“ის შენი ღირსი არ არის” – უგეშო ნუგეშის ქრონიკები

"ისემც..."

ჩვენი ცხოვრება წარმატებისა და მარცხის ერთგვარი კარდიოგრამაა.

წარმატებას, როგორც წესი, ღმერთის დამსახურებად მივიჩნევთ (“ღვთის წყალობით მოვახერხეთ გამარჯვება”), მარცხის საკითხი კი უფრო ბედის კომპეტენციას განეკუთვნება (“მე ხომ ბედი არ მაქვს რა”). წარმატება – სხვათა მახსოვრობის მასტიმულირებელი და დაკარგული ნაცნობების ავტომატურად პოვნის უებარი საშუალებაა (“ბავშვობაში ჩემს მუხლებზე რომ კუნტრუცობდი, აღარ გახსოვს?”), მარცხი – გარშემომყოფთა ფარული სიხარულის უშრეტი წყარო (“მომინდომა ამანაც ყველაფერში გამარჯვება”). თუმცა, სხვისი მარცხით გახარებასთან ერთად, ნუგეშიც არანაკლებ კარგი ვიცით და ხშირად, ადამიანს ისტერიკული ტემპით ვამშვიდებთ იქამდე, სანამ მას საკუთარ უბედურებაზე არსებული ეჭვი საბოლოოდ არ განუმტკიცდება .

ყოველთვის მიკვირდა (და ახლაც მიკვირს) იმ ადამიანების, ვისაც ნებისმიერი შესაძლო (თუ უსაძლო) შემთხვევის დროს “ყველაფერი კარგად იქნება”-თი თავის დამშვიდება შეუძლია. სულ მინიმუმ იმიტომ, რომ ნუგეშის ამ სახეობას ქვეტექსტად “შე საწყალო, რა დღეში ხარ” გასდევს და ისეთივე საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, როგორც მაგალითად თვითმფრინავში ყოფნისას “გთხოვთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე”-თი მგზავრების დაშოშმინების მცდელობას.  თუმცა, ჩვენ იმდენად ბევრი ხელოვნური (ან ავტომატური) ნუგეშისცემის კლანჭებში ვართ ჩავარდნილი, რომ ამ ერთ აბსტრაქტულ (და ეგზომ უაზრო) ფრაზაზე გამოკიდება არც ღირს:

  • “შენ (თქვენ) მაინც გამარჯვებულ(ებ)ი ხარ(თ)” – ნათესავებსა და მეგობრებში გავრცელებული ნუგეში, როდესაც ისინი საკუთარი ფავორიტის (“სიხარულის”) მარცხს ვერ ეპუებიან და ჟიურის მოსაზრების უგულვებელყოფით, თავიანთთვის სასურველი მსუბუქად მოდელირებული რეალობის შექმნას ცდილობენ. ნუგეშის ამ სახეობას დამარცხებულთა გულის მოსაგები ერთი კომუნისტურ-სოციალისტური ქვენუგეშიც –  “აქ წაგებული არ არსებობს, დღეს თქვენ ყველანი გამარჯვებულები ხართ” – წარმატებით ახასიათებს. თუმცა, არგუმენტი, თუ რატომ მიიჩნევა დამარცხებული გამარჯვებულად, დღემდე გრიფით საიდუმლოა.

ლეონიდეს - 300 სპარტელს: "არა უშავს, თქვენ მაინც გამარჯვებულები ხართ"

  • “მთავარი გამარჯვება არ არის” – ქვეტექსტით: “…მაგრამ კარგი იქნებოდა მოგეგო”. ნუგეშის ეს მოდიფიკაცია უფრო არგუმენტირებულია და დამსხვრეული გულის დასაწებებლად უამრავ შესაძლო გაგრძელებას გვთავაზობს: “შენ იმხელა გამოცდილება მიიღე, რომ ეს უკვე გამარჯვებაა” (აქცენტის სხვა სარგებელზე გადატანის მცდელობა), “ხალხმა გაგიცნო, რაც მთავარია” (დამარცხებულის პატივმოყვარეობით მანიპულირების მცდელობა), “მთავარი სულიერი სილამაზეა” (ეს ისე… ყველგან რომ ჩხერენ ხოლმე, იმიტომ), “მთავარია, ღირსეულად გამოხვედი” (“რას იტყვის ხალხი”-ზე ზრუნვის მცდელობა), “ვის არ წაუგია” (სხვათა აბსტრაქტულ მაგალითზე დაყრდნობით შენი გამართლების მცდელობა), “მთავარია მონაწილეობა” (ოლიმპიური კანონის ლეგალიზების მცდელობა), “შენ მაინც საუკეთესო იყავი” (ბედთან გაბრძოლების ეგოისტური მცდელობა), “ტელევიზორში გამოჩნდი ბოლობოლო” (ხავსზე ჩაბღაუჭების მცდელობა), “წაგება და მოგება ძმები არიან” (საეჭვო ნათესავური კავშირით აპელირების მცდელობა) და ა.შ.

