ცხვირი გაწიეთ, გეთაყვა!

"ცხვირი ცხვირია, მაგრამ.."

“ცხვირი ხან თვითონ აცემინებს, ხან – მის პატრონს. გააჩნია პილპილში ჩაყოფენ თუ საქმეში” – ცხოვრებისგან (და ცხვირებისგან) გამობრძმედილი ადამიანი

“ეს იმ ცხვირს გაუმარჯოს, თვითონ რომ კარგად სუნთქავს, ჩვენ კი თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევს” – ლუდით სათქმელი სადღეგრძელო

ცხვირი მრავალფუნქციური ორგანოა. გარდა სუნთქვისა ის შეიძლება აიბზიკო (და კეკლუცს შეუდგე), აიბზუო (და “ფუ, გოიმი” ან “სოფლელები” თქვა), წაიტეხო (თუ ეს “სოფლელი” ჯანიანი აღმოჩნდა), გამოყო (მეტაფორულად – როცა “ცხვირის გარეთ გამოყოფას” გიკრძალავენ), რამე ამოიდინო ან ამოადინო (ძმარი, მაგალითად), დააცემინო (და “სიცოცხლის” ან “ჯანმრთელობის” გახანგრძლივების პერსპექტივით დატკბე), მოაჭამო (მუქარის ფარგლებში) და ბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, სხვის საქმეში მოაფათურო…

ცხვირის ფათური კი ყველაზე ხშირად ცნობისმოყვარეობის მამხილებელ რამდენიმე შეკითხვაში გამოიხატება ხოლმე:

"merri-age"

1. “რატომ არ თხოვდები/ცოლი რატომ არ მოგყავს?” – ცხვირის დეზორიენტაცია ყველაზე უკეთ მაშინ ჩანს, როდესაც ადამიანი – ოცდახუთ წელს, მისი ნათესავების მოთმინება კი – ყოველგვარ ზღვარს სცდება.  ეს სწორედ ის დროა, როცა ნებისმიერ ფრაზას (“რა კარგი ბიჭი ხარ და…”, “აწყობილი გაქვს ცხოვრება უკვე და…”, “გარშემო ამდენი ლამაზი გოგო დადის და…”, “ნეტავი, დედაშენს, შვილო…”, “უკვე კი არის დრო, ოჯახზე რომ ფიქრობდე და…”) ერთი დასასრული აქვს და სასიძო-საპატარძლოებს ირიბად ხუთასკაციანი ღრეობისკენ მოუწოდებს.

თუმცა, თუ არც ამ მასობრივმა წნეხმა გაჭრა, საქმეში უკვე სამეზობლო არტილერია (და ჭოროპერატორების საზოგადოება) ერთვება (“ეტყობა რამე ჭირს”, “მაგას ისეთი ხასიათი აქვს, რა ცოლი გაუძლებს”, “ისე, ჩვენში დარჩეს და ოჯახში ეგეთი როგორ უნდა შეიყვანო”, “ქალო, სიგარეტს ეწევა და რამდენჯერმე დავინახე, ვიღაცამ მოიყვანა მანქანით 12 საათზე”, “ნარკომანია, ალბათ და მაგიტომ”). არადა, ცოლი არც ხორბალია (გეგმიურად რომ დათესო და შემდეგ სეზონზე მოიყვანო), არც წვიმა (მის მოსაყვანად ბაყაყების გამუსვრა რომ იყოს საკმარისი) და არც ხასიათი (მხოლოდ ანეკდოტების მოყოლით რომ მოდიოდეს).

2. “ხელფასი რამდენი გაქვს?” – ისე კი, ხელის თხოვნაზე მეტად ხშირად ხელის ფასი ფასობს ხოლმე. შესაბამისად, როდესაც ვინმე დასაქმებულ ნაცნობ-მეგობარს გადავაწყდებით, მაშინვე მისი ფინანსური მდგომარეობის განსჯას უნდა შევუდგეთ. თუმცა, ამგვარი ცნობისმოყვარეობის გამო სინდისმა მცირედით მაინც უნდა გვქენჯნოს და თავის გასამართლებლად სიმორცხვენარევი ტონით “ოღონდ, თუ საიდუმლო არ არის” დავძინოთ.

