
"USA-სრულოდ ჩვენთან"
(დაიბეჭდა ჟურნალში “დრო მშვიდობისა/Peace Times” # 4)
რას იტყვის ამერიკა?
ჩვენ გრანტებსა და ემიგრანტებზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ. ანუ, დონორებს ჯერ ტვინს ვუჭამთ, შემდეგ – ფულს. იმათაც, ბოლოს, ალბათ, ყელში ამოვუვალთ ან ისე გადაგვყლაპავენ, ყელზეც რომ არ დავადგებით. ჩვენ ორივე ვარიანტის გვეშინია: ფულის სანაცვლოდ თავისუფლების წართმევა არ გვიღირს, მაგრამ თავი არც უფულობისთვის გვემეტება. სხვა თუ არაფერი, გრანტია გარანტი ჩვენი არსობისა.
თუმცა, ხელების გარდა, ამერიკელებს პირშიც ხშირად ვართ მიჩერებული. ოფიციალურ პირში, განსაკუთრებით. შესაბამისად, ბარაკ ობამას მიერ საქართველოზე ნათქვამ თითოეულ სიტყვას დახავსებამდე ვიმეორებთ და მერე საერთაშორისო შეხვედრებზე საგულდაგულოდ ვეჭიდებით ხოლმე. ისედაც, ოღონდ ამერიკაში ვინმეს “საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე” რაიმე გადაკრული მაინც წამოსცდეს და თეთრი სახლის მებაღეც რომ იყოს, მაშინვე საყოველთაო აჟიოტაჟის ატეხვა შეგვიძლია. მიზეზი მარტივია – ამერიკის დადუმება დუმის ახმაურებას გამოიწვევს და ქომაგების გარეშე კიდევ, “ჩრდილოეთიდან მონაბერი ცივი ჰაერის მასებისათვის” სათანადო კლიმატის დახვედრება, ცოტა რთულია.

"შენ ჩვენი მზე ხარ ამომავალი!"
თუმცა მასების გარდა მასონებისაც გვეშინია. მასობრივ ნებაში რომ არ გადაიზარდოს მათი მოძღვრება, იმიტომ. რა თქმა უნდა, მასონებში ვგულისხმობთ ყველას, ვინც ჩვენს ტრადიციებს შეეხება და შეეცდება, ისინი მოდერნისტულ ჭრილში განიხილოს. ასეთ დროს ამერიკელების გულუხვობა და მათ ყოფილ პრეზიდენტთა აბიბინებული პორტრეტები ფასს კარგავს, ჩვენ კი ირონიულად ვცდილობთ ამერიკის ასაკი იმ მუხის ხესთან კონტრასტში მოვიხსენიოთ, რომელიც ჩვენს ეზოში საუკუნეების წინ ჩვენივე დიდმა პაპამ დარგო.
სადაც ამერიკაზე ვამბობთ, იქ ევროპაც უნდა ვახსენოთ (მისი პერმანენტულად მღშფოთვარე რეაქციებით), რადგან ჩვენ ევროპელთა განცხადებებისაც გვეშინია. გვეშინია იმიტომ, რომ რუსეთს გაზი აქვს და ევროპაში კიდევ ცივი ზამთარი იცის. იმისაც გვეშინია, რომ ერთ დღეს “ნატომ” “მაპის” ნაცვლად ახალი მსოფლიო “MAP” არ მოგვცეს, დამოუკიდებელი აფხაზეთითა და სამხრეთ ოსეთით.
მოკლედ, ისე გამოდის, რომ მსოფლიოს იმედზე ყოფნა რაღაცით მაინც მახსოვრობას ჰგავს – რა მომენტში გიღალატებს, კაცმა არ იცის. სწორედ ამიტომ არის, რომ სანამ ამერიკას (მსოფლიოს ერთ-ერთ ფლაგმანს) ვახსოვართ (და მისი ერთ-ერთი შტატის სახელიდან გამომდინარე, ძნელი წარმოსადგენია, ადვილად დაგვივიწყოს), იქამდე თავს მეტ-ნაკლებად USA-ფრთხოდ ვგრძნობთ და მის თითოეულ ქმედებასაც გაფაციცებით ვაკვირდებით. ჩვენი ქვეყნის მომავალი ხომ სწორედ იმაზეა დამოკიდებული, თუ რას იტყვის ამერიკა.

