Tag-Archive for » ფეისბუქი «

C’est La Vie

- მონადირეები თუ არიან იმ პლანეტაზე?
- არა
- ქათმები?
- არც ქათმები
- არაფერია სრულყოფილი – ამოიოხრა მელამ

არაფერია სამყაროში სრულყოფილი. მათ შორის, არც თავად სამყარო. ჯერ ერთი იმიტომ, რომ სრულყოფილება ერთობ სუბიექტური ცნებაა და მეორეც იმიტომ, რომ ამ სამყაროში ბუზი არსებობს.

more »

სარკევ, სარკევ…

თანამედროვე მონა ლიზიკო

“W-ow, C-ool!” – ფიფქიას დედინაცვლის სარკე… საპირფარეშოში

“წადი, სარკეში… სურათი გადაიღე, რას გავხარ!”- ჩხუბისას გამოსაყენებელი თანამედროვე ქართული სიტყვათქმა

“ტუალეტის” ცნება ადამიანის ლექსიკაში ეტაპობრივად ფორმირდება. ღრმა ბავშვობაში ის უნიტაზთან დგომასა და მშობლის მიერ “ფის, ფის, ფის”-ის ტავტოლოგიურ შთაგონებაში აისახება, სკოლაში ის უკვე “საჭირო ოთახი” ხდება, სადაც “ვზროსლები” “აბირჟავებენ” და სადაც ყოველთვის სიგარეტის სუნი დგას (სიგარეტისაც, უფრო სწორად), სკოლის ტუალეტთანვე არის დაკავშირებული ბავშვის პირველი მტკივნეული შეჯახება იმ გამაოგნებელ რეალობასთან, რასაც “საჭირო ოთახში” მასწავლებლების სიარული ჰქვია. ამავე პერიოდში ჩნდება ტუალეტის ისეთი უხეში ფორმაც, როგორიცაა – “უბორნია” (როგორც წესი, გაცვეთილი ოხუნჯობისას: “- აბა თქვი რეზინა! – რეზინა! – უბორნიაში გეძინა! ჰააჰ!”).

როდესაც ვიზრდებით, ამ მეტად ღირსშესანიშნავი ადგილის ცნება ორ ძირითად დეფინიციამდე დადის: “ტუალეტი” (სახლსა და მეგობრებში) ან “საპირფარეშო” (საზოგადოებასა და ელიტაში). თუმცა დროდადრო გვხვდება ისეთი უცნაური განსაზღვრებებიც, როგორებიცაა “წავედი იქ” (რის ბუნდოვანებასაც ხსნის მთქმელის ოდნავ მორცხვი და მკვეთრად შეწუხებული სახე), “ტვალეტი” (რასაც ვერ ხსნის გრამატიკა) და “ფეხსალაგი” (რასაც ვერაფერი ვერ ხსნის). ტუალეტი ასევე უშრეტი წყაროა გენიალური იდეებისა და ისეთი ცნობილი გამოთქმებისა, როგორებიცაა: “წავედი მე იქ, სადაც მეფეები საკუთარი ფეხით დადიან” ან “შევდივარ სამკითხველოში”.

more »

დააჩეკინე?!

"Beqa is at sakutari taroebi" - ჩემი წიგნებიიიიი <3

“დააჩეკინე?” – მეზობელი მექათმეს (უთითებს კრუხზე)
“დაა-check in-ე?” –
მეგობარი მეგობარს (უთითებს touch screen-იან მოწყობილობაზე)

ასეა. როგორც კი ისეთ მობილურს იყიდი, რომლის ერთადერთი გასართობიც “სნეიქის” თამაში აღარ არის, მყისიერად მისი ყოველმხრივ გამოყენების სურვილი გიჩნდება.

შენც უსასრულოდ იწერ თამაშებსა და სხვა აპლიკაციებს, სასურველი ტექსტით ალაპარაკებ ვირტუალურ კატას და მეგობრებთან ერთად გულიანად ხითხითებ, ელექტრონულ წიგნებს ტვირთავ, მაგრამ იშვიათად კითხულობ (“თვალებს გიფუჭებს და…”), საჭირო ოპერაციების შესრულებას ცალი ხელითაც ამუღამებ (უფრო დახვეწილია, ვიდრე მარცხენა ხელში არსებული მობილურის მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითით კენკვა), ახალი კამერით self-shot-ებს (ან რაიმე უმნიშვნელოს) იღებ და სოციალურ ქსელებში აზიარებ, იქვე აქვეყნებ, რომ “ეს [აქედან] პირველი კომენტარია”, ან უფრო მაგარი ტიპი თუ ხარ “First post…”-ზე ნაკლებს არ წერ, შემდეგ კი კომენტარებში  სიამოვნებით იღებ მილოცვებს, ახალი შენაძენი გეამაყება და ისიც სიხარულით გივსებს გულს – ვიღაცები ჯერ კიდევ “ა, ეს ის არის ჰო… რა მაგარია, ე. მანახე აბა”-ს რომ ამბობენ, საკუთარ “ფლეილისტს” ქმნი და თეთრი ყურსასმენებით აღჭურვილი შორსმჭვრეტელი მზერით დააბიჯებ ქუჩებში, თანაც უკაბელო ინტერნეტიც თითქმის ყველგან არის თბილისში და “ფეისბუქს” შეგიძლია აღარც გარეთ ყოფნისას მოსწყდე… მოკლედ, მაგარი რამეა.

more »

ვინ შეჭამა თხა?

