დრაკონის ტატუ გოგონათი

"მაია ასათიანს წააგავს პროფილში"

“მაინც ვერ გავიგე რა საჭიროა ორი სათაური”კ/ფ “ცისფერი მთები”

თანამედროვე სამყაროში, სადაც მწერლობის უამრავი მსურველი დაფრინავს ღრუბლებში და არავის სურს კლავიატურა ლურსმანზე დაკიდოს, წიგნის სათაურს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დღეს უკვე იშვიათად გაყიდი ისეთ წიგნს, რომელსაც სიზარმაცის გამო სათაურად მთავარი პერსონაჟის სახელს არქმევ (“მადავ ბოვარი”, “დევიდ კოპერფილდი”, “მარტინ იდენი”), ან, რომლის სათაურშიც ინტრიგის მისხალი არ არის ჩადებული (“ნათლია”, “თეთრი თათმანი” “ტრიუმფალური თაღი”). მოკლედ, ან ისეთი სახელი უნდა გერქვას მწერალს, რომ შენი დაწერილი “Like”-ც ძვირად ფასობდეს, ან, თავად ამ წიგნს უნდა დაარქვა რამე ისეთი.

“რამე ისეთი” – “ანდრო, მე და ანდრომედა”, “ციკლოპი მაკდონალდსიდან”, “როცა ჭრილობიდან კოკა-კოლა ჟონავს”, “მაქციის დღიურები”, “ვამპირი, სახელად პილატე” და სხვა.

სწორედ ამიტომ, ვინც მოიფიქრა და “ქალთმოძულე კაცებს” (ერთი წაკითხვით დასამთქნარებელ სათაურს) “გოგონა დრაკონის ტატუთი” უწოდა, მარკეტინგის დარგში, მინიმუმ ერთი ქება მაინც ეკუთვნის. მართალია, “დრაკონის ტატუს” წიგნის სიუჟეტში ისეთივე უმნიშვნელო ადგილი უჭირავს, როგორც მეტროს ვაგონში მყოფ რიგით მგზავრს, მაგრამ სათაურში მისი გამოყენება წიგნს ისეთივე საინტერესოს ხდის, როგორიც იგივე მგზავრი – იმავე ვაგონში შესვლისას ხდება ხოლმე. მოკლედ, სათაური კარგია. საფულის გახსნას რომ გაიძულებს – დაახლოებით, ისეთი.

"აი, სად არის დრაკონის თავი ამოსვირინგებული!"

უფრო მეტი, ვიდრე დეტექტივი

დეტექტივების უმეტესობა ისეთია…

  • “რამშტაინის” მუსიკის ფონზე რომ კითხულობდე,
  • მეზობელი საერთო კედელზე ლურსმანს რომ აჭედებდეს,
  • ქუჩაში ძაღლი რომ ყეფდეს,
  • გვერდით ვინმე კევს ღლარჭუნ-ტკაცუნით რომ ღეჭავდეს,
  • ტელევიზორში “რეალ-TV” რომ იყოს ჩართული,
  • ან, მეზობლად ოცსართულიანი კორპუსის დემონტაჟი მიმდინარეობდეს…

…მაინც ტვინისათვის ძალის დატანების გარეშე წაიკითხავ და ნაკლები ღირებულების გამო (მაქსიმუმ, ერთხელ გაოცდე), მალევე დაივიწყებ.

“გოგონა დრაკონის ტატუთი” კი – ჰიდრომეტაფორულად თუ ვიტყვით – მართალია, “წყალივით იკითხება”, მაგრამ სხვა იაფფასიანი დეტექტივებისგან განსხვავებით, რაღაც ღირებულს მაინც ტოვებს (თუნდაც, ჟურნალისტურ-ეთიკური დილემის საკითხისა და სოციალური პრობლემატიკის წამოჭრის თვალსაზრისით). ერთადერთი, რაც ამ წიგნის ღირსებას აფერმკრთალებს – მისი ფინალია, რადგან უეცრად აღმოაჩენ, რომ შვედეთის მისტიკური კუნძულიდან “ჰოლივუდურ” გარემოში მოხვდი, სადაც ყველა კმაყოფილია და “სიკვდილამდე ტკბილად ან ბედნიერად ცხოვრობს”.

