მე ვჭამ, შენ ჭამ, ის ჭამს

"ევოლუცია"

(CAUTION: პოსტი საკონკურსოა!)

კაცობრიობა ევოლუციას ჭამიდან ჭამამდე განიცდის.

საშუალო სტატისტიკური ადამიანები ჭამენ ყველგან და ყოველთვის, დღეში სამჯერ ან ოთხჯერ, ჭამენ მარხვისა და დიეტის დროს, ჭამენ ექვსამდე (სასწოროფობიით შეპყრობილი ქალები) და ექვსის შემდეგაც ჭამენ (ისინი, ვინც ეს შიში დაძლია), ჭამენ ვაშლს – გველის რეკომენდაციით და ტყუილს – წინასაარჩევნოდ,  ჭამენ თვალებით – უმეტესად ქალებს და ჭამენ საყელოთი – გარდატეხის ასაკისას, ჭამენ სირცხვილს და შიშსაც არანაკლებ ჭამენ, ჭამენ წამლის მიღების წინ და წამლის მიღების შემდეგაც ჭამენ, ჭამენ ძღომამდე, ჭამენ გასკდომამდე ან ჭამენ დანაყრებამდე (შეფასება დამოკიდებულია მჭამელის პოსტჭამურ ვიზუალურ მხარეზე), ჭამენ ერთმანეთს (ლექსიკური კანიბალიზმის მეშვეობით) და დესერტად – ხშირად ტვინსაც ჭამენ…

მოკლედ, კაცობრიობა ან რეგულარულად ჭამს, ან ჭამისაგან თავისუფალ დროს ახალი მჭამელების შექმნაზე ზრუნავს. ამის გამო (ასევე მედიცინისა თუ დიპლომატიის განვითარებიდან გამომდინარე) მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა დღითიდღე იზრდება. მაგალითისათვის – თუკი წარმოვიდგენთ შვიდ მილიარდ ადამიანს, რომელიც დღეში საშუალოდ სამჯერ ჭამს, ეს ყოველდღიურად შესანსლული მინიმუმ 8–9 მილიარდი პური გამოდის. 8–9 მილიარდი პური ერთ დღეში. ეს მხოლოდ პური და შესაჭმელი ჰო კიდევ უფრო მეტია.

სურათი მძიმეა, სურსათი – ცოტა. ჯერ კიდევ როდის გაიძახოდა ამ ყველაფერზე ინგლისელი მეცნიერი რობერტ მალთუსი, რომ “ომები, დაავადებები და ათასი ეგეთი უბედურება პოზიტიური ფაქტორებია, რადგან ამგვარად დედამიწა ზედმეტი მჭამელებისგან თავისუფლდებაო”. არ მგონია, ამ იდეის მიუხედავად მალთუსს თავის მოკვლა და ამ გზით უგუნური კაცობრიობისათვის მაგალითის მიცემა სდომოდა, მაგრამ ეს თითქოს კაცთმოძულე თეორია საკაცობრიო რეალობისგან მაინცდამაინც შორს რომ არ დგას, ფაქტია.

მალთუსის წერო

მით უფრო ჩვენს საუკუნეში, სადაც კიდევ უფრო მეტი მჭამელი, არაჯანსაღი საკვების ზღვა, მანქანებისაგან შეურაცხყოფილი გარემო და შიმშილობის ზღვარზე მყოფი უამრავი ადამიანია.  თუმცა, მალთუსისგან განსხვავებით, ადამიანები დღეს უკვე იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ ეყოს სურსათი მოსახლეობას და არა იმაზე, რომ ეს მოსახლეობა სურსათის საკმარის რაოდენობამდე დავიდეს. სასურსათო უსაფრთხოების მისაღწევად კი რამდენიმე პუნქტის შესრულებაა საჭირო:

ა) „მიეცით კეისარს – კეისრისა“ – მეზობელი მყავს ერთი. ფულიც ჭარბად აქვს და ქოლესტერინიც. მაცივრის ნაცვლად “გუდვილის” ან “პოპულის” მცირე ფილიალი უდგას. ჭამს ყველგან და ყოველთვის. უჭერს შარვალი და არ უჭირს სურსათი. პირის ცმაცუნი და მაისურს მიღმა დარჩენილი მუცლის ნაწილის უხეში ფერება რეფლექსში აქვს გადაზრდილი. მისთვის ჭამა ცხოვრების კრედოს წარმოადგენს, უყვარს პირის ჩატკბარუნება და ძნელია, ვინმემ სა–პირის–პირო დაუმტკიცოს. მოკლედ, არსებობს ჭამისთვის.

