“თავი გამანებეთ ყველამ” და “Skype”–ს სხვა სტატუსები

“პოსტს ვწერ” – ჩემი “skype” სტატუსი სამი საათის წინ
“სამი საათის შემდეგ…”© “ჰოლივუდური” ფილმები

[აქ უნდა ყოფილიყო შესავალი სტატუსებსა და მათ ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობაზე. თუმცა, შესავალის ამაო ძიების შემდეგ ისევ  გამოსავლის ძებნას მივყავი ხელი და საბოლოოდ, ფანტაზიის უსუსურობის მიჩქმალვა პირდაპირ პოპულარულ სტატუსებზე გადასვლით გადავწყვიტე]

1. “თავი გამანებეთ ყველამ” – მასობრივი ნუგეშისცემის სურვილით აღტკინებული პირის სტატუსი, რომელიც ინტრიგან და პროვოკატორ ადამიანში აუცილებლად აღძრავს შეკითხვას სასოწარკვეთილი ობიექტის “skype”-ში ყოფნის აზრისა თუ ფუნქციის შესახებ. ამგვარ სტატუსს, რა თქმა უნდა, რეფლექსურად მოსდევს მშმუშვნარ (“შმუშვნა” – უსიამოვნო მოლოდინით მოტივირებული ცმუკვა) ახლობელთა გულწრფელი ინტერესი, რომელიც ხშირ შემთხვევაში იწყება სიტყვებით: “რა გჭირს? :|ან “რა მოხდა, ე?”.

2. “მართლა არ მცალია” – მკაცრი ხაზგასმა იმისა, რომ  ”skype”–ს ლოგოზე არსებული წითელი ზოლი “ძერსკობით”, მოდის მიმდევრობით, ან მსგავსი ყოფიერი მიზეზით კი არა, ჭეშმარიტი აუცილებლობითაა განპირობებული.

3. “[იმ ერთის] გარდა არავინ მომწეროთ” – ინტრიგანისებრთა ოჯახის ფრაზა, რომელიც, როგორც წესი, პირადად არავის ეძღვნება და მხოლოდ სხვათა ცნობისმოყვარეობაზე ღიტინს ისახავს მიზნად, რაც ამავე სტატუსით დაწესებული აკრძალვის ხშირ რღვევაზე პირდაპირპროპორციულად აისახება კიდეც.

"კვერცხი თუ ქათამი?" (სერიიდან "პოსტთან რა შუაში ვარ სურათები")

4. ”Youtube”-ს ვიდეოს ლინკი – სადაც შესვლა ნებისმიერ საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეს (ეს დიდებული ტერმინი გვაქვს და უნდა მოვუფრთხილდეთ) ნებისმიერ ვარიანტში უნდა დაეზაროს. გამონაკლისია ის შემთხვევები, როდესაც ლინკს ბოლოში “ნახეთ, ძაან მაგარია” აწერია და თან ახლავს ზოგადსაკაცობრიო რეკომენდაცია “ყველას მიერ” მისი ნახვის აუცილებლობის შესახებ.

5. “საიტის მისამართი” – ძმის, მეზობლის, შორეული ნათესავის, პირადი მძღოლის, კლასელის დეიდაშვილის ან საკუთარი ვებგვერდის პოპულარიზაციის მარტივი გზა, რომელსაც ნებისმიერ ვარიანტში თან უნდა დაერთოს მინიმუმ ერთი საქებარი კომენტარი (“შედით, მართლა მაგარია”) და პოტენციურ მომხმარებელთა სკეპტიციზმის დამთრგუნავი თეზისი (“ვირუსი არ გეგონოთ”), რაც ქართული რეალობის რაციონალურ გამოძახილად შეიძლება ჩავთვალოთ.

6. “მიშა, რომ შემოხვალ მომწერე” – “skype”–ს სიის პერიოდული (და უშედეგო) აკეცვა–ჩაკეცვით შეღონებული ადამიანის დანაბარები, რომელიც იმედოვნებს, რომ სასურველი პიროვნება ქსელში შემოსვლისთანავე რატომღაც მეგობრების სტატუსებს ებრდღვნება და მისადმი არსებულ მიმართვასაც მყისიერად გამოეხმაურება [ილუსტრირებისათვის გამოყენებულია "ნატოს" "skype"–ს სტატუსი].

"დათვური სამსახური"

7. <– ჩემი [ვიღაც] – ამ შემთხვევაში ძირითადი დატვირთვა სტატუსის ნაცვლად ავატარზე მოდის, სადაც ჩვილობიდან თავდაღწეული ბავშვი, ან ძაღლობაში ფეხშემდგარი ლეკვია აღბეჭდილი. “ვიღაც”–ის ნაცვლად კი ხშირად გვხვდება ცხოველური წარმომავლობის (“გოჭი”, “გოჭუნა”, “ზღარბი”, “ციყვი”), ეგზისტენციალური (“სიცოცხლე”, “ცხოვრება”, “სიხარული”), კულინარული (“ჩასაყლაპი”, “შესახრამუნებელი”, “ჩასაკვნეტი”), ხავერდოვანი (“ფუმფულა”, “ღუნღულა”, “ფუშფუშა”) და ათასმაგვარი სიტყვები.

8. ” [მიშა] მაგარია” – ვისიმე განდიდების მიზნით შექმნილი სტატუსი, რომელიც ყოველგვარი არგუმენტის გარეშე ცდილობს თავისი აზრი ჩვენს დაბდურა ქვეცნობიერს მზაკვრულად შეაპაროს.

9. “დარჩა 10 დღე…” – სტატუსი, რომელმაც კალენდარზე წითელი X-ით გადახაზული რიცხვები, საკნის კედელზე ირიბი ხაზით გადაკვეთილი ვერტიკალური ჯოხები, ახალი წლის ღამეს უკუღმა დათვლილი ციფრები, “ჰოლივუდური” ბომბების წითელ ციფერბლატზე დარჩენილი წამები და მოლოდინის სხვა მეტამორფოზები ერთდროულად ჩაანაცვლა (შენიშვნა: დღეების კლებასთან ერთად სტატუსის გასწვრივ მხიარული სმაილების კასკადი აუცილებლად მატულობს)

10. “მიყვაარს :X” – გულსა და სამეგობრო წრეში ვერდატეული გრძნობის ვულკანური ამოფრქვევა, რასაც ტრფობის ობიექტის სურათი და რამდენიმე გულდამწვარი სმაილიც უნდა ახლდეს თან. ამავე კატეგორიის ქვეპუნქტებად შეგვიძლია მივიჩნიოთ: “მენატრებაა.. ;( (მანძილ–მიზეზობრივი), “ვგიჟდები” (ფსიქო–მეტაფორული), “გენაცვალეე” (სიცოცხლე–შეწირვითი) და სიყვარულის გამომხატველი სხვა ლექსიკური ერთეულები.