გზაჯვარედინი

(დაიბეჭდა გაზეთში “BG რეპორტი”. შესაძლებელია იყოს რაიმე მსგავსება სხვა პოსტებთან და ნუ დამძრახავთ)

ქართველებს ორი რამ გვიყვარს განსაკუთრებით: ღმერთი და სიზარმაცე. შესაბამისად, როგორც კი რაიმე დაგვეზარება, მისი შესრულების ვალდებულებას რატომღაც მაშინვე ღმერთს ვაკისრებთ (”ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება”, ”ღმერთი მაღალია და დაგვეხმარება”, ”ღმერთო ეს ერთი თხოვნაც შემისრულე და…”). ანუ, გვგონია, რომ ღმერთს მეტი საქმე არ აქვს, გარდა იმისა, ჩვენი წვრილმანი პრობლემების მოგვარებაზე რომ იზრუნოს და ღვთისადმი გამოხატული სიყვარულის დონესაც ზოგჯერ ამ თხოვნების შესრულების სიხშირისა თუ ხარისხის მიხედვით განვსაზღვრავთ. ამის გამო, ჩვენ სხვადასხვაგვარად გვიყვარს ღმერთი: ფანატიკურად (”ყველა ათეისტი არის საცემი. ფეხქვეშ უნდა გავიგდოთ. დუ-უტ მაგათ!”), ფასადურად (”რა კარგია! ხვალიდან მარხვა იწყებაააა”), მოდურად (”რავი, გოგო, ჩემი მამაო ისეთი საყვარელია…”), ათეისტურად (”ნიცშე მიყვარს ძალიან…”) და ერთგვარი კდემამოსილებითაც (”კარგად ვარ, ღვთის მადლით”) კი.

more »

სააღდგომო “facebook”-ის სიბეც-სიბაცე

"დიდება მოთმინებასა შენსა..."

“ყალბიდან ყალიბამდე ერთი ნაბიჯია და პირიქით” – ვაგზლის გადასასვლელ ხაზზე გაგონილი
“ადამიანურ ურთიერთობებს სასწრაფოდ ესაჭიროება ინფლაცია” – ფასდადების ფასდაუდებელი ექსპერტი
“ჭამა-სმა დიდად შესარგი…” – ზედმეტი ნარუჯის მქონე ვინმე მესხი მელექსე

თხის მიერ ვენახზე განხორციელებული “კუჭ-ტერაქტობრივი ქმედების” ჯაჭვს უკანასკნელ რგოლამდე რომ გავყვეთ, ყველაზე ამოუყორავი მუცლის მფლობელი ბოლოს აუცილებლად “Facebook” აღმოჩნდება. “Facebook” ჭამს ყველაფერს – დიდი ტყუილიდან დაწყებული (“Do you want to know, who viewed your profile?”) ადამიანური ურთიერთობებით დამთავრებული. ბოლო დროს კი “დღესასწაულების არსის” ჭამაც დაიწყო,  რისი წყალობითაც მილოცვები “მექანიკურობის ხაფანგში” გააბა და გააბაცა კიდეც.

more »

მოდის მოდაა მოდაში

"ერთგვარი მოდა"

“ჩემი მოდა ჩემივე კომოდით შემოიფარგლება” – დარდიმანდი და არამოდური ადამიანი

მოდის ცნება ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვიდან მოდის. ასე მაგალითად, ზეზვასა და მზიას მომთაბარე ცხოვრებისას ცხოველების ტყავი ან ბეწვი იყო მოდაში (ამ მხრივ, ადამიანი დღემდე ვერ განვითარდა), ქრისტეფორე კოლუმბის ეპოქაში – რუკების პერიოდული “refresh”–ი, თემურ ლენგის მოღვაწეობისას – საქართველოს დაპყრობა, “მირკის” ზეობისას – “ჩატში” “Hi All”-ით შესვლა და “Bye all”–ით დამშვიდობება, შევარდნაძის მმართველობისას – სანთლის გამაგრებული ნაღვენთების სანთელშივე ჩაწვით თავის შექცევა და სხვა მრავალი.

more »

“Facebook”-მა რა ჰქმნა?!

განრისხებული "facebook"

განრისხებული "facebook"

“შენ ჩემს გუ[გ]ლში შემოიჭერ, ისე როგორც დილის სხივი…” ამონარიდი ქართული ესტრადის ნაღვაწიდან

“ერთმა ძმამ Wall-ზე თხილის გული ატვირთა და დანარჩენმა რვამაც დაა–share-აო” – თანამედროვე ანდაზა

“facebook”–ი ჩვენს ცხოვრებაში ყოველგვარი “friend request”-ის გარეშე შემოიჭრა. შემოიჭრა ჯიქურ და დაუკითხავად, როგორც თემურ–ლენგი – საზღვარგარეთული გასტროლებისას, როგორც ბილწი ფიქრები – ადრიანა ლიმას ორმილიონიანი ბიუსტჰალტერის დანახვისას და როგორც შავი ზღვიდან მონაბერი ჰაერის ცივი მასები –  ”კურიერში” ამინდის პროგნოზის გამოცხადების დროს.

more »