ინი, იანი და ლუი ვიუტონის ვარდისფერი ჩანთა

ნოველა – ექსპერიმენტი, შექმნილი სამ საათში და პარალელურ რეჟიმში – ჩემი (იანი) და სალი ბაქრაძის (ინი) მიერ.

I

იანი

დიდი წუნია ვინმე ვარ. არაფერი მომწონს დედამიწის ზურგზე. მათ შორის – არც ეს გამოთქმა „დედამიწის ზურგზე“ არ მომწონს. არ მომწონს უზარმაზარი ბიჭი გოგოს პაწაწინა ჩანთას რომ დააპორწიალებს, არ მომწონს რაღაც-რაღაც გადაცემების ყურების აღიარება რომ რცხვენიათ და გვერდითა ოთახიდან გამომავალ ხმას ან ბებიის ცნობისმოყვარეობას აბრალებენ, არ მომწონს მეტროში ფეხსაცმელზე რომ გაშტერდებიან, ფეისბუქის „მომწონს“ ღილაკიც არ მომწონს და საერთოდ, ამდენი რამე რომ არ მომწონს, ეგეც არ მომწონს.

ისე, მოწონებით ჩემი ცხოვრებაც არ მომწონს. დუნეა. რუტინული. აი, შუქნიშანთან მდგარი მანქანის მოუსვენარი მძღოლი, ნახევარი მეტრის წინსვლით მოძრაობის ილუზიას რომ იქმნის – რაღაც ისე.

შესაბამისად, ჩემი ცხოვრებაც მდორედ და რუტინულად მიედინება. უფრო სწორად, მიედინებოდა დღევანდელ დღემდე და ალბათ, ასევე გააგრძელებდა კიდეც, დილით მაღვიძარას ჩვეულ დროს რომ დაერეკა და ავტობუსზე არ დამეგვიანა…

II

ინი

მე მგონი, ქერა ვარ. არა, “მე მგონი” კი არა, ძალიან ქერა ვარ. ქერა, ანუ კლასიკურ-სექსისტური გაგებით – შტერი. მართალია, სექსიზმის ყველანაირ გამოვლინებაზე უარყოფითი რეაქცია მაქვს ხოლმე, მაგრამ არც ის ვიცი  ერთი სიტყვით ჩემი თავი სხვანაირად როგორ აღვწერო. შტერი კი იმიტომ ვარ, რომ ყველა და ყველაფერი მიყვარს… თითქმის. კიდევ კარგი, რომ ეს „თითქმის“ არსებობს, თორემ 25 წლის ასაკში ინფარქტით, ან სისხლის ჩაქცევით სიკვდილი ნამდვილად არ ამცდებოდა. სიკვდილის ეს ფორმები კი იმიტომ ავირჩიე, რომ დიდი ალბათობით ვინმეზე, ან რამეზე დარდი გადამიყოლებს. ასეა – მივეჩვევი, შემიყვარდება და მერე ბაც, ბაც და ჰოპ, აღმოვაჩენ, რომ სულ სხვა, ჩემ მიერ შექმნილი და პოპულაციიდან შემთხვევითად შერჩეულ ადამიანზე გადატანილი გმირი შემყვარებია. კი იტყვით – რა ჯობია ასე ცხოვრებასო, მაგრამ არა – მაღაზიის გამყიდველით დაწყებული, საყვარელი ლექტორით გაგრძელებული  და უახლოესი მეგობრით დამთავრებული, ყველა რომ იმედს გიცრუებს, ძნელია.

ამას ვფიქრობდი იქამდე, სანამ გაყვითლებულ ფოთლებზე, ასფალტზე ეულად დაგდებულ ყვავილსა და განათების ბოძზე რომანტიკულად მოფრიალე პარკზე შეყვარებულმა ჩემს თავს კიდევ ერთხელ არ შევახსენე  – „არ შეიძლება ასე გაგრძელება, ინ“  და  ავტობუსში  ავედი.