"მთავარი გამარჯვება არ არის"

  • “ის შენი ღირსი არ არის” – ამურის უამური პასუხის შედეგად გულდაწყვეტილი ადამიანის სანუგეშებელი ფრაზა, რომელიც ძირითადად, უარმყოფელი პერსონის დისკრედიტაციაზეა გათვლილი. ამგვარ ნუგეშს ყოველთვის თან სდევს სუბიექტურ ინტუიციაზე დაფუძნებული პროგნოზი (“აი, ნახე ცოტა ხანში თვითონ შეგეხვეწება”), ცხოვრებისეულ ცირკულაციაზე არსებული რუსთველისეული აფორიზმის შეხსენება (“იგი წავა და სხვა მოვა…”), ცრემლის ინფლაციის მცდელობა (“ის შენს ცრემლებად არ ღირს, დამიჯერე”) ან პირდაპირი იერიში “ბოროტი უარმყოფელის” პიროვნულ თვისებებზე (“ფუი, მაგისი გემოვნება რა ვთქვი”/ “თავიდანვე არ მომწონდა”/ “კიდევ კარგი მოიშორე ეგ იდიოტი”) და ათასი სხვა.

"ის ჩემი ღირსი არ არის"

  • “ამით არაფერი დამთავრებულა. თქვენ ჯერ კიდევ ყველაფერი წინ გაქვთ” – რეალური მარცხის პოტენციური წარმატებით გაბათილების მცდელობა, ქვეტექსტით: “მოწინააღმდეგე უკეთესი იყო, თქვენ კი მეტი სამუშაო გაქვთ”. ზოგადად, ნუგეშის ეს სახეობა ასაკობრივია და წლების მატებასთან ერთად დამაჯერებლობას სულ უფრო მეტად კარგავს. თან აქვე დასაზუსტებელია სიტყვა ”ყველაფერი”, რადგან მასში “მთავარი ცხოვრებისეული სირთულეებიც” შეიძლება იგულისხმებოდეს, მეორედ მოსვლაც, ნატოში შესვლაც და ის ვირტუალური ალპინიზმიც, რომელიც კარიერული სიმაღლეების დასაპყრობად არის საჭირო.

ობამა: "თქვენ ჯერ კიდევ ყველაფერი წინ გაქვთ"

  • “ღმერთი მაღლიდან იყურება და ყველაფერს ხედავს, შენ ნუ ნერვიულობ” – პასუხისმგებლობის ღმერთზე გადამკისრებელი ნუგეში, როდესაც აღშფოთებული ან დეპრესიაში ჩავარდნილი ადამიანის დასამშვიდებლად რატომღაც ღვთაებრივ შურისძიებაზე ხაზგასმა ხდება საჭირო. “ღმერთის მაღლიდან ყურება” კი თავის თავში იმასაც გულისხმობს, რომ ამ დამცირებისა და უბედურების სანაცვლოდ დეპრესირებული ადამიანი ცოტა ხანში ბედს უნდა ეწიოს და მისი ცხოვრებაც უფრო ფერადი გახდეს.
  • “ცოტა ხანში გაგეცინება ამაზე” – უკიდურესი სასოწარკვეთის მომენტში გამოხატული ნუგეში, როდესაც ადამიანები, კაცმა არ იცის – რაზე დაყრდნობით, ხასიათის რადიკალური ცვალებადობის შესახებ თამამად წინასწარმეტყველებენ. ამ გზით ნუგეშისმცემელი ხაზს უსვამს ფაქტს, რომ სასოწარკვეთის მიზეზი, რეალურად არც იმდენად საგანგაშოა, როგორც ეს ორი ან მეტი შეხედვით ჩანს. რა თქმა უნდა, ცოტა წარმოუდგენელია, თუ რატომ შეიძლება “სასიამოვნო მოგონებად” დაგრჩეს ის, რაზეც ახლა ცრემლებს აღვარღვარებ, მაგრამ დროის გასაოცარ სამედიცინო შესაძლებლობებზე (“დრო ყველაფრის მკურნალია”) არსებული ანდაზა ამ შემთხვევაშიც ხშირად ამართლებს.

