“ჯერ სად ხართ” – ანტიპათეტიკური პოსტი

"რას გვიშვრებოდა ის მთავრობა!"

“ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო” - გაქანებული პესიმისტი
“ფურ-თხის ღირსი ხარ შენ საქართველო”აგრონომი ოპტიმისტი

ხანდახან მგონია, რომ პათეტიკა სისხლში გვაქვს გამჯდარი. სადღეგრძელოებს და მასობრივი ეგზალტირების მოლოდინით წამოყვირებულ “გაუმაააარ…”-ს არ ვგულისხმობ. ისედაც. აი, ახალგაზრდა ხალხი რომ ჩაუჯდება ფეისბუქს და “ბედკრული საქართველოს გაქანების დეზორიენტაციაზე” სევდიანი პათოსით სრულიად სერიოზულად რომ ჩივის, ისე. თანაც, რაც ყველაზე ცუდია, ამგვარ სტატუს-კომენტართა უმეტესობა რაღაცნაირი უიმედობით ან უფრო ჭკვიანური სიტყვით თუ ვიტყვით, რაღაცნაირივე ნიჰილიზმით არის სავსე.

პათეტიკური ფრაზები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა. ხან – მაჟორულ (“ჩვენ გავიმარჯვეთ! საქართველომ გაიმარჯვა!”, “ვისაც ძარღვებში ქართული სისხლი უდუღს…”), ხანაც – მინორულ კონტექსტში. მაჟორულს კიდევ რა უშავს – დაიგუგუნებ შენც, ტაშს დაუკრავ, “საქართველოს” ყვირილით დამარცვლავ და დადებითად დაიმუხტები. აი, მინორული კიდევ თან პათეტიკურია, თან პესიმისტური, თან გაცვეთილი, თან მასობრივი… მოკლედ, ასეთი:

ა) “უბედურო/ბედკრულო საქართველო, საით მიექანები?!” – რაც თავი მახსოვს, საქართველო სულ სადღაც მიექანება. თუმცა, დანიშნულების საბოლოო წერტილი – ისევე როგორც მიზანი – დღემდე უცნობია. ამასობაში კი გაქანების აჩქარება დღითიდღე იზრდება. იზრდება ყველაფერზე – პოლიტიკური პოზიციის გამო დაკარგულ სამსახურზე, ქუჩაში ახალგაზრდების შლეგურ, ურცხვ კოცნაზე, მეზობელი გოგოს ჭიპის გარშემო ტატუირებულ მავთულხლართზე, ან სულაც, ოცდარვა წლის ახალგათხოვილ ქალზე, რომელიც ქალიშვილი არ (!) აღმოჩნდა. სამაგიეროდ უცვლელია ეპითეტი – “ბედკრული” და უცვლელია ფრუსტრირებული სმაილების მხედრიონიც, სადაც საქართველოს თავგზააბნეულობით გამოწვეული მძიმე სევდაა ილუსტრირებული.

"სიცილისგან ცრემლი მომდის"

ბ) “სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს” – კონსტრუქცია, რომელიც ისევე გაცვდა, როგორც უფროსი ძმის გამონაცვალი მაისური, როგორც “მდიდარს წავართმევ და ღარიბს დავუბრუნებ”-ზე ხუმრობა და როგორც საჭიაკოკონოდ განწირული საბურავი. ამასთან ფრაზის წარმოთქმისას განწყობა მკვეთრად ინდეფერენტულია – ანუ, არც გეცინება და მით უმეტეს, არც ცრემლებს აღვარღვალებ. დაახლოებით ისე, “ჩატში” ყოფნისას გადაბჟირების სმაილებს სრულიად გახევებული სახით რომ წერ ხოლმე. მოკლედ, როგორც იტყოდა ერთი დიდი დრამატურგი (და შანსი არ არის, რომელიმეს რომ არ ეთქვა) – “კომედიიდან ტრაგედიამდე ერთი ნაბიჯია”, სადაც ჩვენ ოფიციალურად შუაში ვართ გამოკიდებული.

გ) “რა დაგემართათ? ქართველები არ ხართ?” – ჩვენ იდეალიზებული, საკრალიზებული და გაფეტიშებული გვაქვს ქართველის ცნება. ქართველის – როგორც რაინდის, ქართველის – როგორც ვეფხვებთან მეომარის, ქართველის – როგორც დიდგორის გმირის, ქართველის – როგორც ყველაზე მაგარი ადამიანის მსოფლიოში, ამიტომ, როგორც კი ვაწყდებით უწესო ქართველს, ანუ, ისეთს, რომლისთვისაც არაფერი ადამიანური უცხო არ არის, ჩვენი იდეალი იმსხვრევა. შესაბამისად, “იავნანამ რა ჰქმნას” პრინციპით, ეროვნების ამგვარი შეხსენებით ვცდილობთ, “მისი სულიდან ყოველგვარი ბიწიერი განვდევნოთ”. თუმცა, როგორ წესი, ამაოდ.

