ეგვიპტური დღიურები (V ნაწილი)

ღამე 4: “ძირს სინაზე! წინ სინაზე!”

სინანული სინაზე

01:00 – „Sinners to Sinai Mount

თბილად შევი-მოსე-თ და სინას მთისაკენ მიმავალ ბილიკს მოსეს კვალდაკვალ დავადექით. განსხვავება ერთია – მოსე გულანთებული მიდიოდა, ჩვენ კი გულზე მეტად გზას მთვარე და ფანრები გვინათებს. ამინდი კარგია. ცაზეც იმდენი ვარსკვლავია, რომ რაოდენობით მთელი მსოფლიოს შოუბიზნესსაც კი ბევრად გადააჭარბებს.

ერთი სიტყვით, იდეალური ღამეა იმისათვის, რამდენიმე კილომეტრი უდრტვინველად რომ (გ)აიარო.

Let's Go

01:05 – სინო-პსისი

სინას მთა სინანულის ადგილია. ამბობენ, ვინც მასზე ფეხით ავა და იქ განთიადს შეხვდება, ყველა ცოდვა მიეტევებაო. არ ვიცი, რამდენად ეთანხმება ღმერთი ამ ვერბალური ინდულგენციის ავტორის ჰიპოთეზას, მაგრამ ფაქტია – ღამის 12 საათზე მოსეს საუკუნო მარშრუტს სა-უკუნო პოტენციის მქონე ღამეში უამრავი ტურისტი მიუყვება. მიზანი ერთია – სანამ დიადი ნათელი დადგება, მთაზე ასვლა უნდა მოვასწროთ. სულაც აქლემზე დაჯდომადაც რომ დაგვიჯდეს ეს ყველაფერი, მაინც.

ერთი მებედუინედი

01:20 – „Come, Camel”

„ვიწრო და კლდოვანი გზა“ მაინცდამაინც ვერც ბედუინებს „იჭირავს“. აქლემთან ერთად ყოველ ნაბიჯზე რომ არიან ჩასაფრებულები და ერთი სული აქვთ, “ფეხების ჩანაცვლების” სანაცვლოდ ფული დაგცინცლონ (შესაბამისად, ფრაზა – „აქლემი რა ჩემ ფეხებად მინდა“ – ამ შემთხვევაში არსს კარგავს და პირიქით – იდეურად აბსოლუტურად გამართულიც კი გამოდის).

თუმცა, სინას მთაზე ასვლის მთავარი ეშხი, სწორედ მუხლის სიმტკიცეშია და არა – საფულის. ამის გამო „ – Camel?! – No!“ ან „ -верблюд?! – нет, спасибо“ ტიპის დიალოგები უკვე ისეთივე რეფლექსად არის ქცეული ჩვენთვის, როგორიც მაგალითად „- როგორ ხარ? – რავი, არა მიშავს, შენ?” სავალდებულო მოკითხვებია.

"Camel?!"

01:25 – „გზას ვამბობ, თორემ რა გზაა…“

მწვერვალისკენ მიმავალი გზა შვიდ კილომეტრზე ოდნავ მეტია და შვიდასორმოცდარაღაცასაფეხურიანი კიბით ბოლოვდება. „კიბე“ და „საფეხური“ კლდეში გამოკვეთილი უზარმაზარი ლოდების დასახასიათებლად, რა თქმა უნდა, ოდნავ ცივილიზებული შეფასებაა, მაგრამ ჩვენ ისე ვართ აღტკინებულები, ლოდი კი არა, სულაც სცილასა და ქარიბდას შორის რომ მოგვიწიოს გავლა, თავს მაინც არ დავზოგავთ.

"ვიწრო ბილიკი კლდეზედა"

01:40 – „აქეთ მოსეს ხომ არ ჩამოუვლია?!“

ისე, საინტერესო შეგრძნებაა, როდესაც წარმოიდგენ, რომ ათასწლეულების წინ ზუსტად ამ გზაზე მოსე მოსეირნობდა და შესაძლოა, სწორედ იმ ქვაზე ჩამოჯდა დასასვენებლად, რომლიდანაც შენ ორი წუთის წინ ადექი. თუმცა, ჩვენსა და მოსეს შორის კიდევ ერთი უმთავრესი სხვაობაა – ის, ორმოცი წელი დაეხეტებოდა უდაბნოში და მწვერვალამდე აღწევა მაინც შეძლო, ჩვენ კი ორმოცი წუთია დავეხეტებით და ზოგიერთი უკვე ისე დაიღალა, ფეხებზე მეტად სინდისი რომ არ აწუხებდეს, ზესვლას აუცილებლად აქლემით გააგრძელებდა.

01:55 – “ბარიდან ბარში”

"Coffee Break"

მთის წვერისკენ მიმავალ გზაზე დასვენების (და უფრო მეტად კი, ფულის შოვნის) მიზნით რამდენიმე კაფეა გახსნილი. “ნესკაფედან” დაწყებული “ნესქვიკით” გაგრძელებული და ნესვით დამთავრებული – ყველაფერი იყიდება და ასე განსაჯეთ, იჭმევა კიდეც (მათი სიძვირის გამო, ლუკმა თუ გადაგივიდა საერთოდ ყელში, იმ შემთხვევაში, რა თქმა უნდა).

თან ორი გიდი გვახლავს. კლდეებზე კაუჩუკის ოცთეთრიანი ბურთებივით სწრაფად დახტიან და ერთ-ერთი დროდადრო სადღაც        ღრუბლებიდან  ”ჟოოოოოორჟიაააა”-ს რომ არ ყვიროდეს, გმირულ ლაშქრობას ოდნავ არაგმირულად დავასრულებდით.

02:30 – ამონარიდი ფიქრებიდან

სინას მთაზე ასვლა, რაღაცით სტომატოლოგთან ყოფნას ჰგავს – როგორც კი ამოსუნთქვისა და პირის დახურვის საშუალება გეძლევა, მაშინვე „კიდევ ბევრი დარჩა?!“-ს კითხულობ.

02:40 – პოტენციური შამპანური

ისეთი კლდეხევღრეებია დაბლა, ერთი ფეხი რომ დაგიცდეს – დაცემამდე მობილურით ახლობლებთან დამშვიდობებასაც მოასწრებ და ცოტა დრო სიგარეტის მოსაწევადაც დაგრჩება. თუმცა, არც მთლად ისეთი ვიწრო ბილიკებია, გადაჩეხვაზე სერიოზულად რომ დაგაფიქროს ადამიანი.

ასეა თუ ისე, თვითონ სიტყვა „სარისკო“ კარგად დასრულებულ ამბავს ყოველთვის ერთგვარ მიმზიდველობას სძენს და ეს მცირე გადაჭარბება, ალბათ, მეც მეპატიება.

"მთანი მაღალნი"

03:00 – სამოსელი პირველი… მეორე… მესამე

ნელ-ნელა ვხვდებით, რომ ამდენი ტანსაცმელი არ უნდა ჩაგვეცვა და რეალურად, არც ისე ძალიან ცივა, როგორც ეს ერთი შებურძგვლით ჩანდა.

