მე პოლი მქვია. ორმოცდათვრამეტი წლის ვარ.
ვიცი, ბანალური დასაწყისია, მაგრამ ვაღიაროთ, რომ შემეძლო უფრო ბანალურადაც დამეწყო: „მარტის ერთი მშვენიერი დღე იდგა“, მაგალითად.
ისე, განსაკუთრებული ორიგინალურობით არც ცხოვრებაში გამოვირჩევი: მძულს მუზეუმები, მეშინია ქოლგების (და სულ მგონია, რომ მათი წამახული წკირებით რომელიმე დაუდევარი გამვლელი ერთ წვიმიან დღესაც უნებლიეთ თვალს გამომთხრის) და მიყვარს ისეთი დეტალების აღმოჩენა, რომლებიც ერთი შეხედვით უმნიშვნელოა – სალვადორ დალის საათებიდან ერთ-ერთში შვიდს რომ ხუთი წუთი უკლია, თუნდაც იმის.
ვცხოვრობ ლონდონში. დედამიწაზე. დიდი რევოლუციების ეპოქაში. მომავალში ამ პერიოდს, ალბათ, უბრალოდ „60-იანებს“ დაარქმევენ და „70-იანებისგან“ ან „80-იანებისგან“ მხოლოდ საწყისი ციფრით იქნება განსხვავებული. არადა, ეს სწორედ ის დეკადაა – როდესაც ადამიანმა მთვარეზე პირველად დადგა ფეხი და დედამიწაზე კიდევ უამრავი ვარსკვლავი გამოძერწა.
ყოველდღე ყველაფერი ელვის სისწრაფით იცვლება. ელვისიც. ვიღას უნდა ახლა როკ-ენ-როლი, ათასი უცნაური ჯგუფია მოდაში – ბიტლზისებრთა ოჯახიდან. გრძელი თმებით და კიდევ უფრო გრძელი ენით. ერთობიან ასე – ვუდსტოკი, ჰოლივუდსტოკი, სექსუალური რევოლუცია, მშვიდობისკენ მოწოდება – უსაქმური იდეალისტები, მოკლედ.
არა, ახალგაზრდობაში მეც იდეალისტი ვიყავი. მიზნად მქონდა, ისტორია შემეცვალა, მაგრამ ბოლოს ერთადერთი რაც შევცვალე – ისევ მიზანი იყო. არ ვარ მე ის ადამიანი, სამყარო რომ განადგურებისგან იხსნას ან ტანკების კოლონას გადაუდგეს წინ. მომავალში, ალბათ, ასეთებიც გამოჩნდებიან. ჯერ ადრეა. ყოველ შემთხვევაში, ტანკები აუცილებლად გამოჩნდება, იმიტომ რომ აბსოლუტური მშვიდობა ვერ იარსებებს იქამდე, სანამ საზღვრები არსებობს. საზღვრების მომავალი კი უსაზღვროა. ჰოდა, ტანკები როცა გამოჩნდება, ისეთი ვინმეც უნდა გამოჩნდეს, ვინც ამ ტანკებს გადაუდგება წინ. სამყაროსეული ბალანსი რომ არ დაირღვეს, იმიტომ.
რატომ მოვყევი ეს ყველაფერი… თავიდან ხომ მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, თუ როგორ მძულს მუზეუმები. უფრო ზუსტად – არ მესმის, რატომ უნდა ვათვალიერო ვიღაცის წვივის ძვალი, ნაჩორკნი ხელცული ან სულაც ისეთი ტილოები, რომლებიც ძირითადად მხოლოდ იმიტომ ითვლება გენიალურად, რომ მათი ავტორი უბრალოდ ადგა და მოკვდა.
ჰოდა, იმ „ერთ მშვენიერ“ დღესაც, სანამ ჩემი ცოლი მორიგ მუზეუმში მორიგ ექსპონატებს ათვალიერებდა, მე ქუჩაში მივდი-მოვდიოდი და ვფიქრობდი იმაზე, თუ რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს ლოდინის დროს უბრალოდ ერთ ადგილზე რომ გაჩერდნენ.
- რამე პრობლემა ხომ არ არის, სერ? - პოლისმენმა შემაჩერა.
აღარ ვკითხე, რატომ გადაწყვიტა. შუბლზე მეწერა. თვალებზეც.
- ძირითადად ის, რომ არსებობს მუზეუმი, რომელიც არ მიყვარს, არსებობს ცოლი, რომელიც მიყვარს და არსებობს ფაქტი, რომ ვინც მიყვარს არის იქ, რაც არ მიყვარს – ვუპასუხე.
