ქერტლიანი რონალდო და “ჯინის ჯინაზე” ჩაფიქრებული სხვა სურვილები

“სურვილების ჭა”
“- რა მიყვარს მე? მე მიყვარს დისციპლინა, სიწყნარე, ბუზის გაფრენას რომ გავიგებ. კიდევ რა მიყვარს? 
 
- მოხარშული წაბლი არ გიყვართ, მასწავლებელო? – ჰკითხა ხატიამ” – ნოდარ დუმბაძე (“მე ვხედავ მზეს”)
 
“აბა, აბა, მივულოცოთ იუბილარს! ვუსურვოთ ჯანმრთელობა, ბედნიერება, სიხარული, სიყვარული და რავიცი…” –  ამონარიდი ქართული სუფრიდან

ქართველების ხასიათში გამჯდარ სიზარმაცეს, ვისაც არ ეზარება ყველა ”დაბეჯითებით აკრიტიკებს”. ბოლო პერიოდში კი ეს ჩვევა ხასიათის გარდა უკვე აზროვნებაშიც “ამოიწვერა”. ასე მაგალითად, სადღეგრძელოების თქმისას, ხშირად გვეზარება, რომ ზოგად–აბსტრაქტული სურვილებისაგან (“წარმატება”, “ბედნიერება”, “სიხარული”) თავი შევიკავოთ და  შესაბამისად, მათი  შემადგენელი იმ კონკრეტული ქმედებების დაგეგმვა–განხორციელებას, რომელმაც სასურველი ბედნიერება უნდა მოგვანიჭოს, ღმერთის, ბედის, ან, განგების ძალას ვანდობთ.

ზარატუშტრამ რომ თქვას (აბა სულ “კაცი” ხომ არ იტყვის),  პრობლემა ხშირად მხოლოდ მდღეგრძელებელშიც არ არის. არცთუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც საკუთარ სურვილებს თავადვე გვეკითხებიან და ჩვენც ხანგრძლივი დაფიქრების გარეშე, როგორც წესი ასევე ზოგად პასუხებს (“საყოველთაო მშვიდობა”, “ბედნიერი ოჯახი”, “კარგი მანქანა”) ვიძლევით. ამ დროს კი გარშემო იმდენი კონკრეტული სურვილი “დაძრწის”, რომ ჯინისა თუ ნატვრისთვლის ზღაპრულობა გულის ჩასაწყვეტად საუკეთესო მაკრატელი შეიძლება აღმოჩნდეს.

თუმცა, სანამ გულის ძაფებს საბოლოოდ გადავწყვეტდე, გადავწყვიტე ჩემს სურვილებს “საჯარო”–ს სტატუსი მივანიჭო და “ჯინის ჯინაზე” (© ერთია რა)  მათი შესრულება, საკუთარი ძალებით ვცადო. მაშ ასე, მე მინდა რომ:

1. “გამოვთვალო ბერმუდის, ან, სასიყვარულო სამკუთხედის ჰიპოტენუზა”

ამ გეომეტრიული ამბიციების მქონე სურვილის ალტერნატივებად კი თავისუფლების ქანდაკების ჩირაღდანზე ხანძრის გაჩენა, ან, ჩინეთის დიდ კედელზე შპალერის გაკვრა შეიძლება მივიჩნიოთ.

(ინტრიგან მკითხველს: ვიცი, რომ ჰიპოტენუზა მხოლოდ მართკუთხა სამკუთხედში გამოითვლება და რომ ბერმუდის სამკუთხედი მართი არ არის)

 2. “google”-მ დამირეკოს და რამე მკითხოს;

“რამე”–ში ყველაფრის კითხვა იგულისხმება – გამონაკლისის სახით, “რას ვშვრები, როგორ ვარ, სად დავიკარგე და რა არის ჩემკენ ახალი”–ც კი. მითხრას, რომ “ცუდ ხასიათზეა და რომელიმე კარგ ფილმს ხომ არ ვურჩევდი”. მთხოვოს, გავახსენო სად გამოტყვრა ასე წუხელ, რა გვარი იყო დამნაშავე “ბასკერვილების ძაღლში”, ან, “ვაბშე, რა დღეა დღეს”. მზაკვრული მზერით მომიყვეს გამოცანა, რომ “თუ წითელ სახლში წითელი კაცი ცხოვრობს, შავ სახლში –  შავი და მწვანე სახლში –  მწვანე, მაშ ვინ შეიძლება ცხოვრობდეს თეთრში” და მეც “თეთრ კაცს” რომ ვუპასუხებ ცინიკურად ჩაიხითხითოს. მოკლედ, მინდა, რომ ოდესმე “google”-ს ისე დავჭირდე, რომ ჩემს იქით “ლინკი არ ჰქონდეს” 

