შაბლონები 2: ტრადიცია

ისევ?!
“ისევ?!”

სიტყვა “ტრადიცია” თავისთავად უკვე შაბლონურ, დამკვიდრებულ წესს ნიშნავს და ადვილი წარმოსადგენია, რამდენად გამაღიზიანებელი უნდა იყოს ტრადიცია, რომ იბოროტო და  წინ ზედსართავად კიდევ “შაბლონური” წაუმძღვარო.  განსაკუთრებით  შაბლონური კი მისალოცი ტექსტებია, რომელიც შეგიძლია ერთხელ დაწერო და შემდეგ სამუდამოდ გამოიყენო:

გილოცავ, დაესწარი მრავალს, სულ ჯანმრთელად და ბედნიერად, შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად, ღმერთი იყოს შენი და შენი ოჯახის მფარველი

მთავარია “გილოცავ“-ს შემდეგ დღესასწაულების სახელები ცვალო და უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს დაბადების დღეა, ცხრა მაისი , ნათლისღება თუ სხვა – ეს ტექსტი ნებისმიერ შემთხვევაში ამართლებს.

skype შაბლონები:

თითქმის ტრადიციაა, რომ “სკაიპის” სტატუსად გეყენოს, ან, რომელიმე ცნობილი პიროვნების ციტატა (რა თქმა უნდა, ინგლისურ ენაზე… აბა, ჩვენი ენა, რა ენაა), ან, რაიმე ფილოსოფიური ფრაზა, ან, მინიმუმ, დეპრესიული მინაწერი, რომ “შენ მაინც გიყვარს“, რომ “ცხოვრებაში აღარავის შეიყვარებ“, ან, ის, რომ “ერთის გარდა (ზოგჯერ სახელსაც აკონკრეტებ) არავინ მოგწეროს” და ზუსტად იმ “ერთის” გარდა გწერს ყველა იმის გასაგებად, ის “ერთი” ვინ არის.

hi, rogor xar?...

"hi, rogor xar?..."

“სკაიპში” გაცნობის დიალოგი კი, ყოველ მიზეზგარეშე, ასე უნდა დაიწყოს:

ბიჭი: hi, rogor xar?
გოგო: ravi, shen? ან magrad. u?

მერე, აუცილებლად უნდა გაარკვიო: რამდენი წლისაა, რა უბნელია და სად სწავლობს. როდესაც ინფორმაციულ ვაკუუმს ამ მხრივ შეივსებ, შეიძლება უინტერესოდ შეეკითხო: ჰყავს თუ არა და-ძმა და უფრო მეტი ინტერესით – “ლოვე“, რის შემდეგაც უკვე აღარ იცი, რაზე ელაპარაკო და სთხოვ სურათს, რომელზეც, როგორც წესი, “ჯერ შენ”–ს გპასუხობს. საბოლოდ, რა თქმა უნდა,  სურათების გაგზავნის ერთდროულობაზე უნდა შეთანხმდეთ.

ამის შემდეგ იწყება მეორე ეტაპი: თუ გოგო მთლად ცოცხი და “პოლის ჯოხი” არ არის, ბიჭი პირდაპირ საქმეზე გადადის. ეუბნება, რომ “ის ძალიან საყვარელია”, გზავნის :*  სმაილის ჭარბ რაოდენობას და ეკითხება გოგოს, თუ როდის შეხვდნენ. გოგო, რა თქმა უნდა, თავს იფასებს (თუ ბიჭი მოეწონა) და ამბობს, რომ ის ინტერნეტით გაცნობილებს არ ხვდება. ხოლო, თუ პირიქით მოხდა, ამასაც არ ამბობს და ბლოკის მაგიურ ძალას იყენებს.

სხვადასხვა შაბლონები:

როდესაც ვიღაც იტყვის “არასოდეს“, აუცილებლად უნდა შეახსენო, რომ “არასოდეს თქვას: “არასოდეს!” (მიუხედავად იმისა, რომ ეს ფრაზა, თვითონვე არღვევს იმას, რასაც ჩვენ გვასწავლის, იწყება რა სიტყვით “არასოდეს”)

როდესაც საყვარელ პოეტს გკითხავენ, აუცილებლად უნდა უპასუხო გალაკტიონი (ან, უკიდურეს შემთხვევაში, ლადო ასათიანი). ხოლო, თუ ვინმეს დათა თუთაშხია არ ექნება წაკითხული, ხმამაღლა უნდა შეიცხადო და აღშფოთებანარევი გაკვირვებით ამის მიზეზი იკითხო.