"ფრიდრიხ დიდი"
რას იტყვის ზარატუსტრა?
“ცხოვრებაში მთავარი ფული არ არის. მთავარი სიყვარულია. საბედნიეროდ, მე ფული მიყვარს” – ჯეკი მეისონი
შიში – თუკი მას ფილოსოფიურ ჭრილში განვიხილავთ – რაღაცის დაკარგვის უსიამოვნო წინათგრძნობაა და მართალია, ჩვენ უკვე ბევრი გვაქვს დაკარგული, დასაკარგი მაინც კიდევ ბევრია. შესაბამისად, მოზრდილი შიშების გვერდით, დიდი თვალების მქონე შიშუკებიც ხშირად დაშმაშუნებენ. ჩვენ კი სხვა რა გზა დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ “ამ ბევრი რამის” დაკარგვის შიშიც გვქონდეს – ფერით დაწყებული და ფულით დამთავრებული.
ფულის იმიტომ, რომ სიყვარულთან ერთად დედამიწას ეს ქაღალდის კუპიურებიც ატრიალებს და მიუხედავად იმისა, რომ ფულში არ არის ბედნიერება, ის მაინცდამაინც არც უფულობაშია. ამის გამო მისი დაკარგვის შიშს მიზეზიც მარტივი აქვს – თუკი შემოსავალი აღარ არსებობს, გამოსავალიც (სიტუაციიდან) სულ უფრო რთული საპოვნელი ხდება. მით უმეტეს, რომ ტიპური ქართველი სამსახურის ძიების ორი ამაო ცდის შემდეგ ქალაქზეც, ქვეყანაზეც და შესაძლოა სამყაროზეც კი ხელს იქნევს და ასკვნის, რომ “ამ დედანაქაჩ (ზოგი ზედსართავის უფრო ვანდალურ ფორმას იყენებს) საქართველოში სამსახურის ძებნას სანაცნობოს გარეშე აზრი მაინც არ აქვს”. მხართეძოზე წოლა და წუწუნი კი გაცილებით უკეთესია.

"ფული გვიყვარს ძალიან, ფული ნატვრისთვალია"
ისე, სამსახური საქართველოში ნამდვილად “ინტერპოლით” არის საძებარი. ამ მიზეზით, დასაქმებულების დიდ ნაწილს (ვინც ისეთი სუპერპროფესიონალი არ არის, კალთებს ან უცხოეთში მიღებულ დიპლომს რომ ახევდნენ) სამსახურის დაკარგვის შიშიც დიდი აქვს. განსაკუთრებით იმ ქვეყანაში, სადაც დასაქმებულად ჩაძინებულს შესაძლოა უმუშევრად გამოგეღვიძოს და სადაც, მავანთა ფილოსოფიით, სამსახურში ერთი ადგილის შესანარჩუნებლად “ერთივე ადგილის დაყენებაა” (ოდნავ უხეშად თუ ვიტყვით) საჭირო. დუმილი კი აქაც უებარი წამალია.
თუმცა, “ცხოვრება ყოველთვის კარგი არის, რაკიღა ყოველთვის შეიძლება უარესი იყოსო” – ესეც ნათქვამია. აღნიშნული აზრი კი განსაკუთრებით მაშინ ზეიმობს ჭეშმარიტებას, როდესაც ადამიანი სამსახურის გარდა თავისუფლებასაც კარგავს, რაც “უცოდველი მხოლოდ ღმერთია” აქსიომით, რთული წარმოსადგენი სულაც არ არის. მონდომება თქვით თქვენ, თორემ… სტუმრად ჩამოსული ებრაელი ბიზნესმენებიც დაგვიჭერია, როცა დაგვჭირდა. “კრავთა დუმილი” კი რთული ასახსნელი არც ამ შემთხვევაშია.