04:50 – პოეზიის 5 წამი

ცა მტრედისფერ ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი…

05:05 – I DID IT

შვიდასორმოცდარაღაცავე ლოდი შეუსვენებლად ავიარე. არადა ორი კვირით ადრე მეთორმეტე სართულზე რომ ავედი, სული ერთი სართულის დაგვიანებით ამომყვა. ჰმ!

05:15 – მზეს ველოდებით

"მზეო, ამოდი, ამოდი"

სინას მთაზე ყველა „VIP” – ადგილი უკვე დაკავებულია. ზოგი პლედშია გახვეული, ზოგი – ერთმანეთში. ზოგიც ისე ზის კლდის პირას – თითი რომ დაადო, შეიძლება ინერციით გადავარდეს. ყველას ფოტოაპარატი მოუმარჯვებია და მზერა (ობიექტივიც) მზის მოლოდინში აღმოსავლეთისკენ აქვს მიმართული.

"ცაში ახედე"

"უსაქმური მე"

05:25 – Here Comes The Sun

და აი ისიც. მისი აღმატებულება – მზე. ისევ ის მზეა, გუშინ უდაბნოში რომ ჩავიდა. უბრალოდ, დღეს სხვა დატვირთვა აქვს და უფრო მრავალრიცხოვანი აუდიტორია დახვდა. ერთი სიტყვით, სანამ ცის ზენიტს მიაღწევდეს  უკვე პოპულარობის ზენიტშია ასული.

"I See"

„ამოვიდა! ამოვიდა!“ – ისეთი აღტაცებულქართული შეძახილი ისმის საიდანღაც, როგორიც ექნება ადამიანს, რომელსაც ლატარეაში დოლურამ ჯეკპოტამდე დარჩენილი ერთადერთი რიცხვი ამოუტანა.

და ამ ინტონაციაში ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი აისის მნიშვნელობა ყველაზე კარგად ჩანს.

ლოჟა

05:50 – რამდენიმე სურათი

სურათების გადაღება ჩვენი ცხოვრების თანმდევი რიტუალია, რადგან საკუთარ მახსოვრობას (რაოდენ ფოტოგრაფიულიც არ უნდა იყოს ის), მაინც ნაკლებად ვენდობით. თან, სხვებმაც ხომ უნდა გაიგონ, თუ “რა კარგ ადგილზე ვიყავით ჩვენ” და კომენტარების საშუალებით სიყვარულის (ან თბილი სმაილების) ზღვაში ჩაგვახრჩონ. ძნელია ამხელა სიამოვნებაზე უარი თქვა.

"არამყარი პოზ-იცია"

"ხედი სინადან"

"პლედი, ლედი და ედი"


06:00 – “Hotel, Sweet Hotel”

"სრული სვლით უკან"

უკან დაბრუნება კიდევ უფრო რთულია. ბათუმიდან ჩამოსვლა ბათუმში წასვლას როგორც შეეფარდება ხოლმე, აი ისე. იმდენად მშია, რომ მზად ვარ რამე გემრიელი წარმოვიდგინო და თითები ჩავიკვნიტო.

"Hi all"

07:30 – წმინდა ეკატერინეს მონასტერი

წმ. ეკატერინეს მონასტრის (სავარაუდოდ) ცნობილი ხატი

ექსკურსიის დასკვნითი ნაწილი წმინდა ეკატერინეს მონასტრის მონახულებას გულისხმობს. აქაც იმდენი ხალხია – არათუ ნემსი, სიტყვა რომ ჩააგდო სადმე საუბარში, ისიც კი არ ჩავარდება. თან ჩვენს გიდს აშკარად სადღაც ეჩქარება და მონასტრის შესახებ „მსოფლიო შედევრების მოკლე შინაარსების“ წიგნივით მოგვითხრობს. შესაბამისად, მივდივართ იქით, სადაც ბევრი ხალხი რაღაცას უყურებს და ვცდილობთ, დავადგინოთ თუ რა არის მასში ისეთი განსაკუთრებული, ამდენი ადამიანის ყურადღება რომ დაიმსახურა.

მოსეს ჭა

აქვეა მოსეს ლეგენდარული ჭაც, რომელიც მან უდაბნოში ხეტიალისას, პირის გაშრობის პირას მისულმა, მოულოდნელად აღმოაჩინა. თუმცა, ჭა და-LOOK-ულია და შიგ ჩახედვას ვერ ვახერხებთ.

13:00 – მოსეს დასკვნითი ქებათქება

საწყალი მოსე!

ჩვენ სასტუმრო, საჭმელი და თბილი წყალი მაინც დაგვხვდა. მას კი – უაზროდ აცუნდრუკებულ-აღტკინებული ხალხი, რომელიც უკვე ოქროს კერპის გარშემო ცეკვავდა.

"ობიექტი ობიექტივში"

თუმცა, ზუსტად ამიტომ გახდა მოსე – მოსე და ზუსტად ამიტომ დავრჩით ჩვენ – ჩვენ. ანუ, ერთ-ერთი იმ ათასობით ტურისტიდან, რომელიც ისე ადის და ჩამოდის სინას მთაზე, რომ სახელს ისტორიას იშვიათად უტოვებს. და თუ უტოვებს, იმასაც – ტაძრის კედლებზე, მარკერით ან კიდევ უფრო უარესი – მანიკურით მიწერილს.

ასეა, ყველას გმირობა რომ შეეძლოს, გმირობაც ფასს დაკარგავდა.

14:00 – ძილი ნებისა!

და “კიდევ კაი რო, კაიროა კიდევ წინ!”

დღე 3: საფარი საფარის გარეშე

მოტოსაფარი

“Desert is a good Dessert”- ბედუინებთან გაგონილი

ეგვიპტე მხოლოდ აუზი არ არის და არც მხოლოდ მზისგულზე (კო)ტრიალია – დასვენება. ამის გამო, გაქანებული შუადღის სამ საათზე “DESERT-ირულად” ვტოვებთ სასტუმროს და უდაბნოსკენ მივემართებით.

აქაური უდაბნო ისეთი “удобныи” არ არის, როგორიც ფილმებშია ხოლმე – ყვითელი სილით გამოტენილი და შარლიზ ტერონის თმასავით დატალღული. მიუხედავად ამისა, გარშემო აღმართული კლდე-ღრეობა თუ კლდეთა ღრეობა, ახალმოხარშული სუპივით ცხელი მზე და ახალნაჭამი სუპის თეფშივით მოსუფთავებული მიწა, დუნე აქლემები და აქლემისებური დიუნები, არაფატიანი და არა ფატიანი თავები… ერთი სიტყვით, ყველაფერი – მაინც კარგ საკვადროციკლო გასეირნებას გვპირდება.