გაიღიმა. ცოტა რამაა მოღიმარ პოლისმენზე სასიამოვნო სანახავი.
- ხედავ იმათ? – ისევ მკითხა და თითი პირდაპირ გაიშვირა.
- ვიღაც გიჟების კამპანიას, იხვებივით რომ მიბაჯბაჯებენ? – მეც ვკითხე.
ისევ გაიღიმა. მაგრამ რაღაც ისე – „ჩაღიმებას“ რომ უფრო ჰგავდა.
- ჰო, “გიჟების კამპანია”, რომელიც ისტორიაში შევა – მომიგო. ნიშნი.
- ჰო, ისტორიის მუზეუმში შესვლას ბევრად სჯობს – მივუგე. მეც.
მხრები აიჩეჩა. ის აღარ მითქვამს, როგორ არ მიყვარდა ახალგაზრდები, რომლებსაც გრძელი თმა და კიდევ უფრო გრძელი ენა ჰქონდათ, იმიტომ რომ ის ვინც მიყვარდა გამოვიდა იქიდან, რაც მძულდა და მეც წავედი.
***
ისტორიაში შესასვლელად არ არის საჭირო მაინცდამაინც ტანკი გააჩერო.
ხანდახან, მხოლოდ შენ რომ გაჩერდე, ეგეც საკმარისია.
მე პოლი მქვია. პოლ კოული. ორმოცდათვრამეტი წლის ვარ და მიყვარს ისეთი დეტალების აღმოჩენა, რომლებიც ერთი შეხედვით უმნიშვნელოა. „ები როუდის“ ცნობილ გარეკანზე ჯონ ლენონის მიღმა მდგარი საკუთარი თავისა, მაგალითად, რომელსაც სძულს მუზეუმები, მაგრამ უყვარს ცოლი და ამ ცოლს პოლიციის ფურგონთან მოთმინებით ელოდება.
ჩვენში დარჩეს და ამ დღემდე ბიტლზი არასოდეს მყვარებია.
არც ამის შემდეგ მაინცდამაინც.
ჩვეულებრივი ტიპები იყვნენ, რომლებიც ერთ მშვენიერ დღეს უბრალოდ ადგნენ და პოპულარობით დაიღალნენ…
…ბლაჰ!
რაღაც კრიზისის მსგავსი გქონდა ეტყობა შენ ან მე ვერ ვიყავი სათანადოდ განწყობილი, იმიტო რო დიდი ხანია შენი პოსტი არ მომწონებია, ეს კი შესანიშნავი დაბრუნება იყო. საღოლ ბექს :*
:სიხარულის გამოხატვა:
თან მაინცდამაინც ბევრს ვწერდი მეთქი ბოლო პერიოდში, ვერც ამას დავიბრალებ
that novel has made my day <3
that day changed the history :3
ბექა ვიცი, რომ ორთოგრაფიას ყურადღებას აქცევ და მაგიტომ ვწერ. “უნებლიედ” არ ყოფილა სწორი, “უნებლიეთ” არის სწორიო. კიდევ ზედსართვაში “მომღიმარი” მე-2 “მ” არ სჭირდებაო. ანუ მოღიმარი. მომგებიანიშიც ზედმეტია შესაბამისი “მ”. ეს ბოლო არ გიწერია აქ, მაგრამ ისე, ინფორმაციისთვის, მსგავსია. ჩემს ხელთ არსებული ლექსიკონის მიხედვით ასეა. თავს ვერ დავდებ
ისე, შენი პოსტები ყოველთვის მომწონს. გაიხარე!
პატივისცემით!
გადავამოწმე მეც და აღმოვჩნდი მცდარი – შესაბამისად, გავასწორე და დავიმახსოვრე ყველაფერი
მადლობა.
მოკლედ, ყოველთვის გამოჩნდება ვინ(მე), ვისაც პოსტი მოეწონება,ვინც ორთოგრაფიულ შეცდომებს “გამოიჭერს” (თითქოს მხოლოდ ამისთვის კითხულობდე) და ვინ(მე) ,ვინც ამ ფაქტით თავმობეზრებული (რასაც ვერ ვიტყვით ამ ბლოგის პოსტებზე
)) ამას გააპროტესტებს
polma ragacnairad holden kolfildi gamaxsena ! kargia
ჩემო ყველაზე ჩკვიანო. გიცანი.. გიცანი…
)) ძალიან კარგი გოგო ხარ
)) მიყვარხაროოო :* :* :*
ჩემი სქესი მკარნახობს, რომ თქვენ ცდებით
სხვათაშორის მეც გამახსენა კოლფილდი,ოღონდ მინიმალურ დონეზე.
ბექა ძალიან კარგია.
კარგია კარგი