11. “Is now listening…” – სტატუსი, რომელშიც ქვეცნობიერი მესიჯი – “ყველამ გაიგოს, რომ მე გემოვნებიან მუსიკას ვუსმენ” – არის ჩადებული. თუმცა, ყველაფერი ბაბილონის გოდოლივით შეიძლება ჩამოინგრეს მაშინ, თუკი ღმერთი გაგიწყრებათ, ცა შეგრისხავთ, ეშმაკი დაგლახვრავთ და შემთხვევით, მერაბ კაშიას, ან, მორის ჯანაშვილს ჩართავთ…

მიდი მერე და ამტკიცე, რომ “Pink Floyd” შენი საყვარელი ჯგუფია და “იავნანას” ნაცვლად ვივალდის მუსიკაზე ხარ გაზრდილი [ილუსტრირებისათვის გამოყენებულია ვანო მერაბიშვილის სტატუსი];

"რაო რაო?"

12. “არავინ მომწეროთ” – ტომ სოიერი ერთგან ამბობდა: თუ გსურთ ადამიანს რაიმე გააკეთებინოთ, პირობა დაადებინეთ, რომ ამას არასოდეს იზამსო. შესაბამისად, ეს ერთი შეხედვით პარადოქსული (“აბა სკაიპში რას აკეთებს?”ზემოხსენებული ინტრიგანი) ფრაზაც თავის თავში დიდ ფილოსოფიას მოიცავს;

13. “ლექსის ტაეპი/ ბრძნული ფრაზა” – ამონარიდი გალაკტიონის  (+ იმ პერიოდში აკვიატებული პოეტები) ნებისმიერი ლექსიდან და სიბრძნე, რომელიც აუცილებლად ინგლისურ (გამონაკლის შემთხვევაში – რუსულ და ნუ, თუ მაინცდამაინც “გოიმი ხარ” – ქართულ) ენაზე უნდა გადმოიცეს (“მიაგეთ ღმერთს ღმრთისა, კეისარს კეისრისა და კუს კუსი” – სიტყვა “კუსკუსის” წარმოშობის ვერსიები, ეტიმოლოგიური ლექსიკონი);

14. “შიდა ხუმრობა” – სტატუსის სახეობა, რომელსაც საფუძველი “Skype”-ს მიღმა ეყრება და სუბიექტის მიერ მხოლოდ საკვანძო სიტყვებით (“როგოო–ოორ?”, “ი, გაქრი შენა აჰანდე”, “Hey, man…”) გადმოიცემა. ასეთი ფრაზებისათვის უმრავლესობის მხრიდან, როგორც წესი, მასობრივი გაურკვევლობა და საჩვენებელი თითის საფეთქელთან აქტიური წრებრუნვაა დამახასიათებელი.

15. “სმაილები” – ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვერანაირ დეპრესიულ სტატუსს ვეღარ იგონებ და ხვდები, რომ “დავიღალე რა”– ძალიან გაცვდა, როცა არც “რაფაელო” გაქვს და არც არაფრისმთქმელი სიტყვები, როცა ბედნიერების გამოსახატად ლექსიკა არ გყოფნის და როცა უბრალოდ რაიმე განსხვავებულის დაწერა გეზარება.

სუბიექტის გრძნობათა სიმძაფრე კი ასეთი შემთხვევების დროს სრ–ებში (სმაილთა რაოდენობა – ახალი ერთეულია) შეგვიძლია გავზომოთ.

"რაფაელოს" სინონიმები

16. “მოვალ მალე” – სტატუსი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ სუბიექტი გაურკვეველი დროით (“მალე”–ც ფარდობითია) გაურკვეველ ადგილზე არის წასული და არავინ იცის (ღმერთის გარდა) უკან როდის დაბრუნდება. ფრაზის მიზანია აირიდოს დაგვიანებული მიწერით გამოწვეული ისეთი უკმეხობანი, როგორებიცაა: “პასუხსაც არ კადრულობს ეს იდიოტი!”, “წავიდეს ერთი…”, “თუ არც მომწერს” და მრავალი სხვა.

17. “გასული ვარ” – იმავე კატეგორიის დანაბარები, რომელიც გაურკვევლობის ხარისხით წინამორბედს ბევრად აჭარბებს და არც მინიმალურ მინიშნებას იძლევა იმისა, თუ როდის დაუბრუნდება უძღები (ან, მაძღარი) შვილი “skype” სამყაროს [ილუსტრირებისთვის გამოყენებულია ირაკლი ოქრუაშვილის სტატუსი]

18. “შედით [აქ და აქ] და ხმა მიეცით [ამას და ამას]” – აპრობირებული მეთოდია ბავშვთა სილამაზის კონკურსში – ბიძაშვილის პატარა გოგოს, მუსიკალურ შეჯიბრში – უბნის ბენდის, მოდელების შერკინებაში – შეყვარებულის დაქალის და ლიტერატურულ პაექრობაში – დამწყები (თან, რა თქმა უნდა, ნიჭიერი) შემოქმედის მხარდასაჭერად. თუმცა, ამგვარი თხოვნები უკვე ყელში იმდენად არის ამოსული, რომ მას ბოლოწვეთნაკლული მოთმინების ფიალისათვის ღირსეული კონკურენციის გაწევაც კი შეუძლია (“კიდევ კარგი ის პერმანენტული ქვა მაინც არსებობს, მადლს მომავალში ისევ უკან დასაბრუნებლად რომ იტოვებს ხოლმე”ქართველი ანდაზთმკვლევარი)

პ.ს: “Only God Can Judge me” – ციკლიდან “ნურც წარსულს დავივიწყებთ, ხალხო”

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
130 Responses
  1. ლინა says:

    მაიმუნო შენ :P :D ტომ სოიერი არ ცდებოდა !

