რექსი, სექსი და ბენჯამინ ფრანკლინი

“ჩემს კარადაში ჩემი ბანკია”სამსახურში მოსმენილი

ქართული სარეკლამო ბაზარი ოთხმოცდაათიანელების თაობას ჰგავს – “ისეთები ახსოვს, რო ოჰ-ოჰ-ოჰ-ო… მტრისას”.

ჯერ მარტო ის რეკლამა რად ღირს, ფაღარათიანი მამა მისთვის გამზადებული ტორტის სანთლებს უნიტაზიდან რომ აქრობს ხვნეშის აკომპანიმენტით (“ფილტვები კი აქვს ლომივით, კუჭი არ უვარგა თორემ…”). ან ის – დედაბუდიანად ამოგდებული და სისხლში ამოსვრილი  კბილი დაჭრილი არწივივით რომ ეცემა პირსაბანში. ან ის ვიღაცები “წითელისა” და “თეთრის” გარჩევას აისბერგშეჯახებული ტიტანიკის მგზავრებივით – განწირული კივილით რომ ცდილობენ; ან თუნდაც ის, რაღაც უცნაური წარმონაქმნი “ეო, ეო, მოდი და იყიდეო”-ს ძახილით თავისთან რომ გვიხმობს… ერთი სიტყვით – “სისულელე” ან ორი სიტყვით – “სრული სისულელე”. როგორც არის. 

წარსული წარსულად და ქართული სარეკლამო ბაზარი არც თანამედროვეობაში “გვაწბილებს” მაინცდამაინც. ყოველ შემთხვევაში, ზედიზედ სამი ისეთი რეკლამა შეიქმნა უკვე, ავ თვალს ვინღა ჩივის, ზოგადად თვალსაც არ დაენახვება.

 მივყვეთ თანმიმდევრულად, უკეთესიდან – უარესისაკენ:

3. ბატონი ბენჯამინი

რეკლამის შინაარსი: მარტოხელა ქალი ზის სახლში. არ უცდის არავის და არაფერს – ძილის დროის გარდა. ამ დროს მოდის ბენჯამინფრანკლინისსახიანი უცნაური არსება, რომელსაც ქალი ჯერ სახლის კარს უღებს, შემდეგ – გულისა. თანაც, ისე ჩვეულებრივად აკეთებს ამ ყველაფერს, გეგონება ყველა მეორე გამვლელი ბენჯამინფრანკლინისსახიანი უცნაური არსება იყოს და ღამღამობით აქეთ-იქით დაწანწალებდეს.

რეკლამის პათოსი: “მიიიცვალებული ააადგა” და დაბრუნდა.

დაბრუნდა, როგორც პროცენტებით ვერგამძღარი უძღები შვილი. როგორც რაჭველი ბუმერანგი. როგორც არაპუნქტუალური, მაგრამ პირგაუტეხელი ტერმინატორი. როგორც შევარდნაძის დრო. როგორც მივლინებიდან დროზე ადრე ჩამოსული ქმარი. როგორც იმჰოტეპი – მუმიის მეორე ნაწილში ან როგორც უთოს მდგომარეობის გადასამოწმებლად მობრუნებული და საკუთარი მახსოვრობისადმი სკეპტიკურად განწყობილი დიასახლისი.

მოკლედ, ერთი ბენჯამინი დაბრუნდა და მეორე გადაბრუნდა – სადაც წევს, იქ.

რეკლამის ნაკლი: მასონურია და არაპატრიოტული. რითია ქართული კუპიურა ნაკლები. უნდა იყოს ასე:

  • კლიიინ.
    (ზღურბლზე დგას აკაკი წერეთელი. აღებს)
    აკაკი წერეთელი: ბოდიში, სულიკო აქ ცხოვრობს?
  • კლიინ.
    (იჭვრიტება, მაგრამ არაფერი ჩანს)
    ქალი: ვინ არის?
    უცნობი: არ გააღო. ილია ვარ!
  • კლიინ.
    (აღებს)
    შოთა რუსთაველი: მე დავბრუნდი! რასაცა გამცემ, შენი ვარ!

რეკლამისგან დატოვებული განცდა: ოღონდ ეგ უცნაური არსება არ დამხვდეს შუაღამისას კართან და მზად ვარ ბანკს დამატებითი პროცენტი იქით გადავუხადო.

2. მისტერ რექსი

რეკლამის შინაარსი: საშინელებათა ფილმის ეპიზოდურ როლზე დაწუნებული ადამიანისტანიანი ძაღლი, ცივი და უმეტყველო თვალებით გვიმტკიცებს, რომ დაზღვევის შემთხვევაში – “რექსი არასოდეს გვიღალატებს”.