დ) “მრცხვენია, რომ ქართველი ვარ” – ქართველობა მძიმე ჯვარიც არის და მსუბუქი დესერტიც. თუ რაიმეს მივაღწევთ – სპორტში, მაგალითად – ვერავინ დაგვასწრებს იმის აღნიშვნას, რომ “ქართველობა გვეამაყება”, რომ “ცრემლი მოგვადგა” და რომ “ტანში გვბურძგლავს”, მაგრამ თუკი ისეთი ქართველი გამოჩნდება, ვინც სახელოვან სიკვდილს საძრახის საქმეს ამჯობინებს, მაშინვე ვიმორცხვებთ და თავ-ბედთან ერთად დაბადების ადგილსაც ვიწყევლით.  თუმცა, რა თქმა უნდა, თვითმგმობი პათოსი სწრაფადვე ფერმკრთალდება  და ჩვენი სირცხვილის მიზეზი ნიშნის გამო ნასწავლი ლექსივით მეორე დღესვე გვავიწყდება.

ბანალური ალუზია

ე) “ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო” – გადაფურთხების სიყვარული ერის გენეტიკურ კოდში მტკიცედ არის ჩაწნული. ნერწყვს  მხოლოდ მაშინ ვყლაპავთ სიამოვნებით, როცა ოხშივარავარდნილ ხინკალს და შამფურზე აცმულ მწვადს ვხედავთ. არადა, თავის დროზე აკაკიმ ილიას მკვლელობისათვის მიაფურთხა საქართველოს. იმისთვის კი არა, მისი ნათქვამი ასე რომ გაუფასურებულიყო და საკუთარი ქვეყნისათვის ყველა მსურველს ნებისმიერ წვრილმანზე წაღმა-უკუღმა ეფურთხებინა.

ჩვენ კი მაინც არაკონსტრუქციულად ვიფურთხებით. ისეც და მეტაფორულადაც (“თფუი”-ს საშუალებით). “ისე” – უფრო.

ვ) “მარაზმია უკვე ეს ყველაფერი რა” – “მარაზმი” ბოლო პერიოდში თარგამაძისებრთა ოჯახის სიტყვად ჩამოყალიბდა – ყველაფერს უპრობლემოდ ერგება. რაც კი რამ გვაღიზიანებს – “მარაზმია”. რაც კი რამ დაბალი დონის გვგონია – აგრეთვე. ჩვენ ხომ უბადლოები ვართ, ჩვენ ხომ იდეალურად ვიქცევით, ჩვენ ხომ თანამედროვეობას ვეკუთვნით (და ლიბერალებს – ეს თანამედროვეობასთან ასოცირდება), ჩვენ ხომ ვაზროვნებთ (და ამით ვამაყობთ), ჩვენ ხომ სწორედ ამ აზროვნების დეფიციტს განვიცდით და ამას ხშირად გამოვხატავთ კიდეც (“ძლივს არ გამოჩნდა, ვიღაც ნორმალურად მოაზროვნე”, “არ მეგონა შენნაირები თუ კიდევ არსებობდნენ”). შესაბამისად, ჩვენ ქართველ ექსპერტებს ვემსგავსებით (ყველა ფაქტზე ერთი შეფასება რომ აქვთ ხოლმე) და გამუდმებით (უპრობლემოდაც) ვიმეორებთ: “ეს უკვე მარაზმია”

ზ) “არა, რა უნდა დავახვიო ამ ქვეყნიდან!” – საქართველოდან გაქცევა, როგორც წესი, იმ ტიპის აფექტურ წამოძახილებს განეკუთვნება, როგორიც – “ეს რომ არ გამოვიდეს, თავს მოვიკლავ” ან “მომწეროს, თორემ ფანჯრიდან გადავხტები”-ა. ანუ, ცხელ გულზეა წამოსროლილი, და ათასში ერთხელ, რომ ვინმემ სისრულეში მოიყვანოს. უბრალოდ, ეს ის წამია, როცა გვგონია, რომ მსოფლიოში ყველაზე დამპალ ქვეყანაში დავიბადეთ და მზად ვართ ნახევარი საქართველო შიშველი ხელით დავახრჩოთ. ამ ყველაფერს კი ზოგჯერ ამბიციურად პესიმისტური  წინასწარმეტყველებითაც ვამძაფრებთ: “არა, ძმაო, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება!”