    • მჩხაპნელი says:

      მე ყოველთვის მჯეროდა ტომ სოიერის გამჭრიახობისა და შორსმჭვრეტელობის :)

  2. ლინკს არ მიხსნის, თორემ კი wasntme

    • მჩხაპნელი says:

      რაღაცეები აკრძალეს და ეს იყო ალბათ მიზეზი :) ახლა შორი გზიდან მოვუარე და შინ როგორ მივალ, კაცმა არ იცის :P

      • მე რომ იმ დღეს მივედი მშვიდობით, მთლად იმნაირი მშვიდობით ნუ მიხვალ :P

      • მჩხაპნელი says:

        :D როგორც ერთი ქართული დიადი ნუგეში იტყოდა: ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის :)

  3. modebilo elementi says:

    არ ხსნის:(
    პოსტს რომ ვეღირსეთ ეგ უკვე კარგია :)
    კარგ პოსტს რომ ვეღირსეთ,ეგ მთლად გადასარევი :D
    განსხვავებით Facebook-ზე დაწერილი პოსტისგან,ამ ან ვერ შემარცხვინა,ამაყად ვაცხადებ,რომ არცერთი პუნქტი არ მომერგო wasntme არადა სკაიპს არცთუ იშვიათად ვიყენებ.
    იმედი მაქვს,ამ პოსტს BBC-ის ეთერში არ ვიხილავ,გარდაქმნილი სახით :)

    • მჩხაპნელი says:

      :D შეიძლება მე ვმსჯელობ ჩემს “სკაიპის” სიაზე ვიწრო-მხედველობრივი დაკვირვებით :P ზოგიერთი სხვა სოციალური ქსელების სტატუსებშიც გადაიპარება ხოლმე ხანდახან :)

      ჰო, ლინკი გასწორებულია :P

  4. SaLoMea_Mze says:

    ეს სასმარტკლბ-საკონკურსო პოსტი იყოოო? : ))))

    არა რამდენჯერ უნდა შეგაქო და აღვფრთოვანდე შენი პოსტებით არ ვიცი :)
    მაგრამ, უკვე მომბეზრდა შენი უნიკალური პოსტების კითხვა :P
    არ გიცდია, როდესმე ძაააან იდიოტობა დაგეწერა?! :D

    • მჩხაპნელი says:

      არა, ეს უბრალოდ ახალი პოსტია :) სმარტ-კლუბში ნებისმიერი დაწერილი პოსტი შეგვეძლო გამოგვეყენებინა :P

      მშვენიერი თემაა “ძააან იდიოტობა პოსტი”, დამაინტერესა ამ სათაურის ქვეშ რისი დაწერა შეიძლება :) თან რომ არც გზღუდავს: რაც გინდა დაწერე, სათაური მაინც შენ გაგამართლებს. ვცდი :D

  5. რამონა says:

    კარგია და ბიბლუსს რომ აქვს კიდევ რაღაც კონკურსი, იცი?

    • მჩხაპნელი says:

      კი, ოღონდ იქ მოტივატორი არ არის იმდენად ძლიერი, რომ შეკვეთით დავწერო რამე და ცხრა ბმული გამოვიყენო პოსტში (რაც ყველაზე მეტად არ მიყვარს ხოლმე) :)

  6. kanudosel! says:

    რა ურცხვია ეგ სმარტი დალაიქების და რეგისტრაციის გარეშე არ აჩვენებს კონკურსნტებს თუ მე ვერ გავიგე კარგად? დაგვილინკეთ რა აქ ზარმაცებისთვის ( რაფაელო სმაილი)
    p.s. რაც შეეხება პოსტს სიახლე არაფერი ისევ კარგია :P

    • მჩხაპნელი says:

      :D არა, უბრალოდ იმ ლინკიდან გადადის საკონკურსო გვერდზე, სადაც ჩემი პოსტიანად ვმდებარეობ.
      ხმის მისაცემად უბრალოდ პოსტი უნდა “მოგეწონოს” ან როგორც იტყვიან ხოლმე “დაა–like-ო” :)

  7. St. Joke Maker says:

    უუუუუუF გამოჩნდა ბიჭი, კუსკუსმა აღმაფრთოვანა, ტომ სოიერი ცდებოდა :D ავსტრალიას ასე დიდი ადგილი რატომ უკავია შენს ბლოგზე? შენც ის მიზეზი ხო არ გაქვს მაგ ქვეყნის სიყვარულის რაც მე. ?

    • მჩხაპნელი says:

      :D არანაირი სიყვარული. უბრალოდ ბლოგის ეს თემა იყო სიდნეიზე და მაქსიმალურად ვეცადე სხვა ღირსშესანიშნაობებით ცოტა მიმეჩქმალა (როგორც სჩანს, ამაოდ) :P რა სიყვარული გაქვს ასეთი? :)

      • St. Joke Maker says:

        ყველაზე სწრაფი ინტერნეტი აქვთ მსოფლიოში, ჩემი ინტუიცია და speedtest.net მეუბნება რომ კარგი უნდა იყოს იქ ცხოვრება :>

      • მჩხაპნელი says:

        მაშინ მეც მქონია საბაბი მისი შეყვარებისა. ჩემი ინტერნეტი ისეთი ნელია, რომ ჩამქრალი მანქანაც კი გაასწრებს, უკან თუ მიაწვები :)

  8. klim says:

    ცნობისმოყვარეობაზე ღიტინი და უსიამოვნო მოლოდინით მოტივირებული ცმუკვა მომეწონა hah
    არა, მთალიანად პოსტიც.
    ისე, დღეს დადგინდა თარიღი და დარჩენილია 18 დღე :P :P

    • მჩხაპნელი says:

      :D აფსუს,18 დღის განმავლობაში შემოსულ ვიზიტორთა 80–მა პროცენტმა მაინც ტომ სოიერს რომ დაუჯეროს…

      • klim says:

        გისურვებ 80მაც და მეტმაც დაუჯეროს ტომის.
        მერე შენზეა ერთი პოსტი იპადის სიავკარგეზე hah

        მაგრამ
        მე სხვა რამ ვიგულისხმე 18 დღეში, პრინციპში უკვე 17ში :) :) (სმილეებმა იმატა.)

