გალაკტიონ ტაბიძისა და ლელა წურწუმიას შედარებითი დახასიათება

"ლელა & გალა"

შესავალი:

ქალაქი ცხელისი (გლობალური დათბობის ერამდელი “თბილისი”)
2013 წელი მ.გ–დან (“მიშას გადადგომიდან”)

ძვ.თემქის სამეფოში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია უძველესი (სავარაუდოდ, “მხედრული”) ანბანით თხელ ქაღალდზე (ერთგვარი საწერი მასალა, რომელსაც საუკუნეების წინ იყენებდნენ. ამჟამად გვხვდება მუზეუმებსა და ანტიკური ქალაქების ნანგრევებში) შესრულებული ჩანაწერი. მესიჯ–ლათინურ ანბანზე გაზრდილი ქართველი მკვლევარები ჯერჯერობით ამაოდ ცდილობენ ტექსტის გაშიფვრას. ერთადერთი დადგინდა ის, რომ უწინ ამ ადგილზე საშუალო სკოლა მდებარეობდა.

გალაკტიონისა და ლელა წურწუმიას შედარებითი დახასიათება

დიდი ქართველი მომღერლისა და საზოგადო მოღვაწის (ყველა ადამიანის ბიოგრაფია იმ ეპოქაში რატომღაც ამ სიტყვებით იწყებოდა” – მკვლევარის შენიშვნა) ლელა წურწუმიას აღმასვლა ჩვენი ქვეყნის იმ ბედკრულ პერიოდს დაემთხვა, როდესაც “ჟიგულის“ ”ჟიგულობის” მიუხედავად, ქართველ ერს არამხოლოდ ქადა, ორი ხელით საჭმელი სხვა ბევრი ნუგბარიც არანაკლებ ენატრებოდა. სწორედ ამიტომ გასაკვირი აღარ არის ის პესიმიზმი და სევდის ზეობა, რომელიც ლელას სიმღერებიდან ხშირად გამოსჭვივის (“ღამდება, ცივა, ზაფხულის წვიმა, თითქოს დაიკლავს თავს”). რა თქმა უნდა, ცოტა რთული წარმოსადგენია ის, თუ როგორ იღებს წვიმა ცულს და ირტყამს მას კისერში (რამდენჯერმე), მაგრამ აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ლელას ეპოქის ქართული სიმღერების ტექსტებში წვიმას ერთმნიშვნელოვნად საკრალური დატვირთვა ჰქონდა და ხშირად მას მაგიურ თვისებებსაც მიაწერდნენ ხოლმე (“წვიმა მოგონებებს ასველებს…” – ვ.ტურაშვილი).

თუმცა, მკვლევართა მეორე (და უფრო სანდო) ნაწილი იმასაც ამტკიცებს, რომ თავისი მოღვაწეობის მწვერვალზე ლელა ცნობილი ქართველი პოეტის გალაკტიონ ტაბიძის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა და მათ, ფაქტის დასადასტურებლად, რამდენიმე მაგალითიც მოაქვთ:

“ის მიდიოდა ქუჩაში ერთი,
მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი…”
(გალაკტიონი)

“ღამე ქუჩას მი–ვუ–ყვე–ბი,
წვიმს და სევდა მე–მა–ტე–ბა”
(ლელა წურწუმია)

"წვიმს და სევდა მემატება"

“ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხარი
თითქო შეუწყვეტი კუპრის ნაკადია,
აღარ გათენდება ღამე საზიზღარი?

რომელი საათია? რომელი საათია?” – გ.ტ.

“გათენებას ველოდები,
წვიმაც გადაიღებს ალბათ…” –
ლ.წ.

როგორც ჩანს, გალაკტიონის სიმაღლეზე ასვლის სურვილი ბევრი სხვა შემოქმედის მსგავსად ნელ–ნელა ლელა წურწუმიაშიც გაღვივდა. სწორედ ამიტომ, ის აქტიურად ცდილობს, რომ საკუთარ სიმღერებში ტერენტი გრანელის მსგავსად (“გალაკტიონში არის დემონი და ჩემში უფრო ანგელოზია”) დიდი პოეტის წინააღმდეგ გამოვიდეს. შესაბამისად, გალაკტიონის სურვილის (“აღარ გათენდება ღამე საზიზღარი?”) საპირისპიროდ და პირად ამბიციების დასაკმაყოფილებლად, ლელა ლამის ნახევარ დედამიწას წყევლის (“ნეტავ, ღამე აღარ გათენდეს”).

