დააჩეკინე?!

"Beqa is at sakutari taroebi" - ჩემი წიგნებიიიიი <3

“დააჩეკინე?” – მეზობელი მექათმეს (უთითებს კრუხზე)
“დაა-check in-ე?” –
მეგობარი მეგობარს (უთითებს touch screen-იან მოწყობილობაზე)

ასეა. როგორც კი ისეთ მობილურს იყიდი, რომლის ერთადერთი გასართობიც “სნეიქის” თამაში აღარ არის, მყისიერად მისი ყოველმხრივ გამოყენების სურვილი გიჩნდება.

შენც უსასრულოდ იწერ თამაშებსა და სხვა აპლიკაციებს, სასურველი ტექსტით ალაპარაკებ ვირტუალურ კატას და მეგობრებთან ერთად გულიანად ხითხითებ, ელექტრონულ წიგნებს ტვირთავ, მაგრამ იშვიათად კითხულობ (“თვალებს გიფუჭებს და…”), საჭირო ოპერაციების შესრულებას ცალი ხელითაც ამუღამებ (უფრო დახვეწილია, ვიდრე მარცხენა ხელში არსებული მობილურის მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითით კენკვა), ახალი კამერით self-shot-ებს (ან რაიმე უმნიშვნელოს) იღებ და სოციალურ ქსელებში აზიარებ, იქვე აქვეყნებ, რომ “ეს [აქედან] პირველი კომენტარია”, ან უფრო მაგარი ტიპი თუ ხარ “First post…”-ზე ნაკლებს არ წერ, შემდეგ კი კომენტარებში  სიამოვნებით იღებ მილოცვებს, ახალი შენაძენი გეამაყება და ისიც სიხარულით გივსებს გულს – ვიღაცები ჯერ კიდევ “ა, ეს ის არის ჰო… რა მაგარია, ე. მანახე აბა”-ს რომ ამბობენ, საკუთარ “ფლეილისტს” ქმნი და თეთრი ყურსასმენებით აღჭურვილი შორსმჭვრეტელი მზერით დააბიჯებ ქუჩებში, თანაც უკაბელო ინტერნეტიც თითქმის ყველგან არის თბილისში და “ფეისბუქს” შეგიძლია აღარც გარეთ ყოფნისას მოსწყდე… მოკლედ, მაგარი რამეა.

"ჩემი მანქანა - ძალიან მიყვარს"

და როდესაც ყველა ამ სავალდებულო საფეხურს გაივლი, უკვე თამამად შეგეძლება, მეორე – “დაჩეკინების” – ეტაპზეც გადახვიდე.

“და-Check in-ება” – როდესაც გსურს, მთელმა შენმა სამეგობრომ გაიგოს, რომ შენ “იქ ხარ”სადაც ხარ და ინფორმაციას საკუთარი ადგილსამყოფელის შესახებ ინტერნეტისა თუ “ახალი ტელეფონის” გამოყენებით უმალვე საჯაროდ ავრცელებ.

თანაც დაჩეკინებისათვის ყველგან ლეპტოპის თრევა და ამხელა მექანიზმების გამოყენება აღარ გჭირდება. შენც აჩეკინებ და აჩეკინებ. აჩეკინებ ლიტერატურული კაფედან – ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ… სანამ ყველა არ გაიგებს, რომ ამ კაფეს ხშირად სტუმრობ. აჩეკინებ სხვადასხვა ელიტური ადგილიდან – რაღაცნაირად გეამაყება. აჩეკინებ სამსახურიდან – ყოველ მისვლაზე და სახლიდან – ყოველ მოსვლაზე. აჩეკინებ წყნეთიდან, მცხეთიდან, კიკეთიდან, კოჯრიდან – იცოდნენ, რომ აგარაკიც გაქვს და “ამ გადაბუღულ თბილისში ვეღარ ჩერდები”. აჩეკინებ ბათუმის ბულვარიდან (ესე იგი, სექტემბერში ნარუჯიც გექნება), ხანდახან გართობის მიზნითაც აჩეკინებ – მაგალითად, რომ “ჯანდაბაში ხარ”, ან, “ნინიას ბაღში” (დამოკიდებულია იუმორის გრძნობის მზაობაზე), ჩვეულებრივი კაფეებიდანაც აჩეკინებ (ოღონდ მათი სახელები მაინც მრავლისმთქმელია – აბა, მართლა ვიღაცის ლარიან ხაჭაპურებს ხომ არ შეჭამ), აჩეკინებ უნივერსიტეტიდან (თუკი კარგ ადგილზე სწავლობ), აჩეკინებ სასტუმროებიდან (ნომრის თანდაყოლილი ფოტოთი), ღამის კლუბებიდანაც აჩეკინებ და კომენტარსაც ურთავ – “აი, ძააან მაგარი სიტუაციაა”. ზოგჯერ თბილისის აეროპორტიდანაც აჩეკინებ (და ევროპიდანაც დააჩეკინებ მალე, შესაბამისად)…

