ნიღბების “ზა-MASK-ა”

ჩამოყალიბებული სიყალბე

“აქ სიყალბე უმთავრესი შარმია…” - ნიკო გომელაური

“კბილები კი აქვს ოქროსი, მაგრამ ღიმილია ყალბი” – ლომბარდთან გაგონილი

ადამიანების ურთიერთობა ძირითადად “საჭიროებაზეა” დაფუძნებული. სანამ სჭირდები, ზოგი დღეში ათჯერაც გწერს, მაგრამ ამოიწურება შენი დახმარების ლიმიტი და… ყოველდღე კი არა, დაბადების დღეზე კოცნადართული “გილოცავ” თუ მიგიწერა ყასიდად “Facebook”-ის კედელზე, ეგეც საქმეა. სამაგიეროდ, ქუჩაში რომ შეგხვდება, ზოგჯერ ისეთი აღტკინებით გამოგკითხავს ხოლმე ყველაფერს, თითქოს მთელი ეს თვეები სულ შენს ბედსა და პერსპექტივებზე ფიქრში გალია. ასეთ დროს კი, დამეთანხმებით, ძნელია მიხვდე, სად მთავრდება გულწრფელობა და იწყება სიყალბე. ან – პირიქით.

მით უფრო, რომ ამგვარი სიყალბე სხვადასხვა დოზითა და ფორმით ყოველდღიურ ურთიერთობებშიც უკვე საკმარისად გვხვდება:

როლი # 1: ყალბი ინტერესი - ცხოვრება იმაზე ბევრად უფრო სწრაფი გახდა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ახლა ადამიანებს უკვე აღარ აქვთ დრო სქელტანიანი წიგნების საკითხავად (თუმცა, მაინც აბოდებენ ფამუქზე), საჭმელად (და ამიტომ გიჟდებიან “მაკდონალდსზე”), მეგობრების სანახავად (ინტერნეტშიც საკმარისია) და ზოგჯერ დროს “ფეისბუქში” მოსაკითხადაც კი აღარ ხარჯავენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანებს ჰყოფნით ზრდილობა, რომ მოგიკითხონ, მაგრამ არ ჰყოფნით მოთმინება, რომ ამ მოკითხვის შემდეგ შენს პასუხს უცადონ. შესაბამისად, რეფლექსურად მოწერილი “როგორ ხარ?” – მის ქვეშ გადაშლილი უუუზარმაზარი ტექსტის ფონზე – ისევე ყალბად არის გამოკიდებული ჰაერში, როგორც მაღაზიების წინ მოკონწიალე და ფურფუშელით გამოტენილი “სნიკერსის” ფუტლიარები. შენ კი ამ დროს აშკარად ხვდები, რომ მოსაუბრეს შენი “კარგად ყოფნაც” ფეხებზე ჰკიდია და მის “ფეხებზემკიდიაობას” რომ ხვდები – ისიც. მთავარია, რომ დახმარების შემდეგ “ჯიგრად” ან “საყვარლად” (დამოკიდებულია სქესზე) შეგრაცხავს და რა ღმერთი გაუწყრება, განმტკიცების მიზნით, ამ შეფასებას ერთი-ორი თბილი სმაილიც რომ არ დაურთოს ზედ.

"აი, კოცნა"

როლი # 2: ყალბი ამბორი – წამიერი გადაკოცნები მორიგი ფენომენია. აი იმას ვგულისხმობ, მთელი  ცერემონიების დაცვით რომ ეამბორები ვინმეს (უფრო სწორად, გადაკოცნისებრი “მპუა” ბგერითა და ჰაერისკენ მიმართული მოჭმუნული ტუჩებით, ლოყას ლოყაზე შეახებ), “რავა ხარ?”-ს ჰკითხავ და პასუხის მოსმენის გარეშე, ისეთი ღიმილით დაემშვიდობები, თითქოს ამ შეხვედრამ “მთელი შენი იმდღევანდელი განწყობა” აბსოლუტური პოზიტივისკენ შეცვალა. თუმცა, ასეთ დროს ყოველთვის ჩნდება ერთი პარადოქსი – თუ ადამიანს კოცნი, ესე იგი, მასთან უფრო მეტი გაქვს საერთო, ვიდრე ეს შვიდწამიან ფსევდომოკითხვაში შეიძლება ჩაეტიოს და თუ ასე კარგადაც არ იცნობ, მაშინ ტუჩების სხარტი მანევრირების სიწრფელე (და საჭიროება), უკვე გაუგებარია.

