Must do It – ათი ფრაზა, რომელიც სიცოცხლეში აუცილებლად უნდა თქვა!

"შენ არ გინდა, ზურიკელას უნდა"

“გემოვნებაზე არ დაობენ… მის გამო ერთმანეთს ცემენ, ლანძღავენ და ეომებიან” - მარკ ტვენი

“იდავე გემოვნებაზე და ვნების გემოს ძალიან ხშირად შეიგრძნობ”უცნაური გემოვნებისა და სუსტი აღნაგობის მქონე ნაცემი მამაკაცი

ჩვენ, ერთდროულად, უნდო და “უნდა” სამყაროში ვცხოვრობთ.
ანუ, დედამიწაზე იბადებიან მწერლები (“მაგალითად თ. დოსტოევსკი” – “გემოვნებიანი ლიტერატორის” ჩართვა), რომელთა ნაწარმოებები აუცილებლად უნდა წაიკითხო; იქმნება მუსიკალური კომპოზიციები (“M.J-ს ნებისმიერი”ერთ–ერთი კერპთაყვანისმცემელის ჩართვა), რომლებიც მათი შემსრულებლის სიკვდილის მიუხედავად, მაინც “უსიკვდილოდ უნდა მოისმინო“; მზადდება ფილმები (“რომელი ერთი ვთქვა?! აი, თუნდაც “შინდლერის სია”… კლასიკაა, ღმერთმანი” – შარფშემოხვეული კრიტიკოსის ჩართვა), ყველა მიზეზგარეშე რომ უნდა გქონდეს ნანახი და ბოლოს – არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჯერ ამ “უნდა”–ს საკუთარი გემოვნების მიხედვით განსაზღვრავენ, შემდეგ კი “გოიმობის” იარლიყის მიკერების მუქარით საკუთარ აზრს თავზე სხვებსაც უპრობლემოდ ახვევენ.

შესაბამისად, დასაწყისში ნახსენები უნდობლობაც (ზოგიერთების გემოვნებისადმი) მავანთა მხრიდან ზუსტად ამ “უნდა”–სადმი უ(ნ)დიერად მოპყრობის, ან, რბილად თუ ვიტყვით, მისი “მაგრად დაკიდების”  შედეგია. თუმცა, სულაც არ ვაპირებ, რომ გავრცელებულ ტენდენციას ავყვე და სნობისტური სახით, რაღაცის არცოდნის გამო თქვენს დამუნათებას (ამ სიტყვის გამოყენება თავისთავად რაღაც სნობურ ელემენტებს უკვე ისედაც შეიცავს) შევუდგე. პირიქით, გადავწყვიტე, სამყაროსეული “უნდა”–ტენდენცია შედარებით გამემარტივებინა და მინდა, ის რამდენიმე საკულტო ფრაზა შემოგთავაზოთ, რომელიც ჭეშმარიტმა ქართველმა ცხოვრებაში მინიმუმ ერთხელ მაინც უნდა თქვას:

"თანამედროვე ძველი რომი"

1. “ნ თუ ლ?”

“მოდი, ზაფხულის ერთ–ერთ თვეს ჩემს სახელს ვუწოდებ, რადგან არ მსურს მომავალში დავიწყების “ლუკმა” შევიქმნა” – თვალებგაბრწყინებული იულიუს კეისარი

