მათთვის, ვისაც ბავშვობაში ზღაპრები უყვარდა…

“იყო და არა იყო რა…”

10-15 წლის წინ
-ზღაპარი მომიყევი რა…
10-15 წლის შემდეგ:
-კარგი, კარგი, ზღაპრებს ნუ მიყვები..
©ცხოვრება

აი, ასეთი პარადოქსული რამ არის ზღაპარი. ბავშვობაში მოყოლას ითხოვ, მერე იზრდები და რატომღაც საწინააღმდეგო სურვილები გიჩნდება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქალობითი სქესი ხარ და შენი სატრფო ტიპური კაცია. აი, ყველა რომ ერთნაირია, ისეთი.

მოკლედ, გინდა და აღარ გინდა რა.

ქმრების ზღაპრები ძირითადად ერთნაირია და მათი შთამაგონებელი წყარო, როგორც წესი, ქეიფი, ფული, ან, ქალია. თუმცა, მსგავსების მოძებნა არც საბავშვო ზღაპრებშია ძნელი. ასე მაგალითად:

  • უფროსი ძმა ყოველთვის გაბოროტებული, ცხოვრებაზე დაბოღმილი ან უიღბლო ადამიანია. უმცროს ძმას კი ანგელოზობამდე მხოლოდ ფრთები უკლია.
  • გზაჯვარედინზე აუცილებლად არის დაფა, წარწერით:
    მარჯვნივ წახვალ – ცოცხალი დარჩები.
    მარცხნივ წახვალ - მოკვდები, აფეთქდები, ძვლებად დაიშლები, დაქუცმაცდები და ერთი სიტყვით, უბედური შემთხვევების გამომხატველი ყველა ზმნა დაგემართება.
    პირდაპირ წახვალ –
    ბედი თვითონ გადაწყვეტს, მარჯვნივ უნდა წასულიყავი თუ მარცხნივ.
    მიუხედავად ამისა, მთავარი გმირი, რატომღაც ყოველთვის მარცხენა გზით მიდის და მის შესახებ არსებულ ყველა შეხედულებას უმოწყალოდ ამსხვრევს.
  • ბოროტი დევის უკვდავების საიდუმლო ყოველთვის მოთავსებულია კვერცხში; კვერცხი დევს რკინის კოლოფში; კოლოფი ჩამარხულია უზარმაზარი მუხის ქვეშ; მუხას დარაჯობს მონსტრობის პოტენციის მქონე ტახი; ტახს კლავს მარტო დევის ნაბან წყალში გავლებული ხმალი და ერთი სიტყვით, ყველა წინაპირობაა იმისთვის, რომ ზღაპარი “ჰოლივუდურ” ბლოკბასტერში გადაიზარდოს;

“ვისაც თევზი უნდა, ფეხიც უნდა დაისველოს”

  • როდესაც ბოროტი, კაციჭამია არსება სახლში ბრუნდება და ცოცხად, უთოდ, მაცივრად, “რაზვადნოი კლუჩად” ან რამე ასეთად გადაქცეული მთავარი გმირი იქვე იმალება, აუცილებლად აღნიშნავს, რომ ადამიანის სუნი სცემს და ამის მიზეზს კითხულობს, რაზედაც მთავარი გმირის “გამარაზვადნოიკლუჩებელი” პასუხობს: მთელი დღე გარეთ დადიხარ და იქიდან მოგყვებოდაო. როგორც წესი, კაციჭამიას გულუბრყვილობა ამ მომენტში პიკს აღწევს და ის მოსმენილ არგუმენტს ყოველგვარი დაეჭვების გარეშე ეთანხმება.
  • საბოლოო მიზნისკენ მიმავალ გზაზე მთავარ გმირს ხვდება წარბმოჭმული კაცი, რომელსაც წამწამები ჭიპზე აქვს; ცოლ-ქმარი, რომლებიც დანის პირზე წევს; კოღო, რომელიც გულამოსკვნილი ქვითინებს და დროგამოშვებით ცხვირს იხოცავს; სამყურა კაცი, რომელიც ტანტალებს და ამ ტიპის ანომალიური მოვლენები. როგორც წესი, როცა მთავარი გმირი ამის ახსნას ითხოვს, ისინი შეთანხმებულებივით პასუხობენ, რომ ამ გზაზე ჩავლილი ბევრი უნახავთ, ამოვლილი კი არავინ და მთავარ პერსონაჟს აძლევენ სიცოცხლის შენარჩუნების სტიმულს, პირდებიან რა რომ, უკან დაბრუნების შემთხვევაში ყველაფერს უამბობენ.
  • როდესაც მთავარი გმირი ფასკუნჯთან ან რამე ასეთთან ერთად სადღაც მიფრინავს, გზის ბოლო ეტაპზე ყოველთვის უთავდება ხორცი, რომელიც ზღაპარში ბენზინის შემცვლელია. ავიაკატასტროფის თავიდან ასაცილებლად მთავარი გმირი იძულებულია ბაყვი აითალოს და ფასკუნჯს აჭამოს. როგორც წესი, ამ ბოლო ლუკმის სიგემრიელე ფასკუნჯის მხრიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი ხდება.