(ინტრიგან მკითხველს: ვიცი, რომ “google” უსულო არსებაა და ვერასოდეს დამირეკავს. თუმცა, თუ მასთან სექსუალური კავშირების ალბათობას ვუშვებთ (იხ. მაისური), მაშინ გამორიცხული არც არაფერია)  

3. “მოვიდეს კრიშტიანო რონალდო და პირადად ამიხსნას, თუ რა დამოკიდებულებაშია ფიზიკური დატვირთვა ქერტლთან” (ამბობენ “იცისო მაგან”)

სარეკლამო რგოლის სიკარგისათვის, რიგი შემთხვევებისას, მხოლოდ პოპულარული ადამიანის გამოყენება საკმარისი არ არის. ხშირად ტექსტს და უფრო მეტად კი ამ ტექსტის ადამიანურ თარგმანს გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, ამ ცნობილი რეკლამის ქართული ვარიანტი  დაახლოებით იგივე გამოდგა – უიტნი ჰიუსტონი კონცერტის გასამართად საქართველოში რომ ჩამოგვეყვანა და ნინო ჩხეიძის ფონოგრამებზე ემღერა. 

(ინტრიგან მკითხველს: ვიცი, რომ რონალდოს განათლება ქერტლის დარგში სცენარისტების მოგონილია და ფეხბურთელი არაფერ შუაში არ არის)

 4. “სტოუნჰენჯის შუაგულში ფეხბურთი ვითამაშო”

ჩვენს “ბედკრულ ბავშვობაში”, როდესაც ინკასატორი უფრო ხშირად მოდიოდა, ვიდრე შუქი და როდესაც “გიგის ფეშენებელური სტადიონები” ჯერ კიდევ არ არსებობდა, მოედნებს ოთხადოთხი ქვის გამოყენებით, საკუთარი ხელით ვამზადებდით ხოლმე.  ფეხბურთის თამაშისას, ბურთი კარისაკენ “დაბალი ტრაექტორიით თუ გაიგზავნებოდა” (© ქართველი კომენტატორები) ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ რაც უფრო შორდებოდა კარში გასული ბურთი მიწას, მისი “გასვლა–არგასვლაც” მით უფრო სადავო ხდებოდა. აი, მაშინ, ყველას მთელი არსებით გვსურდა, რომ ზედა ძელის ფუფუნება გვქონოდა.

 სწორედ ამიტომ, ეს სურვილიც ბავშვობის ისეთივე გადმონაშთია, როგორც თავად ”სტოუნჰენჯი”  – ინგლისის ისტორიისა.  

 5. “ბიჭოლა თეთრაძემ თიკო სადუნიშვილი ცოლად მოიყვანოს და სადმე თაფლობის ოცწლეულში წავიდნენ”  

“თვალზე ცრემლი მოოქროვდა…” – თიკოს წარსულიდან 

პრინციპში, თიკოს აწმყოც ამ ფრაზასავით ბუნდოვანია. ერთ მწერალს აქვს ნათქვამი: “დაძინებამდე ყოველთვის არის გარდამავალი წამი, როდესაც საკუთარი თავი ყველამ ვიცითო”. ჰოდა, სრულიად გულწრფელად მაინტერესებს: როდესაც ბიჭოლასა და თიკოს ეს გარდამავალი წამები აქვთ ხოლმე, მართლა სჯერათ, რომ ისინი “ქართულ ბომონდის” (თავისთავად ეს ორი სიტყვა ერთად უკვე სასაცილოა) ჭეშმარიტი წარმომადგენლები არიან, თუ, ნიღაბს (როგორც კოსმეტიკურს, ისე ცხოვრებისეულს) ასეთ დროს მაინც იხსნიან ხოლმე?