"კრავთა დუმილი"
დაპატიმრებას კიდევ რა უშავს, ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე – საქმე და გრძელ ცხვირამდე – მუშტი თუ არ მივიდა. თან როგორ გინდა, მტკიცე უარი განაცხადო დამორჩილებაზე, როცა “მუქ არა”-ს შესაძლოა მუქარა და ათასი პრობლემა მოჰყვეს. ბოლოსდაბოლოს, თუ ასეთი კარგი და წარმატებული ბიზნესმენი ხარ, ცოტა ზედმეტადაც რომ წაეხმარო საყვარელ სახელმწიფოს ბიუჯეტის შევსებაში, არაფერი მოგივა… თანაც, არავითარი პირადული, რა თქმა უნდა.
მხოლოდ ბიზნესი.
ისე, ასეთ ფილოსოფიაზე რაღას იტყოდა, ნეტავ, ზარატუსტრა?
რას იტყვის მგელო?
კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ “მენტ”-ალი ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ გაჩაღდა. ზოგიერთს “ალიმენტიც” გადაახდევინეს “შავი სამყაროს შვილების” გამრავლების გამო და დღეს, ჩვენს პრეზიდენტს თუ ვენდობით (ან როდის მოუტყუებია რომ), საქართველო პოლიციისმოყვარე ერად ითვლება, საქმის გარჩევები კი, როგორც მსხვილი “თავანი”, წარსულს ჩაბარდა. თუმცა, უკვალოდ რომ არაფერი იკარგება, ფაქტია და ქუჩური მენტალიტეტი, მისტიკურობით მოცულ ქურდთან ასვლის გადაწყვეტილებით რომ სრულდებოდა, კვლავაც არსებობს.
ყველაფერს რომ თავი დავანებით, ფიზიკურ შეურაცხყოფასა თუ რაიმე მსგავს ფაქტზე პოლიციაში ჩივილი დღესაც ისეთივე სირცხვილად ითვლება, როგორც პანელზე დგომა და სხეულით ვაჭრობა (პრინციპში – ამ ორ ქმედებას მაინც ერთმანეთის იდენტურად მოიხსენიებენ ხოლმე). მიზეზი მარტივია: თუ კაცი ხარ, საქმე საკუთარი ძალებით უნდა მოაგვარო, თორემ შენი წოდების ილუსტრირებისათვის “კაცი”-ს იტალიურიდან თარგმნა გახდება საჭირო.

"მგლები"
იყო დრო (შეიძლება ახლაც ხდება, არ ვიცი), როდესაც ციხიდან ხალხის “და-მონო-ების” ტრადიციაც არსებობდა – გარეთ მყოფი შიგნით მჯდომთან ურთიერთობას მონობარათის კოდის საშუალებით რომ აბალანსებდა, იმას ვგულისხმობ. არც ის ვიცი – დაიკოდებოდა ვინმე თუ გადარჩებოდა იმ შემთხვევაში, თუკი კოდის გაგზავნაზე უარს იტყოდა, მაგრამ ფაქტი ერთია: ხალხი ამ კოდებს მხოლოდ იმიტომ არ გზავნიდა, რომ მადლის ქმნის აღუწერელი სურვილით იყო ანთებული. თან არც ის გამოდიოდა კარგად, თხოვნის უგულვებელყოფის ამბავი უბნის რომელიმე მგელოს ყურამდე რომ მისულიყო. შენ ხომ კაი ბიჭებს იმით სცემდი ხოლმე პატივს, რითაც შეგეძლო. ჰოდა, ერთი ხუთლარიანი მონოს შოვნას რაღა უნდოდა, თუ მოინდომებდი.