ისეთი მომენტია რა. პირდაპირ სტატუსად “ბათუმში ვაააარ”, “აგარაკზე ავდივააარ” ან სულაც “პარიზში მივფრინაააააავ” რომ დაწერო – შეიძლება ვიღაც ინტრიგანებმა უნახავობაში ჩამოგართვან. ამ დროს კი – ბაც – აჩეკინებ აქ, ბაც – აჩეკინებ შარლ დე გოლის აეროპორტში და  უკვე ყველაფერი უთქმელადაც ნათელია. ახლა შეგიძლია “ე, მანდ რა გინდა?”, “აუ, რა კარგიაა” ტიპის კომენტარებს სინდისის ყოველგვარი ქენჯნის გარეშე რომ უპასუხო.

შენც აჩეკინებ და აჩეკინებ. ეგ კი არადა, ხანდახან ერთი სულიც კი გაქვს სადმე რომ მიხვიდე და წამიერად დააჩეკინო. მოკლედ, მუდმივი დაჩეკინების რეჟიმში ხარ და ერთის ნაცვლად შენს ცხოვრებას უკვე ათას ცხრაას ოთხმოცდაოთხი დიდი ძმა უთვალთვალებს.

At TV - დღეს ღამეს "წითელ ზონას" უნდა ჩავუჯდეე! <3

უკეთესი  იქნება თუკი დაჩეკინებას საილუსტრაციოდ იქვე გადაღებულ სურათსაც თან დაურთავ. იმ კერძის მაგალითად, რომელსაც მიირთმევ (სასურველია, ჭამის დაწყებამდე), ან ყავის ჭიქის – სანამ შიგთავსი გაცივდება – “მმმმ…. ამმმერიკანო” ან “yeah, კაპუჩინო – ჩემი ცხოვრებაა” კომენტარით (აქვე შ ე მ თ ხ ვ ე ვ ი თ  თუ იმ წიგნის ყუასაც გამოაჩენ, რომელიც საკითხავად ყველგან დაგაქვს, მთლად კარგი). რეკომენდებულია საკუთარი თავის გადაღებაც – თუნდაც, სილამაზის სალონში, სადაც ეს წუთია ახალი ვარცხნილობა გაიკეთე ან ევროპარკსა თუ რომელიმე საცურაო აუზზე (თანაც ოდნავ მაინც თუ შეიფერები, კომპლიმენტებსაც უფრო შეიფერებ) ან სულაც შოპინგის დროს – დაე, ერმა გადაწყვიტოს რა უფრო გიხდება.

უცხოეთში ყოფნისას კი მინიმუმ ერთხელ აუცილებლად უნდა დაჩეკინდე “სტარბაქსის” კაფეში და რა თქმა უნდა, შენს ჭიქას ერთი კოხტა სურათიც გადაუღო (გასკდნენ შურით თბილისში დარჩენილები). რომ აღარაფერი ვთქვათ თითოეული ქალაქისათვის მახასიათებელ ღირსშესანიშნაობებთან დაჩეკინებაზე. მაგრამ ეს უკანასკნელი – ისეთი თავისთავადი მოვლენაა, რომ ზედმეტად შეხსენება შეურაცხყოფის ერთგვარ სახესხვაობადაც შეიძლება ჩაითვალოს.

