“სპამი” სპამია

“ნამდვილად საშინელება იყო… ოღონდ აზრობრივად” - კინოში გაგონილი

ერთი შეხედვით “სპამი” ჩვეულებრივი ფილმია. აი, “წმინდა ტყეში” რომ იღებენ, დაახლოებით ისეთი. 

ასეთ ფილმებში, როგორც წესი, ახალგაზრდების ჯგუფი გასართობად მაინცდამაინც დაწყევლილ, ან, სადღაც “სხეულის ნაწილში” (რომელსაც ხშირად მიყრუებული ადგილის სინონიმად იყენებენ) მდგარ  სახლში მიდის ხოლმე; სახლი ქსელებითაა სავსე, თუმცა სატელეფონო ქსელი მაინც არასოდეს იჭერს; ფილმის მსვლელობისას ხშირად ბრახუნობს კარი, ზანზარებს ჭაღი, სარკეში მაჯლაჯუნა არსებები დათარეშობენ და კრიტიკულ მომენტში მანქანა არასოდეს იქოქება. სცენარში აუცილებლად არის ერთი მხიარული ეპიზოდი, რომელიც ამ სახლისკენ მიმავალ გზაზე,  მანქანაში ვითარდება და არსებობს ერთი პერსონაჟი, რომელიც ჯგუფში კლოუნის ფუნქციას ასრულებს. ფილმის დასაწყისში პერსონაჟები ყოველთვის ცდილობენ ერთმანეთი შეაშინონ, თუმცა, მოგვიანებით აუცილებლად გვხვდება ფრაზა: “ტომ, ეს უკვე სასაცილო აღარ არის… ტომ… ტომ…” 

 …პასუხი კი არ არის (რადგან ცალთვალმოთხრილი და სისხლშემხმარი ტომი უკვე რომელიმე სარზეა წამოკოსებული).

ამას გარდა, “ჰოლივუდში” ფილმების კიდევ ერთი კატეგორია არსებობს, რომელსაც პირობითად “ერთხელ წავა რა”-ს ვუწოდებ. ამ ტიპის პროდუქტის მოწონება-არმოწონება ძირითადად მაყურებლის იმჟამინდელ განწყობაზეა დამოკიდებული და  ისეთი გვერდითი ეფექტები ახასიათებს, როგორიცაა: ტირილი, ქვითინი, ღვარღვალი, რეჟისორის გინება, მსახიობის დაწყევლა, ტელევიზორის გათიშვა, “ფუ” ნაწილაკის წამოძახება და ა.შ.  

აი, “სპამი” კი საშინელებათა ჟანრის ის ფილმია, რომელიც “ერთხელაც არ წავა”. მიზეზი ბევრია:

1. ფილმს არ აქვს არც შინაარსი და არც ე.წ. “კვანძის გახსნა”. დაახლოებით იმ ტიპისაა, ბოლოში “ა, უკვე მორჩა” რეაქციას რომ იწვევს.  გაუგებარია ვინ ხოცავს ხალხს:  ურმის ბორბალი, რომელიც დასაწყისში უთავბო…რბალოდ დაგორავს, თუ, ვიღაც გაურკვეველი წარმოშობის (ან, მოკვდინების) გოგოს სული, რომელიც სახლის ტერიტორიაზე დაეხეტება. არ ჩანს,  რა ბედი ეწია მთავარ პერსონაჟს და რატომ გადაწყვიტა, რომ მაინცდამაინც ქვის წრეში (თან ღრიალით) უნდა ჩაჩოქილიყო. 

2.  თვალშესანიშნავია რამდენიმე ძირეული შეცდომა:

  • ერთ-ერთი გმირი სტატიას იმდენად სწრაფად და გამართულად კითხულობს, რომ შეუძლებელია ეს სინქრონული თარგმანი იყოს. გაზეთს კი რატომღაც რუსული სათაური აქვს.
  • ერთ ეპიზოდში, ირაკლი სანაიას პერსონაჟი ჩანთიდან ოცამდე პატარა სანთელს წამოყრის. თუმცა, სპირიტუალური სეანსის დროს აღმოჩნდება, რომ სანთლების რიცხვი თითქმის გაოთხმაგდა (ვისაც ზუსტი რიცხვი გაინტერესებთ და არ გეზარებათ, შეგიძლიათ დათვალოთ)
  • რამდენიმე ეპიზოდში, როდესაც იდეაში ღამეა, ფანჯრებიდან მკვეთრი, სავარაუდოდ მზის შუქი შემოდის.
  • მეგობრები მიტოვებულ აგარაკზე გასართობად ადიან, რაც გამოიხატება იმაში, რომ ჭამენ, საუბრობენ და იძინებენ.