“გემრიელი სალათია… მაგრამ ეს ცეზარი ვინ ოხერი იყო?”გამაძღარი ქართველი

“მე რა, ზანგი ვარ?!” – იმპერატორი ავგუსტუსი

იულიუს კეისარი ვისთვის ბრუტუსის, ვისთვის კი – საკუთარ საკბილოსთან ასოცირდება და მხოლოდ ცოტა თუ არსებობს ისეთი ადამიანი, ვისაც “ივლისის” გაგონებაზე, მომავალი შვებულების ნაცვლად რუბიკონზე მოთხლაშუნე ეს რომაელი შეიძლება გაახსენდეს. არადა, “ივლისი” “ივნისს” სწორედ იულიუს კეისრის გამო ჩამოჰგავს  ასე საშინლად და უზარმაზარ სურვილსაც აჩენს იმისა, ავგუსტუსის მიბაძვით, “ივნისისათვის” საკუთარი სახელის დარქმევის პრეტენზია კიდევ ერთ რომაელს რომ გამოეთქვა. ჯერ ერთი “ანტონიუსი (კრასუსი, მარკუსი, ავრილი…), ივლისი, აგვისტო” უფრო ეგზოტიკური ჩამონათვალი იქნებოდა და მერე მეორე – ამგვარად ჩვენი ყურების გამართული ფუნქციონირებისადმი შესუსტებულ რწმენასაც მარტივად განვიმტკიცებდით. თორემ, სხვა მხრივ, უკვე ტრადიციაა, რომ “ივნისის” ან “ივლისის” გაგონებისას, თვის დაზუსტების მიზნით საკვანძო ასოს ცალკეული გამეორება დაჟინებით მოითხოვო.

2. “იყავი ის, რაც ხარ”

“იყავი ის, რაც ხარ
იყავი ის, ვინც იყავი
არ გინდა ნიღაბი…” –
ლექს–სენის შემოქმედებიდან

პოპულარული (და ხშირი გამოყენებისგან უზომოდ გაცვეთილი) ფილოსოფიური რეკომენდაციაა, რომლის უნიკალურობასაც მისი ”ყველანაირ სიტუაციასთან თავსებადობა” განაპირობებს. იგი შეიძლება გამოიყენოს ედვარდმა, როდესაც ბელა დაკბენას  მოსთხოვს (“დაბინდული” განმარტება); ოქროს თევზმა – როდესაც რომელიმე მეთევზე ბრედ პიტად გადაქცევის სურვილს ჩაუთქვამს;  სოკრატემ – როდესაც მას “საკუთარი თავის შეცნობის” რეცეპტზე შეეკითხებიან; დონ დიეგომ (ან, სანტოსმა), როდესაც აღმოაჩენს რომ მისი “გულის მურაზი” სინამდვილეში დამლაგებელი კი არა, მილიარდელის მემკვიდრეა და ა.შ.  

3. “ეგ (კონკრეტული სახელი) რომ კლდიდან გადახტეს, შენც უნდა გადაყვე?”

ინდივიდუალიზმის მხარდასაჭერად შექმნილი ყველაზე სიტყვამხურვალე ფრაზა, რომლითაც მავანს ვისიმე მიბაძვის  უმცირეს სურვილსაც კი ბრუტალურად, ჩანასახშივე უკლავენ. ეს გამოთქმა, სავარაუდოდ, მას შემდეგ დამკვიდრდა, რაც ყორღანაშვილის მეგობრები თუ ნათესავები სიტუაციის ამგვარი ჰიპერბოლიზებით ერთმანეთის ნუგეშისცემას ცდილობდნენ.

4.  ”არ წაიღო!”

უხამსი ქვეტექსტის მქონე ფრაზა. მისი საშუალებით ინდივიდი გამოხატავს აბსოლუტურ თავდაჯერებას იმისა, რომ შეტევაზე მუქარით გადმოსულ პირს მისი კასტრაციის არანაირი შანსი არ აქვს. მართალია, ამ ორ უბრალო სიტყვაში არ კონკრეტდება ის, რასაც მათი მთქმელი ასე გულმოდგინედ იცავს, მაგრამ ჟანრი, რომელშიც აღნიშნული “უწმაწური გამონათქვამი” ხშირად გვხვდება, სხეულის ამ ორგანოს უთქმელადაც განსაზღვრავს.

5. “ორი ცალი რომ ვიყიდო, რამდენს დამიკლებ?”, “ბოლო ფასი რა არის?”

