“ბრავო” “ბის”–ების გარეშე

ჯონი ბრავო (?)

“ბრრრრრრ…” – ბგერათა სინთეზი, რომელიც სიცივის ან განსაკუთრებით უსიამოვნო შეგრძნების დროს აღმოხდებათ ხოლმე;
“ავო” – უარყოფითი ხასიათის მიმართვა ავი არსებისადმი;
“ბრრრრრრრ… ავო”თავად განსაჯეთ;

არსებობს (ან, ყოველ შემთხვევაში, უნდა არსებობდეს) ერთი ისეთი “მედია–დაავადება”, რომელსაც სამედიცინო ენაზე “ჰოლივუდის სინდრომს” ვუწოდებდი.

“ჰოლივუდის სინდრომი” – დაუოკებელი სურვილი იმისა, რომ გადაიღო წარმატებული ფილმის (პროექტის) შემდეგი ნაწილები (სეზონები) იქამდე, სანამ “წარმატება” “არ მატებაში” გადაგეზრდება.

არ ვიცი, იდეათა დეფიციტი იყო, თუ პირიქით მეტისმეტი მოჭარბება, მაგრამ ფაქტია, რომ ვიღაცამ “რუსთავი 2″–ის ყველა მუსიკალური პროექტის ერთ ქვაბში მოხარშვა გადაწყვიტა (და მადლობა ღმერთს, “ანა–ბანა” გამორჩა). ამგვარი კულინარული ქმედების შედეგად მიღებული “კერძის” შეფასება, რა თქმა უნდა, სუბიექტური განსჯის საგანია. პირადად მე “ბრავოს” პირველი გადაცემის გახსენებისას, თვალწინ რატომღაც ატლანტის ოკეანე, დიდი გემი და მის წინ აღმართული მზაკვარი აისბერგი წარმომიდგება ხოლმე. თუმცა, სამართალის დაჟინებული მოთხოვნით, აქვე უნდა დავურთოთ ისიც, რომ მისი “მეორე მცდელობა” “კატასტროფა” ნამდვილად აღარ ყოფილა და პირიქით, განცდილი პროგრესიდან გამომდინარე, მომავალში გაცილებით უკეთესი პროდუქტის ხილვის ლოგიკური იმედიც კი დაგვიტოვა (აქ უნდა იყოს ანდაზა იმედის განსაკუთრებულ სიცოცხლისუნარიანობაზე).

– რით დამიმტკიცებთ!
– რას?
– იმას,რომ სულელი ვარ
– მაგას რა დამტკიცება უნდა!
– სცადეთ
–საბუთი გინდათ?
– კი!
– კი ბატონო!
და ალექსანდრომ უცებ საშინლად დაიღრიალა :
აღსდექ კუმეო ! (“სამოსელი პირველი”)

ქართველები ხშირად ვწუწუნებთ ხოლმე, რომ საკუთარი გადაცემის მოფიქრების თავი (რიგ შემთხვევებში, უფრო უცენზურონი სხვა ორგანოსაც წარმატებით იყენებენ) არ გვაქვს და მხოლოდ უცხოური პროექტების გაქართულებაში ვართ მაგრები (შესაბამისად, თეორია, რომ ქართველი ყოველთვის ყველაფერში მაგარია, იხტიბარს არც აქ იტეხს). თუმცა, დასარწმუნებლად იმაში, რომ ჯერჯერობით “თარჯიმნობა” უკეთ გამოგვდის, ვიდრე “მწერლობა”, “ბრავოს”–ათვის ცოტა ხნით თვალის მოკვრაც სრულიად საკმარისია.

"ასე დაუსრულებლად"

…და სანამ კიდევ ერთი ქართული ბუზღუნნარევი კომენტარი – “ჩვენ ხომ არასდროს არაფერი მოგვწონსო” – გამოაჩენს კლანჭებს, დროა იმ კრიტერიუმების ჩამოთვლას შევუდგე, რომელთა შეცვლა (ან, დახვეწა), ჩემი მოკრძალებული აზრით, გადაცემას გაცილებით უფრო კარგ საყურებელს გახდიდა, ვიდრე ის ახლაა:

ა) “კარგი გოგო კარგ წამყვანს არ გულისხმობს”

“მარტო ლამაზი თვალების გამო… ” – “იმედის უხეშად მსპობელი” და ძირძველი ქართული გამონათქვამი

თუმცა, “ბრავომ” აღნიშნული კლიშე ისევე უმოწყალოდ დაშალა, როგორც ჩემმა მათემატიკის მასწავლებელმა – (a+b)3 მაგალითების გამარტივებას როცა გვიხსნიდა. ამ ორი გადაცემის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ წამყვანი ღიმილს სახლიდან გამოსვლის წინ მეზობლისგან თხოულობს და თან ღამით არსებული სიცივის გამო გზაში ეყინება ხოლმე. შესაბამისად, მთელი ორი საათის მანძილზე დაყენებული (ან, დაყინული), ხელოვნური, უცვლელი ღიმილით დგას და ერთადერთი მიმიკა რაც სახეზე აღებეჭდება (ისიც ძალაუნებური – ბუნება მოითხოვს) თვალების პერიოდული ხამხამია.

