VICI, VIDI, VIENNA

(რედიქს თრეველის კონკურსში გამარჯვებული ეს-სე)

კარგი რამეა მოგზაურობა. ჯერ საქმეებს ალაგებ, მერე – გეგმებს, მერე – ჩემოდანს. ერთი სიტყვით, ყველაფერს გვერდზე დებ, ტანსაცმლის გარდა. აღარც იმაზე ფიქრობ, პარაფირების ათასგვერდიან დოკუმენტზე ხელმოწერა რა სარგებელს მოგვიტანს და აღარც იმაზე – საყვარელ ადამიანს რას ვერ აპატიებდი. მთლიანად  ჩართული ხარ სამზადისში – იქით დაზღვევაა გასაკეთებელი, აქეთ სასტუმრო დასაჯავშნი, იქით ბილეთების სურათი  გადასაღები და ფეისბუქზე ასატვირთი… ათასი წვრილმანი, მოკლედ. ასეთ დროს კი დიდი შანსია რამე გამოგრჩეს. ის ათი ოქროს ქმედება, მაგალითად, რომელიც მოგზაურობისას აუცილებლად უნდა ჩაიდინო, სანამ… ქართველი ხარ:

1. “Waiting… so boring” - აეროპორტში “დაჩექინება”ისეთივე აუცილებელია, როგორც „აუ, დამრჩა”-ზე “რატომ თავი არ დაგრჩას” პასუხი. უნდა დაჩექინდე და თავი დაიზღვიო – აბა როგორ, იქნებ ვინმეს გამორჩა და ვერ გაიგო, რომ უცხოეთში მიდიხარ. თანაც “ჩექინი” შესანიშნავი საშუალებაა დროის გასაყვანად და ამასთან სტიმულს აძლევს სხვადასხვა ტიპის რჩევას („აბა შენ იცი, კარგად გაერთე“), რეკომენდაციას („ერთი ნაშა მაინც თუ არ ააგდე, ისე ჩამოსული არ დაგინახო, ბიჭო“), დაუკონკრეტებელ სურვილებს („რამე ჩამომიტანე რაა“) და საჯარო წუხილის („აუუუუ, დამპალოოოო… მეც მინდაააა“). მოკლედ, ყველა წინაპირობაა იმისათვის, საკუთარი ბედნიერების შემხედვარე მეცხრე ცაზე ცაში აფრენამდე რომ ახვიდე.

2. „Земля в иллюминаторе” - თვითმფრინავის ილუმინატორიდან სურათების გადაღება მოგზაურობის დასაწყისის პირველი ნიშანია. მართალია, ბევრი არაფერი ჩანს და სურათების ხარისხი ისეთივე დაბალია, როგორც ბარსელონას კოეფიციენტი ხიხონის მასპინძლობისას, მაგრამ სამაგიეროდ – თვალს უხარია. გულსაც. ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ გაგიმართლა და ილუმინატორთან აღმოჩნდი საერთოდ.

3. „ჩხაკ… ჩხაკ… ჩხაკ“ - უსარგებლო სურათების გადაღება მოგზაურობის განუყოფელი ნაწილია. განა ვის არ დააინტერესებს შენი სასტუმროს ნომრის აბაზანის ინფრასტრუქტურა, აფუმფულავებული ბალიში, ხედი სასტუმროს ფანჯრიდან, ლამპიონი ქუჩაში, თქვენი თავის ზედხედი ამ აფუმფულავებულ ბალიშზე ღამით, თქვენი თავის ზედხედი ამ აფუმფულავებულ ბალიშზე დილით, ყავა სასტუმროში – ჩაკბეჩილი კრუასანით და ვერბალური კრუსუნით – „მმმმმ“, ძეგლები, უძეგლოდ დაკარგული ადამიანები, მანქანები, კაფეები, განათებული ადგილები, რომელიც მთლად ღირსშესანიშნაობა არ არის, მაგრამ შესანიშნად ღირს ნამდვილად, მაწანწალა ძაღლები, ფუმფულა კატები, რიგითი მტრედები. მოკლედ, ყველაფერი ის, რასაც საკუთარ ქვეყანაში სემირამიდას ბაღების ბედს სწევდი ან უფრო უხეშად თუ ვიტყვით, დაიკიდებდი… ღამით ისევ ის აფუმფულავებული ბალიში, თქვენი თავის ზედხედი ამ ბალიშზე და დილით ისევ თავიდან… ისევ თავამდე.

