მეტი რიდი, თუ შეიძლება!

"მე ჯერ მისალმება არ დამემთავრებინა..."

“რუსთაველმა ცუდი სამსახური გაგვიწია, რადგან ძალიან დიდი ტილო გამოდგა და ყველას გვყოფნის ხელის შესაწმენდად. მერე რა რომ ჩვენ არ ვვარგივართ?! სამაგიეროდ რუსთაველია დიდი. მერე რა რომ ჩვენ უნიჭოები ვართ?! სამაგიეროდ, რუსთაველია გენიოსი” – ჯემალ ქარჩხაძე

“გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის…” – შოთა რუსთაველი

ეპოქალური წიგნია “ვეფხისტყაოსანი”. ვისაც წაუკითხავს – მოსწონს, ვისაც არ წაუკითხავს – აქებს, ვინც თავისი ნებით გაეცნო – რუსთაველის (ან საკუთარი) ქართველობა ეამაყება და ვისაც სკოლაში წააკითხეს – მტანჯველი მოგონებებისგან ბურძგლავს. თუმცა, ფაქტი ერთია – რუსთაველის “UP-ორიზმები” ჩვენთვის დღემდე ის პირამიდებია, რომელთაც დრო ვერაფერს აკლებს: გენდერული დისბალანსის აღსაკვეთად - “ლეკვისა და ლომის სქესობრივი თანასწორობა” გვახსენდება, ქველმოქმედების სტიმულირებისათვის – “რაიმეს გაცემის ბუმერანგული მახასიათებლები”,   სიყვარულის მალვაზე – “ცხენის მოპარვის შემდგომი ინსტრუქცია”, ასოციალური ადამიანების გამოსაფხიზლებლად – “ჩინის ქვაზე დაწერილი არაკი”, ცხოვრებისეული ცვლილებების ასახსნელად – “ტურფა საბაღნაროში მიმდინარე ცირკულაცია”, სიკვდილის ძლევამოსილების ილუსტრირებისათვის – “ვიწრო ან კლდოვანი გზის ქმედითუუნარობა” და ათასი სხვა.

უსაქმურობის ილუსტრაცია

თუმცა, უცხოელი მწერლები რუსთაველს, როგორც ჩანს, სათანადოდ არ იცნობდნენ. შესაბამისად, “გრძელი სიტყვის მოკლედ თქმის” ნაცვლად ზოგჯერ ისეთ სქელ წიგნებს წერდნენ, რომ რედაქტირების დროს მათი მეორედ გადაკითხვა, ალბათ, თვითონვე ეზარებოდათ. მაგალითისთვის ვეშაპისოდენა “მობი დიკი”, ჯოისისეული “ულისე”, დიუმას “სამი მუშკეტერი” და მისი დეკადური გაგრძელებები, ჰიუგოს ნებისმიერი რომანი ან თომას მანის “ბუდენბროკებიც” საკმარისია. ჩვენს საუკუნეში კი, როცა რვაას გვერდს კი არა, ზოგჯერ მეგობრებს ვეღარ კითხულობ ადამიანი, რა გასაკვირია, რომ კაცობრიობამ დროის დაზოგვის მიზნით ძველ წიგნებს “კლასიკა” უწოდა და ამით თითქოს ხელებიც დაიბანა.

“კლასიკურია ის წიგნი, რომელსაც ყველა აქებს, მაგრამ თითქმის არავინ კითხულობს”მარკ ტვენი

არადა, გამოსავალი ყოველთვის არსებობს – თუნდაც, წიგნების შემოკლება. ჰო, აი ისე, როგორც, მაგალითად, რამდენიმე წიგნის -  უფრო ზუსტად კი “უთავო მხედარის” – შემთხვევაში “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” მოიქცა (მოზარდებისათვის განკუთვნილ მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს ვგულისხმობ, “თბილისელები” რომ მოყვება).

