შიშ-ველი

"გაჭირვება მიჩვენე და..."

(დაიბეჭდა ჟურნალში  “დრო მშვიდობისა/Peace Times” # 4)

ჩვენ ჯერ კიდევ ბავშვობიდან გვაშინებდნენ.

გვაშინებდნენ გაურკვეველი სქესისა და წარმომავლობის ბუათი, რომელიც აუცილებლად მოვიდოდა და საჭმლის უგულვებელყოფის შემთხვევაში, თავად დაგვაგემოვნებდა. გვაშინებდნენ გუდიანი კაცითაც, რომელსაც უძირო ტომარა ჰქონდა და მისი საშუალებით გაჯიქებული ბავშვების ტრანზიტს სადღაც (ღმერთმაც კი არ უწყის – სად) ყოველთვის დაუზარებლად ახორციელებდა (ადგილს – მეტი სიმძაფრისათვის – მშობლები არასდროს გვიკონკრეტებდნენ), გვეშინოდა სიბნელის (სანამ შევეჩვეოდით) და კბილის ექიმების (რომელთა ოთახებიდან მუდამ ბურღის დამთრგუნველი ზუზუნი გამოდიოდა), ასაკის მატებასთან ერთად სკოლის დირექტორის (ან “მის კაბინეტში შეყვანის” ალბათობის), ანჩხლი მეზობლისა და რუსთაველი მანიაკისაც გვეშინოდა, გვეშინოდა ინსპექტორების (რომლებიც ითხოვდნენ ფულს) და ძველი ბიჭების (რომლებიც – მოითხოვდნენ), გვეშინოდა, რომ არასოდეს გვეყოლებოდა კარგი მთავრობა და ყოველთვის გვეყოლებოდა შევარდნაძე (პრინციპში, ეგ შიში დღემდე შემოგვრჩა. უბრალოდ, სახეობა იცვალა ოდნავ), გვეშინოდა, რომ გვექნებოდა ჩინური გვარი და ამერიკული კულტურა. შიშის გამო უმოწყალოდ ვკლავდით ქათამს, ღორს და დროს (აპოკალიფსის მოლოდინში), გვეშინოდა საზოგადოებრივ ადგილებში დარბევების და საზოგადოებაში ადგილების დაბევების, გვეშინოდა კეტებისა (რელიგიური ფანატიკოსების ხელში) და საკეტების (რომელთა მიღმაც საკანი იწყებოდა), ხელისუფლებისაც გვეშინოდა და ეს შიში სულაც არ შეიქმდა სიყვარულს. პირიქით…

"ჩშშშშ.."

ჩვენ გავიზარდეთ, მაგრამ ჯერ კიდევ გვეშინია.

გვეშინია საზოგადოებრივი აზრის მოსმენისა და საკუთარის – გამოხატვის, ხელისუფლების განაწყენებისა და თავისუფლების დაკარგვის, ქუჩური გაგებისა და ცხოვრებისეული გაუგებრობების, მამაოებისა და ამაოების, ანტიუმცირესობებისა და გრანტის სიმცირის, მოსმენებისა და დასმენების, ამერიკისა და უამერიკობის. მოკლედ, ჩვენ ყველანი შიშველზე (ანუ, შიშის ველზე) ვცხოვრობთ, სადაც “შეაშინე და იბატონე”-ს მარტივი ფორმულა მოქმედებს და ხშირ შემთხვევაში დუმილსაც წარმატებით გვაიძულებს:

რას იტყვის ხალხი?!

თუკი დემოკრატია “ხალხის მმართველობა”-ს ნიშნავს, მაშინ საქართველო ჭეშმარიტად დემოკრატიული ქვეყანაა. აქ ხომ ხალხს ისე შეუძლია ხელყოს (ან ცხვირყოს) ჩვენი სურვილები, ენაზე ძვალმა ოდნავადაც რომ არ ქენჯნოს. ჩვენი – საშუალო სტატისტიკური ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას ზოგჯერ სწორედ ეს მითიური “ხალხი” წარმართავს და წარმართს (ან ავს) გვიწოდებს, თუკი მისი სისპეტაკის კრიტერიუმებში ბოლომდე ვერ მოვთავსდით.

