ჯიპები, ჯიპები, ჯიპები ჩქარა

“სმა-ჭამა დიდად შესარგი, დება რა სავარგულია…” – კმაყოფილი ხელისუფლება

“როცა რბილ სავარძელში ე ფ ლ ო ბ ი, ტელეფონიც შესაბამისი გჭირდება” - უფრო კმაყოფილი მაღალჩინოსანი

“ნუ დაუყრი ღორებს აიფონებს”სადღაც გაგონილი

კარგია ხელისუფლება. ზიხარ სავარძელში და ფუფუნებ. ხელფასი მშვენიერი. პრემია – არანაკლებ. ხანდახან კამერის წინ კამარასაც შეკრავ, ხალხს რომ არ დაავიწყდე და ეგ არის. სამაგიეროდ შენ თვითონ ივიწყებ ხალხს. აქამდე თუ შენზე ეკიდა ქვეყნის ბედი, ახლა უკვე შენ გკიდია. მთავარია შენ ხარ კმაყოფილი და შენი რამდენიმე ნათესავი კიდევ. იმიტომ რომ უკვე ისინიც სხედან სავარძელში და ფუფუნებენ. ხელფასი მშვენიერი. პრემია – არანაკლებ. თან იმათ კამერებთან გამოჩენაც აღარ სჭირდებათ. შენ იყო კარგად, მთავარია (“ყოველთვის ჰქონდათ შენი იმედი, გენაცვალოს, მამიდა”).

აკი ამბობდი კიდეც წინასაარჩევნოდ – უკეთესი ცხოვრება გვექნებაო. ჰოდა, გაქვთ. მერე რა რომ ოთხი წლის მერე არჩევნებია. იზამ რამეს. სადმე გზას დააგებ, რამე ქარხანას გაუხსნი… ჟურნალისტებს, საახალწლოდ ისეთ მომღერალს ჩამოიყვან ცალი ფეხი რომ სცენაზე უდგას და ცალი – სამარეში, პრესტიჟულ უცხოურ გამოცემაში იყიდი სტატიას, ერთ ისეთ ინვესტიციასაც მოიზიდავ – ოთხი წელი სალაპარაკოდ რომ გქონდეს და საბოლოო ჯამში, ამ ყველაფრით – ბედნიერი ცხოვრების ილუზიას შექმნი. აპრობირებულია. ამართლებს.

ჰო, რატომ დავიწყე.

ფაქტია, რომ ქვეყანა კარგ დღეში არ არის. იქით ლარის კურსია ორი წლის ბავშვივით – ყოველდღე ეცემა, აქეთ დენის წასვლის შიშით თოვლი ვეღარ მოსულა ბათუმში, მთავარი პროკურორი ყოჩაღი რომ გვეგონა, ყაჩაღი აღმოჩნდა, სამართლიანობის ნაცვლად ახალაიას და მერაბიშვილის იმიჯი აღდგა, ცალკე ბანკებს აყაჩაღებენ და ცალკე – ბანკი გვაყაჩაღებს, შსს მინისტრი ისეთი პატარაა, წელსაც სანტა კლაუსს უცდის, ალბათ. სამი წლით უფროსია პრემიერმინისტრი. წინა პრემიერმა კიდევ საერთოდ სამოქალაქო სექტორი მოიგონა, იქ რომ გადასულიყო და თავიდან მოვეშორებინეთ, სულიკოს საფლავი ბრიუსელში აღმოჩნდა (იმედია, ქვეყნის მომავლისაც არა), აღარც “ის ცხრა წელი” ჭრის და აღარც ლენტებს ჭრიან, ეკონომიკაც პიტერ პენივითაა – აღარ იზრდება. მოკლედ, ჭირს ცხოვრება.

1. “ჩვენ გვექნება ამხელა ეკონომიკური ზრდა” – პრემიერი ბიძინა ივანიშვილი. 2.”არა, ამხელა…” – მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი.

ჰოდა, ასეთ დროს, როცა ყოველდღე ხედავ, რომ…

  • მთავარი პროკურორი 170 000-იან ჯიპზე ნაკლებს აღარ კადრულობს (ანუ, ფაქტობრივად, ისევ ყაჩაღობს).
  • უშიშროების საბჭოს მდივანი 80 000-იან “პრადოსთან” ერთად ბოლო მოდელის აიფონს, მაკბუქს და ლეპტოპის სამასლარიან ჩასადებსაც კი ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობს.
  • სამინისტროები ერთმანეთს მრავალათასიანი პრემიის გამოწერაში ეჯიბრებიან, ან სულაც ერთ ცალ ტელეფონზე აცხადებენ ტენდერს (იმიტომ რომ ვიღაცას დილით აუდგა გვერდები და ვაშლიანი ტელეფონი უნდაააააააააა :X :x :X)
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახური 11 000-ლარად თანამშრომლებისთვის (მაღალი რანგის) Tissot-ის ფირმის საათებს იძენს (უფრო იაფიანი დროს არ უჩვენებს, ალბათ).
  • ბიუჯეტის ხარჯზე რესტორნებში ჭამა-სმაა გამართული (ტაშ-ფანდურაც)…