თუმცა, თუ აქამდე ყველაფერი ნათელი იყო, შემდგომი სტროფის წარმოშობაზე მკვლევარები დღემდე ვერ თანხმდებიან:

“წარსულის ფარდა-ა,
უეცრად გაქრა-ა
ჰო
ოოოოუ…
უკან მოხედვა არ მინდა-ა”

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ეს არის ალუზია გალაკტიონის “ყორანთან”, სადაც ლელა “უკან მოხედვა არ მინდა”–თი ერთი მხრივ ჯიბრში უდგება პოეტის ფრაზას: “გზა გავიარე, მსურს მოვიხედო და დავინახო მთისა ქედები”, მაგრამ  მეორე მხრივ საბოლოოდ მაინც გალაკტიონის ზეგავლენას განიცდის (“შავი ყორანი გზაზე მომჩხავის: “ნუ იხედები, ნუ იხედები”). ამავდროულად, სხვა მკვლევარები მიიჩნევენ, რომ აქ უფრო მეტად ბიბლიური მოტივები იკვეთება. კერძოდ კი ეს არის გაფრთხილება, რომელიც აღგვილი (“უეცრად გაქრა”) სოდომ-გომორადან გამოქცეულმა ლოტის ცოლმა არ გაითვალისწინა და უკან გაიხედა, რის გამოც მარილის სვეტად გადაიქცა. ამავე ვერსიას ადასტურებს, ა.მეფარიძის სიმღერაში არსებული სიტყვები “მშვიდობით, უკან მოხედვა ძნელია”, რაც სოდომთან განშორებით გამოწვეულ ტრაგედიას ასახავს (ისე, ჩემი ერთი მეზობელი ამბობს, ეს სიტყვები საერთოდაც წიქარას ზღაპრის ერთგვარი გადამღერებააო. მოკლედ, რამდენი რობოტიც დადის დედამიწაზე, აზრიც იმდენია).

"ლოტის დამარილებული ცოლი"

თუმცა კი, თუ “ყორანის” სხვა სტრიქონებსაც წავიკითხავთ, მაშინ ადვილად დავრწმუნდებით, რომ აქ ლოტის ცოლზე მეტად ლოთი პოეტის ხელი ურევია:

“გზაზე მივდივარ მსურს გავარკვიო
გასავლელი გზის სივრცე უცვლელი…

…მაგრამ სადა ვარ? გზა აღარა სჩანს
ამ სიბნელეშიც გაჭირდა გავლა” – გ.ტ.

“ღამის სიჩუმე გაფანტე, ჩემთვის ვარსკვლავი აანთე
საით წავიდე მასწავლე და შენთან ერთად მატარე” – ლ.წ.

ხოლო თუკი მეტისმეტად დავწვრილმანდებით, შეგვიძლია ეს ორი შემოქმედი ნიკოლოზ ბარათაშვილის გავლენის ქვეშაც კი მოვაქციოთ: “მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ (“გზაზე მივდივარ მსურს გავარკვიო, გასავლელი გზის სივრცე უცვლელი”) ჩემი მერანი (“და შენთან ერთად მატარე”), უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი (“შავი ყორანი გზაზე მომჩხავის: “ნუ იხედები, ნუ იხედები”). თუმცა, რელიგიურ კუთხეზე ჩაციკლული ექსპერტები ლელას სიტყვებს “საყვირებით იერიქონის დანგრევის” (“ღამის სიჩუმე გაფანტე”), “მოგვების მიერ ახალდაბადებული ქრისტეს თაყვანისცემისა” (“ჩემთვის ვარსკვლავი აანთე”) და “მოსეს წინამძღოლობით ებრაელების ორმოცწლიან ხეტიალის” (“საით წავიდე მასწავლე და შენთან ერთად მატარე”) ბიბლიურ ალუზიებად საკმაოდ საფუძვლიანად მოიაზრებენ.

