მე პოლი მქვია. ორმოცდათვრამეტი წლის ვარ.
ვიცი, ბანალური დასაწყისია, მაგრამ ვაღიაროთ, რომ შემეძლო უფრო ბანალურადაც დამეწყო: „მარტის ერთი მშვენიერი დღე იდგა“, მაგალითად.
ისე, განსაკუთრებული ორიგინალურობით არც ცხოვრებაში გამოვირჩევი: მძულს მუზეუმები, მეშინია ქოლგების (და სულ მგონია, რომ მათი წამახული წკირებით რომელიმე დაუდევარი გამვლელი ერთ წვიმიან დღესაც უნებლიეთ თვალს გამომთხრის) და მიყვარს ისეთი დეტალების აღმოჩენა, რომლებიც ერთი შეხედვით უმნიშვნელოა – სალვადორ დალის საათებიდან ერთ-ერთში შვიდს რომ ხუთი წუთი უკლია, თუნდაც იმის.