"ოჰ, შე საბრალო, პუარო / როგორ ჩაგძირეს, POOR-ო"

ტრაგედია გმირებით

იმის მიხვედრას, რომ სტიგ ლარსონის პერსონაჟები ასტრიდ ლინდგრენის ზღაპრების გავლენითაა შექმნილი, დიდი ფილოსოფია და ლიტერატურათმცოდნეობა არ სჭირდება. შესაბამისად, ერთი ანტიფილოსოფიური თეზისით – მე ვიცი ის, რომ ეს ყველამ იცის – შემოვიფარგლები და პირდაპირ პერსონაჟების დახასიათებაზე გადავალ:

  • მიქაელ ბლუმკვისტი საკუთარ თავში დარწმუნებული ჟურნალისტია (შეთავსებით, სექსუალურად გაუწონასწორებელი მხეცი), რომელსაც ისეთი საქმის გამოძიებას ავალებენ, მის ამოხსნაზე შივაც კი ექვსივე ხელს რომ ჩაიქნევს. ბლუმკვისტს გამორჩეული თვისებები ან შტრიხები არ აქვს (არც არწივისებური ცხვირი, არც თავის მოკვლის დაუოკებელი სურვილი, არც დედუქციის უნარი, არც რიო-დე-ჟანეიროს ნახვის ოცნება, არც მუსტანგერობის ნიჭი და არც სხვადასხვაფერი თვალები), მაგრამ აქვს ის, რისი წყალობითაც, ვინც კი წიგნში მდედრობითი სქესის წარმომადგენელი გაიჭაჭანებს, ხელიდან ერთსაც არ უშვებს (მამაკაცური შარმი ვიგულისხმე, რა თქმა უნდა).
  • ლიზბეთ სალანდერი – საკუთარ თავში ჩაკეტილი ჰაკერია, რომელსაც “უკარებას” იარლიყი აკერია და კაცობრიობა “სამყარო ნონ გრატად” ჰყავს გამოცხადებული.  ლიზბეთმა კარგად იცის რა სურთ კაცებს, მაგრამ კიდევ უფრო უკეთ იცის ამ კაცების საიდუმლოებათა გაგების ტექნოლოგია. შეუძლია მოძებნოს ყველაფერი “Google”-ზე უკეთ და “Facebook”-ის პაროლზე ძნელად ტყდება. ჩუმი პერსონაჟია. აი, ყვითელი პრესისთვის “რამე კურიოზს რომ ვერ გაიხსენებს”, დაახლოებით ისეთი.
  • ჰენრიკ ვანგერი - საკუთარ თავში გაურკვეველი უსაქმური მილიონერია (მილიონერთა უმეტესობის მსგავსად), რომელსაც უკვე 40 წელია მისი საყვარელი დისშვილის გაუჩინარების ამბავი აწუხებს და რატომღაც, მხოლოდ ოთხი დეკადის გასვლის შემდეგ მიხვდება, რომ სჯობს დახმარება ვინმე სხვასაც სთხოვოს. ჰოდა, წრეც იკვრება.

