თქვენმა მზემ, რა…

“მაღაზიანები მაღიზიანებენ” – “ბუტკის” [გრამატიკის არმცოდნე] გამყიდველი

გაღიზიანება ორგანიზმის მახასიათებელი თვისებაა: კატას ჭერში დაკიდული ძეხვი აღიზიანებს, ღრძილს – თავწათლილი ასანთის ღერით ჩიჩქნა, “გემოვნებიან მსმენელს” – “ფულში მეტამორფოზირებული ტრულაილა”, მუწუკს – თითებით თათუნი, საცობში მდგარ მძღოლს – უკან მომდგარი მანქანის სიგნალი, მერვე სართულზე მცხოვრებ “საპირფარეშოს მოწყურებულ” ადამიანს – ლიფტის ლოდინი, მე – …

1. “ხალხ, პიპლ, ფიფლ, ლუძი”

“ხალხ, “ავღნიშნავ” არის სწორი ფორმა თუ “აღვნიშნავ?” – ენის რიგითი მოამაგე
“ო”, ღმერთო ჩემო – “წოდებითი ბრუნვის დამცველთა” აქტივისტი

"პიპლ"

მიმართვის ევოლუცია ასე თუ გაგრძელდა, მალე ალბათ, “ღმერთო”-ს  ნაცვლად “ღმერთ!”-საც გამოვიყენებთ ხოლმე და ამ ფაქტს ისევე ჩვეულებრივად აღვიქვამთ, როგორც ყოველ დილით პირის დაბანამდე “Facebook”-ის პროფილის შემოწმებაა.

ჯერ მარტო ფუძეგამომპალი მიმართვები (“ეკ, ლიკ, თიკ”)  რად ღირდა, ახლა წოდებითი ბრუნვა უკვე მათმა კრებითმა სახელმაც (“ხალხი”) რომ კატეგორიულად უარყო. შედეგად მივიღეთ ყალბი, გატყლარჭული და ისეთი ხელოვნურად შეთითხნილი სიტყვა, როგორიც “პიპლ”/”ფიფლ” (აუცილებელი პირობა: უნდა დაიწეროს ქართული ფონტით), ლЮძი (კეკლუცი იერით სათქმელი) და “წიპა”–ა (ეს აქ არაფერ შუაში არ არის, მაგრამ მინდოდა მეთქვა, რომ ბგერითი შედგენილობით ყოველთვის “წირპლის” ასოციაციას მიჩენს).

არანაირი პირადული, პიპლ… რაღაც სხვა, წიპა ბიზნესი.

2. “ამ ბიჭის ფონზე კუსკუსა ჩანთა
სასაცილოდ და ღუნღულად ჩანდა” –
გენდერის საკითხებზე მომუშავე პოეტი

ჩანთმენი

მიმართვა გოგოებს: თქვენ მოგწონთ ის ფაქტი, რომ თქვენი ყვავილებით მოხატული,  ფუმფულა და ბოწოწებიანი ჩანთა თქვენს გვერდით მომავალ ბიჭებს მოაქვთ ხოლმე?

სიყვარულო ძალსა შენსა… მაგრამ,  ხანდახან მართლა სასაცილოა, როდესაც ქუჩაში ევერესტივით ბიჭი მიდის და იღლიაში თანმხლები გოგოს პატარა ჩანთა აქვს ამოკოსებული. ასეთ დროს, ყოველთვის მინდა მივიდე და ვკითხო, ჩანთის სიმძიმისა და გოგოს მხრის “აწევითი ძალების” თანაფარდობის შესახებ, მაგრამ “არამკითხე მოამბეს” შეცდომიდან გამომდინარე, აუტკივარ თავში მუდამ სიტყვა “ევერესტივით” ჩამესმის.

მიმართვა ბიჭებს: სიყვარული კი არის ბრმა, მაგრამ ეს გარშემომყოფთა სიბრმავეს სულაც არ იწვევს.