ასეთ დროს, “რუსთავი 2″–ის შეუპოვარი (და ჯერჯერობით ამაო) მცდელობა ასწავლოს “შოუს წამყვანობა” ადამიანს, რომელსაც ეს აშკარად არ გამოსდის, მაგონებს იმ იტალიელი არქიტექტორის სიტყვებს, თვალსა და ხელს (ან, მტკვრის სანაპიროებს) შუა ახალი თბილისი რომ აგვიშენა: “დიდი მადლობა პრეზიდენტს მოწვევისათვის, ფაქტობრივად, არქიტექტორობა აქ ვისწავლეო” (პრინციპში, თქმა რად უნდოდა. ეტყობა ქალაქს ისედაც).

"ნეტავ, რატომ?"

ბ) “მეცამეტე გოჭი”

აბსოლუტურად ზედმეტია დასაწყისში არსებული სიუჟეტი, სადაც ვიღაც ტიპი (პირველში – კოხორა იყო, ახლა – კობა ხაბაზი) პროექტის წესებს გვიხსნის (ან, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ფურცლიდან კითხულობს) და თან აშკარად ეტყობა, რომ წესიერად თვითონაც არ იცის რას ერჩიან. მით უმეტეს გაუგებარი ხდება სიტუაცია მაშინ, როდესაც მისი წვალება მთავრდება და გაღიმებული წამყვანები (ერთი განსაკუთრებით) ამ წესებს კიდევ ერთხელ გვიმეორებენ (გამეორებისა და ცოდნის მჭიდრო ნათესაობითი კავშირების შესახებ არსებული ანდაზა ვიცი, მაგრამ ეს ნაწილი გადაცემაში მაინც მეზედმეტება);

გ) “მცირეოდენ გაწელილი შოუ (?)”

ამ პროექტის სახელი “საღათას ძილიდან დაბრუნებული ვარსკვლავების კონცერტი” (ან, რამე უფრო მარტივი) რომ ყოფილიყო, ავწევდი ხელებს, დავტკბებოდი ნამდვილად კარგი მუსიკალური ნომრებით (რიგი გამონაკლისების გარდა) და გავაკრიტიკებდი “მაფიის ღამეს” (რომელსაც “იმედი” რატომღაც თავზე დაფოფინებს). თუმცა, როდესაც “მეგა შოუს” შექმნის ამბიცია (მეგათავსართი SI სისტემაში, აღნიშნავს 1 000 000, ერთი მილიონი) გაქვს, გადაცემის “შევსება” “პროფილის” ტიპის სიუჟეტების ნაცვლად, უფრო “საინტერესო ელემენტებით” რომ ხდებოდეს, უკეთესი იქნება.

"ხანდახან... თანდათან"

და თუ ის არის შოუ, ინგა გრიგოლიას მიერ ფორმალურად ნაქნევი ჯოხის პარალელურად ორკესტრი დირიჟორის გარეშე რომ უკრავს და გვანცა დარასელია ცდილობს (ამ სიტყვის ყველაზე მძაფრი გაგებით) “ბრეიქ–დანსი” იცეკვოს, მაშინ შოუს არსზე დღემდე მცდარი წარმოდგენა მქონია და მომი-TV-თ.

დ) “გეგას გასაუბრება დავითთან”

პირველი გადაცემის შემდეგ პროექტის ამ ნაწილში იმხელა ნახტომია გაკეთებული, რომ სერგეი ბუბკას (მსოფლიო რეკორდსმენი და ექვსგზის ჩემპიონი ჭოკით ხტომაში) გულწრფელად შეშურდებოდა. რაც მთავარია, დამოკლდა დიალოგები და მოკლე ფრაზებმა დამოკლეს მახვილი (მთელი წინა ეპიზოდის მანძილზე რომ ეკიდა მოსაუბრეთა იუმორის თავზე) ერთგვარად გააუვნებელყო. შესაბამისად, გეგას საკუთარი სამსახიობო მონაცემების გამოვლენა უკვე ნაკლებად უწევდა, რაც თავისთავად ასევე დადებით ფაქტორად უნდა მივიჩნიოთ და თან, წინა გადაცემისაგან განსხვავებით, აქ უკვე ადვილი მისახვედრი იყო, თუ სად, რატომ და რა დოზით უნდა გაგეცინა;

ე) “დაკარგული სტიმული”

მე რომ მკითხოთ (ვინ მკითხავს, მაგრამ მაინც) ჟიურის მხრიდან ერთ გუნდში მყოფ კონკურსანტთა “ქულობრივი შეფასება” ერთდროულად უნდა ხდებოდეს. წარმოიდგინეთ, რა ხალისითღა უნდა ემღერა თინა ჭულუხიძეს, როდესაც გაიგო, რომ მისმა კონკურენტმა COOL-ათა მაქსიმალური რაოდენობა დააგროვა და თვითონ სიმღერის პარალელურად სულ რომ გლანდების ოპერაცია გაეკეთებინა, მაინც აღარაფერი ეშველებოდა.

"რა წესია?"