გასამგზავრებლად ჩასაფ(ა)რებულები

მოტოსაფარის დროს საფარი ნამდვილად საიმედო გჭირდება, თორემ ორი საფრთხის წინაშე დგები: დამტვრევის და დამტვერვის. პირველის რისკი მინიმალურია: ჯერ ერთი, რომ კვადროციკლია და არა ოჩოფეხი, მერე მეორე – გამცილებლების მთელი არმია მოგყვება ჟრიამულით უკან  (საქორწინო ესკორტის მსგავსად) და  მესამეც – სიჩქარის გადაჭარბების საშუალება ფაქტობრივად არ გაქვს: სხვა ტურისტებთან ერთად კვადროციკლების ჯაჭვში ხარ ჩაბმული, მწკრივის დარღვევა კი გამცილებლის ორივე თვალის მყისიერი ბრიალის უპირობო მასტიმულირებელია.

"დასაფარი მანძილი კიდევ ბევრია"

ჩვენ მიერ უდაბნოს დაპყრობას ვიდეოკამერითაც იღებენ, ზედმეტი შემოსავალი რომ გადაიღონ მოგვიანებით ჩვენი ჯიბიდან, იმიტომ (“…რა კარგია, რომ არსებობს… ა) ერთი ადამიანი მაინც  - ვინც დისკს იყიდის და ბ) Copy + Paste-ს ფუნქცია” – წუწურაქ.ავტ.შენ). კამერა ძალიან ძველია, თითქმის ტუტენჰამონისდროინდელი და ასე თუ გააგრძელა, ცოტა ხანში, დაბინავება, ალბათ, ეგვიპტის არქეოლოგიურ მუზეუმში მოუწევს. უძლებს ჯერჯერობით.

რამზეს მესამე ოპერატორი

როგორც არ უნდა იყოს, როდესაც კვადროციკლზე ჯდები და უდაბნოში გადიხარ, კამერაც გავიწყდება, ტუტენჰამონის ეპოქაც, მჭადის სახელიც (ბილობილისაც), „დაუვიწყარი დასვენება ეგვიპტეში“-ს სარეკლამო სლოგანიც და რიგითი ტურისტიდან წამიერად უდაბნოს მეფედ, უდრეკ ბედუინად, ქვიშის მბრძანებლად (ან, რამე ეგეთ მაღალაღმატებულებად) გარდაიქმნები (სწრაფად თუ ივლი, რა თქმა უნდა. თორემ ისე, გაგიჭირდება – “საზამთროების სატარებელი ტრახტრახა “ტრანგალეტკის” მძღოლობაზე” მაღლა ახვიდე).

"ტაიმ აუტი"

სივრცეც ისეთ ფართობზეა გადაშლილი, რომ სიჩქარის მომატებისთანავე თავისუფლების განცდა გეუფლება – დაახლოებით ისეთი თავისუფლების, როგორსაც ადამიანი პირველი ხელფასის აღებისას გრძნობს ხოლმე.

უდაბნოს ორი ტრანსპორტი

ბედუინოვნა

გზა უდაბნოში ნახევარ საათზე ოდნავ მეტხანს გრძელდება. დანიშნულების ბოლო წერტილი ბედუინების სოფელია – მოსასვენებელი და ჩაის დასალევი ჩარდახებით (ყოველთვის მინდოდა ამ სიტყვის ცოდნა სადმე საჯაროდ გამომემჟღავნებინა. მადლობა ბედუინებს – ავტ.შენ.). ჩაი ჩვეულებრივია. ალბათ, ხალიჩაზე ფეხმორთხმით სმა თუ აძლევს სხვა გემოს, თორემ სხვა ისეთი არაფერი.

რჩევა #1: ყოველგვარი ჯანდაცვის სამინისტროს გარეშე გაფრთხილებთ, ბედუინებთან ურთიერთობა მავნებელია თქვენი საფულისათვის. ფოტოაპარატის ერთი არასწორი გაჩხაკუნება და დიდი შანსია, ბედუინმა ფული მოგთხოვოთ ფირზე მისი უნებართვოდ აღბეჭდვის გამო. მერწმუნეთ, მას უკვე იოლად (ანუ, უფულოდ) ვეღარ მოიცილებთ.

კარდონისმჭამელი აქლემი და კარდონისმჭმეველი ბედუინი

ცნობილი ტურისტული პოზა - დიდი ქვა ხელში

საფარის დასკვნითი ეტაპი უდაბნოს დაისით ტკბობაა. თუმცა, ცოდვა (სიმართლე) გამხელილი სჯობს და აქაური მზეც ისეთნაირად ჩადის, როგორც “ყველა სხვა” (მაგალითად – თემქის). ანუ, არაფერი განსაკუთრებული და აღმაფრთოვანებელი ისეთი, მის გამო, დროის დაკარგვა რომ ღირდეს (“რასაც, მაგალითად, ზღვის ან ფალიაშვილის დაისზე ვერ ვიტყოდით” – ლირიკული წიაღსვლა).

"მზეო, ჩადი, ჩადი"

ერთადერთი დისკომფორტი რაც ამ ყველაფერს ახლავს თან – მტვერია. ისეთი დამტვერილი გადმოდიხარ ბოლოს კვადროციკლიდან, როგორც ფუტკარნაჯდომი ბუტკო და ერთი (ან ერთი მეოთხედი) სული გაქვს, შხაპ-უნა წყლის ქვეშ აღმოჩნდე.

რჩევა #2: ნურასოდეს ჩაუსაფრდებით კადრს საფარის დროს – თქვენ კი დაიბანთ, მაგრამ ფოტოაპარატმა რა ქნას?!

ცივილიზაცია ბედუინებში

არსებობს სამყაროში ისეთი რაღაცები, რასაც ბოლომდე ვერც კლავიატურით აღწერ, ვერც ენით და ვერც იეროგლიფებით. ასეთია, მაგალითად, ამერიკულ მთებზე გულისხეთქვა, ცაში პარაპლანით ფრენა, სიბერეში ევერესტის დაპყრობა, თერთმეტ ნომინაციაში ოსკარის აღება, ფისუნია კატას მიერ გადმოგდებული ვაზით მიყენებული ზარალის დაანგარიშება, პირველი ნალოლიავები კოცნა, გარუჯვისას „პირველი მძაფრი რაზნიცის“ დანახვის წამი და მრავალი სხვა.

მოტოსაფარიც ერთ-ერთი ასეთი შემთხვევათაგანია.

ეს უნდა შეიგრძნო.

დღე 2: შარმ ელ შეიხის “BUZZ არე”

"სუვენირების ზღვა"

ქართველებს (და, ალბათ, არამხოლოდ) ერთი წმინდათაწმინდა ტრადიცია გვაქვს: თუკი საზღვარგარეთ იშვიათად ვხვდებით, თბილისში დარჩენილი ახლობლებისადმი ყოველთვის ვალდებულების მწვავე გრძნობა („ამას რა ვუყიდო, იმას რა ჩავუტანო“) გვიპყრობს. შესაბამისად, ვყიდულობთ განუზომელი რაოდენობის საჩუქარს ყველასთვის, ვისთვისაც ოდესმე „რასშვები? რავა ხარ?“ მაინც გვითქვამს – ოჯახის წევრებისთვის, კარის მეზობლებისთვის, მამიდაშვილის მეჯვარეებისთვის, ჩვენი მაღაზიის პურის გამყიდველი ქალებისთვის, შორეული ნათესავების მძახლებისთვის, ბებიის დაქალებისთვის, უბნის ლოთებისთვის, Facebook-ის აქტიური friend-ებისთვის, ჩვენი სტატუსების “დამლაიქებლებისთვის” და სხვებისთვის, და სხვებისთვის და სხვებისთვისაც.

