“ანტი CO2″

ну, CO2, ну погоди!

“ну, CO2, ну погоди!”

Be the change, you want to see in the world” – მაჰათმა განდი

მას შემდეგ, რაც ქიმიაში ნახშირბადის დიოქსიდის შესახებ შევიტყვე, ყველანაირად ვცდილობ მის ჭარბი რაოდენობით გამოყოფას თავი ავარიდო. აქედან გამომდინარე, არ ვაღიარებ ჭიაკოკონობას, არ ვწვავ არაფერს (სიგარეტიც კი არ მომიწევია), ვსუნთქავ ზომიერად (პერიოდული გახშირებებით), არ ვჭრი ხეებს (არც ვრგავ), არ მაქვს ფაბრიკა-ქარხნები (სამწუხაროდ), არც მანქანა (და არც სურვილი, რომ მქონდეს)…

ერთი სიტყვით, თუ ეკოლოგიას  ვინმესთან  შეიძლება პრეტენზია გაუჩნდეს, ეს „ვინმე“ მე ნამდვილად არ ვიქნები. თუმცა, აღმოჩნდა, რომ გარემოზე ამგვარი ზრუნვაც კი სინდისთან კარგი ურთიერთობის დასამყარებლად საკმარისი არ არის. ევროპაში ეკოლოგიის მიმართ ჩადენილი „ცოდვის“ გამოსასყიდად, შუა საუკუნეების ინდულგენციების ტიპის „ნახშირბადის კრედიტებია“ დაწესებული. ანუ, შეგიძლია, სულ რაღაც თორმეტ ევროდ ერთი ტონა ნახშირბადის დიოქსიდის გამოყოფის უფლება იყიდო და შემდეგ „სუფთა სინდისით“  აბინძურო ჰაერი, რადგან მოგვიანებით ეს ფული ისევ მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას მოხმარდება. გარემოს ერთ-ერთ დაუძინებელ მტრად კი კვლავ ავტომობილები რჩება.

ჩემი არ იყოს, მანქანა არც ენდრიუს აქვს, მაგრამ თხუთმეტი ათასი კილომეტრის გავლაში ამას მისთვის ხელი სულაც არ შეუშლია: „ოფისში ვიჯექი. ძალიან ცხელოდა. მოვიწყინე და მეგობარს მივწერე: ტომ, მსოფლიოს გარშემო ხომ არ გვემოგზაურა? საბედნიეროდ, მან გიჟად არ ჩამთვალა და წამომყვა“

ენდრიუ ანტიCO2-თან ერთად

“ენდრიუ ანტიCO2-თან ერთად”

ბრიტანელმა ეკოლოგმა, ეკონომისტმა, თვითნასწავლმა დიზაინერ-გრაფიკოსმა და შეთავსებით მოგზაურმა, ისიც თქვა, ველოსიპედები ჩვენი მომავლის დიდი ნაწილიაო. იმიტომ კი არა, რომ ამ სატრანსპორტო საშუალებით თითქმის ნახევარი მსოფლიო შემოიარა და უნდა, რომ ასე იყოს; უბრალოდ,  გლობალური დათბობის ნიშნები უკვე აშკარაა და, მიუხედავად იმისა, რომ ის ზოგს მხოლოდ „ჰოლივუდელი“ რეჟისორების ფანტაზიის ნაყოფი ჰგონია, ზოგს – უაზრო პანიკის გამომწვევი უმნიშვნელო მიზეზი და ზოგსაც – მეორედ მოსვლის პირველი ნიშანი, ფაქტი ერთია და, სამწუხაროდ, ჯიუტიც: გლობალური დათბობის საფრთხე რეალურად არსებობს. ამიტომ, თუ გვსურს, რომ მომავალი საერთოდ გვქონდეს, მანქანების გარკვეული ნაწილის ისეთი „ტრანსპორტით“ ჩანაცვლებას უნდა ვეცადოთ, რომელიც ან ჯერ არ გამოუგონიათ, ან ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ გამოიგონეს. ასეთი კი  ჯერჯერობით მხოლოდ ველოსიპედია, რადგან მისი მოხმარებით CO2–ის ზედმეტი დოზა მხოლოდ მოქაქანე ადამიანის სასუნთქი ორგანოებიდან თუ გამოიყოფა.