3. ფილმში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ერთ-ერთ ორგანოსა (“ფეხები” ამ შემთხვევაში რბილი ნათქვამი იქნებოდა) და სახელზმნა “დაკიდება”-სთან ერთად შეიძლება მოვიაზროთ, რადგან ”სპამის” მთელი სიუჟეტი სიგარეტის სერიოზული პროპაგანდაა. ვინმე ინტრიგანი, რომ ადგეს (ან, დაჯდეს) და სიგარეტის მოწევის კადრების ხანგრძლივობა დათვალოს, შედეგად მინიმუმ ოც-ოცდახუთ წუთს მაინც მიიღებს.  

4. ალბათ, გქონიათ შემთხვევა, როდესაც უსაქმურობისაგან კევით გართობას გადაწყვეტთ და სანამ ამ უკანასკნელი ზმნიდან “და” მარცვალს არ ამოიღებთ, საღეჭ რეზინს იქამდე წელავთ. ”სპამში” სცენები სწორედ ასე, იქამდეა გაწელილი, რომ მაყურებლის მოთმინების ძაფიც იმ კევის ბედს იზიარებს. ერთ ეპიზოდში, მაგალითად, კამერა ძალიან დიდ წრეს აკეთებს: მოძრაობას იწყებს სახლიდან, გვაჩვენებს მთელ ხედს, რომელიც მის წინ იშლება (თან ძალიან ნელა) და სანამ იგივე ადგილს (საწყის წერტილს) მეორე მხრიდან არ მიადგება, მანამდე ახალ კადრზე არ გადადის.  

5. ფილმის ყურებისას დროდადრო შენს ადგილსამყოფელთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვი გიჩნდება, რადგან მსახიობები რიგ შემთხვევაში კინოსა და თეატრს შორის განსხვავებას ვერ ხედავენ. ერთ ეპიზოდში, ირაკლი სანაია ისეთი თეატრალური მონოლოგით გამოდის, უცებ ფილმში გათვალისწინებული სცენარიდან “ყოფნა, არ ყოფნა”-ზე რომ გადავიდეს, გასაკვირი არც ეს იქნება.

6. კინო ნამდვილად ხელოვნებაა. თუმცა, ეს ნიშნავს იმას, რომ მსახიობები ხელოვანები უნდა იყვნენ და არა ხელოვნურები. “სპამში” ამ მხრივ სერიოზული დარღვევაა, რადგან ქერათმიანი გოგო (სახეზე და სახელზე არ მეცნო) ფილმის უმეტეს ნაწილში გამაღიზიანებლად ხელოვნურია.  

7. როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა აღნიშნა, საშინელებათა ფილმებში პერსონაჟები ისე უნდა იყოს გამოყვანილი, რომ მათი დახოცვისას სულ მცირე გულმა მაინც მოგწიწკნოს. აქ კი ფილმი იმდენად იწელება, რომ ბოლოს უკვე ერთი სული გაქვს, ვინმეს ეს სული რომ აღმოხდეს.  ფანტაზიის ნაკლებობას კი არც დახოცვის სცენები უჩივის:

  • გოგო ხედავს სარკეში რაღაც მაჯლაჯუნას, წამოხტება და ნაცვლად იმისა, რომ მეგობრებთან გაიქცეს, სადღაც ტყის სიღრმისკენ გარბის (თან ისე, რომ უკან არც არავინ მისდევს). ირბენს ასე შეშლილივით მარტო და ბოლოს სახით რაღაც რკინაზე ჩამოეგება.
  • სექსგამოვლილი წყვილი მშვიდად ეწევა სიგარეტს და უყურებს მათ თავზე ორტონიანი, წვეტიანი ჭაღი როგორ ყანყალებს. პრინციპში, ჰო, რა სისულელეა, რატომ უნდა ადგე და გაიწიო ამ დროს, არ მესმის. არ ჯობია დაუცადო, როგორ ჩამოვარდება და ჩაგესობა?! ჰოდა, დაუცადეს…
  • ბიჭი მისდევს მოჩვენებას და სთხოვს დაუცადოს. ამ დროს მოვა ეს გამჭვირვალე არსება, ერთს დაუღრიალებს და მიწაზე დაცემული ბიჭი რატომღაც ქრება.
  • ერთი ქალი კი უბრალოდ ძილში იპარება (მშვენიერი გამოსავალია, რომ პერსონაჟი რაც შეიძლება მარტივად მოკლა).

8. ოცდამეერთე საუკუნეში, წესით, მონტაჟში ისეთი პრობლემები აღარ უნდა იყოს, მოგიზგიზე ცეცხლსა და მოჩვენებას დამონტაჟებულობა აშკარად რომ ეტყობოდეს. ამასთან, ფილმში მუსიკა  ხშირ შემთხვევაში იმდენად ხმამაღალია, რომ გმირების ლაპარაკსაც ფარავს და თან ერთგვარად ყურისგამაწვრილებელიც გამოდის.

9. და ბოლოს –  მაყურებელი. როგორც ჩემმა მეგობარმა აღნიშნა: “ასეთი ხალხი უკეთეს ფილმს არც იმსახურებს”. “ასეთი ხალხი” კი გულისხმობს იმას, რომ ფილმის რომელიმე გმირის რეპლიკას შუა სეანსის დროს ყვირილით გამოეპასუხო, დროდადრო ველურივით იხარხარო, თანმხლებებს შეშინების მიზნით ყურში უღრიალო, მკერდის დანახვაზე გაურკვეველი წარმოშობის ბგერები გამოსცე და “ოჰო-ჰო, უჰუ-ჰუ” დართული კომენტარებით “ძუძუს დახამებული” ადამიანის შთაბეჭდილება (ყურბეჭდილება) დატოვო. თურმე, კინოს ყურებასაც თავისებური კულტურა სჭირდება  და ალბათ, სანამ ჩვენთან შიშველი სხეულის დანახვაზე ველურად აღტკინებული შეძახილები იქნება, იქამდე ნორმალური ფილმის გადაღებას ვერც ვეღირსებით.

ს.პ: ამზე წასვლას ისევ “ოცნების ქალაქის” მოსმენა ჯობია… კარგი ჯგუფია “მგზავრები” :)

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
65 Responses
  1. irakli says:

    მოკლედ კინო ჩჰვენი საქნე არაა!(?)

    • მჩხაპნელი says:

      ან, მე დავდივარ ცუდ ფილმებზე :)
      (“ქუჩის დღეებზე” არ ვყოფილვარ და “რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2″-ზე)

      • Katieé.Ge says:

        ქუჩის დღეების კარგი იყო და გაღმა ნაპირიც ნორმალური.
        იმედია ამ რევიუებს ავტორები და მსახიობები წაიკითხავენ და შემდეგში ცოტა მეტს იფიქრებენ.

    • Ladybird says:

      მდა… არც ფეხბურთუა ჩვენი საქმე, მაგრამ მაინც ვეპოტინებით :D

    • “გაღმა ნაპირი” არ იყო ცუდი მგონი.

