ვინ შეჭამა თხა?

გზაჯვარედინი

(დაიბეჭდა გაზეთში “BG რეპორტი”. შესაძლებელია იყოს რაიმე მსგავსება სხვა პოსტებთან და ნუ დამძრახავთ)

ქართველებს ორი რამ გვიყვარს განსაკუთრებით: ღმერთი და სიზარმაცე. შესაბამისად, როგორც კი რაიმე დაგვეზარება, მისი შესრულების ვალდებულებას რატომღაც მაშინვე ღმერთს ვაკისრებთ (”ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება”, ”ღმერთი მაღალია და დაგვეხმარება”, ”ღმერთო ეს ერთი თხოვნაც შემისრულე და…”). ანუ, გვგონია, რომ ღმერთს მეტი საქმე არ აქვს, გარდა იმისა, ჩვენი წვრილმანი პრობლემების მოგვარებაზე რომ იზრუნოს და ღვთისადმი გამოხატული სიყვარულის დონესაც ზოგჯერ ამ თხოვნების შესრულების სიხშირისა თუ ხარისხის მიხედვით განვსაზღვრავთ. ამის გამო, ჩვენ სხვადასხვაგვარად გვიყვარს ღმერთი: ფანატიკურად (”ყველა ათეისტი არის საცემი. ფეხქვეშ უნდა გავიგდოთ. დუ-უტ მაგათ!”), ფასადურად (”რა კარგია! ხვალიდან მარხვა იწყებაააა”), მოდურად (”რავი, გოგო, ჩემი მამაო ისეთი საყვარელია…”), ათეისტურად (”ნიცშე მიყვარს ძალიან…”) და ერთგვარი კდემამოსილებითაც (”კარგად ვარ, ღვთის მადლით”) კი.

სჯობს, ეტაპობრივად მივყვეთ:

ა) ”ვინ შეჭამა თხა?” – ჩვენ ხშირად ვმარხულობთ და გვწამს, რომ სულს მხოლოდ კუჭის პერიოდული ”წარწყმედით” ვიხსნით. შესაბამისად, მარხვა დღეს მოდურიც არის და კომერციულიც. მოდური მათთვის, ვისაც საკუთარი სათნოება-სისპეტაკის საჯარო აფიშირებით თავმოწონება უყვარს (”აუ, როგორ მინდა ეს შოკოლადი-ი. სამარხვოა?”) და კომერციული –  მათთვის, ვინც მსუნაგ მორწმუნეთა კვების რაციონზე ზრუნავს (”ძალიან გემრიელი სამარხვო ნამცხვარია”). სწორედ ეს სიმსუნაგეა მიზეზი ორი უკვდავი სამარხვო ტრადიციისა:  1. მარხვის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე აკრძალული საკვებით ”მოკრძალებული” დანაყრება („სანამ მარხვა დაიწყება უნდა მოვასწროთ, თორემ ხვალიდან…”) და 2. მარხვის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე კბილების აკაწკაწება – არასამარხვო საჭმელის დაქუცმაცების მოლოდინში (”უუჰ, ხვალიდან ხორცს შევჭამ… მნიამ. მნიამ”). მოკლედ, სულის მომავალი ცხონების პარალელურად ზოგიერთებს ერთი სული აქვთ, გემოზეც რომ ჭამონ. თითქოს, მარხვა ისეთივე სავალდებულო იყოს, როგორიც მაგალითად, ნათესავებთან შეხვედრის დროს მათ მიერ შენ შესახებ ფრიად კომპეტენტური დასკვნების – ”როგორ გაზრდილხარ”, ”გასუქებულხარ”, ”კაცი ხარ, კაცო, უკვე” – გამოტანაა.

"დუ-უტ"

ამ ყველაფრის გამო, მარხვას ხანდახან ისეთი საგრძნობი წუწუნი ახასიათებს (საზოგადოებრივი კუჭშეყრის ადგილებში) გამოხატული ფრაზით – „მარხვაზე ვარ მე და ამას ვერ შევჭამო“ – რომ გული ჩაგეწვება ადამიანს.