(ინტრიგან მკითხველს: ჰო, თიკო, ვიცი, რომ  არ მეთანხმები)

 6. “სიტყვა “საყვარელზე” დაწესდეს მკაცრი ლიმიტი” 

ამ სიტყვის სამი განმარტება არსებობს: 

ა) საყვარელი – პირი, რომელიც გაუკუღმართებული ქმედების გზით პირდაპირ მოქმედებს ოჯახურ ურთიერთობებზე;
ბ) საყვარელო – (წოდ) ადმ. ცენტრ ყვარლისათვის განკუთვნილი;
გ) საყვარელი – დადებითი ემოციების გამომწვევი, რაღაცნაირად კარგი;

სამი მნიშვნელობის არსებობის მიუხედავად, ჩვენთან ხსენებულ სიტყვას (აღარ დავაკონკრეტებ) უკვე იმდენად ხშირად იყენებენ, რომ ეს ან, სითბოს/ტაქტის სიჭარბეზე მეტყველებს, ან, ლექსიკის სიმცირეზე. “საყვარელია” ყველა ბავშვი, რომელსაც მეზობელი, ნათესავი, გამვლელი, ან, მსგავსი კომპიუტერსა თუ ქუჩაში გვაჩვენებს. “საყვარელია” ტანსაცმელი (“აუ, ძაან საყვარელი კაბა გაცვია”), ფეხსაცმელი, ოთახი, კომპიუტერი, ფეხბურთელი, მსახიობი, ფილმი, მოთხრობა, მაგიდის გადასაფარებელი, კბილის ჯაგრისი, ლეკვი, პატარა პანდა, ბებიის პროთეზი, ფუმფულა სათამაშო და მრავალი სხვა. არადა, “საყვარელის” გარდა კიდევ ასობით ზედსართავი სახელი არსებობს (იხ. “გონებრივი სიზარმაცის” პრობლემა)

(ინტრიგან მკითხველს: სანამ რამეს გაიფიქრებდეთ, მითხარით რომელი კრიტერიუმებით ფასდება ფილმი “საყვარლად”)

7. “Facebook” არ იყოს ჩვენი მასწავლებელი და შესაბამისად საშინაო დავალებად: “საკუთარი ცხოვრება მოყოლით” არ გვქონდეს

პარადოქსულია, მაგრამ დღეს უკვე სავსებითაა შესაძლებელი, რომ საერთოდ არ იცნობდე ადამიანს და ამავე დროს, მისი პირადი ცხოვრების შესახებ ხშირი სტატუსებით თითქმის ყველაფერი გაიგო. იცოდე, თუ როგორ ჩააბარა ეროვნული, ან, სამაგისტრო გამოცდები, რატომ გაებუტა შეყვარებულს გუშინწინ და როგორ შეურიგდა დღეს,  როდის ეძინება (“წავედი მე, მაგრა მეძინება”), როდის გაიღვიძა (“დილა მშვიდობისა, პირწიგნაკელო საზოგადოებავ”, ან, “აუ, რამდენი მეძინა”), როდის წავიდა სოფელში (“ხვალიდან ცოტა ხნით გტოვებთ, მაგრამ არ ინერვიულოთ, ტვიტერიდან მოგწერთ ხოლმე”), როდის ჩამოვიდა (“აი ემ ბექ…მომენატრეთ”), როდის შია (“ძაან მშია”) და ა.შ. 

"ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი და ჩვენ შორის დასამალი არაფერია"
“ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი და ჩვენ შორის დასამალი არაფერია”

არა, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა, როცა ვიღაცას შია და ნაცვლად იმისა, რომ ჭამოს, ამ წუხილს ყველას უზიარებს, მაგრამ

როგორც ერთი ძველი ანდაზა ამბობს: “სტატუსებით გამძღარი კაცი ჯერ არ მინახავს მე”   

 8. ”ბინდით” აღფრთოვანებამდე მოზარდებმა (და განსაკუთრებით გოგოებმა) ჯემალ ქარჩხაძე წაიკითხონ”

ჰემინგუეიმ ერთხელ განაცხადა, “კლასიკა ის არის, რომელსაც ყველა აქებს, მაგრამ არავინ კითხულობსო”. მიუხედავად ამისა, მაინც გასაკვირია ის, რომ ქარჩხაძის პროზას დღეს ფართო წრეებში (ძალიან ცუდი სიტყვათშეთანხმებაა) რატომღაც ისეთი პოპულარობა არ აქვს, როგორსაც იმსახურებს. არადა, სრულიად საკმარისია, რომ ის რამდენიმე სნობმა წაიკითხოს (უფრო სწორად, გაიგოს, რომ ქარჩხაძე კარგი მწერალია) და ისიც ისევე “შემოვა მოდაში” (სამწუხაროდ, დღეს კონკრეტულ წიგნებს უმეტესობა ამ მიზეზით კითხულობს), როგორც მარკესი, კოელიო, ან, დოჩანაშვილია. 