  2. თამმ says:

    ჟოლოს ჟვერიდან ჟინჟღლი ჟონავს ჟანგისფერ ჟირაფს გააჟრჟოლა

    • მჩხაპნელი says:

      რვალი რამ რეკდა, რემანი
      რბოდნენ, რანდავდნენ რიდეთა
      რულში როკავდა რამინი
      რეტის რტოს რგავდა რიდითა :)

      რა შუაშია? :)

  3. tamu19 says:

    აუ ახალ ქართულ წიგნებზე დაწერე რაა!!!
    გთხოვ
    მპუაჰ (მიყვარხარ(დაუსწრებლად))

    • მჩხაპნელი says:

      წიგნის შერჩევისას უფრო ფრთხილი ვარ, ვიდრე ფილმისა, ამიტომ ჯერჯერობით მხოლოდ აკა მორჩილაძე მაქვს (წასაკითხი) და ტურაშვილი (ესეც):) ვეცდები დავწერო ამაზე :)

      მთლად ახალ ნაწარმოებებს რაც შეეხება – დეისიძის “ფალოსოფიური” ლიტერატურის ყიდვას (ან, წაკითხვას) არ ვაპირებ, მიუხედავად დაბალი ფასისა და დიდი გამოხმაურებისა, შესაბამისად ამაზე ვერ შევძლებ :)

  4. modebilo elementi says:

    ბექა,ამ ფილმზე რომ არ უნდა წავიდე,გავიგე :D “ოცნების ქალაქიც” აღარ მინდა(ისევ შენი პოსტის გამო :D )…როგორც ჩანს,მართლა “დიდხანს არ გვემუქრება ოსკარის აღება” :D
    პოსტი ოდნავ დიდი იყო,სულ კრიტიკა და კრიტიკა(ცოტა დავიღალე კიდეც),მაგრამ წუნს მაინც ვერ დაუდებ :)

    • მჩხაპნელი says:

      ჰო, გრძელია შედარებით, მაგრამ ეს ისეთი ბრილიანტი ფილმია, რომ ერთი ამდენი კიდევ არ დავწერე :)

      კრიტიკაზეც გეთანხმები, ხშირია, მაგრამ როგორც ადრე იტყოდნენ “სხვაგვარად არ ძალმიძს” :) იყოს საქები, თორემ… :P

      “ოცნების ქალაქი” ბევრად სჯობდა ამას… ერთხელ საყურებლად მაინც წავიდოდა,სხვა თუ არაფერი :)

      • modebilo elementi says:

        ანუ,როგორც ვინმე იმერელი ბებო იტყოდა,გოროუშენდა ამფერ კინოს მომგონი :D ისე,მთლად ასე გასალანძღადაც არ მემეტება ქართული კინო(გვ)ინდუსტრია(რაღაცეებს ვსწავლობ შენგან :D ),”გაღმა ნაპირმა” კარგი შდაბეჭდილება დამიტოვა…იყო რაღაც ხარვეზები,მაგრამ სართო ჯამში ნაკლებად აღიქმებოდა.ამ დარგში ღრმა ცოდნით ვერ დავიკვეხნი,მაგრამ უბრალო მაყურებლის თვალით,ასე ჩანს :)

  5. არაჩვეულებრივი პოსტია. აქამდე სურვილიც არ მქონდა რომ მენახა ეს ფილმი და ეხლა ხომ მითუმეტეს. ასე თუ ისე ამ ბოლო დროს შედარებით (ხაზგასმით უნდა აქ შედარებით) ნორმალურ ფილმებს იღებენ. მაგრამ საშინელებათა ფილმი არამგონია რომ ასე იოლად ავითვისოთ.
    რაც შეეხება შიშველი ქლის დანახვისას რეაქციები ეგ გამოუსწორებელად მიმაჩნია რატომრაც = ((

    • მჩხაპნელი says:

      ჰო, რაღაცნაირი კარდიოგრამას ხაზივითაა ქართული თანამედროვე კინემატოგრაფია :) დროდადრო გამოანათებს ხოლმე ვინმე.

      ისე, სანამ ეს შიშველიქალიუუააა დამოკიდებულებაა, კარგად სარგებლობენ რეჟისორები. იღებენ ერთი-ორ ასეთ სცენას, უშვებენ “თრაილერში” და… შედეგი გარანტირებულია :P

  6. Snitch says:

    მთელი პოსტის კითხვის დროს სურვილი გამიჩნდა 100-ჯერ გაგონილის პრინციპი გამომეყენებინა მაგრამ

    კატეგორია ნუმბერ 9-ის წაკითხვის მერე გადავიფიქრე

    • მჩხაპნელი says:

      შენ ეგ უნდა მოისმინო :)
      როგორ ხორხოცებს ორი-სამი მოზრდილი ბიჭი მკერდის დანახვისას :)

  7. Qilipa says:

    ვგრძნობდი რო არ უნდა წავსულიყავი ამ ფილმზე… ანუ ვიცოდი რო ,,ერთხელაც არ წავიდოდა” :)

    • მჩხაპნელი says:

      არადა, “თრაილერზე” კი ვერ შევატყვე, რომ ეგეთი იქნებოდა.
      როგორც ჩანს, ჩემთან შედარებით უფრო განვითარებული ინტუიცია აღმოგაჩნდა :)

  8. rider says:

    ჯერჯერებით რაც ქართული კინო გადაიღეს ყველას “რაც ყველაზე ძალიან გიყვარს ჯობია” ორივე ნაწილი. მსახიობები ხელოვნურები არ არიან და რაღაც აზრი მაინც დევს კინოში. :)
    პ.ს. მე ასე ვფიქრობ :D

    • მჩხაპნელი says:

      მე პირველი ვნახე და ყველაზე მეტად მომეწონა მათ შორის, რაც ვნახე :)
      ამბობენ, მეორე უკეთესიაო. შესაბამისად უფრო მომეწონება, წესით და აქედან გამომდინარე, გეთანხმები ყველანაირად :)

  9. gabo says:

    არა ამ ფილმის სანახავად ფულს ნამდვილად არ გადავყრი. ტრეილერიდანვე ეტყობოდა რაც იქნებოდა :D ისე რატომ გაგიჩნდა ამ ფილმის ნახვის სურვილი

    • მჩხაპნელი says:

      მხოლოდდამხოლოდ ჟანრის სიყვარულმა მიბიძგა და ცოტათი “ტრაილერმაც” მაცდუნა :)

  10. Landish says:

    ვაპირებდი წასვლას და დაწერას… თუმცა ფული დამენანა..
    : ))

    თანაც სათაური ისევე გაქ, როგორც მე ვაპირებდი პოსტის დარქმევას :) ) ( ფილმი ნანახი არ მქონდა და სათაური უკვე მოფიქრებული იყო : )))

    ანივეი… ძაან საკაიფო პოსტია : ))

    სექსგამოვლილი წყვილი მშვიდად ეწევა სიგარეტს და უყურებს მათ თავზე ორტონიანი, წვეტიანი ჭაღი როგორ ყანყალებს. პრინციპში, ჰო, რა სისულელეა, რატომ უნდა ადგე და გაიწიო ამ დროს, არ მესმის. არ ჯობია დაუცადო, როგორ ჩამოვარდება და ჩაგესობა?! ჰოდა, დაუცადეს…

    ეს ნაწილი მევასა : )))

    • მჩხაპნელი says:

      იმის თქმაც მოასწრეს, რომ “ნახე, მგონი მიწისძვრა გამოვიწვიეთო” :P

      და სათაურზე გეთანხმები, პირდაპირ გამზადებულია ამ პოსტისთვის :P

  11. lex tempus says:

    ეგ “სპამი” ქართულია??? :) მე მორიგი ჰოლივუდური საფრთხობელა მეგონა :)
    წავსულიყავი ერთი და დარბაზში აღმომეჩინა იგივე, მერე ჩემი გაქრობით გავაოცებდი საზოგადოებას:):):)

    • მჩხაპნელი says:

      მეც ავორთქლდებოდი კარგი დასასრულის იმედი რომ არ მქონოდა :) ჰოდა, ის იმედი იმედადვე დარჩა :) ჰოლივუდურს თუ საფრთხობელას უწოდებ, წარმომიდგენია ამას რას დაარქმევდი :P

  12. კენ says:

    ბექა, ყოჩაღ…

    საზიზღარი ფილმია, მართლა სპამია, ეგრევე რომ უნდა წაშალო და არც წაიკითხო :( ((

    გარდა იმისა რაც შენ აღნიშნე, ბევრი ტექნიკური წუნია.. ნუ, სცენარზე არაფერს ვამბობ :X

    საშინელებააა!