გიგანტური სტერეოტიპი

თ) “ასეთი რამე მხოლოდ საქართველოში ხდება” – მსოფლიოში ორასამდე სახელმწიფოა, საიდანაც ჩვენი უმეტესობა მაქსიმუმ ორ-სამ ქვეყანაში იყოს ნამყოფი. თუმცა, ეს სულაც არ გვიშლის ხელს იმაში, სულით ხორცამდე შეძრულებმა რაღაცაზე – ეს მხოლოდ საქართველოში ხდებაო – დაბეჯითებით რომ ვამტკიცოთ.

ისე კი, ერთადერთი, რაც მხოლოდ საქართველოში შეიძლება ხდებოდეს, არის ფაქტი – “მხოლოდ საქართველოში ეგონოთ, რომ რაღაც მხოლოდ საქართველოში ხდება.”

მოკლედ, აქამდე ხომ ასე იყო საქმე და პათეტიკის მოჭარბება თქვენ ამის მერე უნდა ნახოთ.

ჯერ სად ხართ…

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
30 Responses
  1. Mystic D says:

    “ასეთი რამე მხოლოდ საქართველოში ხდება”- ყველაზე მეტად ეს ფრაზა მაღიზიანებს იმავე მიზეზით რაც შენ გეწერა :)

    • მჩხაპნელი says:

      ადრინდელ პოსტებში მახსოვს მეც ვიყენებდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ… (იხ პუნქტი “თ”) :D

  2. ანო says:

    ერთი რაღაც აკლია:

    ი) ჯერ სად ხართ

    • მჩხაპნელი says:

      :D ეგ და “გვეშველება რამე?” უკვე არ არის პათეტიკური. კომიკურშია გადასული :D

  3. ანო says:

    ზოგისთვის არა :D

  4. Snitch says:

    შენ ისიამოვნე მთელი ცხოვრება ისე, როგორც მე მასიამონე ამ დილაუთენია :)

    • მჩხაპნელი says:

      ჩემი “მთელი ცხოვრება” სიამოვნებით შეხვდა ამ პერსპექტივას :)

  5. ნატალი says:

    ვატყბ წლის ყველაზე პოპულარული ფრაზე “ჯერ სად ხართ” იქნება :) ))

    მადლობა ავტორს!!!

    • მჩხაპნელი says:

      კი, “ჯერ სად ხართ!” :)
      ჯერ ეგ იქნება, მერე “ამისათვის ვიდექით საარჩევნო ყუთებთან?”, მერე “აბა მიშას დრო ჯობდა?” და ბოლოს ისევ ვიყვირებთ ვინმეს სახელს :D

  6. ketusi.com says:

    გაიხარე,რასაც ქვია ვისიამოვნე კითხვისას.

  7. თოლია says:

    არ მგონია ისეთი ადამიანი გამოჩნდეს ვინც ამ პოსტზე უარყოფითს იტყვის რამეს. ძალიან კარგად შე(უ)(გვი)სრულე!

  8. ფურთხვის თემა რომ გავაგრძლეოთ

    “შ. ნათელაშვილი – როგორც დიდმა ილიამ თქვა – ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველოო
    აქუბარდია- ბატონო შალვა ეგ ილიამ კი არა აკაკიმ თქვა
    შ. ნათელაშვილი- მართალია, აკაკიმ თქვა, მაგრამ ილიაც დაეთანხმა

    ალბათ დუმილი თანხმობის ნიშნას ჩაუთვალეს :) :დ

  9. მარი says:

    გამოვეხმაურები ბოლო ფრაზას: ,,ასეთი რამე მხოლოდ საქართველოში ხდება”. პირველ რიგში მინდა შეგისწორო და გითხრა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ,,რამე”-ს ნაცვლად ,,რამ”-ს გამოიყენებდი(მაინც საპასუხისმგებლო თემას ეხები და..) . მინდა შეგახსენოთ, რომ შესაძლოა ადამიანი არ გაცდეს თავის ქვეყანას, მაგრამ განათლება იყოს საფუძველი მისივე სიტყვებისა. ავიღოთ ზაზა შათირიშვილი, რომელიც, ვიმედოვნებ, ბვერ თქვენგანს ეყოლება ნანახი თუნდაც ტელევიზორში. იგი ხშირად ადარებდა მოქმედ მთავრობას ბოლშევიკებს და ბედავდა, რადგან ამ იცის რა ხდებოდა მაშინ და რა ხდება ახლა. იგი ხშირად იყენებდა თქვენს მიერ აღნიშნულ ფრაზას – ,,ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში ხდება”- და არა იმიტომ, რომ მთელი სამყარო შემოიარა, არა, უბრალოდ შესწავლილ აქვს სხვადასხვა ერთა ისტორია და ამის გარდა თვალს ადევნებს მიმდინარე მოვლენებს. სამწუხაროა, თქვენ თუ არ გესმით ამ ფრაზის არსი, რადგან, ვფიქრობ, ჩვენ არ გვაქვს უფლება თვალი დავხუჭოთ ისეთ უმნიშვნელო ამბებზეც კი, რომლებსაც პირობითად ამერიკა ყურადღების ღირსადაც კი არ ჩათვლის. ეს იმიტომ, რომ ჩვენთან(ამერიკისგან განსხვავებით) 3 მილიონი მოქალაქე ცხოვრობს და თითოეული ჩვენთვის უნდა იყოს განსკაკუთრებული ყურადღების ღირსი. ჩვენ არ გვაქვს უფლება ვთქვათ : ,, დიდი ამბავი! ეს ხომ სხვაგანაც ხდება!”