პრინციპში, არც ის მესმის, ვიღაცას ვიღაცის ხელფასი რატომ უნდა აინტერესებდეს (თუ მაინცდამაინც კრედიტ-ოფიცერი არ არის) და არც ის, ეს შეკითხვა უხერხულობას რატომ უქმნით ხოლმე. დასაქმებულია და გუნება.

“ბედნიერებისთვის სრულიად საკმარისი იქნებოდა ის თანხა, რომელსაც ჩემი მეზობლების ვარაუდით ვშოულობ” - ჯორჯ ბერნარდ შოუ

3. “ორსულად ხომ არ ხარ? ბავშვი არ ჰყავთ/გყავთ ჯერ?” – ვიწროდემოგრაფიული დილემა, რომელიც ცოლ-ქმარს შორის არსებული პერიოდული სექსუალური კავშირის ნათელ დადასტურებას მოითხოვს. თუმცა, რიგ შემთხვევაში, ეს სექსუალური კავშირი ცოლ-ქმრის ტვინთან უფრო ხშირად მყარდება, ვიდრე მათ შორის.

შეკითხვაზე უარყოფითი პასუხი კი რეფლექსურად იწვევს დანანებით-ამოოხვრითი ინტონაციით ნათქვამ  უი, რატომ?”-ს (ვისი რა საქმეა, მაგრამ მაინც), რომლის უკანაც “საწყლები, რომელიღაც უშვილოა” ეჭვი იწყებს აღმოცენებას.

"უნებლიე დიეტა"

4. “გასუქებულხარ. რამდენი კილო მოიმატე?” – ჭარბი ქონის ქონა სიამოვნებას არავის ანიჭებს. თუმცა, სხვისი ზედმეტი კილოგრამებისთვის ჩვენი ცხვირის წონის დამატებაც არასოდეს გვიჭირს. სამაგიეროდ, ხშირად გვავიწყდება ის, რომ ამ ადამიანს სახლში სარკე აქვს და ჩვენი რემარკების გარეშეც კარგად ამჩნევს, რომ “კილო-კალო-რიებს” ათასგვარი უცნაური დიეტით ან უვადო შიმშილობით უნდა ებრძოლოს.

5. “რატომ არ დადიხარ ეკლესიაში?” – საყვედურნარევი შეკითხვა, რომელსაც ლაიტმოტივად “შენ ხარ ქართველი, მაშასადამე შენ ხარ მართლმადიდებელი და ეკლესიაში რეგულარულად უნდა დადიოდე” პათოსი გასდევს. ზოგჯერ მისი ავტორი ადამიანთა ის კატეგორიაა, რომელსაც მარხვის დაცვა ან წირვაზე დასწრება ეამაყება და ამის დემონსტრაციას ცდილობს, ზოგჯერ – ფანატიკოსები (რომელთათვისაც ნებისმიერი “თავის გასამართლებელი” მიზეზი უბრალო მკრეხელობაა), ზოგჯერ კი – ჩვეულებრივი მორწმუნეები, რომელთაც შენზე დადებითი წარმოდგენა ჰქონდათ და ახლა უბრალოდ გული სწყდებათ, რომ “შენ ის არა ხარ, რაც მათ ეგონათ”. ამავე ციკლს განეკუთვნება ის დამამუნათებელი შეკითხვაც, რომელიც “შენ მიერ მარხვის უგულვებელყოფის ჭეშმარიტი მიზეზების დადგენას ისახავს მიზნად”.

"ფსონები - დედასა და მამაზე"

6. “დედა უფრო გიყვარს თუ მამა?” – ბავშვის ფსიქიკის შემბილწავი და მისი მორალისთვის ამორალური ზიანის მიმყენებელი შეკითხვა, რომელსაც უფროსი თაობის წარმომადგენლები ხშირად ნახევრად ხუმრობით სვამენ ხოლმე. თანაც, როგორ გინდა სიტუაციიდან დიპლომატიურად გამოძვრე მაშინ, როდესაც “ბოროტი ბიძაკაცები” პასუხ “ორივე”-ს მკვეთრ ვეტოს ადებენ და “მაინც, მაინც”-ის ძახილით იქამდე გიბურღავენ ტვინს, სანამ შენი რადიკალური პასუხით დედის (ან მამის) გულს ჩაწყვეტის საფრთხეს არ შეუქმნი.

7. “კარგი კაბაა. რა მიეცი?”

