Blog Archives

“არა ბილ-ბორდელებს!”

ურცხვი დიაცი

“ერის სულის ხსნისა და გარყვნილების მორევიდან ამოთრევის ეროვნული ასოციაციის” (“ესხგმაეა”) სპეციალური განცხადება:

“საქართველო თვალსა და ხელს (ძირითადად, მარჯვენა) შუა იძირება გარყვნილების წუმპეში (დაჭაობების პერსპექტივით). ამერიკიდან ჩამოთრეულ მასონურ მაკდონალდსში შესვლას ვინღა ჩივის, ხალხმა შიშვლად ბანაობა დაიწყო უკვე. ამათი ბინძური პროპაგანდის გამო ჭაბუკი ჭაბუკს აღარ ჰგავს და დიაცი – დიაცს. თანაც გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, ისე შილიფად ჩაცმულები დადიან ეს გოგოები ქუჩაში, რომ ტიტლიკანა სახეები უჩანთ ყველას. ეს უნდა დასრულდეს!!! ჩვენ არ დავუშვებთ ერის დეგრადაციასა და შესვლას ნატოში (ეს ისე – სიტყვამ მოიტანა). საქართველოს სულისა და ძარღვის გადასარჩენად ჩვენ შევიმუშავეთ თხუთმეტპუნქტიანი გეგმა, რომელიც ბილბორდელი ქალების სურათების გადაღებვით დაიწყო და ყველანაირი სიშიშვლის დაფარვით გაგრძელდება – მათ შორის, შიშველი სიმართლისაც. ჩვენი პირველადი მიზნებია:

more »

In God we rust

"არა კაც დაარბიო"

“მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს”მათე (6:44)

მე მიყვარს ქრისტე, მაგრამ არ მიყვარს ქრისტიანები. ისინი საერთოდ არ ჰგვანან მას” – მაჰათმა განდი

იპოვეთ მაჰათმა და ჩემს სიტყვებს აღარ აზიარებთ, ხო?” – ნაწყენი მარტინ ნიმოელერი

ღმერთის სახელით, ბოლო პერიოდში, უღმერთოდ ბევრი ადამიანი აპელირებს. ლამისაა, ყოველი მეორე ქართველი ჩაერიოს მის კომპეტენციაში და თვითნებურად გადაუწყვიტოს  ღმერთს – რა უნდა, როდის უნდა, როგორ უნდა და საერთოდ როგორ უნდა იყოს მოწყობილი ეს სამყარო. ზოგი ღმერთის დაცვას ვერბალურად ცდილობს (სადაც, როგორც წესი, ვისიმე დედისადმი სექსუალური ლტოლვის გამომხატველი ბარბაროსული ზმნები სჭარბობს), ზოგი - ფიზიკურად (მუშტებით, ქვებით, ჯოხებით, სკამებით, კურთხევით, კურთხებით, ფურთხებით…), ზოგიც – ისეთი უცნაური ქმედებით, რომელიც არათუ რელიგიურ, ლექსიკურ ჩარჩოებშიც არ ჯდება ნორმალურად. მოკლედ, ამგვარი ფანატიზმის გამო, უფლობასა და უფლებას შორის ზღვარის დანახვა, ხშირად რთულია.

more »

სარკევ, სარკევ…

თანამედროვე მონა ლიზიკო

“W-ow, C-ool!” – ფიფქიას დედინაცვლის სარკე… საპირფარეშოში

“წადი, სარკეში… სურათი გადაიღე, რას გავხარ!”- ჩხუბისას გამოსაყენებელი თანამედროვე ქართული სიტყვათქმა

