ფრთხილად, პრესაში ბოტკინია!

ძეგლიც ცნობისმოყვარეა

“ცნობისმოყვარე ძეგლი”

ჟურნალისტიკა ორგანიზებული ჭორიაედუარდ ეგელსტონი

დღევანდელი ქართული პრესა რაღაცით შემოდგომის ფოთოლს ჰგავს – ყვითელია. სერიოზულ თემებზე უფრო მეტად კითხვადია ის, თუ სად ისუფთავებს ფრჩხილებს ჯაბა ქარსელაძე, ან, რა უდევს საძინებელი ოთახის კარის ხელმარცხნივ მდებარე ტელევიზორის მოჩუქურთმებული მაგიდის ყოველთვის ჩაკეტილ მესამე უჯრაში ქეთევან ღლონტს.

ქართულ ყვითელ პრესას რამდენიმე კომპონენტი ახასიათებს:

ა) გულისგამგმირავი სათაურები - ეს ის კატეგორიაა, რაც დღევანდელ პრესას ყიდის. ძირითადად დომინირებს “რომელ კბილში გაეჩხირა კალმახის ფხა კობა დავითაშვილს და რას ვერ აპატიებდა ბეჟან გუნავა მამიდაშვილს” ტიპის სათაურები, რომლებიც ცდილობენ (ხანდახან გამოსდით კიდეც) გარკვეულწილად დააინტრიგონ მკითხველი და დასმულ კითხვაზე პასუხის ძიებაში მთელი უაზრო ინტერვიუ წააკითხონ. მაგალითისათვის – იყო ერთი ასეთი სათაური: “ვანო ჯავახიშვილმა სიდედრი მოკლა” და   სტატიის კითხვისას “ფრიად შეშფოთებულმა” აღმოვაჩინე, რომ თურმე სიცილით.

და მაინც კითხულობენ...

“და მაინც კითხულობენ…”

ყველა დროის ყველაზე დასამახსოვრებელი სათაურების ხუთეული:

5. პაატა გულიაშვილს შორენა ბეგაშვილის ძუძუებისკენ ხელები თავისით გაურბის (ისე, ხელების უკონტროლო ქმედება სხეულის სხვა ორგანოებისთვისაც თუ გადამდები აღმოჩნდა – მტრისას)
4. ვის ვერ აღიქვამს ირინა სარიშვილი მამაკაცად და რით შეაშინა შიშველმა ანრი ჯოხაძემ (თვითცენზურა მაიძულებს თქვენი ფანტაზიის იმედად დავრჩე)
3. როდის დადგება თავდაყირა ნინო არაზაშვილი და რატომ პუტავენ ერთმანეთს ის და ოთარ ქირიას ცოლი (რაან ამის მიზეზს გავიგებ, რაღა მომკლავს ცხოვრების ბოლომდე)
2.პირველად პალიტრას გავუმხელ, რას ვფიქრობ ზურაბ ჟვანიას სიკვდილზე… არც კომბოსტოს მოყვანა გეგონოთ ადვილი საქმე!” (მებოსტნეობისა და პოლიტიკის სინთეზი)
1. “ბიწაძესაც ჩაუდებენ?!” სუპერ-სათაური სადაც ჟურნალისტი გამოხატავს შეშფოთებანარევ აღშფოთებას, რასაც განამტკიცებს ბ.ბ.ბ-ს (ბატონი ბადრი ბიწაძის) ციტატა: “თუ სამი კაცი დამხვდა რაღაცის ჩადებას ვერ მოახერხებენ, თუ ათი კაცი დამხვდა შეიძლება ჩამიდონ“. ქართული ცნობიერებიდან გამომდინარე სიტყვა “ჩადება” რასთანაც ასოცირდება ყველასთვის ცხადია და შეუძლებელია ეს ჟურნალისტსაც არ სცოდნოდა.

ბ) დამაინტრიგებელი ფოტოსურათები – ამ მხრივ “პრაიმ-ტაიმია” გამორჩეული თავისი რუბრიკით “პაპარაცი”, სადაც ცნობილი ქართველები ვითომ უხერხულ მდგომარეობაში ჰყავთ გამოჭერილი. ანუ, თუ ვინმეს სადმე ბიუსტჰალტერის ბრეტელი, ან, იმის ხაზი, რასაც ბიუსტჰალტერი ემსახურება, ცოტათი მაინც გამოუჩნდა, ყველას სურათს აქვეყნებენ და ამას პაპარაცულ ნაშრომსაც უწოდებენ. რამდენიმე ხნის წინ ერთი სურათი დაიბეჭდა ზედ მინაწერით: “აგნესას დედა ქალბატონი ელა…” (რაც თავის მხრივ ბადებს სრულიად ლოგიკურ შეკითხვას თავად აგნესას ვინაობის შესახებ)

