არივედერჩიორა!

ჭირი იქა...

“ერთი ეს არჩევნები გადაგორდეს და მერე ვნახოთ”მედღეხვალიე, ზარმაცი ქართველი

ეს არჩევნებიც გადაგორდა.

დასრულდა ისე, როგორც ჰოლივუდური საშინელებათა ფილმი – ყველაფერი მეტ-ნაკლებად კარგადაა, მაგრამ მაინც გაქვს შიში, რომ ბოლოს რაღაც მონსტრი გამოხტება.

დასრულდა მაჟორიტარობის ერთნაირი კანდიდატების მიერ გამოხატული ფსევდოსიბრალული და კიდევ უფრო ფსევდოდაპირებები, ასე უჯადოსნურჯოხოდ (უსინდისოდაც) “ყველა პრობლემის მოგვარებას” რომ უქადდა ხალხს.

დასრულდა ურთიერთდაჭმა. დასრულდა რა… ნაციონალების მომხრეები გაჩუმდნენ და მხოლოდ – “ოო, დიდხანს უნდა იხმაუროთ ახლა და ასიგნალოოოოთ?! მეძინება, კაცო”-ს წუწუნებენ.

შვებით ამოისუნთქეს მდიდრებმა – ჯერ ერთი რომ ღმერთისა და შალვას სახიფათო კოალიციამ ხუთპროცენტიანი ბარიერიც კი ვერ გადალახა და მერე მეორეც, ისეთი კაცი აპირებს მოსვლას ხელისუფლებაში, მათი ბიზნესების დაწიოკება სულ ცალ ოქროს ზოდზე რომ უნდა ეკიდოს წესით.

დასრულდა “ფეინთში” დაწერილი იმ სისულელეების “დალაიქება” – გაზიარების დილემა – ტანკლი ტუნკლი ტუნკლებისა თუ სექსუალური პომიდორის ტიპის გვერდების საშუალებით ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის ძალთა თანაფარდობა რომ უნდა გადაეწყვიტა.

"მთავარია მონაწილეობა, შალვა"

აღარ “ისმიიიიის დიდების საგალობელი” და შალვას კამპანია საერთოდაც რომ არ დაწყებულა ისე დასრულდა.

დასრულდა ქრისტიან-დემოკრატების ტელევიზორში გულისგამაწყალებელი გამოჩენა – ნაციონალური მოძრაობის წლებისწინანდელი პიარკამპანია უფროსი ძმის გამონაცვალი ტანსაცმელივით რომ ჰქონდათ გადმოტანილი.

დასრულდა ფარული ჩანაწერები, ღია გინებები, დახურული შეხვედრები, გახსნილი ლაზიკები, შეკრული შუბლები, საკუთარ კარში გატანილი გოლების წამოძახება, სკამებზე ჩაბღაუჭება, გამოუცხადებელი სიკვდილის ქრონიკები და გაცოცხლებული მიცვალებულები.

დასრულდა ჩიორას ხშირი გამოსვლები (იმედია, ახალ ელემენტებს აღარ ჩაუდგამენ და საერთოდაც, თბილ ქვეყნებში გაფრენა უწევს უკვე).

დასრულდა ერთპარტიული მმართველობა, სადაც მუსიკას ის უკვეთავდა, ვისაც გარემოს დაცვის მინისტრი ჰყავდა მუსიკოსი.

დასრულდა მიშა მაგარიას ძახილი. დასრულდა რა… მორბილდა ეგეც.

დასრულდა მეწარმის, ექიმისა და ლიდერის ტიტულატურის გამრავალფეროვნების მორიგი მცდელობა.

დასრულდა ბაჩუკი ქარდავასა და კახა კუკავას დაცინვა.

დასრულდა გიგა ნასარიძის იდიოტური კლიპებისა და კარუსელების ტრიალი.

დასრულდა ყოველდღიური მსუბუქი შიში – “იმედია, არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლის” – მოლოდინით რომ იყო გაჯერებული.

დასრულდა “ტესტი დემოკრატიაში”. ახლა, მთავარია, რას იტყვის ნატო მასწავლებელი.

დასრულდა “გაიმარჯვებს საქართველო!”-სა და “ჯოს, ჯოს, ჯოს!”-ის ისტერიკული ძახილი.