ვ) “მარკშეიდერის გამოცხობილი პური”

ლობისტების მიერ მონაწილეთა მხარდასაჭერად დადგმული ნომრები, რომლებიც აქამდე შესრულდა (თუნდაც “კომედი შოუს” ბიჭების უგერგილო გამოსვლა, თუნდაც “გაიშნიკური” მიდგომა ორკესტრისადმი და თუნდაც “Next Level”-ის ხარჯზე გაქაჩული ცეკვა) ისეთივე ზედმეტი და ძალად ჩასმული იყო, როგორც შამპანურის საცობი, ბოთლს ჯანჯღარისა და ჭერისკენ გაშვერის მომენტში. თვითონ იდეა (რაიმეს გაკეთება) ცუდი არ არის, მაგრამ თუ ამ “რაიმე”–ზე შემსრულებლებს ოდნავი წარმოდგენა მაინც ექნებათ, წესით, შოუ უფრო მეტად ხარისხიანი უნდა გამოვიდეს.

აქედან გამომდინარე, თუ რატომ აკეთებენ ლობისტები იმას (ან რატომ ავალებენ მათ იმის გაკეთებას), რის გაგებაშიც არ არიან, ღმერთმაც (კიდევ ეცოდინება სხვა ვინმეს) იცის.

ზ) საეთერო დრო – აბსოლუტურად გასაგებია, რომ კვირა შვიდი დღისგან შედგება, რომ “პროფილი” ხელშეუხებელია და რომ “შაბათ–კვირა” პირდაპირი ეთერისათვის არარელევანტური დროა. თუმცა, ისინი ვისაც ანი კეკუას (პირობითად) გამარჯვებაზე მეტად “ბარსელონას” ან “რეალის” გამარჯვება აინტერესებთ და “ბრავოს” გამო, ჩემპიონთა ლიგის მატჩის ჩანაწერითღა უწევთ დაკმაყოფილება, არ მგონია გადაცემისადმი დიდი სიმპათიით განეწყონ (ვიცი, რომ ამგვარი შემთხვევებისათვის საკაბელო ტელევიზია და ცივილიზაციის განვითარების სხვა მრავალი მაჩვენებელი არსებობს, მაგრამ ფეხბურთის გულშემატკივრისათვის ეს ფაქტი ოდნავ გამაღიზიანებელი მაინც უნდა იყოს).

"რეალისათვის ადგილი აღარ დარჩა :) "

თ) საბედნიეროდ, მთელი ანბანის გამოყენება არ გახდა საჭირო.

“ჩვენ უკან კი არ ვიხევთ, არამედ წინ მივდივართ… სხვა მიმართულებით”გენერალი მაკარტური

კიდევ ერთი მომენტია. “ბრავო” რომ “კავკასიაზე”, “მაესტროზე”, ან თუნდაც “იმედზე” გასულიყო, ის შეიძლებოდა წარმატებულ სვლადაც ჩაგვეთვალა, მაგრამ “ნიჭიერის”, “ჯეოსტარის” და “ვარსკვლავების აკადემიის” შემდეგ აღნიშნული პროექტი ჯერჯერობით მაინც უკანგადადგმული ნაბიჯის ასოციაციას მიჩენს. ისე, ამ მცირე “შენიშვნებს” თუ შენიშნავს ვინმე ხომ კარგი, თუ არადა, ჩემპიონთა ლიგის ოთხშაბათი საღამო იქნება ის ერთადერთი დღე, როდესაც “პირველ არხს”  ”რუსთავი 2″–ზე უფრო მეტი მაყურებელი ეყოლება.

პ.ს: “ბრავო ჩვენ, რომ ამას ვუყურებთ და ვუძლებთ”© forum.ge
პ.პ.ს: “კაცია ადამიანი?!”–ს ეპიგრაფი…

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
94 Responses
  1. ბრავო ავტორს! კარგია… :)

  2. ბრავო შენ!
    ან ბრავისიმო:)))

    • მჩხაპნელი says:

      მოსასმენად ორივე შესანიშნავი სიტყვაა :P

  3. Net Wanderer says:

    მე პირადად ვერ მივხვდი ამ გადაცემის მიზანს და აზრს. ნუ, ერთადერთი ალბათ მაინც ბევრი მესიჯია :)

    • მჩხაპნელი says:

      რომ არ შედის ეს ბევრი მესიჯი ეგეც პრობლემაა (ჩემთვის არა, ავტორებისთვის) :) დაბალი მაჩვენებელია ჯერჯერობით სხვა შოუებთან შედარებით. აზრი ყველა დიდი პროექტის გაერთიანებაა, შედეგი – სახეზე :)

      • Andy says:

        არ შესდით არაა … დამრეწმუნეთ სანდო წყაროებიდან ვიცი , კივდებიან ისე უნდათ sms – ები მაგრამ არავინ ამესიჯებს , ან რატომ უნდა დაამესიჯო ადამიანებზე რომლებიც ერთხელ უკვე დაუმესიჯე და მოაგებინე პროექტი !