გ)  ორსული ქალები - ქართველ ჟურნალისტებს ერთი სული აქვთ ვინმე და-ორ-სულდეს და ამის შემდეგ წერენ ყველაფერს გარდა იმ ვითარებისა (მადლობა ღმერთს!!!), როდესაც და სადაც მომავალ ბავშვს დასაბამი დაედო. ბავშვის ჩასახვას კი მოსდევს სტატიების მთელი კასკადი. მაგალითად: (პირობითად) ჟანა დარკს ორსულობიდან ერთი თვე შეუსრულდა, ჟანა დარკს ორსულობიდან ორი თვე შეუსრულდა, ჟანა დარკმა ექოსკოპია გაიკეთა და ბიჭია, ჟანა დარკმა არ იცის თავის ბიჭს სანდროს დაარქმევს თუ სპირიდონს, ვინ იქნება ჟანა დარკის ბავშვის ნათლია, როდის იგრძნო პირველად ფეხმძიმე ჟანა დარკმა, რომ დედა იქნება, როგორ იმშობიარა ჟანა დარკმა – რამდენჯერ გაიჭინთა და ვის ეკიდა ხელი მშობიარობის დროს მისთვის, ვის ჰგავს ჟანა დარკის ბავშვი (აქ თან ერთვის ამ ბავშვის ექსკლუზიური ფოტოც და ჟურნალისტი სიამაყით მიუთითებს, რომ პატარა სპირიდონს პირველად მათი ჟურნალის მკითხველები ნახავენ), რამდენი კილო დაიბადა ბავშვი, ეჭვიანობს თუ არა ჟანას უფროსი შვილი მასზე და ა.შ. ქართული რეალობიდან ამოკრეფილი მსგავსი მაგალითებია:

ნამეტანი ხმამაღლაა დაწერილი

ვარსკვლავ-გოგონა

  • სად იყო ლალი ტოტიკაშვილის მეუღლე, როცა მოდელი მეორე შვილს აჩენდა;
  • თამუნა მუსერიძის მშობიარობას ქმარი დაესწრება;
  • მარგო ლუჩკო ფეხმძიმობისას “ვეფხისტყაოსანს” კითხულობდა;
  • რისი მოთხოვნილება გაუჩნდა ფეხმძიმე ელენე ფოჩხუას;

დ) ტანისამოსი - ალბათ, საქართველოში არ არსებობს ადამიანი, ვისთვისაც სულ ერთია ის, თუ სად შეიძინა ჯაბა ქარსელაძემ 2000 ევროიანი სმოკინგი, როგორ ვერ იტევს ანი გიუნტერის კარადა მის ტანსაცმელს, ან რამდენი ქუდი აქვს ქეთი ორჯონიკიძეს. ეს ისეთი ინფორმაციაა, რომლის გაგებასაც ყველა ჩვენთაგანი დიდის მონდომებით უნდა ესწრაფვოდეს. ჟურნალებს კი ამ მხრივ, ჩვენი უერთგულესი მეგობრები არიან.

ე) უაზრო რომანები - იმ ტიპის ლიტერატურა, რომლის მეორედ გადაკითხვა ალბათ თვითონ ავტორებსაც ეზარებათ, “ბებიაჩემი პაპაჩემის ცოლია”, “მკვლელობა სახურავის ქვეშ”, “ბედკრული ქუთუთოს წუწუნი” და მსგავსი ტიპის სათაურებით.

პ.ს: არცთუისე ცოტა ხნის წინ “პროფილში” ეკა კახიანმა კიდევ ერთხელ გაიხსენა, თუ როგორ ჰკითხა ერთმა ჟურნალისტმა “კბილის ჩოთქი და ტანის გუბკა ყველას ერთი გაქვთ თუ ცალ-ცალკეო“, რაზედაც ეს ჟურნალისტი იმდენად აღშფოთდა, რომ სახელის გამოქვეყნებას არ დაერიდა და “რეიტინგთან” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა - ეგრე სულაც არ მითქვამს, რას მაბრალებს, ასე ვკითხე: “სააბაზანოში ყველას გაქვთ გამოყოფილი კუთხე თქვენი პირადი ნივთებისთვის, პარფიუმერიისთვის თუ ყველაფერი არეულად აწყვია, როგორც ბევრ ოჯახშიო?”

პ.პ.ს: ბოტკინის ნიშნები აშკარაა.

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
26 Responses
  1. MsCoraline says:

    ვაიმეე : ))) კაი პოსტი იყო ნამდვილად! ვისიამოვნე კარგად… : ))

  2. lali says:

    “ქართული ცნობიერებიდან გამომდინარე სიტყვა “ჩადება” რასთანაც ასოცირდება ყველასთვის ცხადია და შეუძლებელია ეს ჟურნალისტსაც არ სცოდნოდა,” – კლარა შუკვანი და “არძიმბას ნახმარი შევარდნაძე” გამახსენდა : )))))))

    • Mchxapneli says:

      :D ჩემს სპეტაკ მახსოვრობას ეს ისტორია არ ახსოვს, მაგრამ ჩემი ბილწი ცნობიერება აზრს ხვდება :)

  3. teitt says:

    ლოოოლ შუკვანი : )))))

    მაგრამ მე ბ.ბ.ბ._ზე ვიცინე ყველაზე მეტად
    პრაიმ ტაიმ ნახეეეე, შევჩენ-კო და ბები-კოც კითხულობენ თურმე :დდ