ხალხს კი სალაპარაკოდ, როგორც წესი, მცირედიც ჰყოფნის. სრულიად საკმარისია, რომ რამდენიმეჯერ სახლში გვიან დაბრუნდე (ან მეზობლებისათვის უცხო მამაკაცმა მანქანით მოგიყვანოს), ერთიან ეროვნულ გამოცდებში თავი მოიჭრა ან დაკარგო და ადრეულ ასაკში გათხოვდე, პარკში ამბორმძლავრყოფისას (რასაც ბიწიერნი “ზასაობას” უწოდებენ) – ნათესავმა ან ნაფაზის დარტყმისას მამამ დაგინახოს (რაც, არათუ ნაფაზისთვის, მამისთვისაც დიდი დარტყმა იქნება), რომელიმე ჟურნალის გამო ტანსაცმელი გაიხადო ან ქუჩაში გამოსვლის წინ ვარდისფერი შარვალი ჩაიცვა, ჭიპზე ტატუდ პეპელა ამოიტვიფრო და შემდეგ, შექების მოლოდინში – სურათის სახით – სოციალურ ქსელზე გამოჭიპო, ან გამოჭყიპო კუჭი ალკოჰოლური სასმელებით ისე, რომ არითმეტიკის გასამეორებლად მეზობლებს ეძახდე, ვანდალურად მოექცე საკუთარ წარბს და წარბშეუხრელად აპარსო, ან საყურე მიამაგრო… მოკლედ, სრულიად საკმარისია, მოიქცე ისე, როგორც ადამიანთა დიდი ნაწილი არ იქცევა და მყისიერად “რას იტყვის ხალხი”-ს გაკილვითი ფენომენი დაიწყებს მოქმედებას.

"ყველამ ყველაფერი იცის"

დაიწყებს, რადგან ყველა ჩვენგანს ეყოლება მეზობლად გაუთხოვარი ჭორიკანა დეიდა ლამარა, რომელმაც თავის დროზე საკუთარი ასაკი ვერ გააკონტროლა და შესაბამისად, მის ერთადერთ თვითმიზანს ახლა მეზობლების კონტროლი წარმოადგენს. ჩვენც მეტ-ნაკლებად გვეშინია ხალხის აზრის, რადგან საკუთარ თავს რაც არ უნდა უკომპლექსოები ვეძახოთ, მაინც ცუდ განწყობაზე დავდგებით, დეიდა ლამარასგან გამოსული ხმები (ინტერპრეტირებული და თითქმის მრუშობის ბრალდებამდე აყვანილი) სამეზობლოში ელვის სისწრაფით რომ გავრცელდება. ქართული ხასიათიდან გამომდინარე კი ბოლოს ლექსიკურად მძაფრ ფორმაში ვიღაც იმასაც დასძენს დანანებით: “აფსუს, რა კაცია გიგო და საწყალს გოგო როგორ გაუბოზდაო”. სწორედ ამიტომ, ხალხისა და მისი ცნობისმოყვარეობის გაღიზიანებას თითქმის ყველა ვერიდებით, გვაცვია საკუთარი ჩრდილივით შავი ტანსაცმელი და ვიქცევით ისე, ეს ჩრდილი შემთხვევით ნათესავების სახელსაც რომ არ მიადგეს.

არადა, ერთი შეხედვით (თუ ერთი მოსმენით) ჩვენ საერთოდ არ უნდა გვეშინოდეს იმისა, რასაც ხალხი ამბობს. დიდი ამბავი თუ დეიდა ლამარა შეხვედრის დროს ალმაცერად შემოგვხედავს და იქედნურად რაღაცას ჩაიბუტბუტებს, დიდი ამბავი, თუ ჩვენი პირსინგი ვინმე ინგას პირს სალაპარაკოდ ორი კვირა არ ეყოფა, დიდი ამბავი თუ რომელიმე სუფრაზე დანა-ჩანგლით მწვადის მარტივ ლუკმებად დაშლას არ შევუდგებით და უფრო ადამიანურად შევჭამთ, დიდი ამბავი, თუ ალაფურშეტზე არსებულ პურს ხელით ავიღებთ და არა იმ უცნაური რკინის ნივთით, ვეებერთელა პინცეტს რომ გვაგონებს, დიდი ამბავი… – მაგრამ ხალხის აზრის მართლა სათანადოდ გვეშინია, რადგან ჩვენც იმავე გარემოში ვცხოვრობთ, რომელშიც ისინი და რთულია, ეს კომეტური სიმძლავრის კომენტარები მუდმივად აიტანო. შესაბამისად, ჩვენ ხშირად ვიქცევით ისე, როგორც ხალხს სურს და გვიწევს, საკუთარი სურვილები დასაბამშივე მტკიცედ დავაბათ.

რას იტყვის პრეზიდენტი?

"მიშაო ჩვენო.."

