C’est La Vie

- მონადირეები თუ არიან იმ პლანეტაზე?
- არა
- ქათმები?
- არც ქათმები
- არაფერია სრულყოფილი – ამოიოხრა მელამ

არაფერია სამყაროში სრულყოფილი. მათ შორის, არც თავად სამყარო. ჯერ ერთი იმიტომ, რომ სრულყოფილება ერთობ სუბიექტური ცნებაა და მეორეც იმიტომ, რომ ამ სამყაროში ბუზი არსებობს.

თუმცა, თუკი ფართომასშტაბურ ამბიციებს შევეშვებით და სამყაროს გვერდზე გავწევთ, სრულყოფილებაზე პრეტენზია არც მაინცდამაინც საქართველოში უნდა გვქონდეს. სულ მინიმუმ იქამდე, სანამ ეს ცხრა პუნქტი ჯერ კიდევ აქტუალურია:

1. “შეყვარებულის (ან მასთან დაახლოებული პირის) უმოწყალო ამოიღლიავება” - როდესაც ხედავ ქუჩაში მომავალ შეყვარებულ წყვილს, სადაც გოგოს ბიჭის მკლავის მძლავრი დაწოლისგან კისერი 70 გრადუსით აქვს გადახრილი (გადატეხვის პერსპექტივით), ხელქვეშ თმა აქვს მოყოლილი და ალბათ, ნერწყვს მხოლოდ იშვიათი გამართლების შემთხვევაში ყლაპავს, რთულია სიყვარულის ჰაეროვნებაზე, სინაზესა და აღმატებულობაზე გავრცელებული შეხედულებები დაიჯერო.

2. ფრაზა: “ერთი ღერი სიგარეტი ხო არ გაქვს, ძმა?” - ლატენტური ყაჩაღობა, რომლის ჩამდენიც მიიჩნევს, რომ სიგარეტი კოლექტიური მოხმარების საგანია და მისი ადგილი კოლოფში კი არა, მისივე მარჯვენა ყურის ხრტილზე უნდა იყოს. ამავდროულად სიგარეტის მთხოვნელი მწეველის მზერაც ისეთი მწველია, რომ ერთი პირობა უსიგარეტობის გამო სინდისი გქენჯნის და “ორშაბათიდან მოწევის დაწყებასაც გეგმავ”… სანამ არ გაგახსენდება, რომ ბოლო დროს მწეველები სიგარეტს უკვე მისივე ფასიდან უკიდებენ.

“ერთი თავი აქლემი ხომ არ გაქვს, ძმა?”

3. “საზმაუ” - საზოგადოებრივი მაუწყებელი ეგზისტენციალური ფილოსოფიის ქრესტომათიული მაგალითია – “ვერ ხვდები რატომ არსებობს სამყაროში”. ტელევიზიას ჰყავს უამრავი მეთვალყურე, რაღაცების თავმჯდომარე, სამეურვეო საბჭოს წევრი, არამკითხე მოამბე, მკითხე მოამბეც, სასარგებლო თუ უსარგებლო თანამშრომელი, რაც მთავარია აქვს ფული – მაგრამ, ერთადერთი რაც იქ წლების განმავლობაში იცვლება მარტო ლოგოა (და ხანდახან დირექტორიც).

4. ეკლესიით მანიპულირება - პოლიტიკოსებისათვის ღმერთი განსაკუთრებით აქტუალური წინასაარჩევნოდ ხდება. კანდიდატები მუდამ ცდილობენ, რომ ჯერ ოპერატორებთან ერთად დაესწრონ წირვას და მერე იგივე წირვა ხალხსაც გამოუყვანონ. ზოგი – ერთსქესიან ქორწინებას ებრძვის, ზოგი – მეორედ მოსვლას, ზოგი ოფისს აკურთხებს და ზოგსაც უბრალოდ – რომ არ აკურთხონ, იმიტომ. მოკლედ, ”არავინ აღანთის სანთელი და დადგის ფარულად, გინა ჴჳმირსა ქუეშე, არამედ კამერასა წინა დადგიან, რაჲთა დაინახოს ყოველმან…”

5. “ააჰაააჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰა” - თავისთავად სიცილის ამგვარ გამოხატულებაში უცნაური არაფერია, მაგრამ თუკი დაფიქრდები და წარმოიდგენ, რომ ამის დამწერი ადამიანი (განსაკუთრებით გოგო) სიცილისას ამგვარ ბგერებს გამოსცემს, წამიერად დალოცავ იმ შორისმჭვრეტელ ადამიანს, ვინც ერთ ბედნიერ დღეს სმაილები გამოიგონა.

aaahahahhahaha

6. “ქსენოფილია” - უცხოელი მსახიობებისა თუ ამ ტიპის პირთა ფოტოსურათების ხშირი ცვლა და მათი თვითნებური დასაკუთრების მცდელობა (“ჩემიიიიიიიი :X :x”, “ჩემი ბიჭია ეს”). სენი გავრცელებულია, ძირითადად, ტინეიჯერებში.