რაც ყველაზე სასიხარულოა, ჩვენ წიგნის შემოკლების შესახებ წარმოდგენა არ გვაქვს და მისი დასრულების შემდეგ ილუზიაც კი გვექმნება იმისა, რომ ნაწარმოებს საფუძვლიანად გავეცანით. იდეალურია! აბა რა ეგონა ვიღაც მაინ რიდს ასეთ სქელ წიგნს რომ წერდა?! მადლობა ღმერთს, გამომცემლობაში კარგი ცენზორები რომ სხედან და ზედმეტ  ლაყაფს, აბზაცს ან გვერდს მთლიანად იღებენ წიგნიდან.

"კრიჭი, კრიჭი..."

მაინ რიდის არ იყოს, ალექსანდრე დიუმაც კარგი ხვითოა და მსოფლიო კლასიკოსებს ერთი დუიმითაც ვერ უახლოვდება. შესაბამისად, ამავე სერიაში მისი “გრაფი მონტე კრისტოს” შემოკლებაც აბსოლუტურად გამართლებულია. მთავარია, შინაარსს  ვიგებთ და საზოგადოებაში არ შევრცხვებით. ინტრიგანები ხომ არ ვართ ახლა, დეტალებს გამოვეკიდოთ (მერე რა რომ “ღმერთი დეტალებშია”). საიდან უნდა სცოდნოდა დიუმას, რა იყო კარგი და რა ცუდი ჩვენთვის (ამბობენ, სულაც სხვას აწერინებდა წიგნებსო). კიდევ კარგი, გამომცემლობაში იციან…

ჰო, ახლა ცოტა სერიოზულად. გასაგებია, რომ ქაღალდი ძვირი ღირს და წიგნი – იაფი, გასაგებია, რომ ზოგი ამ ტომეულებს მხოლოდ ლამაზყდიანი თაროების ეშხით ყიდულობს, გასაგებია, რომ არც წიგნის გადამოწმების სურვილი გაუჩნდება ბევრს,  გასაგებია, რომ “ადაპტირებული ვერსიის” დაწერის შემთხვევაში – წიგნი ნაკლებად მიმზიდველი იქნება და ის კორექტურული შეცდომებიც გასაგებია (ხუმრობა საქმე ხომ არაა, კვირაში ერთი წიგნის ბეჭდვა), რომლითაც სავსეა ამ სერიის ნაწარმოებები, მაგრამ…

ამონარიდი “თორმეტი სკამის” პირველი თავიდან, სადაც იპოლიტ მატვეევიჩის სახელის ერთბაშად ხუთი ვერსიაა მოცემული:

“1. იპოლიტ მატყვეევიჩი
2. იპოლიტ მეტყვეევიჩი
3. იპოლიტ მატვევიჩი
4. იპროლეტ მატვეევიჩი
5. იპოლიტ მატვეევიჩი”

o_O

…ყველაფერი ამის სინთეზს ქართულ ლექსიკაში – “მიფუჩეჩება” ჰქვია, ქართულ სამართალში – “მკითხველის უფლების დარღვევა”, ან, უფრო არასამართლებრივ ენაზე რომ ვთქვათ – “მკითხველის მოტყუება”. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ექვსგვერდიანი თავი ერთ გვერდშია ჩატეული და ვიღაცის უჩინარი ხელი წყვეტს – რა წაიკითხო.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ სერიით გამოსული ორმოცდაათივე წიგნი შემოკლებულია, ან, სულაკაურის გამომცემლობის სხვა წიგნებიც უხარისხოა (პირიქით – აქამდეც მომწონდა და არც მომავალში ვაპირებ გადაწონებას), მაგრამ თუ მაინცდამაინც ქაღალდის პრობლემა იქმნება, რატომ უნდა იყოს რთული ისეთი ნაწარმოებების ამორჩევა, რომელიც “გაშედევრებას” შვიდას გვერდზე გაშლის გარეშეც ახერხებს.

ყოველი ტომის პირველ გვერდს “© ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. ყველა უფლება დაცულია”  წარწერა კი ამშვენებს, მაგრამ ჩვენს უფლებებს ვინღა იცავს,  “Google”-მ იცის.

მეტი რიდი თუ შეიძლება.

პ.ს: “ვის შევჩივლო, მაინ რიდი მკვდარია”“უთავო მხედარი”-ს წიგნი

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
23 Responses
  1. თიკო says:

    ძალიან ნიჭიერი ადამიანი ხარ შენ, მერამდენედ ვამბობ უკვე ამას :)
    ძალიან კარგი ენით წერ, ასევე ძალიან კარგ ნაწერებს.