“რა საერთოა ქართველსა და აუქციონერს შორის?” – გამოცანა

პროდუქტის საწყისი ფასი ჭეშმარიტ ქართველსაც არასოდეს აწყობს და დიპლომატიურ ომში გამყიდველისათვის, თუნდაც ერთი ლარის წასაგლეჯად ყოველთვის დაბეჯითებით მუშაობს. თუმცა, თავის მხრივ, გამყიდველიც ქართველია და ფონს გასვლას საკუთარი სანათესავოს (ძირითადად კი შვილის) ამოწყვეტა–გადაშენების ფონზე ცდილობს. აქვე, იგი აუცილებლად იყენებს ისეთ ფრაზებს, რომლითაც საკუთარი მოგების მიზერულობაზე წუწუნებს და მყიდველს გა-და-მყიდველებთან ვაჭრობის კონფედენციალურ დეტალებსაც (“ამა და ამ ფასში მაქვს აღებული მე თვითონ”) თავისუფლად უმხელს.  

"ერთი ანძა ორ ეიფელს უდრის და ზედმეტი "ნძ"–ც კი რჩება"

6.შენ არ იცი თბილისის ანძა ეიფელს რომ სჯობია?!”

თავის დასამშვიდებელი ეს გამონათქვამი ქართულ ფრაზეოლოგიაში ერთი ფრანგი გოგონას ავხორცული (უზნეო) ქმედების ამსახველი კლიპის მეშვეობით გამოჩნდა ( ჟანეტის გარყვნილება გამოიხატებოდა იმაში, რომ [ის უსირცხვილო] ერთდროულად ოთხ ბიჭს ეპრანჭებოდა და თან, როგორც კადრებიდან ჩანს, ქმარიც ჰყავდა – ავტ.შენიშვნა). აღნიშნული სიმღერის მეოხებით კი ყველა, ვინც თბილისსა და პარიზს ერთმანეთს ადარებს, ან,  უბრალოდ ეიფელის კოშკსა, თუ, სატელევიზიო ანძაზე ალაპარაკდება, ამ ფრაზას მინიმუმ – გაიფიქრებს და მაქსიმუმ – ეროვნულმოტივებშემოწოლილი აღმოთქვამს კიდეც.

7. “მაგის ყურებას “სვარკის” ყურება მირჩევნია”

“სვარკის” შეუიარაღებელი თვალით ყურება, მზის დაბნელებით უსათვალოდ ტკბობის ტოლფასია” – ლაქლაქა ოკულისტი

მეტაფორული ხუმრობა, როდესაც საცქერი ობიექტის უგვანობის სიმძაფრეს, საკუთარი თვალების მსხვერპლად შეწირვის დაუოკებელი სურვილით აბალანსებენ. თუმცა, საქმე საქმეზე რომ მიდგება, (ორი “საქმის” არსებობის მიუხედავად) მეტი საქმე მაინც არავის ექნება, რომ თავისი დაჟინებული მზერა “სვარკას” მიუძღვნას.

"ცხოველური" რასიზმი

8. “ჩვენ რა, ზანგები ვართ?!” (ილუსტრირებისათვის იხ. დასაწყისი)

ურასისტულეს ხუმრობათაგან ერთ–ერთი. მისი გამოყენებისას ადამიანი უშვებს იმის ალბათობას, რომ იგი აფროამერიკელებთან შედარებით გარკვეული პრივილეგიებით უნდა სარგებლობდეს. განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც მისმა აღმატებულება საქართველოს კომიკოსმა კბილების დროულად და მყისიერად გამოყენება ვერ შეძლო.

9. “მთავარია, ბავშვი იყოს ჯანმრთელი/მეზობელს არ ჰგავდეს”

ა) იდეალური გაგრძელება ეპოქალური ნუგეშისცემისა: “ყველაფერი კარგად იქნება”.
ბ) მეზობლობის წმინდათაწმინდა ტრადიციის დაურღვევლობით გამოწვეული სიხარული.
გ) შესანიშნავი ილუსტრირება სიტყვებისა: “მეზობლის ქალს ხელს ნუ ახლებ, ისიც შინაურიაო”

10.  არ გინდოდა რძე და ყველი?!