-რატომ გალაკტიონი? -გენიალურია

თუ საბჭოთა კავშირის ეპოქა გამოგიცდია, ახალ წელს, მინიმუმ ერთხელ მაინც, აუცილებლად უნდა უყურო “ბედის ირონიას”.

სუფრაზე ყოფნისას, აუცილებლად უნდა გამოთვრე უკანასკნელ დონემდე, მერე ყველას სიყვარული აუხსნა, თან დროდადრო ენის ბორძიკით აღნიშნო, რომ “მთვრალი არ ხარ“, ფხიზელ ხალხს ცეკვის ყურება შეაზიზღო, სახლში შუაღამისას ყვირილით შეხვიდე, თუ ბავშვები გყავს გააღვიძო და ფული აჩუქო, ღამის დანარჩენი ნაწილი ღვინის უკუტრანზიტს მიუძღვნა, ღმერთს შესთხოვო, რომ “ეს ერთხელ გადაგარჩინოს” და დაპირდე, რომ “მეორედ აღარ იზამ“. დილით, იწუწუნო, რომ თავი გისკდება და “ერთ ბოთლ ბორჯომში ნახევარ სიცოცხლეს მისცემდი“. ბოლოს კი ნაბახუსევზე ისევ ალკოჰოლით გამოხვიდე

სამარშუტო ტაქსიდან უნდა ჩამოხვიდე ზუსტად იქ, სადაც წინასწარ გქონდა ჩაფიქრებული, ხოლო ვიღაცამ თუ ხუთი მეტრის მოშორებით გააჩერა,  აუცილებლად უნდა დაგეზაროს ამ ხუთი მეტრის ფეხით გავლა და ახალდაძრული ტრანსპორტი ისევ გააჩერო.

ასევე, სამარშრუტო ტაქსში თითქმის აუცილებელია ნაცნობი არ დაინახო და მისი ჩასვლისას, შემთხვევით თუ შემოგხედა, ან შეგეხედა, ისე გაიოცო, თითქოს “ამ შეხვედრის გარდა ყველაფერს ელოდი“. მერე, ტრადიციულად  მტკიცე ხმით უთხრა, რომ “ჩავიდეს და მისას გადაიხდი” , რადგან დარწმუნებული ხარ, რომ ის მაინც ორივესათვის გადახდას აპირებს.

აუცილებლად უნდა გქონდეს გადაღებული სამი ტიპის სურათი: ერთი სამების ფონზე, ერთი სარკეში და ერთი საკუთარი თავისთვის, სადაც აშკარად ჩანს ის ხელი, რომლითაც ფოტოაპარატი გიჭირავს. სასურველია ისიც, რომ ინტერნეტში ახლადგაცნობილი გოგო თავიდანვე სამებაში დაპატიჟო, იმიტომ რომ ასე უფრო იაფი ჯდება.

თითქმის ყოველთვის უნდა შეგეპაროს ეჭვი ვინმეს წარმატებაში და უნდა თქვა, რომ “ჩააწყო, რადგან შენი შვილი (ან ნათესავი) საუკეთესო იყო და უბრალოდ დაჩაგრეს“.

მეტროსთან დაკავშირებული შაბლონები:

რა უნდა იყოს სხვის ფეხსაცმელზე საინტერესო?!

"რა უნდა იყოს სხვის ფეხსაცმელზე საინტერესო?!"

მეტროში ყოფნისას, აუცილებელია იქამდე შეხვიდე ვაგონში, სანამ იქიდან ხალხი გამოვა. ვაგონში გაკრული “ყელის ტკივილის წამლის” პლაკატს, აუცილებლად უნდა წაუშალო “” ასო, სადგურისა და მატარებლის კედელზე მარკერით უნდა მიაწერო საკუთარი “კლიჩკა” ან “სკაიპის” “ID”-ი, ტყუილუბრალოდ უნდა დაიჭირო კარი დაკეტვის მომენტში და მერე თვითკმაყოფილი ღიმილით  გაუშვა ისე, თითქოს მისი შეკავებით დიდი გმირობა ჩაიდინე, აუცილებლად უნდა ჩართო “ბლუთუზი” და მისი საშუალებით გოგოების გაცნობას შეეცადო და თან, რაც ყველაზე მთავარია, წარწერა “ნუ მიეყრდნობით” უსიკვდილოდ ნათითურებით უნდა იყოს დაფარული.