"გეძახი, გამიღე კარი"

კი, თბილისი ნამდვილად არის ბევრად უკეთესი, ვიდრე რვა წლის წინ იყო, მაგრამ ეგ პათეტიკაც დასრულდა.

ერთი სიტყვით ავად თუ კარგად – დასრულდა ის მომქანცველი, მომაბეზრებელი და რიგ შემთხვევაში გულისამრევი პროცესი, რასაც წინასაარჩევნო პერიოდი ჰქვია. როგორც არ უნდა დაკომპლექტდეს პარლამენტი, ფაქტია, რომ აღარ იქნება ის, რაც იყო. შესაბამისად გამოჩნდება – ვის ექნება რაღაცის შეცვლის ტრა… კი არადა, შნო და ვინ საქმეშიც მეოცნებე აღმოჩნდება.

აქვე გამოვთქვამ იმედს, რომ თუ საქართველოს ამჯერად ის მდიდარი კაცი მოაჯდება, რომელიც საკუთარ თავს უხდის მადლობებს და ახლა სახალხო კერპად არის ქცეული, ყველაფრის თავისებურად გადაკეთებას არ დაიწყებს. თან მაგას ისეთი მილიონიანი სკულპტურები უდევს ეზოში – ერთი შეხედვით ჯართიდან ამოკრეფილი და დაყრილი არმატურები გეგონება – რომ გემოვნების ამბავში ამჟამინდელ პრეზიდენტს (მის იტალიელ არქიტექტორსაც) ბევრით არ ჩამოუვარდება. შესაბამისად, შეჩვეული – ოლვეისის ხიდი გერჩივნოს შეუჩვეველ საშინელებასო – თქმულა.

ჰო, კიდევ…

იმედია, ძალაუფლება თქვენც არ გაგრყვნით.

იმედია, ბიძინა არ გახდება ღმერთი, მესია, კერპი, სასწაულმოქმედი, ოზის ქალაქის ჯადოქარი, ყოვლისშემძლე ბორისი, ადამიანი ლეგენდა და ასეთი რაღაცეები, რისი გაფეტიშებაც ქართველებს ნამდვილად არ გვესწავლება.

იმედია, სოფლის მეურნეობას ისევე არ მიაგდებთ, როგორც “ნაშას”, რომელიც გვერდით იქამდე გყავს, სანამ გჭირდება.

იმედია, ძველ დროს არ დააბრუნებთ, ან თუ დააბრუნებთ შუქს, წყალს და გაზს მაინც დაგვიტოვებთ, მერე ხელახლა რომ არ გააკეთოთ და ცხრა წელი არ წამოგვაძახოთ.

იმედია, დენისა და დასუფთავების გადასახადებს განაქორწინებთ – თანაც სამართლიან სასამართლოში.

იმედია, გეორგიევსკის ტრაქტატი აღარ გახსოვთ.

memento Putin

იმედია, პურს მეპურე გამოაცხობს და არა მოჭიდავე ან ფეხბურთელი.

იმედია, ისე არ იზამთ, “როგორც მოსვლით გაგვახარეთ, ისე წასვლითაც გაგვახარე”-თი რომ გაგაცილოთ.

იმედია, გაზეთებს თქვენ მაინც წაიკითხავთ.

იმედია, პირველ არხს რამეს უზამთ. რამეს რა… ტელევიზიას დაამსგავსებთ.

იმედია, ჯიბის ტელევიზიად მეცხრე არხსაც იმყოფინებთ.

იმედია, ამ ყველაფერს ტყუილად არ ვწერ და არ აღმოჩნდება, რომ ისევ ნაციონალურმა მოძრაობამ გაიმარჯვა.

იმედია, ევროპა და მსოფლიო უკან არ დაიხევს დიდი გაყალბების შემთხვევაში და როგორც სჩვევია ისე არ იტყვის: მთავარია სტაბილურობა იყოს ქვეყანაში და ერთი ხალხს არ გავარტყითო.

იმედია, ყველაფერი ბოლომდე მშვიდობიანად ჩამთავრდება.

"ერთი შანსი რა..."

ძალიან არ მომწონს ქართული ოცნება, მაგრამ კიდევ უფრო მეტად არ მომწონს ნაციონალური მოძრაობა. შესაბამისად, იმედია, ოდესმე ისეთი ვინმეც გამოჩნდება, ვისაც შემოვხაზავთ და მერე ისე არ შემოგვიხაზავს თვითონ, ორივე ხელთან ერთად ქვასაც რომ ვიცემდეთ თავში.

