სარკევ, სარკევ…

თანამედროვე მონა ლიზიკო

“W-ow, C-ool!” – ფიფქიას დედინაცვლის სარკე… საპირფარეშოში

“წადი, სარკეში… სურათი გადაიღე, რას გავხარ!”- ჩხუბისას გამოსაყენებელი თანამედროვე ქართული სიტყვათქმა

“ტუალეტის” ცნება ადამიანის ლექსიკაში ეტაპობრივად ფორმირდება. ღრმა ბავშვობაში ის უნიტაზთან დგომასა და მშობლის მიერ “ფის, ფის, ფის”-ის ტავტოლოგიურ შთაგონებაში აისახება, სკოლაში ის უკვე “საჭირო ოთახი” ხდება, სადაც “ვზროსლები” “აბირჟავებენ” და სადაც ყოველთვის სიგარეტის სუნი დგას (სიგარეტისაც, უფრო სწორად), სკოლის ტუალეტთანვე არის დაკავშირებული ბავშვის პირველი მტკივნეული შეჯახება იმ გამაოგნებელ რეალობასთან, რასაც “საჭირო ოთახში” მასწავლებლების სიარული ჰქვია. ამავე პერიოდში ჩნდება ტუალეტის ისეთი უხეში ფორმაც, როგორიცაა – “უბორნია” (როგორც წესი, გაცვეთილი ოხუნჯობისას: “- აბა თქვი რეზინა! – რეზინა! – უბორნიაში გეძინა! ჰააჰ!”).

როდესაც ვიზრდებით, ამ მეტად ღირსშესანიშნავი ადგილის ცნება ორ ძირითად დეფინიციამდე დადის: “ტუალეტი” (სახლსა და მეგობრებში) ან “საპირფარეშო” (საზოგადოებასა და ელიტაში). თუმცა დროდადრო გვხვდება ისეთი უცნაური განსაზღვრებებიც, როგორებიცაა “წავედი იქ” (რის ბუნდოვანებასაც ხსნის მთქმელის ოდნავ მორცხვი და მკვეთრად შეწუხებული სახე), “ტვალეტი” (რასაც ვერ ხსნის გრამატიკა) და “ფეხსალაგი” (რასაც ვერაფერი ვერ ხსნის). ტუალეტი ასევე უშრეტი წყაროა გენიალური იდეებისა და ისეთი ცნობილი გამოთქმებისა, როგორებიცაა: “წავედი მე იქ, სადაც მეფეები საკუთარი ფეხით დადიან” ან “შევდივარ სამკითხველოში”.

"პრინცი პირველად წავიდა ტუალეტში მარტო.."

და მართლაც ტუალეტს, როგორც შემეცნებისა კერას, ქვეყნის განათლებაში დიდი ადგილი უჭირავს. ის კი არადა, ზოგი (ძირითადად, არამწეველი საზოგადოება, რომელიც მეტ საქმეს ვერ პოულობს) მხოლოდ ტუალეტის ხათრითაც კითხულობს და რომელიმე წიგნი ზოგჯერ ისე გაიტაცებს, რომ სანამ ვიღაც მისი “ჩავარდნის საფრთხის შემცველი” შეკითხვით არ მიმართავს, იქამდე ვერც წიგნს სწყდება და ვეღარც უნიტაზს. საბოლოო ჯამში, გამომცემლობებიც კმაყოფილები არიან, მკითხველებიც, ყვითელი პრესის მწარმოებლებიც და… პროქტოლოგებიც, თავისთავად.

თუმცა, რადგანაც ცხოვრება წინ მიდის, ტუალეტიც ცდილობს, რომ ცხოვრების ამ ტემპს უნიტაზი აუწყოს და არ ჩამორჩეს. ჰოდა,  ოცდამეერთე საუკუნის ტუალეტი ამოთხრილ ორმოზე მდგარი ფარღალალით აღარ კმაყოფილდება და უკვე სხვა სტანდარტებს მოითხოვს – ფოტოგენურ სარკეს და ელიტარულობას, მაგალითად. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ დღეს ტუალეტში სურათებს უფრო ხშირად იღებენ, ვიდრე შხაპს და განათლებას – ერთად აღებულს…

after party

ისე, ტუალეტის სარკეში სურათის – თუნდაც ხუმრობით – გადაღება, ხუმრობა საქმე როდია. ეს ერთგვარი ხელოვნებაა. პოზისა და თითის ერთდროული დაჭერის სინთეზური ხელოვნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხან სურათი გამოდის გადღაბნილი, ხან სახე მეტისმეტად დაპრუწული… მოკლედ, ავ თვალს და სოციალურ ქსელებს რომ არ დაენახება ისეთი. არადა, მინიმუმ ერთი კარგი სატუალეტო სურათის გადაღება, ყველა ადამიანის სამოქალაქო ვალია. ამიტომ, ხელოვნების ამ დარგის განსავითარებლად, Apple-ს ადგილზე რომ ვიყო -  აიპადების, აიპოდების, აიპუდების, აიპედების თუ მათნაირების გენეალოგიური ხის ზრდას და ახალ-ახალი თაობების დამატებას დროებით შევეშვებოდი და გამოვუშვებდი სენსორულ სარკეს – “iMirror” ან რაიმე ასეთი ბანალური სახელით (როცა წინ i აქვს – უსახელოდაც გაიყიდება).