      • მჩხაპნელი says:

        მე იმ 14 000 ადამიანისაც მიკვირს ვინც ჯერ კიდევ “ამესიჯებს” :) თან თითქოს იმხელა აზარტიც აღარ აქვს შედეგების გამოცხადებას, როგორც სხვა შოუებში ჰქონდა wasntme

  4. modebilo elementi says:

    “ამ მცირე “შენიშვნებს” თუ შენიშნავს ვინმე ხომ კარგი, თუ არადა, ჩემპიონთა ლიგის ოთხშაბათი საღამო იქნება ის ერთადერთი დღე, როდესაც “პირველ არხს” ”რუსთავი 2″–ზე უფრო მეტი მაყურებელი ეყოლება.” :D :D :D მივიდა,მივიდა,ბექა :D კითხულობს უკვე,მერწმუნე :D რომც არ წაეკითხა,შენს პოსტამდე იცოდა ეგ ყველაფერი_არეულ-დარეულად,არამხატვრულად,გაფორმებების და შელამაზებების გარეშე მოვახსენე “ვინმეს” პირველივე გადაცემის შემდეგ :D მაგრამ მე არც ის მეწყინება,პირველი არხის რეიტინგი თუ გაიზრდება :D ეგეც შემოსავალია ჩემთვის :D :D
    გეთანხმები “ა”,”ბ”,”გ”,”ე”,”ვ”,”ზ”,”თ” პუნქტებში და აბსოლუტურად,სასტიკად,ძალიან(რა ვიცი კიდე რა) გეთანხმები “დ” პუნქტში :D
    P.S.დასაწყისის ბოდვას ვერ გაიგებდი,მაგრამ ეგ არაფერი :D
    P.P.S.არ შემიძლია არ აღვნიშნო_ (სნობი არ ვარ :D ) “აღსდექ კუმეო” არის ჩემი უსაყვარლესი ეპიზოდი მაგ რომანიდან <3 "ყოველგვარი სნეულების წამალი" და გამახალისებელი "ყოველ ჟამს" :D

    • მჩხაპნელი says:

      :D დასაწყისზე ვიფიქრე, ვიფიქრე და იმის გარდა, რომ შენ შეიძლება ამ ტელევიზების მარშალის კუნძულზე გამფორმებელი ადამიანი იყო, ვერაფერი მოვიფიქრე 8-) თან ასეთი ინფორმირებული, თან შემოსავლებიო. მაგრამ, რომ დამეთანხმე პუნქტებში აი მაგან შემაფიქრიანა ამ ვერსიაზე ცოტა :P

  5. Katiee.Ge says:

    იმედია შენიშნავენ და იმედია აღარასოდეს გაიმეორებენ ამ საშინელ გადაცემას. ოთხშაბათი საღამო ჯობია საერთოდ გამოვტოვოთ :) )) biggest fail! :D

    • მჩხაპნელი says:

      :D ჯერ კიდევ დარჩა 8 თუ 9 გადაცემა. ასე რომ მაგ იმედს (გამეორების შესახებ) სიცოცხლის მაქსიმუმ ერთკვირიანი ვადა დარჩენია :) “ნიჭიერის” მეორე სეზონი უკეთესი იქნებოდა გაცილებით, უბრალოდ ეს უფრო იაფი ჯდება :)

  6. ალუბალა says:

    გეტყობა მიჩვეული ხარ ჭეშმარიტ ბრავოს და სწორედ მაგიტომ არ მოგწონს ფსევდო ბრავოთა ასოციაცია…ხოდა ახალი იდიები ვისაც უნდა,ადამიანი კი არა ახალი იდია ხარ და მოგაკითხონ შენ,მაშინ მაინც აღარ ვიქნებიტ ბანალური პატენტატორები :P :P :P ხო კაი აზრია ხალხოოოოოოოოო???

    • მჩხაპნელი says:

      :D არა, კარგი იდეები, როგორც წესი, ჯგუფური მსჯელობის პროდუქტია ხოლმე :სოკრატე სმაილი: “ბრავო”–ს რაც შეეხება, ეგ სახელი გადაცემას არ შეეფერება, თორემ მონაწილეები (ძირითადად) მშვენივრად მღერიან, რას ვერჩი :)

  7. არ მომწონს ეს გადაცემა.. გუშინდელი კი საშინელებაზე უფრო მეტი იყო. განსაკუთრებით ინგა გრიგოლიამ ამირია გული.. :&მე მიყვარდა: “ნიჭიერი”, “ჯეოსტარი” და “ვასკვლავთა აკადემია”, მაგრამ ერთად ეს ყველაფერი ძალიან უშინაარსო და უაზრო გამოვიდა იმ შენიშვნების გათვალისწინებით, რაც დღეს შენ ანბანის მიხედვით ჩამოწერე : )
    ბრავო შენ! : )))))))))

    • მჩხაპნელი says:

      :P ჰოდა, ზუსტად მაგას ჰქვია “ჰოლივუდის სინდრომი”. ინგრედიენტები თუ კარგია ჯამი ყოველთვის კარგი არ გამოდის ხოლმე (კულინარული კანონი). დადასტურდა ახლაც :)

  8. Taa says:

    არ მინახავს ეს გადაცემა

    • მჩხაპნელი says:

      როგორც ერთი ქართული გამონათქვამი იტყოდა: ბევრი არაფერი დაგიკარგავს (მიხვდებოდი ისედაც) :)

  9. tamaRa says:

    ლობისტებზე მსჯელობისას არ გიხსენებია სოფო ნიჟარაძე;
    ამ ფაქტის ასახსნელად ორი ვერსია მაქვს:
    1. კარგად იცეკვა და მოგეწონა;
    2. გინდა, რომ შენი პოსტი მაინც იყოს სოფო ნიჟარაძისგან იზოლირებული. :)
    მაინც ყველგანაა სოფო :)