…მაშინ ის “სადა და არაპომპეზური ინაუგურაციაც” გავიწყდება და მარგველაშვილის შემცირებული ხელფასიც (თვითონ მარგველაშვილი ხომ საერთოდ აღარც გახსოვს).

“голое Прадо”

მოკლედ, ცუდია, როცა:

- ხელისუფლებამდე იოტისოდენა სურვილები გაქვს და ხელისუფლების მერე – ტოიოტისოდენა;

- ხელისუფლებამდე ოფლიანი ხელები გაქვს და ხელისუფლების მერე – “ეფლიანი”;

- ხელისუფლებამდე ტვინს ჭამ, რომ ფულს ჭამენ და ხელისუფლების მერე – მარტო ფულს ჭამ (პრინციპში, ტვინსაც. ოღონდ საქონლის. რესტორანში);

- ხელისუფლებამდე სურვილი გაქვს რომ მმართველი გახდე, ხელისუფლების მერე – რომ გახდე;

- ხელისუფლებამდე სხვისი პრემიები გაწუხებს, ხელისუფლების მერე აღმოჩნდება, რომ კი არ გაწუხებდა თურმე… გშურდა;

- ხელისუფლებამდე ათას სისულელეზე ყვიროდი, ხელისუფლების მერე – ათას სისულელეს აპრავებ.

განტევების ავთო

გამოვიდეს ახლა კალაძე და დაგმოს მთავარი პროკურორის ნაყიდი ჯიპი – “როცა ქვეყანას უჭირს” (ა, თუ ავთო ბერიძე იყო დაბალი ღობე და განტევების ვაცი?). ან გამოვიდეს ღარიბაშვილი და დაგმოს – მაღალი თანამდებობის პირები (მაღალივე ხელფასით) შვილებს პურის ამოსატანადაც ლამის ბიუჯეტის ხარჯზე რომ აგზავნიან უკვე. ან გამოვიდეს ვინმე და თქვას, რომ “ბოლო მოდელის ტელეფონებისადმი” ასეთი ისტერიკული დამოკიდებულება – ხამობაა. თან საშინელი ხამობა. ან გადმოვიდეს ვინმე სამოქალაქო სექტორიდან უკან და თვითონ უყიდოს ეს ყველაფერი იმათ, ვინც ჩვენ დაგვიტოვა.

რა თქმა უნდა, არ ჯობდა “აბა ის დრო ჯობდააა?”, როცა ჯიპებს კი არ ყიდულობდნენ – ართმევდნენ, როცა სიმდიდრეში კი არა, პიარში ვცხოვრობდით, როცა ცალკე ბიზნესებს “ეჯდნენ” თავზე და ცალკე ბიზნესმენებს – კისერზე, როცა ბიუჯეტი და მოთმინების ფიალა პარალელურად ივსებოდა, როცა ციხეში დიდი უბედურებები ხდებოდა და პატარა რაღაცაზე უკვე თავად ხვდებოდი ციხეში, მაგრამ როცა სხვა იმას ჭამდა (რისიც არ ითქმის სახელი) სულაც არ ნიშნავს, რომ ეს რაღაც გემრიელია და შენც უნდა მიირთვა… მოზრდილი ულუფებით.

თორემ მარტო ჯიპები და აიფონები არ ღირს ძვირი. შეიძლება რაღაც კიდევ უფრო ძვირიც დაგიჯდეს.

ორი ათას ცამეტი წლის მიწურულია და ყველაფერი გენიალურადაა.

დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ…

…თუ გნებავთ.

 

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
4 Responses
  1. გივი says:

    100 % მართალი ხარ :)

  2. თორნიკე says:

    მაგარია! კაეტანოს როლში შეიძლება ხალხის უმრავლესობაც კი ვიგულისხმოთ, ისეთი წლის ბოლო დადგა :(

  3. თა says:

    ეჰჰ :(

  4. კლიკ says:

    ასეეე…. მომეწონა .. განსაკუთრებით ეს : ხელისუფლებამდე სურვილი გაქვს რომ მმართველი გახდე, ხელისუფლების მერე – რომ გახდე;

Leave a Reply

Current month ye@r day *