ვყიდულობთ ბევრ „ყარტა-ყურტას“ (მაცივარზე მისაწებებელი ადგილობრივი სიმბოლოებით დაწყებული იაფფასიანი „ბრელოკებით“ დამთავრებული), ვყიდულობთ ყოყმანით („ნეტავ იმას თუ მოეწონება?!“), ვყიდულობთ მგზნებარე ვალდებულებით („არაფერი რომ არ ჩავუტანო ეწყინება…“), ფარდობითად მგზნებარე ვალდებულებითაც ვყიდულობთ („ამას თუ ჩავუტან, იმას რომ არ ჩავუტანო ეწყინება…“) და ხანდახან ჩვენთვისაც ვყიდულობთ რაღაცებს (მაგრამ მერე აღმოჩნდება, რომ “ვინმე გამოგვრჩა” და სინდისთან ანგარიშის გასასწორებლად, იმას ვჩუქნით). ერთი სიტყვით, უცხოეთში ყოფნისას სხვების პირად კოლექციაზე ალტრუისტული ზრუნვა ქართული გენის ერთ-ერთი გენი-ალური თვისებაა…

"შარმ ელ შეიხური ბაზარი"

…ჩვენც, ამ წმინდა მისიით აღტკინებულები, ბაზრის დაპყრობის იმედით  შარმ ელ შეიხის ძველი ბაზრის ქუჩებს ჯვაროსნებივით მივაპობთ. თუმცა, ჩვენი ხუთჯვაროსნულობის მიუხედავად, გამყიდველების უმეტესობა დროდადრო მაინც „აარმენიანი და?!“-თი გვიხმობს. მართალია, შეძახილი სიამაყით არის აღსავსე (რადგან მისი ავტორი ჩვენი ეროვნულობის – თუ ერევნელობის – რთულ ხლართებს ჩასწვდა), მაგრამ ვაჭართა ინტუიცია (მათივედა საუბედუროდ) მიზანს რამდენიმე ათეული კილომეტრით არის აცდენილი.

ისე კი – კლიენტების ეროვნებაზე მარჩიელობა აქაურთა ერთ-ერთი მთავარი გასართობია და მართალია „საქართველო“ მეტად რთული გამოცანაა, ზოგიერთს მაინც უმართლებს. მეტიც – დასტურის შემდეგ, თვალებაკიაფებულები „ააჰ, ჟორჟია“-ს ისეთი სიხარულით ყვირიან (ფაქტობრივად, ყიჟინასაც კი სცემენ), თითქოს საქართველოს ეგვიპტის მრავალმილენიუმიან ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავოს…

"და კვლავ სუვენირები"

ტური ქალაქში რატომღაც მხოლოდ ორ ობიექტს მოიცავს (ან გიდია ზარმაცი, ან ამ ქალაქის დამპროექტებლები). ჩვენი თბილისელი ახლობლებისდა საბედნიეროდ, მეორე ობიექტი – უკვე ნახსენები ბაზარია. თუმცა, მანამდე პირველი გაჩერება ერთ-ერთ მეჩეთთან გვაქვს, რომელსაც დათვალიერების ნაცვლად გარედან გვაყურებინებენ (დაახლოებით ისე, უცხოელ სტუმრებს მცხეთის ჯვარს რომ დავანახებთ ხოლმე შორიდან – „ეს ჯვარია. აქ მტკვარი და არაგვი უერთდება ერთმანეთს. ნახეთ რა მაღალ ადგილზეა. თუ გინდათ ავიდეთ და სურათი გადავიღოთ. ოღონდ იქით სვეტიცხოველია და ვიჩქაროთ, თორემ დრო არ დაგვრჩება.“)

ჩვენც ღირსშესანიშნაობას რამდენიმე სურათს ვუღებთ, აქ ყოფნას მეჩეთის ფონზე ჩვენი სახეგაბადრული ჰაბიტუსის ფოტოგრაფიული ასახვითაც ვადასტურებთ და უკან ბედნიერები მოვდივართ (ვისი სახელობის მეჩეთი იყო, ისიც კი რომ არ გვახსოვს, მაინც). მართალია, გიდი რაღაც ვიკიპედიურს გვიყვება, მაგრამ ძველი წელთაღრიცხვებისა და უცხო სახელების ეს მოჭარბებული რახარუხი ფოტოაპარატით შეიარაღებულ ტურისტებს, როგორც წესი, ნაკლებად იზიდავთ. გამონაკლისი არც ჩვენი შემთხვევაა.

"თითქმის უცნობი მეჩეთი"

„ეგვიპტის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც მაისში უნდა გაიმართოს 1 400 კანდიდატია რეგისტრირებული“გიდის არაისტორიულთარიღიანი სიტყვებიდან

ბაზარი ისეთივეა, როგორიც ჩვენი ვაგზალი. კიდევ უარესი. ქალაქის ძვირ-ფასადური ნაწილი (მცხუნვარე მზით, მოლივლივე ზღვით, პალმებითა და დიდებული სასტუმროებით) აქ წამიერად ქრება და მის ადგილს წარმოუდგენელი სიღატაკე იკავებს. შენც ხვდები, რომ „სწორედ, ეს არის რეალური ეგვიპტე“ და არა ის – „აუზებში მოლივლივე, კრემწასმული და „კრემაციის“ საფრთხის ქვეშ მყოფი, ყველა წვრილმანზე მოჯუჯღუნე დამსვენებელთა ნაწილი, რომელთაც მხოლოდ გადაფცქვნილი ცხვირი ან ზურგზე ბიკინის შესაკრავის თეთრად დარჩენილი ზოლის რაობა აწუხებთ”.

ტურისტების ეგვიპტე

შარმ ელ შეიხის ბაზარში წასვლამდე ორი ძირითადი წესის ცოდნაა საჭირო: ა) „თან იქონიეთ მხოლოდ წვრილი ფული“ (სასურველია ერთ და ორდოლარიანების დასტა) და ბ) „არასოდეს დათანხმდეთ შემოთავაზებულ ფასს“ – რადგან, საქონლის ფასი თქვენი დახლთან დაშორების უკუპროპორციულია. ანუ, რაც უფრო შორს ხართ, მით უფრო ტკბება… გამყიდველის ტონი და ოცდოლარიანი ნივთი შესაძლოა საბოლოდ ხუთ დოლარადაც შეიძინოთ.