ბ) ”მოყვასი, ვითარცა მტერი” – ჩვენ მართლმადიდებლები ვართ, ანუ, ”გვიყვარს მტერი ჩვენი, ვითარცა მოყვასი ჩვენი” და შესაბამისად, მოყვასსაც ზოგჯერ მტრულად ვექცევით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მზად ვართ თავი გავუჩეჩქვოთ, გავუტეხოთ, ან თავ-პირი გავუერთიანოთ ნებისმიერს (”ძვლებში გადაგამტვრევ და გადაგხსნი შუაზე, ბიჭო”), ვისაც ან მორწმუნეობის ხარისხს დავუწუნებთ, ან – სექსუალურ, პოლიტიკურ თუ ცხოვრებისეულ ორიენტაციას. სულ მინიმუმ, მის მიმართ უშვერ სიტყვებს მაინც არ დავიშურებთ (”ფეისბუქის” კომენტარებში) და ყოველი შემთხვევისათვის, „რელიგიაზე ცუდის მთქმელის“ მშობლის შინაგან თუ გარეგან ორგანოებსაც (ამ მხრივ ლექსიკაში ფართო ასორტიმენტი გვაქვს) მეტად ინტიმურ კონტექსტში მოვიხსენიებთ.

"გიყვარდეს მტერი შენი"

გ) ”ინტერნეტ-სარწმუნოებაყველაზე მეტად ღმერთი ონლაინში გვწამს, რადგან სავარაუდოდ გვგონია, რომ ის მთელი დღე ინტერნეტში ზის და „ფეისბუქს“ ”არეფრეშებს”. არადა, ღმერთი ნამდვილად არ უყურებს ჩვენი სტატუსების ”ლაიქებს” (სადაც რომელიმე დღესასწაულის მილოცვა ათასნაირი სმაილით არის გაჯერებული), ღმერთი არ აკონტროლებს ჩვენს ”PM”-ებს (სადაც ათასი კაცის დაკოპირებულ უცნაურ ლოცვას ვუგზავნით ერთმანეთს, შემდეგი 4 წუთის განმავლობაში რაღაც რომ გაგვიხარდეს), ღმერთს არ აინტერესებს გაწყდება თუ არა ფსევდოგონივრული მილოცვების 33 მწკრივიანი ჯაჭვი (მართლა არ აინტერესებს) და არც ის ანაღვლებს კართან მდგომი ქრისტეს სურათს გააზიარებთ (იმ შემთხვევაში, თუ შემოუშვებდით) თუ ”დაალაიქებთ” (იმ შემთხვევაში, თუ უარყოფდით). და ბოლოს, ღმერთი არც იმას ადევნებს თვალს ჩვენი ჭკვიანი მეგობრები რომელი ხატის სურათზე ”დაგვთაგავენ”, რათა შემდეგ ერთმანეთი ურთიერთსიყვარულის (და მისი გამომხატველი ფიფქსმაილების) ზღვაში ჩავახრჩოთ.

ამონარიდი "ფეისბუქიდან"

ერთი სიტყვით, რწმენის ხარისხი იმით სულაც არ ფასდება, თუ ვის უფრო მეტი რელიგიური სურათი აქვს ატვირთული კედლის სურათებში, ვინ უფრო მეტ ადამიანს გაუგზავნის რელიგიური პათეტიზმით აღსავსე ტექსტებს, ვინ უფრო მეტ კვერცხზე მოინიშნება სააღდგომოდ, ვის უფრო მეტი მამა(ო) ეყოლება ”ფეისბუქის” მეგობრებში, ან ვინ უფრო მეტად იწამებს, რომ ”ონლაინ-აჟიტირებას და ფალსიფიცირებულ რწმენას ნამდვილად ფასი აქვს”. მით უფრო, რომ არსებობს ”სარწმუნოებრივი აღტკინების” გამოხატვის ბევრად უკეთესი  და უფრო ინტიმური ფორმები – როგორიც, მაგალითად, ლოცვაა – და წესით, ეს სფერო იმაზე უფრო პირადული უნდა იყოს ჩვენთვის, ვიდრე ეს ”ფეისბუქის” PM-სა თუ ჩატში გამოხატული ფსევდორწმენითი ქმედებებია.