    • მჩხაპნელი says:

      ჰო, ეგ ძალიან აღარ გავშალე. ცუდი გადაღებულია. წინა ფონზე ხან ბოთლის თავსახური ეჩხირება, ხან რა, ხან რა :) და ის ბორბალიც არაბუნებრივად ანათებს :)

  13. კენ says:

    და ის მონაკვეთი?

    დედა. დედაა. ის ბავსჰვი რომ კვირის :დ

    • მჩხაპნელი says:

      მე “რააატი, რააატი” უფრო მომეწონა :)
      ის გოგო ვერ გავიგე, რა ყველას იცნობდა. თან თუ იმ ქალის შვილი იყო, იმ სახლში როგორ გაჩნდა, ან, თუ გაჩნდა, რაღას ხოცავდა :)

      იმ ფსიქიურად ვერმყოფმა ქალმა კიდევ რატომღაც ჯავახიშვილის “კურდღელში” რომ სიდონია დადის თეთრ კურდღელს ჩახუტებული ის მომაგონა :)

  14. dj-guro says:

    კაია, კაია.. აი წავიკითხავ ხოლმე და ვიცი რა რავარი კინოა. მარტო ცუდები არ წერია და ან მარტო კარგები. :)

    • მჩხაპნელი says:

      კარგსაც დავწერდი, რომ გამხსენებოდა რამე, მაგრამ ვერ აღმოვაჩინე ასეთი ვერაფერი :) როგორც საშინელებათა ჟანრის მოყვარულს საშინლად გამიცრუვდა იმედი :P

  15. პროცესორი says:

    ბექა, ჯობია არასწორია. მიღებული და სწორი ფორმაა ჯობს :) )

    • მჩხაპნელი says:

      ეგ მეწერა მეც, მაგრამ მიმითითეს, რომ ოთხივე ფორმა სწორია: ჯობია, სჯობია, სჯობს, ჯობს – ჰოდა, ახლა, აღარ ვუკვირდები. რომელიც დამეწერინება, იმას ვწერ :)

  16. გუშინ ვიყავი ამ ფილმზე :/ არ მეგონა თუაილაითზე ცუდ ფილმს თუ ვნახავდი, მაგრამ მართალი ყოფილა ‘ვეკ ჟივი, ვეკ უჩის’ :/
    გადავირიე.

  17. ლინა says:

    ძაან კაი პოსტია და რაც მთავარია გადავწვიტე დავუჯერო შენს კრიტიკას ხან რომ ზედმეტად მეჩვენება ხოლმე :) ოცნების ქალაქი ჩემი ორი თვალით ვნახე და მივხვდი, რომ პოსტში დაინდე ფილმი ან უკეთეს ხასიათზე იყავი ვიდრე მე და უფრო მოგეწონა…თან კარგია ოპერატიული კრიტიკა, იქნებ რიგები არ დადგეს კინოთეატრებთან და სხვებივით ამათაც არ ეგონოთ მაგარი ფილმი გაგვიკეთებიაო. მოკლედ მადლობა ფილმის ყურების სურვილი რომ დამიკარგე

  18. max14characters says:

    არავინ უფრთხილდება ჩვენს ჯობეებს ისე როგორც ბექა! მადლობა!
    იდეა მაქვს
    ვინც აპირებდა ამ ფილმზე წასვლას და არ წავიდა ამ პოსტის გამო, ბილეთის ფული შევაგროვოთ და ბექას რაიმე ვუყიდოთ, ან 1 თვის დომენის ფული გადავუხადოთ. ასე კარგი ხარ და ისე მაგარი ხარო რომ უძახით ხომ კარგია? :D (ბექა წილში ვარ) :D

  19. ანი says:

    71 სანთელია სურათზე :D ძალიან უსაქმური ვარ ხო?