ჩვენი პრეზიდენტი სულაც არ არის უნაკლო. მინიმუმ იმიტომ მაინც, რომ ბევრი ლაპარაკი უყვარს და ყველას სათქმელს თვითონ ამბობს. სხვები უბრალოდ ჩუმად არიან და მხოლოდ თავის დაქნევით (დასტურქმნით) თუ მიხვდები იმას, რომ აზრს ისინი ხანდახან თავადაც გამოხატავენ ხოლმე. მათივე შეხედულებით (როგორც ერთ არააკრედიტირებულ გადაცემაში გამოჩნდა), “უნაკლო ადამიანი არ არსებობს”, მაგრამ “მიხეილ სააკაშვილს ნაკლი მაინც არ აქვს”. ისე გამოდის, რომ ჩვენი პრეზიდენტი ადამიანი კი არა, ღმერთია, რადგან უნაკლოდ, დღევანდელი მონაცემებით, მხოლოდ ღმერთი ითვლება. შესაბამისად, მათთვის მიხეილი ღმერთია, რომელიც აძლევს “პურს მათი არსობისა” და მაშ, რატომ არ უნდა იყოს “ნება მისი”. ჩუმად არიან იმიტომაც, რომ ღმერთისაგან განსხვავებით, პრეზიდენტს არ შეუძლია მიუტევოს “თანანადებნი მათი”. სამაგიეროდ, შეუძლია თითოეულ მათგანს კამერების წინ გაქსუებული ეძახოს, ან იმ ძაღლივით დატუქსოს, პატრონის დანახვაზე კუდის ქიცინი რომ ავიწყდება.

ჩვენთან სიტყვის აღვირახსნილი თავისუფლებაცაა. თუმცა, ამ თავისუფლების მიუხედავად “ტელეფონზე სალაპარაკო არ არის ეს” და “რომ შეგხვდები, მაგაზე მერე გეტყვი”-ს ტიპის ფრაზები ყველა შესაძლო მხრიდან მაინც აქტიურად გვესმის. იმიტომ, რომ გვეშინია. გვეშინია ტექნოლოგიურად აღჭურვილ ოთახში მყოფი ყურსასმენიანი ადამიანების, რომლებიც ყურს სასმენად იდეალურად იყენებენ და შეუძლიათ ჩვენი სიტყვები (ზოგჯერ დამონტაჟებული) საინფორმაციო გამოშვებების საშუალებით დანარჩენ საქართველოსაც იმავე საღამოს მოასმენინონ. მიდი მერე და უმტკიცე, რომ “დავამხოთ ეს უაზრო მთავრობა”-ს კი არა, “დავამხოთ ეს უაზრო მითი, რომ მთავრობა არადემოკრატიულია”-ს ამბობდი. სწორედ ამიტომ, ასეთ დროს ყველაზე მარტივი გამოსავალი “წმინდა ვერცხლზე” უარის თქმა და “რჩეული ოქროს” ტექნოლოგიის გამოყენებაა. ჩვენც – ვდუმვართ.

"არადა, ეს არცთუისე საშიშია"

საკუთარი აზრის დაფიქსირებას კამერების წინაშეც ვერიდებით (თუ, რა თქმა უნდა, რომელიმე ქველმოქმედი და გასხივოსნების პირას მყოფი დეპუტატი არ მოგვადგა დაუკითხავად ორი კალათი სანოვაგითა და ოთხი ამდენი კამერით ხელში). ჟურნალისტური აპარატურით აღჭურვილს თითქმის ყველა ისევე სკეპტიკურად გიყურებს, როგორც ამინდის პროგნოზს და გაგიჭირდება ვინმე დააჯერო, რომ ხელისუფლებისგან მიგზავნილი აგენტი არ ხარ. თუ დავუკვირდებით, აქ ურთიერთშიშების რაღაც უცნაური (თითქოს მაგიური) წრეც იკვრება: ხალხს ეშინია ჟურნალისტების (“ვინმე ისეთმა” რომ მოისმინოს მათი კომენტარი – რა ქნან მერე), ჟურნალისტების ნაწილს თავის მხრივ ეშინია “დიდი ძმის” (ან რუხი კარდინალის – ბოლოსდაბოლოს, სამსახური ქუჩაში ხომ არ ყრია და ეკონომიკაც მართლა ისე ხომ არ ყვავის, როგორც აშუქებენ), “დიდ ძმას” კი ეშინია ხალხის (ვაიდა, ოპოზიციაში ნორმალური ლიდერი გამოჩნდეს).

ჟურნალისტებს (პრივილეგირებულების გარდა) მაღალჩინოსნებიც ერიდებიან. ამ შვეიცარიული საათივით აწყობილ ქვეყანაზე რამე შეცდომით რომ წამოსცდეთ, იმიტომ. თორემ, როგორ იმართლონ მერე თავი სათაფლიის მღვიმეში, მესტიის მწვერვალებზე ან თუნდაც, ქართლის დედის თასში (მავანის ფანტაზიაზეა დამოკიდებული), სპეციალურ სხდომაზე რომ მიიწვევენ. უარის თქმის ყველაზე მარტივი მიზეზი კი “უამრავი საქმით გამოწვეული დროის დეფიციტია” (იგულისხმება მაინც, რომ რ ა ღ ა ც ა ს აკეთებ). ჩინოვნიკებიც დუმან და დუმილი, ამ შემთხვევაში, თანხმობის კი არა, შიშის ნიშანია. შიშის, რომელსაც სალაპარაკო ენაზე სახელად – “მერე, რას იტყვის პრეზიდენტი?!” – ეწოდება.