როლი # 3ყალბი ლექსიკა – ზოგს ეს სიყალბე იმდენად აქვს გასიგრძეგანებული, რომ ყოველ მესამე სიტყვას “ჩემო საყვარელო”, “ჩემო კარგო”, “ჩემო ძვირფასო”, “მიყვარხარ, გკოცნი” თუ არ დაურთო, ხმას ვერ ამოაღებინებ ისე. სითბო, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ რეფლექსად ქცეული ამდენი თბილი სიტყვა მთლიანობაში საშინელ ხვატს და გვალვას იწვევს უკვე. ჰოდა, ამ ლექსიკური გვალვისაგან ეს სიტყვებიც იმდენად მშრალი ხდება, თითქმის ყველა ადამიანი “მისი კარგი” და “მისი საყვარელი” რომ არის, ეგეც აღარ გიკვირს ადამიანს. ამ “თბილი და პოზიტიური ადამიანების” უმეტესობას ერთი უარყოფითი თვისება მაინც აქვს – პირში თუ გაქებენ, გიცინიან და გეფერებიან, ზურგსუკან შეიძლება ისე გაგჭორონ, რომ ახურებული ყურების ჩასაცხრობად სახანძრო სამსახურის გამოძახება გახდეს საჭირო.

"აი, სითბო"

როლი # 4: ყალბი ქმედება – ხშირად მეკომიკურება ხოლმე, საზოგადოებრივ ადგილებში ხაჭაპურის პატარა ნაჭერს იმდენხანს რომ ანაკუწებენ დანით, სანამ სამოცდათორმეტი ლუკმა არ გამოვა. მაშინ, როდესაც გაცილებით მარტივია – აიღო ეს ნაჭერი და მადიანად ჩაკბიჩო. თუმცა, რას იტყვის საზოგადოება, რას ამბობს ეტიკეტი, რას გაიფიქრებს შენ წინ მჯდომი! და შენც ყველის უკანასკნელ ატომამდე ჭრი, ანაკუწებ, აქუცმაცებ… ეს ერთ-ერთი ნიღაბია – პეწიანად მჭამელისა და ეტიკეტის დამცველის ნიღაბი. ფოე-ფოე კაფეში ყოფნისას უკვე სხვა -  ამ ცხოვრებაზე ამაღლებულის და რაღაც ზეციერის – ნიღაბს ირგებ. სოციალურ ქსელებში კიდევ სხვა ნიღაბია – “თანამედროვე ტიპის”, მოაზროვნის, რომელიც ამ თავისი “მაგარტიპობის” დასამტკიცებლად პატრიარქის კვირის ქადაგებაზე რამე “ბასრ ხუმრობას” მოიფიქრებს ან დაიქადნებს, რომ ასეთ საშინელ ქვეყანაში ცხოვრებას აღარ აპირებს (გეგონება, აეროპორტებში “კალთის დახევის” დეტექტორი გვქონდეს ჩადგმული). ერთ-ერთი ნიღაბი – მკითხველის ნიღაბიცაა. აი, წიგნის ფესტივალებს რომ არ ტოვებს… დაუ-check in-ებლად, ლიტერატურულ პრეზენტაციებზე რომ დადის ფოტოაპარატით და თან საზოგადოებას აბარებს პერიოდულ ანგარიშს იმაზე, თუ რას კითხულობს, ან, რა წიგნ(ებ)ი იყიდა… ფოტოსურათითურთ, რა თქმა უნდა. ამ საზოგადოებასაც რომ მიეცეს ამა თუ იმ წიგნისადმი სიყვარულის საჯარო გამოხატვის საფუძველი, ალბათ, იმიტომ.

მოკლედ, ნიღაბი თუ არ მოირგე დღეს, ცხოვრებისეულ “ზა-MASK-აში” რჩები ადამიანი ისე.

