ჰო-LIVE-უდური ისტორია

მონე

მათთვის, ვისაც დიდი რაღაცეების კითხვის დრო აქვს და არც ეზარება.

1. ანი

პარიზი.
საღამო.
წვიმა.
მონე.
მარტი.
მონმარტრი.
კაფე.

მაგიდა ერთისთვის და…

…ანის სჯეროდა, რომ სამყაროში შეუძლებელი არაფერი იყო. მათ შორის, არც ნოველისათვის ამაზე უფრო ბანალური დასაწყისის მოფიქრება და არც სიყვარულის ქალაქად სტერეოტიპიზირებულ პარიზში მარტო სიარული. ჰო, ზუსტად იმ პარიზში, რომლის მოედნებზეც ადამიანები მუდამ თავს კარგავდნენ. საუკუნეების წინ – გილიოტინის, საუკუნეების შემდეგ კი უკვე – სიყვარულის გამო.

არადა, ასაკთან შედარებით ანის ცხოვრებაში უკვე ბევრი რომანი ჰქონდა…

…წაკითხული და უმეტესობა მოსწონდა კიდეც. განსაკუთრებით ფრანგული რომანები – არისტოკრატული ტონითა თუ მაღალფარდოვანი სიტყვებით დაწერილი. მოსწონდა, მაგრამ ფაქტია, რომ ანის რომანის (ნებისმიერის – მამრობითისაც) მეტი პრაგმატულობის გამო ნაკლებად სჯეროდა. საერთოდაც, ის ხშირად ამბობდა, რომ ცნება „სიყვარული“ ისეთივე სისულელე იყო, როგორც… როგორც…

„როგორც, მაგალითად, ზაფხულის წვიმაში ქოლგით სიარული“ – გაიღიმა ანიმ და „Kent”-ის კოლოფიდან კენტად* დარჩენილი ღერი ამოიღო.

„არავინ და არაფერი მიყვარს…“ – გაიფიქრა, ჩაფიქრდა და ბევრი ფიქრის შემდეგ მოიფიქრა ის, რაც შემდეგ უნდა გაეფიქრებინა – „…ფიქრის გარდა, რა თქმა უნდა“.

არადა, სიყვარულით ანის კიდევ ბევრი რამ (ან ვინმ) უყვარდა. თუნდაც, ხშირი ბოდიალი (როგორც ფიზიკური, ისე ვერბალური), სიტყვა „მეზარება“ (რომლის თქმაც არასოდეს ეზარებოდა), „Cold play“ ან ცხელი შოკოლადი, ცეკვა (სხვისი დაკრულის გარდა – ყველაფერზე), საკუთარი თავი (კიდევ ერთი-ორი) და სხვ. ჰოდა, ისიც ამ „სხვ.“-ის დასაზუსტებლად ოდისევსივით დაეხეტებოდა ქვეყნიდან ქვეყანაში და სჯეროდა, რომ სადმე, რომელიმე კაფეში, რომელიმე ქუჩაზე, რომელიმე შუკაში, რომელიმე სასტუმროში, ან რომელიმე აეროპორტში მაინც დახვდებოდა მისტერ პენელოპე – სანდომიანი ღიმილითა და ისეთი საყვედურნარევი მზერით, როგორიც აქვთ მაგალითად, კამერდინერებს, როდესაც ვინმე დაწყებულ სპექტაკლზე იგვიანებს ხოლმე.

ასე მოხვდა პარიზში – ქალაქში, რომელმაც სიყვარული დაიპატენტა.

[აქ ნოველა უკვე თავგანწირვით ითხოვს, რომ გამოჩნდეს სიმპათიური ბიჭი, ასე 24-25 წლის, ფრანგი, რომელსაც ექნება კარგი განათლება, ამავე ხარისხის იუმორის გრძნობა და იქნება მოდახვეწილო ტიპაჟი]