რას იტყვის მამაო?!

ჩვენ ვთანხმდებით, რომ ტერორიზმი (მშვიდობა აქაურობას) “იზმ”-ების ოჯახის ცუდი ნაირსახეობაა, მაგრამ ქვეყანაში მაინც გვყავს გარკვეული (ან გაურკვეველი) ჯგუფები, რომელთა “მიზანთ” მიზანთროპია წარმოადგენს. ეს ოფიციალური თუ არაოფიციალური კავშირები – დავარქვათ, პირობითად “HOMO-სი” (რითაც სახელოვან წინამორბედთან მცირედით მაინც გავაიგივებთ) – მათგან განსხვავებულ ყველანაირ ჰომოს ებრძვიან. განსაკუთრებით კი მათ, ვინც “გარყვნილ ამერიკას – ფეხს, ერის უპირობო დეგრადაციას კი – ხელს უწყობს”.

"ეკლესიის სახელით"

ქსენოფობებს ქვეყნის აჭრელების ეშინიათ, ჰომოფობებს – აცისარტყელფერების.

ჰომოქსენოფობების ეს შიში, როგორც წესი, სხვადასხვა უმცირესობათა წარმომადგენლების (ან მათი საახლობლო წრის) უკიდურესად მძაფრი სიტყვებით შემკობაში გამოიხატება ხოლმე. ზოგ შემთხვევაში კი (განსაკუთრებით, სიმთვრალის ჟამს) ვერბალური აგრესია კონკრეტულ ქმედებაშიც გადადის და ფიზიკური დაპირისპირება ქიმიური ხსნარ-ტაბლეტების მიღების აუცილებლობით სრულდება. რა თქმა უნდა, როდესაც მხოლოდ ჩაცმის განსხვავებული სტილის, განსხვავებული მრწამსის ან ზოგადად, განსხვავებულობის გამო გცემენ, რთულია, შენი მისწრაფებები, შიშის გარეშე და ყველას წინაშე თამამად გამოაჩინო. შესაბამისად, ათასრაღაცაფობებთან ერთად უმცირესობათა უმეტესობასაც ეშინია და ბრჭყალებთან ერთად, არც ორიენტაციას აჩენს ხოლმე.

თუმცა სიტუაცია მაინც რთულდება მაშინ, როდესაც სხვადასხვა კავშირები მართლმადიდებლობის სახელით გამოდიან და საკუთარი ქმედებების ლეგალიზებისათვის ღმერთის სახელს იყენებენ. მაშინ კი, როდესაც მრევლი ასე ა-მრევლურად იქცევა და სხვადასხვა ტიპის უმცირესობას კიდევ უფრო ამცირებს, წინა პლანზე გამოდის ინტერესი იმისა, თუ რამდენად გამართლებულია ეკლესიურად მსგავსი ქმედება და “რას იტყვის მამაო”.

"რას იტყვის მამაო?"

მამაზე გამახსენდა, რომ შიში, თავის მხრივ, მოყვასის სიყვარულზე დაფუძნებულ რელიგიაშიც არსებობს. წესით და რიგით, მღვდელი ჩვენი მოყვასია და უნდა გვიყვარდეს, მაგრამ სიყვარულთან ერთად ჩვენ გვეშინია კიდეც მისი. გვეშინია, რომ “ჩვენი მამაო გაგვიწყრება, რაკი “მარხვა მახსოვრობის მიღმა დავმარხეთ”, რაკი “უშვერი სიტყვებით დავშვერით”, რაკი “ A lot ვილოთეთ” და სხვა მრავალი. სასჯელის შიშის გამო ღმერთისაც გვეშინია და ხშირად ცოდვის ჩადენისგან თავს მხოლოდ იმიტომ ვიკავებთ, რომ “ღმერთი ყველაფერს ხედავს და აუცილებლად მოგვიზღავს”. აქედან გამომდინარე, შეშინებულ მართლმადიდებელთა ნაწილი ცხოვრებაში გადადგმულ ყველა ნაბიჯს უკვე ეჭვის თვალით უყურებს და ცდილობს თითოეული ეს გადაწყვეტილება მოძღვარს შეუთანხმოს.

“შემიძლია თუ არა მოვნათლო ბავშვი, რომლის დიდი ბებია არის ჩემი ბიძაშვილის ნათლია? ბიძაშვილი არის მამის მხრიდან და ჩემი მოგვარე” – შეკითხვა (რომელიც გაზეთში რეალურად დაიბეჭდა) ამ შიშისა და სიფრთხილის ერთ-ერთი ცხადი მაგალითია. მისი წაკითხვის შემდეგ კი, რაღა გასაკვირია, რომ თუ საკუთარ ნებაზე, მაგრამ ეკლესიის ნების საწინააღმდეგოდ ვიქცევით, მყისიერად ჩნდება ბუნებრივი შიში – “და რას იტყვის მამაო?!”