წიგნის დანარჩენი პერსონაჟები გვერდებზე ისეა გაბნეული, რომ ადამიანს მყისიერად (თუ არა… დაფიქრების შემდეგ მაინც) ბუდენბროკების ან ბუენდიების დინასტია გაგახსენდება. ერთი პირობა, შეიძლება გაჩერდე კიდეც და კეფის პერმანენტული ქექვის პარალელურად, ამა თუ იმ პერსონაჟის გენეტიკურ წარსულზე დაფიქრდე. თუმცა, პერსონაჟთა სიმრავლე ლოგიკურიცაა… გყავდეს მხოლოდ სამი-ოთხი “უეჭველი ეჭვმიტანილი” და მაინც მოახერხო სიუჟეტის ჩახლართვა ისე, რომ მკითხველი მკვლელის ვინაობას ბოლო ფრაზამდე ვერ ხვდებოდეს, მხოლოდ აგათა კრისტის ან კონან დოილს შეუძლიათ. სხვებს კი (თუნდაც ლარსონს) მეტი ინტრიგისათვის, პერსონაჟიც მეტი სჭირდება და უნდა გავუგოთ.

(მ)ეგრე რა

პირველად იყო წიგნი…

…ფემინისტური: ნაწარმოები ნაწილებად არის დაყოფილი და ყოველი მათგანის წინ წამძღვრებულია სტატისტიკა იმისა, თუ როგორ იჩაგრებიან ქალები შვედეთში. მთელი დანარჩენი ეპიზოდი კი – “სინსილა, სინსილა უნდა გაწყვიტოს ღმერთმა მამაკაცები”-ს თეზისის გამყარებას ისახავს მიზნად.

…ეროტიკული: თუმცა, ხშირია ეპიზოდები, როდესაც წინა აბზაცში მოყვანილ გენოციდურ სურვილს “ერთი გამონაკლისის სახით” მცირე ეგოისტური ბზარი ეპარება.

…ეთიკური: როდესაც ჟურნალისტი დგება დილემის წინაშე – გასცეს ინფორმაციის წყარო თუ გასცენ ბრძანება, ამ ჟურნალისტის დაპატიმრების შესახებ.

…ეკონომიკური: დეტექტიური ხაზის განშტოება, როდესაც მიქაელ ბლუმკვისტი ჯეკ-მფატრავის რეინკარნაციის აღმოჩენის შემდეგ, ეკონომიკური მაქინაციების ავტორის გამოჭერასაც ცდილობს და ამ ეკონომიკურ საკითხებში ჩვენც წარმატებით გვხლართავს.

შეფასებები სხვადასხვა წყაროებიდან:

“საუკეთესო წიგნია, რაც კი ოდესმე წამიკითხავს”პაპუა-ახალი გვინეელი აბორიგენი

“გოგონა დრაკონის ტატუთი” ორი დღის წინ მოხარშულ ბორშს გავს. მშიერი თუ ხარ – ჭამ, ჭამ, ჭამ… თითქოს მოგწონს და მხოლოდ ბოლოს ხვდები, რომ მაგრად “გაჭამეს” ჩემი მსუყესახიანი მეზობელი

“დიდებული წიგნია იმისათვის… ნებისმიერ ანტიფემინისტს მისი ერთი ჩარტყმით, თავი რომ გაუტეხო” – აგრესიული ფემინისტი

“ძალიან გემრიელი წიგნია” – სომალელი ნაცნობი

“ჩემი აზრით აქ რუსეთის ხელი ურევია” – ქართველი ექსპერტი

“ძაან კაი წიგნია… ოღონდ მართლა” - ვაკელი იაკო

“ჰო მართლაც ლამაზი ყდა აქვს…” – ლიტ.კაფეში გაგონილი

"ჩემმა მტერმა დამარხა ეს"

ძაღლის თავის ამოთხრა

“გოგონა დრაკონის ტატუთი” – კარგი წიგნია, მძიმე სიუჟეტითა და მსუბუქი სტილით. დასასრულიც ისეთი აქვს “To Be continued”-ის სურვილს რომ ტოვებს. უბრალოდ, ზედმეტად თუ ჩაერთვებით წიგნში, დიდი შანსია, ბოლოს იმედგაცრუებულმა დახუროთ და “აფსუს, არადა, რა კარგად დაიწყო” იფიქროთ. ასეთ შემთხვევებში კი ამოქმედდება ერთი უნივერსალური ნუგეში: “თქვენ ყველაფერი… თუ არა… კიდევ ორი ნაწილი მაინც ხომ წინ გაქვთ!”