საქართველოსაგან განსხვავებით, ეგვიპტელ ვაჭრებში ქალის ნასახიც არ ჩანს. ბაზრის აქაური “MANageMENt” თავის გენდერულ სემანტიკას მთლიანად ამართლებს. გამყიდველებთან საუბრისას კი რამდენიმე სავაჭრო ფრაზის საერთაშორისოობაშიც ადვილად რწმუნდები („მოდი, უბრალოდ ნახე, ნუ იყიდი“, „ძალიან კარგია. სუფთა ქაშმირია“, „ბოლო ფასია, მეც ხომ უნდა დამრჩეს რამე“, „სხვაგან ასეთს ვერ ნახავ“, “იქით რამდენს გიფასებდნენ?” და მრავალი მსგავსი). ამის გამო ეგვიპტელთან ვაჭრობა ხშირად აუქციონს ემსგავსება და ეტაპობრივად, ისეთ გაცხოველებულ კამათში გადადის, რომ შენთვის სასურველი ფასის მიღწევა, უკვე პრინციპის საქმე ხდება. მართალია, საბოლოო ჯამში, გამყიდველი მაინც გატყუებს, მაგრამ შენც შენი მხრივ კმაყოფილი ხარ იმით, რომ დოლარის უკანასკნელ ცენტამდე იბრძოდი.

ეგვიპტელების ეგვიპტე

“ეგვიპტეში ქორწინების უცნაური ტრადიცია არსებობს – სქესი „ქალი“ (პოტენციური ცოლი) აქ „აქლემი“-ს ერთეულით იზომება. ერთი „ძალიან ლამაზი ქალი“ („ძლქ“) რვა აქლემს („ა“) უდრის. ერთი „საშუალო გარეგნობის გოგო“ („სგგ“) ოთხ აქლემში („ა“) იცვლება და შეუხედავი ქალი („შქ“) აქეთ უხდის სასიძოს ფულს, ცოლად რომ წაიყვანოს. გათვალისწინებით იმისა, რომ ერთი აქლემი 1000 დოლარი ღირს და ქვეყნის მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტი საარსებო (არათუ, “სააქლემო”) მინიმუმს ქვემოთ ცხოვრობს, ეგვიპტეში ახალგაზრდები ძირითადად აქლემებისათვის საჭირო ფულის შესაგროვებლად არსებობენ.”- გიდის ასევე არაისტორიულპერსონაჟიანთარიღიანი გამოსვლიდან

საჩუქრების შერჩევას ისევე ვერ ვიტან, როგორც ვიღაცის მიერ კევის დემონსტრაციულ ღეჭვას (ან ღლარჭუნს) და კიდევ უფრო დემონსტრაციულ გატკაცუნებას (მით უფრო, საუბრის დროს). ამის გამო, ერთი პირობა იმასაც ვფიქრობ, რომ ეგოიზმის ყველანაირ მწვერვალს დავიპყრობ და მხოლოდ საკუთარ თავზე ვიზრუნებ. თუმცა, მახსენდება რა ახლობლების მაცივრების თითქმის ცარიელი კარები ან მშრალრგოლიანი გასაღებები, ბრძოლაში მიღებულ გადაწყვეტილებას უმალ ვიცვლი.

რას იზამ. [სამშობლოს] მიწა თავისას მოითხოვს.

სუნელებლები

ამასობაში ქალაქის ტურიც მთავრდება (ან რითი დაიწყო რომ). მართალია, გიდი „მარცხნივ ეს დგას“ – „მარჯვნივ ის წევს“ – „შუაში ასფალტია დაგებული“-ს ტიპის რაღაცების ჩვენს მახსოვრობაში დისლოკაციას ცდილობს, მაგრამ ჩვენი უმეტესობა შარმ ელ შეიხის არქიტექტურისადმი სიყვარულზე მეტად, უფრო ზრდილობის გამო აბრუნებს აქეთ-იქით თავს.

თუმცა, მთავარი მაინც ის არის, რომ “მთავარი ჯერ კიდევ წინ არის”.

"გარყვნილები მაგენი"

პ.ს: უცენზურობისთვის ბოდიში, მაგრამ გულწრფელად მაინტერესებს – რა დანაშაული უნდა მიუძღოდეს ადამიანს შენ წინაშე, საჩუქარი ამ დახლიდან რომ ამოურჩიო.

დღე პირველი: “როდესაც ერთი სუ(რვი)ლი გაქვს – დაიძინო”

წარსული და თანამედროვეობა

07:00 – სადმე გამგზავრებას ორი უკვდავი ჰიპოთეზა ახასიათებს: ა) „გასვლის წინ ყოველთვის გიჩნდება შეგრძნება იმისა, რომ რაღაც გრჩება“ და ბ) „ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც უბრალოდ შესაძლებლობას არ გაძლევენ, რომ რაიმე მნიშვნელოვანი დაგრჩეს.” შესაბამისად, ერთადერთი ისღა დამრჩენია, რომ წავიდე. ფეხები არ მრჩება უკან, რაც მთავარია,  და დანარჩენს უყველაფრობას აიტანს ადამიანი.

09:30 – მეტალოდეტექტორი პანიკაშია. რამდენჯერაც მის ქვეშ გავიარე, იმდენჯერ მეტალთან ახლო ურთიერთობაში დამადანაშაულა. ოცთეთრიანიდან დაწყებული (ან რაში მჭირდებოდა) ელემენტით დამთავრებული (მით უმეტეს) - ყველაფერი ჩამომართვეს. ერთადერთი, რასაც დეტექტორი ვერ ამჩნევს – ჩემი რკინის ნერვებია (მქონია თურმე), ზედიზედ ოთხჯერ გავლის შემდეგ ოდნავადაც კი რომ არ აშლილა. მეხუთედ უკვე უხიფათოდ გავდივარ და რატომღაც ვფიქრობ, რომ მარგარიტ ტეტჩერი ამგვარი დეტექტორის გავლას, ალბათ, ვერასოდეს შეძლებდა.

ეგვიპტის ცა

10:00 – თვითმფრინავში ბევრი რამ შეიძლება წაიკითხო. მაგალითად, ძველი მესიჯები, მსუბუქი (როგორც წონით, ისე იდეურად) წიგნი, ეკიპაჟის მიერ შემოთავაზებული რაღაც ჟურნალი (რომელსაც თვითმფრინავის მიღმა არასდროს წაიკითხავდი), ღიმილი სტიუარდესას სახეზე და უსაფრთხოების ინსტრუქციაც კი.

