XXVIII: წერტილი

(ლიტერატურული კონკურსის “შემოდგომის ლეგენდა” გამარჯვებული მოთხრობა ან მოთხრობის მსგავსი)

წინაპირობა: წლევანდელი ლეგენდის თემა იყო: 28-ე. თემის მიღებამდე კონკურსანტებმა მუზეუმში გამოფენილი თანამედროვე არტის უჩვეულო კოლექცია იხილეს, რომელიც 27 ქვეყნის 27-მა ცნობილმა მოქანდაკემ შექმნა, ექსპოზიციას საფუძვლად იმპერატორ ცინის ტერაკოტის არმიის ისტორია დაედო. არმიას, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში იდებს ბინას, წვლილი შეაქვს დიალოგზე დაფუძნებული მსოფლიოს შენებაში. 27 განსხვავებული და ორიგინალური სათქმელი სხვადასხვა ქვეყნიდან. გაეცანით 28-ე ამბავს.

XXVIII: წერტილი

„მე არ მიჩნდება იდეები პიესის დაწერამდე, 

მე ისინი მისი დასრულების შემდეგ მომდის თავში. 

მჯერა, რომ მხატვრული შემოქმედება სპონტანურია.

 ის ჩემთვისაა.“ - ეჟენ იონესკო

პროლოგი

დასაწყისიდანვე გეტყვით, რომ „ჰეფი ენდებზე“ მაინცდამაინც არ ვგიჟდები. მეტიც – „ჰეფი ენდი“ რაღაცით სანტა კლაუსს მაგონებს – ცხოვრების გარკვეულ ეტაპამდე რომ გჯერა და მერე – აღარ. სინამდვილეში „ჰეფი ენდი“ უბრალოდ წერტილის დროულად დასმის ხელოვნებაა. „და ცხოვრობდნენ ისინი დიდხანს და ბედნიერად.“ წერტილი. არადა, ისიც ხომ შეიძლება, რომ ქორწილიდან ერთ წელში დაუკმაყოფილებელმა პრინცესამ საყვარელი გაიჩინოს ან დეპრესიული პრინცი ანონიმ ალკოჰოლიკთა კლუბის წევრი გახდეს. პრინციპში, რატომაც არა.

I

 მე ჩემს ისტორიას უჩვეულოდ გიამბობთ. ანუ, დავიწყებ იქიდან, სადაც სხვები ამთავრებენ.

„და ცხოვრობდნენ ისინი, ტკბილად და ბედნიერად…“

 II

ის რომი

რომი ყველა შესაძლო სიტუაციაში ამბობს, რომ არ არსებობს ისეთი უნივერსალური ფრაზები, რომლებიც ყველა შესაძლო სიტუაციაში შეიძლება ითქვას. რომი ჩემი ცოლია. მარადიული არ არის. ქალაქი, მით უმეტეს. თანაც, იმ რომისგან განსხვავებით, ჩემი რომის შესაფასებლად ორი ბორცვიც საკმარისია. სახელი რომი შნაიდერის საპატივსაცემოდ დაარქვეს. ბაბუამისს ბებიამისზე მეტად ის რომი უყვარდა და ალბათ, იმიტომ. ამ რომისაც არა უშავს, პრინციპში.

III

მე რომანი ვარ. ბაბუაჩემს ლონგინოზი ერქვა, ამიტომ მთლად ბოლომდე არ გამწირეს და რადგანაც წიგნების კითხვაც ჰყვარებია (საწყალს), რომანი დამარქვეს. „აბა მოთხრობა არ მოუხდება ბავშვსო“ – მამაჩემი გაჯიუტებულა თურმე. მე პირადად რომანების კითხვაზე მეტად, მათი წერა მიყვარს. ოდესმე, ალბათ, მემუარებსაც დავწერ, ორიგინალური სათაურით – „რომანი რომანზე“, მაგრამ რომი მეუბნება, ეგ სათაური ისეთივე გაცვეთილია, როგორც „ისეთივე“-თი დაწყებული ორიგინალური შედარებების გაკეთებაო. მეც ვუჯერებ. კომპეტენტური გოგოა რომი.