ჰოდა, მსოფლიო არც ისეთი სულელია, ლარსონის ტრილოგია პოპულარული მხოლოდ პირველი წიგნის გამო რომ გამხდარიყო…


You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
37 Responses
  1. David says:

    ალბათ მაგ წიგნს ეს პოსტი ჯობია :დ :დ :დ

  2. ეს ის წიგნია,ბიბლუსში ყველა შესვლაზე თვალში რომ მეჩხირება და ჩემი უსახსრობის გამო სათაურის ინტრიგას რომ ვძლიე? :დ ანუ კიდევ კარგი? ;დ დეტექტივების (უმეტეობის) დასახასიათებელი ექვსივე პუნქტი იყო “ძაან კაიიიი… ოღონდ მართლააა” :დ
    “ვაშა ამ ახალ საქართველოს”, პოსტში შეყვარებული თვალების ციმციმი არ შეინიშნებოდა :დ

    • მჩხაპნელი says:

      არა, კარგი წიგნია – უბრალოდ ისე კარგად ხლართავს კვანძს თავში, რომ მერე დიდ მოლოდინს ქმნის კვანძის გახსნის და გგონია, რომ უფრო მისტიკურად არის საქმე, ვიდრე სინამდვილეშია :) ღირს წაკითხვა ნამდვილად – სულ მინიმუმ იმიტომ, რომ მეორე და მესამე ნაწილიც არ იქნება ცუდი :)

  3. პოსტი ძალიან კარგია.
    ოღონდ დინასტია მაკონდოების კი არა, ბუენდიებისაა )

    • მჩხაპნელი says:

      :D ჰო, ეგ ვიგულისხმე – რეფლექსურია. ბოდიში ყველა ხოსე არკადიოს და არკადიო ხოსეს :D

  4. თამუნა says:

    ჩემი ნიჭიერი :* რა კონკურსს იგებ?

    • მჩხაპნელი says:

      :D ჯერჯერობით, ვმონაწილეობ. ისე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის კონკურსია :)

  5. ლადო says:

    შენი მეზობლის შეფასება მომეწონა :) :) საბოლოო ჯამში კარგი პოსტი გამოვიდა :) მესიამოვნა წაკითხვა :) :) და კიდევ.. წარმატებებს გისურვებ, იმედია გაიმარჯვებ :) :)

    • მჩხაპნელი says:

      ჩემს მითიურ მეზობელს ყველაფერზე თავისი შეფასება აქვს :) მხარს ვუჭერ შენს იმედს, მთელი გულით :)

  6. ლადო says:

    დიდი იმედი მაქვს რომ მოიგებ, და თუ საიდუმლო არაა რაში მდგომარეობს კონკურსი?

    • მჩხაპნელი says:

      “გოგონა დრაკონის ტატუთი”-ს შესახებ რეცენზიის დაწერაში :)

  7. დია says:

    ჩემი ფავორიტი საკონკურსო პოსტი.

  8. Snitch says:

    ძალიან მიხარია რო შენ პოსტებს ისევ სიაოვნებით ვკითხულობ :)

    • მჩხაპნელი says:

      რა დამთხვევაა – მეც ძალიან მიხარია, ეს ფაქტი :)

  9. ბექა როგორც ჩანს ერთნაირი იდეები მოგვივიდა თავში ამ წიგნთან დაკავშირებით :დ
    http://kate9alukard.wordpress.com/2011/10/14/girl-with-dragon-tattoo/

    • მჩხაპნელი says:

      :D იმ განსხვავებით, რომ მე ვაჟა ზაზაევიჩის სახელი არ მახსოვდა და წყაროდ – ფილმი ვარჩიე

