მოდის მოდაა მოდაში

"ერთგვარი მოდა"

“ჩემი მოდა ჩემივე კომოდით შემოიფარგლება” – დარდიმანდი და არამოდური ადამიანი

მოდის ცნება ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვიდან მოდის. ასე მაგალითად, ზეზვასა და მზიას მომთაბარე ცხოვრებისას ცხოველების ტყავი ან ბეწვი იყო მოდაში (ამ მხრივ, ადამიანი დღემდე ვერ განვითარდა), ქრისტეფორე კოლუმბის ეპოქაში – რუკების პერიოდული “refresh”–ი, თემურ ლენგის მოღვაწეობისას – საქართველოს დაპყრობა, “მირკის” ზეობისას – “ჩატში” “Hi All”-ით შესვლა და “Bye all”–ით დამშვიდობება, შევარდნაძის მმართველობისას – სანთლის გამაგრებული ნაღვენთების სანთელშივე ჩაწვით თავის შექცევა და სხვა მრავალი.

თუმცა, დღეს საქართველოში უკვე სრულიად ახალი – “მოდების მიმდევრობის” – მოდა შემოვიდა (“ფობიოფობია” რომ შიშების ქონის შიშია, დაახლოებით ისეთი).

მოდა – ის, რასაც ერთდროულად ბევრი ადამიანი მისდევს (და ზოგიერთი უსწრებს კიდეც)
მოდის მოდა – ქვეცნობიერი ინტერესი იმისა, თუ სად “მირბის” ამდენი ადამიანი

სჯობს, ისევ მაგალითები დავიხმაროთ:

"პაპარაცი"

ა) “ვაჰ, დრონი დრონი ნაგემნი მტკბარად…” – პოლაროიდი

გეკიდოს კისერზე ფოტოაპარატი და ფეხებზე – ფაქტი, რომ სურათის გადაღება არ იცი, უკვე მიღებული პრაქტიკაა. ასეთ დროს, რაც უფრო გრძელი გაქვს, საზოგადოების თვალში მით უფრო მეტად ფასობ (“ობიექტივს” ვიგულისხმობ, რა თქმა უნდა). მთავარია, რომ სურათის გადაღებამდე ფოტოაპარატი თვალთან წარბშეჭმუხნული სახით მიიტანო, უზომოდ დიდხანს ატრიალო და ღილაკზე თითის დაჭერის წინ სამ-ოთხჯერ ჩაიკუზო, ასფალტზე გაწვე, ბურთი აკენწლო, თავზე ფეხი შემოიდო, პროტეზი გამოიღო და ჭიქაში ჩადო, დედის წინ მორბენალ კვიცს გადაუსწრო, ნემსი აქლემიანად მოიპარო, ზოგი ჭირი შეირგო ან ათასი მსგავსი ქმედება ჩაიდინო. ამგვარი ქცევა კი ირგვლივ მყოფთ აფიქრებინებთ, რომ თქვენ თქვენი დონით ”უბრალო ჩამჩხაკუნებლებზე” ბევრად მაღლა იმყოფებით.

ბ)სიტყვა “ყველა”–ს ყველა შეცდომით იყენებს” – ასევე შემცდარი ადამიანი

“ყველას” სახელით რაიმეს დაჟინებული მტკიცების მოდაც უკვე უკვდავბას ეზიარა. მე კი ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე, რა სტატისტიკის საფუძველზე მსჯელობს ადამიანი, რომელიც ვიღაცას უმტკიცებს, რომ “მთელი თბილისი”, “მთელი სანათესავო”, “ფალიაშვილის ქუჩის მთელი ძაღლები” და “ბებიამისის მთელი სადაქალო” “მასთან ან მის გვერდითაა, რომ რომელიღაც უცხოელი მომღერალი, ან ჩვეულებრივი ფილმი “ყველასათვის საყვარელია”, რომ ნებისმიერი ჭორი რეალობაა, რადგან “ყველა ამას ამბობს”, რომ “ყველა გადარეული მაინცდამაინც მას უნდა გადაეკიდოს”, რომ “ყველა კითხულობს კვირის პალიტრას”, რომ “ყველა გზა რომში მიდის” და ასე შემდეგ.

