“გამარჯობა” – თქვა პრემიერმა

#გამარჯობა

#გამარჯობა

“უნახავმა რა ნახაო” - რეი ჩარლზი

სასაცილო ქართულ ნიუსებსა და ქართულივე ლუდების უმეტესობას ერთი საერთო თვისება აქვთ – “არცერთი არ დაილევა”. თუმცა, სასაცილო ქართულ ნიუსებშიც გამოერევა ხოლმე ძალიან სასაცილო ქართული ნიუსები. ისეთები, როგორიც მაგალითად ესაა:

ბედნიერებამ უთხრა – აქ ვარო.

კითხულობ ნიუსს. ხედავ ერთმანეთზე უკეთეს გვარებს, თანამდებობებს, პოლიტიკურ ლიდერებს და გგონია, რომ სავიზო რეჟიმი გაგვიუქმდა, ევროკავშირში მიგვიღეს, მაპი მოგვცეს, “ბაყაყი წყალში ყიყინებს”-ის უაქცენტოდ თქმა დაამუღამეს, ან ხინკალი ისე შეჭამეს, რომ წვენი არ დაღვრიათ და შესაბამისად, გიჩნდება განცდა, რომ ნიუსის ბოლოს იქნება “მათთან ერთად ეკოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრა”, “პოლიტიკური ვითარება მიმოიხილა”, “ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებში მხარდაჭერა აღუთქვა” ან მინიმუმ “საქართველოში მოიწვია და თანხმობა მიიღო” და…

ნურას უკაცრავად! მიესალმა.

თურმე.

ჯერ ერთი, ისეთი გარემოა იქ, უბრალოდაც რომ გაიშვირო ხელი წინ, ვიღაც აუცილებლად ჩამოგართმევს და მერე მეორეც – რა წესია, ასეთ დაძაბულ მომენტში ნიუსის დასრულება. რატომ არ წერია, მაგალითად, ისიც, რომ “საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარიზში, გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის გახსნამდე აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი ტაავი რიივასი, ბულგარეთის პრეზიდენტი როსენ პლევნელიევი, მოლდოვას, პანამის, ყირგიზეთის, მონღოლეთის, ავღანეთის, მონტენეგროს, კვიპროსის პრეზიდენტები, ირლანდიისა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრები საპასუხოდაც მიესალმნენ და “კარგად გაქვს თმები, სად შეიჭერიო” – ჰკითხეს.”

რასაც ბუნებრივია მოჰყვებოდა შემდეგი ნიუსი, რომ “საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარიზში, გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის გახსნამდე აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს, კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს, ესტონეთის პრემიერ-მინისტრ ტაავი რიივასის, ბულგარეთის პრეზიდენტ როსენ პლევნელიევის, მოლდოვას, პანამის, ყირგიზეთის, მონღოლეთის, ავღანეთის, მონტენეგროს, კვიპროსის პრეზიდენტების, ირლანდიისა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრების ჯანმრთელობით დაინტერესდა და ჰკითხა, რას შვრებოდნენ და რა ხდებოდა მათკენ ახალი”

და შემდეგ ეს - “საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზში, გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის გახსნამდე აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს, კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს, ესტონეთის პრემიერ-მინისტრ ტაავი რიივასს, ბულგარეთის პრეზიდენტ როსენ პლევნელიევს, მოლდოვას, პანამის, ყირგიზეთის, მონღოლეთის, ავღანეთის, მონტენეგროს, კვიპროსის პრეზიდენტებს, ირლანდიისა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრებს უპასუხა, რომ “არა, რა დროს ჯერ ბერას ცოლია” და “რავი, ჩვენთანაც ძველებურად, არაფერი ისეთიო”

#გამარჯობა

და ეგეც რომ არა, ნიუსი დისკრიმინაციის ერთგვარ ელემენტებსაც შეიცავს. თუ პირველ ნაწილში ლამის დალია გრიბაუსკაიტეს ქალიშვილობის გვარი, ანგელა მერკელის მარჯვენა ფეხის ზომა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მეოთხე სახელია მითითებული, მეორე ნაწილში მოლდოვას, პანამის, ყირგიზეთის, მონღოლეთის, ავღანეთის, მონტენეგროს, კვიპროსის პრეზიდენტები და ირლანდიისა და ყაზახეთის პრემიერები რატომღაც პაემანზე გაყოლილი დაქალივითაა მიწერილი. არადა, იქნებ რაღაც სასწაულის ძალითა და ღვთის მადლით, ჰქვიათ იმათაც რამე. ვინ იცის.

ერთი კი ფაქტია. მთავრობის პრესსამსახური  ოპერატიულად მუშაობს და ვინაიდან, გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენცია ჯერ მხოლოდ ახლა იწყება, მოუთმენლად ვუცდი შემდეგ ექსკლუზივებს:

  • “ირაკლი ღარიბაშვილმა დერეფნებში ბარაკ ობამა დალანდა.”
  • “ირაკლი ღარიბაშვილს მარჯვენა ხელისგული ექავება - ვიღაცას შეხვდება.”
  • “ირაკლი ღარიბაშვილმა “გრიბაუსკაიტე აგრიბაუსკაიტებულა, საგრიბაუსკაიტეში ჩაგრიბაუსკაიტებულა” თქვა და ენა მოტყდა
  • “ირაკლი ღარიბაშვილმა ტაავი რიივასს ჰკითხა – “ასე რატომ გქვია - ბლუ ნათლია გყავდაო?”
  • “ირაკლი ღარიბაშვილმა ალაფურშეტზე გაზიანი სასმელისაგან გამოწვეული მსუბუქი ბოყინის შესანიღბად ნიკაპი მკერდზე მიიბჯინა და მუშტი აიფარა”
  • “ირაკლი ღარიბაშვილმა თავის პრესსამსახურს მკაცრად უსაყვედურა… თუ ეს არ უნდა დაგვეწერა?”
  • “ირაკლი ღარიბაშვილი და დონალდ ტუსკი დაძმობილდნენ. გაუდგნენ გზასა”
  • “ირაკლი ღარიბაშვილმა ავღანეთის პრემიერის სახელი გაიგო”
  • “ირაკლი ღარიბაშვილს კბილის საჩიჩქნი აუცდა და სასაზე შეერჭო”
  • “ირაკლი ღარიბაშვილს ერთი სული აქვს სურათები ატვირთოს და მარგველაშვილი დათაგოს”
  • “ირაკლი ღარიბაშვილი Feeling awesome” – with everyone vabshe

მე კი პოსტის მიწურულს, უბრალოდ იმედს გამოვთქვამ, რომ კონფერენციის დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილს აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან, კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოთან, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან, ესტონეთის პრემიერ-მინისტრ ტაავი რიივასისთან, ბულგარეთის პრეზიდენტ როსენ პლევნელიევთან, მოლდოვას, პანამის, ყირგიზეთის, მონღოლეთის, ავღანეთის, მონტენეგროს, კვიპროსის პრეზიდენტებთან, ირლანდიისა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრებთან დამშვიდობება არ დაავიწყდება და მისალმებით მიღწეულ ამხელა შედეგს სენაში არ ჩაყრის.

ნახვამდის.

 

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
One Response
  1. ანა says:

    ძალიან მაგრად წერ და გთხოვ ხშირად გვარგუნე სიამოვნება შენი პოსტების კითხვისა ))

Leave a Reply to ანა Click here to cancel reply.

Current month ye@r day *