3. “ხმაამაღლებული მობილურები”

"ხალხ, მე ეს სიმღერა მიყვარს და გირჩევნიათ, თქვენც შეიყვაროთ"

“არსებობს ერთი ასეთი ადგილი, სახელად ბაზრობა, სადაც იყიდება  ერთი ასეთი მოწყობილობა, სახელად ყურსასმენი, რომლის ერთი ბოლო მობილურში შედის, მეორე კი ყურის ნიჟარებს უკავშირდება” – მცირე ინსტრუქცია

თუკი მეტროთი ხშირად სარგებლობთ,  თქვენს ვაგონში ერთხელ აუცილებლად შემოვა  ვინმე ისეთი, ვინც თქვენი მგზავრობის  მუსიკალურად გაფორმებაზე იზრუნებს და ნეტარი სახიდან წამოსული სინათლით (მობილური ტელეფონის ყურზე მიდების და ტრიალის პარალელურად) თქვენც გაგასხივოსნებთ. რეპერტუარი, ძირითადად, რეპია და თან ისეთი დოღრიალა “რეპერები”, წამიერად “ripper”-ობის (“ripper” – მფატრავი) სურვილს რომ გაგიჩენთ.

მე კი, ყოველთვის მინდა მივიდე მასთან და ვკითხო: “უკაცრავად, რატომ გგონიათ, რომ თქვენი მწივანა მობილურიდან გამომავალი ბგერები ყველას სიგიჟემდე მოგვწონს?”–მეთქი, მაგრამ ნათქვამია: “შეგონებიდან შეგინებამდე ერთი ნაბიჯია”–ო და სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებაზე ზრუნვა, ამდენ დავიდარაბადაც არ ღირს.

"სახლი მარტო საცხოვრებლად არ გამოიყენება"

4. “კარები იკეტება, შემდეგი სადგური…”

“არ არსებობს ლიფტზე უფრო არაჯენტლმენური გადასაადგილებელი საშუალებება, იქიდან პირველი ყოველთვის ის გამოდის, ვინც კართან ყველაზე ახლოს დგას”ეტიკეტური დილემა

მეტროში ერის პანიკა და ერის ნევროზი მატარებელში შესვლისას ყველაზე კარგად ჩანს. პანიკა – მაშინ, როდესაც გგონია, რომ მემანქანე ბეციანია და კარებს მგზავრთა გამოსვლისთანავე დაკეტავს, ნევროზი კი – მაშინ, როდესაც მატარებელში შეღწევას მუჯლუგუნებით ხალხის იქიდან გამოსვლამდე ცდილობ და მგზავრებს რატომღაც პირიქით ეჩხუბები: “ცოტა ფრთხილად ვერ გამოხვალ?”–ო.

ასეთ დროს, ყოველთვის მინდა, გავჩერდე და ვკითხო: “უკაცრავად, სულ სწრაფი იყავით თუ სულსწრაფი მერე გახდით?” – მეთქი, მაგრამ ამის გამო მატარებლის ზღურბლზე გაჩერება მცირეოდენ სახიფათოა. იქნებ და ის კაცი კარს მართლაც კეტავს.

5. “გემოვნებიანი”  VS “უგემოვნო”

“ადამიანები ორ ჯგუფად იყოფიან: ისინი, ვინც ყველაფერს ორ ჯგუფად ყოფენ და ისინი, ვინც არ ყოფენ” – ჯერემი ბენთჰემი

გე(სია)მოვნება

ზოგიერთებს საკუთარ შეფასებით უნარებზე ხშირად რეალურზე მაღალი წარმოდგენა აქვთ, ამიტომ ხშირად არც უფიქრდებიან, რომ როდესაც “ნანუკას შოუ უდიდესი გოიმობაა და მაგას ნეტავ ვინ უყურებსო”–ს ამბობენ ასეულობით სხვა ადამიანს აყენებენ შეურაცხყოფას. რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება საკუთარი “ჯანსაღი აზროვნებით” იამაყოს და არ მოეწონს რაღაც, რითიც “მასა” პურდება, მაგრამ გამოყენება ისეთი სიტყვებისა, როგორიც “გოიმი” და “უგემოვნო”–ა მაინცდამაინც აუცილებელი არ არის. მით უმეტეს, რომ ყველაფერი ამ სამყაროში მაინც ფარდობითია.