თუმცა, როდესაც გადაწყვეტ, რომ თვითმფრინავში ჯეიმს (ინტრიგანთათვის – “ჯეიმზ”) ჯოისის კითხვა დაიწყო, თან მაინცდამაინც „ულისე“ (რომელიც ლიტერატურული ალგორითმ-ლოგარითმ-ოთხუცნობიანი განტოლებაა) და… ეს მაზოხიზმი ინგლისურ ენაზე ჩაიდინო – ესე იგი, შენ უბრალოდ არ იცი, რა წიგნთან გაქვს საქმე და ის მეგობრის რჩევით (ან ავტორის ხათრით) გამოსვლისას სასხვათაშორისოდ ჩაიგდე ჩანთაში. საკუთარ თავს ვენიძლავები, რომ გვერდზე მჯდომისა და ულისეს კონტაქტი იმაზე ბევრად ხანმოკლე აღმოჩნდება, ვიდრე ეს წიგნის რვაასგვერდიანი უდაბნოა. და მართლაც, ათწუთიანი წამების შემდეგ ჯოისის მორიგი მსხვერპლი – „რაღაც რთულად იკითხება ეს წიგნი, მგონიო“ – ხმამაღლა ასკვნის (აქ უნდა იყოს ანდაზა მწყერის შეზღუდული უნარებისა და ამ უუნარობის განმაპირობებელი მისი გვარტომობის გაკიცხვის შესახებ), „პრაიმ ტაიმს“ იღებს და აღარ იღებს (თავს – იქიდან) იქამდე, სანამ ეგვიპტეში არ ჩავფრინდებით (ჯოისის მერე წყალივით იკითხება თურმე “პრაიმ ტაიმი” და იმიტომ).

"ცა იწყება მიწიდან" - ოთარ ჭილაძე

12:00 – ჩავფრინდით. თვითმფრინავის შასი და სტიუარდესას შუბლი თითქმის ერთდროულად გაიხსნა. პირველი ღიმილია მთელი ფრენის განმავლობაში. ქართული სერვისი ცაშიც კი მოწოდების სიმაღლეზეა.

***

"ღამით-ოლოგია"

სპეციფიკური სუნი (და ტურისტული სააგენტოს რამდენიმე წარმომადგენელი) ეგვიპტეში ჩასვლისთანავე გეცემა ადამიანს. რაღაცნაირად აქაური სუნია – თითქოს ზღვისაც და თითქოს ქვიშისაც (თუმცა, არა ტალახის). ყველაფერს ეს სუნი ასდის – ეგვიპტელიდან დაწყებული ეგვიპტური ნიავით დამთავრებული. ათას ეგვიპტეში რომ გამოარჩევ ქვეყანას, დაახლოებით ისეთი.

ამინდი კარგია. მოღრუბლულობა ადამიანების სახეზეც კი არ შეინიშნება. პრინციპში, ამინდი საქართველოშიც კარგი იყო, ამიტომ „ძლივს არ გვეღირსა, კაცო, სითბო“ ან „ოოოჰ, რა კარგია, რა კარგი“-ს ტიპის ამოძახილებს (უცხო ქვეყანაში ჩასულს ყველაფერი განსხვავებულად და გაუმჯობესებულად რომ გეჩვენება თავიდან, ის ტენდენცია) ნაკლებად ვიზიარებ.

აეროპორტი ნეფერტიტის სახელობისაა. კარგია, მაგრამ – ჩვენი მაინც სჯობს (მზიანი ამინდის  დროს, ყოველ შემთხვევაში). მომსახურებისას მაინცდამაინც არც აქ გიღიმიან. ადამიანი – კონვეერები: პასპორტი. დგაც. შემდეგი. პასპორტი. დგაც. შემდეგი… და ასე დაუსრულებლად. გვერდით მეორე აეროპორტიცაა – „იქ ესპანელები და მაკარონები (იგულისხმა “იტალიელები” – ავტ.შენ.) ჩამოდიან. აქ – პოსტსაბჭოთა ხალხი“ – გვიხსნის გიდი. აშკარაა, რომ პოსტსაბჭოური საზოგადოება ბევრად მეტია, რადგან მომსახურე პერსონალში თითქმის ყველა რუსულად წყალივით საუბრობს.

"და აი ისიც"

წყალზე გამახსენდა – აქაური წყალი ისეთი უგემურია, რომ წყურვილის მოკვლის პარალელურად მყისიერად რაიმე ნორმალურის დალევის სურვილს ბადებს. დაახლოებით ისეა, როგორც უმარილო საჭმელი, რომელსაც მხოლოდ კუჭის ხათრით იტან, ან, კარგი სერიალი, რომელიც ყველაზე დაძაბულ მომენტში სრულდება და დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას გიტოვებს.

თვალის ერთი შევლებით (ავტობუსის ფანჯრიდან), შარმ-ელ-შეიხი ჩვეულებრივი მოკვდავი ქალაქია. ასე რომ, თუკი მავანს სიამაყის მორიგი ილუსტრირების დროს გეოგრაფიული არეალის გაფართოება დასჭირდა, თამამად შეუძლია ბათუმს ქართული შარმ-ელ-შეიხიც უწოდოს.

შედევრი (?!)

სასტუმრო – ყველა სხვა “კოლეგის” მსგავსად – უცნაური ნახატებით არის გაფორმებული. აი, რომ შეხედავ და ვერ ხვდები “შედევრია თუ იდიოტობა”, ისეთ ტილოს ვგულისხმობ. აქ თითქმის ყველას მუჰამედი ქვია. გიდსაც. ოფიციანტსაც. მისაღებში მყოფ ადმინისტრატორსაც. მოკლედ, ქვა რომ ააგდო (ქააბასთან თუ არ ჩამოვარდა), უეჭველად მუჰამედს დაეცემა თავში.

ერთადერთი რაც სასტუმროში დისკომფორტის ქმნის – უინტერნეტო ნომრებია. ინტერნეტის ოთახში დაჭერის მცდელობა ხანგრძლივობითა და მასზე დახარჯული ძალისხმევით  - ჰემინგუეის მოხუცი სანტიაგოსა და მისი თევზის ამბავს მაგონებს: “დიდხანს წვალობ, ბოლოს დაიჭერ, მაგრამ იმდენად ნელია და იმდენად მალე ითიშება, რომ საბოლოოდ მაინც არ გერგება”. ამნაირი ინტერნეტით თუ ჩამოაგდეს მუბარაქი, ყოჩაღ, ამათ.

"...მშიერი დაილია აფრიკაში?"

აქაური საზოგადოება მეტისმეტად ათქვეფილია – ერთი მხრივ, ღიპიანი (და მზისსათვალიანი) მამაკაცები დატანტალებენ უკიდეგანოდ გამოტკუცული ტრუსებით და მეორე მხრივ, მუსლიმანი ქალები აუზში ტანსაცმლით გრილდებიან. ზოგს მკერდის კუნთი ეამაყება, ზოგს – მკერდი, ზოგს – ნარუჯი, ზოგსაც – აიპადის ან ქინდლის ქონა. მოკლედ, ყველა იმას ა ჩ ე ნ ს, რაც საუკეთესო გააჩნია.

