“Facebook”-მა რა ჰქმნა?!

განრისხებული "facebook"

განრისხებული "facebook"

“შენ ჩემს გუ[გ]ლში შემოიჭერ, ისე როგორც დილის სხივი…” ამონარიდი ქართული ესტრადის ნაღვაწიდან

“ერთმა ძმამ Wall-ზე თხილის გული ატვირთა და დანარჩენმა რვამაც დაა–share-აო” – თანამედროვე ანდაზა

“facebook”–ი ჩვენს ცხოვრებაში ყოველგვარი “friend request”-ის გარეშე შემოიჭრა. შემოიჭრა ჯიქურ და დაუკითხავად, როგორც თემურ–ლენგი – საზღვარგარეთული გასტროლებისას, როგორც ბილწი ფიქრები – ადრიანა ლიმას ორმილიონიანი ბიუსტჰალტერის დანახვისას და როგორც შავი ზღვიდან მონაბერი ჰაერის ცივი მასები –  ”კურიერში” ამინდის პროგნოზის გამოცხადების დროს.

შესაბამისად, ახლა უკვე პირდაპირ რეჟიმში შეგვიძლია გავიგოთ, თუ როგორ იქექავს ყურს საჯაროდ რომელიღაც “მარშუტკაში” მყოფი უცნობი მოხუცი და მერე კომენტარებში ამ “უზნეობასთან” დაკავშირებით აღშფოთება ჯგუFUU-რად გამოვხატოთ; შეგვიძლია შევავსოთ უამრავი ტესტი და აღმოვაჩინოთ რომ “2013 წელს უნიტაზში ჩარეცხვით გარდავიცვლებით”; შეგვიძლია ვიშვილოთ ჰიბრიდული მონსტრი, დავარქვათ “პუწუწკუნა” სახელი და მერე ცივი ნიავის უნახავი გავხადოთ.

მოკლედ, უკვე ისე დაგვიდგა საქმე, რომ მალე ნეკროლოგებსაც Facebook-ზე გამოვაქვეყნებთ და ჭირისუფლის მწუხარებას ბარემ იქვე “გავიზიარებთ” ხოლმე.

"მომავლის პანაშვიდი"

მომავალი იქით იყოს (ისედაც იქით არის, კაცმა რომ თქვას). აი, აწმყოში კი მინდა Facebook-ის იმ რამდენიმე ტენდენციას შევეხო, რომელთა გადაგვარებაზე გული (და სხვა ნებისმიერი ორგანო) ნამდვილად არ ჩამწყდება.

წლების მატების უშუალო ინდიკატორი

ტენდენცია #1: მე მინდა ყველამ დაინახოს, რომ დაბადების დღეს გილოცავ!

რატომღაც მგონია ხოლმე, რომ “Facebook”–ის კედელზე “გილოცავ!!!”, “გილოცავ, მრავალს დაესწარი :*”, “ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ” და მსგავსების მიწერა უფრო მოვალეობის მოხდის ერთგვარი ნაირსახეობაა, ვიდრე გულიდან წამოსული სურვილი. შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ იუბილარის კედელი ემსგავსება “დეჟავურ მონაკვეთს”, სადაც მილოცვები ერთმანეთისაგან მხოლოდ ავტორთა სახელებითა და სმაილების რაოდენობით განსხვავდება. ფაქტია – ადამიანებს უბრალოდ გვეზარება, რომ ჩვენთვის ძვირფას ადამიანს ჩვენივე ძვირფასი დროის ხუთი წუთი გამოვუყოთ, დაბადების დღე განსხვავებულად მივულოცოთ და მხოლოდ მრავალზე დასწრებითა თუ მის ბედზე საზრუნავად ღმერთის დავალდებულებით (“ღმერთი იყოს შენი მფარველი”) არ შემოვიფარგლოთ ხოლმე (შენიშვნა: “ნუ, რა ვუყოთ ახლა, ყველა ორიგინალური ვერ იქნება” არგუმენტი მოძველებულია და თუ დავუკვირდებით, ადამიანის თვითდაკნინებას უწყობს ხელს).