“ხალხი ამა თუ იმ ყალბ ნივთს იმიტომ კი არ იწუნებს, ნამდვილი არ არისო, არამედ იმიტომ რომ ეშინიათ, ვინმემ არ გაუგოს, იაფად რომ იყიდეს”“უმანკოების მუზეუმი” (ორჰან ფამუქი)

ქართველებს გვჩვევია, რაიმეს შეთვალიერების შემდეგ რატომღაც პირველად (და მყისიერად) მისი საფასურით დავინტერესდეთ. თუ ფასი მაღალია (სამაღაზიო) – ოდნავ შეგვშურდეს, თუ საშუალო (საბაზრობო) – ყიდვა მოგვინდეს და თუ დაბალი (მეორადი) – თავი აღმატებულად ვიგრძნოთ. უმეტეს შემთხვევაში, პროდუქტსაც რეალურად მხოლოდ მისი ფასის გაგების შემდგომ ვაფასებთ, რადგან პროდუქტის ხარისხის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი ჩვენთვის სწორედ ის ხდება, რომ ეს პროდუქტი “ძალიან ძვირია”.

"სახეზე რა გჭირს?"

8. “სახეზე რა გჭირს?” – ისიც ტრადიციაა, ადამიანის შუბლსა თუ ნიკაპზე არსებული გამონაყარი რომ შენიშნო და მაინცდამაინც ამ მუწუკის წარმომავლობით დაინტერესდე. დამუწუკებულის პასუხი, რა თქმა უნდა, ზოგადია: “რავი, გოგო, გამომაყარა” (ისედაც თვალსაჩინო ფაქტის უმწეო გამართლება), “ღმერთმა იცის” (ღმერთის ფართო ცოდნის ვისიმე ვიწრომუწუკობრივ დონემდე დაყვანა), “ალერგია მაქვს, მგონი” (წინასწარ შემუშავებული ტყუილი მსგავსი ინტრიგანული შეკითხვების მოსაგერიებლად), “რაღაც მქონდა და გამიღიზიანდა” (“ვიჩიჩქნე” ზმნას მოკლებული, მაგრამ მგულისხმებელი განმარტება) და სხვა მრავალი.

პ.ს: “თუკი, გრძნობთ, რომ თქვენს საქმეში კიდევ ბევრი ცხვირია ჩაყოფილი, უბრალოდ, გამოიყენეთ ცხვირ-სახოცი და ხელის მარტივი მოძრაობით ულმობელად ამოხოცეთ ისინი” – ამონარიდი “ტელემარკეტის” რეკლამიდან

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
54 Responses
  1. ხატია says:

    lol მშვენიერია!!!

  2. მძიმე) says:

    უნებლიეთ გამომდის ხოლმე ალბათ ცხვირის ჩაყოფა სხვის საქმეში მეც.რაც მთAვარია ვებრძVი მე ამ ამბავს და როცა დავაპირებხოლმე კითხვას რატომ არ თხოვდები გოგო(რა სულელური კითხვაა ჯერ) ენის წვერზე დავიჭერ ხოლმე.

    და საერთოდ ისეთი შეეკითხვა არ უნდა დასვა რაც შენთვის დასმული არ მოგეწონებოდა :>

    • ეგ იმ პრინციპიდან გამომდინარეობს – “მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა, რომ შენ გექცეოდნენ” :>

      • დეა says:

        ისე , საერთოდ ,მე არ ვეთანხმები მაგ გამონათქვამს ))) არ უნდა მოექცე სხვას ისე, როგორც გინდა, რომ შენ გექცეოდნენ. მარტივი მიზეზის გამო-შეიძლება იმ სხვას და შენ ერთნაირი გემოვნება არ გაქვთ )))) პ.ს ძალიან მკაცრადაც ნუ გამაკრიტიკებ, უბრალოდ აზრი გამოვთქვი :”>

        • Zuba Dalama says:

          ეგ გამონათქვამი იესო ქრისტეს ეკუთვნის. რა თქმა უნდა, მეც არ ვეთანხმები.