IV

რომი ამბობს, შემთხვევით არაფერი ხდება, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც შემთხვევით ხდებაო. ერთმანეთიც შემთხვევით გავიცანით. საერთო ნაცნობის სიდედრის პანაშვიდზე. დანახვიდან 28-ე წამზე მივხვდი, რომ უსაშველოდ შემიყვარდა. რომი მიმტკიცებს, 28-ე კი არა, 30-ე იყო და საერთოდ, სიყვარული მარადიულია, მარადიულობა კიდევ წამებში არ იზომებაო. მეც ვჩუმდები. არ მინდა წამებით მოპოვებული სიყვარული, ორ წამში დავკარგო.

 V

რომი ამბობს ა) რომანში ინტრიგაც თუ არ ჩადე, მარტო ბაბუაშენი ლონგინოზის ისტორია ბევრს არავის დააინტერესებს და ბებიაშენი კიდევ, შენს წიგნებს ისედაც კითხულობსო და ბ) ჯობია, ყველა თავი რამე ორიგინალური ფრაზით დაიწყო, ყურადღებას მაინც გადაატანინებს ხალხს რამეზე და იქნებ, რომანში აზრის ძებნა აღარ დაიწყონო. მეც ვეთანხმები. ამჯერად, მართლა ვეთანხმები.

 VI

 „სისხლის გუბეში ცურავდა, როგორც ფარაონი რამზესი, წითელმა ზღვამ რომ უნდა შთანთქასო…“

აჰა, დაპირებული ინტრიგა კი ჩავდე, მაგრამ ერთი სერიოზული ნაკლი ამასაც აქვს. პერსონაჟი რომანში სულ ორია: მე და რომი. მე ზუსტად ვიცი, რომ არავინ მომიკლავს. ასე რომ, ყველა გზა მაინც რომისკენ მიდის და ერთადერთი მკვდარი ამ საქმეში… ისევ ინტრიგაა.

 VII

რომი განიცდის, ბოლო დროს ადამიანები ტექნოლოგიებმა ისე გააზარმაცა, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, არაფერი რომ არ გააკეთონო. მკითხველების მაგალითი მოაქვს. ისე ეზარებათ უკვე კითხვა, ჯერ ბუნების აღწერა ამოიღეს წიგნებიდან, მერე – ადამიანის გარეგნობის შტრიხების და მალე პერსონაჟების რაოდენობასაც მინიმუმამდე დაიყვანენო. ამის შემდე სასვენ ნიშნებსაც მძიმე დღე ელოდებათ – სად აქვთ აბა საქმიან ადამიანებს იმის დრო, კითხვის დროს წამდაუწუმ რომ ისვენონო. საბოლოოდ, აბზაცებს თავებად გადააქცევენ და რომანი დარჩება რამდენიმე აბზაციო.

მოკლედ, ისეთი შეკვეცა ელით წიგნებს, საპირფარეშოში შესვლისას ერთი წიგნის ნაცვლად, მთელი თაროს შეყოლება მოგვიწევსო. შორსმჭვრეტელი გოგოა რომი.

 VIII

რომი ამბობს, რაღა დროს სქელტანიანი წიგნებია ისე, უდროობის გამო, წიგნს კი არა, ნათესავებს ვეღარ კითხულობენ ნორმალურად ადამიანებიო. შენ ფამუქს და ეკოს რას უყურებ, მომავლის რომანები წერეო. თან ინოვაციური დეტექტივის იდეასაც მკარნახობს, სადაც ერთი პერსონაჟი იქნება მარტო და დამნაშავეც ეგ რომ უნდა იყოს და მსხვერპლიც, სხვა გზა აღარ დარჩება – თავს მოიკლავსო.

 IX

რომი ამბობს, თავის მოკვლას რა უნდა, ათას კაცს მაინც აქვს თავი მოკლულიო. სურვილს თვითონაც გამოთქვამს – ოღონდ 28 წლის ასაკში. „ეს 27 წელი ძალიან მეინსტრიმულიაო.“ – ამბობს. თან იმასაც დასძენს – „აბა ისე როგორ გინდათ, ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვსო.“ ჯერჯერობით, რასაც ვუყურებ, მარტო მუშაობით იკლავს თავს. მეტი არაფრით, მაგრამ ისეთი მიზანდასახული გოგოა რომი, მაგასაც მიაღწევს.