    • მჩხაპნელი says:

      :D არ მინახავს სოფო ნიჟარაძის ცეკვა. მარტო მუსიკას ვუსმენდი მაშინ და შეიძლება კარგადაც იცეკვა, ასე პირდაპირ ვერ “დავადანაშაულებდი” :P მაგრამ ისე შეიძლება ქვეცნობიერმა დაბლოკა თავისდაუნებურად, მთლად ყოვლისმომცველი რომ არ იყოს ეგ მომღერალი :)

      • tamaRa says:

        აჰ, თურმე რა მარტივი ახსნა ჰქონია:)

      • მჩხაპნელი says:

        “ყველაფერი მარტივია, უბრალოდ მათ ჩვენ ვართულებთ” – რომელიმე დასტვენილი ფილოსოფოსი :)

  10. Agasfer says:

    Fეილიც fეილია და fეილიც..
    კოშმარი იყო )
    ამ ბლოგზე ყველა მეტად ის მომწონს, რომ ავტორი ჩემსავით უზარმაზარ პოსტებს წერს. აი ემ ნოთ ელოუნ :D hah hah

    • მჩხაპნელი says:

      hah მე არ ვწერ, უცებ აღმოვაჩენ ხოლმე, რომ დიდი გამოსულა და მერე უკან დასახევი გზა აღარ რჩება :) კოშმარს მაინც ერთი დადებითი თვისება აქვს: შეგიძლია გაიღვიძო :)

  11. Andy says:

    ეს იმედი მაფიის ღამეს რატო დაფოფინებს მართლა დიდი კითხვის ნიშანია !
    გადაააშენეთ … wasntme

    • მჩხაპნელი says:

      ორი ვარიანტია :) ან. იდეები აღარ აქვთ (რაც დიდი პრობლემაა), ან ჰგონიათ რომ კარგია (რაც უფრო დიდი პრობლემაა) :P

  12. Snitch says:

    ა) შენ ხო გაუჭირე რა ამ შუა ქალაქს საქმე :D

    ბ) მდედრი წამყვანი მართლაც რომ კატასტროფაა

    გ) გვანცას ცეკვა არაფერია იმასთან შედარებით, რომ მის ფსევდო ბრეიქზე ე.წ. მქუხარე თაში ატყდა დარბაზში

    დ) ბარსას გერბმა თავისი მინაწერით დაგლიჯა :D

    ე) forum.ge forever! :)

    • მჩხაპნელი says:

      :D
      ა) აქ სად არის შუა ქალაქში? :P ნუთუ ირიბ ნათქვამზე ხვდები უკვე რას ვგულისხმობ? devilsmile

      გ) მანდ ხანდახან სთხოვენ ხოლმე, რომ ტაში დაუკრან და შეიძლება მაგიტომ :) თუმცა, არც ის გამიკვირდება შენი ვერსია რომ იყოს მართალი

      ე) შევიჭყიტე გუშინ შემთხვევით და დიდად გამომადგა, ასე რომ გეთანხმები :P

  13. Kes-kes says:

    გადაცემა არ მინახავს, მაგრამ მჯერა, რომ სიმართლეა ყველაფერი, რასაც წერ !!!
    შენი წერის სტილი რომ ძალიან მომწონს, რა ვქნა? :> :D

    • Snitch says:

      შენი ჟურნალი/გაზეთი რო გექნება მთავარ რედაქტორად თუ არა ჟურნალისტად მაინც დანიშნე :)

      • მჩხაპნელი says:

        :D მაწყობს ძალიან, ოღონდ ეს “რომ” ყოველთვის დიდი შემაფერხებელი ფაქტორია ხოლმე :P

      • Kes-kes says:

        snitch ეს რა კარგი იდეა მომაწოდე, ვიფიქრებ აუცილებლად :D

        • მჩხაპნელი says:

          იფიქრე და მერე მეც გამანდე შენი ნაფიქრი (იქნებ ბედს ვეწიო) :)

  14. ბექა, და მაინც ყველაზე საინტერესო რაღაც გამოგრჩა (არ იცოდი ალბათ) რუსა ჩაჩუას (ანუ ამ ღიმილმიყინულ გოგოს) ფეისბუქს როგორც კი გახსნი პირველივე “like” არის “დავაფსი ქართულ ესტრადას” :D :D

    • მჩხაპნელი says:

      :D :D
      ჯერ მარტო ეგ ჯგუფი ვინ მოიგონა, ის არის საინტერესო შემთხვევა და მერე მაგისი მოწონება კიდევ :) ანუ, მიდგომა არ არის მაინცდამაინც ცუდი (უწყობს თავისი ქმედებით ხელს ესტრადაც), მაგრამ შესასრულებლადაა ცოტა აბსტრაქტული და განუხორციელებელი :P

  15. Faust says:

    არ მინახავს.
    აღარც ვნახავ :)

  16. ქეთო ქალღmერთ პატარქალიშვილი says:

    ჰო.