დ) ”არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი - „ზომიერება ყველაფერშია საჭირო, მათ შორის – თავმდაბლობაშიცო“ – ნათქვამია. თუმცა, ზოგჯერ ჩვენ ისეთი ხარისხით გვწამს ღმერთი, რომ ღმერთსაც კი შეიძლება უკვირდეს: ყველგან მისი ხსენება გვიყვარს („ღვთის მადლით“, „ღმერთის ნებაა“, „ღმერთის წყალობით“), ყოველგვარ საცდურს ვუფრთხით („ჩამეთვლება თუ არა ინტერნეტში დიდხანს ყოფნა ცოდვად, თუ მხოლოდ მართლმადიდებლურ საიტებზე შევდივარ?“), ხშირად ვციტირებთ პატრიარქს და ვაღმერთებთ საკუთარ მოძღვარს („ჩემი მამაო ძალიან მაგარი ადამიანია, მან მითხრა რომ…“), გვგონია, რომ ვინც ოდნავ ზედმეტს იტყვის რელიგიაზე იეღოველია (ან ათეისტი), ვაკურთხებთ ყველაფერს, რისი კურთხევაც შეიძლება (რის შემდეგაც ამის აფიშირებას ბოლნური ჯვრით ვახდენთ) და ბრმად გვწამს ყველაფრის (თუნდაც, იმის, რომ ინტერნეტში გაზიარებული ლოცვით ოცნებები მართლა აგვიხდება).

"პური ჩვენი არსობისა"

ე)რელიგიური სარკაზმი” – ზომიერება არც მეორე პოლუსზე გვყოფნის და ამიტომ ჩვენს ერთ-ერთ მთავარ თვითმიზანს ხშირად რელიგიის კრიტიკაც წარმოადგენს. ჩვენ ვხუმრობთ ყველაფერზე – განურჩევლად დღესასწაულისა და პატრიარქისა. ვფიქრობთ, რომ უფრო „მაგარი ტიპები“ ვიქნებით თუ შობის დღესასწაულზე „ჰეი, ჯიზუზ, Happy Birthday“-ს დავწერთ, აღდგომის შესახებ – „ქრისტე აღდგა“-ს ნაცვლად რამე გონებამახვილურ პწკარედს გამოვაქვეყნებთ (თუნდაც მღვდლებისა და ჯიპების მჭიდრო ურთიერთკავშირის შესახებ) ან პატრიარქის სიტყვისადმი ქართველთა დიდი ნაწილის უსიტყვო მორჩილებაზე რაიმე დამაკნინებელს ვიტყვით. ერთი სიტყვით, მტკიცედ გვწამს, რომ მორწმუნეები ”ნეტარ” კი არა… „ნეტა ერთი, მაგათ, მოსცლიათ“. მოკლედ, კაცია და გუნება.

ვ) ”რიგითი მოკვდავი მორწმუნეები” – რა თქმა უნდა, ყველა მორწმუნე თუ ურწმუნო ასეთი რადიკალური არ არის. ისეთი ადამიანებიც არსებობენ, ვინც წირვაზეც დადიან, მარხვასაც იცავენ, ზიარების (არა გაზიარების) მადლსაც იღებენ და თან არც ამ ყველაფრის დემონსტრირებას ახდენენ. აქ ჩვენ უკვე ვიცით, რომ მარხვა მხოლოდ ზოგიერთი საჭმლის დროებით უარყოფას არ ნიშნავს. ისიც ვიცით, რომ ძალადობა გამოსავალი არ არის და ერეკლე დეისაძეს თუ მაინცდამაინც ლოყაზე ამბორით არ ვეგებებით, არც მისი წამების უტოპიურ გეგმებს ვსახავთ. ბოლოსდაბოლოს, არც უფლის სახელით ვაპელირებთ ხშირად („მაგათ ღმერთი დასჯით ამ უზნეობის გამო“). ერთი სიტყვით რომ ვთქვათ – გვწამს.

"მეგობრობა გზად და ხიდად"

პ.ს: დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ რელიგიას საქართველოსთვის უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა აქვს. დაახლოებით ისეთივე, როგორიც ერთი წევრის ცოდნას ორუცნობიანი განტოლების ამოხსნის საქმეში. შესაბამისად, სასურველია ვეცადოთ, რომ ჩვენი ზედმეტი მონდომებით ან ჩვენი ზედმეტი უნდობლობით, ეს სფერო კომიკურობის ისეთ დონემდე არ დავიყვანოთ, რამაც ბერნარდ შოუს ”მადლობა ღმერთს, რომ ათეისტი ვარო” ათქმევინა.