"აი, ნიღაბი"

როლი # 5: საქმიანი ადამიანი – ბევრს “საქმიანი ადამიანის” როლის თამაშიც მოსწონს. ამის გამო, “საქმიანი ტიპები” ხშირად უსქელესი ბლოკნოტებით დადიან, სადაც ყოველ გვერდზე უამრავი მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო ინფორმაცია არის ჩახატულ-ჩანიშნული. გარდა ამისა, მათი კომპიუტერის მონიტორები თუ სამუშაო მაგიდები სავსეა წებოვან სტიკერებზე მიწერილი დამატებითი ღირსშესანიშნავი შენიშვნებით (ქვეტექსტით: “იმდენად ბევრი საქმეა, რომ მეშინია რამე არ გამომრჩეს”), ისინი ხშირად აღნიშნავენ, რომ მათი ელ.ფოსტები მყისიერად ივსება და “ამდენ წერილს რა წაიკითხავს”, გამუდმებით ლაპარაკობენ მობილურზე და პარალელურად მეორე მობილურს თიშავენ (“ცოტა ხანში გადაურეკავენ. არ სცალიათ”), მუდამ დაღლილი სახის იმიტაციას ცდილობენ და  მუდამ “ბოდიში, საქმეზე გარბიან”, იმდენად არაფრისთვის რჩებათ დრო, რომ თავის მოფხანვის პერიოდსაც კი მობილურის ორგანეიზერი ატყობინებთ, პერიოდულად “ხუმრობენ”, რომ დღე-ღამეში ოცდაოთხი საათი აღარ ჰყოფნით და ამ საქმეების გამო ღამეებს ათევენ (ან თუ სძინავთ, იქაც “ეს საქმეები” ესიზმრებათ), მთელი კვირა დაკავებული აქვთ და შეხვედრის სურვილის შემთხვევაში, გადავსებულ გრაფიკში მცირე ღრიჭოს ეძებენ, იქით კვირაში მაინც რომ “ჩაგსვან სადმე”, ყველაფერს “საქმიან შეხვედრას” არქმევენ, მერე ამის შესახებ ამაყად რომ აღნიშნონ… დროდადრო “სამსახურისგან გადაღლაზეც ჩივიან” და დასძენენ,  რომ “ისედაც იმაზე მეტს აკეთებენ, ვიდრე საჭიროა”.

შენ კიდევ უყურებ მათ “გამოგონილ ფორიაქს”, გეცინება და ხვდები, რომ ეს ყველაფერი, როგორც წესი, საქმისგან კი არა, საქმიანი ადამიანის როლის თამაშისგან დაღლაა.

"აი, საქმიანი"

როლი # 6: ყალბი წუწუნი – წუწუნი, რომელსაც სხვაგვარად “ჰიპერბოლიზებული რეალობა” შეიძლება ვუწოდოთ, ადამიანის ერთ-ერთი ჰობია. შესაბამისად, ხშირად გვხვდებიან ქრონიკულად მოწუწუნე ადამიანებიც, რომელთაც არ აკმაყოფილებთ სამუშაო ადგილი (და აკრიტიკებენ უფროსებს – ზურგსუკან), ჩივიან, რომ უამრავი სამეცადინო აქვთ (და მთელ ღამეს სოციალურ ქსელებში ატარებენ), ბუზღუნებენ, რომ “აი, ყველაფერი სულ მაგათი გასაკეთებელი როგორ უნდა იყოს” (არადა, კარგად იცი – რისი გამკეთებლებიც არიან)…

ან წუწუნებენ ზოგადად და ცხოვრებისეულად: წუწუნებენ, რომ დაიღალნენ ამ ხალხისგან, დაიღალნენ ამ ერთფეროვნებისგან, დაიღალნენ ამ უაზრო ქვეყნისგან, დაიღალნენ ამ პოლიტიკისგან, დაიღალნენ ამ უნიჭობისგან, დაიღალნენ ამ ყველაფრისგან… ერთი სიტყვით, თვითონაც ხომ იღლებიან და არც სხვებს ასვენებენ მაინცდამაინც.

"აი, დეპრესია"

როლი # 7: ყალბი ხასიათი – სიყალბის ყველაზე ცუდი ფორმა მლიქვნელობა და პირფერობაა. ბანკეტებზე იციან ხოლმე: “ვაიმე, რა ლამაზი ხარ!” – “ვაიმე, შეეენც” და სურათების დათვალიერებისას ისეთ კომენტარებს გააკეთებენ ერთმანეთის კაბებზე ან ვარცხნილობაზე… ზურგსუკან, ადამიანის რწმენას მთლიანად დაკარგავ ადამიანი.