“სააკაშვილი ყველაზე მაგარი პრეზიდენტია” – პინოქიო

  • მთავარი გმირი, მაინცდამაინც მაშინ მიდის რომელიღაც წყაროსთან, როდესაც გველვეშაპმა ხარკად მიძღვნილი უკანასკნელი ქალი უნდა შეახრამუნოს და ეს ქალი ყოველთვის იმ ქვეყნის მეფის ასულია, სადაც ეს წყარო მდებარეობს;
  • როდესაც მეფე რაიმე კონკურსს აცხადებს, ჯილდოდ თავის შვილზე უკეთეს ალტერნატივას ვერ ხედავს და საწყალი პრინცესა ბებერი მამის ხუშტურების გამო, იძულებულია ვიღაც იღბლიან იდიოტს გაყვეს ცოლად. თუმცა, როგორც წესი, საბოლოო ჯამში, ეს პრინცესაც იღბლიანი აღმოჩნდება ხოლმე, რადგან საქმროდ “კაი ტიპი” ხვდება;
  • და ბოლოს, ყველა ზღაპრის დასასრულში ჩანს ეგოიზმის უმაღლესი დონის გამოვლინება, როდესაც მთხრობელი მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს, “იქ”-აურებს ფეხებზე იკიდებს და ქატოსა თუ ჭირის სიჭარბეს უსურვებს…

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
35 Responses
  1. Sweet says:

    აუ რა ვიხარხარე!!! :D :D :D :D :D :D

  2. Sunny says:

    ვაიმე ძალიან ბევრი ვიცინე,….
    მაგარი იყო

  3. Blackiii says:

    სასტიკი რეალობა :D

  4. ia says:

    ძალიან ვიხალისე

  5. dj-guro says:

    ჩემი საყვარელი ბლოგერი ხარ.

  6. utsnobi says:

    მაგარია :)
    განსაკუთრებით ეს:
    “10-15 წლის წინ
    -ზღაპარი მომიყევი რა…
    10-15 წლის შემდეგ:
    -კარგი, კარგი, ზღაპრებს ნუ მიყვები..
    ©ცხოვრება”

  7. ნ10ა says:

    დედინაცვალს რომ ძუძუზე ფეხს დაადგამენ ეგ გამოგრჩენია :) მოვკვდი ღიმილით :)

    • მჩხაპნელი says:

      სულ მეცოდებოდა დედინაცვლები ხოლმე მაგ მომენტში. ეტყობა, ქვეცნობიერმა დამინდო და ეგ ტრავმა არ ამომიტივტივა ამის წერისას :)

  8. Qristine says:

    კარგი იყო.არაჩვეულებრივად “იღადავე” :D

    • მჩხაპნელი says:

      ცოტა მეხამუშება ეგ სიტყვა, მაგრამ… მადლობა! :P

  9. TaaaTaa says:

    რა ზღაპრებს გვიყვებიიი… :D

    • მჩხაპნელი says:

      აბა, მარტო რეალობის ყურება ცოტა სახიფათოა :)

  10. ნონა says:

    ძალიან მაგარი ზღაპარია….მაგრად ვიხალისე :)

    • მჩხაპნელი says:

      ზღაპრების პოპურია ეს, მთლად ზღაპარს ვერ დავარქმევ :)