      • მჩხაპნელი says:

        საერთოდ არ ვაპირებ კრიტიკას :D ეგ ადამიანის უფლებათა დეკლარაციიდან არის და როგორც ყველა მსგავსი გაწერილი თეზისი – ესეც ზოგადია :)

  3. Katiee.Ge says:

    ეჰ, რამდენი ასეთი კითხვაა დაბადებიდაბ სიკვდილამდე რომ უნდა აიტანო, ერთ დროს მეც ჩამოვწერე ესენი: http://katiee.ge/maradiuli-kitxvebi/

  4. madson says:

    სულ ღიმილ-ღიმილით შემომეჩამეკითხა და ნაცნობი სიტუაციების კორიანტელი დამიდგა თვალწინ… ;) :D :D

  5. ძალიან კარგი პოსტია, როგორ მესმის :D ყოველი კითხვა !!! წავედი დავაშეარო..ყველა ცხვირიანს მივაწვდინო ხმა :D
    P.S. ამ პოსტზე ერთი რამ გამახსენდა: ჩემს 23 წლის მეგობარს ასე უთხრეს: უიიი..რა კარგი გოგო ხარ და გაუთხოვარი :D :D:D

    • 23 წლი გოგო ჯერ კიდევ გასათხოვარია, 25–ს რომ გადასცდება, მერე აქვთ ცუდად საქმე – მასაც და მის ტვინსაც :) იმედია, ცხვირიანებს ეს ცხვირი დანახვაში ხელს არ შეუშლით :)

  6. თაკა says:

    როგორ გამისწორდა და რამდენი პუნქტია იმდენად ახლოს რომ აი აი აიიი უუფ გული მომეფხანა რა hah hah hah

  7. Zurriuss.Ge says:

    მეგონა, წაკითხული მქონდა სადღაც. “დრო მშვიდობისას” ფრაზები იგრძნობა, მარა, საერთო ჯამში, მომინდა, ყველასთვის შუბლზე ამეფარებინა – კაკ ვსეგდა :D

    • კი, იყო მცირე ამონაკვესები :D (ამონაკვნესები – არა) :>
      “დრო მშვიდობისაში” უფრო ხშირად ვწერ უკვე მგონი და გადამიბირა :)

  8. Agasfer says:

    LOL lol
    გენიოსი ხარ, ბექა :დ

  9. ასეთ მაგარ სტატიებს რომ წერ ცოლი რატომ არ მოგყავს? :P
    (ალბათ ბექა ისევე როგორც ყველა ჭინიერი ადამიანი აფრენს და მაგას ვინ გაუძლებს) ;)

    • :D ამ დროს არის ხოლმე მაგარი არგუმენტი: არავინ მომყვება და რა ვქნა! (ოღონდ ამ ფრაზის თქმის შემდეგ, უნდა გაიღმიჭო. ისე, პეწს კარგავს) :)

  10. ძალიან კარგი პოსტია და სამწუხაროდ სწორედ ის ადამიანები კითხულობენ ხოლმე ასეთ თემებს ნაკლებად, ვისაც საკმაოდ გრძელი ცხვირები აქვთ და ალბათ სწორედ ამწუტას რობერტ პატინსონზე ან ბიჭოლაზე იძიებენ უახლეს ინფორმაციას…

    უმაღლესი ქულით კი პოსტის ბოლო ნაწილს შევაფასებდი – გამონაყარზე – მეზობელი მყავს ერთი, მოზარდია და მეზობლები თუ მეგობრები ყოველდღე ეკითხებიან თუ რა სჭირს სახეზე და მერე ნწუ-ნწუო იტყვიან თითქოს ამოიხვნეშენ ხოლმე :) )))))))

    • :D :D
      არა, ნამდვილად რთული გადასატანი შეკითხვაა, მით უმეტეს, გოგოსთვის, რომელიც ალბათ, გამოსვლის წინ ერთი საათი სარკესთან იდგა და ათას კრემს ისვამდა, გამონაყარის დასამალად :>

  11. კლავიატუროლოგი says:

    http://www.shockya.com/news/wp-content/uploads/voldemort-fiennes.jpg ა კაცი…. სად აქვს სხვის საქმეში ჩასაყოფი ცხვირი lol

  12. Snitch says:

    ეგრე რა შე კაცო რა დაგვტანჯე ამ სიცხეში ამდენი ხალხი (მგონი გაჭრა ჩემმა შეგონებამ :) (ეს იმის სადემონსტრაციოდ რო მჩხაპნელს სკაიპში ველაპარაკები ხოლმე :D ) )

    მაქედან ბოლოს გარდა არცერტი არ მიხმარია და ისიც მარტო ისეთ ახლობელზე რომელსაც შემიძლია ემი ნაცადი საშუალება რო შევთავაზო :P )

    პ.ს. აქ რა მოსატანია და სულ მინდოდა მეთქვა,მარშუტკის მძღოლს იმიტომ ეუბნებიან რო გადახვალ გააჩერეო,რომ უკვე მომზადებულმა გააჩეროს და არა უეცარი ტორმუზებით და ნხევარი მარშუტკის წინ გადაწვენით ან საეწრათოდაც გაჩერების ვერ მოხერხებით, რომელსაც ეეე სად გამომიყვანეს ჩალაპარაკებით ვგმობთ, რეალურად ჩვენსავე დანაშაულს.