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
16 Responses
  1. გიგუშა says:

    წირვაზე საწინააღმდეგო სქესის გაცნობის მიზნით მისვლა არ გიხსენებია, (ხშირად ამას არ აღიარებენ, მაგრამ ასეა…მაგ: “გოგო ათუკა ჩითავს სამებაში და წამო ჩვენც იქ ვიაროთ კვირაობით”

    • მჩხაპნელი says:

      აღარ მეგონა ეგ მოდა თუ კიდევ იყო ან შეიძლება უბრალოდ მაგ მხრივ დაკვირვება მაინცდამაინც აღარ გამიგრძელებია. მაგრამ ის ბუმიც კარგად მახსოვს – პაემანის ყველაზე იაფი გზა სამების ახალმოპირკეთებული და მშვიდი ეზო რომ იყო :)

  2. karamelka says:

    ასე კარგად ვინ ჩამოაყალიბებდა თუ არა შენ :) ველოდები ხოლმე შენს პოსტებს,გეტყობა დაკავებული ხარ:)

  3. თამუ says:

    რა სასიამოვნო წასაკითხია საღი აზრი :)

  4. გურამი says:

    დიდი ხანია ამ საიტზე შემოვდივარ და ვკითხულობ მაგრამ პირველად ვაკომენტარებ : ))
    ძალიან საინტერესოდ წერ ერთი შეხედვით უინტერესო და გაცვეთილ თემებზეც კი : ))
    ჩემსავით ბევრი დაძვრება აქ კარგი იქნება თუ უფრო ხშირად მოახერხებ დაპოსტვას

  5. ირაკლი says:

    უბრალოდ “ბრავო”

  6. ნიკო says:

    უსესანიშნავესი პოსტია

    ესაც გამოგრჩა: ეკლესიაში ნაკურთხი წყლისთვის ერთმანეთს რომ თავზე უვლიან ეგ მაკვირვებს მე

  7. peterman0418 says:

    პოსტის ავტორს: “სემიჩკასავით” იკითხება და ეს კარგია, მკითხველი არ დაიღლება, ერთ რჩევას მოგცემდი, მხოლოდ მხილებას შედეგი არ მოაქვს, ამ პოსტს ბევრი დაა-like-ბს, ბევრიც დაა-share-ბს და ამით არაფერი შეიცვლება… პოსტს დასასრულში რაღაც აკლია, P.S-მა ცოტა სიცარიელე დამიტოვა, თან ძალიან თავმდაბლურად ჟღერს ”შესაბამისად, სასურველია ვეცადოთ” – უფრო გაამძაფრებდა კაცი, ასე მიმართე გერმანელებს ან ბრიტანელებს, ქართველები კი ჯობია ცხადად შეარცხვინო, თავმოყვარეობის უაზრო და უთავბოლო გრძნობა შეულახო, აღაშფოთო ისინი და უფრო მიიტანენ გულთან :) გმადლობთ ყურადღებისთვის

  8. Da2na says:

    ათეისტურად (”ნიცშე მიყვარს ძალიან…”)
    ნიცშე ნატვრის თვალია…
    საყვარელო ჩემო ნიცშე

  9. nuca says:

    არა ,უნდა ვთქვა, რომ ანიმაციური გაპორმება აბსოლუტურად ”ქართველურია” :)

  10. ნინიკო :)) says:

    კიდე იცი რა გამოგრჩა ? ახლაც “მოდაშია” ეკლესიაში სიარული,მაგრამ უფრო “ათეისტობა” ითვლება “კაი ტიპობად “:)) დღესასწაულებზეც კი აღარ დადის ხალხი არათუ წირვებზე კვირაობით :| ძალიან შეცოტავებულია ხალხი :|

  11. tinatinitinitiki says:

    ძალიან ნიჭიერი ხარ და ვცილობ ყველა წავიკითხო რაც დაგიწერია, და ველოდები ახლებსაც… მომწონს წერის სტილი და შერჩეული თემებიც.
    აქ რა თემაზეც საუბრობ საინტერესოა, და გეთანხმები რომ “ეს სფერო კომიკურობის ისეთ დონემდე არ დავიყვანოთ”!!!!