თუმცა, სიტუაციის კომიკურობა (და ერთფეროვნება) თავის მწვერვალს მაშინ აღწევს, როდესაც იუბილარი კომპიუტერთან ჯდება და მის კედელზე არსებული თითოეული მოლოცვისათვის პერსონალური “დიდი მადლობა :* მეც მიყვარხარ :*”–ის მიწერას იწყებს. ჩვენთან, რა თქმა უნდა, ისიც დაუშვებელია, რომ მისალოცი ტექსტი პირად შეტყობინებაში მისწერო (ღმერთმანი, ეს ხომ დროის ზედმეტი ხარჯვაა და თან გვეზარება). დაე, ყველამ გაიგოს რომ ჩვენ მას ვულოცავთ!

"დავ–add-ო თუ დავადო?"

ტენდენცია #2: “ჩემი Like-ა და რაზეც მინდა იმაზე დავაჭერ”

მესმის, რომ ადამიანს შეიძლება მოგეწონოს უმი წაბლი, მეზობლის გოგო, “მარტოობის ასი წელიწადის” პირველი გვერდი, ტარხუნის ლიმონათი, თვით “შუა ქალაქში”–ს ღმერთმა უწყის მერამდენიღაცა სეზონიც კი, მაგრამ ვერ ვხვდები, თუ რატომ უნდა მოგწონდეს ისეთი კომენტარები, როგორიცაა “მეძინება”, “წავედი ახლა მე, აბა ჰე”, “აუუუუ…” და მსგავსი. აღარაფერს ვამბობ იმაზე “ძაღლი მიკვდება”, ან “თუთიყუში ბორშში ჩამივარდა და ჩამეფუფქა”–ს როცა წერ და ვიღაცეები არხეინად ა–like-ბენ. ყოველთვის როდესაც ამ ტიპის სტატუსებზე მოწონებას ვხედავ, სურვილი მიჩნდება, რომ მათ ავტორებს თვალებში ჩავხედო და გაოგნებული ხმით დავუსვა ერთადერთი შეკითხვა: რატომ?

"ცოტა პური დამაპ(კ)ურე"

ტენდენცია # 3: “როცა შიათ ჭამენ”

“ყველაფერი ცვალებადია” – ადამიანი, რომელმაც “ცხოვრება ომია”–ს სიბრძნეც მოიგონა

შეკითხვა: როგორ იქცევა ადამიანი, როდესაც მას შია?

ჩვ.წ–მდე “კაი ხნით ადრე”: ჭამს ირემს, მამონტს, მგელს, თანატომელს…
I საუკუნე: შეექცევა პურს და უყურებს სანახაობას;
V საუკუნე: ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუცა დედათა და მამათა ერთად ეჭამოს პური?!
X საუკუნე: ჭამს ყველაფერს, რაც პირში მოხვდება (ოჰ, ეს ბილწი ცნობიერება, არა?);
XV საუკუნე: იწყებს ზრუნვას ზემოთხსენებული პირის გემოვნების ჩამოყალიბებაზე;
XX საუკუნე: შედის “მაკდონალდსში”, ან “საჭმელი რა გვაქვს, ქალო?”–ს წარმოთქვამს;
XXI საუკუნე: შედის “facebook”-ზე და სტატუსად იწერს, რომ შ ი ა!!!

დამეთანხმებით, საინტერესო ფენომენია გშიოდეს, გეძინებოდეს, გწყუროდეს, გეჭუჭყიანინებოდეს, გეჩქარებოდეს და ჭამის, ძილის, დალევის, დაბანის, ან, მოკურცხვლის ნაცვლად facebook–ში ამის თაობაზე წუწუნებდე.

ისე, არც ეს თვალები იქნებოდა ჩასახედად ურიგო.

ტენდენცია #4: “ცხრა ძმა ხერხეულიძედან რომელი ხარ?”

“უსაქმური კაცი facebook-ზე ტესტს ავსებდაო” – მახათი

ადამიანის ფანტაზია ხანდახან იმდენად უსაზღვროა, რომ აგორაფობიით (გაშლილი სივრცის შიში) შეპყრობილი ხალხისათვის შეიძლება სახიფათოც კი აღმოჩნდეს. თან სხვა რაღა ფუნქცია გაქვს ამ ცხოვრებაში თუ არ დაგაინტერესა რა ფერი შეგეფერება, ანჯელინა ჯოლის სხეულის რომელ ნაწილს გამსგავსებენ, წინა ცხოვრებაში ვისი ბიძაშვილი იყავი, ქათამი უფრო გქვია თუ კვერცხი, “Empire State Building”-ის რომელი სართული შეგესაბამება, რომელი საათი ხარ,  საერთოდაც რომელი ხარ და ათასი მსგავსი საჭირბოროტო საკითხი.

