(უცნაური ჟანრის კიდევ უფრო უცნაური მოთხრობა “შემოდგომის ლეგენდის” შესარჩევი ეტაპისათვის)
I თავი
იშმაილი
ჩემი სახელია იშმაილი. ახლა მე მკვდარი ვარ. თავი გუშინ მოვიკალი. დეპრესია და რაღაც ეგეთი არ მქონია. ისე – მოთხრობის პონტში. ჩემი პატრონი სულ იმას ამბობს, რომ თვითმკვლელობა უხდება მოთხრობას. რაც არ უნდა ცუდი იყოს სიუჟეტი, მაინც იმის ილუზიას გიქმნის, რომ რაღაც ღრმაა. ეგზისტენციალური.
ეს სიტყვაც ჩემმა პატრონმა მასწავლა. წაღებული აქვს კამიუთი ტვინი. შავი ჭირივით მეზიზღება უკვე. მთელი დღეები უაზროდ დადის და იმას ამბობს, რომ ცხოვრების აზრს მიაგნო. მე კიდევ მომბეზრდა. შეიძლება, ამიტომაც მოვიკალი თავი. ან იმიტომ, რომ ცხოვრებაში ერთხელ ყველაფერი უნდა გამოსცადო. მათ შორის, სუიციდიც. ჰოდა, მეც წინასწარვე დავიცალე ყველა ბრჭყალი, რითაც შეიძლებოდა სიცოცხლეს ჩავბღაუჭებოდი და „ემპაიარ სტეიტ ბილდინგიდან“ გადმოვხტი. ახლა მე მკვდარი ვარ, მაგრამ ეგ ერთხელ არაფერი – რვა სიცოცხლე კიდევ დამრჩა…
II თავი
სოფი
ჩემი სახელია სოფი. მწერალი ვარ. ოღონდ წიგნებს ვერ ვყიდი. პირიქით – წიგნები მყიდიან, რომ ცუდი მწერალი ვარ. ვცხოვრობ ნიუ-იორკში. ერთ ძალიან მაღალ შენობაში. მყავს ერთადერთი მეგობარი და კატა. მეგობარს ქრონიკული დეპრესია აქვს. ფანჯრიდან რომ იყურება, პირველი რასაც ხედავს ასფალტზე დანთხეული მისი სხეულის ნაწილებია. საბედნიეროდ, არაესთეტიკურად ეჩვენება და ყოველთვის უკან იხევს. „ხალხს ასე ნაწილ-ნაწილ როგორ დავენახვებიო“ – განიცდის.
კატა უარესია. გუშინ სახლიდან გაიპარა და ემპაიარ სტეიტ ბილდინგიდან გადმოხტა. სასწრაფო დახმარების მანქანით მოიყვანეს. ექიმმა მკითხა: „კატას ემპაიარ სტეიტ ბილდინგის ბოლო სართულზე რა ესაქმებოდაო?“ „კინგ კონგი ხომ მდივან-მემანქანედ მუშაობდა – მეთქი – რას ამბობთ“ – მივუგე.
და საერთოდ როდის იყო ემპაიარ სტეიტ ბილდინგიდან გადმომხტარი კატები, სახლში სასწრაფო დახმარების ექიმებს მოჰყავდათ?
III თავი
…
ჩემი სახელია… ან, მაგას რა მნიშვნელობა აქვს. მაინც არარაა ყველაფერი – თვითმკვლელობის გარდა. თავის მოკვლაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. რამდენჯერმე ვცადე კიდეც. ერთხელ, მახსოვს აბები მოვიმარაგე, მაგრამ ის კაბა, რომელშიც ჩემი გვამის პირველაღმომჩენებს მინდოდა ვენახე, გასარეცხი აღმოჩნდა და სანამ ვრეცხავდი, გადამიარა.