ახალი ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო

“ახალი ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო”

ამგვარი ცვლილების წინააღმდეგი არც ენდრიუა. მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „უშნო და ძვირიან“ ჯიპებს „იაფი და მოსახერხებელი” ველოსიპედები ბევრად სჯობს. თუმცა, როგორ გინდა აუხსნა ქართველს, რომელსაც ჯიპი საკუთარი სტატუსის განმსაზღვრელ ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორად მიაჩნია, რომ მისი მანქანა სადღაც სამყაროში ოზონის შრეს აფართოვებს, შვეიცარიაში ყინულს ადნობს, ლონდონში გვალვას იწვევს და საერთოდ, გლობალური დათბობის განვითარებას ეხმარება.  ენდრიუმ ისიც შემოგვთავაზა, „ჯიპების“ მფლობელებს  სირცხვილის დერეფნები მოუწყვეთ და აგრძნობინეთ, რომ „ჯიპობა“ „ტიპობას“ სულაც არ გულისხმობსო. თუმცა, როგორც წესი, ჩვენთან მსგავსი აქციები არასოდეს ამართლებს და,  საბოლოო ჯამში, “შერცხვენილი” უფრო მეტად მისი ორგანიზატორი რჩება, ვიდრე „დამნაშავე“. ამასობაში კი, ქალაქში ამ და სხვა ძრავის მანქანათა რიცხვი დღითიდღე მატულობს. შესაბამისად, ბევრია საცობებიც, სადაც ტრანსპორტი უბრალოდ დგას და სხვა საქმე არ აქვს, გარდა იმისა, რომ ნახშირბადის დიოქსიდი გამოყოს.

მთავარი პრობლემა მაინც სამოქალაქო თვითშეგნებაშია, რომელიც ეკოლოგიაზე ზრუნვის მხრივ, ჩვენთან, რბილად რომ ვთქვათ, ნაკლებადაა განვითარებული. ფაქტობრივად შეუძლებელია, დაარწმუნო ადამიანები, გარემოს „ხათრით“, ჯიპის (და ზოგადად მანქანის) ველოსიპედით  პერიოდულ ჩანაცვლებაში. მაშინ, როდესაც უმეტეს მათგანს, საქართველო დიდი ურნა ჰგონია და ნაგავს იქვე ყრის, სადაც მოუნდება, თუნდაც მანქანიდან… მისი გაჩერების გარეშე. ვერც ის წარმომიდგენია, როგორ უნდა შესთავაზო  ნახშირბადის კრედიტის შესყიდვა გარემოს გადასარჩენად ვინმეს ისე, რომ საფეთქელთან საჩვენებელი თითი არ დაიტრიალოს და ამ მთავრობის გინებას არ მოყვეს „მგონი ცხვირზე მრიცხველები მართლა დაგვიყენაო“. ყველაზე ძნელი სწორედ იმის შეგნებაა, რომ შენ, ერთ ჩვეულებრივ ადამიანსაც კი, შეგიძლია შეცვალო მსოფლიო, თუკი ბევრი შენნაირი ჩვეულებრივი ადამიანი მსგავსად იფიქრებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზღვის მარაგის კოვზით ამოწურვის ანდაზის სიბრძნე, ჭეშმარიტებას კიდევ ერთხელ იზეიმებს.

ხსნა ველოსიპედშია...