"ახალგაზრდა მოსე"

“ქუჩაში მძაფრი დაქროდა ქარი
და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა”
გ.ტ.

“ჩუმი ხმა ამბობს, სევდა მიაქვს ქარს
წვიმის წვეთები თავს იკლავენ, თავს”
ლ.წ

მსგავსება ამ სტრიქონებშიც აშკარაა. “წვიმის წვეთების მიერ განხორციელებული სუიციდი” “განუწყვეტელი წვიმის” ერთგვარ მეტაფორად შეგვიძლია მივიჩნიოთ, “ქარის სიმძაფრე” კი სწორედ მის მიერ “სევდის წაღების” ფაქტში გამოიხატება.

ლელა წურწუმიასა და გალაკტიონის შეპაექრება კარგად ჩანს იმ შემთხვევებშიც, როდესაც მომღერალი ლექსის შეცვლას სიტყვათა განზოგადებით ცდილობს:

გადამიფრინდი ჩიტის ბარტყივით,
ბევრი ვიარე ერთმა” – ლ.წ.

ქარმა ბუდიდან ყვავის ბახალა,
ზაფხულის ტყეებს გადაახალა” – გ.ტ.

თუმცა, ლელა წურწუმია ამაზე არ ჩერდება და მისი ტექსტი გალაკტიონის კიდევ ერთ ცნობილ ლექსში შეგვიძლია ამოვიცნოთ:

“სადა ხარ?
მიყვარხარ!
შენა ხარ
ო-ოცნება ჩემი-ი…” –
ლ.წ

ალბათ, არ გაგიჭირდებოდათ მიხვედრა იმისა, თუ რომელ პოეტურ ნაშრომს უკავშირდება იდეურად ეს სიტყვები:

რაც უფრო შორს ხარ (სადა ხარ?)
მით უფრო ვტკბები (მიყვარხარ)
მე შენში მიყვარს (მიყვარხარ, შენა ხარ)
ოცნება ჩემი (ო-ოცნება ჩემი-ი)

რა თქმა უნდა, უდავოა ის ფაქტიც, რომ ლელას “ღამე-ა, ღამე-ა, ღამე-ა” გალაკტიონის “ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის” მუსიკალური რეფრენის აბსოლუტური იდენტურია. ზოგადად კი, ლელასა და გალაკტიონის შემოქმედებაში “ღამის” თემას ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უჭირავს, რაც როგორც უკვე აღვნიშნეთ შევარდნაძის პერიოდის უფუნქციო ნათურებითა და გენერატორის სიძვირით არის გამოწვეული.

მოგენატრებოდათ

როგორც ცნობილია, თითქმის ყველა გენიოსი ადამიანი, ცოტათი დაბნეულიცაა. გალაკტიონზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ ლელას შემოქმედებაში ნამდვილად აღსანიშნავია ერთი სტრიქონი, რომელიც მის დაბნეულობასაც უსვამს ხაზს:

“ღამდება, ცივა, წვიმა მოდის, სულ დაფარავს გზას
ის ვერ გავიგე, მე რა მომდის რა”

(“სველდები, ლელა, სველდები” - ზემოხსენებული მეზობლის ჩართვა)

“მომწყურდი ეხლა ისე მომწყურდი
ვით უბინაოს ყოფნა ბინაში” – გ.ტ

“დამიჯერე, შენთან მინდა, შენთან
ს” – ლ.წ.

ამ სტრიქონების იდენტურობას პირველ ხაზებში არსებული ორი სიტყვის (“მომწყურდი”, “შენთან”) თავგამოდებული გამეორება ადასტურებს, რასაც ადამიანურ ურთიერთობათა სურვილის დაუოკებელი მეტაფორებით გადმოცემაც დაერთვის თან.

დასასრულს კი კარგი იქნება, გალაკტიონის “ვერხვებზეც” თუ ვისაუბრებდით, რომელიც ლელამ მოგვიანებით შეასრულა და  შესაბამისად, მას  ”ძველი ვერხვები” უწოდა:

“რაღაცას გვახსენებენ ეს ძველი ვერხვები,
ჩვენ კი მაინც ვერ ვხვდებით”

“ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი
რიალდება უშორეს ზღაპრად”

პატივცემული მკითხველი, ალბათ, მიხვდება, რომ ვერხვი მაინცდამაინც მუხა, წიფელი, ნაძვი, ან ასეთი გავრცელებული ხე არ არის, ყოველივე ეს უბრალო დამთხვევად რომ ჩავთვალოთ. სიტყვათშეთანხმება “აშრიალდება უშორეს” კი სიტყვა “გვახსენებენ”–ზე თითქმის პირდაპირ მიუთითებს.