პატივისცემა კი, როგორც უკვე დაიწერა, ხშირად შიშზე არის დაფუძნებული და არა სიყვარულზე. თუმცა, დღეს, შიშის ფაქტორის დასაძლევად რამდენიმე კარგი საშუალება არსებობს. მათ შორის – ინტერნეტიც. ამ ვირტუალურ სივრცეში სავსებით შესაძლებელია “მოკაჩავე ბიჭი”-ს, “მოდე აააქ”-ის, ან “თესლე ნაროდი”-ს სახელს ამოფარებულმა ისე აგინო ნახევარ თბილისს, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგოს. თანაც, ამდენ “ინტერნეტგარჩევაში” “კაი ბიჭობის ტრენინგისა” და სრული კურსის დახურვაცაა შესაძლებელი. თუკი, მანამდე არ “დაგახურეს თავზე” რამე, რა თქმა უნდა.
ასეა თუ ისე, ამგვარ მენტალიტეტზე რაც არ უნდა წარსულ დროში ვილაპარაკოთ (და ვიძახოთ, რომ გადავარდა), მაინც არ იქნება სასიამოვნო, პოლიციაში ჩივილის შემდეგ, თუნდაც მეგობარმა და თუნდაც ხუმრობით “ჩაბოზდაო” რომ წამოგაძახოს. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, ამ დაუწერელი (ან დაწერილი) კანონის დარღვევას თითქმის ყველა კანონმორჩილი მოქალაქე მაინც რომ ერიდება.
როგორც ჩანს, მგელოს აზრი მნიშვნელობას ჩვენთვის დღესაც არ კარგავს.
რას იტყვის… დასკვნა?
“შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ…” – მათ.25,43;
სიკვდილით დასჯის პროცესს, თუკი ისტორიკოსებს ვენდობით, ყველგან უამრავი ადამიანი ესწრებოდა. ქვეყნის მმართველები კი ამ ხოცვა-ჟლეტას მხოლოდ იმიტომ როდი ასაჯაროებდნენ, რომ პურით დანაყრებული მოქალაქეებისათვის უფასო სანახაობაც მიეძღვნათ. ეშაფოტთან ხალხის მოზიდვა დაშინების ერთგვარი მეთოდიც იყო, რადგან რიგითი ადამიანი ხედავდა იმას, რაც მას დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მოელოდა და თუკი ის მოგვიანებით, სახელმწიფოსთვის რაიმე საზიანოს ჩაიფიქრებდა, ეს სცენა მყისიერად ამოუტივტივდებოდა გონებაში.
თუმცა, დღეს ვიღაცის დასჯის სანახავად ხალხის შეგროვება საჭირო აღარ არის, რადგან არსებობს ტელევიზია და მექანიზმი, რისი საშუალებითაც ამ ტელევიზიის კონტროლი შეგიძლია. შესაბამისად, სრულიად საკმარისია ორ-სამჯერ აჩვენო ქრთამის აღებაზე დაჭერილი ადამიანი, ორ-სამჯერ გაათავისუფლო სამსახურიდან ვინმე – მისი ნათესავის განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების გამო, ორ-სამჯერ სცემო მიტინგის მონაწილე ან ორ-სამჯერ დაემუქრო აქტივისტს სახის ახევით (შემდეგ კი პატიოსნად განაგრძო შენი საქმიანობა), რომ მიზანს – ხალხში შიშისა და მორჩილების ჩანერგვას – ადვილად მიაღწევ. აქედან გამომდინარე, დღეს შესაძლოა არავინ არავის არაფერი დაუშავოს მაშინაც კი, თუ მავანი კამერების წინ მთავრობაზე აუგს იტყვის, ან მიტინგზე დადგება, მაგრამ თითქმის ვერავინ რისკავს, რადგან ყველას წარსულში მომხდარი რამდენიმე მაგალითი ახსენდება – ზოგი ტელევიზორში და ზოგიც სამეზობლოში ჭორაობისას გაგონილი.