  10. მეორე ნაწილს ქვია
    The Girl Who Played with Fire
    და მეორეს
    The Girl Who Kicked the Hornets’ Nest.
    მთავარი გმირი ლისბეთია ალბათ ამიტომ ქვია გოგონა დრაკონის ტატუთი და არა ქალთმოზულე კაცები.. შემდეგი გამოცემებისთვის რომ უფრო ნათელი ყოფილიყო რისი მეორე ნაწილია :) )))

  11. ანნნანო. says:

    ადამაინებო!
    პაროლინგში 73–ეში შესასვლელი პაროლი მითხარით რა ვინმემ. ან მიმანიშნეთ მაინც.
    ლათინური სიტყვა რომაა და მინიშნება თეთრად რომ წერია იმაზე ვამბობ :)

  12. პირველი წიგნი (ასევე შვედური ფილმიც) შედარებით ყველაზე კარგი ნაწილია. აი, მეორე ნაწილი საშინელებაა, ეტყობა სიზარმაცის შემოტევის დროს რომ არის დაწერილი. მესამეს ახლა ვკითხულობ )))

    • მჩხაპნელი says:

      ეს თუ ყველაზე კარგი ნაწილია, აბა რაღამ გახადა ბესტსელერი – იმედია, მესამე წიგნმა :)

  13. კარგია! მომწონს! წარმატებები! რაც შეეხება წიგნს და მისადმი ჩემს დამოკიდებულებას http://wp.me/p1EVoZ-9u :)

  14. მედუჩა says:

    მე დავიწყე ამ წიგნის კითხვა და არ მომეწონა : X გავანებე თავი : ))

  15. ქართველი ექსპერტის აზრი მეორე ნაწილში გამართლდება :) ) იქ მართლაც ურევია რუსეთის ხელი, თან კარგა მსუყედ :) ))

  16. kes-kes says:

    რეცენზიაც ასეთი უნდა, გულის გამგმირავია პირდაპირ (ირიბადაც) :)

  17. teennewson says:

    კარგია პოსტია, კარგი არ გენიალური უფრო…. : )) მეც მაქ მოკრძალებული პოსტი დაწერილი ამ წიგნზე და თუ დაგაინტერესებს ნახე … : ) http://teennewson.wordpress.com/2011/11/02/stieg-larsson/

  18. qetty says:

    დილას ჩავრთე რუსთავი 2 და პირდაპირ შენ და ეს წიგნი დამხვდით :დ ჯერ არ წამიკითხავს :ს ყიდვა მომიწევს :D

  19. qetty says:

    abaa,warmatebebi, amaze uketes recenzias ver naxaven :)

  20. კატო says:

    არც წიგნი ვიცი და არც ფილმი ჯერ:)))) მაგრამ რეცენზია მაინც არაჩვეულებრივია! ასე მგონია ვიცი რასაც წავიკიტხავ ან ვუყურებ!:))))))) წარმატებები!

  21. ია says:

    ავტორი ბავშვობაში 15 წლის გოგონას ჯგუფურ გაუპატიურებას შეესწრო, რომელსაც ლიზბეთი ერქვა. პერსონაჟიც მაგ ამბის გავლენით შეუქმნია. ამიტომაც არის ფემინისტური ელფერი

  22. ანა says:

    ამ წიგნს დრაკონის ტატუ გოგონათი კი არა, “გოგონა დრაკონის ტატუთი” ჰქვია და ძალიან მაგარი წიგნია!!! :) )))))

  23. qetty says:

    ანა :დ მართლა მასე ჰქვია? :D :D ar mjera :D D

  24. tinatinitinitiki says:

    არ მაქვს ეგ წიგნი წაკითხული… და ამ ჩანაწერის წაკითხვის შემდეგ დავნტერესდი… რაა ერთი უნდა ვნახო:))) შენს რეცენზიაც რომ დაიმსახურა:)))

Leave a Reply