ისე, უცნაური სახელი კი მქვია – ინი.

III

იანი

ავტობუსები არ მომწონს, ტაქსის ფული რომ არ მაქვს – ეგ კიდევ უფრო და რომ მაგვიანდება – ეგ ხომ საერთოდ. არადა „მაღვიძარამ არ დარეკას“ თქმას ისევ ტყუილი მოიგონო, ის სჯობს. ადამიანები ხომ ტყუილს უფრო ადვილად იჯერებენ, ვიდრე სიმართლეს. ყოველ შემთხვევაში, ის რომ ვთქვა, ბანკიდან ფული გამომქონდა, ამ დროს მძარცველი შემოვარდა, მძევლად ამიყვანა და სანამ სასურველ თანხას მიიღებდა, ავტობუსმაც გამასწრო – მეთქი, მაგას უფრო დამიჯერებენ, ვიდრე იმას, რომ ტაქსის ფული არ მქონდა ან რომ ქალაქი, სადღესასწაულო მაგიდის მსგავსად, საცობებით იყო სავსე.

სანამ ავტობუსი მოვა ორი რამით გაკვირვებას მაინც ვასწრებ. პირველი ის მიკვირს, რომ ჩიტზე მეტი პარკი დაფრინავს გარშემო და მეორე ის მიკვირს, ეს რატომ მიკვირს – ადამიანებს ხომ იშვიათად უყვარდებათ პარკები იმდენად, რომ გამოყენების შემდეგ მისი გადაგდება არ დაენანოთ…

…ავტობუსი ისეა სავსე, თავმოყვარე ნემსი ჩავარდნას არ იკადრებს შიგ. მაგრამ ჩემთვის, ისევე როგორც დასაქმებულთა დიდი ნაწილისათვის, სამსახური თავმოყვარეობაზე მაღლა დგას. მინიმუმ იმიტომ, რომ ხანგრძლივი უსამსახურობა – პრობლემები, დეპრესია და თვითმკვლელობაზე ფიქრია. მე კიდევ ვამჯობინებ ცალი ფეხით სამარის ნაცვლად ავტობუსში ვიდგე და თვითშთაგონების ძალით ვსუნთქავდე. მით უფრო რომ არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, ვიდრე ის, რომ უყურებდე როგორ იცლება ნელ-ნელა ავტობუსი, როგორ ჩნდება ნელ-ნელა თავისუფალი სკამები, როგორ შემოდის ნელ-ნელა ჟანგბადი ფილტვებში, როგორ დევს უპატრონო ჩანთა ერთ-ერთ თავისუფალ სკამზე… და სტოპ…

 

ასეთ დროს პირველი რაც გახსენდება არის ბომბი, მერე წარმოიდგენ, როგორ ფეთქდება ეს ბომბი და როგორ ერწყმი ავტობუსთან ერთად მარადისობას. თუმცა, როდესაც ხვდები, რომ სიმცირის გამო, ამ ჩანთაში ბომბი კი არა, ახალშობილი კენგურუც ვერ ჩაეტევა (და მით უფრო, არავინ ჩადებს ბომბს „ლუი ვიუტონის“ ვარდისფერ ჩანთაში), აცნობიერებ, რომ ამ ჩანთის პატრონი ახლა სავარაუდოდ საკუთარ უგერგილობას წყევლის და მთელი გულით უნდა, ადამიანების პატიოსნების სჯეროდეს.

მეც ვიღებ ჩანთას, მერე ვიღებ ჩანთიდან ბლოკნოტს და ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ დამსახურებული მადლობაც მივიღო. არადა, არ მომწონს ბიჭები გოგოების პატარა ჩანთებს რომ დააპორწიალებენ. ვარდისფერს, მით უმეტეს. თუმცა, რომ არ დავაბრუნო, ამის პატრონმა რა ქნას მერე. მერე რა რომ ამ ჩანთაში მხოლოდ ბლოკნოტი დევს, რომელსაც მხოლოდ სახელი აწერია და რომელშიც მხოლოდ ერთი ჩანაწერია:

„04.11: აკა მორჩილაძე. 22:00 – დუბლინი; 22:30 – გლაზგო; B 612” 

 მოდი და შერლოკ ჰოლმსი ან ამელი თუ არ ხარ, ამ ჩანაწერით ვინმეს მოძებნა გადაწყვიტე.