“ტუალეტის” ცნება ადამიანის ლექსიკაში ეტაპობრივად ფორმირდება. ღრმა ბავშვობაში ის უნიტაზთან დგომასა და მშობლის მიერ “ფის, ფის, ფის”-ის ტავტოლოგიურ შთაგონებაში აისახება, სკოლაში ის უკვე “საჭირო ოთახი” ხდება, სადაც “ვზროსლები” “აბირჟავებენ” და სადაც ყოველთვის სიგარეტის სუნი დგას (სიგარეტისაც, უფრო სწორად), სკოლის ტუალეტთანვე არის დაკავშირებული ბავშვის პირველი მტკივნეული შეჯახება იმ გამაოგნებელ რეალობასთან, რასაც “საჭირო ოთახში” მასწავლებლების სიარული ჰქვია. ამავე პერიოდში ჩნდება ტუალეტის ისეთი უხეში ფორმაც, როგორიცაა – “უბორნია” (როგორც წესი, გაცვეთილი ოხუნჯობისას: “- აბა თქვი რეზინა! – რეზინა! – უბორნიაში გეძინა! ჰააჰ!”).

როდესაც ვიზრდებით, ამ მეტად ღირსშესანიშნავი ადგილის ცნება ორ ძირითად დეფინიციამდე დადის: “ტუალეტი” (სახლსა და მეგობრებში) ან “საპირფარეშო” (საზოგადოებასა და ელიტაში). თუმცა დროდადრო გვხვდება ისეთი უცნაური განსაზღვრებებიც, როგორებიცაა “წავედი იქ” (რის ბუნდოვანებასაც ხსნის მთქმელის ოდნავ მორცხვი და მკვეთრად შეწუხებული სახე), “ტვალეტი” (რასაც ვერ ხსნის გრამატიკა) და “ფეხსალაგი” (რასაც ვერაფერი ვერ ხსნის). ტუალეტი ასევე უშრეტი წყაროა გენიალური იდეებისა და ისეთი ცნობილი გამოთქმებისა, როგორებიცაა: “წავედი მე იქ, სადაც მეფეები საკუთარი ფეხით დადიან” ან “შევდივარ სამკითხველოში”.

more »

ნიღბების “ზა-MASK-ა”

ჩამოყალიბებული სიყალბე

“აქ სიყალბე უმთავრესი შარმია…” - ნიკო გომელაური

“კბილები კი აქვს ოქროსი, მაგრამ ღიმილია ყალბი” – ლომბარდთან გაგონილი

ადამიანების ურთიერთობა ძირითადად “საჭიროებაზეა” დაფუძნებული. სანამ სჭირდები, ზოგი დღეში ათჯერაც გწერს, მაგრამ ამოიწურება შენი დახმარების ლიმიტი და… ყოველდღე კი არა, დაბადების დღეზე კოცნადართული “გილოცავ” თუ მიგიწერა ყასიდად “Facebook”-ის კედელზე, ეგეც საქმეა. სამაგიეროდ, ქუჩაში რომ შეგხვდება, ზოგჯერ ისეთი აღტკინებით გამოგკითხავს ხოლმე ყველაფერს, თითქოს მთელი ეს თვეები სულ შენს ბედსა და პერსპექტივებზე ფიქრში გალია. ასეთ დროს კი, დამეთანხმებით, ძნელია მიხვდე, სად მთავრდება გულწრფელობა და იწყება სიყალბე. ან – პირიქით.

მით უფრო, რომ ამგვარი სიყალბე სხვადასხვა დოზითა და ფორმით ყოველდღიურ ურთიერთობებშიც უკვე საკმარისად გვხვდება:

more »

“ჯერ სად ხართ” – ანტიპათეტიკური პოსტი

"რას გვიშვრებოდა ის მთავრობა!"

“ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო” - გაქანებული პესიმისტი
“ფურ-თხის ღირსი ხარ შენ საქართველო”აგრონომი ოპტიმისტი

ხანდახან მგონია, რომ პათეტიკა სისხლში გვაქვს გამჯდარი. სადღეგრძელოებს და მასობრივი ეგზალტირების მოლოდინით წამოყვირებულ “გაუმაააარ…”-ს არ ვგულისხმობ. ისედაც. აი, ახალგაზრდა ხალხი რომ ჩაუჯდება ფეისბუქს და “ბედკრული საქართველოს გაქანების დეზორიენტაციაზე” სევდიანი პათოსით სრულიად სერიოზულად რომ ჩივის, ისე. თანაც, რაც ყველაზე ცუდია, ამგვარ სტატუს-კომენტართა უმეტესობა რაღაცნაირი უიმედობით ან უფრო ჭკვიანური სიტყვით თუ ვიტყვით, რაღაცნაირივე ნიჰილიზმით არის სავსე.

more »

არივედერჩიორა!

ჭირი იქა...

“ერთი ეს არჩევნები გადაგორდეს და მერე ვნახოთ”მედღეხვალიე, ზარმაცი ქართველი

ეს არჩევნებიც გადაგორდა.

დასრულდა ისე, როგორც ჰოლივუდური საშინელებათა ფილმი – ყველაფერი მეტ-ნაკლებად კარგადაა, მაგრამ მაინც გაქვს შიში, რომ ბოლოს რაღაც მონსტრი გამოხტება.

დასრულდა მაჟორიტარობის ერთნაირი კანდიდატების მიერ გამოხატული ფსევდოსიბრალული და კიდევ უფრო ფსევდოდაპირებები, ასე უჯადოსნურჯოხოდ (უსინდისოდაც) “ყველა პრობლემის მოგვარებას” რომ უქადდა ხალხს.

more »

დააჩეკინე?!

"Beqa is at sakutari taroebi" - ჩემი წიგნებიიიიი <3

“დააჩეკინე?” – მეზობელი მექათმეს (უთითებს კრუხზე)
“დაა-check in-ე?” –
მეგობარი მეგობარს (უთითებს touch screen-იან მოწყობილობაზე)

ასეა. როგორც კი ისეთ მობილურს იყიდი, რომლის ერთადერთი გასართობიც “სნეიქის” თამაში აღარ არის, მყისიერად მისი ყოველმხრივ გამოყენების სურვილი გიჩნდება.

შენც უსასრულოდ იწერ თამაშებსა და სხვა აპლიკაციებს, სასურველი ტექსტით ალაპარაკებ ვირტუალურ კატას და მეგობრებთან ერთად გულიანად ხითხითებ, ელექტრონულ წიგნებს ტვირთავ, მაგრამ იშვიათად კითხულობ (“თვალებს გიფუჭებს და…”), საჭირო ოპერაციების შესრულებას ცალი ხელითაც ამუღამებ (უფრო დახვეწილია, ვიდრე მარცხენა ხელში არსებული მობილურის მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითით კენკვა), ახალი კამერით self-shot-ებს (ან რაიმე უმნიშვნელოს) იღებ და სოციალურ ქსელებში აზიარებ, იქვე აქვეყნებ, რომ “ეს [აქედან] პირველი კომენტარია”, ან უფრო მაგარი ტიპი თუ ხარ “First post…”-ზე ნაკლებს არ წერ, შემდეგ კი კომენტარებში  სიამოვნებით იღებ მილოცვებს, ახალი შენაძენი გეამაყება და ისიც სიხარულით გივსებს გულს – ვიღაცები ჯერ კიდევ “ა, ეს ის არის ჰო… რა მაგარია, ე. მანახე აბა”-ს რომ ამბობენ, საკუთარ “ფლეილისტს” ქმნი და თეთრი ყურსასმენებით აღჭურვილი შორსმჭვრეტელი მზერით დააბიჯებ ქუჩებში, თანაც უკაბელო ინტერნეტიც თითქმის ყველგან არის თბილისში და “ფეისბუქს” შეგიძლია აღარც გარეთ ყოფნისას მოსწყდე… მოკლედ, მაგარი რამეა.

more »

მე ვჭამ, შენ ჭამ, ის ჭამს

"ევოლუცია"

(CAUTION: პოსტი საკონკურსოა!)