      • მჩხაპნელი says:

        იმას მივხვდი, რომ მეცხრე პუნქტის ერთგვარი სიმბოლიზირება მოახდინე, მაგრამ 17… პრინციპში უკვე 15 დღეში რამე ისეთი ხდება, რაც მე შემეძლო გამეხსენებინა და ვერ გავიხსენე? 8-)

        • klim says:

          უკვე 14 დღეში , 29 ნოემბერს ევროპის იმ ქალაქში ბათუმს რო წააგავს რაღაც ხდება.. hah

          პ.ს ნიცაში არა hah

        • მჩხაპნელი says:

          ახლაღა ვნახე ეს სტატუსი და უკვე ფრიად ნასიამოვნები ვარ ნიცაში რომ არ მოხდა იმ მოვლენით :)

  9. an na says:

    მაგალითად სტატუსი- არ ვარ, მწვანედ ანთებულს, მეც ბევრჯერ მქონია, უბრალოდ განსაზღვრული ადამიანისთვის ხარ ზოგჯერ ონლაინზე და ეგ ‘არ ვარ’ მას არ ეხება :დ

    • მჩხაპნელი says:

      :D ჰო, ეგ ყველა წესს რომ გამონაკლისი აქვს, მაგ თეორიის გაგრძელებად შეიძლება ჩავთვალოთ :P

  10. max14characters says:

    20-ე ! ისე რამდენია ხანია რაც დადე? 3-ჯერ მეტი ლაიქი აქვთ სხვებს

    • მჩხაპნელი says:

      “ეხლა როცა ამ სტრიქონს ვწერ… სხვაობა ოდნავ შემცირდა :) სამმაგი აღარ არის, ყოველ შემთხვევაში :)

  11. MamuuK says:

    აუ ის გამოგრჩა “უფალო გაგვაძლიერე”, “ღმერთო (რაღაც)” ამ ხალხის აზრით ღმერთი აუცილებლად წაიკითხავს მათ სტატუსს და “გააძლიერებს”……

    რაღა დაგიმალო და მე უფრო წინ წარმომედგინე სიაში :)

    • მჩხაპნელი says:

      ჰო, ზოგადად ერთი გავრცელებული ფრაზა “ღმერთო, ურო ჩამცხე” გამომრჩა :) მაგრამ, აი, მაგის მთქმელს რა წარმოუდგენია და რა ხარისხის ფანტაზია აქვს, ამის თქმა უკვე გამიძნელდება :)

  12. Anny ..! says:

    რაც შენს სტატიებს ვკითხულობ ინტერნეტში ვერაფერი გამიკეთებია, მხოლოდ აქღა შემოვდივარ :D

    • მჩხაპნელი says:

      ერთი მხრიც ჩემთვის მეტად სასიამოვნო ტენდენციაა, მაგრამ მეორეს მხრივ მარტო ეს საიტი ინტერნეტში ჩემმა მტერმა (მაგალითად, დიმიტრი მედვედევმა) გახსნა (პრინციპში ესეც მაწყობს, ისე) :P

  13. არცერთ პუნქტში ვერ მოვხვდი, დაგემატებინა პუნქტი უსტატუსო სტატუსები და იქ მოვხვდებოდი. პრინციპში როცა ახალი ვიყავი სკაიპში მაშინ მქონდა ათასნაირი სტატუსი, ახლა უკვე უაზრობად მეჩვენება სტატუსები :)
    სმარტ კლუბში შენ არა, მაგრამ ბექა ადამაშვილს მივეცი ხმა :)

    • მჩხაპნელი says:

      არადა, ცოტა ხნის წინ მახსოვს დისშვილთან დაკავშირებული სტატუსები devilsmile მე მგონი ერთ–ერთ პუნქტში ხვდებოდა hah სენქ fორ ხმა! :)

      • გვანცი says:

        უი ეგ დამავიწყდა o_O მაგრამ მაინც ძირითადად უსტატუსო სტატუსები მაქვს ხოლმე :P
        არაფრის wasntme

      • მჩხაპნელი says:

        ეგეც თავისებური სტატუსია :P

  14. (c)მიყვაარს :X
    ერთი პატარა შესწორება: როგორც წესი ასეთი ტიპის სტატუსები ასე გამოიყურება:
    miyvaaaaaaaaaaaaaaaaars :************** ( :D )

    • მჩხაპნელი says:

      :D კი და მაგ ხვევნა-კოცნის სმაილს უფრო მეტი ორწერტილი აქვს შუალედებში :)

  15. არც კი ვიცი რა დავწერო ჩემი მოწონების აღსანიშნავად! სკაიპის სტატუსზე გავიკრა ამ პოსტის ლინკი?!

    • მჩხაპნელი says:

      :D დიდი სიამოვნებით გირჩევდი, ცოტა ხნის წინ მეხუთე პუნქტი რომ არ მქონოდა დაწერილი :)

  16. dj-guro says:

    ყვავამ ისე დაწერა სმარტ კლუბზე, თან თიბისი ჩვენი კონკურენტი ბანკია და რა დამაჭერინებს მაგ ლინკზე ხელს კაცო? :)

    • მჩხაპნელი says:

      :D მეც ვეთანხმები იმ პოსტს და საქართველოს ბანკს ვემეგობრები, მაგრამ მაინც გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება. რა არის ეს ცხოვრება 8-)

  17. oldsantos says:

    ღუნღულა რაღა უბედურებაა :D

    • მჩხაპნელი says:

      :D “ჭრიჭინაში” რომ არის წიწილებთან მიმართებაში გამოყენებული, იმ სიტყვის განზოგადებული ვარიანტია :)

  18. სა...ლ says:

    ესეიგი ერთხელ შემოვიჭყიტე ამ ბლოგზე და ვეღარ მოვშორდი… რადგან მე პირველად გაფასებ საჯაროდ (და არა ჩემ თავთან ბააასის დროს) არ დავიშურებ იმ მოსაბეზრებელ სიტყვების რო ძალიან მაგარი ხარ, კარგი წერის სტილი გაქვს, ყოველთვის საინტერესო თემებით და ა. შ. მოკლედ, ძალიან მომწონხარ…. ამ ბლოგის ხშირი სტუმარი ვიქნები wasntme ;)
    P.S. გამიხარდა, რომ ვერცერთ პუნქტში ამოღმოვაჩინე ჩემი თავი :D არასდროს მესმოდა იმ ხალხის რომლებიც 17 პუნქტს მიეკუთვნებიან :D

    • მჩხაპნელი says:

      :) შეგეჯიბრები “მოსაბეზრებელი სიტყვების” წარმოთქმაში და “ამ ყოველივეს გამო დიდ მადლობას გეტყვი”, შემდეგ გამოვთქვამ სიხარულს “ბლოგზე შენი ვიზიტების პერმანენტულობის” დაპირებისათვის და დავსძენ, რომ უამპუნქტო სკაიპები მეც ძალიან მიხარია :)

  19. ქრისტინე says:

    ნუ აკომპლექსებ შენ ბექა ამდენ ადამიანს,შენი გადამკიდე სტატუსები ვეღარ დაგვიწერია გემრიელად :P
    ჯერ გამოვეხმაურები ნომერ მეორე სტატუსს (რიგითობის მიხვედით გადავწყვიტე მხოლოდ): მე ყოველთვის ეგ რაღაც წითელი ხაზი მადევვს.იმიტომ,რომ არ მომწონს როცა ონლინზე ვარ, ვიღაც მოგწერს და ამოგიხტება ფანჯარა (ხმაც).ასე რომ ჩემი წითელი ხაზი ძერსკობით არაა განპირობებული.
    ახლა მე-4: იუთუბის ლინკები ხშირად მაქვს ხოლმე სტატუსად (კომენატრების გარეშე ოღონდ) და ამაში ვერაფერს ვერ ვხედავ ცუდს,როდესაც მე რაღაც ძალიან მომწონს,მინდა რომ ჩემმა მეგობრებმაც გაიზიაროს (ყველას სათითაოდ ხომ ვერ გავუგზავნი) და ეს ნორმალურია.
    მე-7:მგონი მეც მაქვს ჩემი ძალიან საყვარელი ლეკვის ფოტო ავატარად,რაც იმითაა განპირობებული,რომ მე მომწონს ძალიან.საერთოდაც ფოტოებს ხომ იმიტომ ვდებთ სოციალურ საიტებზე,რომ ჩვენმა მეგობრებმა ნახონ,რავიცი მე ასე მგონია და…
    მე-13:ბრძნული ფრაზა არა,მაგრამ რომელიმე კარგი ლექსის ტაეპის სტატუსად გამოყენებაში უარყოფითს ვერ ვხედავ მე ვერაფერს.დანარჩენ, შენ მიერ ჩამოთვლილ,სტატუსებს შორის მგონი ყველაზე ნორმალურია.
    ბოლო: სტატუსად არ მქონია,მაგრამ ერთ ბიჭს გავუვრცელე მსგავსი სახის რაღაც :? (მაგრამ მგონი მოგების მიზანი მამოძრავებდა :D ) და თუ კი ჩემი სტატუსი ვინმეს რამეში დაეხმარება დაე იყოს,ვინმე მოცლილი და/ან მადლის შემგოროვებელი შევა და მისცემს ხმას (

    • suxotuzeli says:

      ხო მაგისთვის მშვენიერი გამოსავალია Invisible-ს მიცემა. თუ არ ჩანხარ სავარაუდოდ არც გაწუხებენ.
      აი ჩემს სტატუსებშე კიდევ “ვინდოუსს აღარ ვაყენებ”, “ხალხო ჩემი საქმეც მკმარა შუაღამეზე მეზობლებში არ ვირბინო”, “ნუ გგონიათ რომ თქვენი მომპიუტერის რემონტი მიხარია” და ასე შემდეგ მაქვს :) .
      P.S. ტომ სოიერი ამართლებსმაინც ყოველ საღამოს სამსახურიდან მოსულს ახლა უკვე ახლო ბინის მცხოვრებნიც მხვდებიან “უფასო რემონტის სურვილით” აღტყინებულები.

      • მჩხაპნელი says:

        მაგას ფსიქოლოგიაში “ფეხის კარში შეყოფის პრინციპი” ჰქვია :) მცირე თხოვნიდან იწყებენ და მერე უკვე invisible–ს დაყენებას გაიძულებენ ხოლმე ადამიანს. მარტივი გამოსავალია, ერთ დღეს რომელიმე სხვა მეზობელს ასწავლო გადაყენება და მერე იმაზე გადაამისამართო დანარჩენები :)

    • მჩხაპნელი says:

      მე უბრალოდ სტატისტიკა მომყავს, მეტი არაფერი :)

      მეც მივყვები რიგითობას :P წითელი ხაზი ჩემთვის რატომღაც დაკავებულ ადამიანთან ასოცირდება ხოლმე, რომელსაც ვეღარ ვწერ მერე ამ მიზეზის გამო ხანდახან :) მაგრამ რა თქმა უნდა, მაინცდამაინც “ძერსკობას” და მოდურობას არ ნიშნავს ეს. გამონაკლისები ხომ ყველგან არსებობს :)

      ლინკის დადებაში ცუდს ვერც მე ვხედავ. უბრალოდ, რატომღაც მგონია, რომ თუ მითითება არ არის, რაზეა ეს ვიდეო, ან რატომ უნდა უყუროს ადამიანმა, თითქმის არავინ გახსნის ამ ლინკს :)

      მეშვიდეში მართალია დატვირთვა უფრო ავატარზე მოდის, მაგრამ ყურადღება მაინც სტატუსის ფორმულირებაზე მინდოდა გამემახვილებინა :) მსგავსი სტატუსი არ გეწერა შენ, როგორც მახსოვს :P

      მეცამეტეში ძირითადი აქცენტი მაინც ამ ფრაზის ინგლისურენოვნობაზე მინდოდა გამეკეთებინა და არა ფრაზის შინაარსზე :) ზოგჯერ მართლა კარგი ფრაზა არის ხოლმე wasntme

      ჰოდა, ბოლოს რაც შეეხება :D ეს ის შემთხვევაა, როცა იმ ბიჭმა უნდა მოკუმოს პირი და შერცხვენილი უკან გაბრუნდეს :)

  20. ცინოზა says:

    მჩხაპნელო, , , შენ ის მთავარი და მინიმუმი (რომელიც ჩვენთთვის მაქსიმუმად წოდებული და დიიიდი ფუფუნებაა) დაძლეული გაქვს, რასაც ჟურნალისტის მიერ, იმ ენის კარგად ცოდნა ქვია, რომელზეც სტატია უნდა დაწეროს, რომელ ენაზეც გადაცემა უნდა წაიყვანოს და ასე შემდეგ რაცხები აკეთოს, თუ რა თქმა უნდა იმ ქვეყნის შვილად თვლის თავს და თუ არ თვლის პატივს მაინც სცემს იმ ხალხს, რომელთა წინაშეც “სახელს იხვეჭს”. (მე კიდე არა მიშავს:)) პლუს იუმორი და მინუს უსასრულობა . . . მოგიკითხე და სულ ასე აღტკინებული მენახე :-)