    • მჩხაპნელი says:

      hah
      ძალიან მომეწონა შენი კომენტარი. ვითომ პატარა და ინტონაცია რომ წარმოიდგინო, რა მრავლისმომცველია hah

  17. რამონა says:

    რეალს და შუა ქალაქს დაანებე თავი და ჟურნალისტი ვერ გაჯობებს… ზემოთნახსენები არხის ჟურნალისტები ვერც ახლა გჯობიან მაგრამ შენი თვითკრიტიკის ამბავი რომ ვიცი, ამას არც მიიღებდი კომპლიმენტად. ნუ, მაგარი ხარ!

    • მჩხაპნელი says:

      :D რეალისათვის დანებებული მაქვს (უბრალოდ, მართლა არ დარჩა ადგილი devilsmile ) და “შუა ქალაქმა” თვითონ დაგვანებოს უკვე. თან პირდაპირ არც ამას ვერჩი :>

      დანარჩენს რაც შეეხება… კი იცი შენც რომელი თავაზიანი სიტყვაც :)

  18. YahooGoogle says:

    კარგი პოსტია. :) მნიშვნელოვან დეტალებზე ამახვილებ ხოლმე ყურადღებას და საინტერესო საკითხავია. ;)
    რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგისა და ბრავოს დროების კვეთას, აქ ევროპა დაგვეხმარება, 31 ოქტომბერს სტანდარტულ დროს უბრუნდებიან, თამაშები 23:45-ზე დაიწყება ხოლმე და არ დაემთხვევა, ”ბრავოს” დრომაც თუ არ გადაიწია, რასაკვირველია. :)

    • მჩხაპნელი says:

      აჰა, ესე იგი ეგ პუნქტი ამოირიცხა :) ალბათ თავიდანვე იყო გათვლილი. დანარჩენებს დავუცდი სხვა გადაცემებში. იქნებ გამოსწორდეს :)

  19. AN-a-NO says:

    ვერ ვუყურე გადაცემას ბოლომე მაგრამ ერთს დავაკვირდი რომ ქულებს რომ აწევენ ჟიურის წევრები მერე ერთი საათი ტრიალობს ბანერი რომ ნამდვვილი ქულა დაეწეროს. ვითომ მანამდე ვერ დავთვალეთ. ალბათ გონიათ რომ დაძაბულობას ქმნიან. :P !!!

    • მჩხაპნელი says:

      შოუს ეფექტია ერთგვარი, ან იმ ადამიანებს ძაბავს, ვინც 9 X 5 არ იცის :)

  20. დონე ხარ რა! :D :D

    შენს პოსტებს ვკითხულობ! ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით ! 8-)

    • მჩხაპნელი says:

      მადლობა!
      ამ სიტყვის ყველაზე მადლიერი გაგებით :P

  21. nini says:

    მოკლედ და კონკრეტულაად გეთანხმები…

    მაგარიიიი ხაარ!!!

    • მჩხაპნელი says:

      მოკლედ და კონკრეტულად გიპასუხებ…

      მადლობა!!! :)

  22. Dino =)) says:

    მაგარი სიმართლე გიწერიაააა =)) იმედია ოთხშაბათსაც არ გაბედავენ და ბრავოს არ გაუშვებენ მილანი რეალის მაგივრად :D და მერე ჩანაწერს არ მაყურებინებენ

    • მჩხაპნელი says:

      მაგ საკითხში ევროპა დაგვეხმარა :) დაგვეხმარა რა… დრო გადაიწია და საბანი ორივეს გასწვდა – შოუსაც და ფეხბურთსაც :)

  23. Fox says:

    წაიღეს რა ტვინი ამ უნიჭო შოუების კეთებით. ფონოგრამაზე სიმღერას და მარტო პირის გაღებას რა უნდა.

    • მჩხაპნელი says:

      არც არაფერი, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ მანდ მაინც მღერიან ცოცხლად :) აბა ისე რაღა აზრი აქვს შოუს კეთებას :)

  24. MamuuK says:

    ისე ამ ბოლო დროს შედარებით ხშირად პოსტავ რაც კაგია :)

    ბრავოს რაც შეეხება არ მომწონს როგორც შოუ მორიგი ქართული უაზრობაა…..
    ისე ორიგინალური და კრეატიული იდეები აკლია ქართულ ტელევიზიას
    ერთადერთი ესეთი შოუ მახსოვს “ამტანი” რომელმაც გაამართლა შემდეგი მიზეზების გამო
    1.იაფი იყო :D (მის შემქმნელს დღეში მხოლოდ 10 ლარი ეხარჯებოდა :D )
    2.ლიცენზია არავისგან უყიდია მამუკა ღლონტს.
    3.იდეა იყო კარგი და კრეატიული. თანაც ქუჩაში მობარბაცე ხალხი არაფრით განსხვავდებოდა ოთახში დამშეული ხალხისგან :D

    • მჩხაპნელი says:

      :D :D

      “ამტანი” თან პირველი რეალითი–შოუ იყო და გამოშტერებულები ვუყურებდით, როგორც ახალ ხილს და საოცრებას :) თან ჭკვიანურადაც იყო მოფიქრებული დავალებები და სქემა თამაშის :) დიდი სიამოვნებით ვუყურებდი კიდევ ერთხელ :)