არადა, ისეც არ გვაქვს საქმე, მთელი ქვეყანა სრულ მორჩილებაში რომ იყოს. პროტესტიც არის, კრიტიკაც და თავზე გადავლაც (ბედი რომ სცადეს და გა-ბედ-ეს, იმათ ვგულისხმობ), რაც რეპრესიებით ან დეპრესიებით სულაც არ სრულდება. არც ისეა საქმე, რომ ყველა ადამიანი “შიშით განილეოდეს და ირხეოდეს, ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა”, თუმცა, მიუხედავად ყველანაირი თავისუფლებისა (კონსტიტუციით მაინც) ჩვენი უმეტესობა მაინც ბოლომდე ჯიუტად იყენებს დუმილის უფლებას, მოგვიანებით ჩვენ მიერ ნათქვამი ყოველი სიტყვა ჩვენივე წინააღმდეგ რომ არ იქნას გამოყენებული…
…ცხოვრება ხომ “ჰოლივუდური” ფილმები არ არის, ბოლოს ყველაფერი “Happy End”-ით რომ დასრულდეს.
მას მერე რაც პირველი ნაწილი წავიკითხე, ერთი სული მქონდა როდის დადებდი მეორეს
ძალიან კარგი იყო
ყოჩაღ
ოგორც ზვიად სპასალარი იტყოდა “ასწავლე ხალხს ლოცვა და შრომა მეტი არაფერი” თუ მაინცდამაინც ხალხს მეტის ცოდნა მოუნდება მაშინ უნდა ასწავლო მორჩილება, რომელიც ყველაზე ადვილად შიშით მიიღწევა. მდიდრებს გაღარიების ეშინია, ყოვლისმხედველ ჩინოვნიკებს თვალის ჩინის დაკარგვის, თითქმის ღირსეულებს სიცოცხლის, მართლა ღირსეულებს ახლობლების. მოკლედ კაცი მწვანე მაგიდასთან სრულიად შიშველიც რომ იჯდეს დასაკარგი მაინც ექნება რამე და სანამ ის რამე “არსებული წესის” ხელში ეგონება მანამ ცხვარზე მორჩილი და თევზზე მდუმარე იქნება.
ძალიან მაგარია!
გონებამახვილი და ჭკვიანი ბიჭი ხარ შენ! ასე გააგრძელე!
რომ დაგიჭერენ(და ამ სტატიის მერე აუცილებლად დაგიჭერენ) არც მონოს მონა გახდე და არც “ბიჭუნა მგლის ტატუთი”
რამხელა პატივი დაგდე :დ მაგრამ აზრის გამოუთქმელად როგორ გავალ აქედან
ამიტომ აღვნიშნავ, რომ მშიშრებზე მეტად მაამებლები ვართ ჩვენ
მეორე ნაწილთან საწინააღმდეგო არაფერი მაქვს
ჩვენთან ჰო სიტყვის განუმეორებელი თავისუფლებაა და რაღა ჩემზე გადატყდება ჯოხი
პ.ს: პრინციპში მართალია – ზოგჯერ კონფორმულობა უფრო მეტია ჩვენში, ვიდრე შიში. მაინც – ხათრიანი ერი ვართ ქართველები
აი ხომ მოგაგენი…
მართლა ნიჭიერი ხარ უზადოდ.. მომეწონა ძალიან
შენნაირი აზროვნების,განათლების და ინტელექტის დონე რომ ქონდეს 1 %-ს მაინც ქართველი ახალგაზრდებისა..სამწუხაროდ ფეისბუქის ფერმის იქეთ არ იხედება უმრავლესობა…
მონატრებული სალამი მჩხაპნელს. . .
მთელი ”საბლოგეთი” და იმ 50_დან 45 წიგნი შემიძლია უყურადღებოდ ვიკითხო და იმაზე მეტი აზრი გამოვიტანო მათი ნაწერებიდან ვიდრე თვითონ ჩადვეს, მაგრამ შენ ”მოუცლელი” კაცი ვერ წაგიკითხავს. . .
შენს ნაწერებს თუ ვკითხულობ ყოველთვის ყურადღებით, სულით და გულით.