    • მჩხაპნელი says:

      თუ მანამდე არა, ამ კომენტარის შემდეგ ნამდვილად აღვტკინდი hah
      ენის საკითხები ზედმეტად მაწუხებს ხოლმე და მიხარია, თუ მე თვითონაც ბევრ სტილისტურ თუ გრამატიკულ შეცდომას არ ვუშვებ :) დანქე :)

  21. teona-z says:

    მე მეთხუთმეტე პუნქტს მიმაკუთვნეთ

    • მჩხაპნელი says:

      ჰო, მეთხუთმეტე პუნქტი ყველაზე კარგი ტენდენციაა. ერთადერთი რაც ადამიანს მოგეთხოვება, საკუთარი განწყობის ყვითელი ბურთით გამოხატვაა :)

  22. აგათა says:

    დანამდვილებით გეტყვი, რომ ცდებოდა ტომი :)

    • მჩხაპნელი says:

      ესე იგი, ერთი პოტენციური ხმა დავკარგე :P

  23. :) says:

    ვაიმე რატო მიყვარს შენი პოსტები ესე ძააააააააან !!! ვგიჟდები …….ძაან მაგარი იყო განსაკუტრებიტ ბოლო :) )

    • მჩხაპნელი says:

      ეს ის შემთხვევაა, როდესაც არ ძალმიძს შენს პირად დამოკიდებულებას შესაფერისი ახსნა მოვუძებნო და ამ შეკითხვას პასუხი გავცე hah მაგრამ ფაქტია, რომ ეს მიდგომა ძალიან მომწონს wasntme

  24. მედუჩა says:

    აი აი ძაან მაგარი პოსტია … : *

    • მჩხაპნელი says:

      როგორც დამტვრეული ინგლისურის მცოდნე ქართველი იტყოდა: სენქ იუ :P

  25. მე says:

    რამდენი ხანია სკაიპის სტატუსებზე მინდა პოსტის დაწერა, რაც სათქმელი მქონდა დაწერე უკვე ))

    მაგარი პოსტია ბევრი ვიცინე ))

    • მჩხაპნელი says:

      უკვე ძველდებოდა ეს თემა (თუ არ დაძველდა პრინციპში) და დრო ვიხელთე, რომ ასე უჩუმრად არ გადამეგორებინა :)

  26. რამონა says:

    ისე მართლა კარგი იქნებოდა რომ მიგენიშნებინა რომ ბექა ადამაშვილი ხარ, ზოგმა ახლახანს დაიწყო ბლოგზე შემოსვლა და შეიძლება არ იცოდეს შენი გვარი და იქ საიტი არაა მითითებული ხო?

    • მჩხაპნელი says:

      სწორი შენიშვნაა და უმალ გავითვალისწინე :) ნამდვილად არ იყო საიტი მითითებული wasntme

  27. bughardti says:

    საინტერესოა, რამდენად ხშირად გაწუხებს ამგვარი აზრები??? :D ჟურნალისტიკის შუქურა ხარ რაა :D არცერთი პუნქტი რომ არ მახასიათებს ე.ი. ვერ ვარ, ხო??? :D :D:D:D

    • მჩხაპნელი says:

      :D აზრები დაწერამდე რამდენიმე საათით ადრე იწყებს შეწუხებას, მანამდე უბრალოდ მწიფდება ხოლმე :) აი, პუნქტების შენს ხასიათში ჯდომა საგანგაშო არ არის, მაგრამ სასურველია, რომელიმე ტენდენცია აიტაცო, რომ არ მოსწყდე საზოგადოებას hah

  28. debili :? says:

    კიდევ ერთი ვიციი :) ) “თურმე სწერვა(ც) ვყოფილვარ” მერე დაიწყება “შენ? რომელმა დებილმა გითხრა ეს?” ” მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ შენზე” და ა.შ

    • მჩხაპნელი says:

      :D ა, უი ჰო. “მე არავის ვუყვარვარ” – ეგეც მაგ კატეგორიაში გადის :) დამშვიდებისა და თვითშეფასების ამაღლებისაკენ მიდრეკილი სტატუსები 8-)

  29. debili :? says:

    აუ ვერაფერი გავუგე ლინკს.. :| როგორ უნდა მოგცე ხმა ვერ გავიგე :(

    • მჩხაპნელი says:

      1. ვაჭერთ ლინკს
      2. შევდივართ ავტომატურად “facebook”–ზე (ეს პუნქტი ჩვენ არ გვეხება, ინტერნეტი იზამს)
      3. ვაჭერთ “ხმების მიხედვით”, სადაც მესამე ვარ მე
      4. შევდივართ ამ პოსტში და მოწონების შემთხვევაში ვაწვებით “like”-ს
      5. მისია შესრულებულია :D

  30. ალუბალა says:

    მე ერთი მაგარი სტატუსი გამახსენდა…”გაიხსნა კლდე,ამოვიდა ორი ნიანგი,ერთი ყვითელი,მეორე მარჯვნივ,რამდენს იწონის კუ??”მართლა ნიჭიერობაა lol lol :D :D

    • მჩხაპნელი says:

      :D ეგ ცნობილი გამოცანაა, რომელსაც მრავალმხრივი პასუხი აქვს (დამოკიდებულია მოპასუხის ფანტაზიაზე) :) უბრალოდ, ნიანგების ფერები და ფრენის მიმართულებაა ხოლმე ცვალებადი :P

  31. მაკვირვებ ხოლმე ბექა.. სულ ასეთ მაგარ პოსტებს როგორ წერ? :დ :O devilsmile lol o_O

    • მჩხაპნელი says:

      ძირითადად, კლავიატურის დახმარებით :) მაგრამ აი, შეფასებას უკვე მე ვეღარ მოვახდენ, სხვისი საქმეა wasntme :)

  32. Borgez says:

    Is listening now არის სტატუსი ადამიანებისა, რომელთაც როგორც წესი last.fm scorbller უყენიათ, რომელიც პარამეტრების შეცვლის, კონკრეტულად კი ერტი პატარა “პწიჩკის” ჩაკლიკვის შემდეგ, სკაიპთან ავტომატურ კავშირს ამყარებს და სტატუსად აყენებს იმას რასაც უსმენს ესა თუ ის პიროვნება იმხანად. :)