    ველოდები ახალ სტატიას!!! აბა ეხლა ხომ არ გეგონა რო ამხელა ზაფხული ერთი სტატიისთვის გელოდეთ :D

    • მჩხაპნელი says:

      :D :D
      მაგ დროს მძღოლიც ბურდღუნებს ხოლმე რაღაცას! :) თან ეგ ფრაზა იმდენად უკვდავყოფილია უკვე – შეუძლებელია ოდესმე დავივიწყოთ :)

  13. მარსიდან :) says:

    კარგია, მაგარია, საინტერესოა, რეალურია… ისე მეც მჭირდება ცხვირსახოცი! ნამდვილად ბევრი დასახოცი ცხვირები მაქვს/მყავს გარშემო და არც დამენანება ფატალური დასასრულისათვის :)

    P.S. რატომღაც მგონია რომ ენრიკე იგლესიასის საქართველოში სტუმრობაზეც ფრიად საინტერესო სტატიას დაწერ :)

    • მჩხაპნელი says:

      :D შერონ სტოუნზე რაც წერია, სახელი შევცვალოთ და ეგ არის :)

  14. ვახო says:

    ცხვირი შეიძლება გამოიყენო ერთი კარგი რამისთვის და ბევრი ცუდისთვის. :)

    “კარგი რამე” – სუნთქვა

    “ცუდი რამეები” – სხვა დანარჩენები, რომლებიც პოსტშია ჩამოთვლილი :)

    ============

    ცხვირსახოცთან ერთად დავინახე “ცხვირ-სახოცის” ქონის აუცილებლობაც.

    წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება იყო “ცხვირ-მოუხოცავი” ან “ცხვირმოუხოცავი”.
    უარეს შემთხვევაში ორივე :D

    • მჩხაპნელი says:

      :D თუმცა, ცხვირების ჟლეტვის ასეთი სურვილით უკვე “უცხვირპირობის” საფრთხის წინაშე ვდგებით :)

  15. Kate says:

    ვაიმე ბექა!!!!!!
    ყოჩაღ კიდევ ერთხელ. დავდე უკვე ფბ-ზე.

    ხოდა რამე კარგი მირჩიე ამ შეკითხვებს როგორ ავარიდო თავი.
    ჯერ-ჯერობით აგრესიას მივმართავ ხოლმე.

    • მჩხაპნელი says:

      რამე შუალედური ფრაზაა მოსაფიქრებელი: “მაპატიე, მაგრამ ეს ჩემი საქმეა”-ს ტიპის :) არც აგრესია რომ არ იყოს მაინცდამაინც და არც “გრესია” :)

  16. Midnight Lady says:

    გულს მფხან ხოლმე რა :)

  17. EKKA says:

    მომწოოონს =))))) მარადიულ თემას შეეხე რომელსაც არც დასაწყისი უჩანს არც დასასრული, სამწუხაროდ და არც რაიმე საზღვრები :D :D

  18. ნინო says:

    ეგ იცი როგორი თემააა მთელი ცხოვრება რო წერო, მაინც არ გამოსწორდება… wasntme ჭორაობა ხო ზოგმა ლამის პროფესიას იქცია..

    • მჩხაპნელი says:

      კი, ამაში დასარწმუნებლად სრულიად საკმარისია “დღის შოუს”, “სამოთხის ვაშლების” ან “შუადღის” ჩართვა :)

  19. Amor Fati says:

    ჰაჰა, მაგარი პოსტია. სანამ გავთხოვდებოდი, ამომიღეს სული ჰიპერპირადული კითხვებით, რატომ არ ვთხოვდები, სადედამთილო მიწუნებს? ა.შ. გავთხოვდი და ორსულად ხომ არ ხარ? ცოტა მეტი თუ შემომეჭმეოდა სადმე, სუნთქვაშეკრული დავდიოდი, კითხვის პროვოცირება არ გავაკეთოთქო :დ
    ახლა ბაღანეც გავაჩინე და დროებით მიმალული ვარ ფართო საზოგადოებისაგან… მაინტერესებს, შემდეგი რა ეტაპი მელის საზოგადოებრივი ცნობისმოყვარეობისა…