(პირველი ნაწილის დასასრული)

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
31 Responses
  1. ნინი says:

    “შემიძლია თუ არა მოვნათლო ბავშვი, რომლის დიდი ბებია არის ჩემი ბიძაშვილის ნათლია? ბიძაშვილი არის მამის მხრიდან და ჩემი მოგვარე” – გავგიჟდი, სულ დაშტერდა ეს ხალხი :) :) ველოდები მეორე ნაწილს :)

    • თავიდან რომ წავიკითხე ეგ, მეგონა ვინმე ლათინოამერიკელი სცენარისტი გზავნიდა შეკითხვას :)

  2. Snitch says:

    с новым годам
    с раждеством
    и
    ц возврашеныем
    каи ико

    • მჩხაპნელი says:

      კლავიატურაზე რა დაგემართა? :)
      შენც ასევე

      • Snitch says:

        რო დავწერე რუსულ ფონტზე იყო გადასული და ეს გამოვიდა
        ахал целс гилоцав
        Собас гилоцав
        да
        ….
        აქ შევამჩნიე რო რუსული იყო alt+shift დამეზარა და ბარემ რუსულად დავწერე :)

  3. შენს ნიჭს კიდევ ერთხელ ვაღიარებ, მაგრამ არ გეთანხმები :| მგონია, რომ რაღაც-რაღაცებში შენ თვითონ ექცევი ხალხის გავლენის ქვეშ, ოღონდ იმ ხალხის, რომელიც შენს ირგვლივაა, რა თქმა უნდა… შეიძლება “არამკითხე მოამბე”ვიყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ცოტას აჭარბებ. შენ არც კი იცი მე ვინ ვარ, ამიტომ ამას “თავის გამოჩენად” ვერ მიიღებ :) მე მართმადიდებელი ვარ და იმას რასაც ვაკეთებ( ცოტას,მაგრამ მაიც) მოძღვრის სიშით ნამდვილად არ ვაკეთებ. არც მესმის, როგორ შეიძლება მოძღვარმა დაგძრახოს, ეს ჩემი მოძღვრის დამსახურებაა, ალბათ.კიდევ, როდესაც იცი, რომ სწორად იქცევი, სასიამოვნოა და არა-საამაყო. მეორეც, მე თუ არ მომწონს ისინი, ვისაც “შენი მეზობელი ლამარა” “ბოზს” უწოდებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ “ათასგვარფობი” ვარ :დ მითუმეტეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ამ “უმცირესობას” ჩასაქოლად მივვარდები. მე ვაკის პოლიციას სამეზობლოს სახელით წერილს არ მივწერ, უბრალოდ ჩემთვის არ მომეწონება, ასე ვთქვათ :დ კიდევ, მეც ჟურნალისტი ვარ, ასე თუ ისე, თანაც მოქმედი, ასე თუ ისე, მაგრამ ჯერ არ შემინიშნავს რესპონდენტების შიში, ეს სიფრთხილე უფროა, თან საკუთარ თავთან მიმართებით. აი ხალხი კი ასე ხელწამოსაკრავი არაა, რადგან ჩვენც ხალხს შევადგენთ. არადა თავიდან რა “წყალივით მიდიოდა” :დ
    პ.ს. ძველი ფორმა აღვიდგინე, უბრალოდ შენს “აღდგენას’ გამოვეხმაურე ასე :დ მგონი “დრო მშვიდობისა” შენი “ამქვეყნად შემობრუნებისთვის” მადლობას იმსახურებს :დ

    • მჩხაპნელი says:

      :D :> დავიწყოთ თავიდან:
      ა) მე არ ვამბობ, რომ მოძღვარი დაგძრახავს და შუა ტაძარში გეჩხუბება. უბრალოდ, დამოკიდებულებაა ასეთი – ბევრისგან თუ არა, 5-6 ადამიანისგან მაინც გამიგია, რომ “მკაცრი მამაო ჰყავთ და რცხვენიათ/ეშინიათ რაღაცების თქმა”. თუმცა, ისედაც ნებისმიერი რელიგია მაინც ღმერთის შიშზეა დამყარებული. სასჯელის (ამ შემთხვევაში “ჯოჯოხეთის”) შიში რომ არ არსებობდეს, დანაშაულიც (ამ შემთხვევაში “ცოდვა”) უფრო ხშირი იქნებოდა და სიტუაცა უფრო უკონტროლო.
      ბ) უმცირესობაში ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობა იგულისხმება, უფრო, ვიდრე სექსმუშაკები :) შენ, რა თქმა უნდა, არავის არ დაარბევ და არავის არაფერს გადაამტვრევ თავზე. მაგრამ, საქართველოში, არაერთი შემთხვევაა, როდესაც ამ ნიშნით დისკრიმინაცია ხდება, როგორც ფიზიკური (რიგ შემთხვევებში), ისე ვერბალური (გინებისა და არაპოლიტკორექტული ლექსიკის) სახით.
      გ) სიფრთხილეც შიშის ნაწილია. თუ არ გეშინია არაფრის, არც ფრთხილობ. ელემენტარული “ვოქს პოპის” ჩაწერას ქუჩაში სჭირდება მარტო იმდენი ხვეწნა, არაფერს ვამბობ, ისეთ თემებზე, რომელიც შეიძლება ხელისუფლებას და მათ რეფორმებს უკავშირდებოდეს. ერთხელ ჩავწერე წიგნების მაღაზიის გამყიდველი, ერთი-ორი კრიტიკული ფრაზა თქვა და სახელი რომ ვკითხე, დაიბნა: “ნოდარი, მაგრამ არ ღირს მაგის სადმე დაწერაო” – თითქოს ნოდარი მაგას ერქვა მარტო და სხვას არავის სამყაროში :)

      რა თქმა უნდა, ყველაზე ვერ განზოგადდება ეს და ყველაფერზე. გამონაკლისიც ბევრია და საპირისპირო შემთხვევებიც, მაგრამ რაც მე პირადი დაკვირვებით, პრაქტიკით და მცირე გამოცდილებით დავადგინე, ამ სიტუაციისგან შორს არ უნდა იყოს :)

      პ.ს: მადლობა დრო მშვიდობისას :D

      • ვეცდები მოკლედ ვთქვა:დ
        პირველ შემთხვევაში შევთანხმდეთ იმაზე, რომ არასწორია ყველაზე ერთნაირად ლაპარაკი_ ჩემი და ჩემი მეგობრების ირგვლივ მე “ჯოჯოხეთის ცეცხლის მუქარით დამშინებეილი” მოძრვრები არ მინახავს :) ასეთ სტრესში თუ არიან სხვები, რელიგია მოძღვრის შეცვლას ნამვილად არ კრძალავს :დ
        მეორე, ასეთი ვულგარული სახელით იმიტომ მოვიხსენიე “უმცირესობები”, რომ მასში მაინცდამაინც მსუბუქი ყოფაქცევის “უმანდილოები” არ გეგულისხმა :დ ჩემმა 78 წლის მეზობელმა გუგულამ საერთოდ არ იცის, რას მნიშნავს პანკი, ათეისტი და ლესბოსელი, იმისთვის ყველა “ბოზია” :დ
        მესამე, მართალი ხარ, არასწორი სიტყვა შევარჩიე, სიფრთხილე ნამდვილად შიშის ნაწილია, თანაც მნიშვნელოვანი. ცუდად გადმოვეცი აზრი :\
        მთავარი ისაა, რომ ასე ლამაზად და შესაშურად არავის დავუმცირებივარ, თან ასე შემთხვევით :დ მე თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი, ამიტომაც “გავილექსე” :დ
        მე კი ვთქვი ვეცდები მოკლედ თქმას მეთქი, მაგრამ ემ ვეცდები ვთქვი ;დ არადა რომ წავიკითხე, მხოლოდ იმის დაწრას ვაპირებდი, რომ გაგრძელბა არ იყო საჭირო ამ ფორმით ;დ

        • მჩხაპნელი says:

          რაც უფრო შემცირდება ნაწერების ზომა, მით უფრო ახლოს მივალთ კონსესუსთან :D
          პირველ ნაწილში შევთანხმდით – მხოლოდ ერთს დავამატებდი: ჯოჯოხეთით თვითონ რელიგია “იმუქრება” და არა – მღვდლები (როგორც წესი). თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაზე ვერ განვაზოგადებთ. მეორე შემთხვევაში – დისკრიმინაცია დისკრიმინაციაა. მნიშვნელობა არ აქვს – 78 წლის გუგულა როგორ დაუძახებს ^^ ანუ, ფაქტი ის არის, რომ უმცირესობებს საქართველოში ხშირად ჩაგრავენ, მაგრამ აქაც – ყველა არატოლერანტული არ არის, რა თქმა უნდა.
          აი, როგორ შეცოტავდა სათქმელი :)

          • მოკლედ წერის ნიჭი არ გამაჩნია მე :დ მივედით იქმადე, რომ მაგ განზოგადებაში ზოგიერთები დაუმსახურებლად მოხვდნენ :დ
            მეორე ნაწილსაც დაველოდები ;) :დ

  4. არავინ says:

    ამბორმძლავრყოფა – რა კარგი სიტყვა ყოფილა და როგორი ვულგარული ტერმინით შეგვიცვლია ქართველებს. :D

    მჩხაპნელო, შემიძლია ვთქვა, რომ კვლავ დაუბრუნდი ჩვეულ ფორმას. :D

  5. LimnisChai says:

    “შემიძლია თუ არა მოვნათლო ბავშვი, რომლის დიდი ბებია არის ჩემი ბიძაშვილის ნათლია? ბიძაშვილი არის მამის მხრიდან და ჩემი მოგვარე” არა რადგან შენი ნათესავი გამოდის ოოო როდრიგო :შშშშშ

  6. მო says:

    კარგი პოსტია, როგორც ყოველთვის.
    მიყვარს შენი ბლოგი

  7. says:

    მოკლედ ხალხი დაპროგრამებულია :( იცინ რა შეუძლიათ თქვან და რა არ არის სასურველი გაახმოვანონ. მართლა დახუჭული აქვთ ყველაფერი რაც შეიძლება დაიხუჭოს და და ტვინში აქვთ ტორმუზი. აი მაგალითად ჰომოფობეს სულ არ აღელვებთ რამ გამოიწვია ის ფაქტი რომ ვიგაც ტიპი გეია არადა მაგას უნდა “შეებრძოლო” და არა თითონ იმ გეის ან საერთოდ რატომ უნდა “შეებრძოლო” :P :P მოკლედ არაფერი :P

  8. სკოლინოFობი says:

    შენ უნდა იყო ცნობილი… იქნებ რამე შეცვალო უკეთესობისკენ ხალხის გონებში.

  9. მარიამი says:

    ავტორო, ძალიან კარგია! სულ ვკითხულობ ამ ბლოგს, ერთი სული მაქვს ხოლმე ახალი სტატია როდის დაიდება :) ეგრე გააგრძელე!

  10. st.ეშმაკუნა says:

    მჩხაპნელ, მ ა მ ა ო არ არის სწორი. ეს მიმართვის ფორმაა. ამ შემთხვევაში უმდა გამოეყენებინა სიტყვა მ ღ ვ დ ე ლ ი . ისე, კარგი პოსტი იყო, როგორც ყოველთვის

    • მჩხაპნელი says:

      კი, ვიცი, რომ “მამა”-ა სწორი, მაგრამ რუბრიკაა ასეთი – “რას გვეტყვი, მამაო” და შესაბამისად, სათაურიც იმისი გამეორებაა :)

  11. მარსიდან :) says:

    მეზიზღება “ლამარასნაირი” ხალხი, გულს მირევს! და პოსტის ამ ნაწილის თითოეულ სიტყვაში გეთანხმები :)

    P.S. მეც ველი მეორე ნაწილს ;)

  12. გოგონა ლანკა says:

    აუ არ მიმაჩნია სიმართლედ რომ რაღაცა ისმინება ტექნიკით აღჭურვილ ოთახში, იმიტომ რომ ვინც უსმენს არც თვითონ და არც ოჯახოს წევრები არ იტყვიან, რომ აი ვუსმენთო და აბა საიდან მოვიდა ეგ ინფორმაცია…შეუძლებლად მიმაჩნია

    • მჩხაპნელი says:

      რომ უსმენენ – ეს კარგად ჩანს ხოლმე სატელევიზიო-სატელეფონო ჩანაწერებში :) და წესით ეს ჩანაწერები სადაც კეთდება, იქ ტექნიკაც უნდა იდგეს. პრინციპში, მთავარი ის არის, რომ “ხალხის დიდ ნაწილს ჰგონია ასე”, რის გამოც ხშირად არიდებს თავს ტელეფონში რამე პირადულის თქმას.

  13. ირაკლი says:

    ენიდან ამომაგლიჯე სატკმელი) ბრავო!

  14. Sensimilia says:

    mshvenieria, ert rames davamateb.. chemi azrit bolo nawili ar aris dawerili vinmes dasacinad an dasamcireblad (tundac sheuracxsayopad).. ubralod shishit ki ara rwmenit unda icxovros adamianma, oghond ara isetit romelic jojoxetis shishis gaqrobastan ertad gaqreba ;) (imedia gamigebt)

  15. T. M. says:

    ბექა, არ გაგიკვირდეს მაგრამ ყველა ადამინს რომელთა აზრი ჩემთვის მნიშვნელოვნია ვუსვამ ამ შეკითხვას. შენი აზრით სიკვდილის მერე ყველაფერი მთავრდება თუ სული განაგრძობს არსებობას , თუ განაგრძობს არსებობას რაში გამოიხატება ეს.
    p.s. ძალიან მიყვარხარ და როდესმე აუცილებლად შევძლებ უფრო ახლოს გაგიცნო. <3

    • მჩხაპნელი says:

      სიმართლე გითხრა, მაინცდამაინც არ მიფიქრია მაგ თემაზე ხშირად, მაგრამ მეცნიერების (თუ ჰქვია ამას მეცნიერება) იმ მიმართულებას ვემხრობი, რომელიც პარალელურ განზომილებებზე აყალიბებს თეორიებს :) ანუ, სული არსებობას განაგრძობს პარალელურ სამყაროში, რომელსაც ადამიანი შეიძლება სიზმრების საშუალებით უკავშირდებოდეს აქედან :) პ.ს: როგორც იტყვიან ხოლმე “თბილისი პატარა ქალაქია” – ასე რომ არც ამ კომენტარის მიწიერი ნაწილია რთული :)

  16. გოგა says:

    საინტერესოდ წერია , ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე :)

  17. თომას მართალი says:

    უპირველესყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ შენი წერის სტილი, ძალიან მხიბლავს.

    ახლა კი გადავიდეთ მთავარ საკითხზე. საქართველოსთვის, და საერთოდ ყველა აღმოსავლური ქვეყნისთვის, დამახასიათებელია ეს ურთიერთდამოკიდებულება (და არა დამოუკიდებლობა). ზოგიერთ შემთხვევაში, მე მომწონს ეს იდეა. ეს თითქოს, ხალხს უფრო აახლოებს ერთმანეთთან, თითქოს რაღაც დიდს მიეკუთვნები, თითქოს, რომ მოკვდები, ვიღაცას მაინც ემახსოვრები და ტყუილა არ გიცხოვრია. თუმცა, როგორც ყოველთვის, ყველა მედალს აქვს მეორე მხარე. რაც ძალიან ხშირ შემთხვევაში ნიშნავს, რომ ეს ერთობის იდეა მოიცავს ასევე შემდეგ ცნებას: “შენ ხარ ის, რასაც ხალხი იტყვის შენზე”. საიდანაც გამომდინარე, ჩვენ, ევროპელებზე მეტად, გვაქვს მიდრეკილება, გავაკეთოთ ის, რასაც ხალხი ჩვენგან მოელის.
    და ესაა, ეკლესიაში სიარული, შეგუება აფსურდულ გადასახადებთან და ჩუმად წუწუნი, კერპმთაყვანისცემლობა, განსხვავებულის (დაუფიქრებლად) განსჯა და ბევრი სხვა.
    პირადად მე, ისე აღმზარდეს, (რაზეც უღრმესად მადლობელი ვარ ჩემი მშობლების) რომ არასოდეს უთქვამთ “რას იტყვის ხალხი?”. ხოლო, ჩემი უმცროსი დაიკო, რომელიც სხვანაირ სიტუაციაში გაიზარდა, ჭკვიანი, მაგრამ მაინც ხალხის აზრზე დამოკიდებული, ხშირად ამბობს “სირცხვილია, რას იტყვიან”, რაც უკიდურესად მაღიზიანებს (და ვუკრძალავ ამის თქმას).
    მაგრამ არამგონია ეს მარტო აღზრდის შედეგი იყოს. ჩემი აზრით, სამწუხაროდ, ეს ჩვენი მენტალიტეტის განუყოფელი ნაწილია, რომელიც კომუნიზმმა დაამახინჯა, და ასეთი დამახინჯებული სახით გადმოგვეცა.
    უმთავრესად კი… სხვისი აზრს აყოლა ძალიან ადვილია, იმიტომ რომ ფიქრს არ მოითხოვს, ფიქრი კი, თავადაც იცი, რამდენად დამღლელი და შრომატევადია. ზერელე აზროვნება კი სწორედ ერთ-ერთ ყველაზე ცუდ ადამიანურ ხასიათს ავლენს: საქციელის მიწერა, მხოლოდ ადამიანის ხასიათს, და არა სიტუაციას (მაგ. “მე რომ ევა/ადამი ვყოფილიყავი, იმ ვაშლს არ შევჭამდი”).
    ზერელე აზროვნება არის მასის დამახასიათებელი. მასას მართავს იდეოლოგია. იდეოლოგიას კი ირჩევს მმართველი ერთეულები. ჩვენს შემთხვევაში, ეს ტოტალიტარული მთავრობა და ფუნდამენტური ეკლესიაა…

  18. კლავიატუროლოგი says:

    ბექა მთელი ერი ითხოვს პაროლინგის განახლებას ! :D

  19. tinatinitinitiki says:

    ბექა ნაწყვეტს წავიღებ… თუ წინააღმდეგი არ ხარ… რა თქმა უნდა ავტორის და საიტის მითითებით, დიდი მადლობა

  20. gijmaj says:

    Peace Times-ის ლინკი შეცდომითაა მითითებული თუ ჟურბალი გაუქმდა?

Leave a Reply