"რემბო"

პ.ს: ღამე ქუჩას რომ მიუყვებოდა
ლელა – იგონებს ეხლა ზოზია,
გალაკტიონში არის რემბო და
ლელაში უფრო მაფიოზია.

პ.პ.ს: ასე რომ, როდესაც ლელა წურწუმია გალა(კტიონ)კონცერტებს მართავდა, ეს ის სულაც არ იყო, რაც თქვენ გეგონათ.

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
152 Responses
  1. SaLoMea_Mze says:

    ახლა გგონია ძველებურად დავიწყებ “ვაიმე რა მაგარია, რამდენი ვიცინე, ვგიჟდები შენზე, მემთხვიე ხელზეთქოო?!”
    რა თქმა უნდა, არც მიფიქრია ზოგიერთივით, რომ ლელას აკნინებ ან ამცირებ (თუ რაც დაარქვეს, მეზარება ეხლა კომენტარების გადახედვა) და მითუმეტს გალაკტიონს! როგორც მივხვდი უბრალოდ ქართული “ესტრადის” და უფრორე კი ლელას რეპერტუარის “უნიკალური” ტექსტების “გამომზეურება” გინდოდა ჩვეული (და ჩემთის უსაყვარლესი) იუმორით ;)
    მაგრამ…
    ეს იყო ის პოსტი, რომელიც ბოლომდე ვერ წავიკითხე… არ ვიცო პოსტის სიგრძე,ს უკვე კარგად ნაცნობ წერის სტილს დავაბრალო თუ ჩემს დაღლილობას… (ადრე მახსოვს შენი პოსტები დაღლილობასაც მიხსნიდა და უხასიათობასაც) მოკლედ, არ ვიცი…

    მაგრამ მაინც….

    ჩემი უფავორიტესი ხარ :)
    love you baby :P

    • მჩხაპნელი says:

      :D გეთანხმები, მარტივად წასაკითხი ნამდვილად არ არის და პირიქით, უფრო ჩახლართულიც კია, ვიდრე სხვები :) სასკოლო თემების ერთგვარი გადმოტანა მინდოდა და მგონი ამ მხრივ (ჩახლართულობის) დიდ წარმატებას მივაღწიე :)

      შევეცდები ასეთი რთული ფრაზებით აღარ დავიხუნძლო ხოლმე :)

  2. dj-guro says:

    აუ, რემბო რა მიშაა! 8-)

  3. Permweri says:

    უნიჭიერესი ხარ.. აბა მეტი რაღა გითხრა? : ))

  4. მძიმე) says:

    რამდენი წლის ხარ? თუ საიდუმლო არაა :>

  5. მძიმე) says:

    მე მეოთხედის (დაიცა ვინ მეკითხება რო?), რავიცი იცოდეთ უფროსს როგორ მიმართოთ:::D:D:D

  6. modebilo elementi says:

    რამდენი წელი უნდა გავიდეს ახალ პოსტამდეე? devilsmile რობინზონ კრუზო ხარ ახალი ვერსიით და უკაცრიელ,უინტერნეტო კუნძულზე აღმოჩნდიი? :D ვართ აქ ხალხი,დღეში შვიდჯერ შემოვდივართ და ახალი არაფერია :) გავბოროტდი :D ასეთი განაწყენებული კომენტარი ამ ბლოგზე არ მახსოვს :D

    • მჩხაპნელი says:

      :D მაპატიე! საქმეთა ოდენობა ჩემს კისერზე ხელების დამბლას იწვევს ხანდახან :)

  7. ალუბალა says:

    “შენ გაგიხმეს ავატარი”,-
    გულში ალბათ კიოდი…
    თუ ეს ბლოგი არ მოგწონდათ,
    მაშ რას შემოდიოდით?-მჩხაპნელის გულის გამოძახილი… lol lol ახალი პოსტი მწყურია,”ვით უბინაოს ყოფნა ბინაში”-თან…