სწორედ იმ დროს, როდესაც სიგარეტმა კრემაცია განიცადა და მისი ფერფლი საფერფლეში მიმოფანტეს, ანის გვერდით ახალგაზრდა – ასე 23-24 წლის სიმპათიურმა ბიჭმა ჩაიარა. ცალ ხელში ლეპტოპი ეჭირა, მეორეში – ქოლგა, რომლითაც ამ ლეპტოპს წვიმისგან იცავდა. „ჟან ჟაკი ერქმევა“ – გაიფიქრა ანიმ – „ან, ფრანსუა მარი… იქნებ, დენი… ან…“. ბიჭმა ერთი პირობა მის მაგიდასთან თითქოს სვლა შეანელა [როგორც მანქანამ, როდესაც შუქნიშანი წითელი და მწვანე შუქების ზღვარზეა], მაგრამ ბოლოს მაინც გზა განაგრძო და ერთ-ერთი მაგიდის სიმარტოვე დაარღვია. „იდიოტი“ – გაიფიქრა ანიმ – „ალბათ, ბუღალტერია. ან, პროგრამისტი. ან ინჟინერი, ან…“

ბიჭმა დაჯდომისთანავე ლეპტოპი გახსნა და წერას შეუდგა.

„ჟურნალისტი ყოფილა! რა მოსაწყენია სამყარო“ – გაიფიქრა ანიმ და „ჟან-ჟაკ ფრანსუა მარი დენის“ ქედმაღლურად გადახედა – „თუ არც…“

2. ფრედერიკი

პარიზი.
საღამო.
წვიმა.

„არა – მწერლობა უდაოდ სიყალბეა“ – ჩაიბუზღუნა ფრედერიკმა და წვიმისაგან დასაცავად ლეპტოპს ქოლგა გადააფარა – „ნეტავ, საიდან იციან მწერლებმა, რაზე ფიქრობენ ან ბუზღუნებენ მათი გმირები? საერთოდაც როგორ შეუძლიათ აღწერონ უცხო ქვეყნის ქალაქები ისე, საკუთარ სამშობლოს ნორმალურად რომ არ იყვნენ გაცილებული.“

მონე.

სწორედ მონეს ნახატებს ჰგავდა პარიზის ის ქუჩა, რომელზეც ფრედერიკი იმყოფებოდა.

„აი, კიდევ ერთი დილეტანტი. სად უნახავს მონეს ნახატებში ღამის პარიზის წვიმიანი ქუჩები“ – ამოიგმინა ფრედერიკმა და მიხვდა, რომ უკიდეგანოდ გაბრაზებული იყო. ჰქონდა კიდეც მიზეზი: მთელი (ან სულ რაღაც) ორი წელი წერდა პირველ წიგნს და ერთადერთი რაც სამივე გამომცემელს მოეწონა – სათაური იყო. „მაკულატურა?!“ აი, სათაური კი ნამდვილად სწორად შეგირჩევიათ“ – კვლავ მკაფიოდ ჩაესმოდა მისიე გ.-ის (სახელების მოფიქრება რომ ეზარებათ ხოლმე წერისას, ის ტენდენცია – ავტ.შენ.) სიტყვები და გადაწყვიტა, მათი ხმაური სასმელის ჩხრიალში ჩაეხშო. „როდესაც სურვილებს სხვა არავინ გისრულებს, ჯინის დახმარებაა საჭირო“ – ომონიმურად გაამართლა დალევის აუცილებლობა და…

მარტი.
მონმარტრი.
კაფე.

„თანაც ცხოვრებაში ყველაფერი ისე ხომ არ ხდება, როგორც ამ სულელურ წიგნებსა და ფილმებშია. მაინცდამაინც უნდა მოკვდე, რომ დაგაფასონ. მარტო გმირები არიან ბედნიერები. მეორეხარისხოვანი პერსონაჟები კი მათ სიამოვნებას ეწირებიან“ – მონოლოგი მონო-ლოგიკურად გრძელდებოდა – „აი, ფილმის პერსონაჟი რომ ვიყო, ახლა ამ გოგოს გვერდით დავჯდებოდი, კომპლიმენტს ვეტყოდი, გავიხუმრებდი, საღამოს ერთად გავატარებდით, ერთმანეთი მოგვეწონებოდა, მერე ვიჩხუბებდით, ის აეროპორტში გაიქცეოდა, მე ბოლო წუთს მივხვდებოდი, რომ „კრეტინი ვარ“, გავეკიდებოდი, სალაროსთან მივუსწრებდი და ვიცხოვრებდით ბედნიერად. თუმცა, სამწუხაროდ, მე ერთი რიგითი უიღბლო მწერალი ვარ და არც ეს გოგო იქნება მარტო… ყოველ შემთხვევაში, შეუძლებელია, მარტო იყოს.“

მაგიდა ერთისთვის.