თუმცა, ამგვარი ეკლექტურობის მიუხედავად, არსებობს რაღაც რაც ამ ბაბილონში ერთიან საერთაშორისო სიყვარულს იმსახურებს. ნარუჯი.  საკუთარი კანი აქაც არავის ეცოდება. აუზი, როგორც წესი, ცარიელია, სამაგიეროდ გარშემოა ზღვა ხალხი. დროის გასაყვან საგანთა სიაში კი ყურსასმენებს წიგნი ბევრად აღემატება. ავტორთა უმეტესობა გაგონილიც არ მაქვს. თავს კი იმით ვიმშვიდებ, რომ ეს წიგნები მათი ქვეყნების ბესტსელერებია – როგორც მაგალითად მოროშკინას ნაღვაწი – და ერთადერთი ის დატვირთვა აქვთ, რომ ნარუჯის მისაღებად საჭირო დრო სწრაფად გახარჯონ.

ნაკითხი ოჯახი

პრინციპში, სხვა გზა არც არის. ერთ-ერთი მუჰამედი თავადვე ამბობს, რომ „აქ ცხოვრება ღამით იწყება. დღისით კი ოფიციალური გასართობი მხოლოდ მზეა“. თუმცა, პირველ დღეს – ნებისმიერი ჩამომგზავრებული ადამიანისათვის – ღამე ცხოვრების დაწყებაზე მეტად, ღრმა და მრავლისმომცველ ძილთან უფრო არის დაკავშირებული. გამონაკლისი არც ჩვენ ვართ. მით უმეტეს, რომ წინ სინას მთა, საშარმელშეიხო ტური, პირამიდები, კაიროს მუზეუმი, საჰარას უდაბნო და რამდენიმე უცნობი თუ ნაცნობი ადგილია.

დღე ძილისპირული საუბრით სრულდება. აი ისეთით, რამდენიმე ადამიანი ნავახშმევს სუფთა ჰაერზე რომ ჯდება, დასვენებით ტკბება და წარსულიდან სასიამოვნო ისტორიებს იხსენებს. თუმცა, ამგვარი საუბრების მთავარი პეწი ის რამდენიმეწამიანი მონაკვეთია – ერთი მოსაუბრე რაიმეს მოყოლას როცა დაასრულებს და სანამ სხვა ახალ ისტორიას გაიხსენებდეს, მცირე (მაგრამ სასიამოვნო)  სიჩუმე რომ ჩამოწვება. იმ მომენტზე ვამბობ, მოსაუბრეები წინა ამბიდან შემორჩენილი ოდნავ სენტიმენტალური ღიმილით, სივრცეში რაღაცას (ან ფოკუსირებულად – სიგარეტის ბოლს) რომ მიაშტერდებიან, თავს ოდნავ აქნევენ და თვითონაც რაღაც ახსენდებათ ხოლმე. ხანდახან, მართლაც კარგია დასვენება.

პ.ს:

აი, ქმარი

ლიბერალიც ვარ, არააზიატიც, დემოკრატიც, მშვიდიც და რავიცი, ყველა სხვა ყურით მოთრეული ტერმინიც, მაგრამ ამ ზოგიერთი ევროპელის მართლა გამკვირვებია: იწვე ასე წარბშეუხრელად (წარბზე თუ დააკვირდებით, მართლა “შეუხრელია”), ფეხიფეხზეგადადებულმა მშვიდად იკითხო წიგნი და საერთოდ არ გაინტერესებდეს, რომ შენს ყელმოშიშვლებულ ცოლს ყველა გამვლელ-გამომვლელი თუნდაც უმიზნოდ (მაგრამ მაინც) მეტნაკლებად ჩა-სცქერებია, მართლაც ცოტა უცნაური მოვლენაა.

ალბათ, სწორედ ეს არის ცივილიზაცია!

ნაწილი 1: პროლოგი

გიზგიზა გიზა

დღე პირველი და თან არცმერამდენე:გაფრენამდე ექვსი საათით ადრე”

დანიშნულების ადგილი: “იქ, სადაც დუმან პირამიდები…”

ჩანთა ჩალაგებულია. მაღვიძარა – გაფრთხილებული: “თბილისის დროით, 06:30-ზე უსიკვდილოდ უნდა დარეკოს”. ერთმანეთშია არეული რჩევები (“აბა შენ იცი, კარგად გაერთე”), რეკომენდაციები (“პირამიდები რომ არ ნახო, ბევრს დაკარგავ!” – რომ ნახო მხოლოდ ორ დღესა და ასამდე დოლარს), სურვილები (“რამე – არ კონკრეტდება - ჩამომიტანე რა”) და წუხილი (“აუუუ, რა კარგია. მეც მინდა”).  ეგვიპტეზე გოგოებს (ქართველებსაც) ძირითადად (და რატომღაც მყისიერად) შესაშური ნარუჯი ახსენდებათ, სამუშაოსგან დაღლილებს – კარგი დასვენება (თვალების რომანტიკული მილულვისა და “ააააჰხ”-ნარევი ამოოხების ფონზე), პოლიტიკის მოყვარულებს – მუბარაქის უბარაქო დასასრული, მარკ ცუკერბერგს – საკუთარი ქსელით დაწყებული რევოლუცია, მე კი არქიტექტორი იმჰოტეპი (რომლისაც ბავშვობიდან მეშინოდა) და ცხვირმონგრეული სფინქსი (რომელთანაც აუცილებლად უნდა გადაიღო ისეთი სურათი, სადაც ტუჩებში ამბორყოფის იმიტაციას ქმნი).

ბავშვობის ექო

თუმცა, გასახსენებელი კიდევ ბევრია. თუნდაც, ბოროტი ქურუმის წინააღმდეგ მებრძოლი პაპირუსი (“ო, სეტ, ომბოსის მბრძანებელი, გვიჩვენე შენი რისხვა”), ტუტენჰამონის საფლავიდან ამომგდები და ამომთხრელი ჰოვარდ კარტერი, შამპილიონის გაშიფრული იეროგლიფები, კლეოპატრას პერგამენტით აღუწერელი სილამაზე (დღემდე რომ გადაგვაყოლეს), ლენინივით შემონახული მუმიები (გაცოცხლების პერსპექტივით), უზარმაზარი პირამიდები (მხოლოდ ღმერთმა რომ იცის – ან უცხოპლანეტელებმა – ზუსტად ვინ და როგორ ააგო), აქლემები (თვინიერად მცოხნავი ყბებით), საჰარა (პოეტთათვის “ყვითელი ზღვად” წოდებული), სხვადასხვაცხოველთავიანი ღმერთები (ენციკლოპედიური ცოდნის მოყვარულთათვის) და მრავალი მსგავსი.

თუმცა, ერთია – ასჯერ გაგონილი და მეორე – ერთხელ ნანახი. ჩემს რამდენიმე ჰობის შორის კი (“მთვრალი ხალხის ცეკვის ფხიზელი თვალით ყურება”, “სიტყვების ვერბალური ინკვიზიცია”, “მეტროს ინტერკულტურული ფენომენის სიღრმისეული კვლევა” და სხვ.) წერასა და მოგზაურობას გამორჩეული ადგილი უკავიათ. ჰოდა, კიდევ უფრო სასიამოვნოა ისეთ ქვეყანაში მოგზაურობაზე წერა, რომელიც ასაკით ლამის მსოფლიოს ისტორიას უტოლდება და ერთგვარი ეგზოტიკური მისტიციზმითაც არის გამორჩეული.