    • მჩხაპნელი says:

      :D
      თუნდაც გამსრისოს ხალხის კრიტიკამ
      როგორც სიზიფეს ლოდმა და ძელქვამ
      მე მაინც ვიტყვი: მობრძანდით welcome :)

  8. modebilo elementi says:

    ალუბალა :D ყოჩაღ :D ვიხალისე :D დიახაც,ახალი პოსტი რომ გვწყუროდა,იმიტომ შემოვდიოდით და ამ ავატარებს კიდე გახმობა უნდაათ?რას გვანან ისედაც :D

    • მჩხაპნელი says:

      :D მეორე ვარიანტია ავატარების კიდევ, მაგრამ ისინი უცხოპლანეტელები არიან: ცხრა ცხვირი აქვთ ზოგს და ანტენა ყურები :)

  9. clockwork says:

    კარგია კარგია ;) ))

    • მჩხაპნელი says:

      თუკი ვინმეს რამეს არგებს,
      უწოდებენ პოსტებს “კარგებს” :) – ჩემი მეზობლის მეოთხე ბიჭის ოპტიმისტური ლექსი :)

  10. მზია says:

    კარგიაააააააააა

    • მჩხაპნელი says:

      გრდემლზე მძლავრად დაჰკარ გია,
      ვაჰ, კარგია! ვაჰ, კარგია! :P – ამონარიდი ჯაბა ქარსელაძის კლიპის გადაღებებიდან :)

  11. თამთა says:

    o_O
    მიყვარს შენი ბლოგი!
    !!! 8-)

    • მჩხაპნელი says:

      :P LOVE – ეს სიტყვა ყველას ესმის… (ამონარიდი ერთი დიდი ტექსტიდან) :)

  12. saba says:

    ახალი პოსტის მოლოდინში გავჭაღარავდი უკვე :X :( :(

    • მჩხაპნელი says:

      დღეს ვაპირებდი გამოქვეყნებას, მაგრამ ძილი ისეთი ძალით მექაჩება ქუთუთოებზე, რომ ხვალ დილისთვის გადავდე :)

  13. MaRo...=X says:

    ეე აბა ხვალ ახალ პოსტს დავდებო? :P

    • მჩხაპნელი says:

      :P მე ვეთანხმები აინშტაინს, რომ არასოდეს უნდა იფიქრო მომავალზე, რადგან ის ისედაც მალე მოდის. ზედმეტად მალე მოვიდა ეს “ხვალ” და იმიტომ :)

  14. მძიმე) says:

    იმედი მაქვს ამ პოსტზე უკეთესი იქნება:)

    • მჩხაპნელი says:

      იმედი მაქვს, იმედი ძალიან არ გაგიცრუვდა :)

  15. მძიმე) says:

    გაგიმართლდა იმედი :D

    • მჩხაპნელი says:

      :D იმედი კმაყოფილებას გამოთქვამს ამ ფაქტთან დაკავშირებით

  16. მეგი says:

    შენს სიჭკვიანეში ეჭვი აგარ გვეპარება :D :D:D სუპერ ბლოგერი ხაააარ

  17. ჰო კაია მართლა სახალისოც და რაღაც ისეთიც მაგრამ ამ მდარე ქალბატონისა და ისეთი ზეადამიანის შედარება როგორიც გალაკტიონია არ ვიცი არ ვიცი……

  18. უხალისო.მოხალისე says:

    ვაფფასებ ჯანსაღ ირონიას;))))) ძაან კარგი იყოოოო ;) ))))

  19. ქეთი says:

    მაგარია!…რამ მოგაფიქრა?! გენიალურია!….

  20. მატო says:

    რაღა დავმალო და უძაანესად მომწონხარ მჩხაპნელო……..

  21. კატო says:

    ყველგან ენა გაბია რაა:-D მჩხაპნელ:)) კაი გაგებიტ ოგონდ:)

  22. კლიკ says:

    ყველაზე მეტად ეს მომეწონა :) ) ძაან ვიცინე… და ზოგადად კარგად წერ

Leave a Reply

Current month ye@r day *