მეორე მეზობელიც მყავს. აი, სუპის გასაკეთებლად მაინცდამაინც ორი თავი ხახვი რომ აკლდებათ ხოლმე, იმ ტიპის. ჭამიდან ჭამამდე იმაზე ფიქრით ცხოვრობს – რა ჭამოს. ხანდახან კომუნისტების დროსაც მისტირის (ნასესხები ხახვის ჭრის დროს, განსაკუთრებით) და ისევ ის უტოპიური დაპირება ენატრება, თანასწორობასა თუ შემოსავლის თანაბრად გადანაწილებას რომ ეხებოდა. არ შია, მაგრამ არშია – “საღამოს რაღა ვჭამოთ” დილემით – მის ცხოვრებას მუდამ შავ ზოლად გასდევს. მოკლედ, ჭამს არსებობისთვის.

მორალისტური პუნქტი #1: სურსათი თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის.

"მნია, მნია"

ბ) „მეტი (გა)მოსავალი“ – ზღაპრებში იყო ხოლმე. დარგავდნენ დილით რამეს და საღამოს მოსავალს უკვე უპრობლემოდ იღებდნენ („სხვები თუ წლობით იზრდებოდნენ, ის დღეებით იზრდებოდა“). რეალობაში კი სურსათი არც წეროს მოჰყავს მაინცდამაინც და არც ციდან ცვივა ზეციური მანანასავით. მოსავალს შრომა და მოყვანა სჭირდება. ამის გამო, ზოგჯერ ცოლის მოყვანა უფრო ადვილია, ვიდრე მოსავლისა (ნალოლიავები ცოლი რომ არ დაგესეტყვება ერთ დღეს, მინიმუმ, ის მაინც იცი). ჰოდა, სოფლის მეურნეობა და გლეხი თუ არ წახალისდა როგორმე – ნატურალურს მალე გენმოდიფიცირებული ჩაანაცვლებს და სოფლებს – ქალაქები. ვენახის ჭამით დაწყებული უწყვეტი ჯაჭვი კი საბოლოოდ იქამდე მიგვიყვანს, რომ დედამიწა თხასაც შეჭამს, მგელსაც, თოფსაც, ჟანგსაც, მიწასაც, თაგვსაც, კატასაც, ძაღლსაც და ბოლოს არაფერი რომ არ დარჩება საჭმელი, სტივენ კინგის პერსონაჟივით საკუთარ თავსაც ჩაახრამუნებს.

მორალისტური პუნქტი #2: საჭიროა მეტი მოსავლის წარმოება და სოფლის მეურნეობის წახალისება.

"გამაჩერეთ, ჩადიან"

გ) „რაც მაქვს, იმას ვჭამ!“ – არსებობენ ევროპელები, რომელთაც საშუალება აქვთ და მეტ–ნაკლებად ჯანსაღ საკვებს მიირთმევენ;  არსებობენ აფრიკელები, რომელთაც საშუალება არ აქვთ და რაც გადამუშავებას ექვემდებარება, ყველაფერს ეტანებიან; არსებობენ ამერიკელებიც, რომლებსაც საშუალება აქვთ, მაგრამ ჯანმრთელობას მაინც „მაკდონალდსის“ ტიპის სწრაფი კვების ობიექტებს აფუჭებინებენ;

ასეა თუ ისე – ცხოვრების დონე მაინც კუჭის მიერ მიღებული საკვების პროპორციულად განისაზღვრება. მისი ზრდის შემთხვევაში კი (პროდუქტების ფასებიც თან თუ არ მიჰყვა) ადამიანები რაციონში მეტ პროდუქტს შეიტანენ და ღმერთმაც რომ არ იცის, რა ხორცისგან დამზადებულ ორლარიან უზარმაზარ ძეხვებს აღარ შეჭამენ.

მორალისტური პუნქტი #3: ცხოვრების დონე მხოლოდ საარჩევნო დაპირებებში არ უნდა უმჯობესდებოდეს.

დ) „What I Know Is” – “ცოდნა ძალაა“ – ფრენსის ბეკონი ამბობდა. „ძალა აღმართს ხნავს“ – ჩვენი წინაპრები დასძენდნენ. შესაბამისად, თუკი პრინციპი გვეცოდინება – მოსავლის მოყვანა ძალის მიერ მოხნულ აღმართზეც არის შესაძლებელი. რატომაც არა.

ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება სასურსათო უსაფრთხოების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. აი, ჰო არსებობენ ღარიბი და მდიდარი ქვეყნები. ერთგან სომალელები რომ შიმშილობენ და მეორეგან სომელიეები ძვირფას ღვინოს გირჩევენ. ჰოდა, ლოგიკურად ეს ნიშნავს იმას, რომ გარდა ნაყოფიერი მიწებისა არის კიდევ რაღაც, რაც ერთმა მეორეზე უკეთ იცის და მისი სხვისთვის  გაზიარება მხოლოდ აფრიკელი მოშიმშილე ბავშვის სურათის “ფეისბუქის” კედელზე გამოფენით არ უნდა შემოიფარგლოს. იმ სურათებს ვგულისხმობ – საბრალო ბავშვის ფონზე ”შენ კიდევ ადიდასის ბოტასების არქონაზე წუწუნებ“ ან რაიმე ასეთი შემრცხვენელი ფრაზა რომ აწერია.

მორალისტური პუნქტი #4: სურსათით უზრუნველყოფილმა ქვეყნებმა თავიანთი გამოცდილება სხვებსაც უნდა გაუზიარონ.

"სუპერძალები მესამე მსოფლიოს ქვეყნების სამსახურში"

ე) „დიდი  ხანძარი“ – ცოტა ხნის წინ იყო, ვიღაცამ რომ იხუმრა და ნუცუბიძის ერთ–ერთ მარკეტში სახანძრო გამოიძახა – პროდუქტების ფასებს ცეცხლი უკიდიაო. არადა, მართლა ასეა.

ცხოვრება გაძვირდა და ფასებზე წუწუნი საქართველოში უკვე ხელოვნების დონემდეა ასული (შესაბამისად, იქმნება ისეთი ხატოვანი სიტყვათქმები, როგორებიცაა: „რა იყო ვალი გაქვს?“, „ჩემს ხარჯზე გინდა ცხოვრება აიწყო, გენაცვალე?“, „შაქარი ისე გაძვირდა, ჩაიში ენას ვყოფ და ტკბილ სიტყვებს ვამბობ“ ან სხვა მრავალი).  პროდუქტების სიძვირე კი ისევ და ისევ კუჭის სურვილთა დათრგუნვაზე აისახება.

ისე, გლეხის პოზიციიდან თუ დავუკვირდებით, რაღაც მხრივ – მაღალი ფასებიც ლოგიკურია. თუკი სოფლის მეურნეობაში ჩართულ ადამიანს სამუშაოდ სათანადო პირობები არ აქვს და მოსავლის მოყვანა ძვირი უჯდება, ის საკუთარ შრომას, რა თქმა უნდა, უფროდაუფრო ძვირად შეაფასებს. თუმცა, ასეთ დროს მოთხოვნა მკვეთრად მცირდება და სურსათის დიდ ნაწილზე ხელის (პირისაც) მიწვდენას მხოლოდ რჩეულები (ან რჩეულებთან მიახლოებული პირები) ახერხებენ.

მორალისტური პუნქტი #5: ფასების დარეგულირება და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობაა საჭირო (იხ. მორალისტური პუნქტი #2)

ვ) “We are the World” – მაიკლ ჯექსონი ბევრს უყვარს. მისი სიმღერები კიდევ უფრო მეტს. ხელიხელჩაკიდებულები რომ ვდგავართ და “მსოფლიოობას” ვიჩემებთ – ეგ ხომ საერთოდ. თუმცა, ძალიან იშვიათად, რომ ჭამის დროს (ან ჭამის შემდგომი სიესტისას) ვინმეს მსოფლიოს მშიერი ნაწილი გაახსენდეს. არადა, ჯერ მარტო ის რომ წარმოიდგინო, რა უზომო რაოდენობის პროდუქტი რჩება და ფუჭდება კარგი ჯიგრული ქართული ღრეობის დასრულებისას – კუჭი დაგწყდება. ეგ კი არადა, ხრუშჩოვმა რომ თავის დროზე ხინკლისთავების (თუ კუჭების) გადაყრის „უზნეო“ ტრადიიცის შესახებ შეიტყო, მაგაზეც კი აღშფოთდა, ტონობით ფქვილს აფუჭებთო. თან ეს მაშინ და ახლა, როდესაც სურსათის რაოდენობა უფრო და უფრო მცირდება, მეტი მომჭირნეობაა საჭირო. მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ცხოვრობს ადამიანი, რომელიც ამ ნარჩენებს დიდი სიამოვნებით შეჭამდა. ჩვენ კი რაც უფრო მეტ პროდუქტს გავაფუჭებთ, მით ნაკლები იქნება შანსი, რომ სახელმწიფომ სხვებისთვის (თუნდაც საკუთარი მოქალაქეებისთვის) ჰუმანიტარული დახმარების გაწევა შეძლოს.