"at own room" - ვან გოგის ოთახი ჩემს ოთახშიიი

თავისთავად, დაჩეკინებაში ცუდი არაფერია – ჯერ ერთი, მეგობრებმა ყოველთვის იციან, სადაც ხარ და ვეღარც “რა არის, სად დაიკარგე”-ს  დაგწამებენ (თუ ნახვა უნდათ, მოვიდნენ თვითონ. ვინ უშლით). მერე მეორეც, მისამართის ახსნა თუ გეზარება, დაჩეკინება ამ პრობლემასაც უმტკივნეულოდ აგვარებს და არც იმაშია ცუდი არაფერი, თუ ეს პროცესი ყოველდღიურობის იდეაფიქსად არის გადაქცეული – შენ ჰო ერთობი და სულ არ გკიდია, ვინ რას იფიქრებს? გინდა და აჩეკინებ, გინდა და სურათს ურთავ თან, გინდა და “Awww, მაგარი კაფეა” კომენტარსაც აწერ. თუ მოგინდება დღეში სამჯერაც დააჩეკინებ (ჭამის წინ ან ჭამის შემდეგ) – ვისი რა საქმეა.

ხოლო ვინც იმას იტყვის, რომ “ეს ერთგვარი პოზაა და არაცნობიერი სიამაყე შენი ადგილსამყოფელის გამო” – შურიანია და თანამედროვეობისთვის შეუფერებელი. ჰოდა, კვლავაც ვაჩეკინოთ და ვაჩეკინოთ იქამდე, სანამ ყოველი მეორე დაჩეკინებას არ დაიწყებს და სანამ თბილისი მასობრივი ჩეკვა-დაჩეკინების გამო ერთ დიდ ინკუბატორს არ დაემსგავსება.

მერე კიდევ რამე ახალი ფუნქცია გამოჩნდება და უკვე იმას ავი-touch-ებთ. რა პრობლემაა.

პრინციპში, ნიშანდობლივად არც არაფერი.

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
21 Responses
  1. gtkesh says:

    რა კაი პოსტიააააააააააა Checked in @ Doin.ge

  2. მაღლიველი says:

    ყველაზე მაგარია ტუალეტებში რო checkავენ, თან სარკეში ტუჩებმოპრუწულ ფოტოს რო ურთავენ.
    მომწონს რეალობას ასე ირონიულად, რომ აღწერ ;)

    • მჩხაპნელი says:

      ასეთი რამე ჯერ მხოლოდ სურათებში შემხვედრია. საბედნიეროდ, “ჩეკინებში” ჯერ არა. იმედია, ეს “ჯერ არა” დიდხანს გაგრძელდება :D

  3. თამუ says:

    ოჰ თორე შენ არ აჩეკინებ რა

    • მჩხაპნელი says:

      მე ვთვლი, რომ ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა ხშირი ჩეკინისათვის :)

  4. mery says:

    ჩემი ერთი მეგობარი ყოველთვის აკეთებს ჩეკს იმ ადგილზე სადაც იმყოფება, ძირითადად აეროპორტებში ამას გარკვეულწილად მის საქმიანობასთანაც აქვს კავშირი, ვერაფერს ვხედავ ჩემთვის გამაღიზიანებელს. თუმცა, პირადად არასოდეს გამჩენია ამის სურვილი… ჩვენი ყოველდღიურობა იმდენადაა შერწყმული ვირტუალურ სამყაროსთან, რომ ასეთი რამეები უკვე გაოცებას აღარ იწვევს, ყოველ შემთხვევაში ჩემში.. 21-ე საუკუნეში ინტერნეტი ურთიერთობის ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საშუალებაა, ჩვენც გაუთვითცნობიერებლად ვაკეთებთ ამ ყველაფერს, რადგან გადავწყვიტე fb-ით მესარგებლა და ასე თუ ისე ჩემი პირადი ცხოვრება, ისე როგორც სხვა მილიონობით მომხმარებელი, ღია გავხადე, იმასაც ვეგუები, რომ ვიღაც იქ “დაჩეკავს” ან სისულელეებს დაწერს ან ტუჩგამობზეკილი სურათს გადაიღებს, “შემაწუხებლებისთვის” მე ასე ვეძახი იმ პიროვნებებს, გამუდმებით სხვადასხვა სურათებით თუ ლინკებით ან უბრალოდ უაზრო სტატუსებით ტვირთავენ გვერდს, “Hide” არსებობს და უკიდურეს შემთხვევაში ამით ვერიდები ჩემს გაღიზიანებას თუ არა, ჩემი თვალის მაინც… შენი სტატიები სახალისოა, რეალობას კარგად მორგებული და სარკაზმული…