ყველა არ კითხულობს "კვირის პალიტრას"

თუმცა, ამ სიტყვის გამოყენება რიგ შემთხვევებში მაინც გამართლებულია. მაგალითად კი, ისეთი გამოთქმებისას, როგორიცაა:

  • ყველამ თავის საქმეს მიხედოს” (სადაც მავანი “საქმე”-ს ზოგჯერ ერთი მეტად არამკითხე ორგანოთი ანაცვლებს, ან იგივე აზრს ვისიმე მამიდის მრუშობაზე არაპირდაპირი მითითებით გამოთქვამს)
  • ღმერთის წინაშე ყველა თანასწორია” (უნივერსალური გამოთქმა, რომელიც ჭეშმარიტებას უცხოპლანეტელების არსებობის შემთხვევაშიც კი შეინარჩუნებს)
  • “ყველა კაცი ერთნაირია” (ეს უბრალოდ ქალებს რომ მაინც ვერაფერს დაუმტკიცებ და სჯობს დანებდე, იმ ლოგიკით).

გ) “დიდი დეპრესია” – დღეს ახალგაზრდებში დეპრესია და სამყაროსადმი ნიჰილისტური დამოკიდებულება ისეთივე მოდური გახდა, როგორც უნივერსიტეტების წინ სიგარეტის ჯგუფურად მოწევა, მაიკები წარწერით “I NY”, “facebook”-ზე “fan-page”-ს გახსნა და მყისიერი მიგდება, საუბარში ინგლისურიდან ნაწარმოები სიტყვების არარელევანტური გამოჩხერა, იაპონელი მწერლებით აღფრთოვანება, მეტროს წინ ვიღაცეებისთვის სავაკანსიო ფურცლის გამორთმევა და დაჭმუჭვნა, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებით გაოცება და სხვა მრავალი.

"როდესაც დეპრესია მოგაწვება – გაიხსენე სიზიფე"

ოღონდ ის, რასაც ჩვენ ამ შემთხვევაში “დეპრესიას” ვეძახით, მისგან ისეთივე განსხვავებულია, როგორც და ვინჩის “საიდუმლო სერობა” – ერთი თანამედროვე ქართული კრებულისაგან.  ჩვენეული დეპრესია ხანმოკლეა და ხშირად საკუთარი უბედურებით მაზოხისტური ტკობობის გარდა, მიზნად სხვას არც არაფერს ისახავს.

“მდაჰ, დეპრესიისგან საბოლოო განკურნებისათვის ნუგეშის, თაყვანის ანდაც უბრალოდ ცემაა საჭირო” – ზარმაცი ფსიქოლოგის დასკვნა

დ) “აბა ლიტკაფეში მნახე, ვინა ვარ…”

“შარლ პერო მომეცით, თუ შეიძლება” – ლიტერატურული კაფე მეოცე საუკუნეში
“შარლ, პერო მომეცით, თუ შეიძლება” – ლიტერატურული კაფე ოცდამეერთეში

შარლი, რა თქმა უნდა, ბოდლერის საპატივსაცემოდ. აი, მოდა კი ძირითადად  “მო(რ)და” (a.k.a “face”) საზოგადოების მასშტაბითაა პეროგადგმული. სხვა თუ არაფერი, უბრალოდ კარგი ტონია, რომ ლიტკაფეში შთაგონებული სახით იჯდე, ერთი ნაჭერი ნამცხვრის ორმოცდაცხრა წუთიან “ციცქვნას” “11 წუთიანი” კოელიო დააყოლო და ფორთოხლის წვენის წრუპო იქამდე, სანამ საწრუპის მეორე ბოლო ფსკერის სიცარიელის გამოისობით ქშუტუნს არ დაიწყებს.