ეს ზოგადსაკაცობრიოდ თუ ვიფიქრებთ, რა თქმა უნდა. თორემ, ჭამის დროს ამაზე მხოლოდ ვინმეში რეინკარნირებული დედა ტერეზა თუ იფიქრებს. მეტი – არავინ.

მორალისტური პუნქტი #6: სურსათის უკმარისობით გამოწვეული კრიზისებზე სწორი რეაგირებაა საჭირო.

"ჩვენ ვართ მსოფლიო"

აღარ დაგღლით ზედმეტი სტატისტიკური ინფორმაციით (რომელსაც, სავარაუდოდ, მაძღარი უსაქმურები ითვლიან ხოლმე) – რომ ყოველი მეშვიდე ადამიანი შიმშილობს, ან რომ ყოველ მეთვრამეტე ადამიანს დილით ყიყლიყოს შეწვის საშუალებაც არ აქვს და რაღაც მსგავსი. მაინც მალევე დაივიწყებთ და რა აზრი აქვს.

სჯობს იმაზე დავწერო, ვისაც ამ სტატისტიკის შესახებ იშვიათად ავიწყდება. ასეთი კი ოქსფამია. იმ ტიპის ორგანიზაცია – გრანტების ჭამის ნაცვლად სხვების ჭამაზე რომ ზრუნავს და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს უკირკიტებს, რათა:

  • ქვეყანა სურსათით მეტად იყოს უზრუნველყოფილი;
  • სოფლის მეურნეობაში მეტი ინვესტიცია ჩაიდოს;
  • საბაზრო ფასები დარეგულირდეს;
  • და ბევრი ასეთი (რაც ჭამა–სმის “გამარტივებას” უკავშირდება).

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ოფისში ჯდომითა და ფეისბუქის ისტერიკული და-Refresh-ებით არ ხერხდება. ამის გამო ოქსფამმა 2011 წელს მსოფლიოს 65 ქვეყანაში ახალი კამპანია – GROW – წამოიწყო, რომელიც მეტი მოსავლის მოყვანას, საჭირო ცოდნის გაზიარებასა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

თუმცა, სანამ ჩვენ ამ ყველაფერზე ვმსჯელობთ – კაცობრიობა კვლავაც ჭამიდან ჭამამდე ვითარდება. ყოველი მესამე ადამიანი ამ წამს საჭმლის დიდ ლუკმას აქუცმაცებს, ყოველი მერვე – ნაყინს ყიდულობს, ყოველი მეთხუთმეტე – სუშის აგემოვნებს, ყოველი ოცდამესამე – სასწორზეა შემომდგარი, ყოველი ოცდამეხუთე – გენმოდიფიცირებულ პროდუქტს ეჩვევა, ყოველ ორმოცდამეორეს – მეზობლის საჭმლის შურს და ყოველი მეასე – ისეა დანაყრებული, რომ „უფ“–ის ხვნეშის გარდა სხვა აღარაფერი შეუძლია. ანუ, საკვებთან დაკავშირებით ვინმეს სადმე რამე პრობლემა თუ აქვს, საერთოდაც არ აინტერესებს.

ასეთ დროს ძნელია საკუთარი თავი აკონტროლო და მუდამ გახოვდეს, რომ სურსათის გაფრთხილებაა საჭირო. ძნელი, მაგრამ არა შეუძლებელი.

სოლიდარობა

ამასობაში, თითქოს მომშივდა კიდეც…


You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
27 Responses
  1. Jessie says:

    ბრავო :)

  2. თამუ says:

    კარგი სტატია იყო, როგორც ყოველთვის ;)

    • მჩხაპნელი says:

      მადლობა. მთავარია – მინიმალური შედეგი მაინც ჰქონდეს.