“ხსნა ველოსიპედშია…”

არადა,  ენდრიუს თუ დავუჯერებთ თბილისი ველოსიპედით სამოძრაოდ დიდებული ქალაქია, რადგან საკმარისად პატარაა იმისთვის, რომ ერთი ადგილიდან მეორეში მისვლა მოახერხო. თუმცა, „ველოსიპედური მოძრაობის“ განვითარებისათვის ხალხის ძალისხმევასთან ერთად, მთავრობის ხელშეწყობაცაა საჭირო. პრინციპში, რატომაც არა? ხელისუფლება ხომ თავისდაუნებურად ისედაც ეხმარება ეკოლოგიას. უფრო სწორად, არ ეხმარება საზოგადოების ძალიან გაჭირვებულ ფენას და ისინიც ეკოლოგიისთვის საშიშ პლასტიკატის ბოთლებსა თუ სხვა ტიპის ნაგავს ყოველდღიურად აგროვებენ. ირონია იქით იყოს და ხელშესაწყობად მართლაც სულ მცირე რამ არის საჭირო. დასაწყისისთვის ისიც კი საკმარისია, რომ ქუჩებზე სპეციალური საველოსიპედე ბილიკები გამოიყოს (როგორც ეს ევროპის ბევრ ქვეყანაშია მიღებული) და მიწისქვეშა გადასასვლელები მოეწყოს ისე, რომ ველოსიპედის ხელით ჩატანა და უკან ამოტანა არ ხდებოდეს საჭირო.

ჩვენ ძალიან გვიყვარს საკუთარი სამშობლოს შედარება სხვა განვითარებულ ქვეყნებთან სხვადასხვა ასპექტში. ჰოდა, ველოსიპედური მოძრაობის განვითარებას ამ მხრივაც აქვს წინაპირობა იმდენად, რამდენადაც ველოსიპედებით გადაადგილება თბილისზე გაცილებით დიდ ქალაქებში  უკვე მისაღები ფორმაა. თუმცა, სამწუხაროდ,  გლობალური დათბობის მიუხედავად, ჩვენთან, საქართველოში ველოსიპედებისათვის ჯერ მაინც არავის სცხელა

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
34 Responses
  1. mr.picasso says:

    ამ ქალაქში ეკოლოგიაზე კი არა ადამიანებზე არ ზრუნავენ. გინახავს სადმე ინვალიდებისთვის გამოყოფილი ჩასასვლელი ან ბორდიულზე სპეციალური ასასვლელი. მე არა. ავტობუსების და მეტროს გამოყენებაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.

    ასეთი რამ რომ არსებობდეს ქალაქში ერთ ერთი ველოსიპედის მოსიარულე მე ვიქნებოდი. ეხლა კი ფეხით მიწევს ხშირად სიარული იმ უაზრო ტრანსპორტში ასვლა რომ მეზიზღება.

    • მჩხაპნელი says:

      ამ ქალაქში რაც უსაფრთხოების კუნძულები გამოჩნდა, მაგის მერე, რაღაც წინსვლა იგრძნობა. ბათუმში იყო როგორც მახსოვს უკვე სპეციალური გადასასვლელები და იქნებ ცოტა ხანში ეკოლოგიაზეც დაიწყონ ფიქრი :)

  2. teitt says:

    “გლობალური დათბობის მიუხედავად, ჩვენთან, საქართველოში ველოსიპედებისათვის ჯერ მაინც არავის სცხელა…” _ ჰაჰაჰჰ :) )) ყოველთვის მომწონდა სიტყვებით თამაში

    • მჩხაპნელი says:

      ქართული ენაც ისეთი მდიდარია, რომ ყველანაირად გვიწყობს ხელს ამაში :)

  3. chaotic says:

    თბილის ველოსიპედებისთვის ნამდვილად არაა შესაშური ქალაქი. :)

    მხოლოდ რუსთაველის პროსპექტს, პეკინს და ვაჟას თუ ითვალისწინებთ, მაშინ სხვა საქმეა და ვერაზე დაშვებული ველოსიპედებიდან რამდენი ჩააღწევს დაბლა ცოცხალი, საინტერესო სანახავი იქნება :)

    • მჩხაპნელი says:

      ასე თქვა იმ ადამიანმა ვინც მსოფლიოს ათას ჯურღმულში იარა და რა ვიცი :) ველოსიპედით რომ დავდიოდე ხშირად, იქნებ მეც მქონოდა ჩემი აზრი :)