“ის ყოველთვის გემოვნებიანად იცვამს”, “მე გემოვნებიან მუსიკას ვუსმენ”, “შენ კარგი გემოვნება გაქვს, მირჩიე რა ვიყიდო” და სხვა მრავალი ფრაზა უკვე იმდენად არის გამჯდარი ყოველდღიურ მეტყველებაში, რომ ერთი სული მიჩნდება ამ “გემოვნებიან საზოგადოებას” ვუთხრა: “ლუძი, მე აღფრთოვანებული ვარ თქვენი გამჭრიახი გონებითა და ანალიტიკის ზებუნებრივი უნარით, მაგრამ გემოვნებაზე ასეთი ჩაციკვლითა და აპელირებით, თქვენ უფრო სასაცილო მეჩვენებით, ვიდრე ის ადამიანი წითელ “ნასკებზე” შორტი და წვეტიანი ფეხსაცმელი რომ აცვია”

6. “ბოდიში, რომ ასეთი რამ გაკადრეთ”

"ფოე–ფოე"

“თქვენმა მზემ რა” – გამოთქმა, სადაც “მზეს” უხეშ შემთხვევებში “ბებია” სრულფასოვნად ენაცვლება

მაია ასათიანს ცოტა ხნის წინ ჰქონდა ერთი ძალიან ცუდი  გადაცემა, როდესაც ცნობილ სახეებს “აკადრეს” და ორიოდე საათით გამყიდველებად, ოფიციანტებად ან (ღმერთო შენ დაგვიფარე) მეცხვარეებადაც კი ამუშავეს.  მთელი ეს რუბრიკა “ვაიმე, ბოდიში რა, ამგვარი რამ, რომ შემოგთავაზეთ” პათოსით იყო გაჟღენთილი (რუბრიკის გაჟღენთვა არც მე გამიგია, მართალია)  და წამყვანი ყოველ მეხუთე სიტყვაზე წუხდა იმის გამო, ბიჭოლას ლილოში კუნტრუში (“ხედავთ, სადამდე დაეცა?”) ან ნუკი კოშკელაშვილს ძროხის ჩამოწველა (“ძროხას რომ წველიდი, არ სტკიოდა?”) რომ მოუხდა.

რუბრიკის დასასრულს მაია ასათიანმა ბედნიერი სახით “სახალხო პროექტის ხალხში გასვლაზე” გვაუწყა. თუმცა, ალბათ, ვერ მიხვდა, რომ იმ დღეს “პროფილმა” საკუთარ აუდიტორიას ყველაზე მეტად დასცინა და გაჭირვებული ხალხის ცხოვრებაზეც მშვენივრად იხალისა…

“სვეტის” (პრინციპში სვეტისაც) პოზაში მყოფ ასეთ ადამიანებს (“ლილო–გლდანზე მოქირქილეებს) რომ ვხედავ, დიდი სურვილი მიჩნდება რომ მივმართო: “Hey, fashion society, მანქანის, iPhone–ის, უცხოელი დიზაინერების ორიგინალი ტანსაცმელისა და ბევრი სხვა რაღაცისგან განსხვავებით, “უბრალოება” ისეთი რამეა, რასაც ფულით ვერ იყიდით და ამისათვის არც “eurocard – mastercard”-ი არსებობს.”

7. “ჰეჰ, შე ბანძო, შენზე მეტი ვიცი” კომენტარები

"ყოველთვის გახსოვდეთ აინშტაინი"

ადამიანების დიდ ნაწილს უხარია, როდესაც საკუთარ ცოდნას ამჟღავნებს. შესაბამისად, ისინი ჩასაფრებულები არიან, რომ რაიმე შეცდომა დაუშვა, ან რაიმე ცუდად დაწერო. ხოლო, როდესაც ეს ღირსშესანიშნავი ფაქტი მოხდება, კრიტიკოსები სიამოვნებისაგან მაშინვე აცახცახდებიან, ხელის თითები აუთრთოლდებათ და ნახევარი სულიღა აქვთ იქამდე, რომ “ამ შეცდომაზე მითითების” პირველობა არავის დაუთმონ. თან, იმდენად ჩქარობენ კომენტარის დაწერას, არც კი უკვირდებიან, რომ მათ ვიღაცამ  უკვე დაასწრო და “ვან გოგმა მარჯვენა კი არა, მარცხენა ყური აითალა”–ო ირონიული ღიმილით შენიშნა.

ასეთი კომენტარები ტექსტის შინაარსს არაფრით უკავშირდება და აუცილებლად “;)” სმაილით ბოლოვდება ხოლმე, რითაც კომენტატორი საკუთარი სიბრძნის ფონზე ირიბად შენს “სიდებილეზე” მიანიშნებს. ამგვარი ქმედება კი ადამიანს ხშირად ისეთ სიამონებას ანიჭებს, რომ ალტრუისტებს შესაძლოა შეცდომების სპეციალურად დაშვების სურვილი გაუჩნდეთ (დაახლოებით ისე, არამწეველმა სიგარეტის კოლოფი რომ ატაროს და ქუჩაში შემხვედრს, იმედნარევი ხმით ნაკითხ: “სიგარეტი ხომ არ გაქვს?”–ოზე პასუხად ამაყად გაუწოდოს).