  3. გვანცი says:

    ხვალიდან დიეტაზე ვარ, ბორმენტალ ;) :D

    • მჩხაპნელი says:

      არა, აფრიკა მაქსიმუმ ერთ დღეს გვახსოვდეს ან იმ წამამდე სანამ სამზარეულოდან რაიმეს მადისაღმძვრელი სუნი გამოვა :)

  4. tinatinitinitiki says:

    ძალიან მომეწონა, ველოდები ხოლმე შენს პოსტებს

    სერიოზულ პრობლემას შეეხე… და კარგი იქნება ამაზე იქ… “ზევითაც” ფიქრობდნენ…

    “ჰოდა, სოფლის მეურნეობა და გლეხი თუ არ წახალისდა როგორმე – ნატურალურს მალე გენმოდიფიცირებული ჩაანაცვლებს და სოფლებს – ქალაქები.”

    გამოსავლის პოვნა არ იქნება რთული, თუ მოინდომებენ

    • მჩხაპნელი says:

      ახლა საარჩევნო კამპანიებს რომ ვუყურებ – ყველა “სოფლის მეურნეობა. სოფლის მეურნეობა”-ს გაიძახის და რომელიმე ჰო მაინც მოიგებს. ჰოდა, მერე იმ გამოსავალს უნდა დავუწყოთ ძებნა, როგორ გავახსენოთ “ამ რომელიმეს” თავიანთი დაპირებები :)

  5. ირაკლი says:

    მარტო ჭამა და შიმშილი არაა პრობლემა,ჩვენ უნდა ვისწავლოდ ზოგადი ხედვა და არ უნდა შემოვიფარგლოდ მხოლოდ ჩვენი პრობლემებით.გლობალურ საკითხებზე მსჯელობა აუცილებელია..ამისთვის განათლებაა საჭირო!!!

    • მჩხაპნელი says:

      მსჯელობით კი მსჯელობენ, მაგრამ რჩება ხმად მღაღადებლისა გაეროსა/ევროკავშირსა/და ეგეთ გლობალურ გავლენიან ორგანიზაციათა შინა :) თანაც მარტო მსჯელობაც არ უშველის თუ საქმემ არ შეუწყო ხელი.

      • ირაკლი says:

        უნდა გავხსნათ ოფისი,სადაც დანაყრებული საზოგადოება თავისი ულუფის ნარჩენებს მოიტანს და ჩვენ დავარიგებთ საჭიროების მიხედვით)))))) ეს ისე იუმორი,თუმცა რაღაც ამდაგვარი მართლა საჭიროა))

      • მჩხაპნელი says:

        ან დარეკავს და ამ ოფისის წარმომადგენლები წაიღებენ – ასე უფრო მარტივია. თორემ დანაყრებულ ქართველს ვერ გამოიყვან უკვე სახლიდან :)

  6. მართალი says:

    ჩვენ ჩვენი ქვეყნისა ვიდარდოთ, მოშიმშილე მსოფლიოზე ბიძია სემმა დედა რუსეთმა და სხვა ,,შინაურებმა” იზრუნონ.

    • მჩხაპნელი says:

      ჰოდა, ყველამ რომ თავის ქვეყანაზე იზრუნოს, მეტი კი არაფერი უნდა მსოფლიოს განვითარებას :)

  7. Kes-kes says:

    რა შეგვჭამე ამ შენი პოსტებით
    ეს ისე :)
    კარგი იქნება, ამ თემაზე ყველა მსგავსად ფიქრობდეს, მაგრამ, არა მგონია, ქართველმა ხინკალზე (ან ამერიკელმა – ჰამბურგერზე) ოდესმე უარი თქვას. ის, რომ ადამიანი მხოლოდ იმდენს შეჭამს, რამდენიც მართლა სჭირდება, ცოტა უტოპიურად ჟღერს. დედამიწის ნახევარი ნაყროვანების ცოდვაში კუჭამდეა ჩაფლული, როცა მეორე ნახევარს შია (სტატისტიკურ მონაცემებს მაინცდამაინც არ ენდოთ). სამწუხაროა.
    ეგ პოსტისხელა კომენტარიც ჩემგან
    ახალი არაფერი არ მითქვამს, მაგრამ მაინც.

    • მჩხაპნელი says:

      ქართველი ქეიფზე უარს არასოდეს იტყვის. გენეტიკურ კოდშია ეგ ჩადებული და სულ რომ არგუმენტირებულად დაასაბუთო მომავალი შიმშილობის საფრთხე – მაინც დღევანდელი კვერცხი იქნება პრიორიტეტული.