„სჯობს ბედი ისევ მოთხრობებთან ვცადო“ – დაასკვნა და „WORD“-ის ახალი გვერდი უსიამოვნოდ გახსნა. ცარიელი ფურცლის შიში ჰქონდა (როგორც ედგარ ალან პოს - ავტ.შენ.) და დაწყება ყოველთვის უჭირდა.

„ახლა რასაც პირველს გავიგონებ, მოთხრობის საწყის ფრაზადაც იმას ავირჩევ“ – პრობლემა მარტივად (გორდიას კვანძივით) გადაჭრა ფრედერიკმა და უკან მჯდომ გოგოს გახედა – „იქნებ მარტოცაა…“

3. ცოლ-ქმარი

- პარიზი – თქვა ქმარმა
- საღამო – თქვა ცოლმა
- წვიმა…

…და გარემოს აღწერით გართულებმა იმ მაგიდას ჩაუარეს, სადაც ახალგაზრდა, ასე 25-26 წლის სიმპათიური ქოლგიანი ბიჭი ლეპტოპთან იყო განმარტოვებული.

- კარგი ტური გამოგვივიდა. ვარშავა, ბერლინი, ახლა აქ…
- ჰო. მე, შენ და…

…და იმ მაგიდის გვერდით ჩამოსხდნენ, სადაც ახალგაზრდა, ასე 22-23 წლის სიმპათიური გოგო „კენტის“ ცარიელ კოლოფს აწვალებდა.

- ერთი სული მაქვს ორსულობა როდის დასრულდება… – თქვა ქმარმა
- და სულ სამი ვიქნებით – აყვა ცოლი
- ჰო, სამი ერთად**  - დაემოწმა ქმარი
- ჩემი გოგო – მუცელზე ხელი მოისვა ცოლმა
- ჩემი ბიჭი – მუცელზე ხელი მოუსვა ქმარმა.

…და კონსესუსამდე არმისულებმა თემიდან მკვეთრად გადაუხვიეს.

- გახსოვს, ერთმანეთს პირველად რომ შევხვდით, მაშინაც წვიმდა… – დაიწყო ქმარმა.
- ზუსტად ერთი წლის წინ – დააზუსტა ცოლმა.
- ჰო, დაგინახე და… – თქვა ქმარმა
- … – თქვა ცოლის თვალებმა
- რას ინებებთ? – თქვა ოფიციანტმა
- ეს როდისღა გაჩნდა? – გაიფიქრა ქმარმა
- ეს რატომღა გაჩნდა? – გაიფიქრა ცოლმა
- რომანტიკული ისტორიის მოფიქრება დამეზარა… – გაიფიქრა ავტორმა.

კაფე ნელ-ნელა ივსებოდა და ორი „მაგიდა ერთისათვის“ ისევე გამოკვეთილად ჩანდა, როგორც შავ-თეთრი წერტილები ინისა და იანის ნახევარწრეებში. ორკესტრი ძველ ფრანგულ მუსიკას უკრავდა. წვიმა წვეთებით გუბეში თითქოს „დარტსს“ თამაშობდა და თან ყოველთვის ახერხებდა, რომ ზუსტად ცენტრში მოერტყა.

- ისე, თუ დაფიქრებულხარ, რამდენი ადამიანია გარშემო და ყველას თავისი ისტორია აქვს, თავისი ცხოვრება – მისთვის არაბუნებრივად გრძელი წინადადებით დაიწყო ქმარმა – ზოგს კატა ჰყავს სახლში და ყოველ ღამით ძილის წინ იხუტებს, ზოგი მეზობლების თვალთვალით ირთობს თავს, ზოგსაც მელოდრამები უყვარს და თითქმის ყოველთვის ტირის, როდესაც რაღაც კარგად მთავრდება. მაგრამ ეს ინდივიდუალიზმი ამხელა მასაში თითქოს იკარგება. ერთის ცხოვრება ქრება და გვრჩება ადამიანთა ერთიანი ჯგუფი, არაფრისმომცემი, უშინაარსო…

ცოლმა კოქტეილი ამოწრუპა, ტუჩები გაბუტული ბავშვივით წამოწია წინ და ქმრისათვის ერთადერთი სიტყვა გამოიმეტა:

- მოგცლია…

4. აიმანი

- პარიზი.