”ჩვენ გავიზარდეთ, მაგრამ ჯერ კიდევ გვეშინია.
გვეშინია საზოგადოებრივი აზრის მოსმენისა და საკუთარის – გამოხატვის, ხელისუფლების განაწყენებისა და თავისუფლების დაკარგვის, ქუჩური გაგებისა და ცხოვრებისეული გაუგებრობების, მამაოებისა და ამაოების, ანტიუმცირესობებისა და გრანტის სიმცირის, მოსმენებისა და დასმენების, ამერიკისა და უამერიკობის. მოკლედ, ჩვენ ყველანი შიშველზე (ანუ, შიშის ველზე) ვცხოვრობთ, სადაც “შეაშინე და იბატონე”-ს მარტივი ფორმულა მოქმედებს და ხშირ შემთხვევაში დუმილსაც წარმატებით გვაიძულებს:”
აი, რომ გავიზარდეთ მანდ ცოტა ან შენ გაჭედე და ან მე, , , რა საზოგადოებრივი აზრის მოსმენის გვეშინია და რა ჭკუაზეა საერთოდ საზოგადოება მჩხაპნელო?! ან თავისუფლების დაკარგვის გვეშინია ”ჩვეენ” ? თუ კი, – ყველაზე ნაკლებად ალბათ, , , მაგის მოპოვება კი ნამდვილად გვზარავს ტანში. . .
რაც შეეხება ჩვენს პრეზიდენტს მაინც მგონია, რომ ზედმეტად კარგი წარმოდგენა გაქვს მასზე . . =)
დანარჩენ ფაქტებს კი პირადადა ვარ შესწრებული და დაკვირვებული. . . ისინი ზეფსიქოლოგებთან, კაკულიებთან ”სპუტნიკებთან” და ”პრედატორებთან” ერთად დადიან შეხვედრებზე,მართავენ ქვეყანას, ზუსტად იციან კონფლიქტის რამდენი საფეხურია და რომელ საფეხურამდე შეგვიძლია ”გატრაკება” ამბოხი, ალიანსი, ვინა ვართ ”ვაფშე” და რისი თავი გვაქვს.
. . ეს ალბათ ყველაგან ასეა , მაგრამ ზოგან შეიძლება ამას ადამიანებისთვის აკეთებდნენ და ზოგან იმათთვის ვისაც ადამიანად არ აღიქვამ.
..ასეც და ისეც, გრძლად და მოკლედაც ეს წრედი სამწუხაროდ (შენი დასკვისგან განსხვავებით) ბოლოს მაინც თითოეულ ჩვენთაგანამდე მოდის.. და რამდენად საზიზღრებად გვეჩვენება ისინი მით უფრო საზიზღრები ვართ ჩვენ . რამენაირად მივეჩვით და ვიფიქროთ ყოვილდღიურად ამაზე, ჩვენს თავზე და საქციელზე თორემ რაც დრო გავა ისევე გაგვიჭირდება, როგორც გადავეჩვევით და გაგვიჭირდება, როგორც ”მგელოს” უჭირდა მეთერთმეტე კლასში (თუ დადიოდა საერთოდ სკოლაში) გაკვეთილის სწავლა.
გადავიკითხე და მიბლუკუნია ბოლოს = )
…რამენაირად მივეჩვოთ და ვიფიქროთ ყოვილდღიურად ამაზე, ჩვენს თავზე და საქციელზე თორემ რაც დრო გავა ისევე გადავეჩვევით და გაგვიჭირდება , როგორც ”მგელოს” უჭირდა მეთერთმეტე კლასში (თუ დადიოდა საერთოდ სკოლაში) გაკვეთილის სწავლა.
ორივე ნაწილი წავიკითხე, მშვენიერი იყო! ყოჩაღ!
p.s. like ღილაკი დააგემატებინა, ნამდვილარ არ აწყენდა შენს ბლოგს )))
ტიტ ველი (არ წავა?
)
სად დაიკარგე ??? დადე რა რამე ახალი!