4. „STARBUCKS… aaaawwwwwww” - საქართველოში მტკიცედ სწამთ, რომ „ყავა – ეს სტარბაქსია“. ალბათ, უფრო იმიტომ, რომ ჩვენთან “სტარბაქსი” ისეთი უცხო ხილია, შემოდგომაზეც რომ არ შემოდის. არადა, ჩვენ იმდენად გვიყვარს სტარბაქსი, რომ მის ბრენდირებულ თერმოსებსაც ვიწერთ და ამ გზით მისი დალევის ილუზიასაც ვიქმნით. ამიტომ სტარბაქსში შესვლა ერთგვარი რიტუალია, რაც ნებისმიერმა ყავისმოყვარულმა ქართველმა უნდა ჩაატაროს. რა თქმა უნდა, ამას თან უნდა სდევდეს “ჩექინი” და ამ “ჩექინის” განმამტკიცებელი სურათი. აბა ის ხომ არ ხართ… ვიღაც… მარტო აეროპორტებში რომ “აჩექინოთ”. თან “სტარბაქსის” ყავას აქვს ერთი ყავური თვისება – გულის სმაილებს ძალიან აჩქარებს…

5. „მაკოცე… მპა… მპა“ - ყოველ ქვეყანას აქვს მინიმუმ ერთი რამ, რასთანაც სურათის არგადაღება სისხლის სამართლის დანაშაულის ტოლფასია. აი, მაგალითად, რა პეწი აქვს ეგვიპტეს – სფინქსთან მსუბუქი ამბორყოფის, პარიზს – ეიფელის კოშკის წვერის ხელში მოგდების, პიზას – კოშკზე მიბჯენის იმიტაციის, ვენეციას – გონდოლაზე მინაბვის და ქუთაისს – პიკასოს ბიჭის ქუდში თავის შეყოფის გარეშე. ეს ხომ ერთი მხრივ ცნობილი პოზაა და მეორე მხრივ ერთგვარი პოზაც არის, ქვეტექსტით – „მიყვარს პარიზიიიიიიიიიიი“ (სადაც იმავე წარმატებით და ხმოვანთა წელვითი უნარის შენარჩუნებით, შეიძლება ჩაჯდეს ნებისმიერი ქალაქი).

6. „აუ, სად ვცხოვრობთ… ბლინ“ - უცხოეთში ყოფნისას (და მეტადრე უკან დაბრუნებისას) საქართველოსდაკნინება და „უცხოეთის“ (ტერმინში „უცხოეთი“ რა თქმა უნდა იტალიას, საფრანგეთს, გერმანიას და ეგეთ ქვეყნებს ვგულისხმობთ და არა ტაჯიკეთს ან ყირგიზეთს მაგალითად) გაიდეალებაც – ერთგვარი ტრადიციაა. “იქ მძღოლები გზას გითმობენ, იქ გიღიმიან, იქ მიწისქვეშა გადასასვლელებში იმის სუნი არ დგას, იქ გოგო რომ გაგიღიმებს – უკვე შენია. ბიჭო, აი, სად ევროპა, სად საქართველო…” – რასაც, რა თქმა უნდა აუცილებლად მოსდევს ერთი პროქტოლოგიური დასკვნა – „აი, მაგარ ტრაკში ვართ“.

7. სუვენირები, სუვენირები, სუვენირები - ქართველებს (და, ალბათ, არამხოლოდ) კიდევ ერთი წმინდათაწმინდა ტრადიცია გვაქვს: საზღვარგარეთ ყოფნისას, თბილისში დარჩენილი ახლობლებისადმი ყოველთვის ვალდებულების მწვავე გრძნობა გვიპყრობს(„ამას რა ვუყიდო, იმას რა ჩავუტანო“). შესაბამისად, ვყიდულობთ განუზომელი რაოდენობის სუვენირებს (სანამ ფული და ნერვები გვეყოფა) ყველასთვის, ვისთვისაც ოდესმე „რაშვები, რავა ხარ?“ მაინც გვითქვამს – ოჯახის წევრებისთვის, კარის მეზობლებისთვის, მამიდაშვილის მეჯვარეებისთვის, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის, ყოფილი კლასელის ყოფილი შეყვარებულებისთვის, მძახლებისთვის, რაინდებისთვის, უბნის ბირჟისთვის, ფეისბუქის აქტიური ფრენდებისთვის და სხვებისთვის, და სხვებისთვის და სხვებისთვისაც.