ჩემი მეგობარი სულ მეუბნება, რომ თვითმკვლელობაზე ბევრს ვწუწუნებ და რომ „თავს მოიკლავს“ თუ არ გავჩუმდები. მეც ვჩუმდები, იმიტომ რომ იმან თუ თავი ჩემზე ადრე მოიკლა, შურით მოვკვდები. ჩემი მეგობარი მწერალია. კარგი ფანტაზია აქვს. ალბათ, ამიტომაც ჰგონია, რომ მისი კატა ლაპარაკობს. მე პირადად კატებს ვერ ვიტან. „ვერც კატებს“ უფრო სწორად. ერთადერთი რაც კატაში მომწონს, მისი ბეწვია, რომ გადამეყლაპოს, კუჭში გამეჩხიროს და მოვკვდე.
ერთი ბიჭიც მომწონს – მარკი ქვია. სოფის მეზობელია. ბოლო ჯერზე რომ ვხტებოდი ფანჯრიდან, მაშინ დავინახე. ერთი ნახვით გადავიფიქრე. მერე გამეცნო. ნომერიც გამომართვა. დამპირდა, უსიკვდილოდ დაგირეკავო. მაგრამ ჯერ არ დაურეკავს. ალბათ, მოკვდა. ეგეც კი.
მაგრამ მე მაინც მჯერა რომ დამირეკავს. უნდა დამირეკოს. რომ არ დარეკოს, თავს მოვიკლავ, ნამდვილად.
IV თავი
მარკი
ჩემი სახელია მარკი. ახლა დაკავებული ვარ, ხუთ სტრიქონში შემეხმიანეთ.
V თავი
სოფი
ჩემი სახელია სოფი. მწერალი ვარ, ოღონდ ახლა საწერად ნაკლებად მცალია. ჩემი კატის ბედი მაღელვებს. უკვე მეორედ სცადა თვითმკვლელობა. ძალიან ჯიუტია. ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. კიდევ კარგი ახლოს ვიდექი და მოვასწარი გვერდზე გამომეწია. ჩემს მეგობარს უნდა ვთხოვო, რომ როცა კატასთან ერთად ვართ, თვითმკვლელობაზე აღარ ილაპარაკოს. თორემ ეს ისეთი მონდომებული თვითმკვლელია, რომ ერთხელაც იქნება, წარმატებას მიაღწევს.
VI თავი
მარკი
ჩემი სახელია მარკი. დიდი მორცხვი ვინმე ვარ. ნიუ იორკში ვცხოვრობ. ერთ ძალიან მაღალ შენობაში. ცათამბჯენების შიში მაქვს და ეს ერთადერთი ადგილია, საიდანაც უფრო მაღალ შენობებს ვერ ვხედავ. მომწყინდა ყველაფერი. ამ დღეებში თავის მოკვლას ვგეგმავ. კარგი ამინდი თუ დაემთხვა, რა თქმა უნდა. ცოტა ხნის წინაც ვაპირებდი, მაგრამ მეზობელ ფანჯარაში ერთი ქალი შევნიშნე, მომეწონა და გადავიფიქრე. იმის მერე სულ მინდა, რომ დავურეკო, მაგრამ სანამ მაგას გავბედავ, ერთ სიკვდილს გავათავებ. მირჩევნია, გადავბრუნდე და მოვკვდე…
გადაბრუნებით გადავბრუნდი.
VII თავი
სოფი
ჩემი სახელია სოფი. მწე… გავიგე, რომ გაიგეთ. უბრალოდ, გამეორება მსიამოვნებს. თან იმის დამატებაც მინდოდა, რომ არ მიყვარს სიუჟეტები, სადაც ყველაფერი ბანალურად მთავრდება. სადაც თვითმკვლელი ბიჭი დაინახავს თვითმკვლელ გოგოს. მერე მათ შორის სიყვარულის სიმები გაიბმება და ორივე მიხვდება, რომ ცხოვრება მშვენიერია. მე-ზიზ-ღე-ბა. მოთხრობაა თუ უკუღმა დატრიალებული რომეო და ჯულიეტა? რაღაც უნდა მოვიფიქრო. მოულოდნელი. ამგვარ სცენარს ხელი რომ შევუშალო.
ჩემი კატა მეუბნება, ბოლო დროს უცნაურად იქცევიო. სასწაული, თუ გინდა – კატაა, ლაპარაკობს და კიდევ მე ვიქცევი უცნაურად. თურმე.
