In God we rust

"არა კაც დაარბიო"

“მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს”მათე (6:44)

მე მიყვარს ქრისტე, მაგრამ არ მიყვარს ქრისტიანები. ისინი საერთოდ არ ჰგვანან მას” – მაჰათმა განდი

იპოვეთ მაჰათმა და ჩემს სიტყვებს აღარ აზიარებთ, ხო?” – ნაწყენი მარტინ ნიმოელერი

ღმერთის სახელით, ბოლო პერიოდში, უღმერთოდ ბევრი ადამიანი აპელირებს. ლამისაა, ყოველი მეორე ქართველი ჩაერიოს მის კომპეტენციაში და თვითნებურად გადაუწყვიტოს  ღმერთს – რა უნდა, როდის უნდა, როგორ უნდა და საერთოდ როგორ უნდა იყოს მოწყობილი ეს სამყარო. ზოგი ღმერთის დაცვას ვერბალურად ცდილობს (სადაც, როგორც წესი, ვისიმე დედისადმი სექსუალური ლტოლვის გამომხატველი ბარბაროსული ზმნები სჭარბობს), ზოგი - ფიზიკურად (მუშტებით, ქვებით, ჯოხებით, სკამებით, კურთხევით, კურთხებით, ფურთხებით…), ზოგიც – ისეთი უცნაური ქმედებით, რომელიც არათუ რელიგიურ, ლექსიკურ ჩარჩოებშიც არ ჯდება ნორმალურად. მოკლედ, ამგვარი ფანატიზმის გამო, უფლობასა და უფლებას შორის ზღვარის დანახვა, ხშირად რთულია.

ასეთ დროს ადამიანები მზად არიან ღმერთის სახელით სცემონ, ღმერთის სახელით აგინონ, ღმერთის სახელით დაამტვრიონ, ღმერთის სახელით გადაუარონ და ღმერთის სახელზე ბოლოს ერთი ცხვარიც დაკლან, უღმერთოდ რომ გამოთვრნენ აქაც, იმიტომ. თუმცა, მათთან კამათს აზრი არც მაინცდამაინც სიფხიზლეში აქვს. ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როცა კამათი უფრო მეტად აბორტს გაიკეთებს, ვიდრე ჭეშმარიტებას დაბადებს.  მოდავეთა არგუმენტები ან პათეტიკურია ან ფანატიკური და ძირითადად, წმინდანი მეფეების ბრძოლის აზრში ეგზისტენციალური ჩაღრმავებით შემოიფარგლება (“თქვენ გამო იბრძოდნენ ჩვენი წმინდანი მეფეები?!”). რიგ შემთხვევებში ამ რიტორიკულ შეკითხვას თან სდევს ბედკრული საქართველოს გაქანების ბუნდოვანი ტრაექტორიისადმი წარმოთქმული წუხილი და ამავე საქართველოსადმი მიფურთხების ნერწყვითაღუწერელი სურვილი.

"ასე აგიხდეთ..."

ამგვარი კამათისას კი ძირითადად სამი ტიპის პარადოქსი იჩენს თავს:

პარადოქსი #1: “სახარება მაინც არ გაქვს წაკითხული?!” -  სახარებას ამგვარი კონტექსტით თითქმის ყველა ციტირებს, მაგრამ თითქმისვე არავინ კითხულობს. ყოველ შემთხვევაში, ვინც მისი “წაკითხულობის” დემონსტრირებას თავმომწონედ ახდენს, იმას მაინცდამაინც არ ეტყობა. სახარება არ არის ორჰან ფამუქის რომელიმე წიგნი, მხოლოდ მოდის გამო რომ წაიკითხო და არც სკკპ-ის მეჩვიდმეტე ყრილობის სტენოგრაფიაა, წაკითხვის შემდეგ არაფერი რომ არ დაგიტოვოს. ამიტომ პარადოქსია, როცა სახარების წაუკითხველობის გამო გამუნათებს ადამიანი, ვინც რამდენიმე საათის წინ მარჯვენა თუ მარცხენა ლოყებში საბათქუნოდ ხალხს დასდევდა. აი, მგლის თავზე რომ კითხულობ სახარებას – ეგ ხომ ცუდია და მგელი რომ გიკითხავს – ეგ კიდევ უფრო უარესი. მათთვის სახარება ისეთივე ხელშეუხებელია, როგორც თავად სახარების წიგნი, რომელსაც თაროებზე გამოსაჩენ ადგილზე ყოფნისას, ხელზე უფრო ხშირად მტვერი ედება.