რობინზონ კრუზო: "ცოტა ხანში ამაზე გამეცინება"

  • “რაც მოხდა, მოხდა. ნერვიულობით საქმეს არაფერი ეშველება” – სამყაროს მარტივი ჭეშმარიტება, რომლის მიხედვითაც დროის დაბრუნება ჩვენს საუკუნეშიც კი მაინც გარკვეულ პრობლემებს უკავშირდება. თუმცა, ნუგეშის ამ სახეობას ისეთივე სარგებლობა მოაქვს ადამიანისთვის, როგორც წინასაგამოცდო რჩევა “არ ინერვიულო”-ს. თითქოს ნერვების აღვირამოდება-მოთოკვის საკითხი მთლიანად პიროვნებაზე იყოს დამოკიდებული და ჩვეულებრივი პულტით იმართებოდეს.

ნერონი: "რაც მოხდა, მოხდა. ნერვიულობით ვერაფერს ვუშველი"

სანუგეშებელი სიტყვები, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრია. მაგალითად: “ნუ გეშინია, მეც მეშინია” (გაცვეთილი იუმორი პანიკის დროს), “დაიკიდე, მოგეშვება” (უარგუმენტობის შემთხვევაში), “ნუ ტირი, რა” (ნუგეშისცემის დროს უსუსურობის შეგრძნებისას), “გამოჩნდება რამე” (უმუშევრების დასამშვიდებლად), “შენთანაც მოვა გაზაფხული” (პოეტური სულის ადამიანებისათვის) და ა.შ. თუმცა, ამ მშრალ სიტყვებზე უფრო მეტად პრაქტიკული პრობლემის გადამჭრელი ნუგეში რომ იქნებოდა, ფაქტია.

პ.ს: მთავარია მიზანზე დაუგეშავი ნუგეშისცემა ნუგეშის ცემაში არ გადაიზარდოს საბოლოოდ და დანარჩენი ყველაფერი  კარგად იქნება…

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
30 Responses
  1. გიორგი says:

    ეს პოსტი ცხელია? და პირველი მე ვწერ კომენტარს? ეხლა გამახსენდა ბექას ერთერთი პოსტი სნობიზმზე, სადაც საუბარი იყო დაბადების დღის თორმეტ საათზე მოლოცვაზე და მერე თვითკმაყოფილ შეკითხვაზე ”ჰა ვიყავი პირველი თუ არა:)) ხოდა სანამ ამ საიტის ერთგულ მდედრთა მთელი არმიის კომენტარებში ჩემი მოკრძალებული მოსაზრება ჩაიკარგებოდეს, უბრალოდ ვიტყვი რომ ირონიის ასეთი მაღალი ხარისხი ძალიან იშვიათად მინახავს:)) ყოჩაღ ბექა და კიდევ ერთხელ ყოჩაღ:)) საქართველოში ირონიას ღვარძლი მოყვება ხოლმე. აქ კი მარტო დადებითია.

    • მჩხაპნელი says:

      :D ცხელი იყო კი, მაგრამ მეგაგიგავარსკვლავის ჩამოსვლამ გააცია უცებ. დაბადების დღეზე ეგ ტრადიცია დიდი ხანია აღარ შემინიშნავს, იმიტომ, რომ ფეისბუქმა ჩაანაცვლა მილოცვა და იქ პირდაპირ ჩანს ვინ არის პირველი :) დანარჩენზე რა მეთქმის – ერთი თავაზიანი სიტყვის გარდა :)

  2. Snitch says:

    ვეთანხმები ზომო თქმულს.