პ.ს: დაე, ფანტაზიის უკანასკნელ სიტყვამდე ვებრძოლოთ შაბლონებს.

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
32 Responses
  1. domen says:

    ჰმმ, წაკითხული მაქვს მგონი?

    კარგია :)

    “მხოლოდ საქართველოში” არ მომეწონა მაინცდამაინც, თუნდაც მისივე ბოლო პუნქტის გამო :–)

    და მგონი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში დარწმუნებული არიან, რომ ბოლო აბზაცის დაწერა შეუძლიათ. :P

    • Mchxapneli says:

      შენი, როგორც აქტიური მკითხველის აზრი, ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ, ვეცდები მცირე გარდაქმნები მოვახდინო :)
      ბოლო აბზაცი ყველაზე ძნელი დასაწერია :)

  2. madu says:

    აშკარად კარგად წერ:) მომწონს შენი შეხედულება ამ ცხოვრებაზე:)

    • მჩხაპნელი says:

      გმადლობთ, მიხარია, თუ კარგად ვუყურებ :)

  3. Blackiii says:

    სკაიპის შაბლონები მაგარი იყო :D ზუსტად ეგრე ხდება ხოლმე :D

    • მჩხაპნელი says:

      პირადი ექსპერიმენტული დაკვირვების შედეგია :)

  4. გენიოსი says:

    როდესაც სადმე რიგს დაინახავ აუცილებლად უნდა მიხვიდე და დადგე სალაროსთან ან კარებთან ყველაზე ახლოს. როცა გეტყვის ადამიანი რომ ის შენზე ადრე მოვიდა უნდა უპასუხო ლაკონურად “ვიცი” და ფეხი არ მოიცვალო ადგილიდან. როგორც კი საშუალება გექნება უნდა შეხვიდე იმ ადგილას რისთვისაც რიგია, ამ შემთხვევაში თუ ისევ გითხრა ვიღაცამ უტიფრად “უკაცრავად მე თქვენამდე მოვედი”, უნდა მოთოკო ნერვები და ისევ წყნარად უთხრა “ვიცი. რაღაცას ვკითხავ, ორი წუთის საქმე მაქვს” და ამის შემდეგ თუ მთლად თავზე გავიდა შენზე ადრე მოსული და გთხოვა ადგილის დათმობა ხმამაღლა აღნიშნე რომ უზრდელია და ამ ქვეყანაში ადამიანებს ძაღლებივით ექცევა ყველა!
    (არ ვიცი რამდენადაა ეს გავრცელებული მაგრამ ვინც იცის მერწმუნეთ დამიჯერეთ მენდეთ რომ ძალიან ძალიან მკაცრად იცავს ამ ტრადიციას!)

    • მჩხაპნელი says:

      :D :D გამომიცდია ნამდვილად და აბსოლუტურად გეთანხმები. სადაა ჩვენთან რიგის კულტურა :)

  5. noname says:

    ადრე ხშირად ვარღვევდი ამ შაბლონებს და არც იშვიათად გავმხდარვარ გასაკიცხი “საგანი”… ახლა უფრო ნაკლებად… მეც “მაშაბლონებენ” ნეტა ნელ-ნელა? :) :)

    • მჩხაპნელი says:

      ნუ, ამ ორი მოცემული წინადადებიდან თუ ვიმსჯელებთ, რაღაც ნიშნები შეიმჩნევა ამ “დანაშაულის” :)

  6. dzebo says:

    მე არატრადიციული ადამიანი ვარ… :)

    • მჩხაპნელი says:

      იშვიათობაა დღეს განსხვავებული ადამიანები :)

  7. dzebo says: |

    დეკემბერი 15th, 2009 at 8:59 პმ

    მე არატრადიციული ადამიანი ვარ…

    + 1 : ) საბედნიეროდ : D

    • მჩხაპნელი says:

      კომენტარის მათემატიკურ ნაწილში გეთანხმები :)

  8. mako says:

    ვიხალისე :)

  9. Babuta says:

    :D :D :D ილია ჭავჭავაძე ხარ პატარა… :D აი პირადად მე ძაან მაღიზიანებს სიტყვა “ბუკვალურად”. ნუ ეს შაბლონად არ ითვლება და სალიტერატურო ენაშიც არის შემოღებული, მაგრამ უსაზიზღრესია… :@ უი, ის გამოგრჩა, ნუ ყოველ შემთხვევაში არ გეწერა, რომ თუ კომენტარს აკეთებ სადმე უნდა დაწერო, რომ “ყველაზე ულამაზედია და რომ უძალიანმაგრესად გიყვარს…” :D :D:D