"და სატელეფონო წიგნის რომელი პერსონაჟი ხარ?"

თუმცა, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჩვენ ამ ყველაფერს მაინც ვავსებთ და კარგი შედეგის მიღების შემთხვევაში ვინძლო ის მეგობრებსაც კი შევახარბოთ.

ტენდენცია # 5: “ყველაზე… ყველაზე… ყველაზე”

“ხანდახან მგონია, რომ “V.I.P” “ვაი, იმათ პატრონს” უნდა ნიშნავდეს”ხალხური

“facebook”-ზე დიმიტრი გელოვანის მინი–ფილიალებსაც (“ყველაზე მაგარი ნაროდეე”, “ყველაზე ძერსკი სასტავი”, “ყველაზე ლამაზები”, “ყველაზე მაგარი მამების შვილები” და მრავალი სხვა) ხშირად ვხვდებით. მსგავსი ჯგუფები კი მათ მიღმა დარჩენილ ადამიანთა თვითშეფასებასა თუ ფსიქიკას “პირდაპირ საფრთხეს უქმნის” და თითქოს თვითკმაყოფილი იერით აგრძნობინებს კიდეც, რომ ისინი “მათი ფეხის მტვერადაც არ ღირან”. მართლებიც არიან, რა თქმა უნდა! აბა ისეთ ცხოვრებას რა ვუთხარით ჩვენ, სადაც არც “ძერსკი” ხარ, არც ლამაზი და არც “ვა[ი]უ”–საზოგადოებას მიეკუთვნები.

"ხელოვნური ფერმა"

გარე ტენდენცია # 6: ეს იმ კაცს გაუმარჯოს, ბოსტანი რომ მიგდებული აქვს და “Facebook”–ში “ფერმას” უვლის…

ადამიანებს ერთი საკაცობრიო თვისება გვაქვს – ხშირად ვიკვიატებთ ხოლმე, ანუ, შეგვიძლია რაიმე თემაზე იქამდე ვიხუმროთ, სანამ გარშემომყოფთა რეაქცია გულწრფელი სიცილიდან “ღადაობ ხო?”–მდე არ დაეშვება. “Facebook”–ის ფერმაც თავისი გადამხმარი თუ მოსასვლელი მოსავლებით დაახლოებით ერთი ამგვარი აკვ(ი)ატებათაგანია და შესაბამისად, გახუნების ფერმაც უკვე დიდი ხანია რაც გადაჰკრა. თუმცა, როგორც საქართველოზე საუბრისას პატივცემული ბარაკ ობამა იტყოდა, Who cares?”

ტენდენცია # 7: ფოტოები ძმათა, დათა… გულები,
მზის სურათზე რად ვართ დათაგულები?

თუ თქვენ ერთხელ მაინც არ მოუნიშნიხართ სურათზე…

ა) რომლის ცენტრშიც ინგლისური ასოებით ( !!! ) “ბოლოს როდის მნახე?”, “დამახასიათე ორი სიტყვით”, ”ჩამკბიჩე წინა კბილებით”, ან “რას გააკეთებდი ახლა ჩემთან” (მსუბუქ–ეროტიკული სურვილების თანხლებით) წერია;

ბ) რომელზეც აუცილებლად ფიგურირებს “I ♥” და ფანტაზიის გაღვივების ათასგვარი დასტური (მათ შორის ქალაქები, უბნები, უნივერსიტეტები და მაიკლ ჯექსონი)

გ) რომელიც იმდენად აბსურდულ საგნებს (აორტა–აორთ–ქლილი გული, ცხვირჩამოშვებული მზე, ან ჭაღარაშეპარული ციკლოპი) ასახავს, რომ მინიმუმ იმის მიხვედრა თუ რა შუაში ხარ ნიუტონის რომელიმე კანონის აღმოჩენის ტოლფასია.

…მაშინ ჩათვალეთ, რომ თქვენი ვირტუალური ცხოვრება არის “ფუჭი და მხოლოდა ამაოება”.


პ.ს: ისე კი, გინდ აჩვენეთ ეს პოსტი ”Facebook”-ს და გინდ არა, ტენდენციებ–ცხელება მაინც იქნება…

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
190 Responses
  1. შოთა says:

    აბსოლუტურად ვეთანხმები ავტოოორს!! ვაიმე სად ვიყავი აქამდე, ეს საიტი რომ არ ვიცოდი!!!! მაგრამ ერთი პრობლემა მაქვს – ვერ ვრეგისტრირდები….