    და ბოლოს…
    სხვა პოსტებზეც მიგიწერე რამდენიმეგან, და აქაც მიგიწერ, რომ ზოგი ჩანაწერის სხვა საიტზე (ფაცე.გე) წაღება მინდა ხოლმე, ავტორის მითითებით რა თქმა უნდა. იმედია წინააღმდეგი არ იქნები, მადლობა წინასწარ

  12. სალომე says:

    ვგიჯდები ამ ბიჭის მოსაზრებებზე.

  13. ზიზი says:

    ზუსტია :) )) იცი რა მომწონს? ყველაფერ იმას რასაც წერ ჩვენ ეს ვიცით. უბრალოდ ვერ ვახერხებთ მათ თავმოყრას და გაანალიზებას რასაც ახერხებ შენ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამისთვის მიუხედავად იმისა რომჯერ მხოლოდ 15 წლის ვარ შენს პოსტებს საკმაოდ კარგად ვგებულობ და ვაანალიზებ,ანუ მარტივად და გასაგებადაა დაწერილი…

  14. არცკი ვიცი, რა ვთქვა… შენ უკვე ყველაფერი ”დაღეჭე”… გული ისე მოვიფხანე, ლამის მოვიგლიჯე. მეც მაგრად მაღიზიანებს ეს ფეისბუქზე გაზიარებული ღმერთი. ღმერთი საკრალური რამეა, ჩვენ კი ის სოციალური ქსელის მეგობარი გვგონია, ასე მოვახერხებთ იმას, რომ ”ღმერთიც” ისეთივე მექანიკური და არაფრისმთქმელი სკეპტიციზმის შემცველი ცნება იქნება, როგორიცაა ”იდეა’ და როგორიცაა ”ფიცარში ლურსმნის ჩარჭობა’ ან ”ძრავა”. არადა, ღმერთის რწმენა გვჭირდება ადამიანებს, იმიტომ, რომ ის მართლა არსებობს, სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია და აქ ზედმეტია ახსნაგანმარტებების ძიება, მაგრამ დღეს არსებული ბრიყვულ-გაუცნობიერებელი ფარისევლობა ღმერთს მიკლავს და უკვე გული მერევა დებილ ”მორწმუნე” გოგოებზე, რომლებიც ყოველთვის როცა ქმართან დაწვებიან, იესოს გამოსახულებას დარცხვენით და დანაშაულის შეგრძნებით ახედავენ და სექსუალურ პოზებსაც მოძღვართან შეათანხმებენ — რა გახრწნილი ვარ ! რა ადგილი გავუშვი ხლიდან, სამოთხეში რომ მქონდა დაჯავშნული ! აი, ამიტომ წამოვედი ეკლესიიდან… არ მინდა ეს უღმერთოები ჩემს წმინდათაწმინდა ღმერთს მილახავდნენ. ისე ფეისბუქის ათეისტები უბრალოდ ღმერთის ცნებისგან შეწუხებული არსებები არიან და არა მოაზროვნეები, რომლებმაც რელიგიაში მუტაცია აღმოაჩინეს და ახლა მას უპირისპირდრბიან.

  15. გოგა says:

    ბევრი რამ წერია სიმართლე მაგრამ ცოტას მეც დავამათებ. თუ “ნამდვილი ქართველი” ხარ აუცილებელია 1- ტაძრის წინ გავლისას რაც შეიძლება ღონივრად გადაიწერო პირჯვარი. 2- არასოდეს გაიკითხო სასულიერო პირი რადგან ეს უბრალო მოკვდავის საქმე არ არის, სამაგიეროდ რამდენიც გინდა ლანძღე პოლიტიკოსი, ფეხბურთელი,მომღერალი, მეზობელი, კოლეგა,და.ა..შ. 3- არ დაგავიწყდეს სუფრაზე პატრიარქის დალოცვა(უფლისც სადიდებელს თუ არ დალევ კიდევ გეპატიება მაგრამ პატრიარქი…) 4- გულზე დაკიდებული ჯვრის გამოჩენა არ დაგავიწყდეს, თან რაც უფრო დიდია დაძვირფასი ეს ჯვარი მით მეტად “მაგარი ტიპი”ხარ. თუ ტატურებაც გაქვს ჯვრისა მაშინ ხომ საერთოდ. ასე რომ გაგრძელება შეიძლება უსასრულოდ

Leave a Reply to ნიკო Click here to cancel reply.