  4. Samurai girl says:

    პირველ რიგში, რაც არ უნდა დიდი სირცხვილის დერეფანი იყოს, ჩემს ჯიპს არაფრის დიდებით არ დავთმობ :D პირველად არ გეთანხმები ამდენი პოსტის განმავლობაში.
    ბევრ ქუჩაზე (მათ შორის სახლამდე მისასვლელზე, და სამსახურში მისასვლელზეც კი) ისეთი გზაა, რომ ველოსიპედი კი არა ჩვეულებრივი მანქანები ვერ დადიან. არც ზამთარში მინდა სადმე მიყინული მიპოვონ :D თანაც სულ არ მინდა მსხვერპლშეწირვა, როცა იმავე წუთს ვიღაცა ერთი ხელის მოსმით გადაუსმევს ყველაფერს ხაზს.

    და ჯიპზე კიდე არ მესმის რატო აქვს ყველას ასეთი დამოკიდებულება. ჩვენს ქალაქში და მით უმეტეს ქალაქგარეთ სასიარულოდ ფუფუნება კი არა აუცილებლობაა ხანდახან. საერთოდ არ შემიშლის ხელს თუ ქალაქში ყველა ჯიპი იქნება.

    ველოსიპედი შეგიძლიათ პირდაპირ გამორიცხოთ. რას იზამ, ზოგ დასახლებულ პუნქტში მანქანების გზა არ არის არათუ ველოსიპედის. ჯობია სხვა მხრივ შევიტანოთ წვლილი (იმ არამეცნიერებმა რომლებიც სხვანაირ მანქანებზე მუშაობენ). მაგალითად, ისევ ყველამ ვაკეთოთ ჩვენი საქმე ნორმალურად, ნუ დავიკიდებთ ეთიკის ნორმებს და იმის ღირსად ჩავთვალოთ ერთმანეთი რომ საკუთარ ნაგავს ნუ დავუყრით ცხვირ წინ.

    • მჩხაპნელი says:

      ჯიპებზე და ზოგადად 4×4 მანქანებზე, იმიტომ აქვს (ენდრიუს) გართულება, რომ გარემოსთვის მავნე ნივთიერებებს სხვა მანქანებთან შედარებით ყველაზე მეტს ეგენი გამოყოფენ. წმინდა ეკოლოგიური მიზეზია :) მაგრამ იმას კი არ ვგულისხმობ(თ), რომ ჯიპები ყველამ უნდა გადაყაროს და სამსახურში შარვალ-კოსტუმიანი, ველოსიპედით მივიდეს. უბრალოდ, სპეციალური ბილიკები რომ გაკეთდეს, შეიძლება, მერე ნელ-ნელა “ველოსიპედური მოძრაობაც”განვითარდეს. ევროპის ქვეყნებში მაგალითად, ცენტრალურ გზებზე, მანქანების სავალი გზის გარდა, ველოსიპედებისათვის სპეციალური ადგილია გამოყოფილი და იქ მისაღებია, დავუშვათ მეგობართან ველოსიპედით მისვლა და ასეთი არაოფიციალური რაღაცეები :)

  5. domen says:

    კარგი პოსტია :)

    ისე იმის დაჯერება, რომ კაცი ჯერ ნახევარ მსოფლიოს შემოივლის ველოსიპედით და მერე საზოგადოებისთვის ადვილად მისაღებ რამეს იტყვის, არ ვარგა, ეგრე მგონია. :)

    კი, ვეთანხმები ჯიპების მოშორების აუცილებლობას, სანამ მე თვითონ არ მეყოლება :P სერიოზულად – გაზაფხულ–ზაფხულ–შემოდგომაზე ჰო, მაგრამ ზამთრის თბილისში ძნელია ველოსიპედით მოძრაობა :) მე მაგალითად თუნდაც დაიჰატცუ მირჩევნია, მთავარია გადახურული იყოს.