    პ.ს. ცალკე განხილვის საგანია არამკითხე რჩევები :) )))) ერთი წიგნი შემიძლია გამოვცე უკითხავი რჩევების :) ))

    პ.პ.ს. სულ დამავიწყდა :) )) ახლა გავდივარ თუ გავდივარ საოცარ ეტაპს :დ ჩვილი მიჭირავს ხელში, შესაბამისად მუცელი ჯერ კიდევ მეტყობა და საზოგადოების ფანტაზია ანატომიურ, თუ ფიზიოლოგიურ შესაძლებლობებს გასცდა და დაბალი ტონით (ასე უფრო კულტურულად ეჩვენებათ, ალბათ) მეკითხებიან, ისევ ორსულად ხარ, თუ?….
    თუ ვინმეს ბავშვი გაუჩენია, განსაკუთრებით კარგად გაიგებს.

  20. kes-kes says:

    ერთი გამახსენდა, “დედა უფრო გიყვარს თუ მამა”-სებრთა კატეგორიას ეკუთვნის, ოღონდ არჩევანს არ გიტოვებს (!): ”დედიკო გიყვაააარს?” + გამომცდელი მზერა. ჩემს პატარა მამიდაშვილს დაუსვეს ეგ კითხვა და ძალიან მაინტერესებს, რა პასუხს ელოდნენ :)

    • მჩხაპნელი says:

      :D ალბათ “არა, არ მიყვარს, რა სისულელეა” ან არ ვიცი :)

  21. DONNA says:

    lol lol lol lol lol lol lol ვუყურებ კომენტარებს და მეცინება.ისე ”მოიფხანეს” ახლი პოსტით გული ამ ადმიანებმა, თითქოს არასდროს დაუსვამთ ამ შეკითხვებიდან ერთი მაინც. lol lol

  22. თეონა says:

    კარგი პოსტია:))გაგრძელებასაც თუ მოაყოლებთ, თუ კერძოდ როგორ უნდა ვებრძოლოთ ცხვირებს, უფრო კარგი იქნება, თორე ეგ ხო ჩვენც ვიცით :) ))

    • მჩხაპნელი says:

      კუზანოვი ჩავრიოთ საქმეში და შეაპატარავებს 8-)

  23. ოთო says:

    ისა და პირველი 5 კომენტარი წავიკითხე და ამ ტექსტის წაკითხვის მერე კომენტარი “კარგია” და მისთანების დაწერა რო არ იყო საჭირო მეგონა ნათელი იქნებოდა,და არც ავტორს უნდა ნდომოდა წესით..

  24. ruus says:

    ბექა შენით უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ :) ))

  25. Miss Chikasso says:

    უძლიერესიაააააა

  26. ეკა says:

    ბრააავოოო!!
    ცხვირ-სახოცი მომეწონა :D აი თურმე რას ნიშნავს ეს სიტყვა lol

  27. Shanny says:

    მე მერვეზე არასდროს არ ვიტყუები :დ ვამბობ იმას რაც სიმანდვილეშია..ეგ თითქმის უკვე დღეს ბევრის პრობლრმაა (( სამწუხაროდ

  28. Tsotnee says:

    აქამდე მხოლოდ კითხვით შემოვიფარგლებოდი ხოლმე, აი დღეს კი რატომღაც კომენტარის დაწერის სურვილი გამიჩნდა. :) ჰო დასაწყისისთვის, ძალიან მომწონს წერის სტილი, სხვა დანარჩრნი კი უკვე სუბიექტირია!
    ახლა რაც შეეხება პოსტს – ნეტავ უმეტესობას რატომ აქვს გრძელი ცხვირი, რომელსაც არ იცის რა უნდა უყოს?!
    ეჰ! პასუხი: ერორ!
    აი პირადად კი სულ არ მაინტერესებს ზემოთჩამოთვლილი! არადა – http://literatura.mcvane.ge/main/doyouknow/6950-bbbb-byebbbbb-bbbbbbbb-bbbbbbbbbb-bbbbbbyebbbbbb-bbyebbb.html

  29. შIFთ says:

    მჩხაპნელ რამდენის ხარ ?

Leave a Reply

Current month ye@r day *