  2. Agasfer says:

    რაღაც ვერ მივხვდი. “50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო…” იგულისხმება? ეგ პალიტრა L ის პროექტი და გამოცემაა.

    • მჩხაპნელი says:

      არა, მაგას რას ვერჩი :)
      “თბილისელებთან” ერთად გამოდის სერია – “მსოფლიო ლიტერატურის შედევრები მოზარდებისთვის” – უბრალოდ “უთავო მხედარი” გამოვიდა აქაც და 50-ე ტომი იყო :)

  3. ქეთი says:

    ბექა, ძალიან კარგად წერ და რამე წიგნი დაგვიწერე რა..მოეშვიი…არა, არ მოეშვა კლავიატურას, მაგრამ კალამსაც მოჰკიდე ხელი რა… გახადე ჩვენი ცხოვრება ცოტა უფრო ხანგრძლივად საინტერესო…ეს ბლოგები კი კარგია,მაგრამ მინდა შენი “კლასიკა” წავიკითხო…ამის დიდი სურვილი მაქვს ნამდვილად… წარმატებას გისურვებ ნიჭიერო!

  4. joke_maker says:

    საწყალი თომას მა(ი)ნ(ი) რიდი შენ ხელში :)

    • Kes-kes says:

      Parolingis ert-erti msxverpli? :) Ras gvishvreba es bichi… Ho, postma damapiqra da gadavwyvite qartuli jurnal-gazetebi agar gavamdidro, ase mouxdebat magat

  5. ინკოგნიტო says:

    მე პირადად ამიტომაც მიყვარს ძველი გამოცემები,ცოტა დახეული,წიგნის განსაკუთრებული სუნით და შეცდომების გარეშე.

    • ყველაზე ცუდი მაინც კორექტურული შეცდომებია. როცა ხედავ, რომ ერთ აბზაცში ზედიზედ რამდენიმე შეცდომაა, უკვე გიჩნდება გრძნობა, რომ ეს წიგნი “მოვალეობის მოხდის მიზნით” არის გამოშვებული wasntme

  6. Snitch says:

    რა ბედნიერებაა რომ ასეთი წიგნებიდან ყველა მაქვს ძველი გამოცემა ჩემი გამომცემლობაში მომუშავე წინაპრების გამო :)

    როგორც ყოველთვის შენეული, სასიამოვნოა!

  7. samuraisxmali says:

    შეცდომები არც პალიტრა L-ს გამოცემულ წიგნებს აკლია და როცა ეს დიდოსტატის მარჯვენაში ხდება, სირცხვილია…

  8. 50 ეულში გვერდებს არ იშურებენ, ყოველ შემთხვევაში პალიტრისგან ეგეთი რამ არ მახსოვს

    ყოჩაღ ბაკურ სულაკაურს hah კარგი ხელფასი ექნებათ რედაქტორებს ალბათ

  9. Agasfer says:

    ისე, ვინმე “ჯადოსნური მთის” შემოკლებულ ვარიანთს თუ შემომთავაზებს და ბუნების აღწერებს მოაშთობს, მადლობასაც კი გამომტყუებს :დ

  10. Kate says:

    ერთხელ მაინც დაწერე მშვიდი პოსტი.
    ბოლდებისა და აქცენტების გარეშე.
    აი უბრალოდ პოსტი.

    • mzesaswauli says:

      მე ვერც კი წარმომიდგენია ბექას მასეთი პოსტი – ბოლდების და აქცენტების გარეშე hah

  11. ეკკა says:

    იცი რა მომწონს შენში? ის რომ პრობლემებს ხედავ სწორად, დროულად და რაც მთავარია ძალიან კარგად გადმოსცემ მკითხველს… “უბრალოდ პოსტი” კარგია წაიკითხავ, გაიღიმებ და მორჩა მაგრამ ესეთი პოსტები ბევრ ქვე-აზრს მოიცავს და მაგას ცოოოტა ჩაფიქრებაც სჭირდება … ესე გაარძელეე – ძალიან გგულშემატკივროოობ :*:*:*