    მაგრამ მთავარი პრობლემა თვითშეგნებაა, ეგეც მართალია. სახელმწიფოს მხრიდან ყურადღება (გზები, ნიშნები, სარეკლამო აქციები) და ველოსიპედიანი “ტიპების” გამოჩენა ერთი იქნება, მაგის მერე ველოსიპედისტების მომრავლებას წინ აღარაფერი უდგას. :)

    • მჩხაპნელი says:

      ჩვენთან ხალხი ისე ადვილად იტაცებს ყველა ინიციატივას, რომ მცირე სარეკლამო რგოლები და ფასდაკლება ველოსიპედებზე სრულიად საკმარისი იქნება :P

  6. irakli says:

    მე არ ვეთანხმები პოსტის ავტორს ჯერ ერთი ისეთი გზები არაა რომ ველოსიპედით იარო და მეორეც ერთი ყველას ხო არ შეუძლია ველოსიპედის ტარება? ისე რა პრიკოლია ღიპიანი კაცები ველოსიპედიტ რო გადიან აბგონზე:D:D

    • მჩხაპნელი says:

      ისე, ველოსიპედის ღიპის მორჩენაც შეუძლია, ალბათ! :) გზები რომ არაა, მაგას წუწუნებს ზუსტად ის ინგლისელიც! ნახევარი წელია საქართველოშია უკვე, მგონი და მთელი თავისი პრეზენტაცია იმას იძახდა, მთავრობა აიძულეთ საველოსიპედე გზები გააკეთოსო :) ეტყობა არ იცის, რომ ჩვენთან ჯერ კიდევ შორს არის ის დრო, როცა მთავარი პრობლემა საველოსიპედე გზები და ბილიკები იქნება… :)

  7. sabachka says:

    საღოლ შენ, მაგარ სტატიებს წერ

    • მჩხაპნელი says:

      მე არ ვწერ სტატიას, სტატია თვითონ მწერს… :P

  8. teona-z says:

    დიდი სიამოვნებით ვივლიდი სკოლაში ველოსიპედებით, ისე როგორც საზღვარგარეთ დადიან, მაგრამ არანაირი პირობა არ არსებოობს და მარტო მე რომ მივიდე, ველოსიპედით წარმომიდგენია რო გამოვალ სკოლიდან, ველოსიპედის კვალიც აღარ დამხვდება. სპეციალური გასაჩერებელი ადგილები რო ჰქონდეს სკოლას, დიდი სიამოვნებით

    პ.ს: ზუსტად იმ დღეს ვამბობდი, რა კარგი იქნებოდა ველოსიპედებით რო დავდიოდეთ-თქო… :D

    • Mchxapneli says:

      “ქალური ინტუიციის” ამბავია :)
      ეგ არის ზუსტად, რომ ჩვენ მსგავსი რაღაც ვერ წარმოგვიდგენია :) და რა თქმა უნდა, “უპირობობა”-ც თავისას შვრება, თორემ წარმოუდგენელი არც ეს იქნებოდა…

  9. dj-guro says:

    მკიდია ხალხი ნახ! იცი რა მოხდა? გორში ველოსიპედებით მარტო ბავშვები დადიოდნენ. ხოდა ვიყიდე ველოსიპედი და დავიოდი. თავიდან იყო გაკვირვება და დაცინვა, მაგრამ იქვე იყო შურიც: მეც რომ მყავდეს ცუდი კი არ იქნება, ჯანმრთელობაა და სპორტიაო. მერე ჩემ და კონკურენტ თანამშრომლებსაც გაუჩნდათ ველიკები. ხალხმა დაინახა, ველოსიპედები დადიანო და ხომ იცით რა დანახვის ხატები ვართ, ახლა გორში იმდენი ველოსიპედი დადის კარგ ამინდში, შეიძლება დაეჯახო კიდეც. :)

    მაგრამ აქვე მეორე ფაქტორი გამოიკვეთა: მოძრაობის წესების არ ცოდნა. ორი დღე ვეკამათებოდი ერთს ველოსიპედი გზის მარჯვენა თუ მარცხენა მხარეს დადის თქო. დაიხსომეთ, ველოსიპედი მოძრაობს გზის მარჯვენა მხარეს ერთ რიგად ან ქვეითთა ბილიკზე, თუ ეს არ უშლის ქვეითთა გადაადგილებას.