აი, წარმოიდგინეთ, რა კომერციული იქნება სარკე, რომელიც ავტომატურად გადაიღებს სურათს, როდესაც:

"პოზა პოზისთვის"

ა) მის წინ მდგომი გოგო სათვალეს ისე ჩამოიცურებს ცხვირზე, რომ თვალების 1/4-ის გამოუჩნდეს, ნიკაპს კისრის მიმართულებით დახრის და ტუჩებს მოჭმუხნის – ასეთ დროს მარცხენა – ფოტოაპარატისგან თავისუფალი – ხელის მსუბუქი შეხება სათვალის “ყურზე” -  პოზის შემადგენელი ნაწილია. თანამედროვე სარკე კი სრულიად ახალ შესაძლებლობებს გვიშლის თვალწინ. აქ უკვე გოგოს ორივე ხელი აქვს თავისუფალი, ამიტომ თავისუფლადვე შეუძლია ცერა-საჩვენებელი თითები სათვალის ორივე კიდეს ელეგანტურად მოკიდოს და მისი დაბლა, ინტელექტუალურად ჩამოწევის ილუზია კიდევ უფრო გაამძაფროს.

"oh, my God"

ბ) მის წინ მდგომი გოგო, მუნკის შთაგონებით, ბუნებრივ გაოცებას გამოხატავს – ამავე ფუნქციის მიხედვით სარკეს უნდა შეეძლოს ისეთი ემოციებისა და მიმიკების დაჭერა, როგორებიცაა წარბების აწკეპვა, ენის წვერის ტუჩის კიდესთან მიბჯენა, შუბლის საყვარლად (მხოლოდ!) შეჭმუხვნა, ხელების ლოყებზე მიდება და თვალების გაფართოება, ცალი წარბის აწევა, სახეზე გულწრფელი ღიმილის გადაფენა, ნიკაპზე მუშტის ან ერთეული თითების მიტანით ჩაფიქრების იმიტირება, ცალი თვალის მხიარული მოჭუტვა და რამდენიმე სხვა არაპროგრამული გამოხტომა. მაგალითად იმ შემთხვევებში – როცა გოგო გამოყოფს ენას, გამოყოფს პოზიტიურ ენერგიას და გამოყოფს ორ – საჩვენებელ და შუა – თითს დანარჩენი თითებისაგან.

შემდეგ ყველა ამ სურათს სარკე დააპატარავებს, ოთხკუთხედებად შეკრავს, რაიმე თბილი კომენტარის თანხლებით “ფეისბუქზე” ატვირთავს და პირველად – თავადვე დაალაიქებს.

"ვათენეეეებთ"

გ) მის წინ მდგომი გოგო გვერდით ამოიყენებს დაქალს ან დაქალებს – აქ სარკე ოდნავ იძაბება, რადგან ისეთი უნიკალური პოზა უნდა იპოვოს, სადაც სამივე დაქალი კარგად გამოვა და “აუ, მე მომჭერი რა, გეხვეწები”-ს ძახილი არ მოუწევთ. თუმცა, სარკე ამ შემთხვევაშიც გამართულად მუშაობს და ოპტიმალური სურათის გადაღებას… ათასმესამე ცდაზე მაინც ახერხებს. სხვა მხრივ – ამ ფუნქციასაც აქვს ერთგვარი შაბლონები – ერთმანეთის გვერდული მიხუტებით მინიმალისტური რიგის შექმნა, სივრცის სხვადასხვა კუთხეში ფიქრაბნეული და თავდაუზოგავი ყურება, სამი სხვადასხვა პოზის მიღება ან სამი ერთდროულად მოპრუწული ტუჩი (წარმოიდგინეთ, რაოდენ მამაცია სარკე, რომ ამგვარი წამების შემდეგაც კი არ ტყდება… გმირულად). ბონუსის სახით, დროგამოშვებით, სარკე ასევე რეაგირებს ლოყაზე მეგობრული ამბორისა და თავების პოზიტიური ურთიერთმიდების შემთხვევაშიც

დ) მის წინ მდგომი გოგო გაიკეთებს ახალ ვარცხნილობას – ამ სურათის გადაღებისას სარკე ამბობს, რომ “ვაიმე, ძალიან უხდება” და რომ “ფეისბუქის” საზოგადოებას ერთი სული აქვს ეს ფოტო იხილოს. თუმცა, საბოლოო სურათამდე გოგო მინიმუმ ერთხელ უნდა დატრიალდეს სარკის წინ, რათა სარკემ ვარცხნილობის უკანხედის, წინხედის, გვერდხედის, წინგვერდხედის, უკანწინხედის, ზედხედის, ქვედხედის გადაღება შეძლოს, თმის მბზინვარება გაზომოს, დამტვრეულბოლოიანი ღერები ფოტოშოფით წაშალოს და ამგვარად ხალხისათვის ახალი ვარცხნილობის სრულყოფილად შეთავაზება მოახერხოს.