  12. ბტუ says:

    ჩემს ჰიუგოს რაღას ერჩოდნენ შესამოლებლად წერდა თავისთვის კეთილ კატორღელებზე, რევოლუციონერ მღვდლებზე, დიდგვაროვან და არ დიდგვაროვან სახიჩრებზე

  13. პოლიგრაფი says:

    აქ ვერ დაგეთანხმები ქვეყანაში სადაც 100 წიგნი ტირაჯს ნიშნავს იქ არაფერი გამოვა, პირადად მაქ სამივე სულაკაურთან შეხება ( ძმებთან) და ნადვილად არ არიან ისეთები როგორსაც შენ აქ აჩენ შენ არ იცი ქართულ პოლიგრაფიაში რა ხდება, მგონი ის მაინც იცი სად ცხოვრობ და აქედან გამომდინარე არც უნდა გქონდეს მეტის პრეტენზია….. საქმე იმაშია რომ არ არის მსურველი იმის რომ შეიძინოს წიგნი და ვისთვის უნდა გამოუშვას. რომ დაიქირავო კარგი მთარგმნელი, გამოუშვა 100000 ტირაჯით….. რამოხდებაა???? რა მოხდება და გაყიდი 100 დანარჩენის გაჩუქება მოგიწევს და გაკოტრდები. იყოს ისეთი სამუშაო გარემო, რომ ხალხი ითხოვდეს და გამოუშეებენ დიდი ტირაჯით სქელ წიგნებს, მე პირადად ამაზეც მადლობელი ვარ რაც ბაკურმა შეძლო თან ამ წიგნებს მგობნი მითითებული აქ მოზარდებისთვის და დანარჩეს ვისაც ამაზე გული შესტკივა ადგეს და წაიკიტხოს მთლიანი ვერსია. ზალიან მომწონს შენი მოსაზრებები მაგრამ აქ ვერ დაგეთანხმები მე პირადად ვმუშაობ სტამბაში და ისე ადვილად არაა საქმე როგორც შენ გგონია
    ალბათ მიპასუხებ გამოუშვით კარგი და ხალხიც იყიდისო მაგრად არა შენ იყიდი კიდე 20 კაცი და ამით დამთავრდება, და კაი ხანი ეს მდგომარეობა არ შეცვლება მანამდე სანამ ხალხი არ გამოვა ამ კოლექტიურ(საბჭოთა) აზროვნებიდან

  14. პოლიგრაფი says:

    არ გეთანხმებიიიი

  15. xatia says:

    რამდენიმე თვის წინ წავიკითხე უილიამ გოლდინგის “ბუზთა ბატონი.” ეგეც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა იყო სერიიდან “მსოფლიო ლიტერატურის შედევრები და ბესტსელერები.”
    იმედგაცრუებული დავრჩი, აშკარად არ მომეწონა.
    ახლა, 2 კვირის წინ ვნახე იგივე ავტორის იგივე წიგნი მაღაზიაში, ოღონდ წიგნის ხარისხი გაცილებით მაღალია. თარგმანიც ბევრად უკეთსი. უფრო სქელია, გამომცემლობა ისევ ბაკურ სულაკაური. წავიკითხე და რა შედარებაა.
    უბრალოდ გამაღიზიანებელია როცა ამბობენ რომ იმ წიგნებმა რომლებიც ჟურნალებთან ერთად იაფად საღდება, ქართველები კითხვას დაუბრუნა.

  16. კრისტინ says:

    Agasfer
    September 28, 2011 at 12:17 am
    ისე, ვინმე “ჯადოსნური მთის” შემოკლებულ ვარიანთს თუ შემომთავაზებს და ბუნების აღწერებს მოაშთობს, მადლობასაც კი გამომტყუებს :დ

    ეს მეც ჩევჩივლე ერთხელ ჩემს ლექტორს და რა აღმოჩნდა იცი? თურმე ორიგინალში სულაც არ ყოფილა ისეთი გულისგამაწვრილებელი აღწერები

    ასე რომ, ვიკითხოთ ორიგინლაში :D

    თემას რაც შეეხება , აღმაშფოთებელია :( ((

Leave a Reply