7. “ზარი სპექტაკლებსა და კინოებში” – მიუხედავად იმისა, რომ სეანსის დაწყებამდე ლამის მთელი დირექცია გამოდის და “მობილურების გამორთვის თხოვნით” სცენაზე იჩოქებს – დარბაზში მაინც აღმოჩნდება ხოლმე მინიმუმ ერთი ადამიანი, რომელსაც მტკიცედ სწამს, რომ მას არავინ არ დაურეკავს. არადა, როგორი მოსასმენია დაძაბულ ან ემოციურ მომენტში ნოკიას ლეგენდარული ზარი: ნანანანაა, ნანანანა, ნანა ნანა ნაააა…

8. “ჩემი ლამაზის”-ს არარელევანტური გამოყენება – განსაკუთრებით მაშინ, თუ კომპლიმენტის ადრესატი სურათზე გადღაბნილია, მთვრალია, თავის თავს არ ჰგავს, მარტო სახის მარჯვენა მხარე უჩანს, ძალიან შორს არის, სამოცდაათკაციან დელეგაციასთან ერთად დგას, ახალგაღვიძებულია, კატას ჰკოცნის და მრავალი მსგავსი. ამ ტიპის კომენტარის ავტორებს შორის გამოირჩევიან უახლოესი დაქალები და მდედრობითი სქესის ნათესავები.

“Chemi lamazi xar sheeeen”

9. “სხვის საქმეში ცხვირის ფათური” - რის შესანიშნავ დემონსტრირებასაც ახდენს ამ პოსტის პირველი რვა პუნქტი. აი, რა ჩემი საქმეა.

რა თქმა უნდა, ეს არც ყველაზე ოპტიმალური სიაა, არც ყველაზე სრული და არც ყველაზე გამორჩეული, იმიტომ რომ როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამყაროში სრულყოფილი არაფერია. მათ შორის, არც თავად სამყარო…

…და არც ეს პოსტი, რა თქმა უნდა.

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
9 Responses
  1. ზიჩი says:

    aaand mchxapneli strikes again <3

  2. salolas says:

    მგონი საუკუნეა აქ არ ვყოფილვარ :)

  3. კაკო says:

    და ალბათ, ნერწყვს მხოლოდ იშვიათი გამართლების შემთხვევაში ყლაპავს
    :D :D:D:D აჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰა :D DD კარგად გამეცინა.

  4. თამუნია says:

    ააჰაააჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰა

  5. ბექა says:

    საღოლ, მაგარი საიტია ძაან <3

  6. snitch says:

    მე ჯერ კიდევ ლამის ყოველდღე შემოვდივარ რომ იქნებ რამე ახალი ვნახო. სულ ცოტა აკლია სრულყოფილებას :)

  7. anana says:

    :) ))”აჰაააჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰა” – თავისთავად სიცილის ამგვარ გამოხატულებაში უცნაური არაფერია, მაგრამ თუკი დაფიქრდები და წარმოიდგენ, რომ ამის დამწერი ადამიანი (განსაკუთრებით გოგო) სიცილისას ამგვარ ბგერებს გამოსცემს, წამიერად დალოცავ იმ შორისმჭვრეტელ ადამიანს, ვინც ერთ ბედნიერ დღეს სმაილები გამოიგონა.” gadasarevia

  8. მარიტა says:

    “ჩემი ლამაზის”-ს არარელევანტური გამოყენება – განსაკუთრებით მაშინ, თუ კომპლიმენტის ადრესატი სურათზე გადღაბნილია, მთვრალია, თავის თავს არ ჰგავს, მარტო სახის მარჯვენა მხარე უჩანს, ძალიან შორს არის, სამოცდაათკაციან დელეგაციასთან ერთად დგას, ახალგაღვიძებულია, კატას ჰკოცნის და მრავალი მსგავსი. ამ ტიპის კომენტარის ავტორებს შორის გამოირჩევიან უახლოესი დაქალები და მდედრობითი სქესის ნათესავები. – შესანიშნავად ჩამოაყალიბე

Leave a Reply

Current month ye@r day *