ისე, უცნაური სახელი კი ჰქვია…

ინი.

IV

ინი

ჩემი შეგნებული ცხოვრების 1/3 საკუთარ უგერგილობას ვწყევლი. არ შეიძლება ადამიანი ასეთი მოუხერხებელი და გულმავიწყი იყო. ვერაფერს პოულობდე, ყველაფერი სადმე გრჩებოდეს, სასურველ გაჩერებას ცდებოდე, სადარბაზოები და სართულები გერეოდეს და ასე დაუსრულებლად. ჩემი დაბნეულობის გამო საუკეთესო მეგობარი სამი წელია მიმტკიცებს შეყვარებული ხარო. თავიდან გულმოდგინედ ცდილობდა, მიმხვდარიყო – ვინ მიყვარდა. რომ ვერ დაადგინა, გადაწყვიტა ნარცისობა დაებრალებინა და იქიდან მოყოლებული, სულ მიმეორებს, საკუთარ თავზე ხარ შეყვარებულიო.  ესეც რომ უარვყავი, მერე უკვე არჩევანის წინაშე დამაყენა ან დებილი ხარ, ან შეყვარებულიო. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული მეორე ვარიანტს ავირჩევდი. მანამდე კი საკუთარ დაბნეულობას ვერაფერი რომ ვერ მოვუხერხე – ბლოკნოტი ვიყიდე, სადაც ყველაფერ იმას ვიწერდი, რაც დიდი ალბათობით დამავიწყდებოდა. მართალია, ზოგჯერ ჩაწერაც მავიწყდებოდა, მაგრამ ცოტას მაინც მშველოდა.

ჰოდა, ეს ყველაფერი იმას მოვაყოლე, რომ ზემოხსენებულ ავტობუსში დედაჩემის ნაჩუქარი  ჩანთა დამრჩა. ჩანთის დაკარგვა გამიხარდებოდა კიდეც, რადგან ჯერ ისედაც ვერ ვიტან ვარდისფერს და ეს ლუი ვიუტონის ჭრელი ემბლემები ხომ საერთოდ ნერვებს მიშლიდა. ანუ, ეს ჩანთა იმ „თითქმისების“ კატეგორიაში შედიოდა, ჩემი სიცოცხლის ხანგრძლივობას რომ განსაზღვრავდა.  უბრალოდ   მასში მედო ის ბლოკნოტი, სადაც საჭირო ინფორმაცია მეწერა. ინფორმაციის გარდა – იმ მოვლენების აღმნიშვნელი ფრაზები, რომლებიც არ უნდა დამვიწყებოდა.

„04.11: აკა მორჩილაძე…” და რაღაც ეგეთები, მაგალითად.

წარმოდგენა არ მქონდა როგორ მეპოვა. არც იმის იმედი – ვინც იპოვიდა, დამიბრუნებდა. ან როგორ უნდა დაებრუნებინა, ისეთი კალიგრაფია მაქვს, მხოლოდ ჩემს სახელს თუ გაარკვევდა პირველ გვერდზე. არა, სახელი კი მაქვს ისეთი უცნაური, ადვილად რომ მიპოვიდა ადამიანი, მაგრამ  არც იმის დიდი მოლოდინი მქონია, რომ მპოვნელი ამელი იქნებოდა და ჩემს მოძებნაზე იზრუნებდა. მოკლედ, ნერვები მომეშალა, ტრადიციულად ჩემი უგერგილობა დავწყევლე და შუბლშეკრული შევედი – “Café Montmartre”-ში. უცებ წარმოვიდგინე  ვინმე ბიჭს რომ ჩემთვის ვარდისფერი ჩანთით მოეკითხა და სიცილი ამიტყდა.