    • მჩხაპნელი says:

      კი ვიცი, რომ რაღაც პროგრამაა, მაგრამ სახელი არ ვიცოდი :)
      თუმცა, იმ “პწიჩკის” მონიშვნა უკვე ერთგვარი კეთილი ნების გამოხატვაა იმისა, რომ შენი “ფლეილისტის” შესახებ მთელს სკაიპის სტატუსის მეშვეობით ამცნო :)

  33. შენ ეხლა სკაიპში სტატუსის ყველანაირი სახის დაწერის ტრადიცია დაგმე და მოსპე. მითხარი აბა რაღა დავწეროთ ხოლმე სკაიპზე? hah

    • მჩხაპნელი says:

      რა და…
      …ისე ეგ რომ გამხსენებოდა, კი მივაწერდი ინტრიგანულად პოსტშივე :P არც ამათი დაწერაა დანაშაული ისე :>

  34. samuraisxmali says:

    “ჩემი, ჩემი, ჩემიიი…” <— ეს გამოგრჩა, უსაზღვრო სიყვარულის სიტყვით გამოხატვის შეუძლებლობის თვალსაჩინო დადასტურება :D

    • მჩხაპნელი says:

      :D მე უფრო “სტატუსის” (ამჯერად ადამიანის მის ცხოვრებაში) განსაზღვრის პრობლემას უფრო ვხედავ მანდ :)

  35. კინეტოFობი says:

    ,,შენით უშენობა ქარში სიზმარივით კრთება… მომენატრე-ც” ერთ ერთი ასეთი მარგალიტია… :D

    • მჩხაპნელი says:

      :D ეგეთი შემთხვევები ჩემს სკაიპში არ ფიქსირდება (ტაეპი), თორემ “მომენატრე” იცოცხლე, იმდენია, არასოდეს მოგენატრება :)

  36. გიგა says:

    რა მაგარი პოსტიაააა,MiYvaaRs :X :D

    • მჩხაპნელი says:

      :D
      “ძაან მაგარი დღე მაქვს დღეს და ამ კომენტარმაც ხელი შემიწყო” :)

  37. Kate says:

    ჰაჰა, არადა ბოლო აბზაცი ზუსტადაც, რომ მოწოდება და პიარი არ არის საკუთარი სმარტ-პოსტისა???

    ხოდა, ბოლდის გარეშე ოდესმე დაგიწერია აქ პოსტი???
    ან ობიექტური პოსტი???

    პოსტი კი მართლა კარგი იყო. მომეწონა.
    მაგრამ ეს ყველაფერი ყველამ ხომ ისედაც ვიცით.

    • მჩხაპნელი says:

      ვეცდები განვმარტო :)
      1. ზუსტად აქედან გაჩნდა პოსტის იდეა და ამიტომ იყო ბოლო პუნქტად ლინკის მიწერა, რომ სმარტკლუბზე დახმარება მეთხოვა :)
      2. ბოლდის გარეშე არ დამიწერია აქ პოსტი და დიდ პრობლემას ვერ ვხედავ ამაში :)
      3. ვერ ვხვდები, რას ნიშნავს “ობიექტური პოსტი” “სკაიპის–სტატუსების” შემთხვევაში და ზოგადად, ვთვლი, რომ პოსტს მაინცდამაინც ობიექტურობა არ მოეთხოვება დიდი დოზით :)
      4. ყველამ რომ არ ვიცოდეთ ის იქნებოდა გასაკვირი, იმიტომ რომ ყოველი სკაიპის ნაბიჯზეა ეს სტატუსები :)

      • Kate says:

        1) ანუ შენ თან სხვას აკრიტიკებ like-ებს რომ ითხოვენ და თან თვითონ ითხოვ. ეგრე გამოდის.
        2) ანუ სულ ერთსა და იმავე სტილში წერ. ანუ ბოლდი, იტალიკი, ანდერლაინი და ანუ სრიფტის ცვლილება რომ არ გამოიყენო, ისე არ წერ არასოდეს. lol
        3) ვერ გამოვხატე კარგად, რისი თქმაც მინდოდა. ანუ სულ რაღაცას ან ვიღაცას აკრიტიკებ. მართალია იუმორით და მთელი ამბებით, მაგრამ მაინც. ხოდა ანუ არასოდეს გაგჩენია სურვილი, რომ უბრალოდ პოსტი დაწერო??? მაგალითისთვის შენი ბიძაშვილის – მია ნატალიას ბლოგი შეგიძლია ნახო. აბა მეტი აღარ ვიცი, როგორ აგიხსნა. lol
        4)შენ წარმოიდგინე და არა მხოლოდ სკაიპი, არამედ ყველა შენი პოსტი იმის გადამღერებაა ხოლმე, რაც ისედაც ვიცით. სიახლეს არაფერს წერ ხოლმე. კრიტიკა, იუმორი და ის, რაც ყველამ ვიცით. lol

      • მჩხაპნელი says:

        1) თვითკრიტიკაც კარგი რამეა hah
        2) ჰო, ეგ მართალია, ჩვეულება აქაც რჯულზე უმტკიცესი აღმოჩნდა :)
        3) :D ეგეთების დაწერა მიჭირს და არც მიცდია მაინცდამაინც, სიმართლე რომ ვთქვა :>
        4) :D უნიკალურობის ამბიცია არ მაქვს wasntme

  38. მარიიკ :* says:

    აუ კაი რაა :D აბა სტატუსი რისთვის არსებობს? :D ზედ რამე უნდა დააწერო და იმისთვის :D :D

    • მჩხაპნელი says:

      გეთანხმები, ოღონდ ეს რამე თუ ზემოთჩამოთვლილებისგან განსხვავებული იქნება, უკეთესად გამოვა :)

  39. მძიმე) says:

    სმარტის ფოტოკონკურსიც იყო:) თუ ეხლაც არის არ ვიცი hah

    კარგი პოსტია,ყველა სტატუსი არა,მაგრამ რამოდენიმე მეც მაქვს გამოყენებული ( როდესაც ვერანაირ დეპრესიულ სტატუსს ვეღარ იგონებ და ხვდები, რომ “დავიღალე რა”–ც ძალიან გაცვდა–აი ეს განსაკუთრებით მეცნო hah ) მშვენიერი სტატიები გაქვს:)