 X

“ალეგორია ზეტი”

რომი წუხს, თანამედროვე ხელოვნება შენს რომანებს ჰგავს – „ერთადერთი აზრი ის დევს, რომ არანაირი აზრი არ დევსო“. თვითონაც თანამედროვე ინსტალაციას ქმნის. რაღაც გამოფენაზე უნდა გაიტანოს – მშვიდობას და ტერაკოტას არმიას ეძღვნებაო. ღამეებს ათენებს მუშაობაში, ოღონდ ნამუშევარს ჯერ არ მაჩვენებს. „სიურპრიზიაო“ – იღიმის. მე კიდევ სიურპრიზზე დღემდე რომის ბორცვები მახსენდება და მეშინია, თავთან ერთად, ეგეც მსხვერპლად არ შესწიროს… ხელოვნებას.

 XI

ერთი აკვიატება კი მაქვს. რომანებს მხოლოდ მწერებზე ვწერ. ს ა მ წ ე რ ო ბ ო  საქმიანობას ვეწევი, ასე ვთქვათ. კაფკას გავლენაა სერიოზული – რომანის ბოლოს ერთი მწერი მაინც რომ არ გავსრისო, არ შემიძლია ისე.

 XII

რომი ამბობს, მშვიდობა ნიშნავს ცხოვრებას ისეთ ქვეყანაში, სადაც ტყვია მხოლოდ მენდელეევის პერიოდულობის სისტემაში გხვდებაო. ინსტალაციაც ჰქონდა ასეთი. პოლიგლოტი დააყენა პედესტალზე და ამ ფრაზას საჯაროდ, ყველა შესაძლო ენაზე ათარგმნინებდა. თუმცა, უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ იმ გამოფენაზე, არაბი ხელოვანის მიერ გამოგზავნილი ინსტალაცია – „ერთ წამზე შეჩერებული ბომბი“ – უცებ ისე არაჰოლივუდურად აფეთქდა, ყოვლისშემძლე ბრიუს უილისი უმწეობისგან დეპრესიაში ჩააგდო თურმე…

ჰოდა, კი ჩაუვარდა იმ პოლიგლოტსაც ენა მუცელში, ნაწლავებთან ერთად რომ გადმოვარდნოდა მერე.

 XIII

რომი ამბობს, პუნქტუაციის ცოდნა სულაც არ არის საჭირო იმის მისახვედრად – რაიმეს წერტილი როდის უნდა დაუსვაო. პუნქტუაციაზე საუბრისას მე პირადად ყველაზე ხშირად კითხვის ნიშანი მიჩნდება. მხოლოდ ის ვიცი, რომ რომის წინ მძიმე იწერება.

,რომის კისერზე გადადის დანარჩენი.

 XIV

რომი ამბობს, ისე წერ, ვიღაც იფიქრებს, მაგ რომანში აზრის ძებნას აზრი არა აქვსო. ჰოდა, ცოტა ისე ქენი, ნაწერში ღრმა აზრიც რომ გამოჩნდესო. სკრუპულოზური გოგოა რომი.

 XV

 ღრმა აზრი.

 XVI

“კიდევ ერთი ექსპონატი”

რომი დარდობს,  შრომამ შექმნა ადამიანი და მერე ადამიანმა შექმნა ყველაფერი იმისათვის, რომ აღარ ეშრომაო. სხვებს გულისხმობს, რა თქმა უნდა, თორემ ჩვენ კი ვშრომობთ ორივე. მე – ჩემს რომანზე, ის – თავის ახალ ინსტალაციაზე, „ტერაკოტულ გამოფენაზე“ რომ უნდა გაიტანოს. „ტერაკოტა“ რაღაცით ტარაკნებსა და ტერმიტებს მაგონებს. მომდევნო რომანს, ალბათ, მაგათზე დავწერ და ბოლოში ყველას დავხოცავ. მეზიზღებიან… ტერმიტები.

 XVII – XVIII

რომიც ამბობს, „ერთი თავი კარგია, ორი – უკეთესიო“, ამიტომ ზოგჯერ ერთადაც ვშრომობთ. ის რომანის დასკვნითი, მეხუთე სტრიქონის დახვეწაში მეხმარება, მე  – ინსტალაციის იდეის განვითარებაში. ნამუშევარს ისევ არ მაჩვენებს. ალბათ, შედევრია.

 XIX

რომი მირჩევს, სადმე ისიც ახსენე, რომ „წვიმს და ფანჯარასთან მჯდარი სევდიანი გოგო, მინაზე წვიმის წვეთის ბილიკს ამღვრეული მზერით მიუყვება“, ან რომ „შენი ფეხისგულები ისეთი დაღარულია, როგორც უდაბნოს გამოფიტული მიწაო.“ დიდი კი არაფერი, მაგრამ მოსწონთო. მეც ვპირდები, ვეცდები მეცხრამეტე თავში სადმე ჩავსვა – მეთქი.