ვყიდულობთ ათას ყარტა-ყურტას (მაცივარზე მისაკრობი ადგილობრივი სიმბოლოებით დაწყებული, იაფფასიანი ბრელოკებით დამთავრებული), ვყიდულობთ ყოყმანით (ნეტავ იმას თუ მოეწონება?!“), ვყიდულობთ მგზნებარე ვალდებულებით („არაფერი რომ არ ჩავუტანო, ეწყინება…“), ფარდობითი მგზნებარე ვალდებულებითაც ვყიდულობთ („ამას თუ ჩავუტან, იმას რომ არ ჩავუტანო, ეწყინება…“) და ხანდახან ჩვენთვისაც ვყიდულობთ რაღაცეებს (მაგრამ მერე აღმოჩნდება, რომ „ვინმე გამოგვრჩა“ და სინდისთან ანგარიშის გასასწორებლად, იმას ვჩუქნით). სამაგიეროდ, ჩვენ ის სუვენირები გვრჩება სახლში, რომელიც სხვებმა ჩამოგვიტანეს. ასეა – გაგვაქვს ერთმანეთი.

8. „ნაშათა აყრა“ (პუნქტი ეხება მამრთა სქესს – ავტ.შენ.). ჩვენთან ხშირად ფიქრობენ, რომ უცხოეთში გამვლელი ნებისმიერი გოგო უფრო სწრაფად იკერება, ვიდრე აგლეჯილი ღილი ტანსაცმელზე. ამიტომ უცხოეთიდან ჩამოსვლისას მზაკვრული ღიმილის მქონე ძმაკაცები პირველს რასაც გკითხავენ ეგ არის – „ქალთა სახეები (ტანიც) შენს მოგზაურობაში“. შენც წინასწარ აბუქებ, თხზავ, ამატებ, ჭრი, კერავ (ქალზე უფრო მეტად, ამბებს), მაქსიმალურად კარგ ტიპად და მაჩოდ რომ გამოჩნდე – „ვის ბიჭო, ქართველმა მოინდომოს და ვინ ოხერი, მის შარმს გაუმკლავდეს. ამბები იწყება ასე – „შევედი კლუბში და…“, „ვხედავ ქუჩაში მაგარი ნაშა მოდის, მეთქი, ახლა ამას შევუსრულებ…“, „ჩემს გვერდზე ნომერში ცხოვრობდა რა ქალი იცი? უჰჰჰ…“. ამ საუბარს კი როგორც წესი უკან მოსდევს მეექვსე პუნქტში არსებული სევდა, რომ „ევროპა სულ სხვაა, ძმაო“.

9. ტანსაცმელი ბაბა, ბევრი ტანსაცმელი - ქართველ ჟურნალისტებს აქვთ ხოლმე რეზერვში ერთი უცნაური შეკითხვა – „ტანსაცმელს აქ ყიდულობთ თუ უცხოეთში?“, იმიტომ რომ უცხოეთში ნაყიდ ტანსაცმელს სხვა ხიბლი აქვს – ის კი არ არის, ყოველ მეორეს რომ აცვია „United colors of Benetton”-ით შუაგულში. ამის გამო, უცხოეთში ჩასვლისას მოლში შეჭრა და ხუთსართულიანი შენობის აკლება, მოგზაურობის მორიგი ტრადიციული ნაწილია. მართალია ცოტა დამღლელია, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ჩვენს ტანსაცმელს ვიღაც ხელს რომ გაუგლასუნებს, ხარისხს მოიწონებს და ქვედა ტუჩის ამობურცვის პარალელურად „ვა, რა კარგი რამეა“-თი შეგვაქებს, მაშინ შეგვიძლია სახე გაგვიბრწყინდეს და ამაყად მივუგოთ: „ჰო, პარიზში რომ ვიყიდე, ეს ის არის”.

10. ქართული ენის ვიწრო პოპულარიზაცია - ნებისმიერი ქართველის ვალია ააშენოს სახლი, დარგოს ხე, ჰყავდეს შვილი და ათქმევინოს უცხოელს „ბაყაყი წყალში ყიყინებს“. მერე ამაზე რომ იცინოს, იმიტომ. თუმცა, მხოლოდ ბაყაყი სასაცილო დიდხანს ვერ იქნება. ამიტომ საქმეში მალევე ერთვება „ტრაკი“, რომელსაც როგორც წესი, სხვა მნიშვნელობას ვაძლევთ და მერე უკვე იმაზე ვიცინით, რომ უცხოელს “ტრაკი” “კარგი” ჰგონია და “მე ვარ ტრაკი გოგოს” იმეორებს.