 ”–აუჰ, ბლოკნოტთან ერთად, მგონი, ის უცნაური ქანდაკება დევს ჩანთაში” – კიდევ ერთხელ წარმოვიდგინე მპოვნელის სახე მისი დანახვისას და კვლავ გამეცინა.

საკუთარ თავზე ხარ შეყვარებულიო  – ვიქნები, რატომაც არა.

V

იანი

ორი რამ მომწონს ცხოვრებაში: ადამიანები, რომლებსაც რებუსები ძალიან მოსწონთ და ამელი. პრინციპში ერთი მეორეს არ გამორიცხავს, მაგრამ ის ფაქტიც მომწონს – ორი რამ რომ მომწონს. ესე იგი, სამი რამ მომწონებია… მოკლედ, როგორც არის.

მართალია, ცხოვრება ფილმი არ არის, მაგრამ ცხოვრებაში ერთხელ ყველას აქვს შანსი ის ფილმად აქციოს. ამელიზე გამახსენდა ეს. ინიზე, უფრო სწორად. კიდევ უფრო ზუსტად თუ ვიტყვით – მისი ბლოკნოტის ჩანაწერზე.

რებუსი რებუსად დიდი არაფერი. უფრო იმას ჰგავს, მახსოვრობას და დედას რომ არ ენდობი და ისე წერ სასურველ ინფორმაციას, არც შენ რომ არ დაგავიწყდეს და არც დედამ რომ არ წაიკითხოს. ნებისმიერი ამოხსნის, ვისაც კითხვა და ლუდის სმა უყვარს. კიდევ ჩინური მასაჟები, იმიტომ რომ აკა მორჩილაძე სინამდვილეში გიორგი ახვლედიანია და „გლაზგო-დუბლინი“ ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე პაბები. ბრიტანეთის თბილისური მინი-მოდელი.

სრულიად საკმარისია – მიხვიდე დუბლინში ათ საათზე, ააფრიალო ვარდისფერი ჩანთა, იკითხო ინი (მე თქვენ გეტყვით და ეგეც „ნინი“-ვით ყოველ მეორე გოგოს ქვია) და პრობლემა გადაჭრილია, მაგრამ მე არ მომწონს მარტივად გახსნილი კვანძები (ალექსანდრე მაკედონელისა და გორდიასის კვანძის ამბავიც მაგიტომ არ მომწონს), ამიტომ მე არ მივალ არც დუბლინში და არც გლაზგოში… უფრო სწორად უფრო ადრე მივალ და მხოლოდ ბლოკნოტს დავტოვებ – ახალი ჩანაწერით:

„04.11. 23:00. პარიზი – ხელოვანთა ქუჩა“

მერე დავიცდი კაფე “მონმარტში”, სანამ ინი მოვა – თავისი ვარდისფერი „ლუი ვიუტონის“ ჩანთის წასაღებად და ვინ იცის, იქნებ შემდეგი თავი უკვე ასეთი ფრაზით დავიწყო:

„სამი რამ მომწონს ცხოვრებაში. უფრო სწორად ორი რამ და…“

VI

ინი

„–რას აკეთებ აქ?

 - ვსვამ, – პირქუშად მიუგო ლოთმა.

- რატომ სვამ?

- რომ დავივიწყო.

- რა უნდა დაივიწყო

დავივიწყო, რომ მრცხვენია.