"დრონი მეფობენ და არა კოელიო"

მთავარი ისაა, რომ ბოდლერს (რა გადავეკიდე) ლერის ბოდვისაგან (ვინმე ასეთი მწერალიც გვეყოლება) ვარჩევდეთ, ნებისმიერი სხვა უცოდინრობა კი ჩვენს “პრეტენზიულ გემოვნებას” თავისუფლად შეგვიძლია შევახოცოთ.

ე) “დამილაიქე”

  • “ლაქლაქი” = “Lack Lucky” – გულზე ხელის დაკრეფვის მოწინააღმდეგე ადამიანი
    “საქმე ლაქლაქის ნაცვლად” – “like”-ბზე მონადირე “facebook”-ელი
  • “like like & like” – ლენინის მწნილი
  • “რაში მანაღვლებს IQ?
    like
    გინდა? like you…” – ნიჰილისტი facebook-ელი
  • დააგროვე ანაბარი და მიიღე მოგება – “საქართველოს ბანკი” ერთი წლის წინ
    დააგროვე “like”–ები და მიიღე მოგება – “საქართველოს ბანკი” ერთი წლის შემდეგ

პ.ს: “ვიღაც ბლოგერთა ექსკურსიებმა როგორ უნდა მაჯობოს, კაცო?!” – გაკვირვებული ჯეი ჯეი აბრამსი “ბლოგერების ექსკურსია #8″–ის შემდეგ.



You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
75 Responses
  1. “ამ მხრივ, ადამიანი დღემდე ვერ განვითარდა”
    :) )))))))))))

    • მჩხაპნელი says:

      …და იბრძვის საწყალი ბრიჯიტ ბარდოც ამდენი “ვანდალის” წინააღმდეგ :P

  2. bat says:

    დოინ ერთსა და იმავე თემებს ატრიალებ ამ ბოლოს, რაღაც მარილი მოკლდა შენს პოსტებს :S :|

    • მჩხაპნელი says:

      :D ამ კომენტარმა შთამაგონა ერთი იდეა, რომელიც იმედია კაცობრიობას ჯერ არ მოსვლია აქამდე :) აბსოლუტურად სხვა თემაა, ვნახოთ როგორ გამოვა :)

  3. Faust says:

    მიხარია, რომ ამ დილაუთენია შემოვიჭვრიტინე. (მზესავით.)
    you made my day.
    lol

    • მჩხაპნელი says:

      მზემ ფანჯარას (საკომენტარო ფანჯარას) სხივი (დადებითი კომენტარი) სტყორცნა :)

  4. Snitch says:

    კატეგორია ა) ვინც მართლა გადაღება ვიცით და სწორედ, რომ კარგი სურათის გადაღებას ვცდილობთ და იმიტომ ვასრულებთ სხვადასხვა მანევრირებებს, სურათის გადაღების დროს გაგვატარეთ (ნუ მე მაინც გამატარეთY თუ სხვებს არა) თუმცა მე სიგძე არ მაკმაყოფილებს, მხოლოდ რამდენიმე ერთეული სანტიმეტრია :S შენი ქენონისა არ იყოს

    ე) რაღაც აზრი ვერ გამოვიტანე ედან და P.S.-იდან და იქნებ დამიზუსტოდ :)

    საერთო ჯამში
    რაც არ უნდა გულ-მოსაკლავ/დამწყვეტ/ჩამწყვეტი არ უნდა იყოს ჩემი მხრიდან ….
    არაუშავს… :)
    თუმცა რაღათქმაუნდა წაკითხვად და დღევანდელი დღის დაწყებად ღირდა :)

    • მჩხაპნელი says:

      :D ა) პროფესიონალზე არ არის ეს. ვინც ცდილობს მიბაძვას, იმათ ეხება 8-)
      ე) როგორ გეტყობა, რომ “facebook”-ს არ სწყალობ. ახლა რომელ კომპანიასაც არ ეზარება ყველა ისეთ კონკურსს ატარებს, სადაც გამარჯვებულს “like”-ბის რაოდენობა გამოავლენს (როგორც სმარტკლუბის) და შესაბამისად “დამილაიქე” ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული თხოვნაა ამ ქსელზე :) პ.ს–ს რაც შეეხება, ბლოგერების ექსკურსიაც ერთგვარ მოდად ჩამოყალიბდა, არადა რვაჯერ და ცხრაჯერ რომ წახვალ ექსკურსიაზე, ის უკვე მეგობრების გასვლაა ქალაქგარეთ და არა ბლოგერების :) საერთოდაც, ამ “ბლოგერულ რაღაცეებზე”–ც ჩემი აზრი მაქვს, მაგრამ სხვა თემაა :) ჰოდა, უკვე იმდენი ექსკურსია ჩატარდა, რომ სეზონების რაოდენობით “დაკარგულებს” (ბოლო დროის ერთ–ერთ ყველაზე ბევრსეზონიან სერიალს) გადაასწრო :) ჯეი ჯეი აბრამსი რეჟისორია დაკარგულების :)

      • Snitch says:

        ეეეჰ ნეტა მართლა პროფი ვიყო :)

        დანარჩენზე მომიტევეთ ჩემი უვიცობა :)

        რა ვქნა ლოსტიც არ მომეწონა და არ ვუყურებდი

      • მჩხაპნელი says:

        მე კი ვუყურებდი, მაგრამ რომელიღაც სეზონზე “დავიკარგე” და შევეშვი :)

  5. თეკლა says:

    კარგად დაიწყო ჩემი დილა (ახლა გავიღვიძე) თან გერმანული მაქვს და იქნებ გაკვეთლმაც ბედნიერად ჩაიაროს…

    • მჩხაპნელი says:

      ბედნიერება მე მგონი უფრო პროცესის დასასრულს უკავშირდება, ვიდრე უშუალოდ მის მიმდინარეობას (გაკვეთილის შემთხვევაში) :D

  6. ლინდა says:

    როგორ გავხალისდი :D ზუსტად აღწერ ყველაფერს, ლიტ კაფეს მეც “ნაკითხების კაფეს” ვეძახე, ძაან ინტელექლუალური სახით რომ სხედან :D :D

    შევარდნაძის მმართველობისას – სანთლის გამაგრებული ნაღვენთების სანთელშივე ჩაწვით თავის შექცევა :D :D მეც მაგრა მიყვარდა :D

    • მჩხაპნელი says:

      :) მაგაზე ვარ გაზრდილი. ისე კი სადაც “ორიგამი” და ხელოვნების მსგავსი სახესხვაობები არსებობს, სანთლის გადამდნარი ნამწვისგან ძერწვის ხელოვნებაც უნდა დაფასდეს ოდესმე 8-)

  7. ქრისტინე says:

    ისე რაა..ვეთანხმები ზემოთთქმულს,რომ მარილი მოაკლდა შენს პოსტებს :) )) მაპატიე :) )))

    • Kes-kes says:

      მერე რა, თუ მარილი მოაკლდა, მთავარია, სიმართლეა ყველაფერი ზემოთაღნიშნული :)
      P.S. ძირს კოელიო თავის “11 წუთიანად” ! ! !

      • მჩხაპნელი says:

        კოელიოსაც აქვს რამდენიმე გამონათება, მთლად ასე გასარიყი არ არის (ჩემი სუბიექტური აზრით) :)

        • Kes-kes says:

          მგონი, აქ ბევრი დამეთანხმება, რომ კოელიოზე ბევრად უკეთესი გამონათებები შენ გაქვს (ჩემი სუბიექტური აზრით).
          შეიძლება, იმიტომ გადავემტერე ამ ადამიანს ასე, რომ მოლოდინი არ გამიმართლა. არადა, ისე აქებდნენ…

    • მჩხაპნელი says:

      გაპატიე :D

  8. ნატალია says:

    შენი პოსტებიდან ეს ერთიერთი იმათგანია, ყველაზე მეტად რომ მომეწონა. იმ ნაწერებისგან განსხვავებით არ გამცინებია, პირიქით ძალიან დამწყდა გული ყველაფერზე, დეპრესიაზე ყველაზე მეტად. ;(
    მარილი მოაკლდა კი არა, შენი ნაწერები დაიხვეწა და ვიღაცეებისთვის სულ უფრო გაუგებარი გახდა :|