(ინტრიგან მკითხველს:  აი, ახლა, მართლა ინტრიგანი თუ არ ხარ, ქარჩხაძეზე როგორ უნდა შემეკამათო?)

 პ.ს: სანამ ჯინი ამ პოსტის წაკითხვას შეუდგება, ან, შემთხვევით სადმე ნატვრისთვალგადაყლაპულ ოქროს თევზს გადავაწყდები, იქამდე ზოგიერთი ტელეწამყვანის მსგავსად: “უკეთესი სურვილების იმედად, დროებით დაგემშვიდობებით

 

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
50 Responses
  1. გაბო says:

    ამ ინტრიგანი მკითხველისგან რა ნანუკა ჟორჟოლიანივით იცავ თავს hah

    • მჩხაპნელი says:

      hah იმიტომ რომ სხვასთან იგივეს წაკითხვის შემთხვევაში, მეც ასეთი ინტრიგანული აზრები გამიჩნდებოდა და თავს ვიზღვევ

  2. დემეტრე says:

    ბრავო! (როგორც ყოველთვის) :D
    ცალკე პირველ სურათზე ვიცინე :D

  3. piccolina says:

    http://piccolina.ge/suratebi/
    არ გსპამავ. ეთიკური საკითხები გაქვს დასაცავი უბრალოდ ;)
    თუ დასაცველი?

    • მჩხაპნელი says:

      დასაცავი, ალბათ :)

      ვიფიქრე, ვიფიქრე და ბოლოს უკუვაგდე ჩემი აზრი (რომელიც შეიძლება წაიკითხე და რომელიც წავშალე) :) ერთადერთი რასაც ვერ ვიზამ, სურათზე წყარო–ლინკის დასმაა, იმიტომ, რომ მე თვითონაც მეშლება ხოლმე ხელი (და ნერვები), როცა რომელიმე საიტზე, სურათზე შემთხვევით მეჭირება კურსორი და სადღაც მაგდებს :)

      დანარჩენს გავითვალისწინებ მომავალშიც :)

  4. მეეე says:

    არადა ვიფიქრე რა მოეწონა ამ ტვიტერშითქო:)))))

    • მჩხაპნელი says:

      იქაც მქონდა მითითებული, რომ საკონკურსოა :P
      მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ მომწონდეს, ისევე როგორც იმას, რომ არ მომწონდეს :P

      • მეეე says:

        ბოლომდე აღარ წამიკითხავს :) )))))))კი გამორიცხული არაფერია:)))))

        • მჩხაპნელი says:

          “გამორიცხულია მხოლოდ სტუდენტი, რომლის აკადემიური მოსწრება მინიმალურზე დაბალია” – ძველ კართაგენული ანდაზაა :P

  5. milanel says:

    კაი სტატიაა… ყოჩაღ მჩხაპნეეელ…

  6. აგათა says:

    ”ბინდით” აღფრთოვანებამდე მოზარდებმა (და განსაკუთრებით გოგოებმა) ჯემალ ქარჩხაძე წაიკითხონ”

    როდის ახდება?! :S :S

    • მჩხაპნელი says:

      როგორც წესი ადამიანს სიკვდილის შემდეგ მაინც აფასებენ ხოლმე და აი, ამ შემთხვევაში რატომ არ მოხდა ასე, ვერ ვხვდები o_O ალბათ, იმიტომ, რომ ბიძამისი იონა რობერტ პატინსონი თუ რაღაც ეგეთი არ არის o_O

  7. რამონა says:

    როგორც უნდა გაგიკვირდეთ, პირველ სურათზე მეც გულიანად ვიცინე :D ქარჩხაძეზე იმიტომ არ მოხდა მასე, რომ “იგი”-ს პირველი აბზაცის წაკითხვის შემდეგ მეორეს სურვილი (ან შესაძლებლობა, ან უნარი) აღარ უჩნდებათ და “ბიძაჩემი იონა” რომ არსებობს, საერთოდ არ იციან. შენი სურვილები, როგორც ყოველთვის, შეუდარებელია 8-) ბიჭოლა და თიკო მომეწონა განსაკუთრებით, მაგრამ ქართული ბომონდი მოდაში აღარაა, ახლა უკვე – გლამურული საზოგადოება. lol

    • მჩხაპნელი says:

      ჰოდა, სულ იმ ადამიანის “ბრალია”, ვინც სასკოლო პროგრამაში მაინცდამაინც “იგი” შეიტანა :)
      “გიგანტი”, “გუბე”, თუნდაც “ოპერაცია დეიდა ტასო”, ან, “სოლომონიანი” რომ ყოფილიყო უკეთესი იქნებოდა wasntme
      ჰო, საზოგადოებაზე შემეშალა :P დღეს იქნება მაგათი ზეიმი “სიმართლის დროში”, სადაც თიკო იტყვის, რომ ივ სენ ლორანმაც ამ ასაკში დაიწყო კარიერა (თუ რაღაც ასეთი უცნაური შედარება) :P

      • მარსიდან :) says:

        ეს კომენტარი პოსტთან ნამეტანი კავშირში არ არის, მაგრამ რადგან “იგი”-ზე საუბრობდით მეც მომინდა რაღაც დამეწერა და აღმენიშნა რომ პირველი აბზაცის წაკითხვის შემდეგ მეორეს წაკითხვის სურვილი ნამდვილად გამიჩნდა (შეიძლება იმიტომ, რომ საშინაო დავალება შემესრულებინა :) ) და კითხვას რომ მოვრჩი ისეთი შეგრძნება მქონდა “უკვე დამთავრდააა???? :S ” მოკლედ, ძალიან მომეწონა…

  8. k@NudoSel! says:

    “ბერმუდის ან სიყვარულის სამკუთხედი მართკუთხა რომ არ არის დამტკიცებულია?” (უინტრიგნო მკითხველი)
    არადა პ.თ.თ რა საყვარლობაა, :P
    “იგი” რა დანარჩენებს ჩამოსხლტება? wasntme

    • მჩხაპნელი says:

      კი, ბერმუდის სამკუთხედი უფრო მეტად ტოლგვერდაა, ვიდრე მარკუთხა :P ასე, აჩვენებს “google”, ყოველ შემთხვევაში

      “იგი” დანარჩენებს, რა თქმა უნდა, არ ჩამოსხლტება, მაგრამ ქარჩხაძის დასაწყებად გაცილებით უფრო მსუბუქი და სახალისო მოთხრობები არსებობს, ჩემი სუბიექტური აზრით wasntme

  9. ანანო says:

    ვინაა ქარჩხაძე? პირველად მესმის :D

    • მჩხაპნელი says:

      ქარჩხაძე ისეთი მწერალია, გაგონილს რომ წაკითხული ბევრად სჯობს :P (თორემ ისეთი მწერლებიც არსებობენ, რომელთა მხოლოდ გაგონებაც საკმარისია) :P

  10. ანა_ძებო says:

    მეცოდება ინტრიგანი მკითხველი… hah

    • მჩხაპნელი says:

      hah ინტრიგანი მკითხველის მსხვერპლიც ცოდოა ხოლმე

  11. Snitch says:

    “ჩვენს “ბედკრულ ბავშვობაში”, როდესაც ინკასატორი უფრო ხშირად მოდიოდა, ვიდრე შუქი და როდესაც “გიგის ფეშენებელური სტადიონები” ჯერ კიდევ არ არსებობდა, მოედნებს ოთხადოთხი ქვის გამოყენებით, საკუთარი ხელით ვამზადებდით ხოლმე. ფეხბურთის თამაშისას, ბურთი კარისაკენ “დაბალი ტრაექტორიით თუ გაიგზავნებოდა” (© ქართველი კომენტატორები) ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ რაც უფრო შორდებოდა კარში გასული ბურთი მიწას, მისი “გასვლა–არგასვლაც” მით უფრო სადავო ხდებოდა. აი, მაშინ, ყველას მთელი არსებით გვსურდა, რომ ზედა ძელის ფუფუნება გვქონოდა.”
    ეეჰ რა დრო იყო :)

    5. “ბიჭოლა თეთრაძემ თიკო სადუნიშვილი ცოლად მოიყვანოს და სადმე თაფლობის ოცწლეულში წავიდნენ”
    ნეტავ მართლა

    “თვალზე ცრემლი მოოქროვდა…” – თიკოს წარსულიდან

    ააჰააა შენც უსმენდი ხო ლექსენს :D

    ამ ფეისბუქზე ასეტი იდიოტობების აზრს საერთოდ ვერ ვიგე.
    ერთადერთი ახსნა ალბათ მაინც ის აქვს, რომ მოდაშია!