- რისი გრცხვენია

- მრცხვენია, რომ ვსვამ!.. – დაასრულა საუბარი ლოთმა და დადუმდა. პატარა უფლისწული დაიბნა.“

რა ჩემსავით ყოფილა ეს ლოთი. არა, მე დასავიწყებლად არ ვსვამ, არც იმისთვის რომ მრცხვენია – დაბნეულობას ვგულისხმობ. სმით კი ყოველ შაბათს ვსვამ. უცნაურ ვინმეებს ვადღეგრძელებ ხოლმე. მაგალითად:  ქალს, რომელმაც ჰარი პოტერს დედობრივი სითბო აჩუქა – მოლი უისლის. კარნას – კარის ანჯამების ქალღმერთს რომაულ მითოლოგიაში. გოგონას, რომელსაც უყვარს ლობიოს პარკში ხელის ჩაყოფა – ამელის.  ორ დაკარგულ სულს, რომელიც აკვარიუმში დაცურავს და ა.შ.

 

იმ საღამოს კი, როცა კაფე “მონმარტში” შევედი ისეთ ცუდ ხასიათზე ვიყავი, ბავშვების მჭამელი კრონოსის გარდა არავისზე მეფიქრებოდა.

VI

იანი

სავსებით კანონზომიერია, რომ შემთხვევითობა არსებობს. ყოველ შემთხვევაში, როდესაც მე კაფე „მონმარტში“ შევდიოდი, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ინი უკვე იქ დამხვდებოდა.

დამხვდებოდა, იმიტომ რომ არც “დუბლინში” და არც “გლაზგოში” არ ყოფილა. არ ყოფილა იმიტომ, რომ ბლოკნოტი დაკარგა და აღარ ახსოვდა, რომ ამ ორ პაბში ორი შეხვედრა ჰქონდა დანიშნული. ორი შეხვედრა ჰქონდა დანიშნული იმიტომ რომ ყველა უყვარდებოდა, მაგრამ ყველა მალევე უცრუებდა იმედს (რადგან „პოპულაციიდან შემთხვევით ადამიანზე გადატანილი ის გმირი არ აღმოჩნდებოდა“), B612 ეწერა იმიტომ, რომ ერთს ანტუანი ერქვა და მეორეს ჰარი („ერთზე – ეგზიუპერის და მეორეზე – პატარა პრინცის მეტი აბა რა უნდა გამხსენებოდაო“)…

ჰოდა, შემთხვევითობაა – აბა რა არის, როცა ორი ადამიანი ირჩევს ერთ კაფეს ისე, რომ არც ერთს წარმოდგენა არ აქვს მეორის განზრახვის შესახებ. ეგეც შენი „23:00 – პარიზი. ხელოვანთა ქუჩა“ და რთულად გახსნილი კვანძი.

ვსხედვართ ახლა ასე. ის დაბნეული და წითელი, მე – დაბნეული და ფერმიხდილი, ჩანთა – ლუი ვიუტონის და ვარდისფერი. მე ვუთხარი, რომ „არაფერი მომწონს დედამიწის ზურგზე. მათ შორის – არც ის მომწონს, რომ არაფერი მომწონს”. მან მითხრა, რომ „ყველა და ყველაფერი უყვარს, თითქმის და კიდევ კარგი ეს „თითქმის“ არსებობს, თორემ 25 წლის ასაკში ინფარქტით სიკვდილი არ ასცდებოდა“. მოკლედ, რაღაცნაირად ურთიერთსაპირისპიროები ვართ და თან ერთნაირები. ინი და იანი.

მერე ინი იცინის, რომ, როგორც ჩანს, “ის ქანდაკება” ვიღაცამ აიღო ჩემამდე. მეგობარმა ჩამომიტანა საზღვარგარეთიდან – მაცივარზე დასაკრავი რაღაც (რაობა არაფრით არ დაასახელა) იყო, მაგრამ ოქროსას ჰგავდაო. მე კიდევ მიკვირს, ქანდაკება რომ წაიღო იმ ვიღაცამ და საგანძური დატოვა. საგანძური რა – ბლოკნოტი, რომელიც ინიმდე მიგიყვანს.