კაცობრიობა ევოლუციას ჭამიდან ჭამამდე განიცდის.

საშუალო სტატისტიკური ადამიანები ჭამენ ყველგან და ყოველთვის, დღეში სამჯერ ან ოთხჯერ, ჭამენ მარხვისა და დიეტის დროს, ჭამენ ექვსამდე (სასწოროფობიით შეპყრობილი ქალები) და ექვსის შემდეგაც ჭამენ (ისინი, ვინც ეს შიში დაძლია), ჭამენ ვაშლს – გველის რეკომენდაციით და ტყუილს – წინასაარჩევნოდ,  ჭამენ თვალებით – უმეტესად ქალებს და ჭამენ საყელოთი – გარდატეხის ასაკისას, ჭამენ სირცხვილს და შიშსაც არანაკლებ ჭამენ, ჭამენ წამლის მიღების წინ და წამლის მიღების შემდეგაც ჭამენ, ჭამენ ძღომამდე, ჭამენ გასკდომამდე ან ჭამენ დანაყრებამდე (შეფასება დამოკიდებულია მჭამელის პოსტჭამურ ვიზუალურ მხარეზე), ჭამენ ერთმანეთს (ლექსიკური კანიბალიზმის მეშვეობით) და დესერტად – ხშირად ტვინსაც ჭამენ…

more »

ვინ შეჭამა თხა?

გზაჯვარედინი

(დაიბეჭდა გაზეთში “BG რეპორტი”. შესაძლებელია იყოს რაიმე მსგავსება სხვა პოსტებთან და ნუ დამძრახავთ)

ქართველებს ორი რამ გვიყვარს განსაკუთრებით: ღმერთი და სიზარმაცე. შესაბამისად, როგორც კი რაიმე დაგვეზარება, მისი შესრულების ვალდებულებას რატომღაც მაშინვე ღმერთს ვაკისრებთ (”ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება”, ”ღმერთი მაღალია და დაგვეხმარება”, ”ღმერთო ეს ერთი თხოვნაც შემისრულე და…”). ანუ, გვგონია, რომ ღმერთს მეტი საქმე არ აქვს, გარდა იმისა, ჩვენი წვრილმანი პრობლემების მოგვარებაზე რომ იზრუნოს და ღვთისადმი გამოხატული სიყვარულის დონესაც ზოგჯერ ამ თხოვნების შესრულების სიხშირისა თუ ხარისხის მიხედვით განვსაზღვრავთ. ამის გამო, ჩვენ სხვადასხვაგვარად გვიყვარს ღმერთი: ფანატიკურად (”ყველა ათეისტი არის საცემი. ფეხქვეშ უნდა გავიგდოთ. დუ-უტ მაგათ!”), ფასადურად (”რა კარგია! ხვალიდან მარხვა იწყებაააა”), მოდურად (”რავი, გოგო, ჩემი მამაო ისეთი საყვარელია…”), ათეისტურად (”ნიცშე მიყვარს ძალიან…”) და ერთგვარი კდემამოსილებითაც (”კარგად ვარ, ღვთის მადლით”) კი.

more »

ეგვიპტური დღიურები (V ნაწილი)

ღამე 4: “ძირს სინაზე! წინ სინაზე!”

სინანული სინაზე

01:00 – „Sinners to Sinai Mount

თბილად შევი-მოსე-თ და სინას მთისაკენ მიმავალ ბილიკს მოსეს კვალდაკვალ დავადექით. განსხვავება ერთია – მოსე გულანთებული მიდიოდა, ჩვენ კი გულზე მეტად გზას მთვარე და ფანრები გვინათებს. ამინდი კარგია. ცაზეც იმდენი ვარსკვლავია, რომ რაოდენობით მთელი მსოფლიოს შოუბიზნესსაც კი ბევრად გადააჭარბებს.

ერთი სიტყვით, იდეალური ღამეა იმისათვის, რამდენიმე კილომეტრი უდრტვინველად რომ (გ)აიარო.

more »