    მარაზმია!!!!!!!!!!!
    ისევე როგორც ეს სიტყვა!

    პოსტი რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის (თითქმის :P ) მშვენიერია :)

    • მჩხაპნელი says:

      :D ლექს-სენის სიმღერის ტექსტებზე ვარ გაზრდილი. დღემდე მახსოვს ზოგიერთი და ის ალბომი ვიცოდი ზეპირად, წითელ ფონზე მოჭრილი სახით :P

      მობილური სტადიონები კი მართლაც კარგი დრო იყო :P სადაც მოგვიხერხდებოდა, იქ რომ ვთამაშობდით (ახლა, ამ მხრივ ფუფუნებაში მყოფია ახალი თაობა, ფეხის ყოველ ნაბიჯზე ხელოვნურსაფარიანი მოედანია 8-)

      • Snitch says:

        ხოდა გასახსენებელიც აღარაფერი ექნებათ :S

        ეეეჰჰ მეც მქონდა ლექსენის კასეტა :D (კაკრას ის თიკო რო იყო) და მეც ზეპირად ვიცოდი :D

  12. აგათა says:

    “იგის” გამო დავიწყე ქარჩხაძის კითხვა! wasntme ისე კაცმა რომ თქვას მართალია ვინც მეათე კლასის სახელმძღვანელოში “იგი” შეიტანა, ვერ გაითვალისწინა რომ თიკო სადუნიშვილის ჯერ სიმღერებზე შემდეგ კი გლამურულ რეპლიკებზე აღზრდილი თაობა ვერ გაიგებდა რომ “იგისგან სწორედ ის დარჩა რაც იგიში იგი იყო” თუ სწორად მახსოვს ციტატა :)
    დიდი ხანია ამ ბლოგს ვკითხულობ და ხშირად ვაწყდები ხოლმე საინტერესო და ჩემთვის მისაღებ მოსაზრებებს ჩემი თაობის შესახებ,ახლაც გეთანხმები ავტორო თუმცა ეს აღზრდის ბრალიცაა, რა ქნას “ბინდომანმა” თინეიჯერმა (ჯანდაბას სანამ გავლანძღავდი მენახა მაინც ნორმალურად) თუ კარადაში ქარჩხაძე ვერ აღმოაჩინა, სკოლაში კი უბრალოდ ვერ გაიგო, საქდაქალოსგან კი მხოლოდ რობერტ პატინსონის ქება დიდება ესმის, ადგა და აჰყვა ფეხის ხმას! hah hah ასეა საქმე და მათ ვერაფერს დავაბრალებ, თუმცა ფილმი იმდენად კარგიც არაა რომ წიგნის წაკითხვის სურვილი აღძრას, სწორედ ამიტომ ბინდის არცერთ ფანს მაიერის წიგნი გადაშილიც არა აქვს, მე კი წერტილ-წერტილ მაქვს წაკითხული, განა იმიტომ რომ “ბინდი” მომწონს უბრალოდ კითხვა მიყვარს და ჯემალ ქარჩხაძეეე :)

  13. აგათა says:

    ვაიმეე ეს სულ მე დავწერე!!
    o_O o_O o_O o_O o_O

  14. კარგი პოსტია როგორც ყოველთვის. p.s. მჩხაპნელ თუ შეგიძლია შემეხმიანე სკაიპში robita19 ბმულის გაცვლაზე მინდა ლაპარაკი :) მეც ბლოგერობა დავიწყე და მინდა ჩემი ბლოგის ერთი ლინკი აქაც იდოს :)

  15. კიდევ მოვედი აქ ამჯერად მეპრე პუნქტს ჩავუღრმავდები

    Facebook” არ იყოს ჩვენი მასწავლებელი და შესაბამისად საშინაო დავალებად: “საკუთარი ცხოვრება მოყოლით” არ გვქონდეს

    როგორც აღნიშნე მართლაც პარადოქსულია,” სახისწიგნის” სტატუსომანია და იმდენად შორს შეჭრილი, რომ მე არ გამიჭირდება გავიგო რა ფერის ტრუსი აცვია ჩემს მეგობარს (სტატუსის დახმარებით რა თქმა უნდა :) )
    რაღა დავმალო და მეც მაქვს სახისწიგნი, თუმცა სტატუსი სულ სამჯერ დავყენე, ამით იმას კი არ ვამბობ რომ მე განსაკუთრებული ვარ (არაა პირიქით ქუიზებსაც კი ვაკეთებ ხოლმე :D ) უბრალოდ საჭიროა ამ ხალხმა ისწავლოს რომ ასე საჯაროდ ამდენი სისულელის აფიშირება სულაც არაა საჭირო, და თუ მაინც გსურთ ასტატუსეთ რამდენიც გნებავთ, მე ექაუნთს ვაუქმებ :) devilsmile