    ველოსიპედი არაა დაცული ტრანსპორტი, ასე რომ ნუ ეცდებით კრიტიკული სიჩქარეების განვითარებას. 35 კმ/სთ-ც კი უკვე ძალიან სწრაფი სიჩქარეა. ამ სიჩქარით რომ რამეს დაეჯახოთ/მოცურდეთ საკმაო ზიანი მიადგება სხეულს და ისევ სიარულის სურვილსაც. ასე რომ 15-20 კმ/სთ ძალიან ნორმალურია. ველოსიპედი გამოიგონეს სიამოვნებისათვის და არა სწრაფი გადაადგილებისათვის. ასე რომ გაითვალისწინეთ ჩემს მიერ დაწერილი მთელი ინფო. :)

    • მჩხაპნელი says:

      როგორ გამიხარდა, რომ ენდრიუსა და ჩემი თეორიის განხორციელება და დანერგვა შესაძლებელი ყოფილა. :) საინტერესო ინფორმაციაა, ველოსიპედით მოსიარულეთათვის მე ყველაფერს მაინც ფეხი მირჩევნია :)

  10. mari1691 says:

    ძალიან კარგი სტატია იყო

    • მჩხაპნელი says:

      :თავის დახრის და აწითლების სმაილი:

  11. Ika says:

    ველოსიპედების რა მოგახსენოთ, მაგრამ მთელი ევროპა -ამერიკა – აფრიკა… მოკლედ, მსოფლიოში ტრამვაის ბუმია. ეს ტრანსპორტი ბოლო 25 წელია რენესანსს განიცდის, მთელს მსოფლიოში, ჩვენმა მთავრობამ კიდევ ეხლა გააუქმა და ტროლეიბუსებიც ზედ მიაყოლეს.

    და მერე ესენი კიდე რამეს იტყვიან ეკოლოგიაზე, ქალაქში უნდა განავითარონ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი მაქსიმალურად რომ ხალხმა იაროს იმით და არა ჯიპით. როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი სუფთა ეკოლოგიურად შესთავაზებს მოსახლეობას კარგ სერვისს, კომოფორტულს მაშინ დაანებებს ადამიანი მანქანას თავს.

    ახლა არც ერთი გვაქვს არც მეორე. მარტო უამრავი მანქანა. ასევე უამრავი ჩამყაყებული მარშუტკა და უამრავი ჩამყაყებული ავტობუსი. და ამას ჩვენი მერია ეძახის მომავლის ქალაქს და თანამედროვე საზოგადოებრივ ტრანსპორტს ვაი მაგათ პატრონს.

    • მჩხაპნელი says:

      გეთანხმები! საზოგადოებრივი ტრანსპორტი ნამდვილად იმ დონეზეა, რომ მანქანის ქონას მოგანატრებს. ნუ, მანქანის ქონა არც მაგათ გარეშეა არაპოპულარული სურვილი :)

  12. Beso says:

    ამ ტემპით და ხარისხით თუ გააგრძელებ, მალე საქართველოში ყველაზე მაგარი ბლოგი გექნება, ნამდვილად : )

    • მჩხაპნელი says:

      ახლა როცა ამ სტრიქონს ვწერ…
      …კი არადა, აღმოჩნდა, რომ მაგ ტემპით ვეღარ გაგრძელდა სტატიები, თორემ გამოჩნდებოდა ამ წინასწარმეტყველების რეალურობა-არრეალურობა :P

  13. fifi says:

    მაგარი ბლოგია, საღოლ!

    ტრამვაის მოსპობა მართლა დიდი სისულელე იყოო, ერთ-ერთი სერიოზული შეცდომა, მაგრამ ამათაც უნდა “გავუგოთ”, ყვითელი ავტობუსების ბიზნესი უვარდებოდათ და…
    ველოთი მოძრაობის წესები არ ვიცი, ისე დიდი სურვილი მაქვს, თუ გზები მოწესრიგდება, რა თქმა უნდა

    • მჩხაპნელი says:

      არადა, ტრამვაი, უფრო საყვარელი ტრანსპორტი იყო :) ახლა, მაგის ლიანდაგებიც კი აღარ არის ჩემთან, ისე გააქრეს… :)