    • მჩხაპნელი says:

      :D რა რადიკალურად განსხვავებული გამოხმაურებები ჰპოვა ამ პოსტმა. მე მგონი ეს ის შემთხვევაა, როდესაც რაიმე “ოქროს შუალედზე” უნდა დავიწყო ფიქრი :)

      • ქრისტინე says:

        რამდენი ხანია მაგას გთხოვ :) ) გამოგივა აუცილებლად სხვანაირადაც :) ))

      • მჩხაპნელი says:

        შეგიძლია შეაფასო როგორ გამოვიდა :)

  9. gio says:

    არაა, ახლა კოელიო მოდიდან გადავიდა “ბანძი” ლიტერატურაა. პერო თუ გინდა რამე უფრო ფარშევანგისეული წიგნი უნდა მოითხოვო, ისე კი ლიტ კაფეში წიგნის აღება და მაგიდასთან მიტანა, რომაა აკრძალული მხოლოდ ქართული კულტურის უნიკალურობას უსვამს ხაზს !!! !!! !!!

    • მჩხაპნელი says:

      :D ან, ფარულ შიშს იმისა, რომ უკანდაბრუნებულ წიგნში მინიმუმ რამდენიმე ნამცეცი და მაქსიმუმ რაიმე ლაქა აღმოჩნდეს :)

  10. ალუბალა says:

    “ბალანსი კვებასა და გემოს შორის”-კინდერ დელისი :D :D :D :D მთავარი ეგაა ;) ;) lol lol lol

    “დამალაიკე და დამთაგე გმერთო”-ელერდაშვილი ვახოს მოთხრობააა,უეჭ ნახეეეეეეე ;) ;)

    • მჩხაპნელი says:

      ანუ, არც მლაშე და არც უმარილო, როგორც მე დავასკვენი :P
      ვნახავ აუცილებლად 8-)

  11. ანა says:

    ახალი სტატიააა :) ))))) ძალიან მაგარი როგორც ყოველთვის

  12. მედუჩა says:

    ვა პოსტი გვეღირსა :D

    • მჩხაპნელი says:

      :D მთავარია როგორი გამოვიდა, თორემ წერა ადვილია wasntme

  13. Ronaldo says:

    კარგი პოსტია,ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე ეს ბლოგი და მას მერე ყოველთვის შემოვდივარ ხოლმე :)

    • მჩხაპნელი says:

      იმედია, აღმოჩენა “დაღმოჩენად” არ გადაიზრდება ნელ–ნელა :)

  14. Bughardti says:

    ა პუნქტი ზედმეტად გავრცელებულია ბოლო დროს და შესაბამისად, გაძლიერებულად მიწევს თავის შეკავება, ვინმეს რო არ შევთხარო ე.წ პროფესიონალი ….ში :D :D (უკაცრავად ზედმეტი თუ მომივიდა)

    ხო, ძირს კოელიო მისი წვეტიანი აზრებითურთ!!! გაუმარჯოს დოჩანაშვილს!

    p.s როგორც ყოველთვის, YVELAZE მაგარი პოსტია :)

    • მჩხაპნელი says:

      :D ე.წ “პროფესიონალი” (აპარატი) ბევრია, მაგრამ ჭეშმარიტი პროფესიონალი (ადამიანი) ცოტა – ხალხური სიტყვათქმა :)

  15. “ვიღაც ბლოგერთა ექსკურსიებმა როგორ უნდა მაჯობოს, კაცო?!” – გაკვირვებული ჯეი ჯეი აბრამსი “ბლოგერების ექსკურსია #8″–ის შემდეგ”. :) :) :)

    • მჩხაპნელი says:

      მეცხრე იგეგმება უკვე როგორც ვიცი. დაემხო ჯეი ჯეის ყველა რეკორდი :)

  16. klim says:

    კითხვის დაწყებიდანვე რატომღაც ველოდი. რომ პინკ ფლოიდს ახსენებდი სადმე, მაგრამ იმედები გამიცრუვდა hah hah

    ისე კი , შენი -ყველა- პოსტი ერთნაირია. ერთნაირად კარგი ;) ;)

    • მჩხაპნელი says:

      უი, პინკ ფლოიდი როგორ გამომრჩა :)
      ეტყობა ეგ მოდა არ მეხება ცხოვრებაში მაინცდამაინც და არ დამელექა ცნობიერებაში :)

  17. გვანცი says:

    საოცრად საოცარი პოსტია o_O თემა აქტუალური 8-)

    • მჩხაპნელი says:

      მასში შეტანილი მცირე წვლილისათვის თქვენ ჯილდოვდებით: “ოქროს მადლობით” :)

  18. თიკო says:

    როგორც ყოველთვის სასწაულად კარგი წასაკითხი იყო :) და მე მგონია შენ რომ რამე შეცვალო და კრიტიკის მაგივრად რამე დადებითი დაწერო შენს ინდივიდუალურობას დაკარგავ ,ამიტომ არავის არ დაუჯერო შენი თავის გარდა :) (ნუ გამოდის არც მე)

    • მჩხაპნელი says:

      :D სოკრატე აძლევდა ზუსტად მაგ რეკომენდაციას მოსწავლეებს: “არავის რჩევას არ დაუჯეროთ, მათ შორის არც ჩემი” :) დადებითი პოსტები და გულის სურათებით გაფორმებული სიყვარულის ახსნები არ გამომდის მაინცდამაინც :)

  19. აგათა says:

    “შარლ პერო მომეცით, თუ შეიძლება” – ლიტერატურული კაფე მეოცე საუკუნეში
    “შარლ, პერო მომეცით, თუ შეიძლება” – ლიტერატურული კაფე ოცდამეერთეში
    ეს მართლა კარგი იყო, პოსტები გაერთფეროვნდა თუ მომეჩვენა?!
    “როცა კუჭი მშიერია” მაინც ჩემი ფავორიტია wasntme ;) ;)

    • მჩხაპნელი says:

      :D ეგ არქეოლოგიური მოთხრობა საიდან გახსოვს? ვინმემ აღმოაჩინა ანტიკური ხანის ქვეყნის ნანგრევებში? :)

  20. ალუბალა says:

    “აი შე მაიმუნო შენა”,-ჩარლზ დარვინი :D :D lol lol lol lol :p

    • მჩხაპნელი says:

      :D “ნუ მაიმუნობ, შვილო” – ტარზანის აღმზრდელი შიმპანზე ტარზანს :)

  21. გვანცა says:

    “ყველა კაცი ერთნაირია” (ეს უბრალოდ ქალებს რომ მაინც ვერაფერს დაუმტკიცებ და სჯობს დანებდე, იმ ლოგიკით).
    ვერ ვიტან ამ ფრაზას :D

  22. Agasfer says:

    “სიტყვა “ყველა”–ს ყველა შეცდომით იყენებს”
    გეთანხმები. მაგას სითავხედე ჰქვია.
    “თავხედობა’” ცოტა სხვანაირად მესმის და ))

    ისე, ლუკაც რა მოდურია )) გგონია, ერთია? უბრალოდ, ზოგი წმინდაა, ზოგიც – წმიდა.
    მერორეც მანდვეა, მაგ კლინიკისგან არც ისე შორს.

    • მჩხაპნელი says:

      აი, მაგალითად მაია ასათიანმა თქვა გუშინ “გარიგების” მელოდიაზე: “მელოდია, რომელიც ყველამ ზეპირად იცის” :) ჯერ მელოდიის ზეპირად ცოდნა რა ვთქვი და მერე “ყველას” მიერ :)

  23. modebilo elementi says:

    :)

    • მჩხაპნელი says:

      როგორ შეიკუმშა შენი კომენტარული სტილი :P

  24. MaRo...=X says:

    მჩხაპნელია მოდაში : ))) მაგარი ხარ ბექაააააა:*

    • მჩხაპნელი says:

      მოდას აქვს ერთი ცუდი თვისება: გადადის ხოლმე :)

  25. MaRo…=X says:

    ნუ გეშინია, შენ სულ იქნები :D : ))) უკვდავი მოდაა :)

    • მჩხაპნელი says:

      უკვდავი მხოლოდ “კავშჩეია” და შევარდნაძე :D

      • MaRo...=X says:

        ერთი მოკრძალებული შეკითხვა მინდა დაგისვა – კავშჩეი რა არის? :| :)

        • მჩხაპნელი says:

          რუსული მონსტრია, ბუა და გუდიანი კაცის სინთეზი (ან რამე ასეთი) :)

          • MaRo...=X says:

            უი, “დენისკას მოთხრობებშია” მგონიი :) იცი დენისკა? მთელი ბავშვობა მაგას ვკითხულობდი :) )

          • მჩხაპნელი says:

            წარმოდგენა არ მაქვს :) რუსული ზღაპრებიდან მარტო “ივანუშკა დურაჩოკი” და “ნეზნაიკა” ვიცი :)

  26. ქეთო ქალღmერთ პატარქალიშვილი says:

    ძალიან მაგარი პოსტია, ამაზე ერთი კაი ნარკვევიც კი დაიწერებოდა, ქართველების მოდური ტენდენციები :) )) კარგი ბიჭი ხარ :*

    • მჩხაპნელი says:

      :D დანარჩენი მოდები სხვადასხვა პოსტში იყო გაბნეული და აღარ გავიმეორე, თორემ მთელი მონოგრაფიაც შეიძლება :)

  27. თამთა says:

    მაცდენს ეს ბლოგი მე ! :) ))
    :>

    • მჩხაპნელი says:

      დიდი მადლობა ზარმაც დენს
      არ მოდის და თან არ მაცდენს :)

      (შევარდნაძის პერიოდის ლექსი – დაწერილი მეცადინეობის ჟამს) :)

  28. Nanuka says:

    მომეწონა :)

  29. LG says:

    მეტროს წინ ვიღაცეებისთვის სავაკანსიო ფურცლის გამორთმევა და დაჭმუჭვნა, <— ისე გტენიან მიდი და არ გამოართვა თან ისეთი უბედური სახე აქვთ , განსაკუთრებით ზამთარში წვიმაში და თოვლში, რომ არ გამოართვა სინდისი ქენჯვნას დაგიწყებს wasntme hah

    • მჩხაპნელი says:

      ჰო, მეც ამ მიზეზით ვართმევ :) როგორც ვიცი, მაგათთვის მთავარი გამორთმევაა და არა ვინმეს მოზიდვა wasntme უბრალოდ ეს ტრადიცია კეთილ სურვილებზეა დაფუძნებული

  30. ანი says:

    მიბაძვაზე დაწერეთ რამე ბლოგი…ხშირია როცა ერთმანეთს ბაძავენ და ეს ჩემთვის მოსაბეზრებელია…აი თუნდაც ქუჩაში გაივლი და ყველას მსგავსი ტანსაცმელი აცვიათ… o_O o_O :S
    უკვე მანერებითაც ბაძავენ ერთმანეთს ვითომ “სვეცკობენ” :D :D :D lol lol ყველა ადამიანს უნდა გააჩნდეს საკუთარი “მე” ასე,რომ ვთქვათ.

    • მჩხაპნელი says:

      მსგავსი ტანსაცმელი უფრო ბაზრობებზე არსებული ერთფეროვნების ბრალია, ვიდრე ადამიანების :) ჰო, აი ინდივიდუალურობის გამომჟღავნებას რომ ცდილობს ბევრი ხელოვნურად, ეგ კია “პრობლემა” გარკვეულწილად :)

  31. but says:

    ვახ თქვენ გენაცვალეთ რამდენი ვიცინეეეეე….mchxapnelii kargi xarrrrrr

  32. გ.გ.გ. says:

    არაფრად არ ვარგა! გ.გ.გ.

Leave a Reply

Current month ye@r day *