    • მჩხაპნელი says:

      ყველა სტატუსის გამოყენება მრავალფეროვან ცხოვრებასა და სტაჟს მოითხოვს :D

  40. levancho says:

    ესეიგი როგორც შენ ამბობ ადამიანს თუ უწერია სტატუსად “მოვალ მალე” ესეიგი ის ცდილობს რაღაც “უკმეხობანი” აირიდოს თავიდან? არა ვერ დაგეთანხმები, მეც დამიწერია ეგ სტატუსი მაგრამ მაგის მიზიზი ის არის რომ ხშირად სხვადასხვა 5 ადამიანს ვწერ ხოლმე და მართლა გავდივარ თუნდაც 20 წუთით, ამიტომ ვწერ სტატუსად რომ მალე დავბრუნდები, არ არის აუცილებელი 5_ვეს მიწერო ცალ_ცალკე რომ მიდიხარ. სტატუსი მარტივი ფორმაა…

    • მჩხაპნელი says:

      ეგ კი, მაგრამ მე მქონია შემთხვევა, როდესაც სკაიპი ჩართული დამიტოვებია და რომ მოვედი, ერთი-ორს “გამარჯობის” თქმაც ჰქონდა მოსწრებული და “კაი თუ არ გინდა ლაპარაკი, ნუ გინდა”-სიც :) სწორედ ამიტომ არის საჭირო ეს სტატუსი. უფრო სწორად, ერთ-ერთი მიზეზი ის არის, მეორე რაც შენ თქვი ისიც :)

  41. ნატა says:

    3 საათის წინ ვაპირებდი კომპის გამორთვას და დასაძინებლად წასვლას, მაგრამ შემთხვევით აქ შემოვხეტიალდი და წასვლა აღარ მინდა. Fეივორითებშიც კი ჩავაგდე უკვე რომ არ დამეკარგოს. აქამდე რატომ არ ვიცოდი შენს შესახებ არაფერი? მაგრამ თან მიხარია, კიდევ რამდენი რამ არის წასაკითხი, რამხელა სიამოვნება მელის წინ !!! ყოჩაღ, ბექა. ძალიან საინტერესოდ წერ, მომწონს სტილი, იუმორი, შენით მართლა მოვიხიბლე.

    • მჩხაპნელი says:

      უპირველეს ყოვლისა, როგორც ზრდილობიანი ადამიანი იტყოდა: დიდი მადლობა :)
      დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ შევძლებ და “Fეივორითებიდან” თავს არ ამოგაძირკვინებ უახლოეს მომავალში wasntme :)

  42. აქებ? says:

    დაგიფასდა შრომა, პირველზე ხარ. მარილიანი პოსტია.
    შენი აზრი მაინტერესებს >>>> სკაიპში მარტო 1 გოგო მყავს და სტატუსზე მიწერია მიყვარხარ-მეთქი. შენი გადასახედიდან მივეკუთვნები ზემოთხსენებულთა რიგს? უბრალოდ შენი, როგორც ამ და სხვა მსგავსი პოსტების ავტორის აზრი მაინტერესებს ).

    • მჩხაპნელი says:

      :D არა, ეს ისეთი სტატუსებია, რომელიც ყველას გვაქვს და ამიტომ ასე კონკრეტული “კატეგორია” არ არსებობს. მაგალითად, “მოვალ მალე” საკმაოდ პრაქტიკულია და მცირეოდენი სახესხვაობით ხშირად ვიყენებ ხოლმე :)

  43. სსსსსსსსსსსსსსსსსს says:

    is now listing ამის გარდა ყველა სასაცილოა ჰმ :MAD:

    ხო კიდე მჩხაპნელ რაღაც ისეთი წარმოდგენა დამიტოვე მგონი შენ უსმენ მერაბ კაშიას, ან, მორის ჯანაშვილს და გაბოროტებულის სტატუსით მიაცვ მოაცვამ :P

    • მჩხაპნელი says:

      :D არა, მე საერთოდ იშვიათად ვუსმენ მუსიკას და მაშინაც თუ მორის ჯანაშვილის/მერაბ კაშიას ვუსმინე მოწოდებით მაზოხისტი უნდა ვიყო :)

  44. მეგი says:

    ამ პოსტს რომ გადავხედე საერთოდ სკყპეს გაუქმებაზეც კი ვიფიქრე :D :D:D
    საინტერესოა მაგრამ მაშ რა დავაწეროთ სტატუსზე როცა 2 წუთით გავდივართ და სკყპეს გათიშვაც აუცილებელი არაა?

    • მჩხაპნელი says:

      მე ხომ არ ვამბობ, ნუ დაიწერთ – მეთქი :) პირიქით, “მოვალ მალე”–ს ვემხრობი, პოტენციურ შეურაცხყოფას გარიდებს ადამიანს თავიდან :)

  45. ეაგლე says:

    საგოლ ავტორრ მარტლა მაგარი ხარრრ საგოლლლლლლლლ

  46. ბაბუტა says:

    +1 ტომ სოიერს…:))))

  47. ანუშკა says:

    ძალიან მაინტერესებს თვითონ რა სტატუსი გაქვს

    • მჩხაპნელი says:

      გააჩნია სიტუაციას – ხან მზაკვრული, ხან პაროდიული, ხან პრაგმატული :)

  48. ნიკა says:

    მაგარი საიტია

  49. ემილი says:

    პოსტი საკმაოდ სრულყოლი ჩანს და ავტორისეული მოსაზრებებიც დამაჯერებლად ჟღერს… საინტერესოა უცნობი პიროვნების ფსიქოლოოგიის და ნამდვილი სტატუსის განსაზღვრა მისი ე.წ ”სტატუსის” მიხედვით. მე-10 პუნქტში განხილული შემთხვევა თითქოს ყველაზე ახლოსაა სინმადვილესთან . ავტორის აზრით, ეს მხოლოდ გადამეტებული გულწრფელი გრძნობის გამოხატვაა საჯაროდ ?! თუ შეიძლება სხვა ბევრი რამ ითქვას მის დამწერზე უფრო სიღრმისეულად თუ მივუდგებით საკითხს… დამპირდით, რომ არასდროს გამცემთ პასუხს : ))

  50. მახო says:

    ავტორ ხომ არ გაჭედე? :) ))

Leave a Reply

Current month ye@r day *