  11. modebilo elementi says:

    კარგი ბიჭი ხარ, ყოჩაღი :D გაიზარდე :D რა ვიცი,ასეთ განწყობაზე დამაყენა :)

    • მჩხაპნელი says:

      ზღაპრებისათვის კი ვარ გაზრდილი უკვე :P

  12. მძიმე) says:

    “რაზვადნოი კლუჩმა” დაგლიჯა.პინოქიოს ”სიმართლემაც”:)))

    მოკლედ კარგი იყო,დგეში სამჯერ შემოხვალთ აქ,ჭამის შემდეგ,ექიმმა სასარგებლოაო:)))

    • მჩხაპნელი says:

      :D “რაზვადნოი კლუჩი” მეოცე საუკუნიდან მაქვს გადმოყოლილი, მაშინ იყო განსაკუთრებით პოპულარული :)

  13. ნი says:

    ეს მარტო ძველი რუსული ზღაპრებით შემოიფარგლე?:D:D:D

    • მჩხაპნელი says:

      :D ბავშვობაში რასაც მიკითხავდნენ და ვკითხულობდი იმით, მაგრამ წიგნს “ქართული ხალხური ზღაპრები” ეწერა :) ჰმ, სიცრუეში მიცხოვრია აქამდე :)

  14. sof. says:

    wasntme წავალ ახლა მე და აღმატებულ ხარისხში დავიძიმებ, ვინაიდან და რადგანაც არ გავზრდილვარ ზღაპრებით, იმიტომ რომმ არც არასდროს მითხოვია ზღაპრის მოყოლა არავისთვის და აქედან გამომდინარე ვარ გამოუსწორებელი რეალისტი, რის გამოც არასოდეს მომინდება ვუყურო ფილმს ”ალისა საოცრებათა სამყაროში” . p.s. ილუზიებით ცხოვრება ილუზიონისტების საქმეა, არა ბექა? ;) მომწონხარ :> :P

    • მჩხაპნელი says:

      :D ილუზიონისტები არამხოლოდ ცხოვრობენ, საჭმელსაც მაგითი ჭამენ :) მე ზღაპრებით დატვირთული ბავშვობა მქონდა (და კიდევ ის წიგნები, სხვადასხვა ქვეყნის ზღაპრების ტომეული რომ იყო), რაც აისახა კიდეც მახსოვრობაზე :)

  15. მარი says:

    ყველა ზღაპარი რისი მაგალითებიც მოყვანილი გყავს, კარგად მახსოვს. უბრალოდ მე ჩემით ვკითხულობდი ხოლმე, მგონი მომწონდა და ძმას ხელსახოცად რომ აქცევდა და მუთაქის ქვეშ დებდა (რაზვადნოი კლუჩი ჯობდა, მართალია). სამაგიეროდ ჩემს საბრალო ბავშვს არასოდეს წავუკითხავ ზღაპარს ბაყვათლილ ტიპებზე…
    არ ვიცი როგორ ახერხებ… ოდესმე თუ შეწყვეტ წერას ფეხით ჩავალ სტრასბურგში და იქ ვიჩივლებ

    • მჩხაპნელი says:

      იმდენი აგრესიაა ქართულ ზღაპრებში – თუნდაც საწყალ ცხრათავიან დევს ერთ ცალსაც რომ არ უტოვებენ – ნამდვილად არ ღირს საბრალო ბავშვების ფსიქიკაზე მოქმედება :) თუმცა, ისეთი ზღაპარიც არ არსებობს, სადაც ძალადობა არ იყოს მაინც რაღაც ფორმით :)

  16. ნემე ზიდა says:

    საწყალი ბიჭი რომ ბოროტ დედაბერს ნაკუწ-ნაკუწ აქნის, მოხარშავს და სუფს არანაკლებ ბოროტ რძალს აჭმევს?! devilsmile

    • მჩხაპნელი says:

      ან თონეზე რომ ფიჩხს დაუყრის, შიგნით გაავარვარებს და მერე შიგ რომ ბუგავს :)

  17. :D says:

    :D :D :D კარგი იყო :D ცოტათი დიდი ვარ მაგრამ მიყვარს ზღაპრები :D

Leave a Reply to utsnobi Click here to cancel reply.