პარადოქსი #2: “თქვენ გამო იბრძოდა დავით აღმაშენებელი?!” – დავით აღმაშენებელის ნაცვლად წუხილის გამოხატვა კიდევ ერთი ქართული სენია. მიუხედავად იმისა, რომ ამ სინანულის ავტორმა შესაძლოა არც აღმაშენებლის მეფობის საუკუნე იცოდეს, არც მისი რეფორმები, არც მიღწევები და საერთოდ არც არაფერი, დიდგორის ბრძოლის გარდა – წმინდანი მეფის სახელით ვისიმე გაკიცხვა, მაინც პოპულარულია. ამ წუხილს თან სდევს ის პათოსიც, რომ ქართველობა უეჭველად გულისხმობს ქრისტიანობას, რასაც დროდადრო მოსდევს ამ ჰიპოთეზის მეტად უცნაური გადამოწმება: “რა იყო, ქრისტიანები არ ხართ, თქვენი დედა…”.

გინება გემოვნებით.

"In God we (t)rust"

პარადოქსი #3: “ჩვენ ქრისტიანები ვართ” – მაჰათმა განდის პოპულარული სიტყვები საუკეთესოდ ასახავს დღევანდელ სიტუაციას. სიტუაციას სადაც ხალხი მღვდლისგან შენდობის ნაცვლად უკვე დანდობას ითხოვს, სადაც მღვდელი წირვაზე “არა კაც ჰკლას” ქადაგებს და აქციაზე – “დაგხოცავთ თქვენი…”-ს, სადაც მტრობა სიყვარულის არქიტექტურულ უნარებს დასაბამშივე ახშობს, სადაც ადამიანებს უყვართ “მოყვასი თვისი, ვითარცა მტერი თვისი” და შესაბამისად მოყვასსაც მტრულად ექცევიან, სადაც სკამს დასარტყამად იყენებენ და თავზე – სხდებიან,  სადაც განსხვავებული ორიენტაციის გამო – თავს გიტეხავენ და განსხვავებული აზრის გამო – სახელს, სადაც სასულიერო პირები მრევლთან ერთად იბრძვიან და სადაც, ქრისტიანობის დასაცავად გამართულ აქციაზე ყველაფერი ჩანს, ქრისტეს სიყვარულის გარდა.

რა თქმა უნდა, არც ის პოზიციაა სწორი, სასულიერო პირების ნაწილის არასათანადო ქცევა მთლიანად ეკლესიაზე რომ განაზოგადო და არც ის, რამდენიმე ათასი “თავისებურად მორწმუნის” არაკორდინირებული თუ არა-კორდონი-რებული ქმედებების გამო, ყველა მორწმუნეზე ცუდი თქვა. თუმცა, ფაქტია, რომ როდესაც ასეთი მასობრივი აგრესია ჩანს სასულიერო პირებისა და მრევლის მხრიდან, პირველ რიგში, ამით ისევ ეკლესია ზარალდება. ასეთი ფანატიზმის დროს კი უკვე ბაუნტის გარეშეც ადვილია მიხვდე სად მთავრდება მართლმადიდებლობა და იწყება წარმართმადიდებლობა. შესაბამისად, სანამ ქვეყანაში განათლების სათანადო დონე არ იქნება (როგორც საერო, ასევე სასულიერო კუთხით), მეტი არაა “მტერი ჩემი” (და მოყვასიც), რომ ამ კუთხით რამე გვეშველოს.

"...რამეთუ არ იციან, რას სჩადიან"

p.s: რაც ყველაზე პარადოქსულია – ადამიანი, ვისზეც მთელი რელიგია დგას, ჯვარზე სწორედ განსხვავებული იდეებისა და მოძღვრების გამო გააკრეს. თუმცა, ღმერთმა იცის, იქნებ ერთ დღეს ისეც მოხდეს, რომ ქრისტეს სისხლთან და ხორცთან ერთად როგორმე მის ფილოსოფიასაც ვეზიაროთ

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
10 Responses
  1. snitch says:

    сколько лет, сколько зим… :)

    მეც დავწერ ჩემს აზრს…
    რა თქმა უნდა მიუღებელია, როდესაც სასულიერო პირების ასეთ საქციელს ხედავ, რა თქმა უნდა საზიზღრობაა როცა მღვდელი სკამით დადის და მეორე ავტობუსიდან უდანაშაულო მძღოლის გადმოთრევას ცდილობს, რა თქმა უნდა საზიზღრობაა როცა (წოდება არ მახსოვს ზუსტად უკაცრავად ამისათვის) ფაქტიურად “პატრიარქის პირველი მოადგილე” პირდაპირ ეთერში გამოდის საკურთხეველთან დგას და განიკითხავს, ემუქრება, იგინება და მაინც ქადაგებად ითვლება, მაგრამ… აბსოლუტურა არანაირი სურვილი არ მაქვს საქართველოში ვითომ ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქცია გაიმართოს რომელიც ფაქტიურად ცისარტყელა აღლუმისათვის საზოგადოებაზე კბილის მოსინჯვაა ან რაც მე უფრო მგონია ყოფილი მთავრობის დაგეგმილი ახალი სალაპარაკო თემა.