შამპილიონის ბიბლიოთეკა

ერთი სიტყვით (ან, იეროგლიფით), ამ წუთიდან (როცა საქართველოდან გავდივარ) იმ წუთამდე (როცა მიწის – და უფრო მეტად კი ვიზის – ყივილი უკან მიხმობს) ვეცდები ყოველდღიური განახლების რეჟიმში ვწერო მათთვის (ორი დამოუკიდებელი თვალით დანახული და ამავე რაოდენობის ტვინის ნახევარსფეროთი განსჯილი ამბები), ვისაც ეგვიპტე მეტნაკლებად მაინც აინტერესებს. ეს ნაწერი განსხვავებული იქნება ტურისტულ ბუკლეტში არსებული მშრალი ბიოგრაფიული აღწერებისაგან და არც მაინცდამაინც “დღეს დილით ისეთი გემრიელი ჩაი დავლიე, ათივე თითს თან თუ არ ჩავაყოლებდი, არ მეგონა” - კანიბალისტურ გამოხტომებთან ექნება საქმე.

მას კი, ვისაც არც ეგვიპტე აინტერესებს, არც მოგზაურობა, არც ეს “ტურისტული ჩანაწერები” და მხოლოდ ის შეკითხვა აწუხებს, “თუ ვინ ოხერი ვარ მე, რომ ჩემი დღიურების წაკითხვა ღირდეს” – შეუძლიათ  ამ იდეაზე აქედანვე ჩაიქნიოს მაუსის კურსორი და ცხოვრება მშვიდი სინდისით განაგრძოს.

პ.ს: მჯერა – სადღაც აუცილებლად ცხოვრობს ერთი მილიარდერი მეცენატი, რომელმაც ჯერ არ იცის, რომ სურვილი აქვს მსოფლიოს გარშემო მამოგზაუროს და ამის სანაცვლოდ (რა ჯანდაბად უნდა, მაგრამ მაინც) რაიმე საინტერესო წიგნი დამაწერინოს.

ჰოდა, ჩემო (ჯერაც უცნობო, მაგრამ) ძვირფასო მეცენატო, ეს საპილოტე ჩანაწერები იდეაში სწორედ შენთვის იქმნება…

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
17 Responses
  1. ჰმ.. მეტიჩარა :|

    მეც მინდა :( ((

  2. Annie says:

    Bon voyage

  3. კარგი დასვენება (თვალების რომანტიკული მილულვისა და “ააააჰხ”-ნარევი ამოოხების ფონზე) :) )))

  4. ტურ ჰეიერდალი says:

    “ლენინივით შემონახული მუმიები” ^_^

  5. qetty says:

    velodebi ^_^ :)

  6. dj-guro says:

    ვაა.. ახლა დამაფიქრე.. ვასასი მინდოდა გამეშვა ლივერპულში რომ ბითლზებზე სიუჟეტი გაეკეთებინა ან ინგლისზე და.. ჰმ..

  7. თამუ says:

    ნეტა ის ადამიანი მანახა შენზე რომ იტყვის – ვინ ოხერია ამის დღიურების წაკითხვა ღირსო :D

  8. joke_maker says:

    მე არ მაინტერესებს, არც ეგვიპტე, არც მოგზაურობა, შენი ხედვა მიანტერესებს ყველაფრისადმი და რაზეც არ უნდა დაწერო პოსტი ვკითხულობ და ვკითხულობ, თუნდაც იმიტო რო ულისეზე ადვილად იკითხება :D :D :D და პრაიმ ტაიმი არ ვიცი რა არის. ვე(პირამიდის ასაშენებლად გამოყენებული გიგანტური აგურები:D) ახალ პოსტს

  9. იმ ბლანჟეან კაცს მოუ**ნას ცოლი ვინმემ თუ რამე არსებობს : ) და ვაFშე ნაშობაზე რატო არაფერი გიწერია? დანარჩენი ყველაფერი კარგად იკითხებოდა. მილიარდელის დაწერას მილიონერი მაინც დაგეწერა , ნუშეაშინებ მილიონერებს არ ეგონოთ რო მილიონი არ არის საკმარისი : )

  10. qetty says:

    rogorc yoveltvis mowodebis simagleze xar :) gansakutrebit is momewona : “აი, რომ შეხედავ და ვერ ხვდები “შედევრია თუ იდიოტობა”” :D

  11. qetty says:

    ui, ara rkinis ledizec :o)

  12. ანი says:

    “ქართველებს (და, ალბათ, არამხოლოდ) ერთი წმინდათაწმინდა ტრადიცია გვაქვს: თუკი საზღვარგარეთ იშვიათად ვხვდებით, თბილისში დარჩენილი ახლობლებისადმი ყოველთვის ვალდებულების მწვავე გრძნობა („ამას რა ვუყიდო, იმას რა ჩავუტანო“) გვიპყრობს. შესაბამისად, ვყიდულობთ განუზომელი რაოდენობის საჩუქარს ყველასთვის, ვისთვისაც ოდესმე „რასშვები? რავა ხარ?“ მაინც გვითქვამს – ოჯახის წევრებისთვის, კარის მეზობლებისთვის, მამიდაშვილის მეჯვარეებისთვის, ჩვენი მაღაზიის პურის გამყიდველი ქალებისთვის, შორეული ნათესავების მძახლებისთვის, ბებიის დაქალებისთვის, უბნის ლოთებისთვის, Facebook-ის აქტიური friend-ებისთვის, ჩვენი სტატუსების “დამლაიქებლებისთვის” და სხვებისთვის, და სხვებისთვის და სხვებისთვისაც.” – ბლოგი რომ მქონდეს მეც ასე დავიწყებდი ალბათ წერას :) ))))
    რა უბედურებაა ამაზე ფიქრი, მთელს მოგზაურობას გაშხამებს!!!!!!!!

  13. qetty says:

    safaris dgiuric dzalian momewona. sheni weris stilshi gansakutrebit is momwons, aravitari cinizmi rom ar igrdznoba, marto raganairi tbili iumoria:)

  14. ნათია says:

    შემდეგ ნაწილს ველოდები უკვე რამდენი დღეა… :|

  15. სულ ტყუილად ველოდი სადმე ავტორის ფოტოს :|

  16. Fლამინგო says:

    ძალიან, ძალიან მაგარი დღიურია :) მეც მჩვევია განსაკუთრებულ ადგილზე მსგავსი შინაარსის დღიურების წერა :) ასეთი კარგი დღიური დიდი ხანია, არ წამიკითხავს :)

  17. მაია says:

    “მოტოსაფარის დროს საფარი ნამდვილად საიმედო გჭირდება, თორემ ორი საფრთხის წინაშე დგები: დამტვრევის და დამტვერვის” – მე დავიმტვერი :( ასე რომ უფრთხილდით!

Leave a Reply

Current month ye@r day *