  20. სგ
    მიწასთან გაასწორე….
    ვაიმე მითრევს შენი წერის სტილი და მაიძულებს ბოლომდე წავიკითხო ხოლმე ტექსტი :D

  21. JaReD says:

    ვიხალისე ამ პოსტის წაკითხვის დროს.. კინოში წასვლას ნამდვილად არ ვაპირებდი და არც ვაპირებ, მაგრამ ინტერნეტში თუ დაიდება სადმე, აუცილებლად ვნაჰავ, ჩვენს უნიჭობაზე მაინც ვიცინებ სატირალი რომ არ იყოს : ))

  22. Zurriuss says:

    ყბის წამიერი ჩამოგდება + მგზნებარე ეროტიკა + კარგი გრაფიკა. 3 ძირითადი და უკანასკნელი ეფექტი, რომელიც წმინდატყეურ კინოს დარჩა :)

  23. Snitch says:

    TO მჩხაპნელი

    უი არ მეგონა საშინელებათა ჟანრი თუ გიყვარდა :)

    შენი საყვარელი საფრთხობელა???

  24. Kate says:

    “ს.პ: ამზე წასვლას ისევ “ოცნების ქალაქის” მოსმენა ჯობია… კარგი ჯგუფია “მგზავრები””

    აუუ ეს მაგარი იყო.
    პ.ს. უნდა იყოს იქ.

    • Snitch says:

      :D :D:D

      რატო გგონია რო პ.ს. უნდა იყოს??

      თუ პ.ს. უნდა იყოს მაშინზე ამზე კი არა ამაზე უნდა ეწეროს… :D

  25. გიგა says:

    ხალხი სხვა რამეს ფიქრობს,აი მაგალითად :
    1.) “ძაააააან მაგარი კინოა რო გამოვა კინოსში პირველი მე ვიყიდი ბილეტს ”
    2.) “ვაა ქართველებმაც ისწავლეს?:) რეკლამა კაია, მარა ვნახოთ ფილმი რა იქნება და კომენტარები მერე.”
    ე.ი ხალხს თუ დავუჯერებთ, “უძლიერესი” ფილმი უნდა იყოს (რისიც ნაკლებად მჯერა) :)

  26. - N.B says:

    მდაა … :D ეს ფილმი ნანახი არ მაქვს, მაგრამ შენმა კრიტიკამ პირიქით, გადამაწყვეტინა რომ ვუყურო. :D მაინტერესებს ერთი რა არის ასეთი.. :D საშინელებათა ფილმები მეც ძალიან მომწონს, მაგრამ აქედანვე შევემზადე, რომ იმას არ უნდა ველოდო, რასაც წესით ეს ჟანრი მოიცავს.. :P

  27. Porfiles Fani says:

    Filmi Ar Minaxavs, Magram Am Safuzvliani Ganxilvis Shemdeg, Vfiqrob Qartul UzhasoIndustriashi Axali Safexuri Sheikmna, Tu Gavitvaliswinebt Imas Rac Gvkonda (Bolqvadzeta Klanis Cnobili Namushevari, Romlis Sataurs Samwuxarod Ver Vixseneb)..

  28. ლედი ჯეორჯიანა says:

    აუ, ოღონდ არ თქვათ, რომ ქართული კინო უნიჭოა და აშ რააა(((( არ გავხსოვთ ძველი ქართული კინო? ამათი ზლეობების გამო არ გალაძღოთ, უსამართლობაა უბრალოდ(((

    • Snitch says:

      ბევრია ქართული კინო მაგარი მაგრამ სულ რამდენიმეა გათვლილი გარებაზარზე და დანარჩენი ამოლპა საქართველოში!!!

      ბაზარი არაა უძლიერესი კომედიები და დრამებია, მაგრამ მხოლოდ საქართველოსთვის!!!

  29. მეეე says:

    es yvelaperi kargi magram…dzalian mikvirs erekle deisadzis saidumlo sirobaze ro ar dawere araperi………………..tan dzalian:)

  30. mr-floyd says:

    ბოლო რეპლიკამ ოცნების ქალაქის – მოსმენაზე – მაგრად გამამხიარულა :D :D ჰუჰ.
    პოსტიც კარგია, კინოს რაც შეეხება, ან რატომ ელოდით უკეთესს?