"ახალი თმაააა"

ე) მის წინ მდგომი გოგო თავს რომელიმე მხრის მიმართულებით გადახრის და ოდნავ შესამჩნევად გაიღიმებს – ასეთ შემთხვევაში ვლინდება სარკის ერთადერთი ნაკლი. მას არ შეუძლია ისეთი სურათის გადაღება, სადაც თავად სარკე ჩანს დახრილი, გოგო კი გამართულია. ამის გამო, დახრილი სურათის იმიტაციის შესაქმნელად გოგო თავად უხრის თავს მწარე რეალობას და ამით გამოწვეულ შინაგან სევდას ფასადური ღიმილით ნიღბავს.

"დახრილი სარკე"

ვ) მის წინ მდგომი გოგო მიიღებს ისეთ სერიოზულ სახეს, თითქოს სურათის გადაღებას სულ არ აპირებდეს – ერთგვარი ქალური ხრიკია, როდესაც გოგომ იცის რომ სურათს უღებენ, მაგრამ ამის შეუმჩნევლად, ისე ბუნებრივად ემზადება სასურათედ (თმას გადაივარცხნის, ტონალურს წაისვამს, პომადას გამოიყენებს, წარბებს ამოიქნის და ყოველი შემთხვევისათვის სუნამოსაც მიიპკურებს), ნორმალურად ვერც შეამჩნევ. თუმცა სარკეს ვერ მოატყუებ. მას აქვს ისეთი სენსორიც, რომელიც გოგოში არსებული სურათის გადაღების მწვავე სურვილისა და მისი გარეგნული ინდეფერენტული იერის დაპირისპირებაში სასურველ ჭეშმარიტებას აღმოაჩენს.

ზ) მის წინ მდგომ გოგოს გაუჩნდება გამომწვევი სურათის გადაღების სურვილი – ამ შემთხვევაში სარკე ეხმარება გოგოს მისი სურვილის – იამაყოს საკუთარი სხეულით – შენიღბვაში და შილიფად ჩაცმული გოგოს გადაღების შემთხვევაში აქცენტი გადააქვს რაიმე დეტალზე, რაც ვითომდა სურათის გადაღების წინაპირობა გახდა. მაგალითად: “ნახეთ ჩემი ახალი საყურე-ე” ან “ვაიმე, შეხედეთ, შუბლზე რა საყვარელი ხალუკა მაქვს. კარგად არ ჩანს!” – კომენტარით. სამაგიეროდ კარგად ჩანს ის, რაც შესამჩნევია და რაც მოგვიანებით იწვევს ხუმრობანარევ კომენტარებს – “სამაგიეროდ…” ფორმულით რომ იწერება ხოლმე და “ორი ხალი გიჩანს” უკბილო გამოხტომებით ბოლოვდება.

"რა ლამაზი წარბი აქვს"

თ) მის წინ მდგომ ბიჭს გაუჩნდება ფოტოსესიის სურვილი, მაგრამ მერე ფეისბუქზე ატვირთვის გაუტყდება და გადაიფიქრებს – სარკე ასეთ სურათებს სათუთად შეინახავს და თუ ბიჭი გააბრაზებს, გააბაზრებს მერე.

ამავდროულად ვინაიდან სარკეში აღარ გამოჩნდება მობილური ტელეფონი, ფოტოაპარატი, ან სენსორულეკრანიანი სხვა მოწყობილობა, სარკეს უნდა ჰქონდეს დაგინება-დაფიცების ფუნქცია, რათა დამაჯერებლად წერდეს “თუ რა კარგი აპარატი აქვს ამ სურათზე გამოსახულ პიროვნებას” და იქვე “სიძერსკის სპეციალურ შკალაზე” აფასებდეს იმ დაწესებულებას, რომლის ტუალეტშიც თავად კიდია.

ამასთან, სარკეში ჩატვირთული უნდა იყოს სტატუსები და სმაილები, რომლებიც ამ სურათების ფეისბუქზე ატვირთვას ერთგვარ ხუმრობაში გაატარებს. მაგალითად: “New haircut… lovely ^^”, “მაგარი სასტავეეეე”, “ოოოჰ, ეს უსაქმურობა”, “ო, გად, why?”, “^_^”, “ჰაჰააჰაჰა”, “ცოტა დავთვერით და…”, “ზი ძერსკები”, “Who Cares” და ა.შ.