პ.ს: კონკრეტულად არავინ და არაფერი მიგულისხმია. რეალობასთან ყველანაირი მსგავსება, უბრალო დამთხვევაა და მიზეზი საკუთარ თავში უნდა ვეძიოთ.

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
134 Responses
  1. ნიკუშა says:

    “არსებობს ერთი ასეთი ადგილი, სახელად ბაზრობა, სადაც იყიდება ერთი ასეთი მოწყობილობა, სახელად ყურსასმენი, რომლის ერთი ბოლო მობილურში შედის, მეორე კი ყურის ნიჟარებს უკავშირდება” – მცირე ინსტრუქცია”
    “არააა ძაან მაღიზიანებს ქუჩაში ბოლომდე აწეული მუსიკებით რო დადიან.
    რა უბედურებაა.”

    ყოველთვიურად ყურსასმენების ყიდვა თქვენთვის შეიძლება პრობლემას არ წარმოადგენდეს, ზოგიერთებისთვის კი ძვირი სიამოვნებაა :) .

    • მჩხაპნელი says:

      აქ მარტო ყურსასმენების ყიდვის შესაძლებლობაზე არ არის საუბარი. ადამიანი უნდა ხვდებოდეს, რომ თუ ყურსასმენები არ აქვს, არ არის აუცილებელი მაინცდამაინც მეტროში უსმინოს მუსიკას :) “ჩემი ხელის თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც სხვისი ცხვირი იწყება” თუ რაღაც ამდაგვარია ნათქვამი და ხანდახან მარტო საკუთარი თავის სასარგებლოდ ფიქრიც არ არის მთლად კარგი :) თორემ ყოველთვე ყურსასმენები ჩემმა მტერმა ან მდიდარმა მეზობელმა იყიდა :)

  2. ანი says:

    ბექა მე ის ანი ვარ, იმდღეს მეზობელთა ლექსიკონით რო ვისაუბრეთ :D ძალიან კარგია, ჩემი (და ბევრის) გულში ნადები შენ ამოიღე და დაალაგე … გამგები გაიგებს… lamp

    • მჩხაპნელი says:

      :D როგორც ჩემი მეზობელი იტყოდა: “საქმე ბადებს გულის ნადებს”–ო, ისე გამოვიდა, იმდენად მოსახვედრია ზემოხსენებული “საქმენი საგმირონი” :)

  3. ეიმი says:

    მომწონს შენი პოსტები, კაი იქნება ხშირად და ბევრს წერდეთ ყველა საინტერესო ბლოგერები და მეც ვიჯდები და ვიკითხაააააავ :D ჩემ ბლოგზე კიდე ბებიკო დაწერს :D ბოდიში გადავუხვიე. მინდოდა მეთქვა რომ ნოდარ დუმბაძის გავლენას ვამჩნევ თუ მეჩვენება? მიყვარს ეგ მწერალი. წარმატებები.

    • მჩხაპნელი says:

      :D დუმბაძე მეც მიყვარს, თან იმდენად, რომ თითქმის ყველაფერი მაქვს წაკითხული და გავლენა რომ იყოს რა გასაკვირია :) ხშირად წერა კი პოსტების ხარისხს დაწევს ჩემი აზრით, რთული საქმეა :)

  4. მარიიკ :* says:

    ჰააჰ :D D მეორეზე ჩემი თავი გამახსენდაა :D ერთი ორჯერ მეც მითქვამს და დამიძალებიააა გინდა თუ არა ჩემი ჩანთა წამოიღე – მეთქი :D ოღონდ მხოლოდ მაშინ თუ უკიდურესად ცუდ მდგომარეობაში ვიმყოფები :D საქმე ის არი რო მთელი დღეე საშინლად მძიმე ჩანთის ტარება მიწევს და საღამოობით სახლში მიმავალს თუ საშუალება მომეცემა ვინმე ევერესტივით ბიჭს ჩემი ჩანთა მხარს ჩამოვკიდო, შემთხვევას ხელიდან არ ვუშვებ D:D ბიჭები რა თქმა უნდა ამას ვერასოდეს გაიგებთ :D D:DD იმიტო რო მაგალითად ჩემ სკოლაში არ მოიძებნება ბიჭი, რომელიც ჩანთას ატარებს :D D:D მე კიდე ვწყდები წელში “DD ამიტო სამართლიანია კიდეეც და გოგოებსაც მივმართავ ეგ შანსი ხელიდან არ გაუშვან :D დიდი ამბავი ახლა ხანდახან თუ მოუწიათ ჩანთების ტარება :D D ჯენტლმენობის საფუძველზე აქეთ უნდა თავაზობდნენ კიდეც :D D