რეკლამის პათოსი: რექსი ყოვლისშემძლეა. რექსს შეუძლია წაიკითხოს “ულისე” და “ჯადოსნური მთა” ერთმანეთის პარალელურად. რექსს შეუძლია კონსესუსამდე მიიყვანოს მთა და მუჰამედი. რექსს შეუძლია აწიოს ის ქვა, სადაც მისივე ნაქნარი მადლი დევს. რექსს შეუძლია ხარი ხართან ყოველგვარი საფრთხის გარეშე დააბას და რექსს შეუძლია ვიწრო ოთახში მყოფ თაგვს კუდი მოაქნევინოს, თუ რა თქმა უნდა, საერთოდ გააჭაჭანებს მას ამ ოთახში…

ამასთან რექსი ჭკვიანიცაა. მას შეუძლია გაარჩიოს კათეტი და კათეტერი. მას შეუძლია ამოიღოს ფესვი 1681-დან და მიწიდანაც (თუ საჭირო გახდა). მან იცის, რომ უფრო მეტი იცის ვიდრე სოკრატემ, მაგრამ ისიც იცის, რომ ყველაფერი მაინც ფარდობითია. მან ზუსტად იცის, რომ “მერი კარგი გოგოა და ლამაზი”. მერე რა რომ რექსი ჰქვია და არა მურადა. მაინც იცის.

რეკლამის ნაკლი: 

  • რექსი იიიისეთი ციიიივია, რომ ტკივილით გაყინულ გულს გაათბობს კი არა, შეიძლება საერთოდაც გაგიხეთქოს, ბენჯამინ ფრანკლინივით შუაღამისას თუ დაგადგა სახლში;
  • ტექსტს “გასაოცარი მიგნებები მაქვს” უნდა მოსდევდეს ფრაზა – “თუმცა, სამწუხაროდ ამ რეკლამის სცენარში ეს მაინცდამაინც არ ჩანს”. ასევე “გამუდმებით ვსწავლობ”-ს თან უნდა ახლდეს დაპირება – “და თუ ვერ დაგეხმარეთ, სულში მაინც მოგაკვდებით”.
  • რაღაც მომენტში გგონია, რომ საწყალ კნუტს რექსის კუჭის მიმართულებით დაუვიწყარი მოგზაურობა ელის.
  • ძაღლი ადამიანის მეგობარია და არა თავი;

რეკლამისგან დატოვებული განცდა: სასწრაფოდ უნდა დავიზღვიო თავი… თვითონ რექსისგან.

3. სექსი კომუნალურების წილ

რეკლამის შინაარსი:  წყვილს აქვს საწოლი, კარადა და სექსის შესანიშნავი პერსპექტივა. ბიჭი ხვდება, რომ ამჯერად ვიაგრას გარეშე არაფერი გამოუვა, გოგოს ატყუებს, რომ კომუნალური გადასახადები აქვს დასაფარი და აფთიაქში წასვლას აპირებს. მოულოდნელად იღება კარადა, სადაც შეტენილია (არამხოლოდ კარადაში, მთლიანად რეკლამაშიც) სამი გაუპარსავი მამაკაცი. მუშკეტერები უკითხავენ ბიჭს ნოტაციებს, აბრუნებენ საწოლში, რის შემდეგაც მშვიდი სახით იღებენ კარადაში დარჩენის უფლებას და ვნებიანი ნაკვეს-ნაკვნესების მოსმენის პერსპექტივით აღტკინებულები, კარადის კარს ფრთხილად ხურავენ.

რეკლამის ათოსი: უკეთესია, ვიდრე პორთოსი და უარესია, ვიდრე არამისი.

რეკლამის პათოსი: არასოდეს გქონდეს სექსი დახურულ კარადასთან; თუ კარადაში კაცია –  თანაც სამი – ეს აპრიორში არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი ცოლი ჯგუფური სექსის მხურვალე თაყვანისმცემელია; ჩვენ გამოგვივიდეს რეკლამა და ერთი დიუმას მსუქანი და ულვაშებიანი დედაც არ მოვ**ან;

რეკლამის დადებითი მხარე:

რეკლამის ნაკლი:

1. მესმის კომუნალური გადასახადების გადახდის დროს ფიქრობდე სექსზე (მინიმუმ, სექსის თანმდევ რომელიმე ზმნაზე – მთავრობასთან მიმართებაში), მაგრამ სექსის დროს კომუნალურების გახსენება რაღაც ისეთია – ბანაობისას ყვავილის დამტვერვაზე ფიქრმა რომ წაგიღოს და მისი ბუტკოს სულიერ მდგომარეობაში შეხვიდე ან სუფრაზე მწვადის შემოტანისთანავე სომალელი ბავშვების დასახმარებელ ფონდში ათი ლარის ჩასარიცხად – რესტორნიდან გავარდე;

2. კარადაში შეიძლება იყოს ჩრჩილი, სამი ჩრჩილიც, ნაფტალინისსუნიანი პალტო, შიშველი საყვარელი, ნასკებამოცმული საყვარელი, ბუა, წყევლაში რომ გოგოა – ის, ათი ჰალსტუხი, ათასი ხარახურა. თვით ნარნიას სამეფოც კი, მაგრამ სამი ნაბახუსევის იერის მქონე მუშკეტერი წამიერად გახვედრებს, რომ სარეკლამო ბაზარი ზოგჯერ მართლა დიუმაშია  გაჭედილი.