სიტუაცია, როდესაც რაღაცაზე აღშფოთებული პიროვნება ამ აღშფოთების გამომწვევ მიზეზს ტუქსავს. ანუ, მზაკვრული ღიმილით  მის მიერ დაშვებულ შეცდომაზე მიუთითებს, წარსულის ტკბილი განვითარების პერსპექტივებს უნგრევს და აწმყოში ისეთ მენიუს სთავაზობს, რომ თქვენი მახსოვრობის იმედად, მის საჯაროდ გამოტანას მაინც მოვერიდები.

პ.ს: თუკი თქვენს ბაგეებს ამ “must-სათქმელ” ფრაზათაგან რომელიმე ჯერ კიდევ არ გადმოსდენია, ნუ შეშფოთდებით! როგორც ერთი, ამჯერად უკვე “მსოფლიო საკულტო ფრაზა” იტყოდა: დღეს, თქვენი დარჩენილი ცხოვრების პირველი დღეა!

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
32 Responses
  1. gurama says:

    უჰ, რა კარგია დილიდან ასე კარგად დაწყება )))
    გაიხარე))

    • მჩხაპნელი says:

      მე დილა კბილის “მიპლომბვით” დავიწყე, მაგრამ მაინც ვხარობ :P

  2. modebilo elementi says:

    რა თქმა უნდა,კარგია…ვეღარ მაკვირვებ,ბექა,უკვე წნასწარ ვიცი რა განწყობაზე დამაყენებს შენი ახალი პოსტი :) არ გინდა რამე ცუდიც დაწერო? devilsmile

    • მჩხაპნელი says:

      :D ცუდის დაწერაზე ადვილი თითქმის არაფერია! (ჭამა და ძილი უფრო მიადვილდება მე)
      უბრალოდ გრამატიკა და სტილისტიკა უნდა უარყო, მაგრამ ასე უდიერად ვერც ერთს მოვექცევი მე :P მირჩევნია, სულ არ დავწერო :P

      • modebilo elementi says:

        ვითომ არ მითქვამს :) წარმოვიდგინე,ვთქვათ ჩემი კლასელის რომელიმე თემა და ზედ წარწერა”მჩხაპნელი”_გული შემეკუმშა :) ჯობია ისევ მე გავწბილდე და შენ სულ მოწოდების სიმაღლეზე იდგე :) სანამ მუზა მუზარადს არ დაგახურავს,მანამ არაფერი დაწერო ხოლმე :) (თხოვნა,ოღონდ არავითარ შემთხვევაში “უმორჩილესი”)… სინტაქსითა და პუნქტუაციით გულდაწყვეტილი აბიტურიენტი ;( :( (((

        • მჩხაპნელი says:

          ახლა წარმოვიდგინე მუზარადდახურული ადამიანი, რომელიც სინტაქსთან და პუნქტუაციასთან ერთად ბარბარიზმებისა თუ მსგავსი ჩხლართების წინააღმდეგ საბრძოლველად მიემართება :D გმადლობ, რომ ჩემი ფანტაზიის გამრავალფეროვნებაზე ზრუნავ :P

  3. თოკა says:

    შესანიშნავია, როგორც ყოველთვის (მთლად ყოველთვის არა…)!!!

    დაკლებაზე გამახსენდა-
    სიტუაცია ბაზარზე:
    - ეს პამიდორი შენია ბიჭო? – დგას სიცხისაგან გახვითქული მოხუცებული.
    - კი ბიძია,80 თეთრი, რამდენი აგიწონო? – უკვე ალაგებს, თანხმობა რა საჭიროა.
    - დამიკელი ბიჭო, ბევრს ავიღებ! ჰაა..?
    - ბოლო ფასია რაღა დაგიკლო? ამაზე იაფი არსად არა აქვთ, იკითხე თუ გინდა. – “მწვანეებს”(დოლარებს არ ვგულისხმობ) ამოარჩევს და შავ პარკში უყრის, თავისი “უტყუარი” სასწორით 2.5 კილოს აწონის და -
    - აა, ძიაჩემო 5 კილოა ზუსტად, ამაზე უკეთესი სადაა? სულ ჩემთან მოხვალ, აი ნახავ!
    - სიტყვაზე გენდობი ბიჭო, სასწორის წამოღება დამავიწყდა…,- ამ ახალგაზრდამ ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთა, მოხუცს ბევრის თრევა არ მოუწევს.
    დასასრული…

