხარ მთელ ჩემს ოჯახს :)

    • მჩხაპნელი says:

      :D იდიომებს ეძახიან კიდევ და ფრაზეოლოგიზმებსაც (თუ არ ვცდები), მადლობა! :P

  25. nini says:

    მართლა დიდი ნაგავიაა ეს ქართული ჟურნალ-გაზეთები… ბიძაჩემი კვირის პალიტრაში მუშაობს, რელიგიის საკითხბი აბარია და წმინდა ნინოზე ისეთი წერილი გაამზადა გაგიჟდები რომ წაიკიტხოთ, თან ნინოობა იყო იმ პერიოდში და ამ დეგენერატმაა პალიტრის თანამშრომლებმაამ სტატიის ნაცვალაად კრეტინი ბიჭოლას სტატია დაბეჭდეს… ამიტომ არ მინდა აქ ჟურნალისტობა… მაინც არავინ დამანებებს და ნაზი შამანაურივით საგიჟეთში ჩამაყუდებეენ… ხოდა ამერიკას უნდა მივაშუროო ისევ… სხვა გზა არაა.. იქ ნორმალურად მაინც ასწავლიაან პრაკტიკაა დაა მართლა ნიჭიერ და განათლებულ ჟურნალისტებს გარეტ არ ტოვებენ… მამაჩემს პირველი ანალიტიკურიო შოუ მიყავდა “მერიდიანი” მეეჭვება აქ ახალგაზრდები ხართ გახსოვდეთ, და აიი ისე კითხულობდა ტექსტს მზიმეებსაც არ ურევდა (ვინიცობა მაშინ სუფლიორები იყოო) და ეს გაუნათლებელი ხეპრე მანანა მანჯგალაძე კითხულობდა და ვერც კითხულობდა ქალიი 14 წელიი ტელევიზიაში იყოო და ქნეშოდა და ოხრავდსააა პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტად ვერ ჩამოყალიბდა… ფუუუ ასეთ საქართველოს რა ვუთხარიი… :( (((( მამაჩემი სიტვის სეზღუდვამ გადახვეწა და მე ნამდვილად მთავრობას გუნდრუკს ვერ დავუკმეევ…

    • მჩხაპნელი says:

      ზუსტად ეს ჟურნალ-გაზეთები უწყობენ ხელს იმას, რომ ვინმე ბიჭოლა ასეთი პოპულარული და მისი მოდელების ფეხის ბანჯგვლები საჯარო განხილვის საგანი ხდება :P

  26. დათა says:

    ბექა, საკმაოდ საინტერესო პოსტი იყო ეს(ეც) და სიამოვნებით გავეცანი. :) ოღონდ, დავეთანხმები http://zurriuss.ge/-ს და მაკულატურასაც აქვს არსებობის უფლება. ჰოდა, მგონი აჯობებდა შემდეგი პოსტები ამ თემაზე ისეთ პერიოდულ გამოცემებს მიუძღვნა, რომლებსაც შედარებით სერიოზულ ჟურნალისტიკაზე აქვთ პრეტენზია. მაგალითად 24 საათი და რეზონანსი გაზეთებიდან, ტაბულა და ლიბერალი ჟურნალებიდან. :) მარტო თბილისელებს ხომ არ კითხულობ მართლა :D ტეხს ამ მარაზმს რომ შენნაირი ნიჭიერი ადამიანი ამდენ დროს უთმობს თავის ბლოგზე და შედარებით სერიოზული და კარგი ჟურნალები კი ყურადღების მიღმა რჩება :)

    • მჩხაპნელი says:

      დაე, იარსებოს! :)
      “ლიბერალისა” და “ტაბულას” შედარება კარგი იდეაა. სულ ერთმანეთის კბენაში არიან და ღირს ჩაღრმავება იმის გასარკვევად, რომელი უფრო იმსახურებს ლიდერის პოზიციას :) (ნუ, თუ შევძელი, რა თქმა უნდა) :)

  27. oldsantos says:

    მშვენიერი პოსტია! :)

  28. irinushka says:

    ვფიქრობ ისეთი ქვეყნისათვის როგორიც საქართველოა ასეთი ჟურნალები ძალიან გაყიდვადი და მეტად მოთხოვნადიაა…. ეს იქიდან გამომდინარეე რომ… ქართველი ერი ძალიან ჭორიკანააა.. დაა ძალიან ბევრი იმის მეტს არაფერს აკეთებს მეგობრების წრეში,ოღონდ გაიგოს თუნდაც შორენა ბეგაშვილი რამდენჯერ იხეხავს დღეში კბილებს დაა ჯაბა ქარსელაძე თვეში რამდენჯერ იკეთებს ეპილაციას…. ეს ჩვენი პრესიის წარმომადგენლებიც ასეთ ხალხს უადვილებენ საქმეეს დაა ცდილობენ აცხოვრონ უდარდელაად…. მიხარიააა ძალიაან რომ შენნაირი ადამიანი არის ჩვენს ქვეყანაში და ადარდებს ყოველივე ეს… იმედი მაქვს ჩვენს ჭკუაზე ბევრია და როგორმე შევძლებთ შევცვალოთ ეს უაზრო და არაფრისმთქმელი რეალობა… ძალიან საინტერესო და იუმორით სავსე პოსტი იყო, მინდა ვთქვა პირველად შემოვედი და კომენტსაც პირველად ვწერ… დიდად აღფრთოვანებული ვარ ასეთი საინტერესო ბლოგის ნახვით

    • მჩხაპნელი says:

      ასეთ ე.წ. “Fეისებს” ზუსტად ეს ჟურნალები ქმნიან :) ორმხრივი სარგებელია: ისინი ცნობადები ხდებიან და ჟურნალისტებსაც ახალი სახეები ემატებათ რომ ათას რუბრიკაში წაღმა–უკუღმა ატრიალონ. საბოლოო ჯამში კი ასეთ შედეგამდე მივდივართ wasntme

  29. Taa says:

    გემრიელად გადავი(ხარხარე)კითხე

    ნატო ნიჟარაძემ თავი ადამიანად იგრძნო – და აქამდე რა იყო – რეპტილია?

    # კახა ჯოხაძე საკუთარ თავს ხისთავიანად მიიჩნევს, ოღონდ ცოტათი… – ძალიან რაღაცნაირი სათაურია, ოღონდ მართლა.
    # ვის არ აპარსვინებს ფეხებს ბიჭოლა – მამაკაცის ფეხების პარსვამდე რომ დავა სტატიის მთავარი თემა, იმ ჟურნალს დიდი დღე აღარ უნდა ეწეროს ნორმალურ ქვეყანაში…

  30. მჩხაპნელი says:

    ოღონდ რამე გადაბრუნებული წამოცდეთ რესპონდენტებს და ჩასაფრებულები არიან ეგრევე, რომ სათაურად გამოიტანონ :P ასეთი სათაურებიც ამისი შედეგია.

  31. D.J. says:

    “ხავს(ებ)ის იმპორტირებამ” დაგლიჯა .. :D :D

  32. ;( ;( ;( ;( ;( ;( ეჰ………….

    არქივში რეპორტაჟის გასაკეთებლად მოსული ჟურნალისტი მეთორმეტე საუკუნის სახარებით მოიხიბლა, ავტორს ჩავწერო და ბექა და ბეშქენ ოპიზარების ტელეფონის ნომერი ითხოვა:(:(:(:(

    რაც შეეხება სტატიას ბრავო! ;) ;) ;)

  33. tinatinitinitiki says:

    მაგ ჯურნალებს მართლაც წიგნების გამო ვყიდულობდი:))) უინტერესო ჭორიკანა და არაპროფესიოანური ჟურნალებია, მომეწონა შენი პოსტი ამ თემაზე, მართალს წერ და თან კარგად:))) სერიოზული პრობლემაა, რომელიც ამ ბლოგის ადრესტებს ნაკლებად აწუხებთ, მთავარია გაუსაღდეთ და… :( ((

Leave a Reply

Current month ye@r day *