    პირდაპირ სიტყვები არ მკოფნის

    რაფაელო

    არაფრისმთქმელი სიტყვების ნაცვლად

    • მჩხაპნელი says:

      :D იყოს რაფაელო, არ ვარ წინააღმდეგი

  3. dj-guro says:

    ყველაფერი კიდევ წინა გაქვს. :D ისე საინტრესოა ეს, რაც წინა მაქვს, მართლა ყველაფერია? :D

    • Snitch says:

      უმრავლესობა მამრებისათვის რაც წინ აქვს ის მართლა ყველაფერია :D

    • მჩხაპნელი says:

      :D პროფესიას გააჩნია – ზოგისთვის ყველაფერია, ზოგისთვის ჰობი :)

  4. მშიერი says:

    “(არა)მწარე” რეალობის სხვა თვალით დანახვა დაამუღამე? კარგია :)

    • მჩხაპნელი says:

      :D მწარე რეალობა შემიცოტავდა და რეზერვში ჩავიხედე – სულზე ჩამომისწრო შერონმა :)

  5. გიგა says:

    “რაფაელო
    არაფრისმთქმელი სიტყვების ნაცვლად” lol lol lol lol lol
    ვაა რა მაგარი იყო ეს,მთელ პოსტს ჯობდა (ბექა არ გეწყინოს,ვიხუმრე) :D :D :D

    • მჩხაპნელი says:

      :D ისე მეწყინა, ისე მეწყინა “რო რავი” :)

  6. სკოლინოFობი says:

    ასე ხშირად რატომ დებ პოპსტებს? მოგეცადა შემდეგ წლამდე… :D :D :D :D

    • pain says:

      გეთანხმები :D მომავალი წელიც მოვიდოდა, სად ეჩქარებოდა?! :D

      • მჩხაპნელი says:

        :D სინდისმა შემაწუხა და იქით წლამდე გამიჭირდებოდა ატანა :)

  7. Velociraptor says:

    < <წარმატებას, როგორც წესი, ღმერთის დამსახურებად მივიჩნევთ (“ღვთის წყალობით მოვახერხეთ გამარჯვება”), მარცხის საკითხი კი უფრო ბედის კომპეტენციას განეკუთვნება (“მე ხომ ბედი არ მაქვს რა”). >> ეგ შეიძლება პირიქითაც იყოს, მაგალითად: “ნახე რა ბედი აქვს ამ ჩემისას”, “ბედი მაქვს თორე სხვა რატო ვერ იგებს” და “ღმერთსაც თავისთვის კარგები უნდა” ან “რა ვუყოთ, ღმერთმა ასე ინება” :)

    • მჩხაპნელი says:

      :D ჰო, ეგეც არის “ყველაფერი ღვთის ნებაა” – მაგრამ უარყოფით ფაქტებთან ღმერთს მაინც იშვიათად ახსენებენ და არც მოწინააღმდეგის სიძლიერეს აღიარებენ მაინცდამაინც დიდი ხალისით :) აი, ბედი კი ნამდვილად ორივე კატეგორიაში ჯდება 8-)

  8. tamara says:

    ოოჰ, ბექა, შენ რა გითხარი:) რამდენი ხანია, ჩემს დრაფტებში განისვენებს პოსტის სათაური “გავა დრო და თვითონვე გაგეცინება” და თავი ვერ მომიბამს… რავა ყველაფერი დასწრებაზეა, კაცო:) :) :)

    • მჩხაპნელი says:

      :D “Facebook”-ზე ვსაუბრობდი ნუგეშზე ჩემთვის მშვიდად და მაშინ შთავგონდი. ჩემი ბრალი არ არის :)

  9. Ani* says:

    ბექა ისეთი მაგარიი ხარ ისეთი რომ პირდაპირ არვიციი..
    სიტყვები არ მყოფნის, ნეტავ იცოდე რა მაგარი რომ ხარ ! : D : )))

  10. მარიამი says:

    შენი მოსაზრებებიდან ამ შემთხვევაში ყველას ვეთანხმები, მაგრამ მე ის მაინტერესებს შენ როგორ დაამშვიდებდი თუნდაც “ლოვესთან” დაშორების შემდეგ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ ადამიანს ? :D

    • მჩხაპნელი says:

      :D წარმოდგენა არ მაქვს. ყოველ შემთხვევაში, ეს ნუგეშები პრაქტიკული არ არის და არგუმენტირებული :D