პ.ს: ჰოდა, სანამ დროა, გვიხაროდეს, მაგრამ მაინცდამაინც ნურც იმ ფინალს დავივიწყებთ, ბაიერნი მანჩესტერს ბოლო წუთამდე ერთით ნოლს რომ უგებდა.

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
13 Responses
  1. Mystic D says:

    “იმედია, ბიძინა არ გახდება ღმერთი, მესია, კერპი, სასწაულმოქმედი, ოზის ქალაქის ჯადოქარი, ყოვლისშემძლე ბორისი…”
    ამ სურათების ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ ეგ ყველაფერი რაღაც დოზით უკვე მოხდა: http://www.facebook.com/media/set/?set=a.232965516829110.55461.232965020162493&type=3

    • მჩხაპნელი says:

      ეგ პრინციპში გამდიდრების მარტივი გზის ძებნას უფრო ჰგავს, ვიდრე გაფეტიშებას. მაგრამ თუ ამ ნახატებს ღრმად აღტკინებული ხატავდა, მაშინ ცუდად აქვს საქმე :D

  2. Snitch says:

    მომნატრებია აქაურობა… და მჩხაპნელიც :)

    მე კიდე ერთი იმედი მაქვს… იმედია ოდესმე იქნება, რომ არჩევანის გაკეთება კარგსა და უკეთესს შორის მოგვიწევს.

    მოკლედ როგორც სადღეგრძელოში იტყვიან ხოლმე, “გაგემართლებინოთ ჩვენი იმედები” :)

    P.S. მჩხაპნელო როგორ ხარ?

    • მჩხაპნელი says:

      :D ეგეთი არჩევანი იქნებოდა იდეალური, მაგრამ “როგორც ჩვენ გვინდა, სად არის”.
      მე ვარ საშუალო სტატისტიკური მოქალაქესავით – ზომიერად ვარსებობ და ზომიერად მიხარია. ალბათ, შენც ასევე :D

  3. გიორგი says:

    სხვა ადამიანთან გვაქვს საქმე და წინასწარი შიშები, ვიმედოვნოთ, რომ ამაო გამოდგება. ნაცმოძ-ზე უარესი რომ არ იქნება დარწმუნებული ვარ! ბექა, როგორც ყოველთვის, სასიამოვნო წასაკითხია და ძალიან აზრიანად წერ ძმაო

    • მჩხაპნელი says:

      ჰო, პრინციპში ერთიც პარლამენტში გვყავს და მეორეც – ჰოდა, არ მისცემენ ძალიან დიდი სისულელეების გაკეთების საშუალებას, ალბათ, ერთმანეთს. პატარა სისულელეები კიდევ ნებისმიერ მთავრობას მოსდის რეფორმების დროს და გამოსწორებადია ხოლმე, როგორც წესი, ეგ :)

  4. Meredith_Grey says:

    “იმედია, ამ ყველაფერს ტყუილად არ ვწერ და არ აღმოჩნდება, რომ ისევ ნაციონალურმა მოძრაობამ გაიმარჯვა.”

    ამაზე ბევრი ვიცინე :დ

    ძალიან კარგია, ყოჩაღ )) მიყვარს ეს ბლოგი <3

    • მჩხაპნელი says:

      ^^ ერთი იმედი უკვე შესრულდა, ახლა ჯერი დანარჩენ იმედებზეა. იმედია, ეს იმედები თავს არ შეირცხვენენ :)

  5. ზუკა:) says:

    ძალიან მაგარია,ყოჩაღ !!!

  6. Kate says:

    ძალიან კარგი პოსტია და ყველაფერში გეთანხმები.

  7. მანანა says:

    მაგარია რა, მიშა კი არა პოსტი! თან ძალიან! აბსოლუტური სიმართლე ღაღადებს კალამსა შინა! გეთანხმებით თავის დახრითა(ეგ მლიქვნელობაში არ ჩამეთვლება),რამეთუ მთლიანად ჩემს აზრს განავრცობთ!

  8. ent says:

    მე კი ცოტა გვიან ვნახე მრა მაინც კაი პპოსტი იყო გონივრული ნამიოკებით :) )

  9. marika says:

    Ar mkofnis sitkvebi. Kochag

Leave a Reply

Current month ye@r day *