    • მჩხაპნელი says:

      ეგ მეორე უფრო მეტად მიკვირს ხოლმე – ერთ გასვლაზე რომ გადატენილი ჩანთით დადიან გოგოები და ყველაფერი რაც სჭირდებათ, ან, არ სჭირდებათ თან დააქვთ :) გამონაკლისებს არ ვგულისხმობ, როცა მართლა საჭიროა :P ისე, თუ მაინცდამაინც ჯენტლმენობაა, სხვანაირად გამოხატვა სჯობს უფრო (ჩემი აზრით) :)

  5. Lintu says:

    “ადამიანები ორ ჯგუფად იყოფიან: ისინი, ვინც ყველაფერს ორ ჯგუფად ყოფენ და ისინი, ვინც არ ყოფენ”

    best part :)

    • მჩხაპნელი says:

      რა სამწუხაროა, რომ საუკეთესო ნაწილი ბენთჰამის აღმოჩნდა :D

  6. MaRo...=X says:

    არ არის ეგ საუკეთესო ნაწილი ! ^^ :P ბექა, გიცავ :D

    • მჩხაპნელი says:

      :D ჰო, ბენთჰემს არ მგონია ეგ ეწყინოს უკვე :)

  7. ლელა says:

    ეს თითქმის ექსკლუზივი კი არა მართლა ექსკლუზივი ბლოგია wasntme ;)

  8. ანა says:

    “Hey, fashion society, მანქანის, iPhone–ის, უცხოელი დიზაინერების ორიგინალი ტანსაცმელისა და ბევრი სხვა რაღაცისგან განსხვავებით, “უბრალოება” ისეთი რამეა, რასაც ფულით ვერ იყიდით და ამისათვის არც “eurocard – mastercard”-ი არსებობს.” (ცხოვრებაში პირველად ვტოვებ ამგვარ საიტებზე კომენტარს, რადგან მიმაჩნია რომ ყველას თავისი აზრი აქვს და არ ღირს ერთმანეთის ლანძღვაში დროის გატარება. რეალურად ამ თაობაში სიტყვა ”კამათი” ლანძღვა ჰგონიათ.) არ შემძლია არ ავღნიშნო ეს მონაკვეთი. საკმაოდ ”მართალი” და ”მე თბილისელი ბიჭი ვარ”-ს ნაცვლად ქალაქში ”გამოსაკვრელი”

  9. ითსმე says:

    :>

  10. მარი says:

    jer mxolod 2 posti tsavikitxe magram dzalian mometsona..kvelas rom tsavikitxav detalurad azrs vitkvi.nu tu vinmes daainteresebs chemi arc tu saintereso da gamartuli azri :D

  11. კნაჭო says:

    მგონი იმის წერა, რომ “მომწონს შენი ბლოგი”, “აუ, რა მაგარი პოსტიაა..”, ან “მაგარი ხარრრრ” უკვე იქცა იმ არასასიამოვნო და მომაბეზრებელ “აუცილებლობად”, როგორებიცაა: “როგორ ხარ?”, “რას შვებიიიიიი?” (თან ამ დროს როცა სულ არ გაინტერესებს) ამხელა პოსტის შემდეგ იმის ნაცვლად, რომ საკითხთან დაკავშირებით გამოთქვა შენი შეხედულება “აუცილებელია” მიაწერო: “dzaaaan magariaaaaa:)))))))))))
    არ ვიცი, იქნებ ეს ბლოგერებს მოგწონთ და თვითშეფასებას გიმაღლებთ, მაგრამ “ჩემში ორგანიზმისთვის დამახასიათებელ თვისებას”:) იწვევს

  12. ნენე says:

    საინტერესოა ძალიან,თუმცა გვიან ვნახე :დ

Leave a Reply

Current month ye@r day *