სიტყვა განაჩენივით გაისმა და აიმანს უსიამოვნოდ გააჟრჟოლა. დაახლოებით ისე, ხელის თხოვნასა და სასურველ პასუხს შორის შუალედში როგორც ხდება ხოლმე.

- ღამე. აფეთქება ღამით უნდა მოხდეს. მონმარტრზე.

აიმანისათვის ყველა უცხოელი ამერიკასთან ასოცირდებოდა. ამერიკა კი ბავშვობიდან სძულდა – სძულდა მისი წითელი კოკა-კოლით, „მაკდონალდსის“ ყვითლად დაგრეხილი “M”-ითა და პრეზიდენტისთავიანი მწვანე დოლარებით.

- წვიმა. წვიმა თუ იქნება – უკეთესია. მეტი ადამიანი შეაფარებს კაფეს თავს.
- მერე იმ ხალხმა რა დააშავა?!
- არც ჩვენ დაგვიშავებია მათთვის არაფერი, მაგრამ გვხოცავენ.

მონმარტრი. სავსე კაფე. მსხვერპლის დიდი რაოდენობა.

მეორე დღეს, ალბათ, ტელევიზიებშიც მოხვდება. მის სურათს გამოფენენ და ვინაობას ისევ დაამახინჯებენ, როგორც ევროპელებს სჩვევიათ. მათ ხომ ყოველთვის უჭირთ აღმოსავლური გვარების სწორად წარმოთქმა. ტელემაყურებლებს მის შესახებ მოუთხრობენ – დეტალურად გააცნობენ, როგორ ჩამოვიდა პარიზში და სად ჰქონდა დამაგრებული ასაფეთქებელი ნივთიერება. აფეთქების მიზეზებზეც ისაუბრებენ და რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ზომებს გაამკაცრებენ. ყველა არაბი მათთვის აიმანი გახდება. ყველას ეჭვის თვალით დაუწყებენ ყურებას.

- რას ინებებთ?

ღიმილით შეხედა გარსონს. სიკვდილმისჯილს რომ ბოლო სურვილს ეკითხებიან, ის წამი გაახსენდა.

- ალბათ, ტეკილას – თქვა და რატომღაც გონებაში ”THEY KILL US” ამოუტივტივდა.

სიძულვილი სისხლში ჰქონდა გამჯდარი და არტერიებისა თუ აორტის მეშვეობით მთელს ორგანიზმში ვრცელდებოდა. გული რიტმულად ფეთქავდა. იმ წამზომივით, ჰოლივუდურ ფილმებში წითელციფერბლატიან ბომბზე რომ არის დამონტაჟებული და გაჩერებას მაინცდამაინც ბოლო წამს ახერხებენ ხოლმე.

- ოცდაათამდე ადამიანი, ოცდაათი განსხვავებული ისტორია, ოცდაათი სიცოცხლე… თითოეულ მათგანზე რომ ცალკე ნოველის დაწერა შეიძლება, ისეთი – გაიფიქრა აიმანმა და ტეკილა მოსვა – აი, ქალი ძაღლით – აშკარა არის, რომ ასაკს არ ეპუება, მარტოხელაა და ერთადერთ სიამოვნებას საღამოობით ძაღლის გასეირნება ანიჭებს. ლეპტოპიანი ბიჭი იმდენად ხშირად მიყურებს, რომ, ალბათ, გეია. აქვე მოხუცი კაცი, ბუნიკისთავიანი ხელჯოხით, პარიზული არისტოკრატიის გადმონაშთი. სავარაუდოდ, ჯერ კიდევ იმ საუკუნეში რომ ცხოვრობს. ფეხმძიმე ქალი – ბედნიერი ბავშვით, რადგან მას ამ უაზრო სამყაროში დაბადება აღარ მოუწევს.

მაგიდა ერთისთვის და…

ანი.

აიმანიმ არ იცოდა, რომ ანის ”ანი” ერქვა, მაგრამ რატომღაც ასე გადაწყვიტა. ჯერ მოეწონა, მერე დაენანა და ერთი პირობა ისიც კი გაიფიქრა – ”დავიცდი, სანამ წავაო” – მაგრამ ანის, როგორც ჩანს, აიმანის გრაფიკი საერთოდ ფეხებზე ეკიდა.

მოვალეობის ძახილს კი ამდენი დრო აღარ ჰქონდა. აიმანი მოემზადა.