 XX

რომი ამბობს, რასაც ახლა ვკითხულობ, მგონი, ამ რომანში ორი პერსონაჟიც ნამეტანია, ერთი უნდა მოკვდესო. მე რატომ – მეთქი, წინასწარ მიკვირს. ჯერ ერთი, მთელი რომანი ჩემი ფრაზებით გაქვს აგებული და მერე მეორეც – დარვინის თეორიაა ასეთი, ბუნებრივი გადარჩევის გზით, უძლიერესი უნდა გადარჩესო. მე მიხარია, დარვინის სახით მესამე პერსონაჟიც რომ ჩნდება და ვთავაზობ – თუ მაინცდამაინც მოკვლაა, ბარემ ეგ დარვინი მოვკლათ – მეთქი. რომი მეუბნება – ეგ უკვე დიდი ხნის მკვდარია და ნუ მაიმუნობო. მერე თითს ბოლო აბზაცისკენ იშვერს და სამ თავს მაძლევს ვადას იმისათვის, რომ რომანიდან გავქრე.

 XXI

ამასობაში რასაც ვწერდი, ის კი დავამთავრე:

„ღმერთი თუ არსებობს, ამდენი შრომა აღარ დამჭირდებოდა“, – ფიქრობდა ჭიანჭველა და შაქრის ნატეხს მიათრევდა – „რა მოხდება, რომ ერთხელ საკვები თავისით მოვიდეს, სულაც ციდან ჩამოვარდეს. ღმერთო, მომეცი პური ჩვენი არსობისა.“ ზემოდან ზუზუნი გაისმა. ჭიანჭველამ რაღაც მძიმე იგრძნო. „დედა, პური ამოვიტანე, მაგიდაზე დავდე და ეზოში მივდივარ“, – მხოლოდ ესღა მოესმა მწერს, გადაბრუნდა და მოკვდა.“

 XXII

რომიმაც დაასრულა ინსტალაცია – „მაჰათმა განდი ისვენებს“. 28-ე ნომრად გაიტანეს გამოფენაზე. თუმცა, იქ მისულს პედესტალი აბსოლუტურად ცარიელი დამხვდა. „მაჰათმა განდი სად არის“ – მეთქი, გამიკვირდა და „გასულია, ისვენებსო“. „მოიცადე, მთელი ეს თვეები ამ სიცარიელეს ქმნიდი“ – მეთქი და გაბრაზდა – „იდიოტო, მთელი სული ჩავდე ამ ინსტალაციის შექმნაში. ეს სიცარიელე კი არა, იმის სიმბოლოა, რომ შეუძლებელია ოდესმე მსოფლიოში აბსოლუტური მშვიდობა დამყარდესო.“ ვუყურე ცარიელ პედესტალს, ვუყურე და შემთხვევით შემოფრენილი თავადური გვარის კოღოს გარდა, ვერაფერი რომ ვერ შევამჩნიე, არამხოლოდ გამოფენიდან, კინაღამ რომანიდანაც წამოვედი.

 XXIII

 რომი ამბობს, აღარაფერს ვიტყვიო.

 XXIV

- რომ…

პასუხი არ არის.

- რომ…

სად დამეკარგე, მართლაცდა რომ.

 XXV

რომი მემუქრება, გავიდა სამი თავი და გადასცდა დათქმულ ვადას, ჰოდა, სასწრაფოდ წადი ამ რომანიდან, თორემ იცოდე, ბოლო კვანძსაც მე გავხსნიო…

ორივე ვდუმვართ. სიჩუმეა.

- ბუზის გაფრენის ხმა რატომ არ ისმის? – მეთქი, მიკვირს.

- ალბათ, იმიტომ, რომ წეღან  ჩავარდა შენს ბორშში და იქ ჩაიხრჩოო, – მიღიმის – თითქოს „სისხლის გუბეში ცურავდა, როგორც ფარაონი რამზესი, წითელმა ზღვამ რომ უნდა შთანთქასო…“

მწერის მოკვლაც დამასწრო.

 XXVI

წასვლა გადავწყვიტე. „ოცდამეშვიდეს კი ვხედავ, მაგრამ ოცდამერვე თავი სად გაქრა“ – მეთქი, რომის ვეკითხები. „სადაც დადე იქ იქნება. შენი ამბავი რომ ვიცი, სადმე რომანის თავში მიაგდებდიო“, – მპასუხობს. ირონიული გოგოა რომი.