  16. :) says:

    მიღებულია შენი ბოდიში hah

    • მჩხაპნელი says:

      ამჯერად მიიღეთ ჩემი მადლობა, ბოდიშის მიღების გამო :D

  17. ლადო says:

    რას ერჩით “იგის”?. მე პირადად ერთი თვის წინ ჯემალ ქარჩხაძეზე წარმოდგენაც არ მქონდა, მაგრამ ამ რამოდენიმე კვირის უკან წავიკითხე “იგი”. ახლახან გამოსულ წიგნში “20 საუკეთესო ქართული მოთხრობა”-ში ეწერა და როცა უბრალოდ პირველი აბზაცი წავიკითხე მაშინვე მომინდა მეორეს წაკითხვა და ასე ჩავყევი ბოლომდე და საბოლოოდ მივხვდი რომ კიდევ კარგი რომ ეგ წიგნი ხელში ავიღე და წავიკითხე თორემ მეათე კლასამდე არ მექნებოდა მისი გაცნობის პატივი ;) ;) ;) ;) 8-) 8-) 8-)

  18. gtkesh says:

    მაგარია… პოსტიც და ქარჩზაძეც hah

  19. RainSofy says:

    მე მაქვს მხოლოდ ერთი სურვილი:

    “მინდა ვიყო ჯინი ან სადმე ნატვრისთვალგადაყლაპულ ოქროს თევზს გადავაწყდე” :)

    რათა შევძლო და მჩხაპნელს ყველა სურვილი შევუსრულო, განსაკუთრებით კი მეცხრე, რომელიც ვფიქრობ ყველაზე რეალურია (გულწრფელია, გულიდან მოდის რა :) ) ამ მომენტისათვის… ;)

  20. modebilo elementi says:

    ქარჩხაძის მოწონება-არმოწონებაზე დისკუსია რატომაა აქ?მაგაზე შევთანხმდეთო ხო გვითხრ(ა)ეს?
    ყველა პუნქტი სრულყოფილი ვერ იყო,მაგრამ მე კი ვისიამოვნე და რა მნიშვნელობა აქვს ახლა ინტრიგანი ვარ თუ მოინტრიგანო? :D უი,ისა და,პოსტი შეიძლება იყოს “საყვარელი”? :D hah hah შენ,გული მიგრძნობს,”სიხარულო” რომ ამოიღონ მიმართვათა სიიდან,ეგ სურვილი გამოგრჩა :D ბიჭოლასა და თიკოზე ვიხალისე-თქო რომ დავწერო,ვერ ვიქნები ხომ ორიგინალური?ანუ დამრჩა რამე,რაც მომეწონა და ვერ გამოვთქვი ჩემი აზრი?_(პასუხი “მეს”) და ეგ რომ გექნა ხვალამდე აქ უნდა მჯდარიყავი :D ხო,კიდევ ის,წინასწარ ვიცოდი რაზე “დაკლიკებასაც” გვთავაზობდი :) ძალადობაა ეგ :D ( ისე,ჩვენმა საერთო ნაცნობმა “Akh .. =)))”-მ გაგივრცელა ლინკი და წესით კი უნდა აგიხდეს ეგ სურვილი”ც” :) ))) )

  21. TEONA-z says:

    მე პირველად ”იგი” რო წავიკითხე ზუსტად ის პირველი აბზაცი, რის მერეც როგორც წესი წაკითხვის სურვილი უქრებათ რატომღაც ზეპირად ვისწავლე … :S ხოო რაც შეეხება პოსტს როგორც ყოველთვის მომწონს… ;) ;) თიკო და ბიჭოლა განსაკუთრებით განსაკუთრებული იყო :D :D

  22. samuraisxmali says:

    ჩვენს “ბედკრულ ბავშვობაში”, როდესაც ინკასატორი უფრო ხშირად მოდიოდა, ვიდრე შუქი

    hah hah hah hah hah

  23. ლინა says:

    ეს “სურვილების ჭა” რა არის ვითომ? ვაპროტესტებ. ..სექსისტო შენ hah

  24. lex tempus says:

    დავაჭერ, კაცო, კიდევ ბევრჯერ დავაჭერ:):):):)

  25. ქრისტინე says:

    სახალისო ფოტოა,მაგრამ მეც ვაპროტესტებ “სურვილების ჭას”… !!! !!! !!!