VIII თავი
იშმაილი
ჩემი სახელია იშმაილი. მკვდარი აღარ ვარ. ახლა ობოლი ვარ. ჩემმა პატრონმა გადაწყვიტა, რომ კიბე კაცობრიობის ცუდი გამოგონებაა და პირდაპირ ფანჯრით ისარგებლა. ასეა, პირველ მოქმედებაში რომ ფანჯარა გაიღება, ბოლოს ვინმე უნდა გადახტეს. მერე ხალხი მოვიდა. მეგობარმა თქვა – ასეც ვიცოდი, ბოლო დროს ვერ იყო კარგად, ეგონა მისი კატა ლაპარაკობდაო. ჩვენი მეზობელი ბიჭი როა, იმან – ჰო, რამდენჯერმე მეც დავინახე – რაღაცნაირად ამღვრეული თვალები ჰქონდაო. მერე დაამატა – დაკრძალვის მერე კინოში გავიაროთ, გული გადავაყოლოთო. ჰოდა, მე მგონი მაგათ შორის რაღაც სიმები გაიბა, იმიტომ რომ როცა გადიოდნენ ბიჭმა უთხრა – ეს ამბავი რომ არა, ვერც ვერასოდეს გავბედავდი თქვენთან დალაპარაკებას. თქვენ ისეთი კარგი ხართ, მზად ვარ თქვენ გამო მოვკვდეო. ამანაც – ცხოვრება რა მშვენიერია, ახლა სიხარულისგან თავს მოვიკლავო. მოკლედ, ბლა ბლა ბლა.
ბინაში ჯერჯერობით მარტო ვარ. თავის მოკვლაც გადავიფიქრე. ორი თვითმკვლელობა ერთ პატარა მოთხრობაში უკვე ნამეტანია. თან ამ სახლში ახლა კატაც მე ვარ, ძაღლიც და მეტი პასუხისმგებლობა მომეთხოვება.
ისე ჩემი პატრონი მეცოდება. არა უშავდა მწერალი კი იყო. თავის მოკვლამდე სულ იმას ამბობდა, რომ თვითმკვლელობა უხდება მოთხრობას. რაც არ უნდა ცუდი იყოს სიუჟეტი, მაინც იმის ილუზიას გიქმნის, რომ რაღაც ღრმაა. ეგზისტენციალურიო…
კარგია, მაგრამ მეზობელი ქვეყნის ერთი მწერალი მეცნო
პირველი საერთოდ “მობი დიკია”
რაღაც ღრმაა, ეგზისტენციალურია
მიაუ
ფისო, ფისო, რა მაგარი ხარ
იმედია, მიმართვის ადრესატი პერსონაჟია
აუ ძალიან ბევრი ვიცინე ^^
მევასები ბექზ თან ძაან :დ
რაღაც ეგზისტენციალური პოსტი იყო :3
ეგზისტენციალურიაო… =)))))))))))))))))))))))))
რაღაც ღრმაა. ეგზისტენციალური
,,მე წითელი ვარ” გამახსენდა ასოციაციურად,მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია კითხვისგან სიამოვნება მიმეღო.მოკლედ კარგი ბიჭი ხარ ,ძალიან ))
კი, დიდი მცდელობა არც მქონია – ეს ასოციაცია ამერიდებინა თავიდან. სულ მინიმუმ იმიტომ, რომ ამ რომანის საწყისი ფრაზა გამოვიყენე მეც. მადლობა
რაღაც ღრმაა
ძაან მაგარია
)
ძალიან მომწონს ..მოკლედ 2 საათია შენ ბლოგებს ვკიტხულობ თავს ვერ ვანებებ… შეიძლება ერთერთი მიზეზი ამის ისარის რომ უამრავი მაქ სამეცადინოდა და მე კიდე ყველაპერს ვაკეთებ რომ არ ვიმეცადინო მათ შირის შენ პოსტებს ვკითხულობ
:/
შენი პოსტები არ ჩუმდება….. ეჰ არ მეძინება და წავალ თავს მაინც მოვიკლავ რავი
ვისაც ეძინება ხოლმე, ის მთქნარებით კვდება და შედეგი მაინც ერთია