    რა აუცილებელია ლგბტ (ლეზბოსელები გეები ბისექსუალები და ტრანსსექსუალები) თავისი თავის აფიშირებასა თუ უფლებების დაცვას ახდენდეს?

    უბრალოდ არანაირი სურვილი არ მაქვს რო საქართველოში ისეთივე ხდებოდეს რაც თუნდაც სკანდინავიის ქვეყნებშია…

    აი უბრალოდ ნახე რამდენიმე წუთიანი რეპორტაჟია…

    https://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=HDuD-WEGqdI

    დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ეს ამ ასწლეულში არ მოხდება და ეს ზზუსტად იმის დამსახურებაა რაც 17ში მოხდა

    რაც იმ დღეს მოხდა ძალიან რთული საყურებელი იყო და ძალიან უსიამოვნო მაგრამ მაინც ვთვლი, რომ სწორი იყო და მაგალითად წაადგებათ

    პ.ს. ძალიან გამიხარდა ახალი სტატია :)
    წელცომე ბაცკ მჩხაპნელო :)

    • Fei Bukowski says:

      აბსოლუტურად გეთანხმებით, ვფიქრობ არც აქ და არც არსად მსოფლიოში ასეთი “იდენტურობის ხაზგასასმელი დემონსტრაციები” არაა საჭირო ისინიც ხომ ჩვენნაირი უბრალო ადამიანები არიან და ასეთი ქცევით ფაქტობრივად აღიარებენ განსხვავებულობას ანუ იმას რასაც ებრძვიან.
      ვიდეო ვნახე და რაც სკანდინავიაში ხდება არათუ გენდერული სტერეოტიპებისგან ათავისუფლებს ადამიანებს მგონი ცნობიერებას უნგრევს ღმერთმა იცის ეგ თაობა რა შედეგებამდე მივა.

  2. Agasfer says:

    ვფხავი :) ))))))))

  3. ნანუკა says:

    ძალიან გამიხარდა შენი ახალი პოსტი:)
    როგორც ყოველთვის, ძალიან კარგი იყო.

  4. როგორც ჩემმა ბრძენმა მეგობარმა თქვა “ქრისტე მეორედ რომ მოვიდეს მეორეჯერაც ჯვარს ვაცვამთო”

  5. ირაკლი says:

    მეგობარო – მაგარი ხარ! მაგრამ კარგი მთქმელი კარგი გამგონის გარეშე..

  6. PXAKO says:

    გიყვარდეთ მტერნი თქვენნი და არა მტერი უფლისა… ;)

  7. რეზო says:

    მინდა ჩემი აზრი გამოვხატო…. შენც იგივეს აკეთებ ანუ საქართველოში ყველა ყველას ჰკიცხავს და მის უარყოფითს მხარეს აჩენს იმიტომ რომ ეს ადამიანის ბუნებაა… მღვდელიც ჩვეულებრიი ადამიანია და ის შენგან არ განსხვავდება… როცა იგი კარგს აკეთებს ამას არავინ ხედავს ცუდზე ვყივირივართ მაშინ როცა ჩვენი კარგის თქმა არ შეგვიძლია მხოლოდ კომენტარებს ვუკეთებთ… და საერთოდ ქართველია ასეთი მეც ასეთი ვარ და ყველა ასეთია… პოსტი საინტერესო იყო და ბლოგიც საკმაოდ მომწონს….

  8. დათა says:

    “სანამ ქვეყანაში განათლების სათანადო დონე არ იქნება (როგორც საერო, ასევე სასულიერო კუთხით), მეტი არაა “მტერი ჩემი” (და მოყვასიც), რომ ამ კუთხით რამე გვეშველოს”.
    უნივერსალურია ბევრ რამეზე გადის.

    მადლობა ამის მთქმელს და ამის ამღიარებელს.
    გაიხარე სიმართლის მთქმელო (Y)

Leave a Reply

Current month ye@r day *