  8. ზიზი says:

    მარტო პირველი წინადადება რად ღირს :) ავტორ გეფანატები… რაც წავიკითხე იმის მერე სულ თავში მიტრიალებს სიტყვები ,,რეინკარნირებული დედა ტერეზა”. ცუდია რომ ბევრი არ ფიქრობს ასე… მე ეს რომ განვაცხადე დამცინეს და გამომიშვეს… ეჰ რა ესმით მათ… მატ ჯერ კიდევ ვერ გაანალიზეს რომ სამყავროს შემადგენელი ნაწილები არიან…

    -დღეიდან ცოტას ვჭამ
    - ჰა ჰა ჰააა
    -ჰა ჰა ჰააა
    - ჰა ჰა ჰააა
    -ყოველი მეშვიდე შიმშილობს-თავი ვიმართლესავით
    -ნუ ახლა შენ თუ ცოტას ჭამ, აშენდა აფრიკა და ეგაა

    ბევრს მიაღწევს დაასკვნა იქვე მჯდომმა მაწანწალამ…

    პ.ს. თვითკმაყოფილების ზენიტში ვარ :D :D:D

    • მჩხაპნელი says:

      სამყაროს შემადგენელ ნაწილზე გამახსენდა, რომ თან ახლა როცა გლობალური დათბობაა, სანამ ჩვენ შევჭამთ, შეიძლება ბუნებამ [თუ როგორც ჰქვია] აქეთ შეგვჭამოს. ანუ, აქ მოქმედებას უნდა იწყებდეს უნივერსალური პრინციპი სამყაროს მიმართ – “მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა, რომ შენ გექცეოდნენ”. ჰოდა, თუ კარგად მოვექცევით სამყაროს, არც ის დაგვრჩება მერე ვალში :)

  9. მე სულ იმის შიშში ვარ, რომ ოდესმე დადგება მომენტი, როცა შიმშილი მომიწევს და არცკი ვიცი, როგორ მოვემზადო ამისტვის, იმააც ვფიქრობ, დღეგამოშვებით რომ ვიშიმშილო და თანდათან შევეჩვიო… მაგრამ ასე ხომ , როცა მართლა მოვა შიმშილი, მაშინ ორგანიზმი გამოფიტული მექნება ! მოკლედ, საგონებელში ვარ და არ ვიცი, როგორ გადავიტანო მოსალოდნელი უბედურება… ეგ სულ სიკვდილით მთავრდება-ხოლმე, მაგრამ გაძლება უნდა, რომ სანამ მოკვდები, მანამ კანიბალიზმი არ ჩაიდინო.

    • მჩხაპნელი says:

      საერთოდ მსოფლიოში ჰგონიათ, რომ ასეთი საკაცობრიო პრობლემები მხოლოდ ჰოლივუდური ფანტაზიებია და მაგალითად გლობალური დათბობა ვერასოდეს შეძლებს მსოფლიო ჩაძიროს (მიუხედავად იმისა, რომ უამრავი კატასტროფის მიზეზად – გლობალური დათბობა მოყავთ). შესაბამისად, გაეროს რაღაც სხდომებზე კი იღებენ ასევე რაღაც რეზოლუციებს, მაგრამ მაინცდამაინც ქმედითი შედეგები ამ პრობლემებთან საბრძოლველად არ ჩანს.

  10. qetty says:

    მაგარია:)როგორც ყოველთვის.

    • მჩხაპნელი says:

      ის ზრდილობიანი სიტყვა – როგორც ყოველთვის :)

  11. კატო says:

    მომწონს თქვენი წერის მანერა და თემებიცცცცცცც:) ბრავო!

    • მჩხაპნელი says:

      ^_^
      მადლობა დიდი. მხოლოდ”თქვენ”-ის ნაცვლად უფრო მხოლობითი ფორმის ნაცვალსახელია უკეთესი :D

  12. ნინი says:

    დამაფიქრებელი, საინტერესო და მნიშვნელოვანი სტატია.

  13. ბუ says:

    დიდი ხანია არ შემომიხედავს და დღეს საკმარისი მივიღე! მართლაც რომ ბრავო!

  14. ნატა ბუენდია says:

    ეხლახანს ვნახე ეს სტატია ძალიან ძალიან მომეწონა იმიტომ რომ მსგავსი აზრები მეც დიდი ხანია მიტრიალებს თავში. ყოჩაღ….

Leave a Reply

Current month ye@r day *