    • მჩხაპნელი says:

      არა, გამაღიზიანებელი და გასაოცარი არც ჩემთვის არის. მე უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ზოგჯერ მეტისმეტად გადაჭარბებულია და ისეთი, რაღაც ახლით აღტკინებას უფრო რომ ჰგავს, ვიდრე პრაქტიკული მიზნით გამოყენების სურვილს.

  5. ნიკო says:

    ვაიმეეეე :D ძალიან ხარხარითა და ხორხოცით იკითხება თუ ამდაგვარ მოველნას შესწრებიხარ. ეჰ ნეტა იმათი სახე მანახა ამ პოსტის წაკითხვისას ვინც პროტოტიპობაზე დებს თავს :D მაგარია ბრავო

    • მჩხაპნელი says:

      მე ერთხელ შევედი Foursquare-ზე, ერთი კვირის ჩეკინები გადავათვალიერე და მანდ შევესწარი ყველა მოვლენას. იმის შემდეგ აღარ შევსულვარ :)

  6. ჰაჰ, კარგი იყო..
    არა, სასიამოვნო.. :) )

    საკუთარ თავსაც წავაწყდი ზოგგან..
    არა, ვიტყუები.. ბევრგან =)))

    • მჩხაპნელი says:

      სხვაგვარად რომ ვთქვათ – “არაფერი ადამიანური ჩვენთვის უცხო არ არის” :)

  7. თამთა says:

    რა ვქნა, რა გავაკეთო, პირველად მესმის ეს ჩეკინი :D და არც ვიცი რა არის და როგორ კეთდება, რა თქმა უნდა გავიგე სტატიიდან, მაგრამ მე არ დამიჩეკია, ან სხვის დაჩეკილს არ დავკვირვებივარ და ამიტომაც მეუცხოება :D პ.ს. ძალიან მაგარი ბლოგი ინტერნეტსივრცეში.

    • მჩხაპნელი says:

      ჯერ არ არის პოპულარული :) ფეისბუქსაც აქვს, მაგრამ ნაკლებადმოსახერხებელია. ძირითადად, აპლიკაციებგადმომწერი მოწყობილობების მფლობელების პრივილეგიაა დაჩეკინება და სხვების ჩეკინების თვალიერებაც. ფეისბუქზე ძირითადად არის “ესა და ეს is at აქა და აქ” :)

  8. გურამ says:

    გადასარევ ერაში ვცხოვრობ. აღფრთოვანებული ვარ.
    მაგრად მიხარია.
    ყველანი რომ სუპერსტარები ვართ. რა ჯობს ამას?!

  9. გოგა says:

    ის გამახსენდა, პაემანი- პეი მონეი :) შენი პოსტებიდან ყველაზე მეტად ეგ ფრაზა დამამახსოვრდა :D

  10. cinoza says:

    ჩემი ძმა ხარ.. ყველა სტადიაზე..

  11. DGLIUMP says:

    ” ჰოდა, კვლავაც ვაჩეკინოთ და ვაჩეკინოთ იქამდე, სანამ ყოველი მეორე დაჩეკინებას არ დაიწყებს და სანამ თბილისი მასობრივი ჩეკვა-დაჩეკინების გამო ერთ დიდ ინკუბატორს არ დაემსგავსება. ”

    momnatrebixar bequu.. :) :)

  12. ბუ says:

    შენ გაიხარე მაგარი იყო, სანამ ბოლოში არ გავედი თვალი ვერ მოვწყვიტე :)

  13. თეო says:

    კარგი პოსტია. მადლობა.

    აქ არის კარგად ნაღადავები ამ თემაზე http://vk.com/video16908_164290943

  14. ნიშკო says:

    ეს ვანგოგის ოთახი არ არის,პოლ გოგენის ოთახია რომელიც ვან გოგმა მოაწყო პოლისთვის “ყვითელ სახლშო” :)

Leave a Reply

Current month ye@r day *