კარგი რამეა მოგზაურობა. ჯერ საქმეებს ალაგებ, მერე – გეგმებს, მერე – ჩემოდანს.

ვენასაც არა უშავს…

(იღიმის).

 

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
23 Responses
  1. mcIgnOBARI says:

    გაიხარე ბექუშ კარგი კაციხარ. :) მოგზაურობის შემდგომ შთაბეჭდილებებსაც სიხარულით გავეცნობი ;)

    • მჩხაპნელი says:

      …დასვენებულ გონებაზე :)
      კი, კი, ისე როგორ არ შთავიბეჭდები, რომ არაფერი დავწერო :)

  2. tamuna says:

    100%-იანი ხარ :D

  3. თამო says:

    აიი ძალიან გავერთეე კითხვისას, სტილი მომეწონა. რამე წიგნი დაწერე რაა :) ))

    • მჩხაპნელი says:

      რამე დავწერე ცოტა ხნის წინ, ახლა ვარედაქტირებ და რამდენად წიგნი იქნება, ეგ უკვე გამომცემლობამ უნდა გადაწყვიტოს :D

      მადლობა

  4. marika says:

    Chemi didi moconena nacers :-) :-):-):-):-):-)
    P. S bodishs vixdi araqartuli klaviaturis gamo. Telefonit var

  5. ანნა says:

    შენ გენაცვალე! ამდენი სიმართლე ასე მხიარულად კაი ხანია არ წამიკითხავს ^_^

  6. სოფიკო says:

    ზუსტადაა აღწერილი, თვითონ გავიარე ყოველივე :D

  7. აუპარიზიმომენატრააა says:

    შენ საღოლ პუბლიშერო.. მართლა მაგარი ხარ. :D ეს რა აკრგი იყო ტოო :D ქართველებს რატო გვჩვევია ასე? კარგით რა რას ვჭამთ სხვას რაში აინტერესებს? თუ მოსაყოლია ვუთხრათ და დაიჯერებენ, ეს ფეიქბუქი კიარა უკვე LIFEBOOK-ი გახდა. სხვა მაგარიაა ძნ. *აა ხო ეს პარიზში ვიყიდე :| . (ცოტა ისეთი სახით ამბობს გეგონება არც ისე კმაყოფილიაო ამით) :D

  8. ნიკა says:

    წავიკითხე და ძალიან მომეწონა იმედია ეგრე გააგრძელებთ

  9. მს. მიჩინიო says:

    რა ხანია რაც ამ ბლოგზე დავგოგმანებ და კომენტარს პირველად ვაკეთებ :დ ძალიან მიყვარს შენი ყველა უკლებლივ ყველა პოსტი. ხანდახან თავს ვერ ვიკავებ და ჩემი ფეისბუქის მეგობრებსაც რომ არ ვანახო ეს ყველაფერი არ შემიძლია :დ ველოდებით კარგად დასვენებული მჩხაპნელის მორიგ პოოსტტტსს

  10. წუტ says:

    კაია

  11. wut says:

    ნამდვილად ვისიამოვნე სტატიით :D

  12. ნინო says:

    :) )))))))))))))))))) ძაან გავერთე, ყოჩაღ!:)))

  13. ეკა says:

    აააი, ძალიან მონეწონა… კარგად მესმის თითოეული პუნქტუს “ხიბლიც” და უმიზნობაც, ალბათ მაგიტომ.
    პირველად ვკითხულობ ამ ბლოგს და უღრმესი მადლობა “მჯღაბნელს”. ძალიან კარგად წერ!!!

  14. nana says:

    დაწერე რა კიდევ რამე ახალი სტატია :(

  15. მომეწონა , გავერთე ;)

  16. მჩხაპნელო, ახალ პოსტს როდის შემოგვთავაზებ? :)

  17. ლიზი says:

    ისე ველოდები ახალ სტატიას !!!

  18. ირაკლი დოკვაძე says:

    მეც ძალიან მომეწონა :D ცოტა გვიან ვნახე უბრალოდ ))))))))) 1 2 წლით გვიან

    • მაკა says:

      არაუშავს,მეც ახლა ვიღებ მისი ნაშრომებისგან სიამოვნებას. :)

Leave a Reply to ანნა Click here to cancel reply.