  4. frida says:

    სასაცილოა, მაგრამ ლამის ამეტირა სერიოზულად რომ გავიფიქრე, რა დღეში ვართ…

    • Mchxapneli says:

      ეს ბავშვური გართობაა იმასთან შედარებით, რაც იბეჭდება :) ვეცდები, უფრო მძაფრებიც შევაგროვო :P

  5. mari says:

    “კბილის ჩოთქმის” გამართლებაზე ძაან ვიცინე :D

    • Mchxapneli says:

      გეთანხმები, უკეთესი იქნებოდა სულ არ ეთქვა არაფერი. ზოგს ის მაინც ეგონებოდა, რომ კახიანი იტყუებოდა რაღაცას :)

  6. Babuta says:

    საააააღოლლლ ძაააან მაგარი ხარ….:X მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო და დამატება არ გავუკეთო.. :D აიი მე ყველაზე მეტად მხიბლავს ჟურალი “გზის” (ნუ საერთოდ ოჯახში არ ვყიდულობთ ჟურნალებს, მაგრამ როგორღაც ერთი ნომერი მოხვდა ჩემთან და ჩემ განცვიფრებას საზღვარი არ ქონდა :D ) მთავარი თემა..და რისთვისაც ყიდულობს ძალიან ბევრი…10-12 გვერდი დათმობილი “გზავნილებისთვის” სადაც შეგიძლია იპოვო 40წლის ქალბატონი სუფთა წარსულით, სამუშაოთი და 3 შვილით მეგობრული ურთიერთობისთვის და ასე შემდეგ, ნუ ძალიან ბევრი კიდევ საინტერესო ამბავი წერია მაგრამ ეგ შორს წაგვიყვანს :D მოკლედ მაგრა გვაქქვს რა საქმე

    • Mchxapneli says:

      მე კიდევ ყველაზე მეტად ის მიკვირს, რომ ვიღაც მაგ 12–ივე გვერდს კითხულობს, რომ თავისი “მესიჯი” ან ამ “მესიჯზე” გამოხმაურება იპოვოს :)

  7. Babuta says:

    შენ ჭეშმარიტებას ქადაგებ, მეგობარო… :D :D:D ალბათ, იმ გვერდებში არის რაღაც ისეთი რასაც ჩვენ ვერ შევიცნობთ :) ))

    • Mchxapneli says:

      “გზაში” ჩაწვდომა ისე არ მოდის…”გზაში” ჩაწვდომა მცირეთ ხვედრია :)

  8. Tekla Kanudoseli says:

    ”ჟურნალისტები დროის ბებიაქალები და მესაფლავეები არიან” მე აშკარად გამომრჩა ქართული ჟურნალისტიკის ქელეხი =] დრო კი უჩვენოდ იბადება თავიდან =]

    • მჩხაპნელი says:

      ჰო, მაგრამ გაზრდაში ჩვენ უნდა მივეხმაროთ, ალბათ :P

  9. Tekla Kanudoseli says:

    რავიცი რავიცი ;)

    • მჩხაპნელი says:

      ჰო, ვიღაცა აუცილებლად გაზრდის დროს და რაღა მაინცდამაინც “ვიღაცა” იყოს :)

  10. Tekla Kanudoseli says:

    კარგი,არ იყოს “ვიღაცა”,პირადად მე სიამოვნებით ვატარებდი ბაღში და სკოლაში,შენ შეგიძლია გემრიელი საჭმელი გაუკეთო სახლში დაბრუნებულს,ნუ იქ ხომ მასწავლებლებიც ეყოლება და იმედია სახლშიც ამეცადინებს ვინმე,ჰოდა ყველანი ავაწყობთ საქმეს და ამ ჯერ კიდევ “ჩვილ” ჟურნალისტიკასაც კარგად მივხედავთ =]]]

    • მჩხაპნელი says:

      :D მშვენიერი იდეაა. მე მგონი ზედმეტად მეტაფორულ-ჰიბერბოლიზებული გეგმა გამოგვივიდა :)

  11. Tekla Kanudoseli says:

    შენც ნუ შეხედავ ამ ყველაფერს რეალისტის თვალით და ყველაფერი მოგვარდება =]]]

    • მჩხაპნელი says:

      პრინციპში, მთავარია თვალი არ დავხუჭოთ და მის ხედვას უკვე ნაკლები მნიშვნელობა აქვს :P

  12. ragacnairad orpexa says:

    ბედკრული ქუთუთოს წუწუნი წავიკიტხე და შესანიშნავი რომანია რას ერჩით lol დანარჩენი რომანები ვერ ვიშოვე lol აი ძაან მაგარი ხარ რაა თუ რამეა შენ საიტს დავაბრალებ ჩემი ნიშნების გაუარესებააას :P :P

    • მჩხაპნელი says:

      :D ჰო, მანდ დასკვნაში არის მთავარი აზრი ჩადებული – ქუთუთო რომ იხუჭება და ხვრინვის ხმა გაისმის… დანარჩენი რომანები არც ღირს, მარტო ეს იყო გამორჩეული! :)

Leave a Reply

Current month ye@r day *