ისე, რა მინდოდა. მეცხოვრა „ტკბილად და ბედნიერად“. მოვინდომე აქ ზღაპრული სტანდარტების მსხვრევა. კარგია, რომ ამ რომანში კიდევ მეთქმის რაღაც სიტყვა და შემიძლია, კალმის ერთი მოსმით ყველაფერი თავიდან - პირველი თავიდან - დავიწყო.

ოცდამერვე თავიც იქვე ყოფილა…

 XXVII

„მე ჩემს ისტორიას უჩვეულოდ გიამბობთ. ანუ, დავიწყებ იქიდან, სადაც სხვები ამთავრებენ.

და ცხოვრობდნენ ისინი, ტკბილად და ბედნიერად…“

 

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
9 Responses
  1. Venera says:

    ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. მომეწონა ძალიან წერის მანერა, სიმსუბუქე,ირონიული იუმორი .საინტერესოა დიდ ფორმატში როგორ წერს.ყოჩაღ და გილოცავ.

  2. თაია says:

    ძალიან მომეწონა… გემრიელი დესერტივით იყო :)

  3. ირაკლი says:

    კარგია, სხვას არ გავს და თანაც ძალით არ არის ეს გაკეთებული. წარმატებები

  4. ნათია says:

    ეს იმას ჰგავს, რასაც ველოდი :) ექვსგვერდიანი და 28 თავიანი, პარადოქსებით გაჯერებული და ასეთივე პარადოქსირომანი(მე არ ვფიქრობ, რომ ეს მოთხრობა ან მოთხრობის მსგავსია). ახალი ხელწერაა, კარგია. მოკლედ ფორმა უდაოა. შინაარსს რაც შეეხება ისეთია, როგორიც უნდა იყოს. ხომ ყველა იმას იღებს წაკითხულიდან რის მისაღებადაც მზადაა. ჰოდა ეს ისეთი მასალაა ნებისმიერი ტიპის მკითხველი რამეს მაინც რომ გაიგებს და გულდაწყვეტილი არ მივა 28-ე თავამდე_წერტილამდე. (კაკ რაზ ამით ვიმშვიდებ თავს, როცა ასევთქვათ 5973-ე მომწონებელი ვარ შენი ნამუშევრ(ებ)ის)

    მოკლედ, მე რა გავიგე ამ რომანიდან: დიალოგზე დაფუძნებული მსოფლიოს მშენებლობაც ისეთივე პარადოქსია, როგორც ეს რომანი. სადმე(_რომანებში) მაინც უნდა დავხოცოთ ვინმე(_ტერმიტები), რომ მხოლოდ დიალოგით შევძლოთ არსებობა.
    შეუძლებელია აგრესიაზე ხელის აღება და დიალოგზე დაფუძნებული სამყაროს მშენებლობა, თუ სულმცირე 1) შრომით მაინც არ მოვიკლავთ თავს(მნიშვნელობა არ აქვს სხვას მოკლავ თუ საკუთარ თავს და არც იმას აქვს მნიშვნელობა შრომით კლავ თუ შრომის შედეგად შექმნილი იარაღით. მოიცა, მაინც შრომა გამოდის მკვლელი?)
    2)ალტერნატიულ სამყაროს არ შევქმენით, სადაც მწერებს ან ტერმიტებს მაინც დავხოცავთ. მოკლედ რაც უფრო მეტს ვიშრომებთ ან(უ) რაც მეტ რომანს შევქმნით, სადაც დავხოცავთ ან დავიხოცებით_ დავიცლებით აგრესიისგან (მწერლებიც და მკითხველებიც) მით უფრო მეტია შანსი დიალოგზე მსოფლიოს აგების. ესეც პარადოქსი!
    კარგია ბექაბატონო, კარგი!

  5. სალომე says:

    ძალიან მომეწონა აქამდე ასეთი (არ ვიცი როგორი) არაფერი წამიკითხავს:))

    • მჩხაპნელი says:

      აი ეგ არის საკვანძო სიტყვა – მეც არ ვიცი როგორია და დავარქვი “უცნაური ჟანრი” :D

  6. ნიშკო says:

    :-0 raghacnairia

  7. ნიშკო says:

    რაღაცნაირია

  8. ყოველთვის მომწონდა წერის ეს სტილი, ყოჩაღ ძალიან კარგია, <3

Leave a Reply

Current month ye@r day *