  2. SUNქცია says:

    )) არაუშავს ხდება ხოლმე )

  3. უსაქმური says:

    ბრავოო!!!!! ;(

  4. უსაქმური says:

    ის არ დაგავიწყდეს ”ჩვენ ვიცით და თქვენ არ იცით”-ის პრინციპი. კომენტარები როგორიცაა >>
    A: თაააააააკ :X:X:X:X გახსოოვსსს????
    B: კიიიიი :X:X :** მაგას რა დამავიწყებსსსსს :) ) აუ რა მაგარი იყოო <3 :) )))
    A: ხო გოგო და ''ის'' თუ გახსოვს ''იიისს?'' :X:X:X :*** <3
    B: მიყვარხაართთთთ ჩემებოოო <3 :) )) :X:X:X (ყოვლად ალოგიკური პასუხი ასეთივე შინაარსის კითხვაზე)

  5. ეს პოსტი წაკითხული მქონდა . მაგარია.მომწონს.ძალიან ვხალისობ lol

  6. კუ says:

    გაზიარებამ დაგლიჯა! ძალიან კარგად წერს ეს ადამიანი!

  7. მარიკო says:

    გადავიტანე ეს სტატია Facebook-ზე და ველოდები ხალხის რეაქციას.ამიწევენ ყურს და ცალ წარბს ალბათ,ვნახოთ :)

  8. მარიკო says:

    p.s.სულო ცოდვილო,მეც დავა-share-ე :>

  9. ანა ფრაილი says:

    სწორია,სწორი… პუნქტობრივად, საქმიანად. მომეწონა. რაც შეეხება ფერმას, რაც მაგის არსებობა გავიგე, მაგას არ მოვთქვამ? ამდენი მეურნე თუა, რას გვიგავს ჩვენი ჩამჩხვლეული საქმეები? ავტორო, სალუტ, ვენსერემოს და ასე შემდეგ!

  10. ელენე says:

    რა ცუდია, ხელის ჩამორთმევა რომ არ შემიძლია პირადად ავტორისთვის!

  11. natia -_- says:

    dzaan gazviadebulia aq yvelaperi :D guli rogor gtkiva avtoro :D sxvebis cxovrebashi nu erevi :| gaige? ;)

  12. ზურაბ გვიშიანი says:

    მორალი ,,ზოგიერთებისთვის” : რამხელა სტატიაა, სანამ ბოლოში ჩავედი კინაღამ ფერმა გადამეწვა… :P

  13. არა ფაცებოოკს ვერ სჰევესჰვები რაც არ უნდა იყოს :D lol ;)

  14. გოგა says:

    იწყებ სტატიის კითხვას და გეღიმება, “როგორც შავი ზღვიდან მონაბერი ჰაერის ცივი მასები – ”კურიერში” ამინდის პროგნოზის გამოცხადებისას.” ფიქრობ რომ საინტერესო ე.წ ფოსტს (იმედია არ დამწამებთ ცილს რომ ზედმეტად ფბ-ურად გამომივიდა) წაიკითხავ. აგრძელებ კითხვას და ხვდები ფრაზას “ახლა უკვე პირდაპირ რეჟიმში შეგვიძლია გავიგოთ, თუ როგორ იქექავს ყურს … ” და გიჩნდება კითხვა იცის თუ არა ფოსტის ავტორმა ფბ-ს ნამდვილი დანიშნულება-გაზიარება. უკვე ისე დაგვიდგა საქმე რომ ნეკროლოგებსაც ფბ-ზე ვაქვეყნებთ და მოყვანილია სურათი რომელიც იუმორით შექმნილ ივენთს გვანახებს და კიდევ გიჩნდება კითხვა- იცის ამ ადამიანმა რას ნიშნავს ხუმრობა რომელზეც ყველა არ იცინის? ვაგრძელებთ და თურმე ცუდია თუ მეგობარს კედელზე დაუწერ გილოცავ.. და ვიგებთ რომ თურმე ფანტაზია გვაკლია- ჩნდება კითხვა, დარწმუნებული ხარ რომ ჩემი მილოცვა მხოლოდ კედელზე გილოცავ-ის დაწერით შემოიფარგლება? “ნუ, რა ვუყოთ ახლა, ყველა ორიგინალური ვერ იქნება” მანახე ადამიანი რომელმაც ასე გაიმართლა თავი და მეც დავუსვამ კითხვას რატომ ? : ) (ხედავ ღიმილი გამოვიყენე ნამდვილი ფბ-ელი ვარ და ალბათ შენი აზრით ჩემი ნება რომ იყოს ცეცხლზეც კი დაგწვავდი) კარგი ე.წ. ლაიქზე აღარ ვისაუბრებ ბევრს, უბრალოდ ყველას ის ვერ მოეწონება რაც შენ მოგწონს, ხომ იცი (?) ნებისმიერი ქმედება, უმოქმედობა და საერთოდ ყველაფერი შეფასებითია. რაც შეეხება ტესტებს, რა აზრის ხარ ანდაზაზე უსაქმური კაცი იქ იმას ირჭობდაო ? რატომ არ ცდილობ ამას ისე შეხედო რომ მაუსის კლავიშმა ჩაანაცვლა მახათი და ესეც დროის გაყვანის ერთერთი საშუალებაა ? და რამაც გადამაწყვეტინა საერთოდ ამ კომენტარის დაწერა იყო ეს “მათ მიღმა დარჩენილ ადამიანთა თვითშეფასებასა თუ ფსიქიკას “პირდაპირ საფრთხეს უქმნის” ძალიან მაინტერესებს გულკწრფელად ამ ფოსტში ასე არაფერს დავუინტერესებივარ, შენი სურათები როგორც მივხვდი არ დევს მსგავსი სახის პროფილებზე და შენ ამის გამო ფსიქიკასთან დაკავშირებით პრობლემნები შეგექმნა? სრული მარაზმია ამგვარი სახის პროფილები გეთანხმები მაგრამ რა შუაშია აქ ადამიანის თვითშეფასება ? გამაოცე : )))) ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ამ სტატიის 97%-ს არ ვეთანხმები, იმის მიწერა დაგავიწყდა რომ ოდნოკლასნიკი აღარავის აქვს იმიტომ რომ ბანძია და ახლა ყველა ფბ-ს ხმარობს, ესეც როგორი გავრცელებულია : )))

    • ნიი says:

      მომეწონა. გოგა-ს პოსტი. ხოდა კიდე მაინტერესებს ამდენი დეტალები საიდან იცის ავტორმა, თუ თვიტონ არ არის მონაწილე :) ) მოკლედ ამ სტატიას თუ რაც არის, რომ შევაფასო, კარგად წერია, მაგრამ ავტობიოგრაფიას მაგონებს :) ))

    • iSteg says:

      ცოტა გაშალაშინება უნდა და მშვენიერი response გამოვა :) ისე კი, ჩემი მოკრძალებული აზრით, აწუხებს ავტორს იმ საზოგადოების ბედი, სადაც ცხოვრობს და ცდილობს რაღაც შეცვალოს. დასაფასებელია :)

      და რაც მთავარია – Disconnect!
      http://www.youtube.com/watch?v=1Kdag6SR1zM

  15. ანნი says:

    აუუ ძაან მაგრა წერ რა გავგიჟდი ყოჩაღ

  16. მარიამი says:

    გავერთE, მაგრამ მაინც გოგას ნათქვამს გაუმარჯოს lol lol lol

  17. ნინი says:

    მეც ბანალური ვიქნებიი და გეტყვი როოომ ძალაინ კარგად გამოგდის წერა და თან ყველაფერს რეალურად წერ.. იუმორიც საკმაოდაა . მომეწონა

  18. რავი ვიღაც says:

    სამწუხაროოდ რეალობას ვერ გაექცევიი !!! რას ვიზამთ ვაცადოთ ცხოვრება “ყველაზე ნაროდე”ბს !!!!
    :| :|

  19. მარი says:

    :) salamii :)
    martla dzalian momwons sheni weris stili, originaluria da statiasac ufro metad sainteresos xdis :) warmatebas gisurveb… ise jurnalistobas xo ar apireb?
    facebook tan dakavshirebit yvelafershi getanxmebi :) )) kargad vicine, amisvis didi madloba

  20. სალო says:

    რეალობის ამსახველი პოსტია…სასაცილოც არის და სატირალიც,პირადად მე ძალიან მომეწონაა :) ))))))

  21. კნაჭო says:

    ყველამ ყველაფერი ვიცით და მაინც განვაგრძობთ აქტიურ FACEBOOK-ელობას… არ მოგვწონს და დავცინით ყველაფერს რაც პოსტშია, მაგრამ კითხვას რომ დავამთავრებთ იგივეს ვაკეთებთ. საინტერესო შეკითხვაა- რატომ?? პასუხი მარტივია… მოდაშია და იმიტომ :P ისევე როგორც მოდაშია LIKE-ს დაწერა, და-SHARE-ება და სხვა ათასი სისულელე, ახლა ტენდენციაა ამ ყველაფერზე გაჯერებული სარკაზმით საუბარი-წერა(რაც გადმოცების განსაკუთრებულ და მოსაწონ სტილად ჩაითვლება). ამ ტენდენციასთან უშუალო კავშირშია იშვიათი კომენტარი(გარდა: მაგარი ხააარ. მომწოოონს, + და ა.შ) იმის შესახებ, რომ ეს უკვე გაცვეთილი საუბარია გაცვეთილ თემაზე…..

  22. ბესო says:

    სანაქებოა….

  23. სიხუ says:

    sxva ra gza gvaq unda davitxarot tvalebi

  24. ლევანი says:

    “ერთმა ძმამ Wall-ზე თხილის გული ატვირთა და დანარჩენმა რვამაც დაა–share-აო” რა კარგი ანდაზააა :)

  25. ლეო says:

    :) კაი საიტია

  26. მაუსი says:

    ჰო, ეს სტატია ძალიან მომწონს ;)

  27. ანო says:

    მალადეეეც :D

  28. DOFAMINKA says:

    იუმორით ჩავიკითხე მთელი პოსტი, ზოგან მეღიმებოდა კიდეც, თუმცა იყო რაღაც აზრები, რომელსაც მთლად არ ვეთანხმები, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია და მეტი არაფერი, მე პირადად აქ ჩამოთვლილი #7 პუნქტიდან, ალბათ მხოლოდ მილოცვა თუ გამიგზავნია მეგობართან და ისიც ყურადგების მიზნით და არა იმიტომ, რომ “აი მივულოცე”თქო მეჩვენებინა ხალხისთვის : ) დანარჩენს რაც შეეხება, არი მასში სიმართლის მარცვლებიც, თან არა ერთი… : ))

  29. შაკო says:

    ვეთნხმები ავტორს ყველაფერში
    ფეისბუკმა მთელი საქართველო მოიცვა, მათ შორის ვარ მეც, სამწუხაროდ რამდენჯერმე ვცადე ფეისბუკში გაუქმება,მაგრამ ისე აღვადგინე. ფეიზბუკზე ვარ დამოკიდებული მთლიანად

  30. უბრსლოდგოგოგოგო says:

    სტატიიდან გამომდინარე შენ თვიტონ FB გაუქმებილი გაქვს მაგრამ ალბათ ადრე გქონდა. სტატია უბრალოდ ისეთი მაგარია რომ სიტყვები არ მყოფნის. ძალიან გამიხარდება თუ ასეთი ადამიანები საქართველოში იმრავლებენ. FB იგივე ნარკოტიკია ან რაღაც ჭია რომელიც გიძვრება და არგასვენებს. მე თვითონ ცოტა ხნის წინ გავაუქმე Dა უბრალოდ მივხვდი როგორია ცხოვრება FBს გარეშე , ხალხი მას იმისტვის იყენებს რომ Dრო გაიყვსნოს დ. Aმისთვის უამრაVი საშVალება არსებობს . თინეიჯერი ვარ და ყოველდღIურად მესმის ფრაზები “აუუუუ გააკეტე FB” დ. Bევრს ალბათ ვგონივარ დედიკოს Gოგო ან Gოიმი ან რაგაც მსგავსი . Uბრალოდ ვუყურებ ასეთ ხალხს და ხშირად მეცოდენა მაგრამ ისინი არ არიან დამნაშავეები ეს ხომ მოდაა და აყვნენ მაგრამ ძალიან ღრმად შეტოპეს და მინდა რომ ხალხი მიხვდეს ამას და დროულად დაანებონ თავი. Vიცი გამოხტებიან ვიღეები არ შემიძლია ან რა სისულელეა “არ შემიძლია ” რა თქმა უნდა არ არსებობს “სისულელეა” კი ნიშNავს რომ ეს Iმდენად მართალია რომ დაჯერება უჭირთ და ეშინიათ ხალხის დაცინვის….. დიდი მადლობა ავტორს რომ Aრსებობს

Leave a Reply

Current month ye@r day *