    • Mchxapneli says:

      ეგეც მეწერა, რომელიღაც შაბლონებში, “ადნაკლასნიკების” მგონი :) “ბუკვალური”, “ექსცესი” და “კონსესუსი” კიდევ :)

  10. teona says:

    skype-სთან დაკავშირებით მომეწონა შაბლონები :) დანარჩენსაც არაუშავდა

  11. LaasH. says:

    მთავარია, მეტროში ასო “ე” წაშალო :D

    • მჩხაპნელი says:

      ჰო, ზოგის ფანტაზია უფრო შორს ვერ მიდის :(

  12. RooD says:

    “რა უნდა იყოს სხვის ფეხსაცმელზე საინტერესო?!”

    :D :D ეს ჩვევა მაქვს.. :შ
    ყოველთვის სხვისი ფეხსაცმელები უნდა ვათვალიერო.. :D
    მაგრამ მგონი განკურნებადი უნდა იყოს.. :D

    • მჩხაპნელი says:

      ეს საკუთარი თავიდან გამომდინარეა “დანასკვნი” :)
      ერთხელ დავუკვირდი, რომ რატომღაც ფეხსაცმელებს ვაკვირდებოდი და მერე იმასაც დავუკვირდი, რომ სხვებიც აკვირდებოდნენ :)

      • RooD says:

        მაგას არასდროს დავკვირვებივარ.. :) აზი დავაკვირდები მაგასაც.. :)

        ხო კიდევ რატომ არაFერი გიწერია მეტროში შემოსულ მზის სათვალეებიან ახალგაზრდებზე?

      • მჩხაპნელი says:

        ეგ იმიტომ არის, რომ გვირაბიდან “დიდუბისკენ” როცა გამოვა მატარებელი, თვალი არ მოეჭრათ :P

        ვერაფერი განსაკუთრებული ვერ მოვიფიქრე და ისევ ვინმესათვის თავის მოწონების ვერსიას ავირჩევ :) ზოგჯერ იმდენი ხანი გიწევს დგომა, რომ სხვა გასართობი არაფერია. ჰოდა, ერთობიან :P

  13. Damien says:

    “შაბლონური მისალოცი ტექსტები”-ს ნაცვლად რამე ახალი რო შემოგვთავაზო კარგი იქნება))

    • მჩხაპნელი says:

      ინდივიდუალურია ეგ მისალოცი ადამიანის მიხედვით :)

  14. თამუნა says:

    იცი რა? უკვე მოსაბეზრებელია(ყოველშემთხევაში ჩემთვის) ასეთი მწვავე კრიტიკა შაბლონებზე, ტრადიციებზე, ბანალურობაზე. ასეთი პოსტები უკვე ისე მომრავლდა, რომ ეს სტილი უფრო ხდება უკვე შაბლონური, ვიდრე შენი ჩამოთვლილი. რაღაც ქცევებში, რომელიც მხოლოდ გარეგანი გამოხატულებაა, ვერ იქნება ყველა ადამიანი განსხვავებული..ის უფრო სისულელეა სკაიპში ვინმეს გაცნობისას ფანტაზიის უკანასკნელ სიტყვამდე იწვალო რამე განსხვავებული მიწერო ვინმე და ასე მოაწონო თავი. უბრალოდ უნდა იყო ის რაც ხარ. ასე უფრო მარტივია. ხანდახან სიმარტივეშია ხო იცი გენიალობა(”შაბლონური” ფრაზა დავწერე). მარტო შენ კი არა.. ბევრი კარგად კითხვად ბლოგზე გუგუნობენ ნიჰილისტები.. აშკარად შეგიძლია წერა, თანაც კარგად და კარგი იქნებოდა თუ რამეში კარგის დანახვას შეძლებდი(ეჭვიც არ მეპარება, რომ კარგსაც ხედავ, უბრალოდ ამაზე დაწერე) პ.ს. შეკვეთასავით კი გამომივიდა, უბრალოდ გირჩიე

    • მჩხაპნელი says:

      გამარჯობა, თამუნა,
      ხუთი წლისწინანდელია ეს პოსტი :)

Leave a Reply

Current month ye@r day *