    კიდევ ორი “უნდა”:

    1. მე(თუ შენ) რა, წითელი გოჭი ვარ?
    2. მზით გაცვითე შვილო… და მისთანები

    ბოდიშს ვიხდი ბევრი ლაპარაკისთვის, დიდი ხანია არ დამიკომენტებია :D

    • მჩხაპნელი says:

      :D კიდევ წითელი კოჭი, წითელი კვერცხი და მეცამეტე გოჭია მაგ ფრაზაში აქტიურად გამოყენებადი და ისიც საინტერესოა გამყიდველთა ნაწილს, ყველა ასაკზე მორგებადი შვილი რომ ჰყავთ (შენხელა ბიჭი მყავს ზუსტად და იმასაც სულ ესენი აცვია), თან უთქმელადაც რომ განსაზღვრავს შენს ასაკს, ის არის საინტერესო.

  4. კრავი says:

    როგორც ყოველთვის სუპერ პოსტია…. სუპერ მჩხაპნელიით…..
    მგონი უკვე ვგიჟდები ამ საიტზე….. ყოველ 1 საათში შემოვდივარ და ვამოწმებ ახალი პოსტი ხომ არ დევს….
    გამახარე ძალიან…. ამ პოსტს ჩემი გულის დარდიც ამოაყოლე….
    უკვე დავიგალე ამ ბანალური ფრაზების სმენით…..
    თუმცა მგონი უკვე სიტყვა ბანალური(ც) ბანალური გახდა…..

    • მჩხაპნელი says:

      ისევე როგორც სიტყვა “მარაზმი” გახდა მარაზმი :P
      grandლობა! :)

  5. ნინია says:

    “გემრიელი სალათია… მაგრამ ეს ცეზარი ვინ ოხერი იყო?” – გამაძღარი ქართველი. lol

    • მჩხაპნელი says:

      არადა, მე მგონი, საერთოდ ვიღაც იაპონელი მზარეულის სახელიდან მომდინარეობს ეგ სალათი :P

  6. babuli says:

    კაია, ყველა ფრაზა ნათქვამი მაქვს. სამი მაგდენი კიდე დაემატებოდა. . .

    • მჩხაპნელი says:

      სამი მაგდენი და გაცილებით მეტი ფრაზა სხვა პოსტებში იყო გაბნეული და ამის გამო, ვეცადე, რომ მათგან განსხვავებულები ამომერჩია :)

  7. ბექა, ის ამბავი როგორ დასრულდა, გაზეთში რომ შენი სტატია მოიპარეს?

    • მჩხაპნელი says:

      “ჭირი იქა, ქატო აქა”–თი არა :)
      და არც რაიმე ხელშესახები შედეგით. მხოლოდ სიტუაციას მოეფინა (რა ცუდი სიტყვაა) ცოტათი ნათელი (როგორც კომენტარებში გამოჩნდა http://doin.ge/?p=1937). ამის მეტი არაფერი wasntme

  8. AN-a-NO says:

    მთვარეზე გაფრენა არ გინდა? ზანგების მსგავსია : რა სვანივით იქცევი რაააააა

    • მჩხაპნელი says:

      მანამდე, კომუნისტების დროს იყო: “მთვარეზე კოოპერატივის გახსნა არ გინდა?” :P
      და მერე ჩამოვაქვეითეთ “გაფრენამდე” ჩვენი ფანტაზია :P

  9. teonala says:

    გენიოსი ხარ …
    ვითმინე , ვითმინე და ახლა შეგკადრე :) )
    წარმატებები

    • მჩხაპნელი says:

      :D ადგილი აქვს ქართული მდიდარი ლექსიკის ბოროტად გამოყენებასა და სიტყვათა უფლებამოსილების გადაჭარბებას :)
      ისე კი, არც ერთი “დანაშაული” არ ყოფილა ჩემთვის ასეთი სასიამოვნო :D

  10. მფურცვლელი says:

    მთვარესთან კოსმიურ-ეკონომიკური ინტეგრაციის იდეური ანალოგია ,,მოხარშული” ან/და ( :) ) ,,ზმეიკიანი” წაბლის შეთავაზება :D

    • მჩხაპნელი says:

      ან, საკუთარი ფეხები და უკიდურეს შემთხვევაში სხეულის სხვა ორგანოები :P

  11. როგორც დავთვალე, მხოლოდ ნახევარი მაქვს ნათქვამი, მაგრამ მთელი ცხოვრება წინ მაქვს wasntme და შენს პოსტებზე ჩემი აზრი ისედაც იცი :)

    • მჩხაპნელი says:

      შენ ამას შეძლებ, მთავარია სწორ დროს სწორ ადგილზე სწორ სიტუაციაში აღმოჩნდე და ეს სიტყვები თავისით მოგადგება ენაზე :P

  12. Snitch says:

    რაც შეეხება ტექსტს…. :) :)

    რაც შეეხება ფინალურ ფრაზას პირველად მოვისმინე/წავიკითხე და ვფიქრობ სამუდამოდ დარჩება ჩემს მეტაფორებში :)

    • მჩხაპნელი says:

      ეგ ფინალური ფრაზა მაგით არ მთავრდება :P
      ნუ, თუ რითმის მიხედვით ვერ დააბოლოვებ, ჰკითხე, ყოველ მეორე გამვლელს და მას ნამდვილად ეცოდინება გამონათქვამის უცენზურო ნაწილიც :P

  13. Taa says:

    ყავასთან მისაყოლებელი პოსტები გაქვს
    გერიელი და მსუბუქი

    • მჩხაპნელი says:

      თუმცა, ზოგიერთისათვის არცთუ მთლად ტკბილი :)

  14. ტინგიცა-მატრაკვეცა says:

    მოსე-მჩხაპნელო, კარგი იყო! ისე, თავი დაზოგე ხოლმე, ბოლომდე ნუ დაიცლები. ნიახური ხომ არ ხარ-მეორედ მოხვიდე?! lol lol lol lol lol lol

    • მჩხაპნელი says:

      :D “თავის დაცლის” ასეთ პროცესს “შემოქმედებით კრიზისს” არქმევენ ხოლმე მერე. შესაბამისად, სრულიად პრაქტიკული რჩევაა, თუ არ მინდა, რომ ცოტა ხანში საწუწუნო სიტყვების ინტენსიურ გამოყენებას შევუდგე :D

  15. მძიმე) says:

    საბედნიეროდ უმრავლესობა არ მაქვს ნათქვამი ჯერ,მაგრამ ყველაფერი წინაა hah .

    ჩემი ოჯახის წევრებს ჩემს ნორმალურობასი ეჭვი ეპარებათ უკვე,ვზივარ და ვიცინი(ეს მათ ჰგონიათ,რომ უაზროდ hah ) ერთ-ერთი საუკეთესო პოსტი იყო:)

  16. მძიმე) says:

    საბედნიეროდ უმრავლესობა არ მაქვს ნათქვამი ჯერ,მაგრამ ყველაფერი წინაა hah .

    ჩემი ოჯახის წევრებს ჩემს ნორმალურობაში ეჭვი ეპარებათ უკვე,ვზივარ და ვიცინი(ეს მათ ჰგონიათ,რომ უაზროდ hah ) ერთ-ერთი საუკეთესო პოსტი იყო:) გმადლობ :>

Leave a Reply

Current month ye@r day *