სარკეს ასევე უნდა ჰქონდეს “check in”-ისა და დახარბების ფუნქცია.

სურათების გადაღების პარალელურად სარკე უნდა მუშაობდეს დისერტაციაზე “ადამიანთა მოტივაცია, ტუალეტში მდებარე სარკის წინ იმ-პოზა-ნტური პოზირებისათვის” და “ტუალეტი, როგორც პროფაილის სურათების განვითარების ქვაკუთხედი”. თუმცა, წერისას – სარკე არ უნდა იყოს სარკასტული (სარკისტული შეიძლება).

ყოვლისშემძლე iრაღაცეები

მნიშვნელოვანია, რომ სარკეს “apple”-ს ნიშანი წინ ჰქონდეს, ვინაიდან დაკიდების შემდეგ – უკან არ გამოჩნდება და ხალხი ვერ გაიგებს, რომ “Apple”-ს სარკე გვაქვს.

სასურველია სარკეში ჩამონტაჟებული იყოს კაფელ-მეტლახის სასურველი ფონები და ბონუსის სახით თან მოჰყვებოდეს “ტუჩების მობუტვისა და მობუშტვის” სპეციალური ტუტორიალი.

პ.ს: მალე იქამდეც მივა საქმე, რომ თუ აქამდე გასაპრანჭად შედიოდნენ ტუალეტში, ამის შემდეგ უკვე – ტუალეტში შესასვლელად გაიპრანჭებიან…

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
14 Responses
  1. თიკო says:

    ტუალეტში სურათების გადაღება ქართული “ტრენდია” :D როგორ მომწონს შენი სარკაზმი ავტორო :)

  2. true true
    it’s about me, all about me :D and I don’t mind :D

    მასეთი სარკე რომ გამოვა, გამაგებინეთ :D

  3. კუ says:

    “მალე იქამდეც მივა საქმე, რომ თუ აქამდე გასაპრანჭად შედიოდნენ ტუალეტში, ამის შემდეგ უკვე – ტუალეტში შესასვლელად გაიპრანჭებიან…” ეს ბოლო განსაკუთრებით მომეწონა.

  4. tamuna says:

    ადმინ შენი ბლოგი ძალიან მომწონს, ადრე უფრო ხშირად დებდი პოსტებს… ხშირად გაგვიხსენე

  5. ო'Donell says:

    :) წავედი სარკის წინ სურათი გადავიღო. ;) თორემ ჩამოვრჩი ზი ძერსკებს ;)

  6. სარკისტული says:

    რა საოცარი მიგნებებია, ” ია ვ შოკე”. წერის მანერა,სტილი და ა.შ. ხომ შეუდარებელია,თან კარგა ხანია ვიცი ეს,მაგრამ მაინც ვოცდები : ))

  7. gamogonilime says:

    :) ))))))))))))))))))

    ტუალეტის ფოტოები იმის ბრალი უნდ აიყოს რომ დღეს უმეტეს სახლებში სარკეს მარტო ტუალეტში თუ ნახავს კაცი :D ძველ დროს მეც რო მახსოვს, მახსვოს , სარკე შემოსასვლელშიც ეკიდათ ხოლმე:D ან “ტრილიაჟები “ქონდათ სადმე :D

  8. გიორგი says:

    არამარტო ქართველებს, ეგ მსოფლიო სენია. მადლობა ბექას :)

  9. ნატა ბუენდია says:

    საღოოოოოოოოოოოოოლ ავტორო ასეთი დებილური სტატია არასდროს წამიკითხავს.ყოჩაღ მე მეგონა მარტო მე ვამბობდი ხოლმე ასეთ სისულელეებს მაგრამ შენ მაჯობე :)

  10. [...] დასამახსოვრებელი კი doin.ge-ს სარკევ, სარკევ… იყო. იშვიათად გამოდის ვინმეს [...]

  11. mariami says:

    სულ მაინტერესებდა 2020 წელს რას იზამდა ადამიანი თავისი “დონის” წარმოსაჩენად და უცბად ეს პოსტი აღმოვაჩინე. ადამიანი ისეთია იწვალებს, იწვალებს და ყოველივე ზემოთ მოყვანილს მაინც მოიფიქრებს… iphonit xom vegar daenaxeba sazogadoebas (sircxvili iqneba ukve) :D
    araferi ar maq sawinaagmdego iphonebisa.

  12. გ. says:

    მე <3 ტუალეტიიი ))))))))

  13. marika says:

    Chemi didi simpatia avtoris ceris maneras. Kochag

Leave a Reply

Current month ye@r day *