  31. SaLoMea_Mze says:

    ვაიმე, ეს ის პოსტია მე რო ყველაზე ძალიან ველოდებოდი (მგონი) და ყველაზე ბოლოს რომ წავიკითხე… მართალია ცოტა გრძელი იყო მაგრამ ძალიან შინაარსობრივი და მართლა საინტერესოდ კრიტიკა იყო :) არც მომბეზრებია :)

    და რაც ყველაზე მთავარია ეს შენი წერის სტილი იყო!!!

    ასე ძალიან რომ მენატრებოდა :D :D :D

  32. ... says:

    წიგნიც გამოდისო და :D :D

  33. კახი says:

    აბსოლიტურად გეთანხმები ყველა საკითხში!!
    განსაკუთრებით იმაში, რასაც ქართველების უკულტურობა ქვია..
    კინოში მისვლა მძულს უკვე.. ფილმის ყურების მაგივრად ვიღაც ხამების ხორხოცი ისმის, ან ორი, არც თუ ისე პატარა ბავშვის ხმა, რომლებიც განუწყვეტლივ ლაპარაკობენ მთელი სეანსის განმავლებაში,
    და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დედა რომელიც გვერძე უზის, არათუ საკუთარ ინიციატივას იჩენს გააჩუმოს ბავშვები, არამედ ჩემი ორჯერ წარმოთქმული, ფრიად ზრდილობიანი თხოვნის შემდეგაც კი სიტყვას არ ძრავს ბავშვებთან..
    მოკლედ, შენი არ იყოს, ჯერ კინოში ჯდომა და ფილმის ყურება ვისწავლოთ, და მერე ვინ იცის იქნებ გვაღირსონ კიდეც რამე ქართველმა რეჟისორებმა..

  34. დუდუ says:

    ძალიან მომწონს შენი კრიტიკა , იუმორიც არის და თან სამართლიანია :)

  35. ვაპირებდი წასვლას :D მერე შემთხვევით მაგათ საიტზე მოვხვდი და სინოფსისში შინაარსი წავიკითხე თავის ფინალიან ყველაფრიანად :D ისე დაწვრილებით იყო მოყოლილი ყურებას აზრი აღარ ქონდა :D ხოდა ზოგი ჭირი მარგებელია :D

  36. თათI says:

    ყურებას არ ვაპირებდი, მაგრამ დამაინტერესა ეხლა :D :D მაგრამ კინოში მაინც არ წავალ რო დადებენ მერე გადმოვიწერ და ვუყურებ :D :D

  37. ბაბუტა says:

    ესეიგი ტექსტის სიდიდემ და სულ კრიტიკამ მეც დამღალა, მაგრამ რაც გეწერა სრული სიმართლეა… :D :D:D აიი მსოფლიოზე ყველაზე უნიჭო კინოს ნომინაციაში ქართველები გავიმარჯვებთ :D სასტიკი ფილმია სასტიკი სპეც-ეფექტებით :D ხო და კინოში არ წასვლის კიდევ ერთი და უმთავრესი მიზეზი: თუ გაგიმართლა და უკანა რიგში მოხვდი აუცილებლად გაიგებ შენს გვერდით მჯდომი წყვილის ზასაობის ხმას :D

  38. საბა says:

    მე მაგრად მინდა ამ ფილმის ყურება და დატოვეტ რააამ პილმის სრული ვერსია სად ვნახო :D

    • მჩხაპნელი says:

      მაქსიმუმ სადმე სპამში ამოვარდეს შემთხვევით :) ტელევიზიაშიც კი არ გაუშვიათ, ისეთი იყო :)

  39. avto says:

    spami ara hamburgeri…. vapshe axali umetesi qrtuli pilmebis yurebas jobia tvaletis charecxvas uyuro… :D :D :D … ragac pilms uyurebdi qartuls da msaxiobis tamashi momagona kaci romelsac dzalian epsmeba da ikavebs…. :D :D :D

  40. ევკლიდე says:

    ს.პ: ამზე წასვლას ისევ “ოცნების ქალაქის” მოსმენა ჯობია… კარგი ჯგუფია “მგზავრები”

    hah მაგარი ხარ ვიღაცა ხარ :) ))

    ნიჭიერი და განათლებული ხალხია საჭირო ყველა საქმეში.

Leave a Reply to irakli Click here to cancel reply.