  26. თოკა says:

    ჯემალ ქარჩხაძე მეც ძალიან მიყვარს და მის ნაწარმოებებს ვერსად ვშოულობ, გარდა საპროგრამოსი – სკოლაში ერთი-ორი მოთხრობა ისწავლება მარტო :(

    კოელიოსა და დოჩანაშვილს რას ერჩი, რა ურიგოა:)

  27. Taa says:

    8. ”ბინდით” აღფრთოვანებამდე მოზარდებმა (და განსაკუთრებით გოგოებმა) ჯემალ ქარჩხაძე წაიკითხონ”

    გეთანხმები აბსოლუტურად

    მაგრამ ამ სადუნიშვილს რატომ გადაეკიდე ნეტა? :დ :დ

  28. უნამუნო says:

    ოხ ოხ ოხ,ბექა შენ რა ხააარ? :P !!!

  29. ბინდზე, უფრო სწორედ მისით აღფრთოვანებულ პუბლიკაზე მეც მსურდა დამეწერა :)
    რაც ქარჩხაძეს შეეხება ეგ ალბათ იმიტომ ხდება რომ წიგნის მაღაზიაში ჯემალ ქარჩხაძე რომ იკითხო ისე შემოგხედავენ თითქოს ტუტანხამონის ეტრატები გინდოდეს :)
    მაშინ როდესაც თვაილაითით გადავსებულია ჯიხურები თუ ინტერნეტ საიტები.
    რა თქმა უნდა სამწუხაროა რომ სტეფან მეიერის ბიოგრაფია უკეთ იციან დღეს ვიდრე ილია ჭავჭავაძის ამ საქმეში კი რიგიანად არც მშობელი ერევა რადგან ის ისედაც ძალიან გახარებულია იმით რომ მისმა შვილმა როგორც იქნა წიგნი დაიჭირა ხელში თუნდაც ვამპირების სიყვარულის ისტორიის ამსახველი წიგნი.

    პ.ს.
    ერთი პოსტი დაწერე ისე თიკოს რომ არ უკბინო შენც :) ორივეს ვერ გაგვიძლებს lol lol

    • მჩხაპნელი says:

      როგორც უკვე აღვნიშნე, თიკოს შევეშვი :) “ნიშაა” უკვე შენი (ერთ ასოს შეცვლი ისე და უკვე ბევრისთვის მოსაწონი სიტყვა შეიძლება მიიღო ადამიანმა) :)
      მე დამაინტერესა, რა იყო ბინდი ასეთი, ორივე ნაწილი წავიკითხე და მივხვდი, რომ მგონი, უფრო, პატინსონის დამსახურებაა მისი პოპულარობა, ვიდრე მეიერის :) ჰარი პოტერი ბევრად უკეთესია.
      ქარჩხაძეს რაც შეეხება, ახლა უკვე არის მაღაზიებში ახალი გამოცემები, მაგრამ ერთგან რომ ვიკითხე მე, მართლა დაიბნენ :)

  30. მზესუმზირასავით წასაკითხი წიგნია.
    პარასკევს საღამოს რომ ჩაჯდები ჰამაკში და გადაიკითხავ.

    ქარჩხაძეს რაც შეეხება თუ არ ვცდები ახლა მე-10 კლასის სახელმძღვანელოშიც არის შეტანილი მისი ნაწარმოებები, ასე რომ თინეიჯერებს შეუძლიათ თავისუფლად წაიკითხონ ბინდის კიდევ ერთხელ გადაკითხვის შემდეგ :P :P

  31. რაღაც აფერისტი აღმოჩნდა სენი ჯინი :)
    ასე რომ იქნებ ცოტა ხნით მე მათხოვო
    მეც მაქვს სურვილები სულ 10 :)

    • მჩხაპნელი says:

      საერთოდ გაჩუქებ :)
      მაგას ახლა მხოლოდ მათრახის გადაკვრა, ან, უბრალოდ, გადაკვრაღა თუ უშველის :) (გააჩნია ომონიმურად რომელი თვალით შეხედავ) :P

  32. Miss Chikasso says:

    რა ინტრიგანი ვარ

Leave a Reply

Current month ye@r day *