5. ანი

კაფე უკვე თითქმის ცარიელი იყო, როდესაც ანიმ შინ წასვლა გადაწყვიტა.

წვიმას გადაეღო.

მაგიდებთან მხოლოდ ორი ადამიანი იჯდა. ეს უაზრო „ჟან ჟაკი“ – მთელი საათი ლეპტოპისათვის თვალი რომ არ მოეცილებინა და ერთი არაბი, რაღაცნაირად სევდიანი თვალებითა და ირონიული ღიმილით, თითქოს ცხოვრებას დასცინისო.

- მჰ, კიდევ ერთი უიღბლო შეყვარებული… – გაიფიქრა ანიმ და ცარიელ ქუჩას ნელი ნაბიჯით გაუყვა.

P.S: ფრედერიკი

- ”ჰო-LIVE-უდური ისტორია” – კმაყოფილებით ჩაილაპარაკა ფრედერიკმა, ნოველა დაასათაურა და ლეპტოპი დახურა. მუზამ არც ამჯერად უღალატა. საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანებზე დაკვირვება და ფანტაზიის დახმარებით მათზე ისტორიების შეთხზვა უკვე მისი ჰობი ხდებოდა.

კაფეში კი მხოლოდ ის არაბიღა იჯდა.

- ისე, მართლა ტერორისტი რომ გამომდგარიყო… – გაიღიმა ფრედერიკმა და იმ ქუჩას გახედა, სადაც ანის სილუეტი (ერქვა კი ”ანი”?!) ჯერ კიდევ ჩანდა.

- მართლა მარტო ყოფილა! იქნებ დავეწიო კიდეც…

*კენტი – ავტორის აზრით – მარტოობის სიმბოლოა და იგი ამით უადვილებს საქმეს მომავალ მკვლევარებს, რათა მათ სიმბოლოების ძებნა აღარ დასჭირდეთ.
** ზოგიერთი მკვლევარის აზრით, აქ იგრძნობა ეჟენ იონესკოს აბსურდული თეატრის გავლენა, რადგან ცოლ-ქმრის დიალოგი მთლიანად აბსურდსა და სიტყვების თამაშზეა აგებული. თუმცა, მკვლევართა მეორე ნაწილი აქ ციფრებით თამაშს ხედავს „სამი 1-ად“, ანუ, ეს არის ჰიპერბოლა ოჯახის ერთსხეულოვნებისა მისი თითოეული წევრის ინდივიდუალიზმის მიუხედავად (ავტ.შენ)

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
23 Responses
  1. ვეღირსეთ როგორც იქნა შენს ახალ პოსტ :დდ

  2. ნატა says:

    ვერ მოვისვენე აქაც უნდა ვთქვა :)
    მომწონს სიუჟეტი, მისი განვითარება, პერსონაჟების ხასიათები. ისე სხარტად, რამდენიმე წინადადებაში გაქვს თითოეული დახატული, ვგრძნობ და ვხედავ. ჭკვიანი, მაგრამ მორიდებული ფრედერიკი, ცოტა უნიათოც (ნერვებს მიშლის); ძალიან ელეგანტური, საოცრად დახვეწილი, მაგრამ ზედაპირული ანი (მეღიმება), ტუტუცი, ტიპური ცოლ-ქმარი (ვერ იტან) და ტერორისტი, სიძულვილით სავსე აიმანი, რომელიც სილამაზეს ხედავს (მებრალება). მკითხველს გმირებისადმი გრძნობა რომ გაუჩნდეს, ადვილი არ არის.

    ეთამაშები მკითხველს და როგორც კი მთლიანად ნოველაში იჭრება, მაშინვე ახსენებ თავს, ერთობი განმანათლებლებით და აქ ანის ხასიათი ცოტა განსხვავებულია. ცოლ-ქმრის შემოსვლაც თავისი დიალოგით ბევრს ამბობს. ამ ნოველაში მკითხველი შესაძლოა სხვადსხვა მიმართულებით წავიდეს, აღქმის შესაბამისად. თუმცა, სათქმელი ისე კარგად თქვი, მიკვირს.

