Tag-Archive for » მედია «

შერონ, შემეხე, მომპორჭყნე, ჩამკბიჩე…

დიდი შერონი

“თავში Stone უხლია… რა გადაგვაყოლეს!” – შერონისგან ფსიქიკურად შერონ-ინებული მაყურებელი

უკვე რამდენიმე დღეა, რაც თბილისი შერონის ქალაქად ან “შერონსთაუნად” (“Sharon’s town“) არის ქცეული. ჩვენ შერონით ვსუნთქავთ, შერონით ვხედავთ, შერონით გვესმის და შერონით განვიცდით. მოკლედ, შეძრულია ერი, ასეთმა ბუმბერაზმა პიროვნებამ რომ გვიკადრა. ზოგს ნერწყვი მოსდის (“ძირითადი ინსტიქტის” პირველი სერია ახსენდება, ალბათ), ზოგს – ცრემლი (ამასაც რომ მოგვასწრო ღმერთმა), ზოგს მუზა (და სიუჟეტებს აკეთებს), ზოგიც კინოთეატრში შემავალი ცოცხალი შერონის სანახავად ფოტოაპარატითა თუ “პასტაფურცლით” საგულდაგულოდ იღჭურვება. არც ის იქნება დიდად გასაკვირი, შერონის სახელობის ქუჩას ან ვარსკვლავს თუ გავხსნით (რუსთაველის თეატრის წინ), ძეგლს თუ დავუდგამთ (მისივე სახელობის მოედანზე) ანდა სულაც მისი წმინდანად (St.one – Saint one) შერაცხვის მოთხოვნით თუ გამოვალთ.

more »

წიგნებით დაბალანსებული მაკულატურა

“წიგნდ(ქ)ართული ყვითელი ჟურნალები მზესუმზირის მარცვალს ჰგავს: გული უნდა დაიტოვო და ქერქი გადააფურთხო” – მეტაფორულად მოაზროვნე ბიბლიოფილი

“ლანძღვა ისაა, როცა იტყვი და არას დაამტკიცებ” – ილია ჭავჭავაძე

 წიგნისა და ჟურნალის შედარებისას ქერქი რომელია, ალბათ, თავადაც მიხვდებით.
 იაფი (თუმცა, არა იაფფასიანი) წიგნი ჟურნალის ”გასაღების გასაღებად” კი ქართულ ბაზარზე პირველად “გზამ” გამოიყენა. ”გზაზე” დართული კრებულის (“ქართული პროზის საგანძური”), ან, უფრო სწორად თუ ვიტყვით, კრებულზე დართული ”გზის” მეთოდი იმდენად ტირაჟ(წარ)მატებული აღმოჩნდა, რომ ვისაც ოდესმე გამომცემლობის არსი გაეგონა, ყველა წიგნის გამოშვებას შეუდგა.  ასე გამოჩნდა მედია–ბაზარზე  ჟურნალები “სარკე”  და“გუმბათი” (“ქართული პოეზიის” ტომეულთან ერთად), “რეიტინგი” (“საზღვარგარეთული დეტექტივები”–ს ხაზით) და “თბილისელები” (ციკლით “მსოფლიო ლიტერატურის კლასიკა”).

რა თქმა უნდა,  ფაქტი, რომ მარკესისა და ორჰან ფამუქის შეძენა სამ ლარადაა შესაძლებელი, ჩვენი მშიერი თაროებისათვის ძალიან კარგია. თუმცა, როდესაც აქცია მასობრივ სახეს იღებს იმის გამო, რომ “წიგნის სახელით” ჟურნალის უხარისხო შინაარსის გადაფარვა ადვილად ხდება, მაშინ “ძალიან კარგი” უკვე ”დანაკარგად“ გარდაიქმნება. მართალია, ჩვენი ბიბლიოთეკებისათვის ეს ტენდენცია არაფერს ცვლის, (და პირიქით, მისაღებია კიდეც), მაგრამ მთავარი პრობლემა იმაშია – ქვეყანაში მედიის სიკარგე, ჟურნალისტთა პროფესიონალიზმით რომ უნდა განისაზღვროს და არა მავანთა თაროების სისავსით.

more »