  14. lui says:

    რაც შეეხება უნარშეზღუდულთა ჩასასვლელ ბილიკებს მიწისქვეშა გადაასასვლელებზე–ერთი გვაქვს ბრწყინვალე მაგალითი – თსუ–ს პირველი კორპუსისის გადასასვლელზე – 45 გრადუსიანი კუთხით, მანდ რომ ეტლით ჩავიდეს ვინმე, აღარც ეტლი დასჭირდება მერე და აღარც გლობალური დათბობა შეაწუხებს:–(

    • მჩხაპნელი says:

      ჰო, მე სულ მაინტერესებდა ეგ რა იყო… და ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ეს ფუნქცია ჰქონდა. ეტყობა ზრდილობის გულისთვის გააკეთეს :|

  15. Astrall says:

    და მზის ენერგიაზე მომუშავე მანქანებმა რა დააშავეს ?

    • მჩხაპნელი says:

      ფართო წარმოებაში რომ შემოვა – არც არაფერი :)
      ახლა თითო-ოროლა რომ დადის მსოფლიოში, არ ითვლება მანქანებად :)

  16. kilvater says:

    ეკოლოგია ის სფეროა, რაც საქართველოში პრობლემათა ნუსხაში არასდროს მოიხსენება. ამ გაუგებარი და აბსტრაქტული ცნების გარეშეც თავზესაყრელად გვაქვს მოსაგვარებელი საქმეები – სიღატაკე-დასაძლევი, სამუშაო ადგილები-შესაქმენლი, ეკონომიკა ასაღორძინებელი, საქმე-ლაპარაკს ჩასანაცვლებელი…. ჩამონათვალი უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. ყველამ ვიცით.
    ამ ყველაფრის მიღმა ბუნებისა და გარემოს დღევანდელი მგომარეობა, უტილიზაციისა და ნარჩენების პრობლემები, ჰაერის და სასმელი წყლის დაბინძურება, საკვები პროდუქციის უსაფრთხოება, გლობალური დათბობა და აქედან გამომდინარე მსოფლიო კლიმატის ცვლილებები განუსაზღვრელ მომავალში არსებულ საფრთხედ მიგვაჩნია. აი განვითარებული სამყაროსთვის საკითხის პრიორიტეტულობა სადაოც არ არის. იქ საკითხი სხვაგვარად დგას – რა შეიძლება გააკეთოს თითოეულმა სახელმწიფომ, მეტიც, დედამიწის თითოეულმა მაცხოვრებელმა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
    აკეთებენ კიდეც. ნაგვის სორტირება, შემდეგში კი გონივრული უტილიზაცია, ცელოფნის პარკების ნაცვლად მრავალჯერადი გამოყენების ნაჭრის ჩანთების დარიგება მსხვილ სუპერმარკეტებში, წყლის ეკონომიური მოხმარება, ბუნების და ნაკრძალი ტერიტორიების სისუფთავეზე ზრუნვა – ის მინიმუმია, რაც შეუძლია გააკეთოს ადამიანს პლანეტა დედამიწის გადასარჩენად. ასეთი მიდგომა გაზვიადებულად გეჩვენებათ? სულ ტყუილად. ეკოლოგების გათვლებით, დაუყონებლივ ზომების მიღების შემთხვევაშიც კი უკვე გარდაუვალია სტიქიური უბედურებები და უმართავი პროცესები.

    • მჩხაპნელი says:

      გეთანხმები და ბოლო დროს განვითარებული უამრავი სტიქიური მოვლენაც ამისი დასტურია. მარტო “ჰოლივუდურ” ფილმებში და მულტფილმებში არ არის დედამიწის განადგურების საფრთხე, მაგრამ რატომღაც გვგონია, რომ ამხელა პლანეტას შეუძლებელია რამე მოუვიდეს. არადა, აბა გალაქტიკის პოზიციიდან შევხედოთ :)

  17. LADY19 says:

    ადამიანი სუნთქვისას Cს გამოყოფს თუ CO2ს?

Leave a Reply

Current month ye@r day *