    რომანის დასრულებას ველი :)

  3. ნატა says:

    ჰოდა ახლა გამახსენდა ნიკა ჩერქეზიშვილის ეს ლექსი და ვიფიქრე, რომ უხდება ამ ნოველას შეიძლება იქ მჯდარ ანის სულაც ეს განწყობა ჰქონდა

    ***
    თეთრია საღამო…
    თეთრია თვალები…
    ღამეც გათეთრდება შავი…
    ჩუმია მაგიდა…
    დევს ერთი საფერფლე…
    და…
    ორი ფინჯანი,
    ყავის…
    გრძნობ ისევ ნერვებით…
    ვეწევი სიგარეტს…
    აქაც ირონია – “კენტი”…
    შენ არ ხარ…
    და მაინც…
    ამ ორი ფინჯნიდან…
    შენთვის დავაწყვილე ერთი..

  4. ირაკლი says:

    კარგია,მომეწონა.ისევ სიტყვების ჩვეული თამაში..თუმცა ტერორისტი კამიკაძე ვერ არის მთლად რეალური მემგონი)))

  5. თამუ says:

    ჩემი დაძაბული დღის შემდეგ ძალიან მესიამოვნა ამის წაკითხვა,ძალიან გვანებივრებ შენს სუნსულა მკითხველებს :D

  6. joke_maker says:

    კარგია, მომეგუსტა ძალიან :) მშვენიერია განსაკუთრებით ცოლქმრის ეპიზოდი და მონე მარტი მონმარტი :) ))

  7. modebilo elementi says:

    ბექა, “ა, იმ ანის”, მარტო რომ აღმოჩნდა, აიმანის მსხვერპლად ქცევას ველოდი და მერე შენ ქართველი ო’ჰენრი იქნებოდი, თავხედი, აუტანელი ნოველისტი, მკითხველის ნერვებზე რომ თამაშობს:დ ისე, ეგ ხარ ისედაც, ან იქნები :დ მაგრამ მე ჟურნალისტად მჭირდები (მე, საზოგადოებას :დ), ასე უფრო გამოგიყენებ :)
    ფრედერეკი მომეწონა, ანისგან განსხვავებით საინტერესო ადამიანია ^^

  8. გვანცი says:

    :) :) მე , მეე ძალიან მომეწონა…
    მეორედაც უნდა წავიკითხო…
    მომეწონააა :)

    • გვანცი says:

      ღიმილები იგულისხმება ჩემს კომნტარში : ) ასეთები : ))

  9. ბათუმელი says:

    დამევასა (ჰოლივუდურ ფილმს გავს არჰოლივუდური დასასრულით) ფხიზელზე კიდე წავიკითხავ…

  10. ნიკო says:

    გენიალურია, გავარტყი ჰოლივუდს, მაგარ ემოციებში ვიყავი რომ წავიკითხე თან შესაბამისი მუსიკა… მაგრად მოიტანა

    ბრავო ავტორს !!!

  11. I says:

    პარიზის წვიმასავით თბილი და სასიამოვნო პოსტია :)

  12. qetty says:

    მომწონა ძალიან!!! ალბათ იმიტომ, რომ მსგავსზე ხშირად მიფიქრია_ რა სხვადასხვა კუთხიდან ვხედავთ სამყაროს თითოეული ადამიანი :) ) ისე, რომ აზრზე არ ვართ სინამდვილეში როგორია…:)))

  13. LADY19 says:

    დღეს უფრო მეტად გამიხარდა ანი რომ მქვია… :) )))))))

  14. tinatinitinitiki says:

    ძალიან მომეწონა, შეიძლება სხვა საიტზე გადავიტანო? ოღონდ მივაწერ ავტორს და საიტს?

    • მჩხაპნელი says:

      წყარო თუ იქნება მითითებული – კი, რა თქმა უნდა :)

      • tinatinitinitiki says:

        დიიდი მადლობა, მომწონს თქვენი ნაწერები

  15. ლევანი says:

    მაგარი ბიჭი ხარ შენ მჩხაპნელო :)

  16. მეცენატი says:

    მაგარი ხარ…მეტი მოთხრობები წერე…

  17. ნინი says:

    მომეწონა.. :) )(ლაკონიზმი.ჩ) .ამ სიტყვის არეალი ჩემი სტრატეგიული ცხოვრებიდან მოიცავს დეკადენტურ ვრცელ ემოციას..).ანუ აგარ გავაგრძელებ ემოციების ბანალურ წინადადებებში შეზავებას:*

Leave a Reply

Current month ye@r day *