სიყალბის მთელი ოკეანეა სოციალურ ქსელებში არსებული კომენტარებიც, სადაც გადადღაბნილ სურათს მხოლოდ იმის გამო შეგიძლია უწოდო “ულამაზესი”, რომ იქ შენი დაქალია გამოსახული, ან შეგიძლია შეაქო შვიდი წუთის წინ დაბადებული ბავშვის (რომლის ფოტოც ახლობლებმა ექვსი წუთის წინ ატვირთეს) სილამაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ის დაიბადა. რაც ყველაზე ცუდია, თვით ამ პოზიტიური ფრაზების დიდი ნაწილი ხშირ შემთხვევაში დაცლილია გრძნობისგან და უკვე გამოფიტულ ფრაზად არის გადაქცეული.

დასკვნა: რა თქმა უნდა, არ არსებობს აბსოლუტურად წრფელი ადამიანი და ნებისმიერ ჩვენგანში არის სიყალბის რაღაც დოზა. თუმცა, პრობლემა მაშინ იჩენს თავს, როდესაც ეს დოზა ცხოვრებისეულ წესში გადადის. იმ ცხოვრებაში, სადაც სიყალბისგან დაღლილ ადამიანებს უჭირთ მიხვედრა, რომ ბევრად ადვილია იყო “კარგი ტიპი”, ვიდრე “კარგი ტიპი” ითამაშო. ცხოვრებაში, სადაც გულწრფელობა ნოკიას ფანრით გახდა საძებარი და ცხოვრებაში, სადაც ხშირი ან უკონტექსტო გამოყენების გამო, სიტყვა “ძვირფასიც” უკვე საგრძნობლად გაუფასურდა.

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
18 Responses
  1. ვერაფერს იტყვი, მართალი ხარ.

  2. ნანუკა says:

    ბექა, მაგარი ხარ, ხუმრობის კი არა სიყალბის გარეშე:)))))

  3. მანანა ნოდია says:

    მჩხაპნელო, როგორც ყოველთვის, ფორმაში ხარ-ძალიან მაგარი პოსტია!

  4. კატო says:

    კარგი პოსტია :) )
    მაგრამ, ჩემი იძულებული “სიყალბეებიც” გამახსენდა – ჰაერში გადაკოცნა, სხვა გზა რომ არ გაქვს და “პაცელუი ტიპებს” რომ ვერ უსხლტები. ასევე ორგანაიზერში ჩანიშნული მეორე, მესამე, მეოთხე დღის აქტივობები… ეს მართლა მჭირდება და ავტორისგან განსხვავებით სიყალბეს ვერ დავარქმევ, ჰო დაღლაც მენიშნა. მხოლოდ აქ იყოფა ჩვენი აზრები, დანარჩენში ვიზიარებ პათოსს :) )

    აი, საათობით ხაჭაპურის ჭამაზეც მაგრად გამეცინა – უფრო პიცას ჭამენ ხოლმე ჩემ გარშემო რუდუნებით, სათითაო სოკოს, პომიდორის ნაჭერს, ზეთისხილს და მსგავს ინგრედიენტებს ჩანგლით… ამის პარალელურად მე ხელით მადიანად მივირთმევ და ამაყად ვუძლებ პერო-ტიპების თვალებგაფართოებულ მზერას ქვეტექსტით – “რა დაბალი დონეა”

    • მჩხაპნელი says:

      არა, არა – მარტო ორგანეიზერზე არ არის. მაგ ყველაფრის კომპლექტი ვიგულისხმე მე – ანუ ჩამოთვლილების უმეტესობის სინთეზი – თორემ ორგანეიზერი იმიტომ მოიგონა ვიღაც ღვთისნიერმა, რომ სჭირდებოდა სამყაროს :D ეგენი – ცალკე აღებული ერთი ან ორი მახასიათებელი ბევრ ადამიანს აქვს, ალბათ.