  25. რაცხა არ მომწონს მე აგი პროქეტი და მომკალი და გამათავე თუ ინდა აქვე!
    ისეთ რეკლამებს უკეთებდნენ მეთქი ეგ არის და გვეშველა მგონია შოუბისნეშითქვა მარა რა გინდა… კი დამხვდა სცენაზე ვანოია და ეს ვიღაც გოგო ლაპარაკიც რომ არ იცის…
    ხო და… ნერვების მოშლას მირცევნაი არ ვუყურო :) )

    • მჩხაპნელი says:

      ისე ჩაიარა ამ შოუმ დუტას დახატული მარინა ბერიძის გარდა არაფერი დამმახსოვრებია, რასაც ვუყურე. ასე რომ მთლად ცუდი არჩევანი არ გაგიკეთებია, როდესაც ნერვები ანაცვალე მის ყურებას :)

  26. St. Joke Maker says:

    ეს ბარსელონა რაღა იყო. შენ მაინც არ მეგონე მოდას აყოლილი, საერთოდ მეგონა არ გიყვარდა ფეხბურთი და ჯობდა არც შევმცდარიყავი. ვერასოდეს გაპატიებ devil devil devil devil devil

    • მჩხაპნელი says:

      მაპატიე :) ფეხბურთი მიყვარს (თამაშიც და ყურებაც), მაგრამ ჩაციკლული არ ვარ რომელიმე გუნდზე :)

  27. მააგარი იყო :) “ბრავო”, ოღონდ “ბის”-ით :P

    • მჩხაპნელი says:

      :D ამაზე მეორედ დამწერი აღარ ვარ! მუჩო გრასიას! :)

  28. მეო says:

    მე არ მიყვარს ტელევიზორი.. (და იშვიათად ვუყურებ) : )) )) თუმცა ზოგადი წარმოდგენა შენი ბლოგიდან მექმნება და ვხვდები თუ რა კარგი ვარ და კარგი ხარ : ))

    • მჩხაპნელი says:

      :D თუ მარტო აქედან გადაწყვეტ წარმოდგენის შექმნას, მგონი საერთოდ გაყიდი იმ ტელევიზორს :)

  29. აგათა says:

    უკვე ძალიან ბევრი ადამიანისაგან მესმის რომ “ბრავოს” ბრავო, თუმცა აქ კრიტიკას გადავაწყდი, უნდა ვნახო ერთი ეს “ბრავო” რა არის და მერე მივემხრო ან “დოინს” ან ხალხს! :D

    • მჩხაპნელი says:

      :D ბოლო პერიოდში აქ არსებული შენიშვნებიდან რამდენიმე აღმოიფხვრა და რამდენიმე შეიცვალა, ასე რომ დიდია შანსი იმისა, რომ “მოწინააღმდეგე ბანაკს” მიემხრო :)

  30. სმიტ says:

    რა თქმა უნდა ადამიანს აქვს უფლება, თავისი აზრი გამოხატოს. შეაქოს ან უკმაყოფილება გამოთქვას, ამა თუ იმ საკითხებზე, მაგრამ ერთი თხოვნა მექნება, ადამიანის პიროვნულობაზე და პირად შეურაცყოფაზე საუბარს გირჩევნიათ, რაიმე უფრო აზრიანი საქმე აკეთოთ. lol
    რუსა ჩაჩუა არის უსაყვარლესი, უკეთილშობილესი ადამიანი და ამას ნამდვილად არ იმსახურებს. მეზობლისგან კი ნამდვილად არ აქვს ნათხოვარი ღიმილი.

    • მჩხაპნელი says:

      პირად შეურაცხყოფას ასე უმიზეზოდ არასდროს არავის ვაყენებ. მით უმეტეს ადამიანს, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ. არ ვეხები ღიმილს გადაცემის მიღმა, ანუ, ცხოვრებაში, სადაც ის ბუნებრივია, მაგრამ ფაქტია, რომ გადაცემაში ეს ღიმილი ხელოვნური, დაძაბული და ხანდახან ნაძალადევიც კია, რაც მისი მსვლელობისას ისე ჩანს, თითქოს ეს რუსას ღიმილი არ იყოს. (ახსნა “მეზობლისგან ნათხოვარისა”, რომელიც სატირულია და არა შეურაცხმყოფელი) : )

  31. გიგა says:

    ამ გადაცემაში ყველაზე ძალიან ერთი “ნათელი” მომენტი მომწონს – გეგასა და ღამის შოუს ერთ-ერთი წამყვანის დიალოგი.ზედმეტად უნიჭოდ არის დადგმული,ისევე,როგორც მთელი შოუ :)
    P.S რაც შეეხება მჩხაპნელს – “ბრავო,ბრავო!”-ს ნამდვილად იმსახურებს :P

    • მჩხაპნელი says:

      :D ვაშა, ეგ დეტალი ამოიღეს უკვე. ბოლო ორი გადაცემაა დათოსა და გეგას კადრიც კი აღარ ყოფილა :)

  32. =]] says:

    იდეა მაქვს !!
    სხვებს რომ აკრიტიიკებ შენ მიფიქრე რამე პროეკტი devilsmile devilsmile devilsmile :) :D

    • მჩხაპნელი says:

      :D მარინა ბერიძეც აკრიტიკებს მომღერლებს, მაგრამ როგორ მღერის კი გამოჩნდა ამავე ბრავოში :) რა თქმა უნდა, დიდ მარინას არ ვედრები, უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ კრიტიკა ისედაც არის შესაძლებელი :)

  33. მაგარი ხარ.. ზუსტად მიგნებული შენიშვნებია ;)

    • მჩხაპნელი says:

      მთავარია ზუსტად ის ადამიანი თუ გაიგებს, ვისაც ამ შენიშვნების გამოსწორება ეხება და მეორე სეზონში გაითვალისწინებს :)

  34. pain says:

    “ბრრრრრრრ… ავო” – თავად განსაჯეთ;
    განვსაჯე და მივხვდი! ორი მინუსი გაპლიუსდებას მეთოდიაა… 8-)

    • მჩხაპნელი says:

      :D ჰმ, მათემატიკურად სწორი ხარ, ხომ იცი შენ :)

  35. gvance says:

    ვაიმე მეგონა რ რასაც ვფიქრობდი იმას ვკითხულობდი რაააა
    მარა ყველა დროის პლაგიატების მსხვერპლი პლაგიატობაში როგორ დაგადანაშაულო :D
    ისე შემდეგი გადაცემები თუ უკეთესი იქნება მხოლოდ იმიტომ რომ მჩხაპნელის პოსტების დაკოპირების იმედით აუცილებლად წაიკითხავენ ამასაც და ძალაუნებურად გაითვალისწინებენ რჩევებს :D

    • მჩხაპნელი says:

      :D შემდეგ გადაცემებში პროგრესი აშკარად იყო, შეიძლება თვითონაც მიხვდნენ :)

  36. teko says:

    შესანიშნავია :)

  37. TamTi says:

    თქვენ გაიხარეთ.. 8-) მე გეთანხმებით სავსებით. პირველივე გადაცემა ჩავარდა. მარიამ კახელიშვილი გააბანძეს, თან მაგრად. ვოტ!

    • მჩხაპნელი says:

      მე არ მახსოვს რატომ გააბანძეს მარიამ კახელიშვილი, მაგრამ მიხარია, რომ მეთანხმები :)

  38. MaRo...=X says:

    ბექა, თავიდან არა მარა ახლა მომწონს ბრავო… უფრო საინტერესო გახდა, მომღერლებიც და ლობისტებიც [განსაკუთრებით გეგა:D]… მაგრამ შავაძე რო გავიდა მაგან გადამრიააა =X ისე ძაააან მაგარი ხარ, სულ ვკითხულობ შენს პოსტებს და ყოველდღე აქ ვაგდივარ :D <3

    • მჩხაპნელი says:

      კი, პირველი გადაცემის შემდეგ ნამდვილად გაუმჯობესდა :) თუმცა, რამდენიმე ნიუანსი მაინც დარჩა გამოსასწორებელი – მეორე სეზონში გამოსწორების პერსპექტივით :)

      • MaRo...=X says:

        ხო, გასაკეთებელი კიდევ ბევრია :D ბექა, ნიჭიერის ბლოგერი კიდევ იქნები? მომენატრა ყველაზე მაგარი გადაცემა

      • მჩხაპნელი says:

        არ ვიცი. წესით არა :) მე არ ავიყვანდი ჩემს თავს მეორე სეზონშიც, იმიტომ, რომ ხანდახან ზედმეტად კრიტიკული ვარ ხოლმე – გადაცემა კი ნამდვილად კარგი იყო :)

        • MaRo...=X says:

          ანუ აღიარებ, რომ დაუმსახურებლად აკრიტიკებდი? :D აქ მაინც დაწერე ხოლმე ნიჭიერის მიმოხილვა, თუ არ აგიყვანეს :) მე შენს კრიტიკაზეც ვხალისობ:)

          • მჩხაპნელი says:

            არა, დაუმსახურებლად არა :) რაც იყო, იმას ვწერდი, უბრალოდ, დროდადრო შეიძლება შემომეზვიადოს. ზოგადად ვამბობ, რომ მიმოსახილველად არ ვარ მე მთლად გამოსადეგი ხოლმე :D

  39. მძიმე) says:

    ერთხელ ვუყურე ,,ბარვოს,, ისიც ინტერესის გულისთვის.მეგონა ეგ წამყვანი გოგო მარტო მე მიშლიდა ნერვებს,მთელი გადაცემის განმავლობაში იყო შეუმჩნეველი.პრინციპში აღარაფერს ვამატებ,ფეხბურთი არ მედარდება და შოუ,რომ არ მომწონს არც ვუყურებ:D ესაა და ეს:)

    • მჩხაპნელი says:

      :D ეგ მარტივი გამოსავალია და ვეცდები, მეც “გამოვიდე” :) მაგრამ ჩემი აიეტის პაკეტი იმდენად ცუდად აჩვენებს უცხოურ არხებს, რომ უკეთესი ალტერნატივა არ რჩება :)

  40. MaRo...=X says:

    Sheidzleba gadacemas reitingi daugdo xo sheni kritikit :D nichierze es ver moaxerxe:P me mainc minda nichieris blogeri rom iyo:) aba shen tu ara vin? :)

Leave a Reply to nini Click here to cancel reply.