ვსხედვართ ახლა ისევ. ის – ოპტიმისტი და მხიარული, მე – სკეპტიკოსი და მაინც მხიარული, ჩანთა – ლუი ვიუტონის და ვარდისფერი. ინი მეუბნება – ერთ ლიტერატურულ პერსონაჟს გამსგავსებო და ბლოკნოტში ახალი ჩანაწერი ჩნდება:

„5.11 – ჩვენი არსობის ჩვენი არსობისა – 22:00 – გაზრდილი მეფე მათიუში“

 …რაც ნიშნავს, რომ ხვალ მე და ინი „პურპურში“ შევხვდებით ერთმანეთს. ახლა იანი ხარ, შეიძლება მერე იანუშიც გახდეო – მეუბნება.

 მერე იღებს ჩანთას – „დედაჩემს გაუხარდება, რომ ვიპოვეო“ და მიდის.

***

ხუთი წუთის მერე ვხვდები, რომ სახლში მისული ინი საკუთარ უგერგილობას დაწყევლის, იმიტომ რომ “არ შეიძლება ადამიანს ყველაფერი სადმე გრჩებოდეს”. ყველაფერი რა – ბლოკნოტი, სადაც ხვალინდელი შეხვედრაა ჩანიშნული და რომელიც გაღვიძების შემდეგ უბლოკნოტოდ აღარ გემახსოვრება.

მაგრამ მე არ გავრბივარ გარეთ თავქუდმოგლეჯილი,  ინის ბლოკნოტი რომ დავუბრუნო. იმიტომ რომ მე არ მომწონს მარტივად გახსნილი კვანძები და მჯერა, რომ “სავსებით კანონზომიერია შემთხვევითობის არსებობა”.

რაც მთავარია, მე მომწონს ამელი და ამელი კიდევ მაშინ არის საინტერესო, როცა „ცხოვრებაში სასწაულების ყოველდღე გჯერა“.

არ ვიცი არსებობს თუ არა სასწაულები ოცდამეერთე საუკუნეში, მაგრამ ერთი რამ კი ზუსტად ვიცი:

დღეს ღამით მაღვიძარას ჩვეულ დროზე აღარ დავაყენებ…

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
11 Responses
  1. ინი says:

    პირველი ვარ :D

    • მჩხაპნელი says:

      პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო “ინი” :)

  2. salolas says:

    ^_^ “..ამელი კიდევ მაშინ არის საინტერესო, როცა „ცხოვრებაში სასწაულების ყოველდღე გჯერა“.

    აი ზუსტად ამ წინადადებას ვეტყვი ხოლმე ადამიანებს, რომლებსაც არ ესმით რატომ მიყვარს ამელი :)

    • მჩხაპნელი says:

      ისეთი ადამიანებიც არსებობენ, ვისაც ამელი ბოლომდე ნანახი აქვთ და მაინც არ ესმით, რატომ მოგწონს? :)

  3. კესანე says:

    ერთი, რომ ძალიან სასიამოვნოდ იკითხება და მეორე: უფრო დამარწმუნა იმაში, რომ ყველაფერი დადებითი შემთხვევით და მოულოდნელად ხდება ^_^
    ჰო, მე უფრო ეგ არ მესმის, ამელი როგორ არ უნდა მოგწონდეს

    • მჩხაპნელი says:

      კი და ძირითადად იმიტომ არის დადებითი და სასიამოვნო, რომ მოულოდნელია. აი, როგორც პრიზი და სიურპრიზია ისე. ორივე კი სასიხარულოა, მაგრამ დაგეგმილს და წინასწარ ცნობილს – ანუ პრიზს, მოულოდნელი – ანუ სიურპრიზი – ბევრად სჯობს :)

  4. მეგზური says:

    ნამდვილად ორიგინალური და სასიამოვნო ჩანაწერი იყო, ძალიან მომეწონა

  5. კლიკ says:

    მეც ეგრე ვარ როგორც ინი ჩემ დაბნეულობას შეყვარებულიათი ხსნიან :/

  6. გვან says:

    აარ დააყენა იგივე დროს მაღვიძარა რომ ისევ ენახა იიმავე ავტობუსში….. საყვარელი :) )) ხარ

Leave a Reply

Current month ye@r day *