    • მჩხაპნელი says:

      არ ვგულისხმობ მაინცდამაინც ფილოსოფიურ დოქტრინებს, რაც შეიძლება ცოდნით შედარდეს ერთმანეთს. ვგულისხმობ ისეთ ფრაზებს: “ნახე წითელი ანთია და როგორ გადარბიან, ეს მხოლოდ საქართველოში ხდება”, “მხოლოდ საქართველოში ჯიჯგნიან სკამებს ავტობუსში” და მსგავს ყოველდღიურ საზოგადოებრივ მოვლენებს, რაც შეუძლებელია ვინმემ დაბეჯითებით ამტკიცოს, რა დიდი განათლება არ უნდა ჰქონდეს.

      რაც შეეხება “სხვაგანაც ხდება”-თი თავის დამშვიდებას, მაგას არც მე ვეთანხმები, მაგრამ ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია. “ეს მხოლოდ საქართველოში ხდება”-თი აპელირება არ ნიშნავს, რომ რამეზე თვალს ვხუჭავთ. პირიქით, იმის თქმა მინდა, რომ არ არსებობს რაღაც, რაც შეიძლება მხოლოდ საქართველოში ან მხოლოდ ერთ რომელიმე ქვეყანაში ხდებოდეს :)

    • კანუდოსელი says:

      ჰაიმეეე (თავი ვეღარ შევიკავე)

  10. დათო says:

    მსოფლიოს ქვეყნების რაოდენობის გარდა ამ სტატიას, როგორც ყოველთვის, არაფერი დაეწუნება…

    • მჩხაპნელი says:

      :D დამეზარა გადამოწმება და გვარიანად ავაცილე ვარაუდით – გამოვასწორებ ახლავე :)

      • დათო says:

        პს: მჩხაპნელი რამდენი წლის ხარ? წერის განსხვავებული და ორიგინალური მანერა გაქვს, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ასაკით პატარა უნდა იყო (პატარას ვგულისხმობ იმასთან შედარებით რა შთაბეჭდილებაც შეიძლება დარჩეს “უბრალო მოკვდავს” შენი სტატიების წაკითხვის შემდგომ)…

      • მჩხაპნელი says:

        ოცდაორი შემისრულდა თითქმის ახლახანს :)

  11. Snitch says:

    განაქორწინეს მჩხაპნელო განაქორწინეს ………. :)

  12. გოგა says:

    მოკლედ რა, ისეთი ამბავია, თითქოს მე მეგონა რო ნიჰილიზმმა შემოგვიტიაქართველებსთქო მარა შევცდარვარ, სტუნდენტების ამბების მერე მივხვდი მაგას.. ხოდა დალაგდება რა ყველაფერი.. ისე ზოგადად ფურთხის ღირსი მართლაა საქართველო, სამწუხაროა მარა მასეა..

  13. თინი says:

    როგორც ყოველთვის , ძალიან მომეწონა… გეთანხმები აზრებში… სტილი დიდებულია, მართალი და მომწარო არომატით… ნიჭიიერი ხარ ძალიიან:)

  14. zurriuss says:

    დაიცა, კიდევ მოტრიალდება ღმერთი და ვინმეს/რამეს გადმოგვიგდებს :)

  15. მურმანი says:

    მარჯვენა ხელით ბეჭდავდი ამ პოსტს თუ მარცხენა? :/

  16. პაატა says:

    ადმინ გენაცვალე

  17. მპოსტველი says:

    ოხ როგორ მიზიდავს ეს პოსტები მე : )))

  18. mery says:

    ავტორო სად არის ახალი პოსტები????????

  19. ent says:

    mery
    ავტორი ალბათ როგორც ძველი ბლოგერების უემტესობა გაუჩინარდა თავისი ბლოგისთვის.. :(
    სამწუხაროა მარა მსე ხდება ხოლმე ქართულ ბლოგოსფეროში..

    პოსტი რათქმაუნდა საინტერესოა..

  20. საღოლ ჯეჯ,,მაგარია მაგარი შენი უცხო ბაზარი,ჯერ სად ხართ,დედა რომ ეტირება ბარეულს მერე იტყვით ვაი -ვაის და …დასკვნებისგან დავიცალოთ

Leave a Reply

Current month ye@r day *