      პიცაც მაგარი რამეა და ხინკალს რომ ჭამენ დანა-ჩანგლით (ესეც მინახავს) :D მეც ზუსტად ეგრე ვარ – ერთი ხელსახოცი და ადამიანური ჭამა – სად მაქვს ბლაგვი (ძირითადად ასეთებია ჩვენთან) დანით თეფშზე ღრჭიალის თავი. თან რა საშინელ ხმას გამოსცემს :)

  5. აღარ მახსოვს, ადრე რა მერქვა და ეგ says:

    ეჰ, ბექა, ბექა ^_^ ჯერ საუკუნე გვალოდინებ და მერე გვარცხვენ :დ

    • მჩხაპნელი says:

      :D მეორე სიტყვა “ელემენტი” იყო, პირველს ნუ მათქმევინებ სახალხოდ :)

  6. mery says:

    პირველ რიგში უნდა მოგილოცო დაბრუნება, უკვე იმედი რომ მქონდა გადაწურული ახალი პოსტის ნახვის იმ სტადიაში მომისწარი :D სულზე რომ იტვიან
    რაც შეეეხება პოსტს “თან საზოგადოებას აბარებს პერიოდულ ანგარიშს იმაზე, თუ რას კითხულობს, ან, რა წიგნ(ებ)ი იყიდა… ფოტოსურათითურთ, რა თქმა უნდა. ამ საზოგადოებასაც რომ მიეცეს ამა თუ იმ წიგნისადმი სიყვარულის საჯარო გამოხატვის საფუძველი, ალბათ, იმიტომ.”- აქ ჩემი თავი დავინახე :D თუმცა სისტემატიური ხასიათი არ აქვს ამ ჩემს საქციელს ( ვფიცავ:D ) .

  7. LiLaC says:

    კარგი პოსტია… ერთი “როლიც” კი არ ყოფილა ისეთი რომ ოდნავ მაინც გაზვიადებული მომჩვენებოდა… მე რაც შემეხება, თავი მეორეში ამოვიცანი : )) ძალიან ხშირად ყოფილა რომ ნაცნობი შემხვედრია ქუცაში, გადამიკოცნია და გზა გამიგრძელებია ზუსტად ეგრე “როგორ ხარ:-ზე უბრალოდ გაღიმებით… თუმცა, ამ ბოლო დროს მხოლოდ გაღიმებას ვჯერდები… ანუ მიდიხარ ქუჩაში, ედავ რომ გიახლოვდება ნაცნობი სახე, შეჰღიმებთ ერთმანეთს და განაგრძობთ გზას… ახლა ამაშიც სიყალბეს ნუ დავინახავთ, აბა ხო არ დაიბღვირები ? :D

    • მჩხაპნელი says:

      არა, მაგისკენ ვისწრაფვი მეც – რომ ხშირი გადაკოცნები ღიმილითა და ხელის ჩამორთმევით “მოგვარდეს” ხოლმე მსგავსი შეხვედრები :)

  8. ქეთი says:

    ყოველთვის ინტერესით ვკითხულობ შენს სტატიებს და ვხალისობ, ყველაზე მეტად მაინც ძალად საქმიანი ადამიანები მაღიზიანებენ:| ყველა ჩამოთვლილის გარდა ათას კომენტარს რომ წერენ რა დატვირთული რეჟიმი აქვთ რამდენი საქმე და სასწავლი და მაინც 24 საათი ფეისბუქზე არიან, ამდენ წუწუნს ინტერნეტ სივრცეში მგონი ჯობია წახვიდე და ისწავლო… კიდევ სასაცილოები არიან გოგოები ძლივს ერთი თაყვანისმცემელი რომ გამოუჩნდებათ და ,,ვითომ” შეწუხებულ სტატიებს წერენ რათა ყველას გააგებინონ აი ბიჭების არმია მაწუხებსო:)))) ან ხშირად რომ წერენ სტატუსებს ჩემს ცხოვრებაში ნუ ერევით თქვენსას მიხედეთო, თითქოს მთელ მსოფლიოს მათი ცხოვრება აინტერესებდეს:)) ისე მინდება ხოლმე მწარე კომენტარების დატოვება, მაგრამ თავს ვიკავებ ისევ წაშალო მეგობრების სიიდან ასეთი უაზრო ადამიანები ჯობია მაგ დასკვნამდე მივედი:)

  9. მარი.. says:

    ადამიანების ურთიერთობა ძირითადად “საჭიროებაზეა” დაფუძნებული. სანამ სჭირდები, ზოგი დღეში ათჯერაც გწერს, მაგრამ ამოიწურება შენი დახმარების ლიმიტი..

    მეტკინა..

    სტატიისთვის მადლობა.