3. ცალკე აღნიშვნის ღირსია ფრაზა “კაცი არა ხაარ?” – რომელიც დასაბამშივე ძირს სცემს მამაკაცის ღირსებას, მაგრამ სამაგიეროდ  მისი მამაკაცური ღირსების წამოყენებას ცდილობს. ეს ზუსტად ის მაგიური ფრაზაა, რომელიც აიძულებს უზომოდ მთვრალ ადამიანს სვას განსხვავებულები იქამდე, სანამ ჯერ სახელები არ აერევა, მერე – სახეები, მერე – ფეხი და ბოლოს – გული, რა თქმა უნდა. ჰოდა, ფრაზის მაგია აქაც მოქმედებს – სექსის პარალელურად მობაილ-ბანკინგში კომუნალურ გადასახადებს თუ არ იხდი – რაა კაცობა?!…

4. შეიძლება კარადაში დავრჩეთ? – ან საერთოდ რას გამოდიოდით…

რეკლამისგან დატოვებული განცდა: შიში, რომ შემდეგ სერიაში ცოლის მომლოდინე და სამზარეულოში მბორგავი მშიერი კაცის  წინ გაიღება მაცივარი და სამი კბილებაკაწკაწებული მუშკეტერი გადაინაწილებს ფრაზებს: “კაცი არა ხარ?” “აიღე კვერცხი და შეიწვი”, “ბლინ”.

***

რეზიუმე: იმისათვის რომ რაღაც იყოს იდეალური – არ არის აუცილებელი ყოველთვის 90-60-90-ის პარამეტრებს შეესაბამებოდეს. ზოგჯერ – 25-60-60-იც საკმარისია.

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
27 Responses
  1. ბენჯის მეშინია უკვე ქრონიკულად. დოლაროფობია დამმართა იმ პირველმა რეკლამამ. -_-

    • ლაშა says:

      თიბისის რეკლამაში გოგოს ძუძუები თეთრი ზონარებით რომ აქვს დამაგრებული :) ))

      P.S. ჩანაწერს რესპექთ!

  2. სალომეა says:

    ვაიმე,აღარ შემიძლია.ჯერ ამ რეკლამებმა მომიღო ბოლო და ამ ტექსტმა ხომ საერთოდ მომკლა(სიცილით ) :დ :დ აუ,მაგრად წერ რა!

  3. MARY POPPINS says:

    მომდევნო სერია- ჯულბასი და რექსი ლოგინში ორფეხების პოზაში. უცებ კარადა იღება და იქიდან დარტანიანი ყმუილით: აუუუუ. სხვადასხვა ავეჯიდან აოსი, პორტოსი და არამისი: აუუუ,აუუუუ, აუუუუ … შემოდის ბენჯამენი: ცუგო,ცუგო მწუ,მწუუ

    ჰა, რავარია?

  4. ვერ ვხვდები, რატომ ადარებთ ქვედა ორ სისულელეს ბენჟამენ ფრანკლინს… O.o
    ბენჟამენი არაა ცუდი რეკლამა, როგორც ასეთი, ცალკე აღებული

    • მჩხაპნელი says:

      როგორც ასეთი, ცალკე აღებული არა. შესაბამისად, კრიტიკაც ნაკლებია მაგაზე. ისე, მანდ ყველაზე ცუდი ის არის, მკვდარის იერი რომ ადევს ფრანკლინს (მერე რა რომ დოლარია, მაინც) და ბოლო კადრში ეს მოჩვენება მთელი სისავსით ჩანს, რაც ქალთან ჩახუტებისას არცთუ სასიამოვნო განწყობას ტოვებს :)

  5. ზაზა says:

    იმ გოგოს გარდა იმისა რომ ძუძუები აკრული აქვს თეთრი ზონარით (მეორე გაელვებაზე უკვე ბრეტელებცი ჩააცვეს), თვალს ისე აპარებს კარადისკენ მე მგონი თავისივე შესმული იყო ეგ მუშკტერები კარადაში…

    • მჩხაპნელი says:

      :D
      არ შემინიშნავს ეგ თავიდან. მაგრამ კიდევ უფრო ცუდია, რომ ოპერატორმაც ვერ შენიშნა.
      მაგრამ კიდევ უფრო უკეთესი შეცდომა იქნებოდა, დარტსის დაფაზე – თავიდან ცარიელი რომ ჩანს, კარადის კარის მიხურვის შემდეგ ისარი შიგ ცენტრში რომ ყოფილიყო სიმბოლურად მირჭობილი :)

  6. :) says:

    ექიმებს საკუთარი დამწერლობა ჰქონიათ :D

  7. ლიკა1880 says:

    ბრავო! :)

  8. Qetiko says:

    ძალიან დიდი მადლობა სიცილით გამომუშავებული რამდენიმე წლისათვის. კიდევ უფრო მადლობელი დაგრჩებით, თუ იგივე პათოსით (და არა ათოსით) და იუმორით განიხილავთ სხვა რეკლამებსაც. მასალა ნამდვილად მრავლადაა

  9. მევარვაჟიკოვარმე says:

    :) ))))))) ეს ყველაფერი კი მშვენიერი და გადასარევი, მაგრამ რაღაც აკლია თითქოს…კაცო, ბენჯიმ რატომ არ წაუბუტბუტა “შემოდიგენაცვალე” გოგოს ყურში-ჩემი გჯერა?:D

    • მჩხაპნელი says:

      :D შეიძლებოდა ასეთი დიალოგიც ყოფილიყო:

      ბენჯამინი: მე დავბრუნდი
      ქალი: ოღონდაცა რაა :)

  10. თათა says:

    “და თუ ვერ დაგეხმარეთ, სულში მაინც მოგაკვდებით”. ეს ძალიან მომეწონა :D DDD

  11. მარი says:

    ბრავო!!! ძალიან კარგი ნაწერია, უზომოდ ვისიამოვნე და კინაღამ “ჩავიხოცე” სიცილით :) ))

  12. ქეთი says:

    ძალიან ნმომეოწნა… შეიძლება ითქვას რომ მთლიანად თქვით ჩემი სათქმელ/ნაფიქრალი :) ))) ბრავო

  13. ნატალი says:

    ბრავოოო!!! ძალიან მაგარი იყო!!! :D :D ჯერ მკვდარი ადგა, აღარ დადგა; მერე გავიგეთ, თურმე სადაა ძაღლის თავი დამარხული და მერე ხო საერთოდ :D :D:D კარგად წერ!!!!

  14. გიგი says:

    ნებისმიერ რეკლამის არს თუ ჩაეძიებით შეგიძლიათ მიხვდეთ რო რეალობიდან არის გადახვეულიიი არა მართო ქართული არამედ ევროპულიც და ქართულს თუ სადმე კიცხავენნ ყველას მოწონს და ეგრევე მწერალი გენიოსი ხდება და მისი წერის მანერა ეგრევე ყველას უყვარდება ბრავოო დზაან მაგარია : )))

  15. მე says:

    ავტორო, შენს მუდმივ თაყვანისმცემლად მიგულე! :D
    არაჩვეულებრივია: ნაწერი, კრიტიკა, აზრები… (y)

  16. ანო says:

    შენ რა კარგი ვიიღაცა ხარ მაგრამ სულ ეს ვინმეს ან რამეს გაქილიკება ძაანმ გაამაღიზიანებელი მეჩვენა :\

  17. ელენე says:

    :D :D :D საუკუნეა ამდენი არ მიცინია :D

  18. Little Child says:

    არა რატო შეეხნენ ჩემს მუშკეტერებს რაა..რაღაცა საინტერესოს ველოდი და მომიშალეს ნერვი..”რეკლამის ათოსი: უკეთესია, ვიდრე პორთოსი და უარესია, ვიდრე არამისი.” მომეწონაა :D

  19. Fox says:

    მისტერ რექსად წოდებული არსება, მე პირადად, ცნობილი ფილმის Alien- ის მეოთხე ნაწილში ადამიანისა და უცხოპლანეტელის ნაჯვარს მაგონებს -_- მონსტრი ადამიანის თვალებით დამზაფრავი რამეა :S
    http://celluloidzombie.com/wp-content/uploads/2011/03/alien-resurrection-screen.jpg

  20. DOFAMINKA says:

    ასეთი ჯანსაღი, იუმორი აღსავსე და კრეატივით გაჯერებული, კარგა ხანია არაფერი წამიკითხავს, ახლაც კი ვიწმენდ სიცილის ცრემლებს :D :D :D

  21. ვახო says:

    კრიტიკა კარგია მაგრამ ძალიან გადამეტებულიც არ ვარგა .. მსგავსი პრობლემები აამარტო ჩვენთან ევროპის ბევრ ქვეყანაშიც გვხვდება .

Leave a Reply

Current month ye@r day *