  11. ყრონტათრთოლებული რვაფეხა=)) says:

    ზუსტია=)) მომეწონა ნამდვილად ;)
    მაინტერესებს,რომელი ნუგეშებია პრაქტიკული და არგუმენტირებული? :S

  12. ნუგეში არის ძალიან მნიშვნელოვანი ბევრი ადამაინისათვის, და ბევრ რამეს ცვლის ადამიანის აზროვნებაში, უმეტესწილად პოზიტიურად ვიდრე ნეგატიურად. ნუგეში რელიგიის არსებობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრი ადამიანი რელიგიური, თუნდაც მიღებული ნუგეშის გამოა რელიგიური. მაგრამ ფსიქოლოგიურად ძლიერ ადამიანს ნუგეში არ სჭირდება (და არც რელიგია) hah

    მიუხედავად ყველაფრისა მგონია რომ ზედმეტად გაქვს დაკნინებული ნუგეში, თუნდაც არაობიექტური, აი მაგალითად ეს “მოწინააღმდეგე უკეთესი იყო, თქვენ კი მეტი სამუშაო გაქვთ” ეუბნება მწვრთნელი მოკრივეს მაგალითად, მოკრივე იჯერებს რომ მეტი აქვს სამუშაო და მომავალში მას დაამარცხებს და ემატება რწმენა საკუთარი თავისა, ან არ კარგავს. იჯერებს რომ მოწინააღმდეგე მართალია იყო უკეთესი მაგრამ მომავალში თავად იქნება უკეთესი. იწყებს აქტიურ ვარჯიშს და შრომას საკუთარი შესაძლებლობების განსავითარებლად და ამის შედეგად მართლაც ამარცხებს იგივე მოწინააღმდეგეს და ეგ გამარჯვება შესაძლოა ამ სიტყვების დამსახურებაც იყოს: “მოწინააღმდეგე უკეთესი იყო, თქვენ კი მეტი სამუშაო გაქვთ”. ან მაგალითად ეს:”ცოტა ხანში გაგეცინება ამაზე” დავიჯერო ასე არავის დაგმართნიათ?

  13. ნინუცააააა says:

    მომეწონა, ყველაფერი სწორად გაქვს ახსნილი და გააზრებული, მაგრამ თუ ადამიანს რომლის დახმარება არ შემიძლია და მხოლოდ სიტყვებიღა მრჩება, მის მორალურ მხარეზეც ხომ უნდა ვიფიქრო, ამით მაინც შევუმსუბუქო შესამსუბუქებელი hah wasntme hah მთლიანობაში ვერყ ცოოლ არის hah

    ***********************************************
    რავიცი, მ ე პირადად ხშირად ვიყენებ ,, ნუგეშებს ” .. ვგონებ მის გარეშე ისედაც შეშლილი ხალხი სულ გაგიჟდებოდა .. :|

  14. ჰმ მართლა ყველაფერი სწორედაა შეფასებული … ნუგეში , ფლიდობა … , ტყუილიი ვიგაცის “გადასარჩენად ” ;)

  15. One_O says:

    ემპათია ადამიანისათვის საარსებოდ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია(ჩემი სიტყვები არაა)…ადამიანი არ არის იმდენად ადეკვატური და კონცენტრირებული ორგანიზმი,რომ ემპათიის(თანაგრძნობა,ნუგეში) გარეშე ყველა შემთხვევაში გაართვას თავი დაბრკოლებას.პირადად ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს თანაგრძნობას,კარგად ვხვდები ხოლმე სიტუაციის სირთულეს, თუ სიმარტივეს, მაგრამ მაინც ყოველთვის მსიამოვნებს(იშვიათად მაღიზიანებს კიდეც: ) .
    მაგრამ თანაგრძნობიდან 10 წუთში ისეთი შეგრძნბა მაქვს , ზაფხულში თავსხმა სიცხეში ნაყინის მერე რომ წყალს დალევ

  16. ნილი says:

    ლალალალალალალალალაააააააააააააააააააააააააა

  17. tinatinitinitiki says:

    მომწონს მე ეს სტილი, რეალობის აღწერა… მწარედ და იუმორისტულად …

  18. Salu )))) says:

    magaria )))))

Leave a Reply

Current month ye@r day *