  10. da2na says:

    კარგი პოსტია, როგორც ყოველთვის. მაგრამ, ცოტა არ იყოს, მოგიძველდა თემა! ბევრჯერ, ბევრ განსხვავებულ პოზაში, განსხვავებული მანერითა და სტილით, მაგრამ ამავე თემაზე და ავტორის ველში იგივე “მჩხაპნელით” დაწერილი პოსტი წამიკითხავს! (ვცდილობ არ ვიყო ყალბი)

  11. ბბბ says:

    პოსტის ბოლოს შევამჩნიე რო ცხვირი ავიბზუესავით, ჰოდა რო ვფიქრდები ბევრ მომენტში თავი ამოვიცანი და მაგის გამო გამიჩნდა უარყოფითი რეაქცია პოსტზე..
    კარგია ყოჩაღ… მეც ბევრ სიყალბეს ვაკეთებ თურმე დაუფიქრებლად..

  12. snitch says:

    ძველ სტილშია :)
    ძალიან დიდხანს გვალოდინე :)
    “მშვენიალურია” – ნიკო გომელაური

  13. მკითხველი says:

    სამწუხაროა,ყველაფერი Facebook_ამდე რომ დადის.. შენი პოსტი,ნაწილობრივ,შეესაბამება სიმართლეს,თუმცა სულ – არა. იცი,ზოგჯერ ისიც რთულია,ახლა,ამ დროში ვინმეს საჭიროდ მიაჩნდე, გადაკოცნო ადამიანი – ეს უბრალო პატივისცემაა,სითბოა,რომელიც გაიცვითა და ყელში ამოვიდა, მაგრამ მაინც საჭირო,რომ არ დაიკარგოს ადამიანური ურთიერთობები და,როგორც ვთქვი,ყველაფერი “Facebook_ამდე არ დავიდეს”. ადამიანს როცა ნიღაბის მორგება სჭირდება,ეს უკვე ნიშნავს,რომ სხვა ყველას ორი ნიღაბი უკეთია და ძნელია,დარჩე ისეთი,როგორიც ხარ ან გინდა იყო. რომ იცოდე, ეს ყველაფერი არაფერს ნიშნავს – ფასადია , ფასადი,რომლის უკანაც ან იმალება ადამიანი ან არა. როდესაც ადამიანური ურთიერთობა იკარგება,ხალხთან კონტაქტი აღარ გაქვს,არ გინდა , გამოჩნდე “ცუდი”,თუმცა ესეც “ცუდების” ხვედრია))) მთავარია იყო ადამიანი,რომელსაც ჰყავს ვიწრო სამეგობრო(და არა სა-ძმაკაც-დაქალო) წრე ,უხარია მათთან ყოფნა,ითვალისწინებს მათს აზრს და არ აქცევს ყურადღებას ფასადს. რასიფიქრებს ხალხი შენზე,რას დაწერ აქ შენ სხვებზე,როგორ იქცევიან სხვები,ამას მნიშვნელობა არ აქვს და ლიტონი სიტყვებია,რომლებიც არაფერს შეცვლის,სრულიად არაფერს. ეს თვითონაც კარგად იცი,დარწმუნებული ვარ. შენ თუ ასეთი “კარგი” ხარ, მოეშვი აქ წერას, გზა მონახე,რომლითაც დატოვებ კვალს განათლებულს,წელში გამართავ სხვას,ბოლოს და ბოლოს, ხომ ამისთვის ვამძიმებთ დედამიწას ნულიდან ხუთას კილოგრამამდე,მაგრამ ეს “დამძიმება” მხოლოდ რჩეულთა ხვედრია,მათი,ვინც მხოლოდ ფასეულობებით ცხოვრობს და არა სხვისი აზრით. სიმართლე რომ ვთქვათ,შენც ზუსტად ისეთი ხარ,როგორიც “ნიღბებში დაკარგული ადამიანები,რომლებიც ახლახან გააკრიტიკე. ისეთივე დამოკიდებული სხვის აზრზე,როგორიც ხაჭაპურის 72 ნაჭრად დამჭრელები და ისეთივე უმოქმედო, როგორიც ლოყაზე კოცნისას ტუჩების გაწკლაპუნება.

  14. scary says:

    გაიხარე საინტერესო წასაკითხია

  15. anonymous says:

    შენ სოციოლოგი ხარ? თუ არა დავფიქრდებოდი :D

Leave a Reply

Current month ye@r day *